Home Blog Page 2013

“დატბორილი ტერიტორიებიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება, რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე”

რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, წყალდიდობის ზონიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესი გრძელდება.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. სახელმწიფოს საგანგებო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აგროვებს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რა ზიანი მიაყენა რუსეთმა კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად.

„40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დანგრეულია. ბევრ ქალაქსა და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია. რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

“მარინა კალიურანდი გვეუბნება, რომ დაიღალა საქართველოში დემოკრატიისგან” – თამარ ჩიბურდანიძე

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჯერ საბჭოეთის ტყვეობაში, 70 წელი ხმას ვერ ვიღებდით, მანამდე – რუსეთის მონობაში და ბოლო 30 წელი, დამოუკიდებლები რომ გვგონია თავი, როგორც კი ვთქვით, რომ ჩვენთვის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებია უპირატესი, დასავლეთი თურმე უკვე დავღალეთ, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“.

„ევროპარლამენტარების ტერმინებს ჩვენ მიმართ „დაღლა“ დაემატა. აქამდე ვიცოდით, რომ „შეშფოთება-აღშფოთება“ ჰქონდათ, ახლა უკვე თურმე დაიღალნენ კიდეც. პირიქით ვეტყოდი – ჩვენ დავიღალეთ ძალიან. დავიღალეთ მათი კაპრიზებით, პრეტენზიებით, ცრუ ბრალდებებით, მათგან წამოსული დეზინფორმაციით საქართველოში და ჩვენს შესახებ გაშვებული დეზინფორმაციის მასშტაბით მსოფლიოში, განსაკუთრებით, ევროპასა და დასავლეთში. ქართველი ხალხი, მართალია, დინჯია და მოთმინების უნარი აქვს, მაგრამ ეს მოთმინების უნარიც ალბათ სადღაც გაწყდება. არ შეიძლება ასეთი ქმედება ქვეყანასთან და ერთან, რომელსაც მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჯერ საბჭოეთის ტყვეობაში, 70 წელი ხმას ვერ ვიღებდით, მანამდე – რუსეთის მონობაში და ბოლო 30 წელი, დამოუკიდებლები რომ გვგონია თავი, როგორც კი ვთქვით, რომ ჩვენთვის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებია უპირატესი, დასავლეთი თურმე უკვე დავღალეთ. კიდევ ერთხელ მინდა დიფერენცირება გავაკეთო – ყველაზე არ ვსაუბრობ. ვინც დაიღალა, მან ღიად თქვა. ვფიქრობ, დაიღალნენ ისინი, ვისთვისაც მიუღებელია, საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება და ვისთვისაც მისაღებია, საქართველოს ჰყავდეს ისევ სააკაშვილის სისხლისმსმელი, მტარვალი ხელისუფლება, რომლებიც დემოკრატიისგან ძალიან შორს იყო. ანუ, ევროპარლამენტარი, ქალბატონი მარინა კალიურანდი გვესაუბრება, რომ ის დაიღალა დემოკრატიისგან, ადამიანის უფლებების დაცვისგან, კანონის უზენაესობისგან, ეკონომიკური წინსვლისგან საქართველოში და ყველა იმ სიკეთისგან, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ 11 წლის განმავლობაში მიაღწია და რაც სახეზეა. ისინი დაიღალნენ ჩვენი რეალური დამოუკიდებლობით – ეს არის სიმართლე“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

“შეწყვიტეთ საზოგადოების პოლარიზაცია, რადგან ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ” – ზურაბ აბაშიძე

„როდესაც ამბობთ, რომ ეს ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია, ამით თქვენ არამარტო ჩვენ გვაყენებთ შეურაცხყოფას, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, – ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციას და განსაკუთრებით მის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მოუწოდა შეწყვიტონ მსგავსი რიტორიკა, რათა ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება ოპოზიციის იმ განცხადებებზეც გაამახვილა, თითქოს ხელისუფლება ყველა აზრის გაკონტროლებას ცდილობს.

ზურაბ აბაშიძე დაინტერესდა თუ რომელი მედიასაშუალებებით ცდილობს ხელისუფლება ამის გაკეთებას.

„თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს იქითკენ, რომ ყველა აზრი გაკონტროლდეს. თქვენი აზრით, რომელი მედიასაშუალებებით აკეთებს ამას ხელისუფლება? იმ პლურალისტური მედიით ხომ არა, რომელიც ქვეყანას სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოუტანა? მსგავსი საუბრები ქვეყნისთვის დამაზიანებელია. პარტიაში გადიხართ ამ გზავნილებს, თუ მართლა ასე ფიქრობთ? თუ ასე ფიქრობთ, მაშინ ოპოზიციური ფლანგი დეგრადაციას განიცდის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მსგავსი იაფფასიანი განცხადებები და არაფრის მომცემი ეპატაჟი შედეგს ვერ მოიტანს. მისი თქმით, ამით საზოგადოებას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება.

„თქვენი აზრით, ჩვენ ვართ რუსები და თქვენ ევროპელები? შეწყვიტეთ საზოგადოების პოლარიზაცია, რადგან ამით ქვეყნის ინტერესებს აზიანებთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

” ჩვენ გვაქვს ის ძალა და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს” – მამუკა ხაზარაძე

ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს, ჩვენ გვაქვს ის ძალა და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს, „თუ ქვეყანაში ისეთი რაღაც არ მოხდა, რომ მთელი საზოგადოება გამოვა ქუჩაში და მივხვდებით, რომ უკვე პარტიული ინტერესები ბოლო პლანზე გადადის“.

„ბოლო პერიოდში, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები განვითარდა და წინა პლანზე წამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან იმ ცხრაწლიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ. თუმცა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს საზოგადოების, აკადემიური წრეების, დოპლომატიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, რომელთაც უნდათ, აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და ჩვენ ახლა ამით ვართ დაკავებული.

რას ნიშნავს პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანება -კანონმდებლობით ბლოკები აკრძალულია, შესაბამისად, სამი პარტიაც რომ გაერთიანდეს, სამი ნომერი და სამი სია ვერ იქნება, ამიტომ, თუ მივალთ ამ კონკრეტიკამდე, იქნება ერთი პარტია და იქნება ერთი ნომერი, ერთი სია. შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს. ვისაც ფერი არ მოსწონს, ყვითელი ან რაღაც სახელი, ეს არის ტექნიკა და შეგვიძლია, კომპრომისზე წავიდეთ. მაგრამ როდესაც ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ ის რუსული მთავრობა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი კარი არის ღია. მობრძანდნენ, კონსულტაციები დავიწყოთ. ზოგიერთთან ეს ყველაფერი დაწყებული გვაქვს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ პარტიას პლუს პარტია არ ნიშნავს ამომრჩევლის ავტომატურ გადმოტანას. ახლა რომ არის ლაპარაკი, გაერთიანდით, გაერთიანდით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარ გაერთიანებაზე და თანამშრომლობაზეც არ არის საუბარი, თუ ქვეყანაში ისეთი რაღაც არ მოხდა, რომ მთელი საზოგადოება გამოვა ქუჩაში და მივხვდებით, რომ უკვე პარტიული ინტერესები ბოლო პლანზე გადადის“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ განვითარებას.

„ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ საზოგადოებას, შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენ გვაქვს ის ძალა, ინტელექტი და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ გულიაიპოლის საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ქალაქ გულიაიპოლში საავადმყოფო დაბომბეს. ცნობილია, რომ საავადმყოფოს ორი თანამშრომელი გარდაიცვალა“, – განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით დაღუპულია უმცროსი მედდა და სანტექნიკოსი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი – 2.6069 ლარი ეღირება, ევრო – 2.8053 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2717 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6102 ლარი ღირდა, ევრო – 2.8005 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2528 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 10 ივნისს ამოქმედდება.

“კანონს ხომ ვერ დავარღვევთ?” – შს მინისტრის მოადგილე ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლაზე

ადამიანის იდენტიფიცირება და საზღვრის კვეთის დადასტურება არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ? – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შს სამინისტრო მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის.

დარახველიძე აცხადებს, რომ დეკანოიძეს წერილით მიმართეს, ამ ინფორმაციის გაცემისთვის კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი წარმოადგინოს.

„ყველამ იცით, რას ნიშნავს სადეპუტატო შეკითხვა, მისი პასუხი აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებ-გვერდზე და ეს არის აუცილებლად ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი. ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირია თანახმა ან კანონით განსაზღვრული უნდა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. ჩვენ ხატია დეკანოიძეს მივმართეთ წერილით, ავუხსენით ეს საკანონმდებლო ჩარჩო და ვთხოვეთ, წარმოედგინათ შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი, რაც მოგვცემდა საშუალებას, რომ გავასაჯაროოთ კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები.

პერსონალური მონაცემები გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიცირებას თუ ახდენს სახელმწიფო უწყება და კონკრეტულ ფაქტს ადასტურებს, მაგალითად, საზღვრის კვეთისას, ეს არის პერსონალური მონაცემები. ამ მონაცემების გაცემის უფლება გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონს ხომ ვერ დავარღვევთ, რაც გვიწერია კანონში, იმის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ხომ უარი არ გვითქვამს? – ვუთხარით, რომ დაგვისაბუთოს საკანონმდებლო და ლეგიტიმური მიზანი. ეს არის პერსონალური მონაცემები, რომლის გასაჯაროების უფლებაც გვაქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში,“ – განაცხადა დარახველიძემ.

ინფორმაციისთვის, ხატია დეკანოიძემ შს სამინისტროს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია, როდის და საიდან გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და რამდენ თანმხლებ პირთან ერთად შემოვიდნენ ქვეყანაში. მისი თქმით, უწყება კითხვებზე ინფორმაციას არ აძლევს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ზურაბ უტიაშვილმა ინფორმაცია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე თავად გამოაქვეყნა, თუმცა წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.

„მინდა შეგატყობინოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერ-მინისტრს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, თანადგომისთვის და ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობისთვის, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ!

მოკლედ მინდა შევაჯამო ის პროექტები, რაც ორი წლის განმავლობაში, ჩემი მერობის პერიოდში განხორციელდა მუნიციპალიტეტში. მეამაყება, რომ სწორედ ჩემი მერობის პერიოდში გადაიჭრა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის საკითხი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. როგორც იცით, მუნიციპალური ტრანსპორტი გურჯაანში ათწლეულების განმავლობაში გაუქმებული იყო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია კონსოლიდირებული ტენდერი და წლის ბოლომდე გურჯაანელებს 10 ახალი “Isuzu”-ს მარკის 21 ადგილიანი ავტობუსი მოემსახურება.

ასევე, მინდა გამოვყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტი “განახლებული რეგიონები”, რომლის ფარგლებშიც ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩამ თანამედროვე იერსახე მიიღო, რომელიც თითოეული გურჯაანელის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრების დროს გურჯაანელ ახალგაზრდებთან საუბრისას გამოიკვეთა, არის სკვერებისა და სპორტული მოედნების საჭიროება. სწორედ ამიტომ, ჩემი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 25-ზე მეტი საბავშვო მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. აქვე მინდა გაგაცნოთ ახალი პროექტი – ქალაქ გურჯაანში მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელიც 2024 წელს დასრულდება. საჭიდაო მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი, 150 მაყურებლიან ტრიბუნას მოიცავს, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა დონის სპორტული ტურნირის ჩატარება.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მნიშვნელოვანი პროექტების, რომლის განხორციელებაც ყველამ ერთობლივად შევძელით. მუნიციპალიტეტის მშენებლობა და მოქალაქეებზე ზრუნვა კვლავაც გაგრძელდება.

ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში.

ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად“, – წერს ზურაბ უტიაშვილი.

გურჯაანის მერის მოვალეობას, მერის მოადგილე ლერი გელენავა შეასრულებს.

https://www.facebook.com/GDZurabUtiashvili/posts/pfbid0UHwvVZA39A5HbuWSWDho5VbYiNEEeLxtxYjaeZBrwfoj6hjWFDwkRET28zMS48Jrl

“ყველა, ვინც ამბობს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე „ქართულ ოცნებას“ მარტო დაამარცხებს, არის ბრიყვი”

ყველა, ვინც ამბობს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე „ქართულ ოცნებას“ მარტო დაამარცხებს, არის ბრიყვი ან მიზანმინართული მავნებელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. ჩვენ ისე არ უნდა გაგვიტაცოს ერთმანეთის კრიტიკამ, რომ დაგვავიწყდეს მთავარი მტერი და საფრთხე – „ქართული ოცნება“ საქართველოში. რა დროს რაღაც რეიტინგების დატოლებაა, როდესაც ქვეყანას კარს მოადგა საფრთხე, რომ შეიძლება, რუსეთში გავიღვიძოთ. ამ დროს ვიღაცები საუბრობენ, რომ არ დადგებიან იმასთან, რადგან ვიღაცამ თქვა, რომ იმის უკან ვიღაც დგას.

ასეთი განცხადება სახელმწიფოებრივია? ეს არის ეროვნული პოლიტიკა? ზოგიერთი პარტიის ლიდერი გვმოძღვრავს, უარი ვთქვათ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და ვიწროპარტიული ინტერესი არ არის, როდესაც ამბობ, რომ საქართველოს გადარჩენა „ფეხებზე მკიდაო“ და მთავარია, მე რა მინდა, ის გაითვალისწინოთო?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციის გაერთიანების რესურსი, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ კინკლაობაში არ მონაწილეობს.

„არც არაფრის გადაქაჩვას და გადმოქაჩვას არ ვაპირებთ. ყველა იძულებული გახდება, საქართველოს მოქალაქის დაკვეთას ანგარიში გაუწიოს და პრინციპულ საკითხებზე თანხმობას მივაღწიოთ. ქვეყანა კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მიიღებს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა გავიდეთ ქუჩაში და მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლის“ კრიზისიდან გამოყვანის ფორმულა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

“ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველაფერი სტაბილურადაა” – პუტინი

ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, რაზეც თქვენთან შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ დავიწყებთ ზომებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განლაგებას. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველაფერი სტაბილურადაა“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა სოჭში მიმდინარეობს.

“საკანონმდებლო პაკეტის მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვაა“ – თამარ გაბუნია

“საკანონმდებლო პაკეტის მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის აღსრულების შესაძლებლობის გაუმჯობესებაა“,-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.

„კანონპროექტის თანახმად რეგულირების სააგენტოს ეძლევა მეტად ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა. მსგავსი პრეცედენტი არსებობს შრომის ინსპექციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში . ასევე, მთელი რიგი სხვა უწყებები აღჭურვილები არიან ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობით და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან საქმე ეხება პაციენტის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

13 ივნისამდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება

13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზში.