Home Blog Page 2000

“საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, რადგან იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

„გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გზამკვლევში პირველი მოცემული იყო დეპოლარიზაცია, რომელიც ცალმხრივად ვერ განხორციელდება, ამას მეორე მხარეც ჭირდება, რომელიც დღეს რადიკალიზმს წამოადგენს და ბოიკოტის რეჟიმშია, ეს ბოიკოტი კი იკვეთება ქვეყნის და არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ. რეფორმებს და იმ 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქამდეც ვიმსახურებდით. შესრულდება ეს 12-პუნქტიანი გეგმა და შემდეგ უკვე დაველოდებით, დეკემბერში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც „თვალში ნაცრის შეყრას ცდილობენ“, ეს არ უნდა დაუშვა.

„ჩვენ იმისთვის ვართ პოლიტიკოსები, რომ როდესაც არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ, ეს არ უნდა დავუშვათ. მერე რა, თუნდაც დასავლელი პარტნიორი იყოს, მათაც სიმართლე უნდა ვუთხრათ, მეგობარსაც სიმართლე უნდა ვუთხრათ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს – შენი მეგობარი, კეთილმოსურნე თუ მტერი, როდესაც თვალებში ნაცარს გაყრიან, კეთილი უნდა ინებო, დადგე სიმაღლეზე და თქვა შენი სათქმელი. თეთრზე უნდა თქვა, რომ თეთრია, შავზე – შავია და ეს სხვებსაც უნდა გააგებინო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ეს იყო დღე, რომელმაც დაგვანახა, რა ძალა აქვს ერთობას” – კახა კალაძე 13 ივნისზე

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დედაქალაქის მერმა პატივი მიაგო გარდაცვლილთა სულებს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს და ახლობლებს.

„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე ასოებით ჩაიწერა საქართველოს და დედაქალაქის ისტორიაში. გვახსოვს, რამხელა დარტყმა მიიღო თბილისმა – ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, დანგრეული ინფრასტრუქტურა, განადგურებული კონკრეტული ადგილები.

რთულია იმ დარტყმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ვგრძნობდით ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი. ერთადერთი, რაც ძალიან კარგი იყო, ეს იყო ახალგაზრდების გამოჩენა, ის ერთიანობა და ერთობა, რაც იგრძნობოდა მომდევნო დღეების განმავლობაში.

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და ნათესავებს, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში. ეს იყო დღე, როდესაც არ არსებობდა დიდი და პატარა. ყველა ვიყავით ერთიანი და საერთო ძალისხმევით ვებრძოდით სტიქიას. ეს იყო დღე, რომელმაც დაგვანახა, რამხელა ძალა აქვს ერთიანობას და ერთობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და თბილისის მერის მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია და კახაბერ გულედანი.

2015 წელს, ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო დღემდე დაკარგულად ითვლება 2 პირი.

“დეოლიგარქიზაცია საერთოდ მავნებლობაა და კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს” – იაგო ხვიჩია

ჩვენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ გვჭირდება, რადგან ოლიგარქიზაციის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენს პრობლემას ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა, სასამართლოს არარსებობა ჰქვია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დეპოლარიზაცია.

„დეოლიგარქიზაცია ისეთი ტერმინია, რომელსაც ყველა მხრიდან მოაბამ ყურს. ევროკომისიის რეკომენდაციებში ყველაზე მთავარი მუხლი დეპოლარიზაციაა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, არც ერთი სხვა მუხლის შესრულებას აზრი არ აქვს. მთავარი პრობლემა ესაა და ქვეპრობლემებისთვის შექმნილია ბევრი პატარ-პატარა პუნქტი, რომლის შესრულებას არანაირი აზრი არ აქვს. დეოლიგარქიზაცია საერთოდ მავნებლობაა და პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. ის პოლარიზაციას უფრო აღრმავებს და მისი შემცირებისკენ არ არის ნაბიჯი გადადგმული. ჩვენ დეპოლარიზაცია უნდა შევამციროთ და არა ის, რომ ვისაც ფული აქვს, მას პოლიტიკაში მოსვლა ავუკრძალოთ. ეს ცვლილებები ხელისუფლების ფულიანებს არ შეეხება და ოპოზიციის ფულიანებს შეეხებათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული.

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

დღეს, 13 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა 13/14 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ძლიერმა წვიმამ, მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა_სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 პიროვნება კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი.

სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის 600-ზე მეტი ბინადარი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართული საზოგადოების გვერდით იდგნენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდობის ერთიანობა, რომელთაც კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითი აჩვენეს.

” ფაქტია, რომ პრეზიდენტის ნაბიჯები ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია, ამიტომ ვეტო უნდა დაიძლიოს”

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეროვნულ ბანკში არ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი. სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მივიღეთ და, რომელთან დაკავშირებითაც გვიწევს ახლა ვეტოს დაძლევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად დაიძლევა.

„ჩვენ ვფიქრობთ, როგორც ვეტოს დადება, ასევე საბჭოს წევრების არწარდგენა რეალურად შედეგად გამოიღებს ხელოვნური კრიზისის შექმნას, სწორედ ამის პრევენციას ემსახურება ის კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. რა ამოძრავებს საქართველოს პრეზიდენტს, ამაზე საუბარი არ მინდა. თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტის ეს ნაბიჯები სწორედ ინსტიტუციური კრიზისის წამახალისებელია, რის პრევენციასაც ჩვენ ვისახავთ მიზნად. ყველა შემთხვევაში, ვეტო უნდა იყოს დაძლეული, რომ არ მიეცეს ხელოვნურად კრიზის შექმნის საშუალება. ჩვენთვის მთავარია, რომ ინსტიტუციური კრიზისი არ შეიქმნას ეროვნულ ბანკში, ამისთვის დაიძლევა ვეტო“, – განაცხადა კობახიძემ.

“ამჟამად დესტრუქციულ პროცესებში, კელი დეგნანის „ფლაგმანის“ როლი და ადგილი არანაირ ეჭვს აღარ იწვევს”

„გაიხსენეთ, მანამდე „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც კი არ შედიოდა ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში და ერიდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერას,“ – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-ს საელჩო, თავისი აგენტურის მეშვეობით აქტიურად შეეცდება საქართველოში ერთმანეთს დააპირისპიროს ხალხი და მთავრობა, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და ხელისუფლების შეცვლა.

„საქართველოსთან მიმართებით ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციის აქტიური ფაზის გატარება დაიწყო აშშ-ს ადმინისტრაციაში სწორედ დემოკრატების მოსვლის შემდგომ. გაიხსენეთ, მანამდე „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც კი არ შედიოდა ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში და ერიდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერას. ყველას კარგად გვახსოვს, – ამის გამო რა ეპითეტებით ამკობდა მას იგივე ნიკა გვარამია. ხოლო შალვა ნათელაშვილმა პირდაპირი ბრალი წაუყენა მას არჩევნების „გაყალბების“ ორგანიზებაში.

ამჟამად დესტრუქციულ პროცესებში მისი „ფლაგმანის“ როლი და ადგილი არანაირ ეჭვს აღარ იწვევს, მისი მოქმედებები იმდენად გამჭვირვალეა, რომ უახლოეს თვეებში დეგნანის უშუალო მონაწილეობით მოსალოდნელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები: საკუთარი აგენტურის მეშვეობით, აშშ-ს საელჩო აქტიურად შეეცდება საქართველოში ერთმანეთს დაუპირისპიროს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები.

იმ ინსტიტუტებში, სადაც აშშ-ს ჩასმული ჰყავს საკუთარი გავლენის აგენტები (მაგ. „სახალხო დამცველის“ აპარატი), სახელმწიფოს არ მიეცემა არანაირი რეფორმის ჩატარების უფლება. იმ სფეროებში, სადაც აშშ-ს საელჩოს და მის მიერ კონტროლირებად სექტორებს საფრთხე დაემუქრება გამჭვირვალობის ან დესტრუქციული საქმიანობის ეფექტურად გატარების კუთხით – დაბლოკილი იქნება ნებისმიერი ტიპის კანონშემოქმედებითი ან რეფორმაციის მცდელობა „რუსული კანონების“ სტიგმის ეგიდით.

გაგრძელდება ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ფართომასშტაბური და მრავალპროფილური დესტრუქციული შემოტევა ქვეყნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო სექტორებზე. გაიზრდება მისი როლი და ადგილი საზოგადოებრივი პოლარიზაციის გაღრმავების კუთხით. მაღალი ალბათობით მოსალოდნელია შეტევა „ცესკოზე“. ასევე, შეტევები გაგრძელდება იმ ინსტიტუტებზე, სადაც აშშ-მ ვერ მოახერხა სრული კონტროლის მოპოვება და საკუთარი გავლენის აგენტების „ჩანერგვა“.

ამ უკანასკნელ მოსაზრებას ამყარებს „ეროვნული ბანკის“ ირგვლივ აგორებული მოვლენებიც, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს ამ ინსტიტუციაში აშშ-სთვის მისაღები კონტინგენტის შეყვანას.

ამასთან, არ არის გამორიცხული, აშშ-ს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ), მოხდეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის მიზანმიმართული შეფერხება, რათა საქართველომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღოს EU წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, აშშ-ს საელჩოს პროვოცირებით, ქვეყანაში მოსალოდნელია მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზება ხელისუფლების გადადგომის და გარდამავალი/ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით, რომელიც ჩაატარებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ამ კონტექსტში, არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს 2022 წლის (ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუცია) და 2023 წლის მარტის („რუსული კანონი“) მსგავსი პროცესების ინიცირების მცდელობას, სადაც წამყვან ძალად წინ წამოწეული იქნება სხვადასხვა „საზოგადოებრივი“ თუ „ახალგაზრდული“ ორგანიზაციები.

მაღალი ალბათობით, აღნიშნული პროცესები უნდა განხორციელდეს და დასრულდეს აშშ-ის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით ვინ, რას და რა პერიოდზე გათვლით აპირებს და გეგმავს საკუთარი განზრახვების ხორცშესხმას. ერთია მცდელობა, მეორე შესრულება და მესამე წარმატებით დაგვირგვინება. თუ რა ძალები და საშუალებები იქნება მობილიზებული მოწინააღმდეგის მიერ ამ მიზნების მისაღწევად – ამის მოთხრობის დროც აუცილებლად დადგება“, – წერს ქართველიშვილი.

უკრაინაში რუსი გენერალი სერგეი გორიაჩევი მოკლეს

ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი მოკლეს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხედრო კორესპონდენტი, იური კოტენოკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მათივე ინფორმაციით, გორიაჩოვი სარაკეტო თავდასხმას ემხსვერპლა.

„გუშინ, 12 ივნისს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა „ვოსტოკის“ დაჯგუფების სამხედრო კონტაქტის თითქმის მთელ ხაზზე“, – წერს კოტენოკი.

“პრეზიდენტი ცდილობს, ხელისუფლებას ყველაფერში პოლიტიკური წინააღმდეგობა გაგვიწიოს” – ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტი ისე როცა მოქმედებს, რომ ეროვნული ბანკის კოორდინაცია ჩაშლილი იყოს, იძულებული ვხდებით, ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, რაც ამ ინსტიტუტის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ცდილობს, რომ ხელისუფლებას ყველაფერში პოლიტიკური წინააღმდეგობა გაუწიოს.

„საბოლოო ჯამში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება არა პრეზიდენტსა და ეროვნულ ბანკს, არამედ ხელისუფლებას, თუ როგორია ქვეყანაში ინფლაცია, ლარის კურსი, მონეტარული პოლიტიკა. ინსტიტუციური დამოკიდებულება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ეს არ არის მჭიდრო თანამშრომლობის არეალი. რა თქმა უნდა, უნდა იყოს თანამშრომლობა და ამის ჩაშლაზეა საუბარი, რისი დაძლევაც გვინდა. ხელისუფლება იმ პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის, რომელიც მის წინაშეა. პრეზიდენტი ცდილობს, რომ ის პოლიტიკა, რაც ბოლო ერთი წელია აირჩია, ხელისუფლებას ყველაფერში პოლიტიკური წინააღმდეგობა გაგვიწიოს. ეს ღიად და აშკარად იკვეთება მის განცხადებებში თუ ქმედებებში. რა მიზანი აქვს, ეს ცალკე მსჯელობის საგანია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანია საკითხების დარეგულირება, ჭიქაში ატეხილია ქარიშხალი” – მიხეილ სარჯველაძე

დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნულ ბანკში შექმნილია ჩიხი, რადგან საკმარისი რეგულირება და ახსნა არ არის, როგორ უნდა იქცეოდნენ ცალკეული თანამდებობის პირობებში კონკრეტული თანამდებობის პირები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტის მიზანია საკითხების დარეგულირება.

„ჩვენი მიზანია, ცხადად და მკაფიოდ იყოს რეგულაცია იმის თაობაზე, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ვინ ასრულებს მის მოვალეობას. დღეს წერია, რომ ეს არის ვიცე-პრეზიდენტი და ასეთია სამი. ამის ნაცვლად შემოთავაზებული იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, როგორც ყველა დაწესებულების შემთხვევაშია. ამიტომ, ჭიქაში ატეხილია ქარიშხალი, რომელიც უსაფუძვლოა და არავითარ მიზანს არ ემსახურება. მთავარი ამოცანა, ამ ცვლილებების მიზანი დაურეგულირებელი საკითხების დარეგულირებაა, რათა არანაირი ეჭვი არ არსებობს მმართველობის ეფექტიანობაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„კობახიძის ცინიზმს უნდა დავუპირისპიროთ რეალური პოლიტიკა” – ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით და სახელმწიფოს მოუწოდებს გაატაროს რეალური პოლიტიკა ახალგაზრდა ოჯახების მიმართ.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ახალგაზრდა ოჯახებს პირველი უძრავი ქონება უნდა დაუსუბსიდიროს.

„კობახიძის ცინიზმს უნდა დავუპირისპიროთ რეალური პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოს არ გააჩნია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. ევროპის ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი პროგრამები ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასობით ახალგაზრდა ოჯახს უწევს კრედიტის გადახდა დიდი ხნის განმავლობაში, ამას ემატება გაზრდილი ფასები ყველა მიმართულებით. ჩემი შეთავაზებაა სახელმწიფომ დაასუბსიდიროს ახალგაზრდა ოჯახების პირველი შენაძენი ბინა/სახლი. ეს არის აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ოჯახების გაძლიერებას და არ გვექნება ის შედეგი, რაც დღეს განქორწინებების მიმართულებით გვაქვს, დიდი ნაწილი სწორედ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

“ევროპისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ვეღარავის შეუტიოს” – ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი „დღეს აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან საერთო ინტერესებით“, რათა რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდეს. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველანი არა მხოლოდ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვართ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დღეს ყველანი ძალიან მტკიცედ ვართ უკრაინის მხარეზე და გააზრებული გვაქვს ერთი რამ – „რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს“, – აცხადებს დუდა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის, რომ რუსეთს აღარასოდეს ჰქონდეს პოტენციალი რომ სხვას დაესხას თავს.

დუდას თქმით, პოლონეთი მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი გახდა.

„დღეს უკრაინელებსაც იგივე სურთ, მათ სურთ პოლიტიკურად შეუერთდნენ დასავლურ საზოგადოებას, ჩვენ ეს შესაძლებელი უნდა გავხადოთ სხვა საკითხებთან ერთად“, – დასძინა ანჯეი დუდამ.

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 8 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს მთავარი მორეაგირე უწყება იყო, რომლის თანამშრომლები სტიქიის ეპიცენტრში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. მეხანძრე-მაშველები პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები.