Home Blog Page 2003

“ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით”- ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყების წინ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მიმართულებით დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„მინდოდა კიდევ ერთხელ აღმენიშნა, რომ ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით, ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, პირველ კვარტალში, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს დავიწყებთ”

პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, შესაბამისი კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით მოხდება.

„6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება.  სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.

 

პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

“ვიწყებთ მზადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს”

ვიწყებთ მზადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, მოგეხსენებათ, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა. ჩვენ 100 მლნ ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისსა და ბაკურიანს. წელს 25 მლნ ლარი უკვე არის გამოყოფილი, ჯამში 100 მლნ ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება,”- განაცხადა პრემიერმა.

იმარჯვებს თუ არა უკრაინა რუსეთთან? – რას წერს ნიუ-იორკ თაიმსი

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „უკრაინის კონტრშეტევის სავარაუდო შედეგები: რატომ იცვლება „წარმატების“ არსი და მისი შეფასება“ (ავტორები: ჯულიან ბარნსი და სტივენ ერლანგერი), რომელშიც განხილულია უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედების – კონტრშეტევის სავარაუდო შედეგები, მიდგომები და შეფასებები: რა შემთხვევაში ჩაითვლება შეტევა „წარმატებულად“ და „წარუმატებლად“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჯერ დაპირების, შემდეგ კი ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ, რომელიც, აშშ-სა და ევროპის ბევრი ოფიციალური პირის თქმით, შეიძლება გარდატეხის შემტანი იყოს 15-თვიან ომში.

კონტრშეტევის შედეგებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. უეჭველია, რომ კიევის მიერ წამოწყებული ახალი სამხედრო კამპანია დიდ გავლენას მოახდენს უკრაინისადმი სამომავლო მხარდაჭერის გეგმებზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიებზე. თუმცა გაურკვეველი რჩება, თუ რა ნიშნებით მიიჩნევენ უკრაინა, აშშ და ევროკავშირი კონტრშეტევას როგორც „წარმატებულს“.

საჯაროდ, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები წარმატების შეფასების უფლებას უკრაინას უტოვებენ, ანუ თვითონ პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს ოპერაციის შედეგის ფასი. თუმცა დღეისათვის ვოლოდიმირ ზელენსკის ამ მხრივ ჯერ-ჯერობით ახალი არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ხშირად ერთი და იმავეს იმეორებს – „რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორია მთლიანად უნდა დატოვონო“. თუმცა ეს გასაგებია – პრეზიდენტი, რომელმაც კარგად იცის საზოგადოებასთან ურთიერთობის კანონები, იმასაც აცნობიერებს, რომ თუ ამბიციებს და ადრე გაცხადებულ მიზანს შეცვლის, მას კრიტიკულ მომენტში მხარდაჭერა აღარ ექნება და კრახი ელოდება.

კერძო საუბრებში ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ჯარების სრული გაყვანა ძალიან ნაკლებადაა მოსალოდნელი. ამასთან, ორი მომენტი შეიძლება „წარმატებულად“ იქნეს აღიარებული: პირველი – თუ უკრაინის არმია დაიბრუნებს და შეინარჩუნებს რუსების მიერ ოკუპირებულ საკვანძო ტერიტორიებს და მეორე – თუ კიევი რუსებს ბრძოლის ველზე ისეთ მტკივნეულ დარტყმას მიაყენებს, რის შედეგადაც კრემლს ეჭვი შეეპარება თავის სამომავლო სამხედრო შესაძლებლობებში უკრაინის წინააღმდეგ. ასეთ სიტუაციაში, ამერიკას და ევროპას უკრაინისადმი დახმარების გაძლიერების მეტი საფუძველი ექნება.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ წარმატება გარანტირებული არ არის. მართალია, უკრაინის არმია, რომლის მებრძოლი სული მაღალი და მოტივირებულია, რომელიც მოწინავე დასავლური ტექნიკით არის შეიარაღებული და რომელსაც შეუძლია ისეთი სწრაფი კონტრშეტევების განხორციელება, როგორიც შარშან ზაფხულში მოხდა (მაგ. ხარკოვის ოლქის აღმ.ნაწილის და ხერსონის გათავისუფლება), მაგრამ იმავდროულად, უკრაინელებისათვის ძალზე ძნელი იქნება რუსებს უკან დაახევინონ იმ პოზიციებიდან, რომლებსაც ისინი ბოლო თვეების განმავლობაში გამალებით ამაგრებდნენ, როცა ფრონტის ხაზი სტაბილური იყო.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების აზრით, ყველაზე სავარაუდო სცენარებად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის არმიის მცირე, ლოკალური გამარჯვებები დონბასის ზოგიერთ რაიონში და რუსების შევიწროება ხერსონ-ზაპოროჟიეს ოლქების სასოფლო-სამეურნეო რაიონებში. პოზიტიური, სიმბოლური და სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება უკრაინისთვის იმას, თუ მისი არმია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავებას მოახერხებს – მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ენერგეტიკულ წყაროს.

უკრაინისათვის ასევე წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს აზოვის ზღვის ნაპირების გაკონტროლებაც. თუ კიევი „ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფანს“ შუაზე გაჭრის და აზოვის ზღვის ნაპირზე გავა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია ეს მიღწევა დიდ და მნიშვნელოვან გამარჯვებად ჩათვალოს. ამით შემცირდება ყირიმის მომარაგების დონე რუსეთიდან აზოვის ზღვის გემების მეშვეობით. უკრაინის არმიამ აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე რომელიმე პატარა ქალაქიც რომ დაიკავოს, ამასაც ეფექტური და სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება.

მაგრამ ერთია ტერიტორიის გათავისუფლება (დაკავება), მეორე კი – გათავისუფლებულის (დაკავებულის) შენარჩუნება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის არმიამ მიღწეული წარმატების – დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება მოახერხოს.

არსებითად, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ყურადღება უკრაინის არმიის კონტრშეტევისადმი გამართლებული და საფუძვლიანია – მათ სურთ დარწმუნდნენ იმაში, თუ რამდენად კარგად და სწორად მოამზადეს უკრაინელი ჯარისკაცები და ნამდვილად ისეთ თანამედროვე სამხედრო ძალად გადააქციეს, რომელიც ნატოს ტაქტიკით ებრძვის მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას. მათ სულ ასევე დაინახონ დასავლური ტექნიკის უპირატესობა რუსულ ტექნიკასთან შედარებით.

უკრაინის არმიის ძლიერი შეტევა და წინსვლა კიევისათვის დამატებითი უპირატესობა იქნება რუსი ჯარისკაცის მორალური სულის დასასუსტებლად, რომელიც უკვე შეიმჩნევა – კრემლი იძულებულია საწყობებიდან ძველი ჩამოწერილი ტანკები გამოათრიოს და ფრონტზე გაუწვრთნელი ახალწვეულები გაგზავნოს
„მოსკოვმა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, რომლის აღდგენას რამდენიმე წელი დაჭირდება. ამით დასუსტდება მისი აგრესიული ამბიციები როგორც ევროპის, ასევე აზიის მიმართულებით“, – აცხადებდა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი სენატში მიმდინარე მოსმენებზე გასულ თვეში.

მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთის არმიაც გამოცდილებას იღებს და უფრო უკეთესი ხდება – აუმჯობესებს თავის ტაქტიკას და თავდაცვით ოპერაციებს ეფექტურად ახორციელებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ომის შედეგი მეტწილად იმის მხარეზეა, ვინც თავს იცავს და აქედან გამომდინარე, უკრაინის არმიის კონტრშეტევა რუსებმა შეიძლება თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ.

დღეისათვის უკრაინას თითქმის არ ჰყავს სამხედრო-საჰაერო ძალები. მართალია, ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები გადასცეს (საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები), მაგრამ თუ რუსეთის ძლიერი ავიაცია მასიურად დაიწყებს უკრაინის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილის დაბომბვას, ამან კონტრშეტევის წარმატებას შეიძლება პრობლემები შეუქმნას. ერთ-ერთი ნატოელი დიპლომატის თქმით, თუ უკრაინა კონტრშეტევის დროს მოახერხებს და რუსეთის ჯარების მნიშვნელოვან ნაწილს „ქვაბში“ მოქცევას, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება.

კიდევ ერთი პოტენციური სცენარი, აშშ-ის სპეცსამსახურების აზრით, იმაში გამოიხატება, რომ რუსები რაღაც მნიშვნელოვან შეცდომას დაუშვებენ, თავიანთ ჯარს შეცდომით განალაგებენ სუსტად დაცულ ადგილზე, რომელსაც უკრაინის არმია იოლად გაარღვევს და მტერს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს.

რა თქმა უნდა, დასავლელი ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ იმას, რომ შეიძლება უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს და, მისგან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს, ან ისევ დღის წესრიგში დადგეს ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. სრული მარცხი და ყირიმის დაკარგვა – აი, ის ორი სცენარი, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინს პოტენციურად შეუძლია გასცეს ბრძანება ატომური (ბირთვული) იარაღის გამოყენების შესახებ.

წარუმატებელი კონტრშეტევის გამოცნობა საკმაოდ იოლია: თუ ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება (სამ-ოთხ კილომეტრს მნიშვნელობა არ აქვს) და თუ უკრაინის არმია რომელიმე მნიშვნელოვან ქალაქს ვერ დაიკავებს, მაშინ დასავლეთის ზოგიერთ დედაქალაქში და აშშ-ის კონგრესში მოკავშირეებს კიევის წარმატების მიმართ ეჭვები გაუჩნდებათ. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ უკრაინის არმია ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას დიდი რაოდენობით დაკარგავს. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინის არმიას 30 ათასამდე ჯარისკაცი გაუწვრთნეს, თანაც საბრძოლო მოქმედებების რთული სტილით, რაც შეტევის დროს გულისხმობს მუდმივ კავშირს ტანკებს, არტილერიას, ავიაციას და ქვეითებს შორის. თუ უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწევენ დასავლური ტიპის არმიის მანევრების მიხედვით, ამ ფაქტმა შეიძლება ნატოელების იმედგაცრუება გამოიწვიოს. ისინი პრინციპულად შეეცდებიან უკრაინას მეტი თანამედროვე იარაღის მიაწოდონ.

წარუმატებლობა შეიძლება იმის მანიშნებელიც იყოს, რომ ნატოს მიერ უკრაინის არმიის გაწვრთნის დონე არასაკმარისი აღმოჩნდა – იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის არმია ბოლო თვეებში მიწოდებულ ტექნიკას დიდი რაოდენობით დაკარგავს და ამ დროს ტერიტორიის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ნაწილს ვერ დაიბრუნებს (გაათავისუფლებს). ეს იმასაც დაადასტურებს, რომ რუსეთის არმია უფრო მომზადებული და ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ უკიდურესად არასასიამოვნო და სკეპტიკური ვარაუდებია. ამერიკელი სამხედროები და მათი მოკავშირეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მიაჩნიათ, რომ უკრაინა წარმატებებს აუცილებლად მიაღწევს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ კონტრშეტევით რუსეთი დასუსტდება, კრემლი იძულებული გახდება უფრო ძლიერ უკრაინასთან ერთად კონსტრუქციული მოლაპარაკებაზე დათანხმდეს.

ამასთან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ფრთხილად აცხადებენ, რომ მათი მხარდაჭერა არ იქნება დამოკიდებული კონტრშეტევის წარმატებაზე. გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ „უკრაინის დახმარების მიზნით დაფინანსება აუცილებლად იქნება და იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა“. მაგრამ სინამდვილეში, ობიექტურად თუ ვიტყვით, უკრაინის წარმატებამ თუ წარუმატებლობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კაპრიზულ კონგრესზე, რომელსაც ყოველი დამატებითი დაფინანსების აკრძალვა შეუძლია. უკრაინის არმიის შეტევის შედეგი გავლენას მოახდენს აგრეთვე ევროპაზეც, სადაც ანალოგიური შეშფოთებას გამოხატავენ ომის სავარაუდო გაჭიანურების გამო. ევროპელებისათვის უსიამოვნოა ომის გამო ხარჯების ზრდა და ენერგორესურსებზე ფასების მატება, რაც თავის მხრივ, სურსათზე ფასებსაც სწევს გრძელვადიან პერსპექტივაში.

მოკლედ, როგორიც არ უნდა იყოს კონტრშეტევის შედეგი, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში, რომ ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებისათვის განწყობილი არ არის, მაგრამ რუსი პრეზიდენტი აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს უხეში სამხედრო ძალა, რომელიც უკრაინის კონტრშეტევის მნიშვნელობას ზრდის. თუ ამას დასავლეთის დახმარების გაზრდა და უსაფრთხოების გარანტიები მოჰყვება, მაშინ შეიძლება კრემლის ოპტიმისტური გათვლები ნეგატიურით შეიცვალოს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.

წყარო

“ვეტოს დაძლევა ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის არსებობას, როგორიც სასამართლოშია” – რომან გოცირიძე

ვეტოს დაძლევა ფაქტობრივად ნიშნავს ეროვნულ ბანკში ისეთივე კლანის არსებობას, როგორიც სასამართლოშია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ქვეყანაში საფინანსო კლანი ყალიბდება.

„ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან ყოფილი და მოქმედი მინისტრები, რომელთაც გავლილი ექნებათ „ქართული ოცნების“ ცუდი, მორჩილების სკოლა. არის სავალიტო ფონდის მკაცრი განცხადება. ისინი ამბობენ, რომ გაოგნებული არიან, მსგავსი რამ არ უნახავთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამა დაიხურება და ამით ქვეყნის საინვესტიციო გარემო უფრო გაუარესდება. საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს გადაემტერა, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს და ამ ფონზე საფინანსო ინსტიტუციების გადამტერება რას ნიშნავს? – ფაქტობრივად, შეგნებულად მიდიან დაპირისპირებაზე და ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება მართლაც არ უნდა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება მიიღო. ვეტოს დაძლევის პროცედურა საქართველოს პარლამენტში დღეს დაიწყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

“საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებიან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია”

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ საბოტაჟით გამოირჩევა.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ოპოზიცია ცდილობს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რასაც შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

„საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი რითაც შემოიფარგლებიან – განცხადებებია ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენაა მიმართული. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შემდეგ ექნებათ მცდელობა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის ქმედებებს, მმართველ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

„ოპოზიცია წვალობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება. დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. მათ ვესაუბრებით ხედვებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მიმართულებით. ვესაუბრებით გამოწვევებზე. არასდროს დაგვიკარგავს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ფონდ „ქართუს” მიერ აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი აბასთუმანში  ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებულ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ.

კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი, ვინც ამ საკურორტო ქალაქში ინვესტიცია განახორციელა.

„შეგიძლიათ ინფორმაცია მარტივად გადაამოწმოთ. ჩემი თხოვნა იქნება, სისულელეზე და სიცრუეზე არ გააკეთოთ სიუჟეტები და საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. ძალიან მარტივად შეიძლება უაზრო ბრალდებების  გადამოწმება. აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს. ეს კურორტი წლების განმავლობაში მიგდებული იყო. რამეს ხომ არ ვაჭარბებ?! – ხომ ასე იყო. არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და უშუალო ჩართულობით დაიწყო რეაბილიტაცია. პირველი იყო, ვინც კონკრეტული ინვესტიცია განახორციელა. იქ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებულ სახლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა და თქვენ გვეუბნებით ახლა, რომ ვიღაცას თურმე აბასთუმანში არ უშვებენ. ეს ხომ სასაცილოა და ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება. ამიტომ, გთხოვთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში, გადაამოწმეთ ინფორმაცია და სიმართლე უთხარით მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება – რა ვიდეოსიუჟეტი გავიდა „როსსია-1“-ის ეთერში საქართველოს შესახებ

რუსეთის ფედერალური ტელეკომპანიის „როსსია-1“-ის (Россия-1) პროგრამა „ვესტი ნედელით“ (Вести недели) ეთერში გადაიცა 9-წუთიანი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტური ვერსია ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება“.

„ბოლო წლების განმავლობაში ქართველები ჩიოდნენ, რომ არ ჰყავდათ ყველაზე საყვარელი და სასურველი, მთავარი სტუმარი – რუსი ტურისტი, თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ გაჩნდა არამარტო ფულის გამომუშავების, არამედ კარგ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ყველაზე პოზიტიური კი ისაა, რომ უკვე სამთავრობო დონეზე იხსნება ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტები – თბილისში, ბათუმში და ქუთაისში“. რას გვთავაზობენ სტუმართმოყვარე ქართველები?, – ამბობს ვიდეოსიუჟეტის შესავალში „ვესტი ნედელის“ წამყვანი დიმიტრი კისელიოვი და სიტყვას გადასცემს ალექსანდრე ბუზალაძეს, „როსია-1“-ის ტელეკორესპონდენტს საქართველოში.

თავის მხრივ, ჟურნალისტი რუსეთის ტელემაყურებელს აცნობს ბათუმელი ავთანდილ სირაბიძის ოჯახის მიერ მოწეულ მარწყვის და რიგი სუბტროპიკული ხილის მოსავალს, ეზოში დარგულ ყვავილებს, ადგილობრივი კლიმატის წყალობით. „ავთანდილის ვაჟი იოსები ჩემს პატივსაცემად სუფრას შლის, სხვათა შორის, უკრაინულ ღორის ქონსაც (сало) ჭრის და უნებლიედ უკრაინაზეც ვლაპარაკობთ: „რა თქმა უნდა, რიგითი უკრაინელებისადმი ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ პოლიტიკოსების მიმართ ცუდი – იმიტომ, რომ მათ საკუთარ ხალხს უღალატეს და ხორცსაკეპში გაგზავნეს“. გამოდის, რომ ამერიკელები რუსეთს უკრაინელების ხელით ეომებიან, ახლა ცდილობენ, რომ ომში მსგავსი სახით საქართველოც ჩაითრიონ“. საუბარი ასევე ეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტსაც, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და განხილვიდან მოიხსნა: მასპინძლის თქმით, „უცხოელი აგენტები არა მარტო საქართველოს ანგრევენ, არამედ ნებისმიერ ქვეყანას“.

ბათუმის რესტორნებში და პლაჟებზე რუს ტურისტებს მოუთმენლად ელოდებიან. ამავე დროს, თვითონ ქართველებსაც სურთ რუსეთში წასვლა და რუსული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, რომელიც ახლა, უვიზო რეჟიმის შემოღების შედეგად, სრულიად შესაძლებელი გახდა – ეს აზრი დომინირებს ბათუმის ბულვარზე და პლაჟზე მოქალაქეებთან შეხვედრის დროს.

ტელესიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება საქართველო-რუსეთისა და საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობის საკითხებს. ის პირები, რომლებსაც კორესპონდენტი ალექსანდრე ბუზალაძე ესაუბრება, იწონებენ მოსკოვ-თბილისს შორის ურთიერთობის გაფართოებას და აკრიტიკებენ იმ დესტრუქციული ძალების მოქმედებას, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესს. „ყველა მოხარულია და მხარს უჭერს მოსკოვთან თანამშრომლობის გაჯანსაღებას. „თუ ჩვენ რუსეთთან ვიმეგობრებთ, საქართველოს პერსპექტივა ყოველთვის ექნება“, – ამბობენ ბათუმელები.

„როსია-1“-ის კორესპონდენტი რეპორტაჟს თბილისიდან აგრძელებს და ესაუბრება გიორგი ქარდავას, რომლის თქმით, [პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებებით] ორ მეზობელ ქვეყანას შორის გარდამტეხი მომენტი მოხდა“. საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსი შოთა მარტინენკო კი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ანტირუსული მცდელობის მიუხედავად, ქართველებისა და რუსების მეგობრობა არ დაიკარგება. „ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ დასავლეთს, უკრაინის მსგავსად, ჩვენი მსხვერპლად შეწირვა სურს“, – ამბობს შოთა მარტინენკო და ვარაუდობს, რომ შეიძლება ამერიკულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში „უკრაინული მაიდანი“ მოაწყონ.
რეპორტაჟის დროს ალექსანდრე ბუზალაძე იმყოფება აგრეთვე „ქართული ტელეარხის „ალტ-ინფოს“ (Alt-Info) სტუდიაშიც, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობს და კონსერვატიული ფასეულობების პოპულარიზებას ახორციელებს“. Alt-Info აჩვენებს ორსაათიან გადაცემას უკრაინის შესახებ: ეკრანზე ვხედავთ კიევის არმიის კონტრშეტევის შედეგებს – განადგურებულ გერმანულ ტანკებს, ცნობილ „ლეოპარდებს“.

„როსია-1“-ის ჟურნალისტი ესაუბრება თბილისელ მხატვარს, 75 წლის ხატმწერ ანატოლი რიაბოშენკოს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთებს ასრულებს: „რუსეთი პურია, ქრისტეს სხეული, საქართველო კი – ღვინო, ქრისტეს სისხლი. ეს ყველაფერი მთლიანობაა, რომელთა დაშორება საშინელების მომტანია“, – ამბობს ანატოლი რიაბოშენკო, რომელსაც ქართველი და რუსი ხალხების ერთად ყოფნის მომხრეა და მათი დაშორება ვერ წარმოუდგენია. იგი მოლბერტზე ხატს წერს სახელწოდებით „მოულოდნელი სიხარული“, რომელზეც ღვთის მშობელი მარიამია გამოსახული და რომელიც, საქართველოსა და რუსეთის ერთმანეთთან დაახლოების კვალობაზე, ორივე ქვეყნის მფარველი იქნება.

წყარო

“მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ”

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამასთან დაკავშირებით, სამართლიანი გადაწყვეტილეება იქნება მიღებული.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი – ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს. არ მინდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ

86 წლის ასაკში სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბერლუსკონი 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია ჰქონდა.

სილვიო ბერლუსკონიმ იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 1994 წელს დაიკავა და მას შემდეგ 2011 წლამდე ოთხ მთავრობას ხელმძღვანელობდა.

“ევროპელი პარტნიორებისთვის მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი”- ილია დარჩიაშვილი

გავაგრძელებთ ევროპულ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკუტი თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ ჰასლერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების  პოტენციალი.

„ამისთვის მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. მისასალმებელია, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მზარდი დინამიკა გვაქვს, რაც დარწმუნებული ვართ, მომავალშიც გაგრძელდება. ამას გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი, საქართველოს რეგიონულ-სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია და როლი, საიმედო პარტნიორული ქვეყნის როლი. მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკუტი თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია განათლების სფერო და ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17.0 პროცენტით გაიზარდა და 300.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5 პროცენტია. რეინვესტიციამ 189.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2 პროცენტით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა ნიდერლანდები – 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).