Home Blog Page 20

“საარჩევნო კამპანია სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში ქართული კოშმარი”-უცხოური პრესა

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „არდ“-ის (ARD) ახალი ამბების სამსახურმა „ტაგესშაუმ“ (Tagesschau) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “საარჩევნო კამპანია სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოში- ქართული კოშმარი” (ავტორი – სილვია შტოიბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პარლამენტის წევრთა ორი მესამედი „ქართული ოცნებიდან“ უნდა იყოს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები იქნას შეტანილი“ – ასეთია მმართველი პარტიის მიზანი 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს გამოაცხადა „ქართული ოცნების დამაარსებელმა და მისმა საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. მდიდარი ბიზნესმენი ჩრდილიდან გამოდის და პარლამენტის წევრად ამომრჩევლებს საკუთარ კანდიდატურასაც სთავაზობს.

ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს ქვეყნის „პოლიტიკური სისტემის ძირფესვიანი განახლება“, რაშიც ლიბერალური ოპოზიციის აკრძალვა იგულისხმება – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ სახით. „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს ყოფილ მმართველ პარტიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლებას ჩამოაშორა და მის ნაცვლად მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გახდა.

დღეს “ნაციონალური მოძრაობა” ისეთი სუსტია, როგორც არასდროს: მისი ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია და საკუთარი თავის აჩრდილს წარმოადგენს, ხოლო პარტიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში დაშლის რამდენიმე ეტაპი გადაიტანა. ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი ნაცმოძრაობას „ქვეყნის უდიდეს მტერს“ უწოდებს. „მტრების სიაში“ შეტანილია აგრეთვე რამდენიმე პროდასავლური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაციები და თვით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ოდესღაც ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგა, მაგრამ შემდეგ „ქართულ ოცნებას“ დაშორდა და ოპოზიციას ალიანსი შესთავაზა.

„ნიურნბერგის პროცესი“ ოპოზიციისათვის

საპარლამენტო არჩევნები „უსამშობლოო“ ადამიანებისა და „უცხოელი აგენტებისთვის“ „ნიურნბერგის პროცესად“ უნდა გადაიქცეს – ასეთია ბიძინა ივანიშვილის თვალსაზრისი, რომლის რეალიზება მას კონსტიტუციის შეცვლით აქვს განზრახული. ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილების შესატანად კი აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობის ანუ სადეპუტატო ადგილების ორი მესამედის მოპოვება.

გარდა ამისა, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი მიიმხროს ქვეყნის კონსერვატიული მოსახლეობიდან, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლებს კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას სთავაზობს – ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რელიგიის გამოცხადებას სახელმწიფო რელიგიად. თუმცა ეკლესიის წარმომადგენლებს მილიარდერის შეთავაზებაზე მაინცდამაინც დიდი სიხარული არ გამოუხატავთ – ისინი შიშობენ, რომ თუ ეკლესია სახელმწიფოს ნაწილი გახდება, ხელისუფლება მათ საქმიანობაში ჩაერევა, ამჟამად კი ეკლესიას საკმარისი ავტონომია აქვს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რელიგიას „ქართული იდენტურობის ერთ-ერთ საფუძვლად“ გამოაცხადებს, ქვეყნის ძირითადი კანონით „ოჯახურ ფასეულობებს“ განამტკიცებს, დაიცავს არასრულწლოვანებს და აკრძალავს „ლგბტ“ პროპაგანდას.

გარიგება რუსეთთან?

კიდევ ერთი საბაბი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის ბიძინა ივანიშვილმა ბუნდოვანი დატოვა: მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა შეიცვლება ახალ რეალობის შესაბამისად.“

გაჩნდა ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება რუსეთთან გარიგებაზე დათანხმდეს რამდენიმე თვის განმავლობაში, რომლის შედეგად თბილისი მიიღებს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გაკონტროლების უფლებას ან შეიქმნება ფედერაცია ორივე რეგიონის შემადგენლობით. სამაგიეროდ საქართველომ უარი უნდა განაცხადოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე (რომელიც, სხვათა შორის, კონსტიტუციაშია ჩაწერილი), ანუ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისაკენ სწრაფვაზე. გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, მოსახლეობის უმრავლესობა უპირველეს მნიშვნელობას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ანიჭებს.

“უცხოელი აგენტის სამარცხვინო დამღა”

ბიძინა ივანიშვილს რატომღაც აკვიატებული აქვს აზრი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ლიბერალური ოპოზიცია მთლიანად უნდა განადგურდეს: შესაბამისი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უკვე ძალაშია შესული: დაწყებული ორი სექტემბრიდან, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი მედიის საშუალებები, რომელთა ბიუჯეტი 20%-ით და მეტად უცხოეთიდან ფინანსდება, თუ იუსტიციის სამინისტროში არ დარეგისტრირდებიან, ისინი დიდ ჯარიმას გადაიხდიან (8 ათასი ვეროს ეკვივალენტით) და საბოლოო ჯამში იძულებით რეგისტრაცია მაინც მოუწევთ.
ისინი, რომლებიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდებიან, შეიძლება სახელმწიფოს მიერ იქნენ დაფინანსებულნი. ამ შეთავაზებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ-ჯერობით უარს ამბობენ, მათ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლებად დარჩენა სურთ.
ევროკავშირში წევრად მიღების პროცესი შეჩერებულია
არასამთავრობო სექტორისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ერთგულმა თანამოაზრეებმა შეძლეს კონტროლი დაემყარებინათ ქვეყნის თითქმის ყველა ძირითად ინსტიტუტზე მმართველობის 12 წლის განმავლობაში. გამოკითხვების შედეგები „ქართული ოცნებისათვის“ ძველებურად კომფორტულია – მოსახლეობის უმეტესობა მმართველ პარტიას მხარს უჭერს, ბევრი ოპოზიციური პარტია კი პრობლემის წინაშე დგას – არავინ იცის, გადალახავენ თუ არა ისინი ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს.
ამიტომაც რიგი პოლიტიკოსები იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ თავიანთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე და ბლოკებად გაერთიანებულიყვნენ. გარდა ამისა, მათ ხელი მოაწერეს ქარტიაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყნის ევროპული კურსისაკენ დაბრუნებას ითვალისწინებს (თუ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია გაიმარჯვებს). თავის მხრივ, ევროკავშირმა საქართველოს ბლოკში გაერთიანების პროცესი შეაჩერა – „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების საპასუხოდ.

ხალხზე ზრუნვა თუ პირიქით?

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ქვეყნის პრობლემები ევროკავშირს დააბრალოს, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას მაინც მასში გაწევრიანების სურვილი აქვს. საეჭვოა, რომ „ქართული ოცნების“ ანტიევროპული რიტორიკა ამომრჩევლებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. თუ ამას დავამატებთ იმ რეალობასაც, რომლის მიხედვით, მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები – დაბალი ხელფასი, ფასების გაძვირება და ა.შ. (მეშახტეებმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერეს), მმართველ პარტიას აშკარად პრობლემები ექმნება…

მაგრამ, ისევე როგორც წინა არჩევნების დროს, ბევრი ამომრჩეველი ახლაც იძულებული გახდება ხმა მმართველ პარტიას მისცეს – სამუშაო ადგილების შენარჩუნების ან საარჩევნო საჩუქრის მიღების მიზნით. ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლები უკვე ამჩნევენ, რომ მმართველი პარტია უკვე ცდილობს ძალადობრივი პროვოკაციები მოაწყოს – რაღაც აბსურდულ ბრალდებებს უყენებს ოპოზიციას, რომელსაც, თითქოსდა დასავლეთის დახმარებით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა სურს. საქმეში ჩაერია რუსეთის სადაზვერვო სამსახურიც, რომლის განცხადებით, აშშ საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობსო…მოკლედ, საქართველოს წინ რთული კვირები ელოდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 როდესაც ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვერ აფასებ, ეს დიაგნოზია -კონსტანტინე ზარნაძე

შენი ქვეყნის სიმდიდრეს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომ ვერ აფასებ და შეგიძლია, გალანძღო იმის გამო, რომ მათი პოლიტიკური შეხედულება არ მოგწონს, ეს დიაგნოზია, რომელსაც არაფერი ეშველება, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ზარნაძე ქართველი სპორტსმენების მიმართ განხორციელებული ბულინგის ფაქტს.

„ადამიანები, რომლებიც გაიძახიან, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ, ჩვენს სპორტსმენებს ლანძღავენ და მსახიობ უკრაინის პრეზიდენტს კი აქებენ“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მისივე განცხადებით, ეს ადამიანები ლიბერალური იდეოლოგიის მიმდევრებს აკუთვნებენ თავს, თუმცა, თუ მათ იდეასა და აზრს არ იზიარებ, მზად არიან ნებისმიერი ხერხით განახორციელონ შენზე ზეწოლა.

„წარმომიდგენია, ამ ტიპის ადამიანების ხელში ძალაუფლება რომ მოხვდეს, როგორ მოექცევიან თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით(ე.წ. დომკრატით) ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, მანქანა ჩამოვარდა და ხელოსანი მანქანის ქვეშ მოიყოლა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია, თუმცა მედიკოსებს 33 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

,,პუტინის სიტყვები გამორიცხავს რამე არასწორ ინტერპრეტირებას” -დიმიტრი პესკოვი 

კრემლს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმების შესაძლო შედეგების შესახებ ადრესატებამდე მივიდა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ განცხადებამ ადრესატებამდე მიაღწია“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, პუტინის სიტყვები გამორიცხავს რამე არასწორ ინტერპრეტირებას.

„პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. ის არის უკიდურესად მკაფიო, ცალსახა და არ უშვებს არანაირ ორმაგ განმარტებას“, – აღნიშნა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თუ დართავენ ნებას, დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განახორციელონ დარტყმები, ეს ნიშნავს ნატო-ს, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების პირდაპირ მონაწილეობას ომში. მისი თქმით, ეს არსებითად ცვლის კონფლიქტის არსს.

„ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ ნატო-ს ქვეყნები, აშშ, ევროპული ქვეყნები ომობენ რუსეთთან და თუ ასეა, მაშინ, ამ კონფლიქტის არსის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს შექმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პუტინმა.

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი დარჩა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი დარჩა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9939 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0197 ლარი შეადგინა

პრემიერ-მინისტრი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ მსახიობს მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა მაყურებლის სიყვარული და აღიარება მოუტანა. ზურას სახით ქართულმა თეატრმა მაღალი რანგის პროფესიონალი, ახლობლებმა – გულისხმიერი მეგობარი, ჩვენმა ქვეყანამ კი – განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი დაკარგა. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ზურა ბერიკაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 49 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, მათ შორის 23 ქალი, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბსა და პრეზიდენტ ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი ხალხის კიდევ ერთი დაბრუნება, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ველით და ვმუშაობთ. 49 უკრაინელი ახლა სახლშია. მათ შორის არიან მეომრები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან და ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ შორის არის ლენიე უმეროვა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსებმა მძევლად აიყვანეს, როცა ავადმყოფი მამის მოსავლელად მივიდა. გათავისუფლებს შორის არიან „აზოვსტალის“ მცველებიც“, – წერს ზელენსკი „ფეისბუქში“.

უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 23 ჯარისკაცი და სერჟანტი, 19 ოფიცერია, დანარჩენი 7 კი – მშვიდობიანი მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ გათავისუფლდა მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ 15 დამცველი.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ სად უნდა მისცენ ხმა

საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასულ არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ, – წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო ადამიანისტრაცია ამომრჩეველს მოუწოდებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ, სად არის მათი საარჩევნო უბანი.

„26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასულ არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ, სად არის მათი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის და სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით.

წელს პირველად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ახალი მობილური აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს. ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ სად უნდა მისცეთ ხმა 26 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე voters.cec.gov.ge ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სააგენტოს მიმდინარე წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბლოკავს 14 მილიარდი ევროს მიღებას”- ვაშაძე

ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბლოკავს 14 მილიარდი ევროს მიღებას. ბატონო ირაკლი, თქვენითვის სასურველ დროს, თქვენთვის სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, მოვიტანო სახელობითად ის ევროპული ფონდები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვიზიდოთ 14 მლრდ ევრო. სახელობითად ჩამოგითვლით ყველა ფონდს, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ის თანხა მოვიტანოთ და თუ თქვენ არ გეშინიათ სიმართლის და თუ თქვენ არ ბლოკავთ 14 მლრდ ევროს, მე მოვიტან ყველა იმ ფონდის დასახელებას, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია 14 მლრდ ევროს მოზიდვა. 14 მლრდ ევრო, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნაში, წარმოებების შექმნაში, სოფლის მეურნეობის განავითარებაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და ყველა სოციალური მიმართულებით შეიძლება გამოყენება.

მე მზად ვარ, დოკუმენტალურად პირდაპირ ეთერში ორივე დავსხდეთ და ვაჩვენო საზოგადოებას რომელ ფონდებზე არის საუბარი, იმიტომ, რომ მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რომელსაც თქვენ კადრულობთ,იმიტომ რომ თქვენ ხართ მატყუარა ადამიანები, უფრო მეტიც დაკავებული ხართ ჩემი გამონათქვამების გაყალბებით, თქვენ მიერ მართულ ტელეარხებზე. რაც არ მითქვამს, იმას აწერთ ჩემს ფოტოს, ეს არის თქვენი სიყალბის ხელწერა.

ამიტომ, თუ თქვენ მართალი ხართ არ უნდა შეგეშინდეთ და პირდაპორ ეთერში მოდით, დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინაშე მე ჩამოგითვლით ყველა იმ ფონდის სახელწოდებას, საიდანაც 14 მლრდ ევროს, მინიმუმ 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს გაწევრიანების, მოლაპარაკების შემდგომ, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება იყოს და საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ველი თქვენგან პასუხს ბატონო ირაკლი, თუ არ გეშინიათ, გელოდებით დებატებში“, – განაცხადა ვაშაძემ

,,4 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის მიუღია, ეს არის მორიგი ტყუილი”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ საქართველოსთვის ევროპიდან გამოყოფილი 14 მილიარდი ევროა გაყინული.

როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მსგავსი დახმარება ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველოს ზომის, ევროკავშირის წევრ არცერთ ქვეყანას არ ეძლევა.

„14 მილიარდი არსად არსებობს. ეკონომიკის კუთხით ევროკავშირის ჩვენი ზომის წევრ ქვეყანას თუ ავიღებთ, დაახლოებით 500 მილიონ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად. ასეთი დახმარება არავის მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ.

თავიდან ავრცელებდნენ კიდევ ერთ ტყუილ დაპირებას – 500 ევრო პენსია, რაც ასევე ჩვეულებრივი ტყუილი იყო. იმდენად უხეში ტყუილი იყო, თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება რამდენიმე დღეში. პენსიის ზრდა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ეკონომიკაში ოდნავ ერკვევა, შეიძლება დაბეჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 ევრო პენსია არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც ისინი საზოგადოებას აწვდიდნენ.

ასეთი ტყუილებით ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს ერთდროულად თან ამბიციურ, თან განხორციელებად დაპირებებს და გეგმებს. ამას საზოგადოება იხილავს 1-ელ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა საარჩევნო პროგრამას წარადგენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს 14 მილიარდს ბლოკავს, რომელიც საქართველომ ევროპული ფონდებიდან უნდა მიიღოს და ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს.

,,რაც სენატში მოსმენაზე ითქვა საყურადღებოა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არჩევანის ჩამოყალიბებაში”- ზურაბ ჭიაბერაშვილი

რაც სენატში მოსმენაზე ითქვა საყურადღებოა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არჩევანის ჩამოყალიბებაში, რომელიც საქართველოს 26 ოქტომბერს ელოდება. ერთ მხარეს არის კეთილდღეობა ევროპაში და მეორე მხარეს არის “ქართული ოცნების” იზოლაცია – სიღატაკეში. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ქართველმა ხალხმა სენატში მოისმინა, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება” ხელიდან უშვებს იმ უზარმაზარ დახმარებას, მათ შორის 14 მილიარდიან, რომელიც შეიძლება საქართველოსკენ წამოვიდეს.

„რაც სენატში ითქვა საყურადღებოა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევანის ჩამოყალიბებაში, რომელიც საქართველოს 26 ოქტომბერს ელოდება. ერთ მხარეს კეთილდღეობაა ევროპაში და მეორე მხარეს “ქართული ოცნების” იზოლაცია – სიღატაკეში. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ქართველმა ხალხმა სენატში მოისმინა. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ქართული ოცნება” ქართველი ხალხისთვის ბარიერი, წინაღობა გახდა, რომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და მიიღოს 14 მილიარდიანი მხარდაჭერა, ზუსტად ამას გულისხმობდა ამერიკელი სენატორი, როდესაც ამბობდა, რომ ქართველმა ხალხმა “ქართული ოცნება” უნდა ჩამოაცილოს ძალაუფლებას და ქართველი ხალხისთვის გაიხსნება უზარმაზარი შესაძლებლობა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნება” ხელიდან უშვებს იმ უზარმაზარ დახმარებას, მათ შორის 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც შეიძლება საქართველოსკენ წამოვიდეს. “ქართული ოცნების” მიზანია თვითონ გამდიდრდნენ, ხალხი კი გაღარიბდეს. სამწუხაროდ, ქვეყანა იცლება და ყველანი ამას ხედავთ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ComCom-მა „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერიდან ამოღების გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ComCom-ის ინფორმაციით, საქმე ეხება „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მაუწყებლებმა ეთერიდან ამოიღეს.

თავდაპირველად ტელევიზიებმა ვიდეო-რგოლი ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მიზეზით ბადიდან ამოიღო. ტელეკომპანიებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო.