Home Blog Page 20

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8310 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8367 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9171 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9232 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა

ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს – Financial Times

 “ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს” – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ბრიუსელის შიშს იწვევს ის, რომ ტრამპმა ბაიდენის გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ გააუქმოს, რომ ისინი წინამორბედმა მიიღო და მან არ განიხილოს ის, თუ რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯს ევროპელ მოკავშირეებზე.

“ბლოკის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ტრამპი შეინარჩუნებს სანქციებს, რათა გამოიყენოს როგორც პოტენციური ბერკეტი მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებში”, – წერს Financial Times-ი.

გამოცემა იხსენებს, რომ გასული წლის ზაფხულს ევროკავშირის კომისიამ შექმნა მაღალი თანამდებობის პირებისგან შემდგარი შიდა გუნდი, რათა შეემუშავებინათ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის პოტენციური ზემოქმედების სტრატეგია და ის, თუ როგორ შეეკავებინათ ან რეაგირება მოეხდინათ მათზე. კომისია ძირითადად ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოტენციური სავაჭრო კონფლიქტები, აშშ-ის მხარდაჭერის შემცირება უკრაინისადმი და ვაშინგტონის პოზიციის შესაძლო ცვლილება ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ.

თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი:  პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა-მამუკა მდინარაძე

თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი – თავს ზედმეტად ნუ დაიიმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას თემურ ჭყონიას განცხადებაზე.

მდინარაძის თქმით, როდესაც ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს, საქართველოს მოქალაქე კი სხვის ინტერესებს ატარებს, „ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით საკუთარი სამშობლოს წინაშე მავნებლობა აღარ არსებობს“.

„არ ვიცი მე მისი [თემურ ჭყონიას] ლიცენზიის პირობები, მაგრამ ლიცენზიის პირობებში ჩახედოს კარგად. ბევრი მსგავსი კომპანია გამიგია, რომელიც თავის ფილიალებს ასანქცირებს იმის გამო, რომ პოლიტიკაში ერევიან. აქედან გამომდინარე, სულ ყველამ თავს მიხედოს, ვინც დაიმედებულია ქართველი ხალხის არჩევანის დასანქცირებით. ყველა დაფიქრდეს, როგორ ვითარდება მსოფლიოში მოვლენები გეოპოლიტიკური მიმართულებით. მსოფლიოში რა ხდება და ესენი აქ დარბიან – ბებიას Бабушка ვერ ერქმევა, მაიმუნს – Обезьяна, ძაღლს – Собака და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ჭადრაკის დაფის და „მაიდნის“ მოდელებს გადმოიტანენ ხოლმე. მსოფლიოში ცოტა სხვანაირად ვითარდება მოვლენები და ცოტა სხვა მასშტაბურ, გლობალურ გადალაგებებთან და ტურბულენტობასთან გვაქვს საქმე. ამ გლობალურ ტურბულენტობაში და იმ გლობალურ პროცესებში, რომელიც ადრე წლები ვითარდებოდა, ახლა დღეებშიც იცვლება ხოლმე. ვხედავთ, როგორ დაჩქარდა პროცესები. კიდევ კარგი, უმრავლესობა ითავისებს ამას და იქნებ გავითავისოთ, რომ ამ დიდი საკითხების გადაჭრის დროს საქართველომ, რაც მთავარია, თავისი თავი შეინარჩუნოს და გადაირჩინოს. ამაზე ვართ ორიენტირებული და შენ, ეთნიკური ქართველი აქ რომ მებრძვი, იქნება ცოტა დაფიქრდე და ცოტა ხანი გვერდზე გაიწიო, რომ ფიზიკურად გადარჩე. როცა იცი, ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს და მაინც ვიღაცის ინტერესებს ატარებ და მერე ცდილობ სხვას მოღალატე დაარქვა, ეს ღალატი კი აღარ არის, ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით საკუთარი სამშობლოს წინაშე მავნებლობა აღარ არსებობს, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ – იქნება ეს ახალგაზრდა, ხანში შესული თუ შუახნის ადამიანი – ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ახლა არის დრო, როცა ამ გლობალური დიდი ძვრების პროცესში ამ პატარა, მაგრამ საბედნიეროდ, ამაყმა ქვეყანამ, ბრძენი ხალხით საკუთარი თავი უნდა გადაირჩინოს და გავიდეს სამშვიდობოს და ფონს საღ სალამათი, ფიზიკურად ცოცხალი და ელემენტარული ეკონომიკით“,- განაცხადა მდინარაძემ.

ზელენსკიმ დაუჯერა დასავლელ ბიუროკრატებს და ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებულია, ჩვენ დავუჯერეთ ქართველ ხალხს, შედეგად მეორე ფრონტადაც არ იქცა ეს ქვეყანა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდით წავიწიეთ წინ – მამუკა მდინარაძე

ზელენსკის ინტერვიუ იმ საკითხების დიდი ლუსტრაცია, რაც ბოლო სამ-ოთხ წელიწადში სამყარომ, ჩვენმა ქვეყანამ, უკრაინამ გამოიარეს. ამ ინტერვიუთი ბევრი რაღაც გაშიშვლდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ზელენსკი საუბრობს უსაფრთხოების გარანტიებზე, ბუდაპეშტის მემორანდუმზე.

„თავის დროზე, უკრაინა იყო ატომური იარაღის მფლობელი ქვეყანა და უსაფრთხოების სანაცვლოდ, მას დაათმობინეს ქვეყნის ერთ-ერთი მყარი გარანტი უსაფრთხოებისა და რეალურად უკრაინის უსაფრთხოება გაქრა. ბოლო წლების განმავლობაში, ისმის კითხვები, რატომ არ უჯერებთ დასავლეთს, რატომ არ ემორჩილებით, რატომ არ უწვდით ხელს. სხვათა შორის, ხელის გაწვდენას და ხელის ჩამორთმევას ჩვენ გვამუნათებდნენ მოქნეულ ხელზე. მერე ჩინეთის გამოწვდილ ხელს რატომ ართმევთო და მოქნეულ ხელს რატომ არ ართმევთო. ასეთი პარადოქსალური ნარატივები იყო ხოლმე, მაგრამ რატომ არ უჯერებთ, როგორც კი ვინმე იკითხავს – ვინც დაუჯერა და ვინც ენდო ამ ბოლო წლებში ჩვენი მეგობარი ქვეყნების ბიუროკრატებს და ლიდერებს, მან რა მოიგო. ნახეთ, ხომ უკრაინაში? ზელენსკიმ დაუჯერა, იმოქმედა მათთან ერთად და ქვეყანა პრაქტიკულად განადგურებულია. ჩვენ არავის დავექვემდებარეთ, არავის დავუჯერეთ, დავუჯერეთ ქართველ ხალხს, მის დაკვეთას, რომ ეს ქვეყანა მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყო, საკუთარ ეკონომიკაზე გვეზრუნა, დამოუკიდებელი მოქმედებები განგვეხორციელებინა, რეალურ დემოკრატიაზე გვეზრუნა და რეალურ, ჭეშმარიტ, ქრისტიანულ, ტრადიციულ, ევროპულ ღირებულებებზე. ფიზიკურადაც გადავრჩით, ომიც არ გაჩაღდა ქვეყანაში და მეორე ფრონტად არ იქცა, ეკონომიკაც განვავითარეთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით წავიწიეთ. ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გავედით პირველ ადგილზე. ამ უდიდესი, რბილად რომ ვთქვათ, ტურბულენტობის პირობებში. ანუ ვისი მოქმედებაა უფრო სწორი, დაჯერება უფრო სწორი აღმოჩნდა, თუ არდაჯერება. ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ რასაც გვირჩევენ, აუცილებლად დავუჯერებთ. არავის დავალებებს არ შევასრულებთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში ვიქნებით ხისტები, როდესაც ეს იქნება ანტიქართული მითითება, დავალება, რეკომენდაცია თუ ა.შ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 ზოგიერთმა გერმანელმა დეპუტატმა ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვა, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში, წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე-მამუკა მდინარაძე

ჩვენი კოლეგა გერმანელი დეპუტატები მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წარმომადგენლების განცხადებას, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული.

„რა იკადრეს ჩვენმა კოლეგა გერმანელმა დეპუტატებმა, დღევანდელი ამბავი იცით? ბუნდესტაგის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უბრალოდ გადაწყვიტეს, ეუთო/ოდირის დასკვნის არაღიარებაზე კი არ მოეწერათ ხელი, ეთქვათ, რომ ეუთო/ოდირი საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. წარმოიდგინეთ, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე. აბა, ვინმეს კითხვა დაუსვით, ამას გმობენ, გამოასწორებენ? მათ იფიქრეს, რომ გერმანიის დეპუტატს ინფორმაციის გავრცელების უფრო ფართო დიაპაზონი აქვს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე რომელიმე ქართველ დეპუტატს, მაგალითად, მდინარაძეს თუ სხვას. უბრალოდ, ასე ძალით გვჯობნიან, რომ მეტი რესურსი აქვთ ინფორმაციის გავრცელების და მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ეუთო/ოდირის მისია საერთოდ არ ჩაუშვეს საქართველოში. უბრალოდ მოიტყუეს. წარმოიდგინეთ, ამას რამდენიმე წლის წინაც არავინ იკადრებდა. თავისი აგენტურის – თუ ისინიც ვიღაცების წარმომადგენლები არიან, ახლა ამაში აღარ შევალ, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით – ქართული აგენტურის, ქართველი ჯაშუშების მხარდასაჭერად თქვეს, რომ ეუთო/ოდირის მისია თურმე საერთოდ არ ჩამოგვიშვია საქართველოში. ასეთი თავხედური და ხელის გადაგრეხის ძალიან ბინძური მეთოდების შემსწრე ვართ, რომლითაც დღეს ებრძვიან საქართველოს. ეს არ არის ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს მისიაში გრძელვადიანი დამკვირვებლები შედიოდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზშიც არის აღნიშნული.

აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ-ტრამპი

აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე არავინ არ საუბრობს და უცნობია, რატომ.

„სასაცილოა, რომ ისინი არ გეუბნებიან, რა ხდება უპილოტო აპარატებთან დაკავშირებით. დღეს ასევე მითხრეს, რომ ვირჯინიაში ყველა ადგილას არის უპილოტო აპარატები. ამაზე არავინ არაფერს ამბობს, არ ვიცი, რატომ. შესაძლოა, ჩვენ ვგზავნით უპილოტო აპარატებს, ვაწარმოებთ კვლევას. შესაძლოა, ამიტომ არ საუბრობენ. ვიმედოვნებ, ეს არ არის მტერი. მომეცით დრო ინაუგურაციისთვის და მალევე გეტყვით, რა ხდება. მათ იციან და ძალიან უცნაურია, რომ ამაზე არ საუბრობენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საქართველოში 14-16 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი იგეგმება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოში 14-16 იანვარს ფაქტების დასადგენი მისიით ჩამოვლენ თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, „ლიბერალ დემოკრატების ალიანსი“) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“). ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.

„ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, შესაბამის სამთავრობო ოფიციალურ პირებს და ინსტიტუტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და ის არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები ხვდებიან“, – ნათქვამია პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, თანამომხსენებლები გეგმავენ ზოგიერთი დაკავებული დემონსტრანტის მონახულებას, რომელთა დაკავება და მათთვის წარდგენილი ბრალდებები შეშფოთებას იწვევს. ამ კონტექსტში, ასამბლეის პრეზიდენტმა, თანამომხსენებლებთან კონსულტაციით, 2024 წლის 23 დეკემბერს ვენეციის კომისიის სასწრაფო შეფასება ითხოვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების კუთხით.

ბუნდესტაგის წარმომადგენლები აცხადებენ, თითქოს არჩევნებზე ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები არ იყვნენ დაშვებული, ეუთო-ს მონაცემებით კი, მათ მისიაში 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი შედიოდა

ბუნდესტაგის ოთხი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების ავტორები არიან „თავისუფალი დემოკრატების“ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი ულრხი ლეხტე, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალურ კავშირის“ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი იურგენ ჰარდტი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი ნილს შმიდი და „მწვანეების“ წარმომადგენელი დებორა დიურინგი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნება არჩევნებზე სერიოზული გავლენისა და მანიპულაციების შესახებ.

„ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამ, რომ ის გამორიცხავს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე და არ მიიღებს ევროკავშირისგან საბიუჯეტო მხარდაჭერას, გამოიწვია მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვგმობთ პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემული საკუთარი დაპირებების საწინააღმდეგოდ. ეს წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკისგან და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან.

2022 წლის მარტში ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენა საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო. ერთი წლის წინ, 2023 წლის დეკემბერში, ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, რომელიც ქართველებს დიდი ხანია, სურდათ. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა და გაწევრიანების პროცესი წინ წაწიოს რეფორმების ვალდებულებების შესრულებით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ უფრო ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი აიღო. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნება არჩევნებზე სერიოზული გავლენისა და მანიპულაციების შესახებ. მაგალითად, არ იყო დაშვებული ეუთო-ს გრძელვადიანი დაკვირვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა. განცხადების მიხედვითვე, სწორია, რომ ფედერალური მთავრობა აწარმოებს კამპანიას ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესების მოთხოვნით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების სერიოზულ დარღვევაზე.

„პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობს. არსებობს ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან რეპრესიების გაზრდის რისკი. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ქართველების უფლებების შელახვით, რომლებიც გაბედულად გამოდიან ქუჩაში ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ განზრახვა, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აქციის მონაწილეების დაპატიმრება. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

სწორია, რომ ფედერალური მთავრობა აწარმოებს კამპანიას ევროკავშირის დონეზე მიზანმიმართული სანქციების დაწესების მოთხოვნით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების სერიოზულ დარღვევაზე. ქვეყანაში შესვლის ეროვნული აკრძალვა უკვე დაუწესდა ცხრა ძირითად პასუხისმგებელ პირს. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა ხდება და რომ მხარდაჭერის მრავალი ზომა უკვე შეჩერებულია ან აღარ დამტკიცდა.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და კეთილდღეობისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის მიმართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოში დემოკრატების გვერდით და გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, რათა ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნდეს. ახლა საჭიროა დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის პლურალისტური პროცესი, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება განცხადებაში იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, თითქოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე არ დაუშვეს ეუთო-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-ს მისიაში გრძელვადიანი დამკვირვებლები შედიოდნენ. ამის შესახებ ეუთო-ს მიერ 2024 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზშიც არის აღნიშნული.

„მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი“, – ნათქვამია პრესრელიზში.

“გაიცანით პენჯაბელი დარპან პრაშერი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ინდოეთ-საქართველოს კულტურულ კავშირების განმტკიცებაში”-The Indian Times

„საქართველოში უკვე ათ წელზე მეტი აღინიშნება დივალი, ჰოლი, იოგას დღე და რამდენიმე სხვა ინდური დღესასწაული, ეწყობა ფესტივალები ინდური დიასპორას მონაწილეობით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად – და ეს ყველაფერი ხდება ერთი ჩვეულებრივი პენჯაბელის დარპან პრაშერის ძალისხმევით, რომლისთვისაც კულტურული ბარიერები თბილისში დიდი ხანია გადალახულია“, – წერს ინდოეთის გაზეთი “ინდიან თაიმსი” (The Indian Times), რომელშიც გამოქვეყნებულია ინტერვიუ სათაურით: “გაიცანით პენჯაბელი დარპან პრაშერი, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ინდოეთ-საქართველოს კულტურულ კავშირების განმტკიცებაში“ (ავტორი – ანჯუ აგნიჰოტრი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: 

დარპანი საქართველოში პირველად 2002 წელს ჩავიდა და მას შემდეგ აქტიურად განამტკიცებს ქართულ-ინდურ კავშირებს. მისი როლი განსაკუთრებით აქტიურად გამოვლინდა გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამოძიებისას, როცა გაზის გაჟონვის შედეგად ინდურ რესტორანში 11 ინდოელი მოქალაქე დაიღუპა.

ამჟამად საქართველოში თითქმის 20 ათასამდე ინდოელი სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, უმეტესობა კი მედიცინას ეუფლება. ასევე ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში ინდოელი სპეციალისტები სხვადასხვა სფეროში – ბიზნესში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. , – ამბობს „ინდიან ექსპრესთან“ ინტერვიუში დარპან პრაშერი, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისათვის“. იგი საუბრობს კულტურულ დიპლომატიაზე და ხაზს უსვამს, რომ ხალხებს შორის კულტურული განსხვავება დაბრკოლებას კი არ ქმნის ურთიერთობებში, არამედ მას თავისი ძლიერი მხარეებიც აქვს.

დარპან პრაშერი ინტერვიუში იხსენებს ბოლო წლებში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს, კერძოდ, ქართველი მხატვრებისა და სტუდენტების ჯგუფის ყოფნას ინდოეთში: „ჩვენი მიერ ჩატარებულმა ინდურ-ქართულმა ფესტივალმა 2020 წლის თებერვალში, ნიუ-დელის უნივერსიტეტისა და უტარ-პრადეშის სტატიის კულტურის დეპარტამენტის დახმარებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობებში“, – ამბობს იგი.

კითხვაზე, თუ რით ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია ინდოელ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში სწავლისას ხშირად გარკვეული პრობლემატური საკითხების წინაშე დგებიან, დარპან პრაშერი პასუხობს, რომ იგი ცდილობს სტუდენტებს ჩვეული მშობლიური [ინდური] გარემო შეუქმნას – თუნდაც ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის დროს. გარდა ამისა, იგი ყოველწლიურად მონაწილეობს ინდოეთის საელჩოს მიერ ერევანში (სომხეთში) გამართულ თათბირებში (ჯერ-ჯერობით საქართველოში ინდოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არსებობს), რომლის დროსაც ხშირად იხილება საკონსულო ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. კორონავირუსის პანდემიის დროს ორგანიზაციამ საქართველოში მცხოვრებ ინდოელებს დაეხმარა სამედიცინო ნიღბებით უზრუნველყოფაში, აგრეთვე ორგანიზება გაუწია ჩარტერულ ავიარეისებს და სამშობლოში დააბრუნა ინდოელი სტუდენტები.

„ინდოელი სტუდენტები ქართველ მეგობარ სტუდენტებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, ხშირად აწყობენ ეკოლოგიურ ღონისძიებებს, მაგალითად, პლასტიკური ნარჩენების გაწმენდას საზოგადოებრივ ადგილებში. ეწყობა კონცერტები ინდური მუსიკალური ინსტრუმენტებით, სპორტული შეჯიბრებები ქართული უნივერსიტეტების მონაწილეობით“, – ამბობს ინტერვიუში დარპან პრაშერი.

„ქართული ენა კარგად ვიცი. ქართველები „დარისპანს“ მეძახიან, რომელიც ქართული სახელია და ინდურს ჰგავს. ვთვლი, რომ ესეც ერთგვარი გამოხატულებაა იმისა, რომ ქართველები არასამტავრობო ორგანიზაციის მუშაობას დადებითად აფასებენ“, – აღნიშნავს ინდოელი ენთუზიასტი გაზეთ „ინდიან თაიმსის“ კორესპონდენტტან საუბრისას.

დარპან პრაშერმა 2021 წელს ინდოეთის პრეზიდენტისაგან „პრავასი ბჰარატ-სამანის“ პრემია დაიმსახურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტისაგან – ქვეყნის საპატიო მოაქალეობა და „ქართული კულტურის დეპანის“ საპატიო წოდება. დარპან პრაშერის საქმიანობას ძალზე პოზიტიურად აფასებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

პასუხისგება მოუწევს ბევრ ადამიანს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს მმართველობაში – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართვლობის დროს ჩადენილი დანაშაულები აუცილებლად არის შესასწავლი, რომელთა შორის ყველაზე დიდი დანაშაული ქვეყნის 20%-ის ოკუპირებაა.

მისი თქმით, პასუხისგება ბევრ ადამიანს მოუწევს.

“თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია, რასაკვირველია, ამ დანაშაულთა შორის ყველაზე დიდი დანაშაულია. ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ სააკაშვილი ბოლო წუთამდე გვარწმუნებდა, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ინტერესი ცხინვალში თუ აფხაზეთში შემოსვლის. თვითონ ამ პერიოდის დანაშაულებია შესაფასებელი, თავი რომ დავანებოთ იმ სადისტურ სისტემურ დანაშაულებს, რომლებშიც ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკურ ველზეა. მე ვფიქრობ, პასუხისგება მოუწევს ბევრ ადამიანს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს მმართველობაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.

აქციებზე დაკავებულთა ადვოკატებმა მოსამართლეს დარბაზის შეცვლის  და პროცესის უფრო დიდი დარბაზში გაგრძელების შუამდგომლობით მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძესთან, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, ვიდრე შუამდგომლობას განიხილავდა, ჯაჭვაძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ დარბაზს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ამასთან, საუბარი იყო 11 დაკავებულის უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მოსამართლის თქმითვე, სასამართლოს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, სხდომა პატარა დარბაზში ჩაეტარებინა, რის შემდეგაც მან ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მოთხოვნილი დარბაზის მდგომარეობის გადასამოწმებლად.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ პროცესი იმ დარბაზში გადაიტანა, რომელსაც ადვოკატები ითხოვდნენ.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები განმარტავდნენ, რომ საქმე მოცულობითია, 11 დაკავებულია, დარბაზის მოცულობიდან გამომდინარე კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან კომუნიკაციაც კი შეუძლებელია. ამასთან, უფლებადამცველების თქმით, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია და დარბაზში არათუ დაინტერესებული პირები, ბრალდებულების ოჯახის წევრებიც ვერ შედიოდნენ.

სხდომის დაწყებამდე ადვოკატებს დამატებითი მაგიდები და სკამები დაუდგეს, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილზე ისინი რაოდენობიდან გამომდინარე ვერ განთავსდნენ.

ერთ-ერთი ადვოკატის ნათქვამზე, რომ მოწმის ტრიბუნა მაინც ისე განეთავსებინათ, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ რეპლიკით უპასუხა.

„მე მაქვს იდეა, წავაქციოთ”.

ბრალდების მხარემ შუამდგომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნულის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივა იყო.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმა მოსამართლის კითხვაზე, ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცეს.

პროკურატურა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა მოიწონოს საკუთარ ამომრჩეველთან და დაპირებების შესრულება დაიწყოს – გიორგი ბოტკოველი

საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის. კომისია ექვსი თვე იმუშავებს და დასკვნას სექტემბერში დაამტკიცებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა დღეს არსებული მოცემულობიდან გამომდინარე არასერიოზულია.

“ნაციონალური მოძრაობა” 2025 წელს, 2003-დან 2012 წლამდე პერიოდის შესწავლას არარელევანტურს უწოდებს. “ქართულ ოცნებაში” კი პასუხად აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის სამართლებრივი შეფასება აუცილებელია. აქვე ამბობენ იმასაც, რომ ომის პერიოდს შეისწავლიან და გამოძიების ადრესატები სამხედრო პირები არ იქნებიან.

პარტიის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, “ქართული ოცნება” საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ცდილობს თავის მოწონებას.

“ქართულმა ოცნებამ” თავი უნდა მოიწონოს საკუთარ ამომრჩეველთან და დაპირებების შესრულება დაიწყოს. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ არის იმ ქმედებების გაგრძელება, რასაც ისინი ახორციელებენ. საქმისთვის უნდა მიეხედათ მათ, თუმცა ქართველი ხალხი მათ საქმის კეთების საშუალებასაც აღარ მისცემს. ისინი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ქვეყნისთვის ავტორიტეტის გაფუჭებით იყვნენ დაკავებულები. გამოსაძიებელი თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში, ზუსტად ის კორუფციულ-მოღალატეობრივი სისტემაა, რომელიც “ქართულ ოცნებამ” ჩამოაყალიბა ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ახლა არააქტუალური საკითხია.

“კომისიის შექმნა, დღეს თავისთავად არის არააქტუალური საკითხი. მაგრამ, ნებისმიერი პირი, ეს იქნება პოლიტიკოსი თუ სხვა თანამდებობის პირი, ბუნებრივია კონკრეტული დანაშაულების გამო პასუხი უნდა აგონ. როდესაც ქვეყანა დაბრუნდება დემოკრატიულ რელსებზე და ევროკავშირის წევრობის პროცესი შეუქცევადი გახდება, ეს თავისთავად ითვალისწინებს კანონის უზენაესობას ადამიანების უფლებების დაცვას”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.