Home Blog Page 20

,,საქართველო არ უნდა გახდეს სირია, ლიბია, ან უკრაინა!”- სოსო მანჯავიძე

,,10 დეკემბერს დადებული პოსტია. ზოგიერთმა მომწერა. არაფერი ეგეთი არ მოხდება, სირიაში დემოკრატიული ძალები მოვიდნენ სათავეში და ეგ კარგია ჩვენთვისო))))) საინტერესოა, ახლა რას იტყვიან. ევროპული მედია კი ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს ალავიტების და ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტას. მათ უსირცხვილობას და უზნეობას საზღვარი მართლაც არა აქვს. თურმე ნუ იტყვით, სირიის ხელისუფლებაში მოსული ტერორისტული დაჯგუფებები ლეგიტიმური და დემოკრატიული ხელისუფლება ყოფილა, ხოლო საქართველოს მთავრობა კი არალეგიტიმური და არადემოკრატიულია. სირიაში ასადის გაქცევის შემდეგ ხელისუფლებაში ადრე ყველასგან ტერორისტულ დაჯგუფებებად ცნობილი პროთურქული ჰაიათთაჰრირ ალ შამი და ჯაბჰათ ალ ნუსრა მოვიდნენ. დღეს ნეთანიაჰუ კმაყოფილი სახით გადაჰყურებდა გოლანის მაღლობებიდან სირიას. ,,ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილების შემდეგ ჩვენ აღარ ვართ შეზღუდული იმ ვალდებულებებით , რომელიც აღებული გვქონდა”-განაცხადა მან. ამიტომ ისრაელის არმია სირიის ტერიტორიაზე კონტროლის ზონას აფართოებს. ჩრდილოეთ სირია თურქეთის კონტროლის ქვეშაა. ამერიკელები ქურთებით დასახლებულ რეგიონებში არიან გამაგრებული. რუსები ტარტუსსა და ხმეიმიმში ელოდებიან სიტუაციის განვითარებას. დაიწყო დამასკოს, ჰომსის, ჰამას და სხვა ქალაქების ძარცვა. ისლამისტი მებრძოლები ჰარამხანებს ქმნიან ტყვე ქალებისგან. დაიწყო ლინჩის წესით დასჯები თავის მოკვეთით. გენოციდის საფრთხის ქვეშ არიან ალავიტები, დრუზები და ქრისტიანები. სირია ძველი ფორმით ვეღარ იარსებებს და იწყება ომი ყველა- ყველას წინააღმდეგ. რაც გლობალურ დაპირისპირებას გამოიწვევს. ამ დროს კი ჩვენი ლიბერდეგენერატები ზეიმობენ, რადგან ამ მოვლენას რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების კონტექსტში განიხილავენ. ამ დროს, ეს მოვლენები ჩვენთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო-ჩვენს თვალწინ უზარმაზარი ტრაგედია თამაშდება. იშლება ქვეყანა და ის ნაწილდება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ აქტორებს შორის, რასაც ასეთ დროს ჩვეულებრივი ეთნიკური წმენდები მოჰყვება. გარდა ამისა. ისლამისტი მებრძოლების შემდეგი სამიზნე, დიდი ალბათობით, კავკასია იქნება. 2011 წლის დაწყებული ფერადი რევოლუციის შედეგი სახეზეა. 5 მილიონი დევნილს, ნახევარ მილიონი დაღუპულს, კიდევ გაურკვეველი რაოდენობის დევნილი და დაღუპული დაემატება. ჰოდა, აქ ზოგიერთი პოლიტაფოფინებული ქალბატონი აღტაცებას გამოთქვამს. ეტყობა, ძალიან მოსწონს ჰაიათთაჰრირ ალ-შამის რომელიმე მებრძოლის ჰარამხანაში მოხვედრის პერსპექტივა. იქ აუცილებლად დაიცავენ მათ უფლებებს და მოძალადე რეჟიმისგან დაიხსნიან, ასევე ექნებათ საშუალება კარგად გაიხსენონ საქართველოს ისტორია 16-18 საუკუნეებში. თუმცა, მათიც მესმის, ისეთი დამცველები ჰყავთ, რომ აქ ვერ შემოგვბედავენ, ჯერ მარტო პაველჰერჩინსკი რად ღირს. ახლა სერიოზულად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მოვლენების ძალისმიერ სიბრტყეში გადაყვანა, სათავეშივე უნდა აღიკვეთოს შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბება. საქართველო არ უნდა გახდეს სირია, ლიბია, ან უკრაინა! უკაცრავად და -სულ არ მაინტერესებს ილუზიებში მყოფი სუბიექტების სენტიმენტალიზმი და ე.წ. ცნობადი სახეების იდიოტური გამოხტომები. მათ შორის მათივე ინტერესებშია ქვეყანაში შენარჩუნდეს კონსტიტუციური წესრიგი. ამაზე პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებასთან ერთად თითოეულ შეგნებულ საქართველოს მოქალაქეს ეკისრება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუტაროთ ბულინგი და ზიზღის ფრქვევა, პასუხი უნდა გავცეთ, მაგრამ არ გვძულდეს, გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები ძირითადად სადაზვერვო პროპაგანდის მსხვერპლნი არიან. ის, რომ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო და ბევრი რამ არ გაკეთდა, რაც უნდა გაკეთებულიყო, ან გაკეთდა ის , რაც არ იყო გასაკეთებელი-ცალკე საკითხია. მთავარია, ქვეყანა არ გადავაყოლოთ ნგრევისა და სისხლისღვრის ჟინით შეპყრობილ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს. მერე თვითონ გვეტყვიან რატომ არ გაგვაჩერეთო, როგორც მაგალითად, ახლა გვეუბნება პუტჩისა და ვარდების რევოლუციის ბევრი აქტიური
მონაწილე.” – წერს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

,,სანქცირებულთა სიები შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან”- ვლადიმერ ბოჟაძე

„სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს საქართველოს და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ახლა, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ღიად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სანქცირებულთა სიები შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან.

„აქ არ არის ხელისუფლებაზე საუბარი, აქ არის საქართველოს მტრობაზე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების მტრობაზე საუბარი.

სიები, რომლებიც ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნიდან, შედგენილია საქართველოში და გადაგზავნილია საქართველოდან. როგორც წესი, შემდეგ ყოველგვარი აპელაციის გარეშე, ისე, რომ კონკრეტული ადამიანების თანამდებობასაც კი აღარ კითხულობენ ხანდახან, ვის რა თანამდებობა უკავია, პირდაპირ, უაპელაციოდ წერენ სიაში.

სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს საქართველოს და საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ერთად შევძელით, თავი დაგვეღწია საბჭოთა კავშირისთვის, ახლა, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე ღიად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბოჟაძემ. 

 ,,ოპოზიციას პატარა წარმატების შანსიც კი არ აქვს”- ლევან მაჭავარიანი

„მე მათ ვურჩევ, რომ მალე გამოვიდნენ პარალელური სამყაროდან, დაბრუნდნენ რეალობაში, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ვინაიდან წააგებენ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით, როგორც წააგეს ყველა წინა არჩევნები“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას პატარა წარმატების შანსიც კი არ აქვს. 

„ისინი გრძნობენ, რომ მათ აქვთ ნულოვანი შანსი გამარჯვების, პატარა წარმატების მიღწევისაც კი. შესაბამისად, ახლა ცდილობენ, ეს ყველაფერი გადააბრალონ იმას, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები მაღალ დონეზე არ იყო ჩატარებული და აქედან გამომდინარე, რა აზრი აქვს თვითმმართველობის არჩევნებს. დღემდე ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერაფერზე ვერ დადო“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

ტრამპი ამერიკული ბაზების გერმანიიდან უნგრეთში გადატანას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული ჯარების გერმანიიდან გამოყვანას და მათ უნგრეთში განლაგებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ტელეგრაფი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპი განიხილავს გერმანიიდან დაახლოებით 35 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესაძლებლობას, რაც პოტენციურად კიდევ უფრო გააუარესებს ურთიერთობებს აშშ-სა და ევროპას შორის.

როგორც მედია წერს, შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ დაახლოებით 160 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, მათი დიდი უმრავლესობა გერმანიაშია.

„ტრამპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ევროპა თითქოს ომისკენ უბიძგებს“, – განუცხადა გამოცემას თეთრ სახლთან დაახლოებულმა წყარომ.

„მიუხედავად იმისა, რომ რაიმე კონკრეტული განცხადებები არ იგეგმება, აშშ-ის სამხედროები ყოველთვის განიხილავენ, თუ როგორ გადაანაწილონ ძალები მთელ მსოფლიოში, რათა საუკეთესოდ ვუპასუხოთ ჩვენს ინტერესებს და ამჟამინდელ საფრთხეებს“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა.

ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის დაპირისპირება არ ყოფილა -დონალდ ტრამპი

არანაირი დაპირისპირება ილონ მასკსა და მარკო რუბიოს შორის არ ყოფილა, – განუცხადა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხუთშაბათს ტრამპის კაბინეტში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრანსპორტის მინისტრი შონ დაფი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს დაუპირისპირდნენ.

მწვავე კამათის მიზეზი სამთავრობო ხარჯების შემცირების მიზნით ფედერალური სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლება გახდა.

როგორც გამოცემა წერს, დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს მხარს უჭერს, თუმცა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ამიერიდან თავად დეპარტამენტების ხელმძღვანელები მიიღებენ.

„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. მე იქ ვიყავი. ილონი მარკოს მშვენივრად უგებს და ორივე შესანიშნავად მუშაობს. მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის“, – განაცხადა ტრამპმა.

“გრძნობენ, რომ გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვთ – გამარჯვების კი არა, პატარა წარმატების მიღწევისაც კი” – ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე

“ისინი ხვდებიან, რომ თავისივე თამაშში არიან გახლართულები. პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებენ – მთლიანად მარგინალიზებულები არიან თავიანთი ამომრჩევლის თვალშიც და გრძნობენ, რომ გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვთ, – გამარჯვების კი არა, პატარა წარმატების მიღწევისაც,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციის დიდი ნაწილის საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ დღემდე არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო თავად ოპოზიციას ილუზიებისგან მალე გათავისუფლებას ურჩევს.

“ახლა ცდილობენ, რომ ყველაფერი გადააბრალონ იმას, რომ თითქოს საპარლამენტოო არჩევნები არ იყო მაღალ დონეზე ჩატარებული და აქედან გამომდინარე, არ აქვს აზრი თვითმმართველობის არჩევნებს. დღემდე, ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერაფერზე ვერ დადო, ზღაპრებს რომ ჰყვებოდნენ. რაც უფრო მალე გამოვა ოპოზიცია ამ ილუზიიდან, მათთვის უკეთესია,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას დაბადების დღეა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მოედანზე, გენო ადამიასა და ჟიული შარტავას ბიუსტები ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი. მოგვიანებით, სამსახურის ხელმძღვანელმა, თანმხლებ პირებთან და ვეტერანებთან ერთად, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე გენო ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას დღეს 89 წელი შეუსრულდებოდა.

გენო ადამია 1990-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის 23-ე ბრიგადის ფორმირებაში.

1993 წელს, გენო ადამიას, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომში, მასთან ერთად, მისი ორი ვაჟი-გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ. გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2020 წლის 22 სექტემბერს, გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

კობა კობალაძემ ფოთში ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერან ქალბატონებს- ცირა ფუტკარაძეს, ნინო ქაჯაიასა და ნანა ნადარეიშვილს ესტუმრნენ, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, მათ ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

სამსახურის დირექტორმა, ვეტერან ქალბატონებს, ქვეყნის ერთგული მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა,დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა.

ქალბატონებმა მადლიერება გამოხატეს სამსახურის დირექტორის მიმართ და აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებით სასიხარულოა და, ამავე დროს, უდიდესი პატივია, მათ ოჯახებში, დღევანდელ დღეს, კობა კობალაძის სტუმრობა; აღნიშნეს, რომ წლევანდელი 8 მარტი, მათთვის გამორჩეულ დღედ იქცა სამსახურის ხელმნძღვანელობის მიერ გამოჩენილი ყურადღებით. ვეტერანმა ქალბატონებმა, კობა კობალაძეს და სამსახურს მადლობა გადაუხადეს დაფასებისთვის, იმ ძალისხმევისთვის, რასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არ იშურებს მისი ბენეფიციარების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ცირა ფუტკარაძე, ნინო ქაჯაია და ნანა ნადარეიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები გახლავთ. ისინი, აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში მსახურობდნენ და დღესაც ამ უწყებაში ემსახურებიან ქვეყანას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა ყველა ქალბატონს კიდევ ერთხელ ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას და ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს.

ხისტი განცხადებების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია პრორუსული არ არის-მიხაილო პოდოლიაკი

Adviser to the President of Ukraine Volodymyr Zelensky, Mykhailo Podolyak, speaks during an interview with AFP in Kyiv, on July 19, 2023, amid the Russian invasion of Ukraine. (Photo by Sergei SUPINSKY / AFP) (Photo by SERGEI SUPINSKY/AFP via Getty Images)

ხისტი განცხადებების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია პრორუსული არ არის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ერთ-ერთ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ეს ცხადია, ვინაიდან რუსეთი აშშ-ის კონკურენტია.

მისი თქმით, ამერიკის ყველა ადმინისტრაცია თავიდან რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას ცდილობდა, თუმცა ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია.

„შეგახსენებთ, რომ ამერიკის ყველა ადმინისტრაცია პირველ თვეებში ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის განტვირთვას და მათთან ნორმალური კომუნიკაციის დამყარებას, მაგრამ რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია. ახლა რუსეთში სხვადასხვა დონეზე საუბრობენ იმაზე, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ. ისინი იმ ტერიტორიებსაც კი ითხოვენ, რომლის აღებაც სამხედრო გზით არ შეუძლიათ. უკრაინას ვერავინ აიძულებს კაპიტულაციას, ეს არც ევროპის, არც აშშ-ის ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, მათი გადაწყვეტილების გათვალისწინებას არავინ აპირებს-ვლადიმერ ბოჟაძე

ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, მათი გადაწყვეტილების გათვალისწინებას არავინ აპირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძეს კითხვა დაუსვეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების გამო და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, კანონი მილიონობით ქართველის დავალებით იქნა მიღებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებებისთვის.

„თქვენ იცით, რომ ეს კანონი მილიონობით ქართველის დავალებით მივიღეთ. გახსოვთ ყველას 17 მაისი, როცა მილიონამდე ქართველი გამოვიდა და ჩვენთვის, უძველესი ქრისტიანული ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონპროექტი, რომელიც მივიღეთ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ამის გათვალისწინებას არავინ აპირებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ღირებულებებისთვის. საწყენია, რომ ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს ასეთ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. იცით, რომ ამ კანონმდებლობით არავის უფლებები არ ირღვევა, პირიქით, ვიცავთ არასრულწლოვნების უფლებებს, იმ ადამიანების უფლებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რაზეც ვისაუბრე. ამიტომ ეს კიდევ ერთი სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება და დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად-სახალხო დამცველი

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას თემით – „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები, თანასწორობა გაძლიერება“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში.

„წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ყველა ქალისა და გოგოსთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობას და მოგვიწოდებს უფრო მეტად ვიმოქმედოთ რეალური ცვლილებების მისაღწევად.

ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში“, – წერს იოსელიანი.

უკრაინის ქალაქ დობროპილიაზე რუსეთის იერიშის შედეგად, 11 დაიღუპა

გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია.

დაზიანებულია ხუთი რვასართულიანი შენობა, ასევე ავტომობილები. ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობაში.

„ცეცხლის ჩაქრობის დროს ოკუპანტებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს, სავარაუდოდ, „შაჰედით“, რამაც დააზიანა სახანძრო მანქანა“, – განაცხადეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.