Home Blog Page 2009

რატომ ჩაიშალა რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ომი – რას წერს „სფექთეითორი“

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „რატომ ჩაიშალა რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ომი“, რომელშიც გაანალიზებულია დასავლეთის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციებისა და ემბარგოს მოქმედების ეფექტი. დასკვნა: აშშ და მისი მოკავშირეები სეცდნენ, როცა ჩათვალეს, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციებით უკან დაახევინებდნენ. საჭიროა, რომ უკრაინა მეტი სამხედრო საჭურვლით და ტექნიკით იქნეს უზრუნველყოფილი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთში ბევრი იცინოდა, როცა წითელ მოედანზე, მოსკოვში, გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვლადიმერ პუტინის მიერ ჩატარებულ სამხედრო აღლუმში, მხოლოდ ერთი ტანკი მონაწილეობდა, რომელიც დღეს სამუზეუმო რელიქვიად ითვლება. დამცინავთა აზრით, რუსეთმა უკრაინის ომში ძალიან ბევრი სამხედრო ტექნიკა დაკარგა და ახლა მისგან იმ ძლიერი სამხედრო ზესახელმწიფოს აჩრდილიღა დარჩა, რომელსაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა (თუმცა, კაცმა რომ თქვას, აღლუმის ასეთი სახით ჩატარება დასაძრახი არ უნდა იყოს, რადგან  ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ომშია ჩაბმული, ცდილობს ტექნიკა ფრონტზე უფრო გამოიყენოს, ვიდრე რომელიმე ცერემონიალურ ღონისძიებაზე).

რა თქმა უნდა, რუსეთმა მართლაც მძიმე დანაკარგები განიცადა, მაგრამ ჩვენ ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ. სიმართლე ისაა, რომ ომი დასავლეთისათვის ისე არ მიდის, როგორც საჭიროა – ყოველ შემთხვევაში, ერთ ასპექტში მაინც.

როცა ვლადიმერ პუტინი გასული წლის 24 თებერვალს თავისი ტანკებით უკრაინაში შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნებმა სწრაფად დაიწყეს ორმაგი სტრატეგიის გატარება, რომლის ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ისინი პირდაპირ არ ჩაებმებოდნენ რუსეთთან ომში, მაგრამ უკრაინას იარაღით და სამხედრო ტექნიკით დაეხმარებოდნენ. ზოგიერთმა სახელმწიფომ, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად მოქმედებდნენ, კიევს ქმედითი დახმარება აღმოუჩინეს, ანუ მხარდაჭერის საკითხში სტრატეგიის ამ ნაწილმა წარმატებით გაამართლა: უკრაინამ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა რუსეთის ქვედანაყოფებისადმი და მათ ქვეყნის რიგ რეგიონებში უკან დაახევინა.

სტრატეგიის მეორე მომენტი შედარებით „უხეში და მკაცრი“ აღმოჩნდა: ეკონომიკური ომის გეგმა, რომელსაც რუსეთში ფინანსური შოკი და დღემდე არნახული მასშტაბების მქონე „შიშის კანკალი“ უნდა გამოეწვია. რუსეთი დასავლეთისაგან და მსოფლიოს უდიდესი ნაწილისაგან გარიყული და იზოლირებული უნდა ყოფილიყო, მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედდებოდა სანქციები, ემბარგოები, ბოიკოტორებული იქნებოდა რუსული ექსპორტ-იმპორტი… საბოლოო ჯამში, თეორიულად, ვლადიმერ პუტინის რუსეთი გაღარიბდებოდა, კაპიტულაციას გამოაცხადებდა და მოწინააღმდეგეს ჩაბარდებოდა.

დასავლეთში ცოტა ვინმე თუ ფიქრობს იმაზე, თუ რა ცუდადაა საქმე ომის ამ ასპექტში. ევროპამ თვითონ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა, როცა უარი თქვა რუსული ნავთობისა და გაზის მოხმარებაზე. 2021 წელს რუსული ნავთობის იმპორტი დიდ ბრიტანეთში (ფულადი გამოსახვით) 4,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, ერთი წლის შემდეგ კი, მიმდინარე წლის იანვარში იმპორტი 1,3 მილიარდამდე შემცირდა. 2020 წელს ევროკავშირი რუსულ გაზზე 39%-ით იყო დამოკიდებული, ნავთობზე კი 23%-ით. ეს მაჩვენებლები ერთ წელიწადში შესაბამისად შემცირდა 15% და 14%-მდე.

მაგრამ ამ ციფრებში არ ჩანს, თუ რამდენად უუნარო აღმოჩნდა დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული ენერგოემბარგო. იმიტომ, რომ მალე ცნობილი გახდა – რუსეთთან ეკონომიკური ომით დაინტერესებულია მხოლოდ დასავლეთი და არა მთელი მსოფლიო. დიახ, ევროპაში რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტი შემცირდა, მაგრამ, სამაგიეროდ, კრემლმა სწრაფად გაზარდა ექსპორტი ჩინეთში და ინდოეთში – ორივე ქვეყანამ უპირატესობა მიანიჭა რუსული ნავთობის შეღავათიანი ფასით ყიდვას, ვიდრე მოსკოვთან კონფრონტაციას უკრაინის გამო. უფრო მეტიც – ინდოეთის მიერ იმპორტირებული რუსული ნავთობის ნაწილს, როგორც ჩანს, ფარულად ევროპაც ყიდულობდა: სუეცის არხში მკვეთრად იმატა იმ ტანკერების რაოდენობამ, რომლებსაც გაწმენდილი „შავი ოქრო“ ინდოეთიდან ევროპაში მიჰქონდათ.

იგივე ხდება სხვა მიმართულებითაც: გერმანული პრესის მონაცემებით, სწრაფად იმატა გერმანული ავტომობილების ექსპორტმა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში: მაგალითად, ყაზახეთში 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ავტომანქანების იმპორტი 507%-ით გაიზარდა, სომხეთში კი 761%-ით. ელექტროტექნიკური და კომპიუტერული აპარატურის იმპორტი ყახაზეთში 190%-ით, სომხეთში – 343%-ით. იბადება კითხვები: რატომ იმატა ასე სწრაფად იმპორტმა? რჩება თუ არა იმპორტირებული პროდუქცია აღნიშნულ ქვეყნებში თუ მათი რეექსპორტი მესამე ქვეყნებში ხდება? არსებობს არგუმენტირებული ვარაუდი, რომ მიმდინარეობს დასავლური პროდუქციის რუსეთისაკენ გადამისართება, ანუ რეექსპორტი („პარალელური იმპორტი“, როგორც ამას რუსები უწოდებენ). და თუნდაც მათი ფორმალური რეექსპორტი არ მოხდეს,  დასავლური საქონელი რუსეთში სხვა გზების მეშვეობითაც შედის: ბევრი რუსი, ყაზახი და სომეხი მოქალაქე უვიზო რეჟიმით სარგებლობს და შესაძლებლობა აქვს სანქცირებული  საქონელი საზღვარზე გადაიტანოს და რუსეთში უპრობლემოდ შეიტანოს.

დასავლეთი ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც შეძლებული რუსების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ბედის ირონიით, სწორედ მათ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ „პარალელური იმპორტის (რეექსპორტის) სიკეთით. სწორედ მათ აქვთ ორმაგი მოქალაქოება, შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა ფუფუნების საგნების შესაძენად. მოკლედ, შეუძლებელია ისეთი აბსოლუტური ემბარგოს გამოცხადება, რომ დასავლური წარმოების საქონელი მდიდარი რუსებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს.

დასავლეთმა სანქციური ომი მსოფლიოში საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენების  გადაჭარბებული გრძნობით დაიწყო. როგორც ჩანს, დასავლეთი არადასავლურ ქვეყნებზე სათანადო ზეწოლას ვერ ახორციელებს: [განვითარებადი სამყაროს – „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს] არ აქვთ სურვილი იმისთვის, რომ რუსეთისა და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ შეზღუდვები დააწესონ. დასავლეთის შეცდომა ყველასათვის აშკარა გახდა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 8,5%-ით უნდა შემცირებულიყო, ხოლო მიდინარე წელს კიდევ 2,5%-ით. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შემცირდა მხოლოდ  2,1%-ით, ხოლო მიმდინარე წელს ფონდი უკვე 0,7%-იან ზრდას პროგნოზირებს! და ეს ხდება იმ დროს, როცა უკრაინის ომი რუსეთისათვის უფრო მეტ ზარალს იწვევს, ვიდრე ამას შარშან თებერვალში ვინმე წარმოიდგენდა. მოკლედ, რუსეთის ეკონომიკა არ დაინგრეულა, არ ჩამოშლილა, მოხდა მისი ისეთი სახით რეკონფიგურირება და რეორიენტირება, რომ დასავლური კურსი აღმოსავლურითა და სამხრეთულით შეცვლილიყო.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური ომი უშედეგოდ ჩავთვალოთ: კრემლი დასავლური სანქციებისაგან მნიშვნელოვნად დაზარალდა – არა იმ მასშტაბით, როგორსაც ელოდნენ, მაგრამ მაინც. თუმცა, თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ სამომავლოდ რუსეთთან ომს მხოლოდ ეკონომიკური საშუალებებით გააგრძელებს, ბომბებისა და ტყვიების გარეშე, ის ძალიან სცდება.

დასავლურმა სამხედრო ტექნიკამ უკრაინას შესაძლებლობა მისცა რუსეთთან („დავითს გოლიათთან“) ისე ებრძოლა, რომ მასზე გამარჯვების იმედიც კი ჰქონდეს და, რა თქმა უნდა, თავიდან აიცილოს ანექსია პუტინის რუსეთისაგან. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკური სანქციების ეფექტურობას, ჩვენ მათზე ფიქრი კიდევ მოგვიწევს

წყარო

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს – ვედანტ პატელი

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა განაცხადა.

 

“მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი.

 

მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის იმის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. ქართველი ხალხი ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენები აღადგინოს ან სავიზო რეჟიმი გააუქმოს“, – განაცხადა პატელმა.

“უკვე მერამდენედ უხეთქავს გულს ჩვენი პრემიერი ოპონენტებს გულს თავისი სიმართლითა და პირდაპირობით!”

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპონენტებს თავისი სიმართლით გულს უხეთქავს.

ექსპერტის თქმით, ძალიან საეჭვოდ არ მოსწონთ ის, რომ დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, ყველაზე უფრო მეტად დღევანდელი ხელისუფლება იბრძვის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად.

„ეს უკვე მერამდენედ უხეთქავს გულს ჩვენი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებს გულს თავისი სიმართლითა და პირდაპირობით. თან ამ სიმართლეს ყოველთვის ახლავს ფაქტები: ფაქტია, რომ ევროკავშირს, აშშ-ს და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს რამდენიმე მილიარდი ევროთი და დოლარით გაიზარდა. ასევე ფაქტია, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 110-ჯერ აღემატება საქართველოს სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან. ამ დროს ქართველი თუ უცხოელი ოპონენტები რას ითხოვენ უნდა გავჩერდეთ, თვით დაზარალების რეჟიმში უნდა გადავიდეთ, ხოლო დანარჩენებმა ვისაც უნდა რა აკეთონ, ოღონდ არ მოშივდეთ და არ შესცივდეთ (რამე ხომ არ გამომრჩა ნავთობპროდუქტები კვლავ შედის ხომ რუსეთიდან ევროპაში? ) რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, ნუ გვავიწყდება, საქმე ეხება 1 მილიონ საქართველოს მოქალაქეს. ხოლო ფრენების აღდგენას რუსეთ-საქართველოს შორის, თუ არა სანქცირებული ავია კომპანიები იფრენენ, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ დავასანქციროთ?

დიდი დაკვირვება არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ ყველაზე უფრო რაზეც, ნერვები ეშლებათ და აღიზიანებთ, არის ის, რომ არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას არ ვარღვევთ, ყველა საერთაშორისო ფორუმისა, თუ სამშვიდობო ინიციატივის მონაწილეები ვართ (ერაყსა და ავღანეთში პირველები თუ არა მეორეები ვიყავით!), ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი საერთოდ კონსტიტუციაში ჩავწერეთ. უბრალოდ ძალიან საეჭვოდ არ მოსწონთ ის, რომ დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, ყველაზე უფრო მეტად დღევანდელი ხელისუფლება იბრძვის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად“, – წერს ნიკოლეიშვილი.

“ნაცმოძრაობას“ ისეთი დნმ აქვს, აუცილებლად გადარჩება, არ ინერვიულოთ” – პაატა მანჯგალაძე

მელიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მომწონს განცხადებები, რასაც ახლა აკეთებს. ეს ყველაფერი გაბრაზებული ადამიანის განცხადებებს ჰგავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

„რა დამოკიდებულებაც მქონდა იგივე დამოკიდებულება მაქვს. პოლიტიკაში არ მიყვარს შეთქმულების თეორიები. მელიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, არის გაბედული ლიდერი. გავრილოვი როცა ჩამოვიდა, მის გვერდით ვიდექი და მელია იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია, ხალხთან იდგა. ეს უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მელიას ბევრი რამ არ მომწონს და არ მომწონს ეს განცხადებები, რასაც ახლა აკეთებს. ეს ყველაფერი გაბრაზებული ადამიანის განცხადებებს ჰგავს. შოთა რუსთაველს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი, ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ახლა საუბარი, როდესაც თავმჯდომარე არ ხარ, სწორი არ არის. მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ძალაუფლება გაქვს, თორემ მართალიც რომ იყოს, გაბრაზებული ადამიანის პოზიციიდან არავინ დაგიჯერებს. მე რომ ახლა ლაპარაკი დავიწყო წარსულზე, იმის იქით კიდევ რა ხდებოდა და მერე კიდევ იმის იქით, „ქოცები“ უნდა გავახაროთ და ამას არასდროს გავაკეთებ. ჩემი საზრუნავი არ არის „ნაც მოძრაობაში“ წარსულში რა ხდებოდა ან ახლა რა ხდება.

ნიკა მელია ხაბეიშვილთან ურთიერთობას ჩვენი ჩარევის გარეშე გაარკვევს. დალოცვილია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობა კი არა, მთელი ევროპა ლაპარაკობს, რომ მთავარი არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი გყავთ ბიძინა ივანიშვილიო. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორმე გაარკვევს მმართველობის ფორმა ფორმალური ჰქონდეს თუ – არაფორმალური. ქვეყანას მივხედოთ. ცუდია, არაფორმალური მმართველობა თუ არის. ლევან ხაბეიშვილს რომ ვხედავ, რასაც ვეუბნები, იქვე წყვეტს, გადაწყვეტილებებს იქვე იღებს და მართლა არ მინახავს, ვინმესთვის დაერეკა. ღარიბაშვილი რომ არაფრის გადამწყვეტი არ არის ქვეყანაში, ძალიან კარგად ვიცი. ღარიბაშვილს არავინ არაფერს ეკითხება. დარჩა იმად, რაც იყო, ბერას ძიძად. „ნაცმოძრაობას“ ისეთი დნმ აქვს, აუცილებლად გადარჩება, არ ინერვიულოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“ბოლოს „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ერთმანეთს დუელში გამოიძახებენ” – დავით ქართველიშვილი

მალე მელია ამ სამეულის დასანქცირებას მოითხოვს და ამ თხოვნით სანქციების სფეროში კიდევ ერთ არაფორმალურ მმართველს – არახამიას მიმართავს, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად მან ნაცმოძრაობის არაფორმალურ მმართველად კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად ზურაბ ადეიშვილი დაასახელა.

„ბალახი მწვანეა, წყალი სველია. დაიწყო ბანალური აღიარებების ცვენა. მალე მელია ამ სამეულის დასანქცირებას მოითხოვს და ამ თხოვნით სანქციების სფეროში კიდევ ერთ არაფორმალურ მმართველს – არახამიას მიმართავს. ბოლოს ერთმანეთს დუელში გამოიძახებენ – სეკუნდანტობას “ლელოელებს” სთხოვენ, რომლებიც “გორბის” გამოკითხვებით “თითქმის არც არსებობენ”. მოკლედ ძალზე უინტერესოდ, მაგრამ მაინც ვითარდება ეს სერიალი – თუმცა “პულტი” ჩვენს ხელშია და ყოველთვის შეგვიძლია საქართველოს წინსვლისა და განვითარების “არხებზე” გადავრთოთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“საქართველოს წილი რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 0.3 პროცენტს შეადგენს, ევროკავშირის – 32 პროცენტს”- ოთარ ანგურიძე

„ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ღირებულებებისა და შეხედულებების გადაფასება გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩვენდა მოულოდნელად საქართველო ამ გადაფასებების ეპიცენტრში მოხვდა და ზოგნი ფიქრობენ, რომ საქართველო უნდა იყოს ამ გადაფასებების მედროშე“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტი გაზრდილია 24%-ით და 203 მლრდ ევრო შეადგინა:

საქართველოს წილი რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 0.3%-ს შეადგენს, ევროკავშირის – 32%, თურქეთის – 8%, აშშ-სი კი -2%. გასულ წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 5.9%-ით გაიზარდა და 258,7 მლრდ ევრო შეადგინა. ცალკე იმპორტი ევროკავშირში რუსეთიდან გაზრდილია 24%-ით და შეადგინა 203 მლრდ ევრო. ყველაზე საინტერესო მაინც რუსეთთან ომის ფონზე უკრაინის შემოსავლებია რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული – 570 მლნ აშშ დოლარი. საინტერესო ციფრებია ბევრი რამის საილუსტრაციოდ. როგორც ჩანს ვიღაცები იმას რასაც საქართველოსგან ითხოვენ, სხვა სახელმწიფოებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა“, – წერს ანგურიძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02mzPxuWLsPou5hD1Ye9Q2u2xULsGkSFw5P1JEWeTKFTsXQR9m7T7hqzpvWokvReRul&id=100089571639303

„განა ამისთვის არ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები 30 წლის განმავლობაში, რაც გუშინ პრემიერმა ბრძანა?”

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას გაუგებარი რეაქციები მოჰყვა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს, ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებსაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, არც ფრენები შეუწყვეტიათ რუსეთთან და არც სავაჭრო ბრუნვა.

„განა ამისთვის არ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენ 30 წლის განმავლობაში, რაც გუშინ პრემიერმა ბრძანა? ამდენი სისხლი, უბედურება გაიარა საქართველომ და რისთვის, შეზღუდული სუვერენიტეტი რომ მოგვეპოვებინა, განა ამხელა კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანამ ეს დაიმსახურა? ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ არა ის ორმაგი სტანდარტი, რაც დღეს მსოფლიოში დამკვიდრდა. ვერ ვიგებ, რატომ ასეთი რეაქციები ამ პატარა ქვეყანაზე, მაშინ როცა სხვა ქვეყნებს, ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორებსაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც, არც ფრენები შეუწყვეტიათ რუსეთთან და არც სავაჭრო ბრუნვა. ამას არ ადევს გრიფით საიდუმლო და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს. მაგალითად, შარშან უკრაინამ ოკუპანტი ქვეყნიდან ბუნებრივი აირის შესყიდვით 570 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

4 დღეში ევროკავშირიდან რუსეთში შესული თანხა 270 მილიარდს შეადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის 1 წლის სავაჭრო ბრუნვას უდრის. აღარაფერს ვამბობ წარსულში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. მაშინ, როცა 2008 წელს ქვეყანა ცეცხლში იყო გახვეული, იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები რუსეთ-საქართველოს ომში, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის და დაუწესებია კი არა, 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი შეიძინა. კიდევ უფრო გასაკვირია, ფრენებზე ასეთი რეაქციები, მაშინ როცა ამერიკის მთავარი პარტნიორები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეუფერხებლად დაფრინავენ ოკუპანტ ქვეყანაში. პრემიერმა კი გუშინ ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი, ამიტომ არის ეს ორკესტრირებული გმინვა“, – წერს ფოჩხუა.

“წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა”- ჯუანშერ ბურჭულაძე

ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა – ამის გაკეთებას ალბათ 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს. არაფერი ზედმეტი ჭკუა ამას არ სჭირდება, – ამის შესახებ  თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ  „იმედის” ეთერში განაცხადა

„მე არ დამიანონსებია, რომ კიდევ რაიმე საქმის აღძვრას ვაპირებთ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. თქვენ იცით ის ბანალური შემთხვევა – მე ამას არ ვარქმევ კორუფციას – ეს იყო მთელი ხელისუფლების მიერ თანხების მიტაცება. ეს არ იყო კორუფცია, როდესაც თანხებს რიცხავდნენ ოფშორულ კომპანიებში ავანსად და შემდეგ ის კომპანია კოტრდებოდა – ამის გაკეთებას ალბათ 10 წლის ბავშვიც არ იკადრებს. არაფერი ზედმეტი ჭკუა ამას არ სჭირდება. საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ არც კი დავუყადაღეთ ტელევიზია მას. თქვენ იცით მისი მოღვაწეობის შესახებ – ჯერ ქართველი ხალხი გაძარცვა, შემდეგ წავიდა და ევროპელი პენსიონერები გაძარცვა. რაზეა საერთოდ საუბარი, მე არ ვიცი. წინა ხელისუფლებიდან რამდენიმე მინისტრი მულტიმილიონერი გახდა – როგორ ბედავენ საერთოდ მორალზე საუბარს, მე არ ვიცი“, – აცხადებს ბურჭულაძე.

„საქართველოს ეს არჩევანი იყო, არის და იქნება. ეს რა, არადემოკრატიულია, ანტიდასავლურია, რუსულია?”

ფსევდოლიბერალობის ღრმა მორევში შესულთ, რატომღაც ავიწყდებათ თუ რა არის ლიბერალიზმი – არჩევანის თავისუფლება, შემწყნარებლობა. ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხალხი ისტორიულად, აღმსარებლობის მიუხედავად, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური და ფასეულობების დამცველია.

„საქართველოს ეს არჩევანი იყო, არის და იქნება. ეს რა, “არადემოკრატიულია”, “ანტიდასავლურია”, “რუსულია”?

ვერც სამარცხვინო, უსამშობლო და მარგინალი ნაცოპოზიციით, ვერც მისი ვასალი ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებით, ვერც NDI-სა და IRI-ს ტრაგიკომიკური “კვლევებით”, ვერც გარე აქტორების უკიდურესად ფარისევლური ნოტაციებით ვერ მოხდება საქართველოს საზოგადოების ფასეულობებისადმი მყარი დამოკიდებულების “სასურველი მოდიფიკაცია” და ცნობიერების “ინჟინერია”. Textbook rules (სახელმძღვანელო წესები) ვერ ამართლებს ყოველთვის, ეს აპრობირებულია დიდი ხანია“, -წერს გია აბაშიძე.

გარდაბანში შვილმა მამა მოკლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შემთხვევა გუშინ, 11 მაისს მოხდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა დააკავეს.

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან არის მიზერზე მიზერი” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის სავაჭრო ბრუნვა აშშ-თან 16,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ევროპამ რაც ივაჭრა რუსეთთან სარფიანად, ასეულ მილიარდებზეა საუბარი, ეს ცალკე თემაა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შარშან ოკუპანტი და მტერი სახელმწიფოს გაზის ევროპაში ტრანზიტიდან თავად უკრაინამ 570 მლნ დოლარი ჩაიჯიბა.

„რუსეთის სავაჭრო ბრუნვა აშშ-თან 16,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2022 წელს აშშ-ის იმპორტი რუსეთიდან 14,5 მილიარდი დოლარია. შარშან ოკუპანტი და მტერი სახელმწიფოს გაზის ევროპაში ტრანზიტიდან თავად უკრაინამ 570 მლნ დოლარი ჩაიჯიბა. ევროპამ რაც ივაჭრა რუსეთთან სარფიანად, ასეულ მილიარდებზეა საუბარი, ეს ცალკე თემაა. საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან არის მიზერზე მიზერი. შესაბამისად, კითხვაა: ამ პატარა და ღარიბ ქვეყანას რას გვაწვებიან, რა უნდათ?“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

“ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობით 4 დღეში უფრო მეტ თანხას ატრიალებს, ვიდრე საქართველო 1 წლის განმავლობაში”

არ ვიცი როგორ ფიქრობს ის ხალხი, ვინც კისა ვარაბიანინოვის მსგავსად დაბერილი ლოყებითა, ჭკვიანური გამომეტყველებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ პირადად მე ნამდვილად მინდა რომ გავძლიერდეთ და არ ვიყოთ სახელმწიფო შეზღუდული სუვერენიტეტით, – ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე წერ.

„როდესაც დღეს ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობით 4 დღეში უფრო მეტ თანხას ატრიალებს, ვიდრე საქართველო 1 წლის განმავლობაში (სავარაუდოდ ლენოჩკა ხოშტარიას და ჭიჭე ვაშაძის რუსული შემოსავლებიც ჩათვლილია) და სავაჭრო ბრუნვა 275 მილიარდი დოლარია და მე ფრენების აღდგენის გამო მემუქრებიან, არანაირო ფეიკ-პატრიოტული და „ღრმა ფილოსოფიური ხედვები“ აღარ ჭრის. აღარ ჭრის და იმ შეშფოთებულების მისამართით საკმაოდ შიშხათიანი აზრები ჩნდება. საქართველო ყოველ დღე ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოა. სუვერენული სახელმწიფო და ვისაც არ მოსწონს, ან „ჯაან ინტელექტუალური ეჭვით“ უყურებს ამ ფაქტს, რბილად რომ ვთქვა შეგუება მოუწევთ“, – წერს გია გაბრიჭიძე.