Home Blog Page 2007

აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

აჭარაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დაკავების მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი არაერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

“ევროკავშირი უკრაინას დაპირებულ 1 მილიონ საბრძოლო მასალას მარტამდე ვერ გადასცემს” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეასრულებს უკრაინისთვის 2024 წლის მარტამდე მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას თავდაცვის წარმოების მდგომარეობისა და ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო.

მისი განმარტებით, ამ პრობლემის მიზეზია არა ევროკავშირში პოლიტიკური ნების არ არსებობა, არამედ თავდაცვითი ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობა და ასევე ბიუროკრატია.

„ევროკავშირი მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და სწორედ ამიტომ, ბერლინში ყოფნისას მოვუწოდე ევროკავშირს, შეემუშავებინა ჰოლისტიკური პოლიტიკა თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სიტუაციის გამოსასწორებლად. ”მაგრამ საჭიროა უფრო სწრაფად მოქმედება და უფრო მეტის გაკეთება. ჩვენს თვალწინ უკრაინელი ქვეითი დგას და მას ჭურვები სჭირდება”, – აღნიშნა კულებამ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდის, EASIER-ის ჯიხურები მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი.

„პროექტში, რომელიც რეგისტრაციის პროცესის გამარტივებას და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ 150 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ. ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება.

თვითრეგისტრაციის ჯიხურების მწარმოებელი ფრანგული კომპანია EASIER-ი, გლობალური ქსელის მეშვეობით,მსოფლიო მასშტაბით, მაღალი ხარისხის პროდუქციითა და მრავალფეროვანი სერვისებით უზრუნველყოფს როგორც საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის ოპერატორებს, ისესაჯარო ინსტიტუციებს“, – აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციაში.

შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ფაქტის გამო დააკავა

შსს-მ ახალქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ქორწინების იძულების ფაქტის გამო დააკავა.

ბრალდებული სსკ–ს 1501 მუხლით არის დაკავებული, რაც ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს.

დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ისჯება.

“პრეზიდენტი, მართალია, სიმბოლურად, მაგრამ კონსტიტუციის გარანტად იწოდება, სწორედ ამიტომ, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას მისი პატრონებისთვის განსაკუთრებული ფასი აქვს”

პრეზიდენტი, მართალია, სიმბოლურად, მაგრამ კონსტიტუციის გარანტად იწოდება და სწორედ ამიტომ, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევას მისი პატრონებისთვის განსაკუთრებული ფასი აქვს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი, „ევროპაში სალომე ზურაბიშვილის მორიგ არაკონსტიტუციურ ვიზიტს ერთადერთი ფასი აქვს, ზურაბიშვილის უფროსებს სურთ, შეგვახსენონ, რომ საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“.

„საზოგადოებაში ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ეიფორია ჯერ კიდევ არ განელებულა და ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა, სამწუხაროდ, უკვე მოასწრეს იმის შეხსენება, რომ ქართული სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციის მიმართ ახლაც ზუსტად ისეთივე უდიერი დამოკიდებულება აქვთ, როგორიც აქამდე ჰქონდათ.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სალომე ზურაბიშვილისგან საარჩევნოდ ღირებული პოლიტიკური ფიგურა ვერ გამოიძერწება და ამ საქმისთვის ვერც მისი უცხოური ვოიაჟები მოიტანს რამეს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა 8 ნოემბერს მის მიერ ჩატარებულმა აქციამაც, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების, ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების და რადიკალური ოპოზიციის სახეების გარდა, პრაქტიკულად, არავინ მისულა.

ამ ფონზე, ევროპაში სალომე ზურაბიშვილის მორიგ არაკონსტიტუციურ ვიზიტს ერთადერთი ფასი აქვს, ზურაბიშვილის უფროსებს სურთ, შეგვახსენონ, რომ საქართველოს სახელმწიფოდ არ ცნობენ და შესაბამისად, არც მის კონსტიტუციას დაგიდევენ რამედ. მათი მიზანია, მუდმივად მიგვანიშნონ, რომ საქართველო შემდგარ სახელმწიფოდ არ შეიძლება, განიხილებოდეს და შესაბამისად, მას არც კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია.

საქართველოს კონსტიტუციას ყველაზე ხშირად სალომე ზურაბიშვილს რომ არღვევინებენ, შემთხვევითი არაა. პრეზიდენტი, მართალია, სიმბოლურად, მაგრამ კონსტიტუციის გარანტად იწოდება და სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას მისი პატრონებისთვის განსაკუთრებული ფასი აქვს. სალომე ზურაბიშვილსაც სირცხვილის გრძნობა სრულად აქვს დაკარგული და იმ წინაპრების შთამომავალი, რომლებიც პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნის სათავეებთან იდგნენ, დღეს მაქსიმალურად იხარჯება, რომ შემდგარი ქართული სახელმწიფო დააზიანოს.

ყველას გვახსოვს 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის უზენაესობის არცნობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო. გვითხრეს, რომ რიგგარეშე არჩევნები არა კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არამედ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც „ქართული ოცნება“ მუნიციპალურ არჩევნებში სრულიად გაუგებარ 43-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს; გვითხრეს, რომ ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს არა ისეთი საარჩევნო ბარიერი, რომელსაც კონსტიტუცია ხანგრძლივი საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების შემდეგ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე დაადგენს, არამედ ისეთი, რომელსაც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ვიღაც ერთი უცხოელი ერთი ხელის მოსმით პოლიტიკურ შეთანხმებაში ჩაგიწერს; გვითხრეს, რომ უარი უნდა ვთქვათ კანონის აღსრულებაზე და ციხიდან გავათავისუფლოთ კრიმინალები და ა.შ. ისიც ყველას გვახსოვს, თუ როგორ დაასანქცირეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეები, ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ კი გაბრაზდნენ, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეზე კონსტიტუციის გავრცელება გადაწყვიტა.

სიტყვამ მოიტანა და აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ განცხადებასაც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პატრონებმა ჩინეთის პრეზიდენტზე, სი ძინ პინზე გააკეთებინეს. ვიღაცის ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სტრატეგიული ინტერესი, გააღრმაოს პარტნიორობა ჩინეთთან და შეეცადნენ, ურთიერთობების გასაფუჭებლად ზურაბიშვილი გამოიყენონ. თუმცა, ეს მცდელობაც ისეთივე ფუჭია, როგორც მცდელობა, სალომე ზურაბიშვილის არაკონსტიტუციური ვიზიტებით საქართველოში სამართლის უზენაესობას გამოუთხარონ ძირი.

უკვე მრავალი წელია, საქართველოში მოქმედი აგენტურა არ ცნობს ქართულ სახელმწიფოს და მის კონსტიტუციას, რადგან თავიდან ბოლომდე სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგას. რადიკალური ოპოზიციისა და მისი პატრონების მხრიდან ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე საქართველო დემოკრატიად რჩება და ქვეყანაში აგენტოკრატია არ დამყარდება. თუმცა, ჩვენი სამომავლო ძალისხმევის მთავარი მიზანი სწორედ სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის უზენაესობის განუხრელი დაცვა და შენარჩუნება უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მიღწევა და სტატუსი ერთიანად მოგვრჩება უკან“, – აცხადებენ „ხალხის ძალაში“.

ზურაბიშვილი გახდა ასანთი პატარა ბავშვის ხელში -გურამ მაჭარაშვილი

ზურაბიშვილი გახდა ასანთი პატარა ბავშვის ხელში – 24-საათიან რეჟიმში უნდა დააკვირდე, რომ თავისი განცხადებებით არ დააზიანოს სახელმწიფო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„თუნდაც ბოლო განცხადება ჩინეთზე ამაზე მეტყველებს, რომ ის ფუნქციები, რომელიც აქვს ზურაბიშვილს, იყოს რელევანტური ამ ადამიანისთვის. ამიტომ არსებობს 24-საათიანი რეჟიმი და ახლა საზოგადოება ახლა ხვდება, რატომ არ უშვებდა მშობელი ანუ მთავრობა ამ პატარა ბავშვს – ზურაბიშვილს, ასანთით ხელში უცხოეთში“, -აღნიშნა მაჭარაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სი ძინპინისა და პუტინის გასამართლებაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მისი შინაგანი რწმენით, „ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.

ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები და ამ პასუხისმგებლობის თანაზიარები -მამუკა მდინარაძე

„მილიონობით კვადრატული მეტრი“ – ტერმინი შემოიტანეს, რომ თავისი დანაშაული სხვას დააბრალონ. ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები და ამ პასუხისმგებლობის თანაზიარები და ამის გადმოტანა უნდათ სხვისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა ოპოზიციის ბრალდებაზე, 60 მლნ კვ.მ მიწის რუსებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის მცდელობა, „ნაცმოძრაობის“ და რუსეთის – ოკუპანტი ქვეყნის თანამონაწილეობა და თანაავტორობა ოკუპაციაში – თითქოს ოკუპაცია დღემდე იმგვარად გრძელდება, რომ ახალ მიწებს იტაცებენ.

„მაგალითად, შეეძლოთ ტრილიონობით კვადრატულ სანტიმეტრზე ელაპარაკათ. ამ აბსურდულ ლოგიკაში რომ შეყვე „ნაცმოძრაობას“ და მისი პოზიციების გამხმოვანებლებს, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მათ დაკარგეს საქართველოს ტერიტორიების არაერთი მილიარდი კვადრატული მეტრი. ეს ხომ არარეალური მსჯელობაა.

ისედაც რომ ვიანგარიშოთ, 60 მილიონი კვადრატული მეტრი არის 60 კვადრატული კილომეტრი. 60 კვადრატული კილომეტრი არის მაგალითად 6 მეტრიან საოკუპაციო ზოლზე რომ შემოვიდნენ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სიღრმეში 10 კილომეტრით, ან პირიქით, 10 კილომეტრიან ზოლზე 6 კილომეტრით, ან მთელ პერიმეტრზე 150-200 მეტრი გამოვა დაახლოებით ხომ?, მაგრამ ამ თემაში შეყოლა და მსჯელობაც დამაზიანებელია და ესეც უნდათ ალბათ. რატომ არის დამაზიანებელი – საითაც არ უნდა წავიდნენ, იმ შემოხაზული ტერიტორიების იქით თუ აქეთ, საოკუპაციო ზოლს იქით, როდესაც ამ თემაში მიყვები, რაღაცნაირად ირიბად აღიარებ [საზღვრებს], როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. გარკვეული აღიარება, დაკანონება და უკაცრავად, „გაპრავება“ იყო ტერიტორიების 2007 წელს, ომამდე ერთი წლით ადრე, როდესაც მან აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, სიტყვა „ყოფილი“ დაამატა და დაადგინა საზღვრები. ეს დადგენილება ბევრმა მოქალაქემ კიდევ არ იცის, რომ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა ამას მხარი დაუჭირა. აი ამ ლოგიკაში უნდა შევყვეთ. ლოგიკაში უნდა შევყვეთ ზემო აფხაზეთთან დაკავშირებით, კოდორის ხეობას რომ დაარქვა, ახალგორთან დაკავშირებით, მილიარდობით კვადრატულ მეტრთან დაკავშირებით, მათი ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, როგორ დაუთმო. ბევრ ადამიანს ისიც კი არ ახსოვს, რომ ბევრ ტერიტორიას, ყოფილ საზღვრებში, რაც კომუნისტების დროს იყო დადგენილი, საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა და დაიკარგა ეს ყველაფერი. იმ მავნებლობამ, რაც 2007 წელს ომამდე წინასწარ გამზადებული სახით მიართვეს ოკუპანტ ქვეყანას, განაპირობა ის, რომ დღეს მიყვებიან და მათი ლოგიკაა, ოკუპანტის ლოგიკაა. ამბობენ, რომ მივყვებით ჩვენ იმ საზღვრებს და ჩვენ ახლა უნდა ვედავოთ, სადღაც შიგნით შეიწივნენ თუ გარეთ გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან, რამდენი მეტრით თუ რამდენი კვადრატული მილიმეტრით“ , – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ეს საქართველოსთვის წამგებიანია და არ შეიძლება ამაზე საუბარი.

„ყველას ვაფრთხილებ, რომ აქ შედიხართ ძალიან ცუდ კამპანიაში, რაც ერთადერთი, ვისაც შეიძლება აწყობდეს, რუსეთი, ოკუპაცია და ოკუპანტია. საოკუპაციო ზოლს იქით თუ აქეთ, ყველა ჩვენი ტერიტორიაა და მხოლოდ ის ყველაზე რბილად ვთქვათ, შეცდომა, რომ 2007 წელს ვიღაცამ მოუხაზა რაღაც საზღვრები და დაარქვა „სამხრეთ ოსეთი“ კვლავ, კომუნისტების პერიოდის შემდეგ, არ შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ ახლა რაღაც ზოლთან ახლოსაა თუ შორს, ამაზე ვიმსჯელოთ. მილიონობით კვადრატული მეტრი ტერმინი შემოიტანეს, რომ თავისი დანაშაული სხვას დააბრალონ. ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები და ამ პასუხისმგებლობის თანაზიარები და ამის გადმოტანა უნდათ სხვისკენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

არ ვერიდები გამოვთქვა შეშფოთება ღაზაში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით – ბაიდენი

President Joe Biden speaks during a news conference with British Prime Minister Rishi Sunak in the East Room of the White House in Washington, Thursday, June 8, 2023. (AP Photo/Manuel Balce Ceneta)

ღაზის სექტორში, საავადმყოფოების კომპლექს ალ-შიფასთან მიმდინარე ოპერაციას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს და იმედი გამოთქვა, რომ კლინიკების სიახლოვეს მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ფრთხილი იქნება.

„მე არ ვერიდები გამოვთქვა შეშფოთება ღაზაში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ და ველოდები, რომ საავადმყოფოების შემთხვევაში, სამხედრო აქტივობა შედარებით ფრთხილი იქნება. სისტემატური კონტაქტი გვაქვს ისრაელთან, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჰუმანიტარული პაუზისთვის პირობები შევქმნათ, რათა მძევლების გათავისუფლებაზე ვიზრუნოთ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები კატართან ერთად ტარდება. ამ მიმართულებით, გარკვეული იმედი გვაქვს. უნდა ითქვას, რომ საავადმყოფოებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება“, -აღნიშნა ბაიდენმა.

ბურკინა-ფასოში მომხდარ თავდასხმას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოში მომხდარ თავდასხმას 100-მდე ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

შემთხვევა სოფელ ზაონგოში ჯერ კიდევ 6 ნოემბერს მოხდა, თუმცა ვინ დგას თავდასხმის უკან, ამ დრომდე უცნობია. ევროკავშირის ლიდერებმა და აშშ-მ ბურკინა-ფასოს ხელისუფლებას მომხდარის გამოძიებისა და მისი ყველა გარემოების გარკვევისკენ მოუწოდეს.

ბურკინა-ფასო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, სადაც გასულ წელს 2 სამხედრო გადატრიალება მოხდა.

ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოა -ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო “თითქმის სასაფლაოდ” იქცა.

ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი თავს დერეფნებს აფარებენ.

„საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა დაკრძალვა ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის თითქმის სასაფლაოდ იქცა”, – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ამასთან, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი, რომლებსაც, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ინკუბატორებში საფრთხე ემუქრებათ.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შვიდი ასეთი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიღუპა. ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს, „ჰამასსა“ და საავადმყოფოში აღნიშნულს უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ.

ღაზის სექტორის ბავშვთა საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ბავშვთა საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი აღმოაჩინეს. თავდაცვის ძალებში ვარაუდობენ, რომ მძევლებიც იქ იმყოფებოდნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელის სამხედროებმა რეიდი განახორციელეს ღაზის ქალაქ რანტისის ჰოსპიტალში.

„საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში ჩვენ ვიპოვეთ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, ჟილეტები, ყუმბარები, AK-47 ტიპის ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა იარაღი“, – განაცხადა ჰაგარიმ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ჰაგარიმ აღნიშნა, რომ, მათი ვარაუდით, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლებიც იქ იმყოფებოდნენ.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ „ჰამასს“ აქ მძევლები ჰყავდა“, – განაცხადა ჰაგარიმ და აღნიშნა, რომ ეს ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

ჰაგარიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი არის არა ღაზის მოსახლეობის, არამედ „ჰამასის“ წინააღდეგ.

„ჩვენი ომი არის „ჰამასის“ წინააღმდეგ და არა ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით არ არის ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ. ჩვენი ომი არის „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც მათ ადამიანთა ფარად იყენებს“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის პარლამენტის შენობა აიღეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის პარლამენტის შენობა აიღეს.

ინფორმაციას Times of Israel სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ “პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს შენობა ღაზაში მხოლოდ ჰამასის დეპუტატებს ემსახურება მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2007 წელს ღაზის სექტორი დაიპყრო”.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.