Home Blog Page 2000

„უკრაინის იმედგაცრუება: კონტრშეტევის კრახი და სიცივის მოლოდინი“ – რას წერს „დერ სტანდარდი“

ავსტრიული გაზეთი „დერ სტანდარდი“ (Der Standard) ბეჭდავს სამხედრო მიმომხილველის ფლორიან ნიდერნდორფერის სტატიას სათაურით „უკრაინის წინასაზამთრო იმედგაცრუება: კონტრშეტევის კრახი  და სიცივის მოლოდინი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ომის მეორე ზამთარი უკრაინაში მძიმე პროგნოზებით ახლოვდება, რაც პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: უეჭველია, რომ რუსეთი შარშანდელივით ისევ გააგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის – ენერგოსისტემის ობიექტების დაბომბვას, რომელიც ისედაც დაზიანებული 20-თვიანი ომით. წინ უკრაინას ისევ სიბნელე და სიცივე ელოდება. არსებული მონაცემების თანახმად, ბოლო თვეებში რუსეთის არმია სპეციალურად აგროვებდა ამ მიზნით ასობით ფრთოსან რაკეტას, რომლებსაც ყირიმში ინახავს.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ისეთი სუსტი არარ არის, როგორიც შარშან იყო. დასავლეთმა უკრაინის საჰაერო სივრცის ეფექტური გაკონტროლებისათვის კიევს თანამდროვე სისტემები გადასცა. შედეგიც არ აყოვნებს: რუსეთის მიერ გაშვებული დრონების უმეტეს ნაწილს უკრაინელთა რადარები დროულად პოულობენ, ხოლო სარაკეტო დანადგარები და საზენიტო ქვემეხები ასევე დროულად ანადგურებენ.

ამის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით უკრაინას არ ჰყოფნის ისეთი შეიარაღება, რომ რუსეთის არმიის მიწისქვეშა საწყობები გაანადგუროს (გერმანია უარს აცხადებს კიევისათვის „ტაურუსის“ რაკეტების გადაცემაზე), ამასობაში კი თბილი შემოდგომა იწურება და ცივი ზამთარი დგება: ფრონტის ხაზზე ჰაერის ტემპერატურა თანდათან ნულს უახლოვდება.

პოზიციური ომი ფრონტებზე

დღეს უკრაინის ფრონტებს, განსაკუთრებით სამხრეთის ფრონტის ჯარებს, რომლებიც კონტრშეტევის წარმატების შემთხვევაში ყირიმისა და აზოვის ზღვის სანაპიროს დაბრუნებას გეგმავდნენ, პოზიციური ომი ელოდება – ეს სწორედ ისაა, რაც კიეველ სამხედრო სტრატეგებს და მათ დასავლელ მოკავშირეებს არ მოსწონთ. მართალია, უკრაინის არმია ჯერ კიდევ აყენებს დარტყმებს რუსეთის გამაგრებულ პოზიციებს (მაგალითად, დნეპრის მარცხენა ნაპირზე), მაგრამ კიევის ძალები სუსტდება, განსაკუთრებით კონტრშეტევის ჩაშლის კვალობაზე.

ამჟამად უკრაინის არმიას იარაღის დიდი რაოდენობა ესაჭიროება. ამიტომაც უკრაინის ხელმძღვანელობა ცდილობს ისე მიუდგეს იარაღით მომარაგების საქმეს, რომ დასავლეთი აიძულოს და თავისი დაპირება შეასრულოს, კერძოდ, ამერიკული რაკეტების და F-16 ავიაგამანადგურებლების  მიწოდების საქმეში.

დღეისათვის არც დასავლეთში და არც უკრაინაში არავინ აღარ ამბობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს მთლიანად გაათავისუფლებენ და დაიბრუნებენ. მხედველობაშია მისაღები, რომ სანამ უკრაინის არმია დასავლეთის დახმარებას ელოდებოდა, რუსები გამალებული ტემპით აგებდნენ თავდაცვით ზღუდეებს ქვეყნის სამხრეთში – ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე. რუსების მიერ შექმნილი „სუროვიკინის ხაზი“ ისეთი ძნელად მისადგომი აღმოჩნდა, რომ უკრაინის არმიამ ვერც ქალაქების – ტოკმაკისა და მელიტოპოლის დაკავება ვერ შეძლო და ბუნებრივია, ვერც აზოვის ზღვის ნაპირზე ვერ გავიდა, ყირიმზე და დონბასზე რომ არაფერი ვთქვათ.

მძიმე ზამთრისა და „სასწაულებრივი იარაღის“ მოლოდინში

უკრაინის ხელისუფლებაში არ მალავენ, რომ წინ ურთულესი ზამთარი ელოდებათ. „სიმართლეს გეუბნებით: ზამთარი ძალიან მძიმე იქნება“, – აცხადებს ანდრეი ერმაკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი. მართლაცდა, ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა შარშანდელი დაბომბვებისაგან ჯერ წელში არ არის გამართული და თუ მას წლევანდელი დაბომბვების შედეგად მიყენებული ზიანიც დაემატება, მაშინ უკრაინელებს უარესი ბედი ელოდებათ.

ცხადია, მოსახლეობას მეტ-ნაკლებად უკვე მომარაგებული აქვს დიზელ-გენერატორები და საწვავი, ენერგეტიკოსებიც უქმად არ ისხდნენ და დაზიანებულ ობიექტებს აღდგენდნენ, მაგრამ ზაფხულის რამდენიმე თვეში ყველა დანგრეული თბოელექტროსადგურისა და გადამცემი ხაზების კაპიტალური აღდგენა შეუძლებელია. კიევს კიდევ დაჭირდება დიზელ-გენერატორები და სხვა დამხმარე საშუალებები, რათა თავიდან აიცილოს სრული კოლაფსი.

უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის განსამტკიცებლად და დაბომბვების თავიდან ასაცილებლად ერთგვარი „სასწაულებრივი იარაღი“ ჭირდება, რომელიც ეფექტურად დაბლოკავს რუსული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების მოქმედებას, მაგრამ სადაა ასეთი იარაღი? ჯერ-ჯერობით, კიევი მკაცრი რეალობის წინაშე რჩება, გრძელდება იარაღის მწვავე დეფიციტი.

ვის აწყობს ომის გაჭიანურება?

კონტრშეტევის ჩაშლით გამოწვეული იმედგაცრუების ფონზე არის რამდენიმე დამაიმედებლი მოვლენა, რომელიც ოპტიმიზმისათვის მეტ-ნაკლებ საფუძველს იძლევა: უკრაინის არმია ცდილობს დნეპრის მარცხენა ნაპირზე გამაგრებას. ჯარისკაცებმა მოახერხეს დესანტის გადასხმა და უფრო მეტიც – წინ რამდენიმე კილომეტრითაც წაიწიეს. მართალია, თანამედროვე სადაზვერვო დრონებს დაპირისპირებული მხარეების გადაადგილებას ვერ გამოაპარებ, მაგრამ როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მდინარის მარცხენა ნაპირზე მათ მძიმე ტექნიკაც გადაიტანეს. ასე რომ, არ არის გამორიცხული მოვლენები უკრაინის არმიის სასარგებლოდ განვითარდეს.

ის ფაქტი, რომ რუსეთის არმია მძიმე დანაკარგებს განიცდის, როგორც ჩანს, მოსკოველ სამხედრო სარდლობას არ ადარდებს. რაც უფრო მეტად გაჭიანურდება ომი, მით უკეთესი იქნება კრემლისათვის – ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინა ვერ გაუძლებს და საბოლოოდ დაქანცული ძირს დაეცემა.

წყარო

“თუ ვინმეა რუსული სტილის პოლიტიკოსი, ეს უპირველეს ყოვლისა „ლელოს“ ხელმძღვანელობაა” – შალვა პაპუაშვილი

თუკი, ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოს პოლიტიკაში – ეს უპირველეს ყოვლისა არის „ლელოს“ ხელმძღვანელობა. თავის დროზე საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა იყვნენ, მოსკოვი იყო მათთვის ცენტრი, დღეს ვაშინგტონი ჰგონიათ, რომ ცენტრია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ კომპლექსები აქვს რუსეთთან და მოსკოვთან დაკავშირებით.

„ლელოსთან“ დაკავშირებით რთულია რაიმე განცხადების გაკეთება. რუსეთი, რუსი აკერიათ პირზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა და ყოველ მეორე წინადადებაში ამაზე საუბრობენ. თუკი, ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოს პოლიტიკაში – ეს უპირველეს ყოვლისა არის „ლელოს“ ხელმძღვანელობა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა იყვნენ, მოსკოვი იყო მათთვის ცენტრი, დღეს ვაშინგტონი ჰგონიათ, რომ ცენტრია. ერევათ ერთმანეთში საბჭოთა რეჟიმი და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატია და უყურებენ სხვა დედაქალაქებს ისე, როგორც ადრე საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები უყურებდნენ მოსკოვს. საერთო ჯამში ეს არის კომპლექსები, რომლებიც მათ შიგნით აქვთ რუსეთთან და მოსკოვთან დაკავშირებით და ამ კომპლექსების გარკვეული პროექციაა ქართულ პოლიტიკაზე. ამიტომ არასერიოზულია ზედმეტი მოჩვენებითი პატრიოტიზმი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პატრიოტული ტალღა დაგვანახონ. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და მათ არავინ დაუჯერებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც “ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

“უკრაინა სამხედრო მარცხის წინაშე დგას” – რას წერს „ლე ფიგარო“

ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) 22 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა სამხედრო მარცხის წინაშე დგას: რუსებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არაჩვეულებრივად ამტანები არიან, საბჭოთა დიქტატურის წლებში გამოწრთობილები“ (ავტორი – იზაბელ ლასერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რა იქნება, თუ უკრაინა ომში დამარცხდება, რუსეთი კი გაიმარჯვებს? ამ კითხვას ჯერ კიდევ ადევს ტაბუ უკრაინელებსა და მათ დასავლელ მოკავშირეებს შორის, რადგან მას სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით უკრაინელებში – მათთვის, ვინც ასეთ კითხვას დასვამს. მაგრამ 21-თვიანი ბრძოლების შემდეგ, როცა კონტრშეტევა ჩაიფუშა, როცა ფრონტის ხაზი ფაქტიურად უცვლელი და გაყინულია, ზოგიერთები მსგავსი კითხვის დასმას უკვე ფრთხილად, მაგრამ მაინც იწყებენ. დიახ, ჯერ ღია კითხვების დრო არ დამდგარა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა კიევიდან ცუდი ამბები მოდის, ქვეყნის წინაშე სულ უფრო მეტი პოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემები დგება.

რუსეთის პოტენციალის შეუფასებლობის შედეგი

პირველ რიგში ეს ეხება სამხედრო სფეროს, რომელშიც ჩიხური სიტუაცია უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე შემოდგომის წვიმები და ზამთრის პირის ყინვები დაიწყებოდა. ზოგიერთები ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში თვლიდნენ, რომ რუსეთის არმიის კრახი „დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ აუცილებლად მოხდებაო“, ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამჟამად ეს იმედი გამქრალია. „ევროპელებმა ობიექტურად ვერ შეაფასეს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები“, – ამბობს ალენა გეტმანჩუკი, კიევის ანალიტიკური ცენტრის „ახალი ევროპის დირექტორი. რუსებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არაჩვეულებრივად ამტანები არიან, საბჭოთა დიქტატურის წლებში გამოწრთობილები, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის ტრადიციებზე გაზრდილები და მანამდე კი – რუსეთის იმპერიის, ცარიზმის პერიოდში.

რუსებმა ასევე აჩვენეს თავიანთი უნარი სამხედრო პირობებისადმი ადაპტირებაში, შეცვალეს რა თავიანთი ტაქტიკა მოწინააღმდეგის ტაქტიკის გათვალისწინებით: მაგალითად, რუსებმა „გაანადგურეს“ დასავლეთის მონოპოლია დრონების საკითხში. ამჟამად რუსეთი სულ-უფრო და უფრო მეტ საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს ამზადებს. რუსეთის სამხედრო მრეწველობა ომის პირობებს ემორჩილება – თუ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გამოთქმას გავიხსენებთ, „წარმოება სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი“, იარაღის ქარხნები და ფაბრიკები სადღეღამისო რეჟიმით მუშაობენ. ამ ყველაფერს კი უძღოდა რუსეთის მეგობარი ქვეყნების – ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარება.

რუსეთის ეკონომიკური კოლაფსი, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა სანქციების 12 პაკეტით, არ მომხდარა. მოსკოვმა მშვიდად აუარა გვერდი ემბარგოებს და აკრძალვებს თავისი მოკავშირეების დახმარებით. ის სოციალური უკმაყოფილება კი, რომლის გამოწვევას დასავლეთი ცდილობდა რუსეთის მოსახლეობაში – რუსული არმიის დიდი დანაკარგების პროპაგანდით, კრემლმა დროულად ჩააქრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისადმი მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევით. გარდა ამისა, რუსული საზოგადოება ყოველდღიურად უსმენს და უყურებს კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მუსაობის შედეგს.

რაც შეეხება დიპლომატიურ იზოლაციას, არც რუსეთის „გარიყვა“ არ მომხდარა: მოსკოვს მხარი დაუჭირეს (ან კრემლისადმი თავიანთი პოზიტიური ნეიტრალიტეტი გამოავლინეს) „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებმა.

რუსეთის არმია განახლდა და მნიშვნელოვანი შევსება მიიღო ჯერ ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციით, შემდეგ სამხედრო კონტრაქტების ფართო გავრცელებით. საბოლოო ჯამში კი უკრაინის არმიის მთავარსადალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ მისი ჯარი ჩიხში აღმოჩნდა. მართლაცდა, სანამ უკრაინელები დასავლური იარაღის მორუგი ულუფის მიღებას უცდიდნენ, რუსები თავდაცვის ზღუდეებს აშენებდნენ და სიტუაციისადმი ადაპტირებას ახდენდნენ.

„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე: უკრაინისათვის ძალზე უდროო დროს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოულოდნელად დაწყებულმა ომმა კიევის იმედები დაჩრდილა: სულ რაღაც რამდენიმე საათში უკრაინა მსოფლიო მასმედიიდან ისე გაქრა, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნიაო. ყველას ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკონფლიქტმა მიიპყრო.

„ჩვენ ამჟამად  ისრაელთან კონკურენციაში ვართ ამერიკული საბრძოლო მასალების მიღების მხრივ. სამომავლოდ სიტუაცია უფრო გაუარესდება, როცა ამერიკულ თვითმფრინავებს „ფალკონებს“ (F-16-ებს) მივიღებთ. იმიტომ, რომ ასეთივე ავიაგამანადგურებლები აქვს ისრაელსაც და უკვე აშკარაა, ვის უფრო მეტად დაეხმარება იარაღით ამერიკა. პრინციპში, ამერიკა თავისი სამხედრო ბიუჯეტით oრივე ქვეყანას გაწვდება, მაგრამ ნატოს წევრებსაც დახმარება უნდათ. გარდა ამისა, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს“, – განმარტავს პავლე კლიმკინი, უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.

რუსეთის ხელმძღვანელებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან და მოვლენებს აჩქარებენ: რამდენიმე კვირაა ქვეყნის ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად აკეთებენ ტრიუმფალისტურ განცხადებებს: „ვლადიმერ პუტინი ამჟამად ძალიან აქტიურია. მას სურს, რომ რუსეთის მოსახლეობამ ომის პოზიტიური შედეგები 2024 წლის მარტის არჩევნებამდე იხილოს. ამ თარიღამდე ომის დეესკალაცია არ მოხდება“, – გამაფრთხილებლად აღნიშნავს პავლე კლიმკინი. იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტი აქტიურად გამოდის ანტიუკრაინული განცხადებებით, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ „კიევს კაპიტულაციის გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა თავის არსებობას შეწყვეტს“.

ევროპაში კრემლის მხარდამჭერებს რწმენა დაუბრუნდათ. ისინი გარკვეულ სარგებელს ხედავენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის უთანხმოებაში. ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკაშიც ისევ დაიწყეს ლაპარაკი – „ახლა ომი მიდის. ერთი მხრივ. რუსეთისა და მეორე მხრივ – აშშ-ნატოს შორის, უკრაინა კი ამ ბრძოლაში მხოლოდ იარაღის როლს ასრულებს“. შეუძლებელია შეედავო იმ პროკრემლურ ანალიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ევგენი პროგოჟინის ამბოხებას რუსეთის ხელისუფლება არანაირად არ დაუსუსტებია.

რუსეთის ელიტა პუტინის ირგვლივ და დასავლეთის ახალი ხარჯები

რუსეთის ელიტა ვლადიმერ პუტინის ირგვლივ გაერთიანდა და შემჭიდროვდა. დღევანდელ პრეზიდენტს ხვალინდელი პრეზიდენტის გვირგვინი უკვე გარანტირებული აქვს – გაზაფხულზე ვლადიმერ პუტინს, დიდი ალბათობით, ახალი ვადით ისევ ქვეყნის მეთაურად აირჩევენ. „უკრაინის საკითხი ბრძოლის ველზე გადაწყდება. ცვენ მოლაპარაკებას არ დავიწყებთ. უკრაინას სამხედრო კრახი ელოდება, რომელიც მაისისთვის მოხდება“, – განაცხადა რუსული ელიტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. კრემლის მომხრეები ფსონს იმაზე დებენ, რომ უკრაინის არმიას მებრძოლები აღარ ჰყოფნის, ხოლო ევროპელები და ამერიკელები ომით „დაიღალნენ“. მათ კიდევ ერთი კოზირი აქვთ – ჯო ბაიდენის შესაძლო წასვლა თეთრი სახლიდან, მის ნაცვლად კი დონალდ ტრამპის მოსვლა. „დონალდ ტრამპი რთული პიროვნებაა, მაგრამ მასთან მოლაპარაკება შეიძლება“, – ამბობს ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსი.

რუსეთის ბირთვული პოტენციალის გამო დასავლეთი შიშობს, რომ უკრაინამ „პუტინის წითელ ხაზს“ (ყირიმს და დონბასს) არ უნდა გადააბიჯოს, თორემ ასეთმა მოქმედებამ შეიძლება „აფეთქება“ და ესკალაცია გამოიწვიოს. ამიტომაც დასავლეთი უკრაინას ეკონომიურად, ნელა და გაჭიანურებულად ეხმარებოდა. ასეთმა დახმარებამ კიევს შესაძლებლობა მისცა წინააღმდეგობა გაეწია კრემლისათვის 21 თვის განმავლობაში, მაგრამ ეს არასაკმარისია რუსეთზე გასამარჯვებლად. დღეს, როცა აშშ იძულებულია მატერიალური და ფინანსური სახსრები ახლო აღმოსავლეთისაკენ მიმართოს, ხოლო 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა შეიძლება კიევისადმი დახმარება „დამარხოს“, უკრაინის საკითხი ევროპელებს ისევ საფიქრალს უჩენს.

რუსეთის წინააღმდეგ ამერიკელებს ევროპელები ჩაანაცვლებენ?

ვერ ვიტყვით, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად აღებულ თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ, განსაკუთრებით ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში. მასზე თვით ახლო აღმოსავლეთის კრიზისმაც კი ვერ მოახდინა გავლენა – ბრიუსელი ამ მხრივ ურყევია. „უკრაინის დაცვა ჩვენთვის ისევ პრიორიტეტია, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი“, – ამბობს ერთ-ერთი ფრანგი ჩინოვნიკი, მაგრამ თუ სამხედრო სფეროს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია, პრაქტიკულად კი საქმე წინ ნელი ტემპით მიდის.

ევროკავშირი 2023 წლის დასაწყისში უკრაინას უცხადებდა, რომ 2024 წლის გაზაფხულამდე მილიონ ერთეულ საბრძოლო მასალას (ჭურვებს) მიაწვდიდა, მაგრამ ეს გეგმა ფქტიურად უკვე ჩაშლილია – დაპირება მხოლოდ 30%-მდეა შესრულებული, გაზაფხულამდე კი სამი თვე რჩება. ევროპის ეკონომიკის „სამხედრო რელსებზე გადასვლა“, რასაც მკაცრად  ამტკიცებდა ზოგიერთი ფრანგი  ლიდერი, არ განხორციელდა. „გეოპოლიტიკურად ერთიანი ევროპა“ და „სტრატეგიული ავტონომია აშშ-საგან“ მხოლოდ ლოზუნგებად დარჩა, რომლებიც პარიზს არ გასცილებია.

„პრობლემა ისაა, რომ ევროპელებს საკითხის გადაუდებლობის შეგრძნება არ აქვთ. დიდი ქვეყნები ამერიკული არჩევნების მოლოდინით ცხოვრობენ და იმედი აქვთ, რომ მანამდე უკრაინაში რაიმე სასწაული მოხდება. ყველას სჯერა, რომ გმირი უკრაინელები რუსებს წინააღმდეგობას კიდევ ერთი ან ორი წელი გაუწევენ დამატებითი დახმარების გარეშე, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე ბრძოლა“, – ამბობს ალენა ჰეტმანჩუკი. ევროპელებისაგან განსხვავებით, რომლებსაც პაციფისტური ხედვები აბრკოლებთ, განსაკუთრებით „ცივი ომის“ შემდეგ, ფრონტის ხაზზე მდგარი უკრაინა ფიქრობ გეგმა „ბ“-ის შესახებაც – იმ შემთხვევისათვის, თუ გამარჯვება ძალიან შორს იქნება. „ნატოში გაწევრიანება მე-5 მუხლის გარეშე მეტ-ნაკლებბად შესაძლებლობას მოგვცემს ოკუპირებული ტერიტორიები დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. ჩვენ არამარტო ამბიციურები უნდა ვიყოთ, არამედ რეალისტურებიც. ჩვენ აღარ გვაქვს 100%-იანი გამარჯვების სცენარი, მაგრამ არ ვიცით – აქვს თუ არა დასავლეთს რაიმე სტრატეგია უკრაინის მიმართ? – ასეთი კითხვა აქვს ერთ-უკრაინელ მაღალჩინოსანს. მას ეჭვი ეპარება, რომ ნატოს 2024 წლის ივლისის სამიტზე ვაშინგტონში რაიმე რადიკალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კიევის სასარგებლოდ.

მაგრამ ისიც ცხადია, რომ ომში უკრაინის სავარაუდო დამარცხებას დასავლეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება: კვლავდღის წესრიგში დადგება კრემლის პროექტი ყოფილი საბჭოთა იმპერიის აღდგენის მიზნით, რაც დასავლეთის ბანაკს დაასუსტებს და მის ფასეულობებს შებღალავს. ავტოკრატი ვლადიმერ პუტინი, თავის ჩინელ კოლეგასთან – კომუნისტ სი ძინპინთან ერთად, დასავლეთს აქტიურად შეუტევს. „თუ აშშ უარს იტყვის უკრაინისადმი დახმარებაზე, ჩინეთი იმავწუთს ამოქმედდება და მის სიმტკიცეს შეამოწმებს, [ვთქვათ, ტაივანის საკითხში]. და თუ ევროპა ხელებს ჩამოუშვებს, რუსეთიც ამოქმედდება, რაც ევროკავშირის სიკვდილს მოსწავებს“, – აღნიშნავს ერთ-ერთი ფრანგი ჩინოვნიკი.

როდის გამოიღვიძებს ევროპა?

ევროპელთა გამოღვიძებისათვის ცოტა დრო რჩება. ჯო ბიდენის ადმინისტრაციას სულ უფრო აღიზიანებს ევროპელთა ნელი და დაყოვნებული ტემპი, მათი „არასერიოზული“ მიდგომა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება რუსეთისათვის მირთმეული ტორტი იქნება: „ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რომ ცივი ომის შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ ყოველთვის იმედი გვქონდა, მისი იარაღის რეზერვების გამოყენების თვალსაზრისით, მაგრამ დღეს ეს იმედი ამოიწურა. ჩვენ მოგვიწევს კონტინენტის რეინდუსტრიალიზაციის განხორციელება“, – გვაფრთხილებს ერთ-ერთი წყარო საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ომის გაგრზელების შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს ამტანობისა და გამძლების გამოვლენა მოუწევთ.

რუსეთის არმიის სარდლობამ უკვე გამოაცხადა, რომ 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, 70%-ით გაიზრდება. „იმ ფულით, რომელიც კრემლს აქვს, რუსეთის არმია კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იომებს“, – ასეთია უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პავლე კლიმკინის თვალსაზრისი.

წყარო

“მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბიძინა ივანიშვილს, 3 მლრ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში”

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის“ საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია და საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა „თანაინვესტირების ფონდს“, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ „თანაინვესტირების ფონდი“ უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს – პოლიცია დამნაშავეს ეძებს

პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა 21 ნოემბერს, 04:00 საათზე, ნაქირავებ სახლში მოხდა.

როგორც მედია წერს, მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დამნაშავის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ის სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეა.

პოლიციის ინფორმაციით, მოკლულ ქალს ჭრილობა კისრის არეში ჰქონდა მიყენებული.

“მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის – Luxury Collection – შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი პარაგრაფი იწყება”

მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის – Luxury Collection – შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შეიძლება ასე ითქვას, ახალი პარაგრაფი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისის” საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი შეემატა.
„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, პარტიის თავმჯდომარეს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, ძვირფას საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებ ასეთი არაჩვეულებრივი, უნიკალური სასტუმროს გახსნის ცერემონიაში. მინდა ყველას მოგილოცოთ ამ უნიკალური პროექტის დასრულება. თბილისს, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას შეემატა კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი.
მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო პროექტის მნიშვნელობის შესახებ. მანამდე შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მარიოტის საერთაშორისო ქსელის Autograph Collection-ის ბრენდი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში პირველად და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი” გაიხსნა, რომელიც მართლაც გამორჩეული სასტუმრო არის მთელ რეგიონში. დღეს კი მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდის – Luxury Collection – შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, შეიძლება ასე ითქვას, ახალი პარაგრაფი იწყება. ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია დედაქალაქის ცენტრში ასეთი არაჩვეულებრივი, უნიკალური ახალი სასტუმროს ფუნქციონირება. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსი, 220 ნომერი, 5 სხვადასხვა კატეგორიის რესტორანი და სხვა სივრცეები – ეს ყველაფერი ქმნის ყველა იმ საშუალებას, რომ სასტუმრომ უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს, ბიზნესკონფერენციებს, ვიზიტორებს, დამსვენებლებს, ჩვენს ტურისტებს”, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „პარაგრაფ თბილისის” ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია.
 „საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და, რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის – ბატონი ბიძინა ივანიშვილის – როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა თანაინვესტირების ფონდს, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი, ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად. ასევე მინდა ვთქვა, რომ თანაინვესტირების ფონდი უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს – 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ასევე ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წელში შეიქმნა ახალი 85 000 საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში – 85 000 ახალი საწოლი ადგილი.  ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ტურიზმი ვითარდება ძალიან სწრაფად ჩვენს ქვეყანაში. შარშან საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ. წელს უკვე სამ კვარტალში 3,3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო საქართველომ. ეს ყველაფერი გვაძლევს ძლიერი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა ვითარდება, ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ახალი პროექტის დასრულებას. დიდი მადლობა!”, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს სასტუმროების მართვის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტოგონიძემ, მარიოტის საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტმა სატია ანანდიმ, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა და სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის” გენერალურმა მენეჯერმა ტომას ვან ოპსტალმა.
„პარაგრაფ თბილისი” მარიოტის საერთაშორისო ქსელის, პირველი Luxury Collection ბრენდის, სასტუმროა. „პარაგრაფ თბილისის” ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 150 მლნ აშშ დოლარს. სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისში” და „პარაგრაფ შეკვეთილში” ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს.
„პარაგრაფ თბილისი” შეძლებს, უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს და საქართველოში მოიზიდოს ახალი კატეგორიის ბიზნესვიზიტორები თუ დამსვენებლები.
მარიოტის საერთაშორისო ქსელ Autograph Collection-ის ბრენდი საქართველოში ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით  2018 წელს  შემოვიდა და ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „პარაგრაფ შეკვეთილი” გახსნა.

„არ გავჩერდები, სანამ ყველას არ გაათავისუფლებენ“ – ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.

„ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში.

როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად. მე არ გავჩერდები, სანამ ყველას არ გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებს გაწეული ძალისხმევისთვის.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა​

​საქართველოს პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს „პრემიუმ ქარ საქართველო” დაარეგისტრირა და ინტერნეტ-სივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა, ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451,79 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

“ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე ახალი თავი იხსნება, რომელიც 9 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული” – შალვა პაპუაშვილი

დღეს საქართველოს პარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან ერთად უკვე მესამე კონფერენციას ატარებს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წინა ორი კონფერენცია შედეგიანი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, მივედით პოზიტიურ რეკომენდაციამდე.

„ახლა უკვე ახალი თავი იხსნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, რომელიც 9 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული. დღეს ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა, მათ შორის, განვიხილავთ ჭარბი გავლენის თავიდან აცილების შესახებ სამოქმედო გეგმის პროექტს. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხის განხილვისას სამოქალაქო საზოგადოება აქტიური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გეგმა მალე დამტკიცდეს, იმისთვის, რომ გეგმის განხორციელებაზე გადავიდეთ. კონფერენციაში პარლამენტიდან წარმოდგენილი იქნებიან როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე ოპოზიცია. წინა ორმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ამგვარი კონფერენცია ძალიან საგნობრივი დისკუსიის პლატფორმაა. იმედი გვაქვს, რომ დღესაც შინაარსობრივი, საგნობრივი დისკუსია იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს, პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მესამე ერთობლივ კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გამართავენ.

კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციაზე და განიხილავენ 9 პრიორიტეტს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქის და ლიპყინულის) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ113 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 ნოემბერს ქუთაისში +14 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში გამოიდარებს.დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +7, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +3, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

“ახალ ათონში სახელმწიფო აგარაკის გაყიდვას არ დავუშვებთ”- აფხაზეთში საპროტესტო აქცია იწყება

“ახალ ათონში სახელმწიფო აგარაკის გაყიდვას არ დავუშვებთ”,- ამ მოთხოვნით ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალი ათონის მოსახლეობა ამ წუთებში სახელმწიფო აგარაკზე იკრიბება.

აფხაზური “ტელეგრამ” მედიის ინფორმაციით, აგარაკზე უკვე 1000-მდე ადამიანია შეკრებილი.

მედიის ინფორმაციით, ათონის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, რომ ე.წ. ხელისუფლება ემზადება, სახელმწიფო ქონება ინვესტორს მიყიდოს – საუბარია ახალი ათონის სახელმწიფო აგარაკზე.

მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში მოქალაქეებმა სახელმწიფო აგარაკის შესასვლელი გადაკეტეს.