Home Blog Page 2007

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი – 1972 წელს დაბადებული ჯ.მ., 1981 წელს დაბადებული ლ.ა. და 1984 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ა.ა. და 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 35 ვაზნა.

ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. და 1968 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დააკავეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი, 18 ვაზნა და ცივი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ც.გ. და 1989 წელს დაბადებული ვ.ჩ სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1981 წელს დაბადებული ვ.ს. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული დ.ც. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 მჭიდი და 78 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის, სენაკის, წალენჯიხის და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი – წარსულში ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ჯ.დ., 1992 წელს დაბადებული ა.თ., 1981 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1977 წელს დაბადებული კ.ძ. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ოთხი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 პისტოლეტი, 2 სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 51 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1990 წელს დაბადებული პ.კ. და 1988 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი 25 ვაზნა და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი” და 24 ვაზნა.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1972 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიამფრქვევი, 8 მჭიდი და 400 ვაზნა ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში” – ტოივო კლაარი

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ტოივო კლაარის ცნობით, მას ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრები აქვს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მოსამზადებლად.

„ვემზადებით დეკემბრის დასაწყისში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის შეხვედრებით, დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში“, – წერს ტოივო კლაარი.

“ევროკავშირი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ფინეთის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს” – შარლ მიშელი

ევროკავშირი მხარს უჭერს ფინეთის გადაწყვეტილებას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„მადლობელი ვართ ევროპის გარე საზღვრის დასაცავად ფინეთის ეფექტური ძალისხმევისთვის. რუსეთის მცდელობებს, მოწყვლადი მიგრანტები ინსტრუმენტებად გამოიყენოს, პასუხი მოჰყვება“, – წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.

მიშელმა ფინეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერი ორპოს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დახურა.

“ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან” – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართველ ხალხს ევროპასთან სურს ყოფნა და არა რუსეთთან.

ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერს მიაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა, ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

„ევროკომისია გამოვიდა წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან.

ყველა ეს რუხი ზონა კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების ხელიდან გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს“, – აცხადებს ესტონეთის პრემიერი.

ბუჩაში და ანდრეევკაში ომის დანაშაულების ჩამდენ რუს ოფიცრებს აშშ-მა სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუს ოფიცრებს, რომლებმაც ბუჩაში და ანდრეევკაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, აზატბეკ ომურბეკოვი, რომელიც ცნობილია როგორც „ბუჩას ჯალათი“ და კაპრალი დანიილ ფროკინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სანქციების სიაში დაამატა.

„ოფიცრების ქმედებები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, ომურბეკოვს, ფროკინსა და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.

“ნატო განიხილავს დასავლეთ ბალკანეთში ჯარების რაოდენობის გამუდმებულ ზრდას, რათა დაძაბულობა კონტროლის ქვეშ მოაქციოს” – სტოლტენბერგი

ნატო განიხილავს დასავლეთ ბალკანეთში ჯარების რაოდენობის გამუდმებულ ზრდას, რათა დაძაბულობა კონტროლის ქვეშ მოაქციოს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი სარეზერვო ძალები სექტემბერში მომხდარი ძალადობის შემდეგ. ჩვენ ახლა განვიხილავთ, უნდა გვქონდეს თუ არა გამუდმებული ზრდა, რათა უზრუნველვყოთ, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან და არ შეიქმნას ახალი ძალადობრივი კონფლიქტი კოსოვოში ან უფრო ფართო რეგიონში. ასე რომ, დიახ, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს კოსოვოს ძალების სამშვიდობო მისია, რომელიც მოქმედებს 1999 წლიდან, მოიცავს 4500-ზე მეტ სამხედროს 27 ქვეყნიდან.

“ისრაელი და „ჰამასი“ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან” – „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი

ისრაელი და ჰამასი ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე აცხადებს.

„ჩვენ ახლოს ვართ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან“, – წერს ჰანიე „ტელეგრამის“ არხზე.

AFP-ის ცნობით, სავარაუდო შეთანხმება ხუთდღიან ზავს გულისხმობს და „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაკავებულ 50-დან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებს. ხოლო ისრაელი, შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, 300 პალესტინელ პატიმარს „ჰამასს“ გადასცემს.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, მაგრამ უარი თქვა დამატებითი დეტალების გაზიარებაზე.

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

40 000 ხელმომწერი არის მანიფესტზე, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ პარტიას გამოსავლის სახით, ამას არაფრად აგდებს მენეჯმენტის არცერთი წევრი -ნიკა მელია

საზოგადოებამ იხილა მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოდან ხალხი არ უნდა გარიცხულიყო. დარწმუნებული ვარ, ბევრი თვალსაზრისით ძალიან მოზომილი ნათქვამი იყო ეს, მაგრამ ამ დროს ვნახეთ, მეორე მხრივ, პარტიის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ძალიან აბუჩად იგდებს პარტიის ათიათასობით წევრს და იმუქრება „მგლის ბილეთების“ გადაცემით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, ეს ერთობა სადღაც დაირღვა მაშინ, როდესაც პარტიის წევრები პარტიის პოლიტიკური საბჭოდან გაყარეს.

„ეს, უპირველეს ყოვლისა, მას აკნინებს, სხვას არავის. ერთობის საკითხი აქტუალურ დღის წესრიგში რატომ დადგა? ე.ი. ეს ერთობა სადღაც დაირღვა მაშინ, როდესაც პარტიის წევრები პარტიის პოლიტიკური საბჭოდან გაყარეს. როდესაც შეცდომის გამოსწორება გინდა, ეს შეცდომა უნდა აღიარო. როდესაც პრობლემის მოგვარება გინდა, ეს პრობლემა უნდა დაინახო. როდესაც შენ არა თუ კრიზისს, არამედ პრობლემასაც არ აღიარებ პარტიაში, არადა პასუხისმგებელი ხარ პარტიის მენეჯმენტზე, ბუნებრივია, შენ არ გინდა ერთობა. პარტიის 40 000 ხელმომწერი არის მანიფესტზე, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ გამოსავლის სახით, არაფრად არ აგდებს მენეჯმენტის არცერთი წევრი. სურთ თუ არა მათ, ასახონ ხალხის ინტერესი, სურთ თუ არა მათ ხელისუფლების ცვლილება, რეალობის დანახვა ისეთად, როგორიც არის, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა გაგვცეს მენეჯმენტმა. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ცხრა თვის მანძილზე ამ ადამიანებს, პარტიის ხლეჩის გარდა, არაფერი უკეთებიათ. თუ რა იდგა ამის უკან, რა განზრახვა, რა შორს მიმავალი გეგმა იყო, მომავალი ამაზე პასუხს გაგვცემს. დღეს ეს ადამიანები იქცევიან ისე, როგორც ეს აწყობს ხელისუფლებას, მათ წისქვილზე ასხამს წყალს ყველა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. ჯერ მანიფესტზე საუბარი არ არის, არავის უნახავს მანიფესტი. აქ საუბარია იმ ნებაზე, რომელსაც არ გამოხატავს მხარე, უკვე ცხრა თვეა“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის მენეჯმენტში ერთობის აუცილებლობას არც ხედავენ.

„პრობლემას არ აღიარებენ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები, მნიშვნელოვანია, ხალხი არ გარბოდეს, მზერა არ ჰქონდეს ხალხს ქვეყნიდან გაქცევაზე. ამას სჭირდება გულწრფელი პოლიტიკის კეთება, თვითმყოფადობა. ამას სჭირდება ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ მე, პოლიტიკოსი, ჩვენ, პოლიტიკოსები თქვენნაირები ვართ, თუ შენ არ ხარ გულწრფელი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ჩვენი ჟესტი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ჩიხი გადაიქცეს გამზირად, ეს თრომბი გაიხსნას, პარტიის 40 000  ამომრჩეველი ინიციატივას ხელს აწერს. ნაწილობრივ მაინც უნდა გაითვალისწინონ ან უბრალოდ უნდა განიხილონ. არც ერთს აპირებენ, არც მეორეს, მაგრამ ჩვენთვის მიზანი რჩება უცვლელი – პოზიტიური ცვლილებები ამ ქვეყანაში. ეს ცვლილებები ამ ქვეყანაში მოვა ამა თუ იმ გზით, დარწმუნებული ვარ. სადაც იქნება სიმართლე, იქ იქნება ათიათასაობით პატრიოტი ადამიანი. სამწუხაროდ, ეს სიმართლე დღესაც კი დავინახეთ, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს „მგლის ბილეთებით“ ესაუბრებიან“, – განაცხადა მელიამ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 ნოემბერს ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +3, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლიანი დღე და +1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით +2, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჩვენ მოწმენი ვართ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა, რაც უპრეცედენტოა ნებისმიერ კონფლიქტთან შედარებით, მას შემდეგ, რაც მე გენერალური მდივანი ვარ-ანტონიო გუტერეში

ჩვენ მოწმენი ვართ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა, რაც უპრეცედენტოა ნებისმიერ კონფლიქტთან შედარებით, მას შემდეგ, რაც მე გენერალური მდივანი ვარ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

გუტერეშის თქმით, მისი მმართველობის დროს გამოქვეყნებულ ყველა ანგარიშში კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით, ცხადი იყო, რომ ღაზაში მიმდინარე ომში ათასობით ბავშვი დაიღუპა, მაშინ როდესაც იემენისა და სირიის კონფლიქტებში ასეულებით მსხვერპლზე იყო საუბარი.

ღაზის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, დაახლოებით, 13 000 ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 5 500 ბავშვი დაიღუპა.

ისრაელმა ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამეთაურო ცენტრზე საჰაერო იერიში მიიტანა

ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში, ჰეზბოლას სამეთაურო ცენტრზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა მეთულის მახლობლად მდებარე, ტერორისტების ობიექტი გაანადგურეს, საიდანაც ისრაელზე შეტევა იგეგმებოდა.

„ცაჰალის“ ინფორმაციით, ღამის განმავლობაში „ჰეზბოლამ“ ისრაელისკენ 5 რაკეტა და დანაღმული დრონები გაუშვა.