Home Blog Page 2012

ვხუმრობთ ხოლმე, მოდით ჯერ სტატუსი მივიღოთ და ჰოპლა მერე თუ გინდათ ხაბეიშვილს დავაძახებინოთ ან ვაშაძეს, თუ გინდათ პრეზიდენტსაც -მდინარაძე

გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი იმიტომ, რომ უკვე ყველა ობიექტური დამკვირვებელი და შემფასებელი აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული შთამბეჭდავი რეფორმების შესახებ, რეკომენდაციების შესრულების შესახებ. მეორე ნიშანიც არის იმის, თუ რამდენად დიდია პოზიტიური მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, უკვე დაიწყო ოპოზიციის რიგებში იმის მტკიცება, ვინ დაიმსახურა, ვის მიწეროს და ა.შ. ოღონდ ხელისუფლებას ჩამეწეროს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგჯერ ვხუმრობთ ხოლმე, მოდით ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ მერე თუ გინდათ ხაბეიშვილს დავაძახებინოთ ან ვაშაძეს, თუ გინდათ პრეზიდენტსაც. ისინი მართალია ხტომაში მაინცდამაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ ძახებაში და ასეთ პათოსში გამორჩეულები არიან. მთავარია მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მთავარია გაბედონ, პრეზიდენტით დაწყებული გაგრძელებული ნებისმიერი ოპოზიციონერით, პრეზიდენტიც ხომ ჩაეწერა ოპოზიციის რიგებში, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ რიგებში, გაბედონ და თქვან, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. სტატუსი უნდა მიიღოს ქვეყანამ, ეს იქნება ყველაზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ველოდებით დეკემბერში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ჩვენი მიზანია, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში”- პრემიერი

საქართველო ასევე სარგებლობს საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერით და მართლაც, ეს უფრო აისახება ინვესტორებისთვის დადებით სარისკო მდგომარეობად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩვენს წინაშე უკვე არსებობს შესაძლებლობები, რომ უფრო უზრუნველვყოთ დაცულობის შესაძლებლობები და საერთაშორისო დონეზე მოხდეს დივერსიფიკაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკოსისტემაც არსებობდეს. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, უკვე შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის პოზიცია უკვე სხვადასხვა ინდექსებით გამყარებულია, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, მმართველობა ან კანონის უზენაესობა.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყანა, ჩვენი მიზანი არის, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ჩვენი, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული. ნამდვილად, ეს იქნება შესაძლებლობა იმის, რომ ყოველწლიურად 100 მლნ კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველო – ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად – პრემიერი

საქართველო – ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად – , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა.

„ქალბატონებო და ბატონებო, საქართველო – ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად.

ჩემმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა გაძლიერებულიყო კავშირები და ასევე დამკვიდრებულიყო ეფექტური სავაჭრო გზები.

შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა. ჩვენ უკვე ვხდებით ყველაზე საიმედო, ერთ-ერთი ვარიანტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე და ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან, იმისათვის რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და ასევე გამოყენებულ იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა“, – განაცხადა პრემიერმა.

ჩინეთის საჰაერო ძალების 15 თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა

ჩინეთის საჰაერო ძალების 15 თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა.

ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი, ტაივანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, ჩინეთის საჰაერო ძალების 15 თვითმფრინავი, მათ შორის, მოიერიშე თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები, ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში შევიდა.

ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს, ბოლო რამდენიმე წელია, ჩინეთს კუნძულის გარშემო განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო აკრიტიკებს.

“აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო – მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნებოდა ძალიან რთული”

ჩვენს ორ მეზობელთან გზები დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს დღეს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო – მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნებოდა ძალიან რთული, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა საქართველოს მთავრობისადმი, პირადად პრემიერ ღარიბაშვილისადმი, როგორც ამ ფორუმის ჩატარებისთვის, ასევე ძალიან თბილი და გულითადი მასპინძლობისთვის. აბრეშუმის გზის შესახებ სასკოლო წიგნებიდან ყველას გვსმენია, შეიძლება არც გვახსოვდეს ბევრი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იმ ძველი აბრეშუმის გზის ისტორიას. ამის ფარგლებში მოისაზრება რამდენიმე გზა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხთა შორის, ქვეყნებს შორის, კულტურებს შორის ახლო ურთიერთობებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ხალხმა უკეთ გაიცნოს ერთმანეთი. ვაჭრობა მიმდინარეობს არა მხოლოდ საქონლის, არამედ ცოდნის, უნარების თუ სხვა ნებისმიერი ღირებულებების მიმართულებით. თავისთავად, გზა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნებსა და ქალაქებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ერებსაც. ჩვენი საკუთარი მაგალითიდან ძალიან კარგად ვიცით – გზა ორ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ღიაა და ეს მიმანიშნებელია იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები მეგობრული ხასიათისაა. ჩვენს ორ მეზობელთან გზები დაკეტილია, რაც ცხადად აჩვენებს დღეს ურთიერთობებში არსებულ სირთულეებს. აქ არ მოვსულვარ, რომ მესაუბრა რთულ ურთიერთობებზე. აქ იმისთვის ვარ, რომ განვაცხადო – მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნებოდა ძალიან რთული. ჩვენს რეგიონს სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა, სადაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, აქვთ აკუმულირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

“ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს”

საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე ამბობენ – რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და პუტინისტი ხელისუფალიო, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან  განაცხადა.

სუბარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმდენად არიან თავიანთ ცრუ „ბაბლში “ მოქცეულნი, ვეღარ აზროვნებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ რამე ავნონ ქვეყანას და მმართველ ძალას.

„ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი  და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს. სამნიძემ გააკეთოს ასეთი რამ. ეს დაახლოებით იგივეა, ახლა საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე რომ ამბობენ – რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და  პუტინისტი ხელისუფალიო. 19 წელია უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი. ამ 19 წლიდან, 17 წელი ქვეყნის პირველი პირი არის ორბანი. 17 წელი ეს ადამიანი მმართავს უნგრეთს. ე.ი უნგრელი ხალხი ირჩევს ანტიდასავლელ, პუტინისტ, პრორუსს, ანტიუნგრულ ხელისუფლებას და პარტიას ამ ხნის განმავლობაში? რაღაც არ გამიგია, რომ უნგრეთში არჩევნები გაყალბდა. ანუ, ხალხი იმდენად დაბრმავებულია, რომ არ იცის, ვინ აირჩიოს? ესეც ხომ შეურაცხყოფაა, არა მხოლოდ საქართველოს მეგობრის და იმ ადამიანის, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს კანდიდატის მისაღებად, არამედ მთელი უნგრელი ხალხის შეურაცხყოფაა და მათ წინააღმდეგაა მიმართული.

ამას ვერ ხვდება ეს ოპოზიცია, ან ხვდება და არ აწუხებს, იმდენად არიან ამ თავის ცრუ „ბაბლში “ მოქცეული, ვეღარ აზროვნებენ  და ვეღარ გადიან იმის იქით. ოღონდ რამე ავნონ ჩვენს ქვეყანას, მმართველ ძალას და ყველაფერზე მიდიან, ვის რა დააბრალონ აღარ იციან“,-განაცხადა სუბარმა.

საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა -პრემიერი

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის. ეს ჯერ კიდევ კარგად ჩანს, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალი არის ასიათასობით ადამიანი.

„ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ განადგურების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, დაუყონებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად. საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში და ამის შედეგად უკვე ჩვენი ქვეყნისთვის და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა.

ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევების გამო, მიმდინარე ომი არსებობს უკრაინაში და დაძაბულობაა ახლო აღმოსავლეთში, გონივრული პოლიტიკით და ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შევძელით, რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, თანაც ასევე ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრიც. ჩემი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის მეშვეობით, მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან – სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, რომელშიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებიც მონაწილეობენ.

“მიუხედავად რთული გამოწვევისა, COVID 19-ის პანდემიისა, მაინც მივაღწიეთ ეკონომიკურ ზრდას” – პრემიერი

მიუხედავად რთული გამოწვევისა, COVID 19-ის პანდემიისა, მაინც მივაღწიეთ ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაუბრუნდა 10%-იანი ზრდის ორნიშნა ტემპს-, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემი მთავრობის ფილოსოფია არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ასევე ის, რომ შენარჩუნდეს პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. მიუხედავად რთული გამოწვევისა, COVID 19-ის პანდემიისა, მაინც მივაღწიეთ ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეკონომიკა კვლავ დაუბრუნდა 10%-იანი ზრდის ორნიშნა ტემპს 2021-2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ზრდის ტემპი, ტენდენცია შეინარჩუნა 2023 წელს. საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 7% პირველ 8 თვეში, ხოლო ინფლაციის ტემპი 1%-ზე ნაკლებია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის დარჩება. ჩვენ ზედა საშუალოშემოსავლიან ქვეყნის სტატუსს მივაღწიეთ და გავზარდეთ მშპ 1000 დოლარამდე და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება 2023 წლის ბოლოსთვის, მომავალი წლისთვის კი 8700 აშშ დოლარი იქნება და სულ რაღაც სამ წელიწადში მშპ ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდება. 2022-2023 წლებში ჩვენი ზრდა მართლაც გამოირჩეოდა რეალური ზრდით ისეთ სექტორებში როგორიცაა ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია. ასევე მშენებლობა, ვაჭრობა და სხვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

“ეჭვგარეშეა, რომ საქართველო მართლაც გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი” – ირაკლი ღარიბაშვილი

უკვე მეოთხე ხდება 2015 წლის შემდეგ, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას ვმასპინძლობთ თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„აბრეშუმის გზა უდიდეს როლს ასრულებდა და, რა თქმა უნდა, ეს ასევე ხელს უწყობდა უფრო მეტი კავშირის დამყარებას, უფრო ფართო სამყაროსთან. ამ საერთო მოცემულობაში, ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომლებიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში არსებობს, ერთიანდება ამ ადგილას, რომელსაც ამაყად ვუწოდებთ საქართველოს.

9 წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მე გავაცნობიერე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა მისი პოტენციალის ათვისებისთვის. სულ რაღაც 1 წელიწადში, 2015 წელს პირველი „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გავმართეთ თბილისში. ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ ამ ტრადიციას და ეჭვგარეშეა, რომ საქართველო მართლაც გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი“, – აღნიშნა პრემიერმა.

ყველას, მათ შორის მეც, მოგვიწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ომის შემდეგ მოხდება -ბენიამინ ნეთანიაჰუ

ყველას, მათ შორის მეც, მოგვიწევს კითხვებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ომის შემდეგ მოხდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„როგორც პრემიერ-მინისტრი, პასუხისმგებელი ვარ სახელმწიფოს მომავალზე. ახლა ჩემი ვალია, მივიყვანო ისრაელის სახელმწიფო და ხალხი ჩვენი მტრების გამანადგურებელ გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი სახმელეთო შეტევისთვის ემზადება.

„ჰამასის“ ყველა წევრი მოსიარულე მკვდრები არიან. გალანტთან, განცთან, შტაბის უფროსთან და უსაფრთხოების ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ გამარჯვებამდე, პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე. ჩვენ გავანადგურეთ ათასობით ტერორისტი და ეს მხოლოდ დასაწყისია. ვემზადებით სახმელეთო შეტევისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, მსოფლიოს ესმის, რომ ისრაელის ბრძოლა მათი ბრძოლაც არის, ეს არის სინათლის ბრძოლა სიბნელის წინააღმდეგ.

ჩერგოლეიშვილის და ბოკერიას მთავარი აღიარება იყო, რომ ევროკავშირმა შექმნა კრიზისი საქართველოში და ტვინისგან დაცლილმა ოპოზიციამ ეს შანსი ვერ გამოიყენა- სუბარი

„ხალხის ძალა“ პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ სტატუსის მიცემა თავიდან იყო მოგონილი სწორედ ამისთვის, თან უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, რომ რამენაირად მომხდარიყო საქართველოს ომში ჩართვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სუბარი აღნიშნავს, ის შორსაა იმ აზრისგან, რომ ევროკავშირის და ამერიკის ხელმძღვანელობაში ყველა ცუდია, მაგრამ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა ევროპაზეც, აშშ-ს ხელმძღვანელობაზეც და რომელიც ბევრ რამეს წყვეტს.

„სანამ მთავარ აღიარებამდე მივალ, მანამდე კიდევ ერთი აღიარება ხათუნა სამნიძეს ეკუთვნის, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მთელი ოპოზიცია, ოპოზიციის ლიდერები მუშაობდნენ იმაზე, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, რადგანაც ეს მიეწერებოდა „ქართულ ოცნებას“. თავად აქვთ მთავარი ბრალდება – რუსეთი, რუსული რუსეთი და ა.შ. ამაზე მეტი რუსული და ანტიქართული საქმის კეთება წარმოუდგენელია. მე მართლა გულწრფელად ვამბობ, შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდეს, რომ ევროკავშირი არ არის კარგი საქართველოსთვის, ზოგს შეიძლება იდეოლოგიური მოსაზრებების გამო, ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, მაგალითად, ბენდუქიძე და ბენდუქიძისებრი ადამიანები (ბენდუქიძე, როგორც ფიქრობდა და მისი მიმდევრები როგორც ფიქრობენ) როგორც ფიქრობენ, ეს საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკურ თავისუფლების მათეულ გაგებაში არ ჯდება. ევროკავშირიდან ბრიტანეთი გავიდა, შვეიცარიას კი ამდენი წელია ეხვეწებიან შემოდიო და ცოცხალი თავით არ შედის – მას მიაჩნია, რომ თავისი გზა აქვს.

ევროკავშირის შიგნით შეიძლება, ვიღაცას აქვს ბევრი პრობლემა მასთან. იმედია გავხდებით წევრები და ჩვენც გვექნება საბრძოლი ბევრი რამ, საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ნამდვილად სჭირდება ევროკავშირი და გვჭირდება სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი განვამტკიცოთ იმ ძალიან რთულ გეოგრაფიულ ადგილას, სადაც ჩვენი ქვეყანაა და იმ ძალიან რთულ ისტორიულ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.

მესამე, მთავარი აღიარება ეკუთვნით გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილს. პირდაპირ თქვეს, რასაც ფიქრობდნენ – ტვინისგან დაცლილმა ოპოზიციამ, ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა ვერ მოახერხაო. ტვინისგან დაცლილში ვეთანხმებით – გასაგებია. მთავარი აღიარება იყო, რომ ევროკავშირმა შექმნა კრიზისი საქართველოში და შექმნა არაერთხელ. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ცდილობდნენ კრიზისის შექმნას, როდესაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გაყალბებულ პარალელურ დათვლას დაუჭირეს მხარი და არა აბსოლუტურად სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს; როდესაც მთელი თვეების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოსთვის თავს მოეხვიათ აბსოლუტურად არაევროპული და ანტიკონსტიტუციური დებულებები, როგორიც არის მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებში თუ რომელიმე პარტია (ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზე” იყო ლაპარაკი) 43%-ზე მეტს ვერ აიღებდა, მაშინ საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. სად წერია, რომელი ქვეყნის კანონში და კონსტიტუციაში წერია.

„ხალხის ძალა“ პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ სტატუსია მიცემა თავიდან იყო მოგონილი სწორედ ამისთვის, თან უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, რომ რამენაირად მომხდარიყო საქართველოს ომში ჩართვა. მე არ ვამბობ, რომ ევროკავშირს ისეთი ცუდი ხელმძღვანელები ჰყავს, რომ მარტო ამაზე ფიქრობდნენ, მაგრამ არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა ევროპაზეც, აშშ-ს ხელმძღვანელობაზეც, რომელიც ბევრ რამეს წყვეტს. ახლა, ეს აღიარებები მოვისმინეთ, მათთვის დიდი გულის ტკივილის ფონზე, რომ მათ ამას ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა სუბარმა.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის აქტიური მხარდამჭერი „აბრეშუმის გზის ფორუმის“ – სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი სპონსორი „აბრეშუმის გზის ფორუმის“, რადგან სწორედ ასეთი ტიპის მასშტაბური ფორუმები, ასეთი ტიპის საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა მსხვილი, საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

„საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვანი ფუნქცია შევასრულოთ ტრანსპორტირების, სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საქმეში. ამ ფუნქციას ჩვენი ქვეყანა ასრულებს, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესად და ეფექტიანად შესასრულებლად, საჭიროა სწორედ გლობალური სურათი გავიაზროთ და გავითავისოთ, რა არის ჩვენი როლი, რა არის ჩვენი ფუნქცია ამ ნაწილში. სწორედ ამ ტიპის ფორუმები, სადაც ხდება ახალი კომუნიკაციების შექმნა, მსხვილ კომპანიებთან ურთიერთობა, ამის საშუალებას იძლევა“,- განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა თემატიკაზე იქნება დისკუსიები.

„მათ შორის არის ვაჭრობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ფინანსური ტექნოლოგიები, ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები, სატრანსპორტო ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა მრავალი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როგორც წესი, ასეთი ტიპის ურთიერთობები იძლევა ახალ საშუალებებს, ქმნის ახალ ფანჯარას როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ამის შემდგომ უკვე იდება და იქმნება ხოლმე ახალი ურთიერთობები კომპანიებს შორის, რაც გადაითარგმნება ახალ ინვესტიციებში. ახალი ინვესტიციები კი, ყველამ ვიცით, რომ არის ახალი სამუშაო ადგილები, ბიზნესის შემდგომი განვითარება. ასე რომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბიზნესი ამ ახალ პლატფორმას, ახალ კომუნიკაციებს კარგად გამოიყენებს“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“  მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.

ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.