Home Blog Page 20

ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს -იუსტიციის სამინისტრო

ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.

„2025 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ამ დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მეათე წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი. საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 11 ქვეყანა. საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო, საიმედო გარემოს ქმნის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით. საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია საქართველოზეც. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად საჭირო სტანდარტებს, მთავრობის მდგრადი ძალისხმევის გამო, საქართველო „პირველ დონეზე“ დარჩა.

თიბისი ტექი – უკვე 1000 თანამშრომელი

თიბისის დიდ და უნიკალური უნარების მქონე ტალანტებით გაჯერებულ ტექ გუნდს მეათასე პროფესიონალი შეუერთდა.

180-ზე მეტი პროდუქტი, 400-ზე მეტი სისტემა, დანერგვების თითქმის 100%-იანი ავტომატიზაცია, სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობა – ეს ყველაფერი თიბისის ტექ გუნდზე დგას.

“ახლა, ჩვენი გუნდი 1000 პროფესიონალს აერთიანებს, რომელიც ყველა სტრატეგიულ ტექნოლოგიურ პლატფორმას თავად ქმნის და ავითარებს. სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ თიბისის ტექნოლოგიური განვითარება და სამუშაო პროცესები ძალიან დინამიური და საინტერესოა. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს ტექნოლოგიური ამოცანა ან გამოწვევა, რომელსაც ვერ ამოვხსნით და ამას ვამტკიცებთ ყოველდღიურად – მთავარია, გჯეროდეს” – ამბობს ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი.

1000 უბრალოდ ციფრი არაა. ეს ნიშნავს, რომ თიბისის ძლიერი კორპორატიული კულტურა და ტალანტების მოძიების სწორი სტრატეგია აქვს. ჩვენი ორგანიზაციული კულტურა ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს საკუთარი უნარებისა და ხასიათის წარმოჩენის შესაძლებლობებს.

გიორგი ყანჩაველი (თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი): “დიდი და ძლიერი გუნდი, უსაზღვრო შესაძლებლობების გარდა, არის დიდი მოტივაცია. ეს ქმნის იმ შედეგებსა და სიკეთეებს, რომელიც მიგვაქვს მილიონზე მეტ ადამიანთან ყოველდღიურად. თითოეული ახალი ადამიანი, ახალი ისტორია და ელემენტია დიდი გუნდის ხასიათსა და სტრუქტურაში.”

1000 თანამშრომელი თიბისი ტექისთვის ნიშნავს არა მხოლოდ მასშტაბს, არამედ 1000 სხვადასხვა ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც საერთო წარმატებაში ერთიანდება.

შოთა იორამაშვილი (ვებ და მობაილ დეველოპმენტის ლეგიონის პარტნიორი): “სასიხარულოა, რომ ტექის მეათასე თანამშრომელი, სწორედ, ჩემს გუნდს შემოუერთდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ძალა არ იზომება მხოლოდ ადამიანების რაოდენობით; არამედ, იმ განვითარებით და შედეგით, რომელსაც თითოეული წევრი ქმნის. რეალური ღირებულება ისაა, რომ თითოეული თანამშრომელი მუდმივად ვითარდება და იზრდება.”

თიბისი ტექისთვის 1000 თანამშრომელი არის შესაძლებლობა, შექმნას კარიერული ზრდის კიდევ უფრო დიდი სივრცე და გაამყაროს ღირებულებები, რომელიც მის თითოეულ წევრს აერთიანებს.

(R)

2025 წლის სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

🔈გამოცხადდა 2025 წლის სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი 🔹კონკურსის მიზანია ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაცია: საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნა; საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მისი პოპულარიზაცია. 🔹კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე :⤵️ https://shorturl.at/Bz6c0
(R)

საქართველოს მთავრობა აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელად საჭირო სტანდარტებს, მთავრობის მდგრადი ძალისხმევის გამო, საქართველო „პირველ დონეზე“ დარჩა -სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოზეც.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის აღმოსაფხვრელადაა საჭირო. საანგარიშო პერიოდში მთავრობის მიერ სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირების გამო, საქართველო „პირველ დონეზე“ (Tier 1) დარჩა.

„ეს ძალისხმევა უფრო მეტი ტრეფიკერის დევნას, გასამართლებას, მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებასა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო თავშესაფრებისთვის დაფინანსების გაზრდას მოიცავდა. პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში, სასამართლოებმა მსხვერპლებს კომპენსაცია მიანიჭეს. გენერალურმა პროკურატურამ გამოსცა დირექტივა, რომელიც სავალდებულოს ხდის მსხვერპლ-მოწმის კოორდინატორების დანიშვნას ტრეფიკინგის საქმეებში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, მან გამოიძია ნაკლები ტრეფიკინგის საქმე და საერთო ძალისხმევა სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების იდენტიფიცირებისა და დევნის მიმართ იყო არასაკმარისი. სამართალდამცველებმა მსხვერპლებს მოსთხოვეს დარჩენა ქვეყანაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რამაც პოტენციურად შეიძლება, შეაფერხოს თანამშრომლობა უცხოელი მსხვერპლებისგან, რომლებსაც სურდათ რეპატრიაცია, ხოლო მოსამართლეებმა არცერთხელ არ მიუსაჯეს რესტიტუცია სისხლის სამართლის საქმეებში. მთავრობის ძალისხმევა მსხვერპლების იდენტიფიცირებისა და სერვისებზე მიმართვის მიმართ, რომლებსაც არ სურდათ მონაწილეობა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაში, დარჩა მინიმალური. მთავრობის მხრიდან სისტემური თანამშრომლობის ნაკლებობამ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეაფერხა ანტიტრეფიკინგული ძალისხმევა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე მოცემულია რიგი რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც საჭიროა.

„ტრეფიკინგის დანაშაულების, განსაკუთრებით კი სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების აქტიური გამოძიება და მსჯავრდებული ტრეფიკერების შესაბამისი დასჯა, რაც მნიშვნელოვანი ვადით პატიმრობას უნდა ითვალისწინებდეს; ტრეფიკინგის მსხვერპლების იდენტიფიცირება მოწყვლად ჯგუფებში ტრეფიკინგის ინდიკატორების შემოწმებით; სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაუმჯობესება; დაზვერვისა და მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავი ოპერაციების დასაგეგმად რესურსებისა და ტრენინგების რაოდენობის გაზრდა; დაზარალებულთა გამოძიებებსა და სისხლის სამართლებრივ დევნაში მონაწილეობის წახალისება დაზარალებულზე ორიენტირებული სასამართლო პროცედურების საშუალებით; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის შრომის ინსპექციის რესურსებისა და შესაძლებლობების გაზრდა; ტრეფიკინგის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დაცვისთვის მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაზრდა; ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებისა და ცნობიერების გაზრდა; ტრეფიკინგის საწინააღმდეგო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალობის გაზრდა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ მთავრობის ძალისხმევის შესახებ რეგულარული ინფორმაციის გამოქვეყნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, დოკუმენტშია ნათქვამი, ტრეფიკერები სექსუალური ტრეფიკინგის მიზნით, ქართველი ქალებისა და გოგონების ექსპლუატაციას ახდენენ ქვეყნის შიგნით, კერძოდ აჭარაში და საზღვარგარეთ, კვიპროსში, ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამ პირების მოტყუება კი საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაოების დაპირებით ხდება.

„ტრეფიკერები მსხვერპლების რეკრუტირებას მოტყუებით ახდენენ, მათ უცხოეთში მაღალანაზღაურებად სამუშაოს ჰპირდებიან ჩაის გადამამუშავებელ ქარხნებში, საავადმყოფოებში, სალონებში, რესტორნებსა და სასტუმროებში. საქართველო ასევე არის ტრანზიტული ქვეყანა ქალებისთვის ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან. ტრეფიკერები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეკრუტირებისა და ექსპლუატაციისთვის სულ უფრო მეტად იყენებენ ონლაინ საშუალებებს. უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს გამოექცნენ და რუსები, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას გაექცნენ, ტრეფიკინგის მიმართ მოწყვლადები არიან“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებოდა და ამ რეგიონებში ე.წ. ხელისუფლებას მხარს რუსული ძალები უჭერდნენ.

„რუსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა შეზღუდეს საერთაშორისო ორგანიზაციების შესაძლებლობა, რომ ემოქმედათ აფხაზეთში, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ იქ, ვიდრე სამხრეთ ოსეთში. შედეგად, არ იყო ხელმისაწვდომი არანაირი ინფორმაცია ტრეფიკინგის არსებობის ან აფხაზური და სამხრეთ ოსური წარმომადგენლების ძალისხმევის შესახებ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფი დევნილები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ტრეფიკინგის მიმართ. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ტრეფიკერებმა მიგრანტები შესაძლოა, იძულებით სამუშაოში ჩართონ აფხაზეთში. ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ აფხაზეთში, შესაძლოა, მოღვაწეობდნენ ექსპლუატაციური სამუშაო პირობების ქვეშ და სახეზე იყოს იძულებითი შრომის მრავალი ინდიკატორი“, – ნათქვამია ანგარიშში.

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძებო, დაივიწყეთ მოწყენილობა და აპათია. ყურადღება მიაქციეთ ახალ ადამიანებს. შესაძლოა, თქვენს გარემოცვაში გამოჩნდეს ის, ვისაც შეუძლია დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმაროთ. დღის მეორე ნახევარში ახლობლებს მეტი დრო დაუთმეთ და თქვენი გრძნობები გაუზიარეთ. საღამოს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ვარჯიში ან სპორტული აქტივობა სუფთა ჰაერზე. ზედმეტი ემოციების გამოხატვას მოერიდეთ. ნუ დაუჯერებთ ყველა შემხვედრს, რადგან მომავალში ეს მხოლოდ გულისტკენას მოგიტანთ.

კურო

ახალი ბიზნესიდეა კარგ მოგებას მოგიტანთ. გარშემო მყოფებთან ზედმეტ გულწრფელობას მოერიდეთ – ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს. ყურადღება მიაქციეთ ბედის მინიშნებებს, ისინი დღეს მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემასა და პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავებმა გზა თითქმის ყველა მიმართულებით გაგიხსნეს. წარმატება გელით როგორც კარიერულ წინსვლაში, ისე ხელფასის მატებაში. შესაძლოა, შეგრძნება გაგიჩნდეთ, რომ კოლეგები უსამართლოდ გექცევიან. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ყურადღება არ მოადუნოთ.

ტყუპები

შესანიშნავი დღეა პროფესიული საქმიანობის შესაცვლელად, ხელმძღვანელობასთან საუბრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. შეიძინეთ ნივთი, რომელზედაც დიდი ხანია ოცნებობთ – ეს შესაძენი მოგებიანი იქნება. სავარაუდოდ, სამუშაო დღის ბოლოს ხელმძღვანელობის ან პარტნიორებისგან შექებას მიიღებთ. წარმატებული ტენდენციების მიუხედავად, სასურველია, რომ საქმიანი შეხვედრები სხვა დღეებში დაგეგმოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რათა ახლობელ ადამიანს გული არ ატკინოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, თითქმის ყველა საქმეში წარმატებას მიაღწევთ. თქვენი ბოლოდროინდელი მონდომებისა და წარმატებების მიუხედავად, კარიერულ წინსვლამდე ჯერ კიდევ შორსაა. ნუ ენდობით ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. განსაკუთრებით მოერიდეთ მასთან სამომავლო გეგმების განხილვას. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საქმიანი საუბარი, ხოლო სამსახურის შემდეგ – შეხვედრა. ეცადეთ, ამ დღეს გარშემომყოფები არ გააბრაზოთ და წვრილმანებზე წუწუნი შეწყვიტეთ, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

ლომი

ლომებო, ამ დღეს აუცილებელ მხარდაჭერას ვერ მიიღებთ და ვერც იგრძნობთ, ამიტომ საქმიანი მოლაპარაკებებისას თავშეკავება და ყურადღება გამოიჩინეთ. ხელს ნუ ჩაიქნევთ, თუ მოვლენები თქვენთვის სასურველი სცენარით არ ვითარდება. გახსოვდეთ, რომ სირთულეების დაძლევა და გაუგებრობების მოგვარება შესაძლებელია. ეცადეთ, მოქმედების ტაქტიკა რადიკალურად შეცვალოთ. უსმინეთ საკუთარ გულს – ის გიკარნახებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ. სიბრძნე და თავდაჭერილობა ნეგატიური ემოციებისა და უსიამოვნო შთაბეჭდილებების დაძლევაში დაგეხმარებათ, რომელიც საყვარელ ადამიანთან საუბრის შემდეგ დაგრჩათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ვარცხნილობის შეცვლისთვის – ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ. მოერიდეთ ბასრ საგნებთან და ინსტრუმენტებთან მუშაობას, რადგან არსებობს ჭრილობების რისკი. სიზმარი, რომელსაც ამაღამ ნახავთ, შეიძლება რეალობად იქცეს. გაუწოდეთ დახმარების ხელი მოლოდინში მყოფებს – შესაძლოა, მათთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს. ასეთ შემთხვევებში ყველაფერი ბუმერანგივით ბრუნდება. გირჩევთ ოჯახური ბიუჯეტი აკონტროლოთ და უსარგებლო ხარჯები შეამციროთ.

სასწორი

სასიყვარულო ურთიერთობა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. ხვდებით, რომ თქვენი გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ ნელ-ნელა სუსტდება. მიზეზი ხშირი კონფლიქტები და დატვირთული სამუშაო გრაფიკია. ოჯახში შესაძლოა უთანხმოება წარმოიშვას. თუ ამას არ დაუშვებთ, ყველაფერი კარგად იქნება. დილას კოლეგებისგან ან ძველი მეგობრებისგან სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ. ეცადეთ, ამ დღეს სამსახური მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ან სერიოზულ საქმეებთან არ დააკავშიროთ. გზაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

მორიელი

ამ დღეს ვარსკვლავები მორიელების წესებით მოქმედებენ. უამრავი მოვლენა გელით, ამიტომ ყველაფრის მოსასწრებად უნდა აჩქარდეთ. ურთიერთობები დაშლის ზღვარზეა, თუმცა შინაგანი ხმა სწორ გზას გიჩვენებთ და კონფლიქტების თავიდან აცილებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში პაუზა გააკეთეთ, დაისვენეთ და საღამოსთვის გეგმები შეადგინეთ. ამ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, აქტიურობა და ემოციური ბალანსი. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა რესპირატორული დაავადება აირიდოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენგან ბევრს ელიან, თუმცა თქვენს სურვილებს არავინ ითვალისწინებს. პანიკას ნუ აჰყვებით და თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, პოზიციებს ნუ დათმობთ. გახსოვდეთ, რომ შურიანებს ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდებათ. მოერიდეთ ორაზროვან სიტუაციებს, რომლებიც ურთიერთობაში გაჩნდა. თუ არჩევანის წინაშე დადგებით, უპირატესობა მიანიჭეთ მზრუნველს და არა გულუხვს – გულუხვობა და საჩუქრები დროებითია.

თხის რქა

დღეს თქვენი მთავარი ამოცანაა არ გადააჭარბოთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს და თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ არავის მოუყვეთ – თაღლითებს არ სძინავთ. სამსახურში ნუ გადაიტვირთებით. გააკეთეთ იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ. როგორც კი ოდნავ შეუძლოდ იგრძნობთ თავს, დაისვენეთ. ახლა მთავარი თქვენი ჯანმრთელობა და კარგი განწყობაა.

მერწყული

თავს ისე მხნედ გრძნობთ, როგორც არასდროს, თუმცა ვარსკვლავების განლაგების გამო არსებობს შეცდომების რისკი, განსაკუთრებით ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობისას. შესაძლოა, პოტენციურმა კლიენტებმა თანამშრომლობაზე უარი გითხრან. მძიმე სამუშაოსგან თავი შეიკავეთ – ნუ გადაიტვირთებით – დაღლილობის გამო შეიძლება ქრონიკული დაავადებები გამწვავდეს. წარსულის შეცდომებს ნუ გაიმეორებთ, თორემ ადამიანი, რომელმაც ერთხელ გაპატიათ, შეიძლება საბოლოოდ დაკარგოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი წამოწყებისა და, რა თქმა უნდა, სამუშაოსთვის. თამამად შეუდექით იდეების განხორციელებას, რადგან ყველა საქმე წარმატებით დასრულდება. პლანეტები ნებისმიერ ქმედებაში წარმატებას გპირდებიან, თუმცა ზედმეტი ხარჯებისგან თავი უნდა შეიკავოთ. მით უმეტეს, რომ შეძენილი ნივთები იმედებს გაგიცრუებთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ან დაუგეგმავი პაემანი, რაც თქვენს მომავალზე დადებითად აისახება. მარტოხელა თევზებს რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ, რომელზედაც მათი მომავალია დამოკიდებული.

 ,,ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა”- ჩინეთის ელჩი

ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ძლიერდება.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, მივყვეთ ისეთ განვითარების გზას, რომელიც ჩვენი ხალხების მიერ არის არჩეული და ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას შეესაბამება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საკუთარი ძირითადი ინტერესების, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად ძლიერდება, ხშირია მაღალი დონის ვიზიტები, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ინარჩუნებს დადებით იმპულსს. 2024 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 2.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10% წლიურ ზრდას შეადგენს. ორმა მხარემ ახლახან დაასრულა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ თბილისში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხარისხის გაუმჯობესებას. ორივე მხარე აქტიურად უწყობს ხელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობას და მუდმივად აღრმავებს თანამშრომლობას. წელს ჩვენი ქვეყნების განათლების სამინისტროებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უმაღლესი განათლების ურთიერთაღიარების შესახებ, ჩინური ენა შეტანილია უცხო ენის სასწავლო პროგრამაში საქართველოს საჯარო სკოლებში. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება სხვადასხვა, მათ შორის ტურიზმისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს სტრატეგიულ პარტნიორობას.

წელს, პირველი მაისის დღესასწაულის დროს, საქართველო ჩინეთის ათ ყველაზე მზარდად მოთხოვნად საზღვარგარეთულ ტურისტულ მიმართულებას შორის იყო. იმედი გვაქვს, ჩვენი ქართველი მეგობრები უფრო ხშირად ეწვევიან ჩინეთისსხვადასხვა ადგილებს და უკეთ შეიცნობენ რეალურ ჩინეთს“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

ჩინეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით, ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები მტკიცედ ვითარდება და არსებობს თანამშრომლობის ფართო პერსპექტივები.

„ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და ორი ქვეყნის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტი სიკეთის მომტანი გახადოს ჩვენი ხალხებისთვის.ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ვუსურვებ განვითარებას, აყვავებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას,ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ვუსურვებ კიდევ უფრო დიდი სიმაღლეების მიღწევას,ჩინეთს, საქართველოს და მსოფლიოს კი – მშვიდობასა და კეთილდღეობას!გმადლობთ!”, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

,,ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო და დინამიურ პარტნიორობას”- ირაკლი კობახიძე

დღეს ჩინეთი სამაგალითოა ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის იმით, რომ წინსვლაზე, მოდერნიზაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოა და გლობალურ მშვიდობას აძლიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს და ჩინელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ჩინეთის მნიშვნელოვან წვლილს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებაში.

“ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო და დინამიურ პარტნიორობას. ჩვენი მეგობრობა ურთიერთპატივისცემას, ნდობასა და საერთო პრიორიტეტებს ეფუძნება. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანა ჩვენი საერთო ინტერესების სიღრმეს ასახავს. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას და სრულ მზადყოფნას, გააძლიეროს თანამშრომლობა ყველა სფეროში.  დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ინიციატივები და პროექტები ამ პარტნიორობას განამტკიცებს და მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. 

“სარტყელისა და გზის” ინიციატივა, შუა დერეფნის მეშვეობით სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებთან ერთად, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს ჩვენი პარტნიორობის გასაღრმავებლად და ჩვენს ერებს შორის ძლიერი კავშირების გასამყარებლად. საქართველოსა და ჩინეთის დინამიურმა თანამშრომლობამ, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებებმა, სავიზო რეჟიმის  გამარტივებამ და ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკაში ერთობლივმა ინვესტიციებმა გააძლიერა ეს როლი და აჩვენა შუა დერეფნის, როგორც კავშირის გაძლიერების, ვაჭრობის გაფართოებისა და ურთიერთსასარგებლო შესაძლებლობების შექმნის პლატფორმის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ჩინეთს შორის მტკიცე მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მეტად  ძლიერი პარტნიორობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საზეიმო მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.

შესრულდა ჩინეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რუსეთმა წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენცია დატოვა

რუსეთმა წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენცია დატოვა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენციის დენონსირების შესახებ“.

მანამდე კონვენციიდან გასვლას მხარი რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაუჭირა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტში რუსეთის მუშაობას ბლოკავს და რუსეთს საშუალებას არ აძლევს, რომ კომიტეტში თავისი წარმომადგენელი აირჩიოს.

სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში აღნიშნეს, რომ კონვენციიდან გასვლა რუსეთის მიერ წამების პრევენციის გარანტირების დონეზე გავლენას არ მოახდენს.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომლითაც კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი – თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.

კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის:კოსმეტიკური პროცედურებისთვის – 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის “IPhone”-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის – ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის – სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია – 191 643 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების – გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის – ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში „პორშეს“, „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.

სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე – 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე – 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის – 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად – 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად – 250 000 ლარამდე და სხვ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს განაჩენთა ერთობლიობით მისჯილი აქვს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ორი სისხლის სამართლის საქმე – სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტი, რომლებზეც უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები, განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები დასრულდა

საარჩევნო ადმინისტრაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ინტენსიური გადამზადება უზრუნველყო.

ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ მომზადებული პროფილური სასწავლო პროგრამების მიხედვით:

  • 2284 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით (ხუთი ეტაპი);
  • 767 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დეტალური ინსტრუქტაჟი გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების რეგულაციებზე (ოთხი ეტაპი);
  • პენიტენციურ დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კი გადამზადება შესაბამისი პროფილური მიმართულებით გაიარეს (ერთი ეტაპი).

პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკას, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ჭრილში.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩათვლით, ყველა პროცედურულ საკითხზე სპეციალიზებული ცოდნა  ეტაპობრივად, თემატურად შედგენილი პროგრამების მიხედვით მიიღეს. ტრენინგები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით განხორციელდა. მოიცავდა როლურ თამაშებს, ელექტრონულ აპარატებთან მუშაობის მოდელირებას და კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 279-მა ტრენერმა ჯამურად უზრუნველყო 6423 სატრენინგო სესიის ჩატარება, მათ შორის:

  • 4970 სატრენინგო სესია – საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით წარმართავენ;
  • 1453 სატრენინგო სესია – საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ჩაატარებენ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 127-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 127-ე შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.

ასევე იმსჯელეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე.

„ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი 10 თანამოქალაქე მალე დაბრუნდეს საკუთარ ოჯახებში. გარდა ამისა, შევეხეთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს, რაც დაფიქსირდა საანგარიშო პერიოდში. სამწუხაროდ, ამასთან მიმართებით მონაწილეების მხრიდან პოზიცია, ცხინვალიდან და ასევე რუსეთის ფედერაციიდან არის უცვლელი, თუმცა თითოეული შემთხვევა გავიარეთ დეტალებში და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია ამგვარი დასტრუქციული ქმედების მიუღებლობის შესახებ. დღეს ეგრეთ წოდებული გადასასვლელები ფუნქციონირებენ მხოლოდ ნაწილობრივ და ისიც ყველას არ აქვს უფლება ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გაჟღერდა პოზიცია, რომ აღნიშნული გადასასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს პერმანენტულად“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

“კრემლი თავისი უგუნურობით ნაპოლეონისეულ “მაქსიმას” – “ქცევის უმაღლეს პრინციპს” – ივიწყებს“- The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „კრემლი თავისი უგუნურობით ნაპოლეონისეულ „მაქსიმას“ – „ქცევის უმაღლეს პრინციპს“ – ივიწყებს“ (ავტორი – ოუენ მეთიუზი). „რუსეთის მცდელობები ნატოს წევრებს შორის უნდობლობის დასათესად უკუშედეგს იწვევს: კრემლის ქცევით ალიანსს ახსენდება, თუ ვინ არის მისი ჭეშმარიტი მტერი“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„არასოდეს ხელი არ უნდა შეუშალოთ მტერს შეცდომის დაშვებაში“ – ამბობდა ნაპოლეონი. ბოლო დროს რუსეთის მოქმედება სწორედ ისეთია, რომელიც სავსებით თავსდება ბონაპარტის შეგონებაში: კრემლი შეცდომას უშვებს, როცა თავისი დრონებითა და თვითმფრინავებით მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცეს არღვევს. მას ხელს არ უშლიან და შეცდომის გამეორებას ელოდებიან, რომ პასუხი გასცენ.
იმის ნაცვლად, რომ ევროპელ მოწინააღმდეგეებში შიში და ძრწოლა დათესოს, ვლადიმერ პუტინი თავისი წვრილმანი ხულიგნობით პირუკუ შედეგს იღებს – ნატოს წევრები ივიწყებენ თავიანთ უთანხმოებას ერთმანეთის მიმართ და კოლექტიურად გამოდიან კრემლის წინააღმდეგ, ანუ პუტინის მოქმედება ახსენებს ალიანსის წევრებს, თუ რა მიზნით არის შექმნილი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი.
ავიღოთ, მაგალითად, პოლონეთი, რომლის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ პერმანენტულად უარესდებოდა იმ მომენტამდე, სანამ რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევდნენ. ამ ინციდენტამდე სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკი აცხადებდა, რომ უკრაინის მიღება ევროკავშირში და ნატოში ნაადრევია და, საერთოდ, მიზანშეწონილი არ არის, რადგან რუსეთთან კონფლიქტის რისკები მატულობსო. სხვათა შორის, სწორედ ეს არის ვლადიმერ პუტინის საკვანძო მოთხოვნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ (და ომის დაწყების მიზეზიც), ანუ ნავროცკის განცხადება ზუსტად ჯდებოდა კრემლის სურვილებში. გარდა ამისა, ვარშავის ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებსაც მეტ-ნაკლებად ჰქონდა „პრორუსული შეფერილობა“ – მაგალითად, უკრაინელი ფერმერების პროდუქციის იმპორტის შეზღუდვა, უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სოციალური დახმარებების შემცირება…

და როგორც კი რუსული დრონები პოლონეთის ცაზე გამოჩნდნენ, ვარშავა იძულებული გახდა ისევ გადაედგა მწვავე ანტირუსული ნაბიჯები: გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კრემლის დელეგაციის გასაგონად ასე განაცხადა: „გაფრთხილებთ: თუ კიდევ ერთი თქვენი რაკეტა და დრონი ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოიჭრება – სპეციალურად თუ „შეცდომით“ – ჩვენ მას აუცილებლად ჩამოვაგდებთ და საპასუხო ზომებს მივიღებთ. ამიტომ წინასწარ გეუბნებით: ნუ დაიწყებთ გაეროში საჩივრების წერას და განცხადებების გაკეთებას“.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა კი უფრო მკაფიოდ განაცხადა: „უკრაინის უსაფრთხოების დაცვისათვის ნატოს სამომავლო გარანტიები იმით უნდა გამოიხატოს, რომ თუ რუსეთი ისევ ომს დაიწყებს, ალიანსმა უკან არ უნდა დაიხიოს და რუსეთს ომი უნდა გამოუცხადოს“. რუსებმა, თავის მხრივ, პარიზში აკრედიტებული ელჩის ალექსი მეშკოვის პირით, განაცხადეს, რომ თუ ნატო მართლაც ჩამოაგდებს რუსულ თვითმფრინავს, ომი მართლაც გარდაუვალი იქნება.
ალბათ, შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო, როცა რუსულმა სამხედრო ავიაციამ ამას წინათ ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია – რუსეთის რამდენიმე ავიაგამანადგურებელი ბალტიის ზღვის აკვატორიაში, ესტონეთის ტერიტორიული წყლების ზემოთ საჰაერო სივრცეში, 14 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. კიდევ კარგი, რომ 14 წამი ძალიან მცირე დროა ნატოს მხრიდან საპასუხო ზომების მისაღებად (თვითმფრინავების ჩამოსაგდებად), თორემ ინციდენტი, დიდი რისკით, ნატო-რუსეთის არასასურველ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა. იმიტომ, რომ ბალტიის ქვეყნებს [ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას] თავიანთი ავიაგამანადგურებლები არ ჰყავთ და მათ საჰაერო სივრცეში გერმანიის, რუმინეთისა და თურქეთის კუთვნილი თვითმფრინავები პატრულირებენ.

გაუგებარია, რისი მიღწევა უნდა კრემლს მსგავსი წვრილმანი „ხულიგნობებით“. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი, ჩვეულებრივად, მსგავს დარღვევებს არასოდეს არ აღიარებს, იბადება კითხვა – რა მიზანი აქვს ვლადიმერ პუტინს? სავარაუდო პასუხი ასეთი შეიძლება იყოს: რადგან რუსეთის მთავრობას ბოლო დროს სერიოზული პრობლემები შეექმნა მოსახლეობის საწვავით უზრუნველყოფაში (უკრაინული დრონების მიერ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანების შედეგად), პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს რუსებს სიტუაცია ისე წარმოუდგინოს, რომ ქვეყანა ნატოსთან ომის მდგომარეობაში იმყოფება და სიძნელეებს უნდა გაუძლონ.

რუსები თავიანთი სახელმწიფო ტელეკომპანიების გადაცემებში ყოველდღიურად ისმენენ ევროპელი პოლიტიკოსების ანტირუსულ აგრესიულ განცხადებებს, განსაკუთრებით ექსტრემისტულად განწყობილი პირების მხრიდან – მაგალითად, ლიეტუვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი პირდაპირ ამბობს, რომ თუ მოსკოვი კვლავ დაარღვევს ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს, ალიანსმა რუსეთის ტერიტორია გერმანული წარმოების რაკეტით „ტაურუსით“უნდა დაბომბოსო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვლადიმერ პუტინი ბოღმიანი და პატივმოყვარე ლიდერია, იგი, ალბათ, გაცოფდებოდა, თუ ნატო მართლაც ესროდა რუსეთის თვითმფრინავს ან ბალტიის ზღვაში მცურავ რუსულ გემს გასაჩხრეკად გააჩერებდა. მაგრამ კრემლმა კარგად იცის თავისი სისუსტეები და სწორედ ამიტომ ის პროვოკაციები, რომლებსაც ის ახორციელებს, წვრილმანი და ხულიგნურია. საეჭვოა, რომ ეს ყველაფერი რეალური ესკალაციის გამოსაწვევად კეთდება.

ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, თვლის, რომ მისი მხრიდან იარაღის ჟღარუნი ევროპას აშინებს, თანაც იმ დროს, როცა თეთრმა სახლმა უკრაინის მიმართ თავისი სამშვიდობო პასუხისმგებლობა მოიხსნა და ევროპას გადააბარა. მაგრამ კრემლი შეცდომას უშვებს: რუსების მიერ იარაღის ჟღარუნის გამო ნატოს წევრები ერთმანეთის მიმართ შიდა უთანხმოებას ივიწყებენ – ევროპელებს ახსენდებათ, თუ ვინ არის მათი ჭეშმარიტი მტერი და მოწინააღმდეგე.

წყარო: