Home Blog Page 20

ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია – გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი – ირაკლი კობახიძე

ჩვენ რასაც ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში და რისთვისაც გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკიო რუბიოს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც: „პუტინმა ჩაიდინა საშინელება, მაგრამ არ იყო გულწრფელობა, როდესაც ხალხს რაღაცნაირად დავაჯერეთ, თითქოს უკრაინას შეეძლო არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ მისი განადგურება“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს.

„არ ვიცი, რამდენად შეძლებს, საბოლოო ჯამში, ახალი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, უკვე ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს. გახსოვთ, ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია – რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი – ეს არის განადგურებული უკრაინა, ტერიტორიების 20% დაკარგული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, აღარაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, ასიათასობით დაღუპულ უკრაინელზე. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, ამაზე არავის აქვს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა, და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს იყო ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ ამ ტრაგიკული მოვლენისგან. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა, 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდანო. ამას გვეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. ჩვენ გვქონდა თავშეკავებული პოზიცია და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროპულ ბიუროკრატიაში თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები, ჩვენ განვაახლებთ მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში -ირაკლი კობახიძე

ევროპულ ბიუროკრატიაში თუ დასრულდება უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები, რასაც ვხედავთ, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალურად, ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„არაფერს არ აქვს ფასი, არც სიმართლეს და არაფერს. ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით. აქედან გამომდინარე, ასეთი უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება მუშაობის შეწყვეტის თაობაზე. თუ დასრულდება ის უსამართლობა, არასწორი მიდგომა და პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, ბუნებრივია, ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტრამპის პოზიციაა, უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, ნებისმიერი მოლაპარაკება დათმობას გულისხმობს და ერთ-ერთი მხარის მაქსიმალური მიზნების მიღწევით არ დასრულდება-მარკო რუბიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარიდან დათმობას გულისხმობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს თქმით, ომის დასრულებას დრო დასჭირდება. 

ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტ მეგი კელისთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნის ლიდერია ყველაზე დიდი დაბრკოლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საკუთარი შიდა ინტერესები აქვთ.

„წარმოიდგინეთ, რომ უკრაინელი ხარ, რუსებმა ამდენი ტანჯვა მოგაყენეს და ახლა მათ უფლებას მისცემთ, თქვენი მიწები დაიტოვონ? ვგულისხმობ, რომ უკრაინაში ხალხი განაწყენდება ამის გამო და ეს გასაგებია“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, ამ ომში ორივე მხარე მძიმე საფასურს იხდის და როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი დაინტერესებულები არიან ომის დასრულებით.

„ეს ომი არ დასრულდება ერთ-ერთი მხარის მიერ მაქსიმალური მიზნების მიღწევით და ბევრი მძიმე სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობ, ეს შეიძლება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით გახდეს შესაძლებელი. ადვილი არ იქნება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ ვიცი, რომ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამას მიაღწიოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით -მიხეილ ყაველაშვილი

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დღეს არსებული კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული. ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითაც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი. მინდა, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო. ჩემი მთავარი მოტივაციაა, საპრეზიდენტო ინსტიტუტი კონსტიტუციის ფარგლებში დავაბრუნო. რაც შეეხება კრიზისს, პოლიტიკური სიტუაცია ახალი არ არის, რაც მე პოლიტიკაში ვარ მას შემდეგ ასეა. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ომის გამოცდილება, ჩემს და უფროსს თაობას ეს კარგად ახსოვს. მაშინაც იყვნენ გარე ძალები, რომლებიც ჩვენ მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილი და ჩვენ ვერ შევძელით სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. მთავრობა ითვალისწინებს ამას, ის იქცევა საკმაოდ ჭკვიანურად. კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, რას გულისხმობს ხელოვნურში, ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი ქვეყნები აწყდებიან ხოლმე მსგავს სიტუაციას, „თუმცა სამოქალაქო ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება, მოხდეს, თუ ეს გარედან ინსპირირებულია.“ მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომმა გაამწვავა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც უცხოური მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა მოითხოვეს.

„უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოგვთხოვეს მოხალისეების გაგზავნა, ასევე, უნდა მივერთებოდით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაგვეგზავნა იარაღი, რამდენადაც ეს სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს. ვინაიდან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, სულ ბოლო 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ატომურ სახელმწიფოსთან, ჩვენ უარი განვაცხადეთ. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ნატო-სი, ომში მონაწილეობა ძალიან დაგვაზარალებდა. სწორედ ამიტომ ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პირველ რიგში, ეს შეეხო კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატ ტრიოს შორის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი საშინაო დავალება საქართველომ ყველაზე კარგად შეასრულა, თუმცა სტატუსი პირველ ჯერზე ვერ მიიღო, რაც გაუგებარი იყო.

„ამ შემთხვევების შემდეგ, მე სხვა დეპუტატებთან ერთად დავაფუძნე დამოუკიდებელი ჯგუფი სახელად „ხალხის ძალა”. ჩვენი მიზანი იყო ამ ზეწოლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის გულწრფელად ინფორმირება. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა მთავარი კითხვაა, რა დაემართებოდა საქართველოს, მოთხოვნას რომ დავყოლოდით? ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც უამრავი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას. ჩვენი ნაბიჯი იყო გაბედული. ეს ნიშნავს საქართველოს გადარჩენას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიო, სწორედ იმას ამბობენ, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ის, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, ეს დეზინფორმაციაა“-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო -მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ რომ საღად მოაზროვნე ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამ კითხვაზე უნდა ვმსჯელობდეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ჩემი შვეიცარიული გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ხდება მსგავსი თემების განხილვა. როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-ის ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ევროპა, რომ საქართველო მისი ნაწილი იყოს.

ყაველაშვილის განცხადებით, ქართველებმა არ უნდა დათმონ საკუთარი განსხვავებულობა და არ უნდა იყვნენ მხოლოდ ევროპელები.

„ეს ეხება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ენას და ჩვენს ქრისტიანულ რწმენას. ქართველი არსებობას და რწმენას ერთმანეთს უკავშირებს. ენის და რელიგიის გარეშე საქართველო ვერ გადარჩებოდა. ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, თუმცა მრავალფეროვნება არის ჩვენი განაცხადი. ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი განსხვავებულობა და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ევროპელები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, ეს არის რეალობა -მიხეილ ყაველაშვილი

პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა არჩეული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები მოსახლეობის დაშინების შესახებ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოქალაქეები კრიტიკული არიან, თუმცა, მათთვის მშვიდობა, სტაბილურობა და ევროპისკენ მიზანმიმართული სვლა უალტერნატივოა.

„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ვიღაც როგორც მონა ისე აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას“. მოქალაქეები კრიტიკული არიან, თუმცა მათთვისაც მშვიდობა, სტაბილურობა და მიზანმიმართული სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვანია. ამას ალტერნატივა არ აქვს. რომ არსებულიყო ნორმალური ოპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მაშინ იქნებოდა ის კონკურენტუნარიანი და შეძლებდნენ „ქართული ოცნების“ შეცვლას. ძალები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ უნდათ ჩვენი ევროკავშირში შეყვანა, პირიქით აზიანებენ მიზანს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მისი წინამორბედის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტია.

„საპრეზიდენტო არქივის დათვალიერების შედეგად ვრწმუნდებით, ეს ყველაფერი მას არჩევნებამდე ჰქონდა დაგეგმილი“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები და ამასთანავე სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას.

„„ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათი აზრიც უნდა იქნას გათვალისწინებული, თუმცა გაუგებარია, რას აპროტესტებენ ისინი.

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სრული გაგება. ის ვინც ქუჩაში გადის უმრავლესობას არ წარმოადგენს. გასაგებია, რომ ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ისმის კითხვა, რას აპროტესტებენ ისინი? რატომ ახალი არჩევნები? არჩევნები უკვე ჩატარდა. ახალი არჩევნები თუ ჩატარდება და ეს პარტიები ისევ ვერ მოიგებენ, რა იქნება მაშინ?“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან და ეს იძლევა აშშ-სთან ახალი დასაწყისის იმედს.

„ტრამპი და მისი გუნდი ხშირად ამბობს, რომ მშვიდობა პრიორიტეტია. ასევე ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, მაგალითად ტრადიციების დაცვა, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან. ეს გვაძლევს ჩვენ ახალი დასაწყისის იმედს. დაახლოებით იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც. ყველა ქვეყანამ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება, ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე -შალვა პაპუაშვილი

არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

აღნიშნულით პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენ, ჩვენი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამასთან დაკავშირებით ვეუბნებოდით ყველას, რომ იყვნენ ობიექტურები, სამართლიანები ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც მნიშვნელოვანია, არ იყოს დარღვეული. კერძოდ, არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე. ვიცით, რომ ეს იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ ფარგლებში წამოყენებული ინიციატივა, რომლის შემუშავებაში ქართველი მოღალატე ოპოზიცია და უკრაინის დელეგაცია იყო ჩართული. შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტია“ ის ხალხია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამდა თავის კონფერენციაზე და მწამებლის მხარდამჭერია. ეს ის უკრაინული დელეგაციაა გონჩარენკოს ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდოდა, ჩვენ საზარბაზნე ხორცად გამოვეყენებინეთ, ჩავერთეთ ომში და მოგვიწოდებდნენ, რამენაირად რუსეთის მზერა უკრაინიდან საქართველოში გადმოგვეტანა, აქ გვქონოდა გამართული ბრძოლა. ეს ის მოღალატე ოპოზიციაა, რომელიც ამ ყველაფერში იყო აყოლილი. ასე რომ, ამ მხრივ შეიკრა ანტიქართული კოალიცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დონალდ ტრამპმა „ბრიქსის” წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბრიქსის” წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში, მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ.

„ჩვენ მოვითხოვთ რომ მათ არც ახალი „ბრიქს” ვალუტა შექმნან და არც რაიმე სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 100%-იანი ტარიფები დაეკისრებათ. არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, რომ „ბრიქსი” ჩაანაცვლებს აშშ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში ან სადმე სხვაგან, და ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელიც ამას შეეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას და მიესალმოს ტარიფებს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„ბრიქსის” წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი. 2024 წლის დასაწყისიდან „ბრიქსს“ შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

გაიხსენონ ერთი განცხადება მაინც ევროკავშირის საელჩოს ან ნებისმიერის, ამ აქტიური საელჩოებიდან, სადაც მათ დაგმეს ძალადობა სახელმწიფოს წარმომადგენლების, პოლიციის, პარლამენტის წინააღმდეგ -შალვა პაპუაშვილი

გაიხსენონ ერთი განცხადება მაინც ევროკავშირის საელჩოს ან ნებისმიერის, ამ აქტიური საელჩოებიდან, სადაც მათ დაგმეს ძალადობა სახელმწიფოს წარმომადგენლების, პოლიციის, პარლამენტის წინააღმდეგ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. მან ამ თემაზე ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციის შეფასებისას იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას“.

„ვნახე ეს და რამდენიმე საელჩოს განცხადება, ეს არის გამაოგნებელი. ერთ რამეს შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას – გაიხსენონ ერთი განცხადება მაინც ევროკავშირის საელჩოს ან ნებისმიერი, ამ აქტიური საელჩოებიდან, სადაც მათ დაგმეს ძალადობა სახელმწიფოს წარმომადგენლების წინააღმდეგ, პოლიციის, პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადობა არა უბრალოდ მოქალაქეების, არამედ მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან. ვინმემ ერთი განცხადება მაინც გაიხსენოს, დაგმეს თუ არა, ბაზუკასავით პიროტექნიკას რომ ესროდნენ პოლიციას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს რომ ესროდნენ პოლიციას. გაიხსენონ ერთი განცხადება მაინც, სადაც ევროკავშირის საელჩომ, ელჩმა ან ნებისმიერი ამ აქტიური საელჩოების ელჩმა, სადაც ეს დაგმეს და გაემიჯნნენ.

სამაგიეროდ, შეგახსენებთ, რომ გრიგორიადისის საქმეზე, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილით“ ცოცხლად წვავდა პოლიციელს, რაც დადასტურდა სასამართლოს მიერ, არა თუ არ დაგმეს და შეაფასეს რაიმენაირად, არამედ ევროპული ფონდიდან დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილია“ ეწეოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ რეკლამირებას და რომანტიზებას. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მონაწილეობას იღებდა მათ აქციებში და პლაკატის ფონზე ამბობდა, რომ მხარს უჭერს ამ ყველაფერს.

ეს მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი მათ შორის ევროკავშირის ელჩისთვის, რომ მიუღებელია, როდესაც ეს დაფინანსება ხდება და ამ ყველაფერს ან თვალს უხუჭავდნენ ევროკავშირის ელჩი და სხვა ელჩები, ან უყრუებდნენ ან უფრო სხვა რამესთან გვქონდა საქმე. და საქმე იმაშია, რომ როდესაც ძალადობაზე ხუჭავ თვალს, როდესაც ძალადობას ახალისებ, შესაბამისად, ხარ ამ ძალადობის მონაწილეც“, – განაცხადა შალვა

 მე მხოლოდ ღმერთის, კონსტიტუციისა და ჩემი სინდისის ერთგული ვარ -აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორობის კანდიდატი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორობის კანდიდატმა, ტულსი გაბარდმა კატეგორიულად უარყო „დემოკრატიული“ პარტიის ბრალდებები, თითქოს იგი მსოფლიო ლიდერების „პაიკია“.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაბარდმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ღმერთის, კონსტიტუციისა და საკუთარი სინდისის ერთგულია.

„ისინი, ვინც ჩემს კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან, ამით მიანიშნებენ, თითქოს მე ერთგული ვარ ვინმეს ან რამის, გარდა ღმერთის, ჩემი სინდისისა და ამერიკის კონსტიტუციისა. ამბობენ, რომ თითქოს მე ტრამპის, პუტინის, ასადის, გურუს ან მოდის „პაიკი“ ვარ, თითქოს ერთდროულად ხუთი სხვადასხვა მმართველის გავლენის ქვეშ ვიმყოფები. ეს სრული აბსურდია. იგივე ტაქტიკა გამოიყენეს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ და ის წარუმატებელი აღმოჩნდა“, – განაცხადა გაბარდმა.

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. მათთან ერთად პრობლემების გადაჭრა გაცილებით ადვილი იქნება. მუშაობაში დაშვებული შეცდომები გაიძულებთ, საქმეში „თავით გადაეშვათ“. მეორეხარისხოვან საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ, ამ დღეს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ელოდით.

კურო

დაძაბული და მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღეა. ბევრი სამუშაო გელით, რომელიც სწრაფად და სავარაუდოდ, მარტომ უნდა შეასრულოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა – სერიოზული არაფერი. გირჩევთ, ცოტა ხანი სახლში დარჩეთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს და ზომიერება დაიცავით.

ტყუპები

დიდი მოცულობის სამუშაოს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ ეცადეთ, დამხმარეები იპოვოთ და გუნდურად იმუშაოთ. შესაძლოა უსიამოვნო სიახლე გაიგოთ, მაგრამ ეს ინფორმაცია უფრო სერიოზული პრობლემების ასაცილებლად გამოგადგებათ. მოერიდეთ უფროსთან და კოლეგებთან კამათს და ეცადეთ, საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ, რა არის დასაშვები და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ, ძალები რაიმე ახალ და უჩვეულო საქმეში მოსინჯოთ ან იქ წახვიდეთ, სადაც არასოდეს ყოფილხართ. მშვენიერი დღეა ახალი გამოცდილების მისაღებად. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი

ამ დღეს აქტიურობა და შრომისმოყვარეობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ყურადღების ცენტრში იყოთ, რათა თქვენი უნარები საქმიანმა ადამიანებმა შენიშნონ. ნუ ინერვიულებთ იმის გამო, რომ კოლეგები თქვენს ზოგიერთ იდეას აკრიტიკებენ. მოვა დრო, როცა ამის გამო ბოდიშს მოიხდიან. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტი შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.

ქალწული

რაღაც საინტერესო საქმე იმდენად გაგიტაცებთ, რომ გარშემო სხვას ვერაფერს ამჩნევთ, ამიტომ 31 იანვრისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. მოერიდეთ კოლეგების გაკრიტიკებას, რათა კარგი ურთიერთობები არ გააფუჭოთ. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება თქვენი ავტორიტეტის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. სავარაუდოდ, კარიერული წინსვლის შანსი გექნებათ. კარგი რჩევების მიცემის უნარი გუნდში თქვენს პოპულარობას აამაღლებს.

სასწორი

რაც უფრო მეტ ახალ ადამიანს შეხვდებით, მით უფრო მაღალია შანსი, რომ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ და სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ. შეთავაზებებზე და მოწვევებზე უარს ნუ იტყვით – ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. მშვიდად იმოქმედეთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდეთ. თქვენთვის ახლა დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, თუ გარემოებები მაღალი აქტივობისკენ გიბიძგებთ.

მორიელი

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ დიდი მოცულობის სამუშაო სწრაფად და ეფექტურად დაასრულოთ. რთულ ამოცანებთან შებრძოლება ნუ შეგეშინდებათ – ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა. ზოგჯერ გაძლიერებული ემოციურობა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გიშლით. ფიზიკური ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სიარული სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. თქვენი ოჯახი და მეგობრები მზად არიან ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარონ. კარგი იქნება, თუ მივლინებას და შორ გზაზე მოგზაურობას გადადებთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ და კამათში არ ჩაერთოთ. ეცადეთ, 31 იანვარს ყურადღების ცენტრში იყოთ და ბიზნესში იაქტიუროთ. სავარაუდოდ, თქვენს აქტიურობას გავლენიანი ადამიანი შენიშნავს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორს იპოვით. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და მნიშვნელოვანი პროექტების დაჩქარება მოგიწიოთ. არ ინერვიულოთ, ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით.

თხის რქა

თუ სწრაფად და პრინციპულად იმოქმედებთ, ამ დღეს შეიძლება ზოგიერთ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რადგან მცირე შეცდომამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. პირად ცხოვრებაში სიტუაციის განვითარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული პრობლემას როგორ უყურებთ. გარეგნობის ან გარდერობის შეცვლა თავდაჯერებას შეგმატებთ და განწყობას აგიმაღლებთ.

მერწყული

სანამ ყველა დაწყებულ საქმეს არ დაასრულებთ, დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ. ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით, მაგრამ სამუშაოზე ყურადღების გადატანა გიჭირთ, ამიტომ შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

თევზები

ეს დღე შესაფერისია მსუბუქი სამუშაოსთვის. ამჟამად თქვენი სასიცოცხლო ენერგია დაბალია და გამუდმებით დასვენება გსურთ. პიროვნული ხიბლი დაგეხმარებათ, რომ საჭირო ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოთ და მიზანს ადვილად მიაღწიოთ. ახალ ნაცნობებზე ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენთ, რომ მზად არიან, თქვენს ნებისმიერ იდეას მხარი დაუჭირონ.

ევროკავშირში რუსეთის გაზის შესყიდვის განახლებას განიხილავენ -Financial Times

ევროკავშირის რიგი ქვეყნების ოფიციალური პირები ევროპაში რუსული გაზის მიწოდების განახლების შესაძლებლობას განიხილავენ, როგორც უკრაინის ომის დასრულების სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს.

ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ამ იდეას მხარს უჭერენ გერმანიისა და უნგრეთის ზოგიერთი წარმომადგენლები, რომლებმაც მხარდაჭერა ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც მოიპოვეს. ისინი რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების განახლებას ევროპულ ბაზარზე ენერგომატარებლების ფასების შემცირების შესაძლებლობად განიხილავენ.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთიდან გაზის იმპორტის განახლების გეგმებმა მკვეთრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები არიან. „ფაინენშალ თაიმსი“ არ ასახელებს კონკრეტულ სახელმწიფოებს, თუმცა აშკარაა, რომ საუბარია პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებზე, ფინეთსა და შვედეთზე.

გამოცემა ციტირებს ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთ წარმომადგენელს: „ეს სიგიჟეა. რა იდიოტები უნდა იყვნენ, რომ ამაზე როგორც შესაძლო ვარიანტზე ფიქრობდნენ?”

„ფაინენშალ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ რუსული გაზის ევროპაში მიწოდების განახლების გეგმებმა შეშფოთება გამოიწვია თხევადი ბუნებრივი აირის ამერიკელ ექსპორტიორებშიც, რომლებმაც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაზარდეს ამ ნედლეულის მიწოდება ევროპაში. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს ტარიფების შემოღებით ემუქრება, თუ ევროკავშირის ქვეყნები არ დათანხმდებიან მეტი ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას.

სტატიაში ნათქვამია, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომამდე ევროპაში მილსადენით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირი მთლიანი მიწოდების დაახლოებით 40%-ს შეადგენდა, უდიდესი იმპორტიორი კი გერმანია იყო. 2022 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ამცირებდნენ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას. ამან გამოიწვია რუსეთის მიერ ევროპულ გაზის ბაზარზე დომინანტური პოზიციის დაკარგვა.

ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული გაზის საზღვაო მიწოდება, მაგრამ ვერ შეძლო მილსადენი გაზზე სრულად უარის თქმა, რადგან მასზე დამოკიდებული არიან ზოგიერთი ევროპული ქვეყნები, კერძოდ, სლოვაკეთი და უნგრეთი. იანვრიდან, მას შემდეგ რაც უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა, ერთადერთი მილსადენი, რომლითაც ბუნებრივი აირი ევროკავშირში შედის, „თურქული ნაკადია“. გამოცემა წერს, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებები უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის განახლებას უჭერენ მხარს.