Home Blog Page 2020

“25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ბავშვია” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 432-ე დღე

რუსული ძალების მიერ ნასროლი რაკეტები დნეპროპეტროვსკის ოლქში სამოქალაქო შენობებს მოხვდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.

„მტერმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მათგან 7 ჩამოაგდეს, მაგრამ არის დარტყმებიც. 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ბავშვია”, – დაწერა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისივე თქმით, პავლოგრადში სამრეწველო საწარმო დაზიანდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, საცხოვრებელ ზონაში 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, ექვსი სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება და ხუთი მაღაზია დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების მიერ მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

„დაახლოებით 02:30 საათზე, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას სტრატეგიული ავიაციის ცხრა „ტუ-95“ თვითმფრინავით ოლენეგორსკის ტერიტორიიდან და ორი „ტუ-160“ თვითმფრინავით -კასპიის ზღვის რეგიონიდან“, – დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა 18 Х-101/Х-555 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

დედაქალაქ კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვა მუშაობს და მოქალაქეებს განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, დონეცკის, კიევის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქების მიმართულებით.

უნგრეთმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა უკრაინაში ომის გამო

უნგრეთმა ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა უკრაინაში ომის გამო, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტო გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უნგრეთის ქცევა არ შეესაბამება ნატო-ს მოკავშირის სტატუსს.

„თუ ეს განცხადება ნიშნავს: „პატივისცემით მადლობას ვუხდი უნგრელებს უკრაინიდან მილიონზე მეტი ადამიანის შეფარებისა და მათზე ზრუნვისთვის და პატივისცემით მადლობას ვუხდი მათ დახმარების გამოგზავნისთვის, მაშინ მივესალმები ამ განცხადებას და შეგიძლიათ, ჩვენი იმედი მომავალშიც გქონდეთ“, – წერს პიტერ სიიარტო საკუთარ სოციალურ ქსელში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ზელენსკის არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, არის თუ არა უნგრეთის, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნის ქცევა შეუსაბამო.

მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა „ფინანსურად არარსებული“ ქვეყანაა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე „ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება 5 მაისამდე გრძელდება  

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, რიგით მესამე გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე დარჩა.

ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ინიციატივით ტარდება, თიბისი მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა:

  • მომავლის ლიდერი ქალი;
  • ICT სფეროს ჩემპიონი;
  • ტექნოლოგიური სტარტაპი;
  • ქალების გაძლიერების პროგრამა;
  • მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია;
  • ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, შესაძლებელია სხვა ადამიანების, სტარტაპების, ორგანიზაციებისა და პროგრამების წარდგენაც. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური ფინალისტებს 4 ივნისს გამოავლენს, დაჯილდოების ცერემონია კი 16 ივნისს გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.

განაცხადები მიიღება 5 მაისის ჩათვლით. თითოეული კატეგორიის ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

(R)

ბოლო მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 291 პირია აღრიცხული

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი, მარტი) მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 291 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე მეტი – 68 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორის 49 ირანის მოქალაქეა, 29 – თურქეთის, 24 – რუსეთის, 11 – ინდოეთის, 10 – დაუდგენელი მოქალაქეობის, 6 – ავღანეთის.

რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, აღნიშნულ სამ თვეში, ეს სტატუსი უცხო ქვეყნის 47-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა – 39 პირი უკრაინის მოქალაქეა, 3 ყაზახეთის, ხოლო 5 – დაუდგენელი მოქალაქეობის.

ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს, მათ შორის 1 რუსეთის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა.

შსს-ის სტატისტიკის თანახმადვე, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 153 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი – 48 პირი ირანის მოქალაქეა; 21 თურქეთის; 16 მიანმარის; 9 რუსეთის; 7 ნიგერიის; 2 უკრაინის.

3 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 55 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან: აზერბაიჯანის 13 მოქალაქე; ინდოეთის 10; ირანის 8; ბანგლადეშის 7; ეგვიპტის 3; რუსეთის 1.

ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის – 27; ინდოეთის 3; თურქეთის 2.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

“აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს​”

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბრის დროს განაცხადა.

ენტონი ბლინკენს და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობას და თქვა, რომ აშშ მხარს დაუჭერს სამშვიდობო პროცესს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უთხრა, რომ კომერციული და კერძო მანქანებისთვის ლაჩინის დერეფნის გახსნა მნიშვნელოვანია.

ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა.

,,ქართველი კაცი უნაგირს არ დაიდგამს, გამორიცხულია ეს ამბავი”- გია გაჩეჩილაძე

იმის საშუალებას, რომ ჩვენ უნაგირი დავადგმევინოთ, არავის მივცემთ. ქართველი კაცი უნაგირს არ დაიდგამს, გამორიცხულია ეს ამბავი და ისტორიულადაც მილიონჯერ გამოცდილია, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „უცნობმა განაცხადა.

 

გია გაჩეჩილაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის „მოვდივართ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“, მნიშვნელობაზე ისაუბრა და მათი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.

 

„ყველას ერთი საწუხარი გვაქვს. პირველ რიგში, საწუხარი გვაქვს ის, რომ გარედან ნუ ჩაერევიან ჩვენს სუვერენიტეტში. ჩვენ არ ვკადრულობთ, არ მივდივართ იქ და არ ვერევით არავის სუვერენიტეტში და არ ვკარნახობთ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ ნურც ისინი კადრულობენ ასეთ რამეს. იმეგობრონ ჩვენთან. იმის საშუალებას, რომ ჩვენ უნაგირი დავადგმევინოთ, არავის მივცემთ. ქართველი კაცი უნაგირს არ დაიდგამს, გამორიცხულია ეს ამბავი და ისტორიულადაც მილიონჯერ გამოცდილია. ნუ ებრძვიან ღმერთს! დაგვანებონ თავი ამ გარედან მოხვეული, თავიანთი პრობლემებით თუ არა პრობლემებით. არ ვიცი, ეს მაგათთან როგორ მიაჩნიათ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

,,ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი”- წულუკიანი

ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ „ქართუსთან“ ერთად (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კერო ორგანიზაციაა), პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები რაგბიში, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ თეა წულუკიანმა განუცხადა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ფონდ „ქართუს“ მიერ ქართული რაგბის განვითარებისთვის გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა.

„პირველი სიტყვა, რომელიც მოგდის თავში არის ალბათ, გამართლება – ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ „ქართუსთან“ ერთად (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კერო ორგანიზაციაა), პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები რაგბიში და დაინახა ის პერსპექტივა, რომელიც სპორტის ამ სახეობას ჰქონდა ჯერ კიდევ ათეული წლების წინ – ეს გამართლებაა. შემდეგ გაგვიმართლა იმაში, რომ ეს ქველმოქმედება არის უანგარო, რადგან ქართულ სპორტში, როგორც სპორტის მინისტრი უკვე, არაერთ კერძო სპონსორს ვხედავ სხვადასხვა ფედერაციაში, მაგრამ ძალიან იშვიათია უანგარო სპონსორობა და ანგარო ქველმოქმედება. აქაც, „ქართუს“ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ქველმოქმედებასა და სპორტში ინვესტიციაში, არამედ ამ საქმის უანგაროდ კეთებაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

,,სარაგბო ბაზის ქსელის მესაკუთრე იქნება რაგბის კავშირი”- ჩხეტიანი

საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ამ კვირაში რაგბის კავშირს 14 სარაგბო ბაზა გადასცა, იმ იმედით რომ განვითარება გაგრძელდება და ბორჯღალოსნები უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ.

ქართულ რაგბიში ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი ჩადო, გარდა ამისა აშენდა 28 სარაგბო სტადიონი და 5 სასტუმრო.

„ამიერიდან, ოფიციალურად, სარაგბო ბაზის ქსელის მესაკუთრე იქნება რაგბის კავშირი. ეს არ ნიშნავს, რომ ფონდი განზე გადგა და აღარ დაეხმარება ქართულ რაგბის. ჩვენ გავაგრძელებთ დაფინანსების პროგრამას. გარდა ამისა, ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა პროგრამაში, მაგალითად ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამაში, რომელიც სკოლებში განვითარდება და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დავეხმარებით რაგბის კავშირს ინფრასტრუქტურის მოვლაში“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

„უნგრელმა ხალხმა ამ ომისთვის მაღალი ფასი გადაიხადა“ – პიტერ სიიარტო ზელენსკის პასუხობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთმა უკრაინაში ომისთვის „ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა“. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ დაწერა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნგრეთის ქცევა და ურთიერთობები, ნატოს მოკავშირის სტატუსს არ შეესაბამება.

მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, არის თუ არა უნგრეთის, როგორც ნატოს წევრის ქცევა შეუსაბამო.

„უნგრელმა ხალხმა უკვე გადაიხადა უკიდურესად მაღალი ფასი ამ ომისთვის. ბევრი უნგრელი დაიღუპა ამ ომში,“ – აღნიშნა უნგრელმა დიპლომატმა.

,,ამის ერთადერთი მიზანია საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“- კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან ისაუბრა, თუ რა განცხადებებს აკეთებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოეთში, ევროპელ პარტნიორებთან გამართულ შეხვედრებზე.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გვაქვს შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ისინი გვეუბნებიან მათ შორის იმასაც, თუ რაზე საუბრობენ მათთან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და რაზეც ისინი საუბრობენ, ეს რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ისინი საუბრობენ ზუსტად იგივე რიტორიკით, რა რიტორიკითაც გამოირჩევიან საქართველოში. მათ შორის. ისინი საუბრობენ უმძიმესი ტერმინოლოგიით და ცდილობენ ყველაფერი წარმოაჩინონ სრულიად განსხვავებულად იმისგან, რაც არის საქართველოში სინამდვილე. ამის ერთადერთი მიზანია საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

1 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ეცადეთ სხვებთან, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უხეშობისა და აგრესიის გამოვლენას მოერიდოთ. თქვენი მოუთმენლობა და პრეტენზიები შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. თუ ორმხრივი ბრალდებები თქვენს გეგმებში არ შედის, გონივრული კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანებს ის არ უნდა უთხრათ, რისი მოსმენაც თავად არ გინდათ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი პრობლემები დროებით დაივიწყოთ და გვერდით მყოფ ადამიანებზე იზრუნოთ. შესაძლოა, მეგობარს თქვენი დახმარება დასჭირდეს და მისი მოსმენა მოგიწევთ. შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ და დიდხანს იფიქროთ, დაეხმაროთ თუ არა ვიღაცას ფულით, თანამდებობით და კავშირებით? ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაეხმაროთ, რადგან სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ, სამყარო კი უფრო ნათელი და უკეთესი გახდება.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა, თავზე გარშემომყოფთა კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. ადამიანები თქვენს უმცირეს შეცდომასაც კი ხედავენ, ხოლო თუ შეცდომები არაა, სიამოვნებით გამოიგონებენ. ეცადეთ შექმნილ მდგომარეობას იუმორით შეხედოთ. ბოლოს და ბოლოს, არ აკრიტიკებენ იმას, ვინც არაფერს აკეთებს.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს ზურგს უკან რაღაც მნიშვნელოვანი ხდება! შესაძლოა, ვიღაც ინტრიგას ხლართავს, ჭორებს გივრცელებთ ან სამსახურში პრობლემებს გიქმნით. არაკეთილმოსურნე ადამიანებმა რომ თქვენი დაზიანება ვერ შეძლონ, ნებისმიერ ინფორმაციას ყურადღება უნდა მიაქციოთ და რჩევა გამოცდილ ადამიანს სთხოვოთ.

ლომი

ამ დღეს კარგად აკეთებთ საქმეს, რომელიც ყურადღებას, მოთმინებას და პუნქტუალურობას მოითხოვს. განსაკუთრებით კარგად ფულის დათვლა გამოგდით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მაღაზიებში სიარულის დრო გამონახოთ – ამ დღეს შეძენილი ნივთი დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.

ქალწული

ამ დღეს საკუთარი თავი ნებისმიერ საკითხში პირველ ადგილზე გიყენიათ. გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებთ და სხვების აზრით არ ინტერესდებით. გარშემომყოფებს თქვენი თავდაჯერებულობა არ მოსწონთ, ამიტომ თქვენი კეთილი განზრახვების მიუხედავად, მოსალოდნელია კონფლიქტები და წინააღმდეგობა.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა საქმე დაივიწყოთ და ამ დღეს საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. დაფიქრდით, ყველაზე ძვირფას ადამიანს ბოლოს გულწრფელად როდის ესაუბრეთ? თქვენს შორის უხილავი ძაფები რომ არ გაწყდეს, ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ. რა შეიძლება იყოს ცხოვრებაში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი?

მორიელი

ეს დღე გაიძულებთ, რომ სასწაულების დაიჯეროთ. შესაძლოა, დეჟავიუს განცდა გეწვიოთ ან თქვენს თვალწინ საოცარი მოვლენა მოხდეს. არც სასიყვარულო მაგიაა გამორიცხოთ. რატომაც არა? სიყვარულიც ხომ სასწაულია, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის.

მშვილდოსანი

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ძველი, გამოცდილი საშუალებები მოგიტანთ. თავი შეიკავეთ გაბედული ექსპერიმენტებისგან თუ გსურთ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. გახსოვდეთ, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ჯობს და სწორედ კონსერვატიული მიდგომა დაგეხმარება არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში.

თხის რქა

მთელ დღეს გარშემომყოფებისთვის უანგარო რჩევების მიცემაში გაატარებთ. ამასთან, რჩევები ზედმეტად ემოციური, მაგრამ ძალიან პრაქტიკული იქნება! იგივე ადამიანები თქვენი კრიტიკისთვისაც მზად უნდა იყვნენ – რჩევების მიცემისა და დახმარების გარდა, მზად ხართ ნებისმიერ ადამიანს პირდაპირ მიუთითოთ შეცდომისა და ნაკლოვანებისკენ.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა, თუმცა ამის მიზეზი არა გარემოებები, არამედ თავად ხართ – ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და წყობიდან გამოჰყავხართ. ეს შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში წყენისა და კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და რაიმე სასიამოვნო აკეთოთ – მაგალითად, სპორტდარბაზში ივარჯიშოთ ან მხიარულ ფილმს უყუროთ.

თევზები

 

ახალი საქმის ან პროექტის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა – ყველაფერი წარუმატებლობისთვისაა განწირული. თუ გსურთ, რომ ამ დღემ ნაკლები იმედგაცრუება მოგიტანოთ, გირჩევთ მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ. დიახ, შრომითი წარმატებებით თავს ვერ გამოიჩენთ, მაგრამ ვერც რამეს გააფუჭებთ.

რესპუბლიკის მოედანზე აქცია დასრულდა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია „მოვდივართ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დასრულდა.

აქცია „უცნობისა“ და ზაზა პაპუაშვილის მიერ იყო ორგანიზებული და იგი 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აქციის მთავარი სლოგანი იყო „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. მას ათასობით ადამიანი დაესწრო. აქციის მონაწილეებს ზაზა პაპუაშვილმა, „უცნობმა“ და სხვა ცნობილმა სახეებმა მიმართეს.

,,დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს. რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა. და ჩვენ ვიცით თუ რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე. მაინც მშვიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ზუსტად იმ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც ასე დავიმსახურეთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

დასასრულს მან  აქციის ორგანიზატორები სცენაზე მიიწვია და მათთან ერთად სამშობლოზე იმღერა