Home Blog Page 2006

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად” – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, – ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად.

„რაც შეეხება ხატია დეკანოიძის შეკითხვას შანტაჟთან და პრეზიდენტზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია – „ჩვენ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ“. კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად თუნდაც ის ფაქტი, რომ ვეტოს დაძლევა/არდაძლევის საკითხი კამათის საგანი გახდა და ამით შემოთავაზება იყო, რომ თუ იმ კანდიდატს წარვადგენდით, რომელიც მმართველ გუნდს სჭირდებოდა მაშინ ვეტო დაძლეული არ იქნებოდა, სწორედ აქედან ჩანს მმართველი გუნდის დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტისადმი“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ამასთან, როგორც მსხილაძემ აღნიშნა, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.

„რაც შეეხება იმ ზარალს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს, ეს იქნება ფინანსური თუ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში, ალბათ ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაც საკმარისია, რომელიც მათ გუშინ და წინა დღეებში დააფიქსირეს. მოგიყვანეთ ეროვნული ბანკის მაგალითიც, თვითონ ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელდეს. ხოლო, რა ზიანი მოჰყვება ამას ფინანსურად და პოლიტიკურად, ამის შესახებ მე წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, ამას დრო გვიჩვენებს, დღეს პასუხი ნამდვილად არ მაქვს“, – განაცხადა მსხილაძემ.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას, როგორც საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, ხუციშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილებოდა ეროვნული ბანკის წევრობის პოზიციაზე, უბრალოდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“.

“არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება და მომავალშიც გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად ზრდას განაგრძობს თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი, რაზეც დიდი მოთხოვნაა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებით, არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში შუა დერეფნის მნიშვნელობა სულ უფრო მზარდია. მისი თქმით, აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვით ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. როგორც ალიევმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანში ფართოვდება სატრანსპორტო-ლოჯისტიკური შესაძლებლობები.

„ჩვენ ვაფართოებთ ბაქოს საზღვაო პორტის შესაძლებლობებს 25 მილიონ ტონამდე. რკინიგზა, გემთმშენებელი ქარხანა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველაზე თანამედროვე დონეზე გადადის“, – განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს შეხვედრა ჯერ ორმხრივ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართეს. მოგვიანებით კი, მონაწილეობა მიიღეს სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი ცენტრალური სამეთაურო პუნქტის გახსნაში.

“კახოვკის ჰესის განადგურების გამო შავი ზღვის მარილიანობა შემცირდა” – მედია

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა , – ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის მიერ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სინჯებმა აჩვენა, რომ ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ შემცირდა.

ეკოლოგ ევგენი სიმონოვის განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ კაშხლის განადგურების გამო ზღვაში მტკნარი წყალი შევიდა.

”დნიპროში წყლის ყოველწლიური ნაკადი დაახლოებით 55 კუბური კილომეტრს შეადგენს და ახლა კი უეცრად პლუს 10 – ერთ კვირაში“, – განაცხადა მან.

მანამდე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ შავი ზღვის გამტკნარება ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების აყვავების საფრთხეს ქმნის, რომლებიც თრგუნავენ წყალსაცავის ბუნებრივ ფლორას. ასევე, კაშხლის განადგურების გამო, კანალიზაციისა და ნაგავსაყრელებიდან ტოქსიკური ნივთიერებები შეიძლება ზღვაში შევიდეს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ეღირება, ევრო – 2.8136 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2748 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6034 ლარი ღირდა, ევრო – 2.8044 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2740 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ივნისს ამოქმედდება.

“გაჩნდა სურვილი, კულტურის სფეროში წლების განმავლობაში არსებული სტაგნაცია მოიშალოს” -მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს კულტურის სფეროში გამოჩნდა სურვილი და ინიციატივა, რომ წლების განმავლობაში არსებული სტაგნაცია მოიშალოს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კინოცენტრთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შესახებ აღნიშნა, ყველა, ვისაც სურვილი აქვს ქვეყნის წარმატებას ხელი შეუშალოს, მოვლენებს ეწინააღმდეგება.

„წლების განმავლობაში საქართველოს კულტურის სფეროს არაერთ მიმართულებაში გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა. ახლა გამოჩნდა სურვილი, ინიციატივა, კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს სტაგნაცია მოიშალოს. დიახ, თუნდაც კინოში იღებდნენ ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „ალავერდობა“, „ჯარისკაცის მამა“ თუ „ცისფერი მთები“. რასაკვირველია, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნის წარმატებას ხელი შეუშალოს, ამას აღშფოთებით დაუპირისპირდა“, – განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს გახდა ცნობილი, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

უკრაინაში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

უკრაინაში, კრივი რიჰში განხორციელებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, 5-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან 11 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულთა რაოდენობა კი 28-მდეა გაზრდილი.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსული საკრუიზო რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს დღეს, 13 ივნისს მოხვდა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.

საქალაქო თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრე ვილკულის ცნობით, დაშავებულთაგან 12 ჰოსპიტალიზებულია და მათ შორის, არიან როგორც საშუალო, ისე მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები.

„ხვალ, 14 ივნისს, კრივი რიჰში გლოვის დღე გამოცხადდება“, – წერს ვილკული Telegram-ზე.

“ერთი უბედური წელი ელოდა უკრაინელი ხალხი და ამ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებდა”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტონტელბერის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, NATO-ს წევრობაზე არ განიხილება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უბედური ერთი წლის ფონზე, რაც უკრაინის მოსახლეობამ გამოიარა და დღესაც გადის, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ასეთ განცხადებას არ იმსახურებდა.

„ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადებაა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო… ახლა უკრაინას ესაჭიროება მკაფიო, ხელშესახები გადაწყვეტილება, მინიმუმ უსაფრთხოების მყარი გარანტია და ამათმა: „ესაო…ისაო…თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო…“

ომს მოიგებთ, მიგიღებთ და თუ არა ხომ ისედაც ვერ მიგიღებთო, ლოგიკის აბსურდი ნახეთ რა… ერთი უბედური წელი ელოდა უკრაინელი ხალხი და ამ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებდა”, – წერს ქადაგიძე.

“მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება” – ხატია დეკანოიძე

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისია რეკომენდაციებიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ვერ ამოიღებს.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ზუსტად ეხება ჩვენს შენიშვნებს, რაზეც ოპოზიცია დიდხანს საუბრობდა. ძალიან მკვახედ არის აღწერილი დასკვნაში, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს უმრავლესობის მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და საქართველოს ხელისუფლებამ, რეალურად, სისტემური მიდგომა უნდა განახორციელოს, რათა საქართველოში ოლიგარქიზაცია არ იყოს. ხაზგასმულია ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში. სისტემურ მიდგომასა და რეფორმაში ვენეციის კომისია გულისხმობს უსამართლო სისტემის, სხვადასხვა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას, რაც რეალურად ქვეყანაში არ არსებობს. ასევე, პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეიძლება კონკრეტულად სხვა ადამიანების რეპრესირებისთვის გამოიყენოს „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. ამ კანონს მაინც თუ მიიღებს, მაშინ ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც არის დეოლიგარქიზაცია, არ იქნება შესრულებული. ეს იქნება ჩავარდნილი ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

უმრავლესობის განცხადებებს რაც შეეხება, რომ ევროკომისიამ რეკომენდაციებიდან ამოიღოს პუნქტი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება, ეს არ მოხერხდება და არ მოხდება, რადგან ყველა რეზოლუციაში, მათ შორის ვენეციის კომისიაშიც, ხაზგასმულია ძალიან სერიოზული პრობლემა ოლიგარქიული მმართველობის კონტექსტში. ევროკომისია ხაზს უსვამს საგანგაშო ფაქტს, რომ საქართველოში არსებობს ოლიგარქიული მმართველი. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობის მიტაცების ფაქტები აღარ იყოს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოსცილდეს მმართველობას. ამიტომ როგორც არ უნდა გადათარგმნოს ირაკლი კობახიძემ ან „ოცნების“ ნებისმიერმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის მხრიდან ეს პუნქტი არ შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ კანონის მიღების და ვენეციის კომისიის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, ეს პუნქტი იქნება შეუსრულებელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული. საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და ამოიღებს 12 პუნქტიდან ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, თებერვალში კანონს გააუქმებენ.

“ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა, მათი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ აღმოფხვრა”

ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და საქართველოს ევროპული მომავლის მტერია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას, მდინარაძის თქმით, პერსონალიზებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიდგომა ვენეციის კომისიამ არ გაიზიარა.

„წარმოუდგენელია მიდგომა, რომლის მიხედვითაც, შეიძლება შეგწევდეს ძალა, რომ დღეს რაც ხდება, ამის პარალელურად ამბობდე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს. ვინც ამას ამბობს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და მისი მიზნები დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის არმიღებასთან, ის არის საქართველოს ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის მტერი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პუნქტს, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის მიდგომა პერსონალიზებასთან დაკავშირებით, არ გაიზიარა ვენეციის კომისიამ. მიუხედავად იმისა, რომ ექვსივე რეკომენდაცია პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე შესრულდა, მან მიიჩნია, რომ სისტემური მიდგომით, პერსონალიზაციის გარეშე შესაძლებელია ამის აღმოფხვრა და ასეთი მოწოდებაც კი გაისმა. ახლა ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვუჯერებთ ევროკომისიას, რომელიც პერსონალიზაციის მიდგომას გულისხმობს თავის რეკომენდაციაში, მას ხომ არ დაუწერია, რომ კანონი უნდა მივიღოთ, ამ ნორმით ეს უნდა გავაკეთოთ, დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა ქვეყანას, ეს რეკომენდაცია გასცა. ვენეციის კომისიის აზრით, კანონის მიღებამ პერსონალიზებასთან დაკავშირებული პრობლემა ვერ აღმოფხვრა. თუ ვენეციის კომისიის ამ პათოსს გავიზიარებთ, მაშინ საერთოდ არ უნდა შევეხოთ პერსონალიზირებულ საკითხს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავწერთ ამ დათქმას, რომ ჩვენ მომავალი წლის პირველ მარტამდე არ ავამოქმედებთ კანონს. ავამოქმედებთ მომავალი წლის პირველი მარტიდან. თუ ვენეციის კომისიის საწინააღმდეგოდ ევროკომისია იტყვის, რომ არა, პერსონალიზება არ გჭირდებათ, მაშინ ამ კანონს არ ავამოქმედებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება, ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.

კობა კობალაძე თავდაცვის სამინისტროში ესპანელ ბიზნესმენებს შეხვდა

მიმდინარე წლის 13 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა, კობა კობალაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, შეხვედრა გამართეს ესპანეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან_დავიდ მარტინეს გარსიასთან და ივან გონსალეს ტუნონთან, რომლებიც რადარებისა და ანტიდრონების მწარმოებელ კომპანიას “Kentaurus Defense და kentaurus Antidroens” -ს წარმოადგენენ.

შეხვედრაზე, მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს:”ჩემთვის პატივია თქვენთან შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღევანდელი შეხვედრაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, თუ შედეგიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა, ეს წაადგება, როგორც თქვენი, ასევე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას,”- განაცხადა შეხვედრაზე კობა კობალაძემ.

“ჩვენ ვართ რადარების და ანტიდრონების მწარმოებლები; ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყნებში, გვაქვს დიდი გამოცდილება და გვიხარია, რომ საქართველოშიც დავიწყეთ მუშაობა,”- აღნიშნა დავიდ მარტინეს გარსიამ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე და საქართველოს თავდაცვის ატაშე ესპანეთში, გიორგი ბაბუნაშვილი.

“დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა, სასამართლო, პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი იყოს”

დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა სისტემური ცვლილება, სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, ეს ორი სისტემა თუ იქნება, ამ ქვეყნის გაუკღმართებულად მართვას ვერავინ შეძლებს.

„ვენეციის კომისიის პოზიცია აბსოლუტურად სწორია, იგივეს ვამბობდით ჩვენ. უკრაინული კანონი არ ვარგა და დეოლიგარქიზაციას არანაირი კანონის მიღება არ სჭირდება, საჭიროა სისტემური ცვლილება – სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკის ზეწოლისგან თავისუფალი იყოს. ეს ორი სისტემა თუ იქნება, ამ ქვეყნის გაუკღმართებულად მართვას ვერავინ შეძლებს.

მიმაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ 12 რეკომენდაციაში ერთ პუნქტად დეოლიგარქიზაციის შეტანა შეცდომაა, რითაც მოხერხებულად „ქართულმა ოცნებამ“ ისარგებლა და უკრაინული კანონი გადმოიტანა, რაც უკრაინული რეალობისთვის არ ვარგა და მით უმეტეს, საქართველოსთვის. მერე რა, რომ ევროკომისიაა, ამას პირველივე დღიდან ვამბობდი. ახლა „ქართული ოცნება“ რაღაცებს მაიმუნობს და ისე უნდა მოიქცეს, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს. ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ თუ ამ პუნქტზე თვალს წაუხუჭავენ, უკეთესი იქნება. მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს სასამართლოზე, რაც დეოლოგარქიზაციას ნიშნავს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგაქრიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ეხება, ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.

მკითხველის „საბას“ ერთი თვე

უკვე 1 თვე გავიდა, რაც ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ 2023 წლის დაჯილდოებაზე ახალი ნომინაციის მკითხველის „საბას“ შესახებ დააანონსა. ამ ნომინაციის გამარჯვებული „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციის მოკლე სიიდან შეირჩევა, ხოლო ჟიურის წევრები ის მკითხველები იქნებიან, რომლებმაც SABA Reader-ში 3 თვის განმავლობაში (8 მაისი – 9 აგვისტო) კითხვას ყველაზე მეტი დრო დაუთმეს.

ჟიურის ვინაობის გაგებამდე ჯერ კიდევ 2 თვე დარჩა, თუმცა პრემიის მესვეურები გასული 1 თვიდან საინტერესო მონაცემებს გვიზიარებენ:

ჟიურის შერჩევის ეტაპზე ამ მომენტში 1500-მდე მკითხველი არის ჩართული. ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება, რადგან აპლიკაციაში მაღალი მაჩვენებლების მქონე არაერთი მკითხველია, რომელსაც ჯერჯერობით საჯარო არ გაუხდია  წაკითხვის დრო, თუმცა, შესაძლოა ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად ვინმემ აზრიც შეიცვალოს და მოწინავე პოზიციებიც დაიკავოს.

მკითხველის „საბას“ ფარგლებში მკითხველებმა SABA Reader-ში კითხვას ჯამში 1 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს, რაც 18 000-მდე საათს და 730 მეტ დღეს უდრის.

ჟიურის შერჩევის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში SABA Reader-ში კითხვის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.

ამ 4 კვირის განმავლობაში პირველი ხუთეულის წევრები 20-ჯერ შეიცვალნენ.

სხვაობა ხუთეულის ამჟამინდელ წევრებსა და მის მიღმა მყოფ მკითხველებს შორის სულ რამდენიმე საათია.

პირველ ათეულში მყოფი მკითხველების 90% შერჩევის პროცესში მოგვიანებით ჩაერთო და არა 8 მაისს.

ამჟამად მკითხველის „საბას ფარგლებში“ ყველაზე ხშირად წაკითხული წიგნების სია ასე გამოიყურება:

ელექტრონულ წიგნებში ნინო ხარატიშვილის „უკმარი სინათლე“; მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ და კოლინ ჰუვერის „მახინჯი სიყვარული“ ლიდერობს.

რაც შეეხება ხმოვან წიგნებს, ყველაზე პოპულარული სამეული  თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“; ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ თუ გსურს მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრი გახდე, უნდა აკმაყოფილებდე სულ რამდენიმე კრიტერიუმს:

  • უნდა შეგეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდე საქართველოში;
  • არ უნდა იყო მწერალი ან ლიტერატორი;
  • არ უნდა მუშაობდე საგამომცემლო სექტორში;
  • არ უნდა იყო „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.

ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გავიგებთ, ხოლო
„საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მკითხველის „საბას“ მფლობელიც გამოვლინდება სექტემბერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

R