Home Blog Page 20

სხვადასხვა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეებთან საუბარი იყო წნეხის მექანიზმებზე, განხილული იყო მაგალითები, როცა სწორედ მოპარული არჩევნების გამო გაუუქმდათ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა -ანა დოლიძე

სხვადასხვა ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეებთან საუბარი იყო მექანიზმებზე, რომლებიც რეაქციის სახით უნდა წამოვიდეს ევროკავშირის მხრიდან. განხილული იყო მაგალითები, როდესაც სწორედ მოპარული არჩევნების გამო გაუუქმდათ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა, – კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, დარჩენილია შიდა სამუშაოს ჩატარება, რათა ამ მექანიზმების გამოყენება დაიწყოს.

„ჩვენ წინაშე იყვნენ ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები. სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეები, მაგრამ, რეალურად, ესენი არიან, ვინც ქმნიან ევროკავშირის პოლიტიკას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები გაყალბდა.

საუბარი იყო მექანიზმებზე, რომლებიც რეაქციის სახით უნდა წამოვიდეს ევროკავშირის მხრიდან. რა უნდა ქნან? სანქციები მაღალ დონეზე, სანქციები იმ ხალხის მიმართ, ვინც არჩევნები გააყალბა, შესაძლებლობა, რომ შეჩერდეს ვიზების თავისუფალი მიმოსვლის საკითხი. იყო განხილული მაგალითები, როდესაც სწორედ მოპარული არჩევნების გამო გაუუქმდათ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა. ყველა მექანიზმი დევს მაგიდაზე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები გაყალბდა, უბრალოდ დარჩა შიდა სამუშაოს ჩატარება, რათა ამ საშუალებების გამოყენება დაიწყოს. დღეს საუბარი იყო წნეხის ყველა მექანიზმზე, რათა არაღიარებული იყოს არჩევნები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

“ქართულ ოცნებას” მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამას აუცილებლად დაინახავთ -გიორგი ვაშაძე

პირდაპირ ვამბობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამას აუცილებლად დაინახავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის სანქციების საკითხზე.

„ვისაუბრეთ გამოძიების მექანიზმებზე, ყველაფერზე, მათ შორის, სანქციებზე, ევროპის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, მაგრამ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მექანიზმებზე, რომლებზეც ჯერ  საჯაროდ საუბარს არ ვაპირებთ. საზოგადოება დაინახავს, რომ გვაქვს მკაფიო გეგმა, საბოლოო ჯამში, როგორ მივაღწიოთ სამართლიანობას, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. პირდაპირ ვამბობ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამას აუცილებლად დაინახავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემა აღნიშნა, ევროპელი პარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ.

„ისინი საერთაშორისო გამოძიებას მხარს უჭერენ. ხელისუფლება ამაზე უარს როცა ამბობს, კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, ცდილობენ, დაფარონ საკუთარი ორგანიზებული სისტემური დანაშაული, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, მათი ათკაციანი სეირნობები უშინაარსოა -რატი იონათამიშვილი

ოპოზიციას ვერანაირი გეგმა ვერ ექნება, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, ოპოზიცია როგორი გაკოტრებულია.

„მათ ათკაციან სეირნობებს ვხედავთ, რაც უშინაარსო და უსახურია. მათი აქტივობა კარგია, საზოგადოება ხედავს, ოპოზიცია როგორი გაკოტრებულია. ისინი რაც უფრო დასუსტდებიან და გაქრებიან, მით მეტი სივრცე გაჩნდება რეალური ოპოზიციის ჩამოსაყალიბებლად, რაც კარგი იქნება. ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის ხელს უშლიდა. ჩვენ ოპოზიცია კი არა, უცხო ძალების აგენტები გვყავს, რომელთა მიზანია საქართველოს განადგურება და ქართველ ხალხზე შურისძიება. ეს ვერ განახორციელეს და სასოწარკვეთას ვხედავთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მიხეილ როთი ჩვენი საჩუქარია, რადგან რადიკალური ოპოზიციის იდეოლოგი და სიმბოლოა-გურამ მაჭარაშვილი

x

ვხედავთ, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს მიმართ პირდაპირ შეურაცხმყოფელი განცხადებებით არიან დაკავებული და რადიკალურ ოპოზიციას ღიად უჭერენ მხარს. თავიანთ ქვეყნებს მიხედონ, სადაც როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისებია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხალხის მიზანია, რადიკალურ ოპოზიციას აჩვენონ, რომ მათ ჟანგბადით ამარაგებენ.

„ვხედავთ, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს მიმართ პირდაპირ შეურაცხმყოფელი განცხადებებით არიან დაკავებული და რადიკალურ ოპოზიციას ღიად უჭერენ მხარს, რომელსაც, მარცხის მიუხედავად, რევოლუციური პროცესების განვითარება უნდა. მინიმუმ, თავმოყვარეობა უნდა გქონდეს, რომ ასეთი სახის ადამიანებს მას შემდეგ შეხვდე, რაც მილიონ 200 ათასმა ადამიანმა ხმა მმართველ პარტიას მისცა და გადაწყვიტა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ამ ხალხის მიზანია, რადიკალურ ოპოზიციას აჩვენონ, რომ მათ ჟანგბადით ამარაგებენ, რაც მათ არ უშველით, მაგრამ ეს მცდელობა აქვთ. თავიანთ ქვეყნებს მიხედონ, სადაც როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისებია. ოპოზიციას ჰგონია, რომ მათ ჟანგბადს აძლევენ, მაგრამ, რეალურად, ეს ნახშიროჟანგია. ოპოზიცია ვერ სუნთქავს და უკვე რეანიმაციაში არიან, მათ პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ. რაც შეეხება მიხეილ როთს, ხუმრობით თუ გეტყვით, ის ჩვენი საჩუქარია, რადგან სიმბოლო და იდეოლოგია რადიკალური ოპოზიციის. ვამბობდით, რომ ლგბტ დროშა და როთი ოპოზიციას არჩევნებს წააგებინებდა. ეს მოხდა და ამას აგრძელებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე უნდა შევიკრიბოთ, მოვლენ ჩვენი პარტნიორები, მიმართავენ ხალხს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპა, ევროპელები – ელენე ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები არიან ძალიან კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად, რომელიც იქნება „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა.

ამის შესახებ მან 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გამოჩნდა ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერა. აბსოლუტურად მკაფიო პოზიციაა არჩევნების მოპარვასთან დაკავშირებით. არცერთი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით რა მოხდა, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. ისინი ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა. ასევე, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხი იბრძვის. ასევე, ხედავენ ოპოზიციურ ერთობას და არიან ძალიან კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად, კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროპის მხრიდან, რომელიც იქნება „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა და რომელიც იქნება მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის. დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე უნდა შევიკრიბოთ, მოვლენ ჩვენი პარტნიორები, მიმართავენ ხალხს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპა, ევროპელები.

ძალიან ბევრ, კონკრეტულ და შედეგიან ნაბიჯებზე იყო საუბარი, რაზეც ისინი იმუშავებენ. მათ შორის საუბარი იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ ზეწოლისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მძლავრი, არის განხილული“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადიკალური ოპოზიცია კი ტაშს უკრავს, ქვეყნის მტერია, ვინც ამაზე საუბრობს -რატი იონათამიშვილი

რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადიკალური ოპოზიცია კი მათ განცხადებებს ტაშს უკრავს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილის თქმით, ქვეყნის მტერია, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს.

„თავიდან საგარეო კომიტეტის 12 ხელმძღვანელი ჩამოდიოდა და ბოლოს რვა ჩამოვიდა. ამ ადამიანებს ვინც უსმინა, მათ მზაკვრულ გეგმებში დარწმუნდებოდა. პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადიკალური ოპოზიცია კი მათ განცხადებებს ტაშს უკრავს. მარტივი კითხვაა, რაზეც პასუხის გაცემა იოლია – არის თუ არა ქვეყნის მტერი ის, ვისაც საქართველოსთვის უვიზოს შეჩერება უნდა? რა თქმა უნდა, ასეა. ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ გაკოტრებულ ოპოზიციას იმპულსს მისცემენ, პირიქით არის. ისინი საზოგადოებისთვის უფრო მიუღებლები გახდებიან. ქვეყნის მტერია, ვინც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის მიერ საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზეც, სადაც მან აღნიშნა: „კრიზისი სახეზეა, ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ერთად მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება, საქართველო ამ კრიზისიდან გამოვიდეს“.

იონათამიშვილის თქმით, „კრიზისი სახეზეა რადიკალურ ოპოზიციაში“.

„კრიზისი სახეზეა რადიკალურ ოპოზიციაში, რასაც ვერაფერი ეშველება. მათ ეს კრიზისი დაიმსახურეს და ვუსურვებ, კრიზისი უფრო გაუმწვავდეთ. რა თქმა უნდა, ისინი ხელს ვერ შეუშლიან ქვეყნის სწორ განვითარებას. სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური გახდა მას შემდეგ, რაც კონსტიტუცია დაარღვია და იმ ამომრჩეველს უღალატა, ვინც „ქართული ოცნების“ თხოვნით მხარი დაუჭირა. ის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად იქცა, ეს როლი აირჩია და აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენელი გახდა. მათ არც ლეგიტიმაცია აქვთ და კრიზისი სახეზეა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ISFED-ის ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობაა

ISFED-ის ახალი კვლევა ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობაა, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გუშინ, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში გავრცელდა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ე.წ. კვლევა სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლო კამპანიაში. თავი რომ დავანებოთ ამ ე.წ. კვლევის „მასშტაბურობას“, სადაც საუბარია 7 ყალბ და 15 საეჭვო გვერდზე, მისი იმ დროს გამოქვეყნება, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა საარჩევნო დავების განხილვის უმნიშვნელოვანესი პროცესი, საეჭვოს ხდის ორგანიზაციის რეალურ მიზანს და ცხადად მიუთითებს მის დაინტერესებაზე ნებისმიერი ფორმით და საშუალებით დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია. ამ შემთხვევაშიც, ეს ანგარიში დაინტერესებულმა მხარეებმა გამოიყენეს იმგვარად, თითქოს ამ ყველაფრის უკან საარჩევნო ადმინისტრაცია დგას.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ არანაირი კავშირი ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არ აქვს, არც ჰქონია და მომავალშიც არ განიხილავს ამგვარ არაკეთილსინდისიერ მექანიზმებს თავის საქმიანობაში.

სამართლიანობისთვის კარგი იქნებოდა, ორგანიზაციას იმავე ანგარიშში მიეთითებინა საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უტყუარად დადასტურებული ყალბი და საეჭვო გვერდების ორგანიზებული შეტევების ფაქტები, განსაკუთრებით, 2020 წლიდან, რასაც სათავე მათ მიერ არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადებამ დაუდო.

ნაცვლად იმისა, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის არასწორი შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებს’’ 2024 წელს გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, რითაც ცალსახად დადასტურდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისწორე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე, ისინი საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და ამით საკუთარი მოქმედების თუ უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ.

ამასთან, ნათელი ხდება, რატომ არ მოაწერა აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელი ცესკოსა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ ქცევის (ეთიკის) კოდექსს, პირველად ბოლო წლების განმავლობაში. მით უმეტეს, რომ აღნიშნული კოდექსის შემუშავების ერთ-ერთი მონაწილე და ინიციატორი თავად გახლდათ.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად განხორციელდეს მიუკერძოებელი და ობიექტური დაკვირვება საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართლიან არჩევნებს, დაუბრუნდეს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს და იმოქმედოს მაღალი ეთიკური პრინციპების დაცვით“, – საუბარია ცესკოს განცხადებაში.

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალი ატრიუმი” შენდება

თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი” შენდება.

ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საოფისე ფართს აერთიანებს. ასევე, 130-მდე ავტომობილზე გათვლილ 2 მიწისქვეშა ავტოსადგომს, კვების ობიექტებსა და საკონფერენციო დარბაზს.

“ახალ ატრიუმში” უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი დაცვა, ვიდეოკონტროლი, სახანრძო უსაფრთხოება, ლიფტების მომსახურება და დასუფთავება. 

ატრიუმის სტილის ბიზნეს ცენტრში ბუნებრივი მზის შუქი, პროდუქტიული მუშაობისთვის, მშვიდ და კომფროტულ გარემოს შექმნის.

ბიზნეს ცენტრის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში დასრულდება. მინიმალური საოფისე ფართის შეძენა 70 კვადრატული მეტრიდანაა შესაძლებელი.

პროექტის დეტალებს გაეცანით ბმულზე.

გლობალური ომის პარტია არსებობს და ის რუსეთია – მიხაილ როთი

გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა : „ვინ არის გლობალური ომის პარტია?“

„გლობალური ომის პარტია არის სერიოზული საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის, გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია არის რუსეთი. რუსული იმპერიალიზმი არის საფრთხე არა მხოლოდ ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში. რუსული იმპერიალიზმი იწყებს ძალიან მახინჯ და საშიშ პროპაგანდას ჩვენი ძირითადი ღირებულებების, დემოკრატიის, თავისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა როთმა.

მან საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.

„თუ თვალყური მიადევნეთ დამოუკიდებელი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს, ჩვენი გზავნილი არის მკაფიო: არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. აი, რატომ მოვუწოდებთ ყველა ბრალდების საერთაშორისო გამოძიებისკენ. ძალიან სერიოზული სიტუაციაა, რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გარეშე დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია“, – აღნიშნა როთმა.

კითხვაზე, რა არის შემდეგ ნაბიჯი, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა :

„შემდეგი ნაბიჯი არის ყველა ბრალდების დამოუკიდებელი გამოძიება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რწმენისა და ნდობის დასაბრუნებლად, რადგან გამოძიების გარეშე ვერ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს“.

ძალიან ბევრი წლის შემდეგ საქართველოში პირველად შემოვა რკინიგზის ვაგონები ევროპიდან – შალვა წაქაძე

კომპანია E60 Shipping Line-ს ახალი საბორნე გადაზიდვის მარშრუტი ვარნას მიმართულებით დაემატა. კომპანია, ასევე ახალი ხომალდის მოლოდინშია, რომელიც საქართველოში მომავალ კვირას შემოვა.

როგორც E60 Shipping Line-ის დირექტორი, შალვა წაქაძეჯორჯიან თაიმსთან საუბარში აცხადებს, საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული მათი მოლოდინები გამართლდა, დატვირთვა მაღალია და ამ ფონზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი ბორანი შეეძინათ. მალე, კომპანიის საკუთრებაში ორი ბორანი იქნება  „აია“ და „დიოსკურია“, რომელიც საქართველოში მომავალ კვირას იქნება.

როგორია საბორნე გადაზიდვების პერსპექტივა და ახალი ტვირთების მოზიდვის პოტენციალი, რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანია E60 Shipping Line-? -“ჯორჯიან თაიმსი”  კომპანიის დირექტორს შალვა წაქაძეს ესაუბრა.

შალვა წაქაძე- „ჩვენ დღეს ვოპერირებთ ორი გემით. ერთი დაქირავებულია, მეორე არის ჩვენი საკუთარი გემი “აია”. მას  ჰყავს სრულად ქართული ეკიპაჟი და დაცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.

ვოპერირებთ ფოთი-კონსტანცას მიმართულებით. ამ კვირაში პირველი რეისი შევასრულეთ ვარნიდან.  სამკუთხედზე წავედით,  ფოთი-კონსტანცა-ვარნა და გემი ისევ ფოთში შემოვა.

ფოტოზე: ბორანი AIA. ხომალდი  1995 წელს აშენდა, რომელიც E60 Shipping Line-მა შეისყიდა და გარემონტა 2024 წელს. ბორნის ეკიპაჟი მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება და თავად ბორანი ცურავს საქართველოს დროშის ქვეშ.

შემდეგი კვირაც ასეთი იქნება,  ვარნაში ჩვენს გემს, აქვს სარკინიგზო ხაზი, ეს არის სარკინიგზო ტიპის ბორნის გემი. ვარნაშიც არის სარკინიგზო ხიდი,  საიდანაც შეიძლება ვაგონების დატვირთვა გემზე, ისეთივე ტიპის, როგორიც არის ფოთსა და ბათუმში. ძალიან ბევრი წლის შემდეგ საქართველოში პირველად შემოვა რკინიგზის ვაგონები ევროპიდან

რა ტიპის ტვირთებზეა მოთხოვნა სარკინიგზო ვაგონებით გადაზდვებისასექსპორტი უფრო აქტიურია, იმპორტი, თუ ტრანზიტი?

– სხვა და სხვა ტიპის მოთხოვნებია, მოთხოვნა არის ძირითადად ნახშირ წყალბადებზე და ასევე სხვა და სხვა სახის ტვირთებზე.  არა საკონტეინერო,  რადგან კონტეინერი ვერ იყიდება დიდი მოცულობის გამო. ასეთი ტვირთები იქნება ჩვენი მიმართულება.

თქვენ მეორე გემი უნდა შემოიყვანოთ, ასევე დაიწყეთ  ახალი ვარნაფოთის მარშრუტზე ოპერირება, ეს რეგულარული რეისები იქნება?

– საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული მოლოდინები გამართლდა, დატვირთვა მაღალია და ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი ბორანი გვეყიდა. ახალ ხომალდს შესაძლებლობა აქვს სარკინიგზო ვაგონებიც გადაზიდოს. შესაბამისად, ჩვენი რკინიგზაც დაუკავშირდება ევროპას.

ვარნა, უკვე დავამატეთ, აქ იქნება რეგულარული რეისები. ვარნა ძირითადად იქნება სარკინიგზო მიმართულება..

რაც შეეხება ახალ გემს, უკვე შეძენილია და მომავალ კვირაში უკვე სახელიც მიენიჭება “დიოსკურია”- ეს არის სამგზავრო სატვირთო ტიპის ბორანი. ასეთი ტიპის გემი, სადაც სამგზავროც ურევია პირველი იქნება ჩვენს დროშაზე.

რა მოცულობის ტვირთის გადატანა და მგზავრების  გადაყვანა შეეძლება  დიოსკურიას“?

– ეს ბორანი განკუთვნილია დაახლოებით 250 მგზავრზე და 80 სატვირთო მანქანაზე. პლუს 30 მანქანა ეტევა კიდევ.  მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კომფორტული  გემია.   გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 40 საათი სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.

სანამ ამ საქმეს დაიწყებდით, ცხადია ბაზარიც შეისწავლეთ, იმისათვის რომ კონკურენტულიც იყოს ეს მიმართულება, სამგზავრო ტარიფებია თუა უკვე ცნობილი?

– ტარიფები ჯერ არა, მაგალითად გემი ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას თვითმფრინავს, როცა ადამიანს, უნდა თავისი კერძო მანქანით გაისეირნოს ევროპაში, ასეთ კატეგორიაზეა საუბარი და პირიქითაც ევროპელებიც აქეთ მოდიან ჩვენთან.

აქამდე,  მსგავსი ტიპის სერვისზე მოთხოვნა შემოგდიოდათ?

– დიახ, მოთხოვნა იყო, როგორც ევროპის, ასევე ჩვენი მხრიდანაც. ახლა ზუსტად საახალწლოდ იწყება, ეს პერიოდი და შემდეგი პიკის დრო  არის ზაფხული.

ტვირთბრუნვაზე, რომ ისაუბროთ ექსპორტი უფრო აქტიურია თუ იმპორტი? როგორი ტიპის იმპორტზე საუბარი, რომელიც საქართველოში რჩება თუ საუბარია ტრანზიტზე?

– რა თქმა უნდა, იმპორტი ჭარბობს, რაც შეეხება თვითონ იმპორტის სტრუქტურას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50/50-ზეა ქართულ-უცხოური.

რაც შეეხება შუა დერეფნის მიმართულებას, რამდენად არის ჩართული თქვენი ოპერირება  შუა დერეფნის საკითხში?

– ჩართულები ვართ, პირდაპირ გეტყვით, რომ  “აია”, ახლა მოემართება საქართველოსკენ და მოყავს – ევროპა საქართველოში – რკინიგზის ვაგონები  და აქედანაც, ჩვენ წავიყვანთ საქართველოს ევროპაში.  საქართველოს და იმ რეგიონს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის პირდაპირ ევროპასთან კავშირი და გადებული ხიდი.  ვარნას პორტი და კონსტანცას  პორტი, შუა დერეფნის ნავსადგურებია, ისევე, როგორც ფოთის და ბათუმის ნავსადგურები.

პარტნიორებს, დამკვეთებს რაც შეეხება  თუ გაქვთ, რომელიმე ქვეყანასთან სერიოზული და მრავალწლიანი ხელშეკრულებები, უკვე იცით, რომ წლების განმავლობაში ეს ტვირთები ჩვენკენ წამოვა?

– კი, როგორ არა სარკინიგზო მიმართულებას, უნდა ძალიან სერიოზული მომზადება, როგორც დოკუმენტურად და  იურიდიულად ასევე ტექნიკურ და მარკეტინგულ დონეზე. ამის გაკეთება არ არის მარტივი.  ამ პროცესის მომზადებას დიდი დრო მოვანდომეთ. და შევძელით, რომ 15 აგვისტოს, ბულგარეთში ხელი მოეწერა – ბულგარეთის რკინიგზას, საქართველოს რკინიგზასა და ჩვენს  შორის შედგა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ხდება სწორედ ჩვენი საქმიანობის განხორციელება და ვაგონების პირველი პარტიაც უკვე შემოდის საქართველოში.

შემდეგ აქედანაც წავა ვაგონები  და ნელ-ნელა სარკინიგზო მიმოსვლა შავ ზღვაზე აღდგება.

რაც შეეხება ტვირთბრუნვის გაზრდას, პარალელურად ვმუშაობთ ყველა პოტენციურ დამკვეთთან, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. ფაქტობრივად, ძალიან კარგი კავშირები დავამყარეთ შუა აზიურ მხარესთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან, ევროპულ დიდ გადამზიდ კომპანიებთან.

რა სიხშირეებით შესრულდება რეისები და  ასევე, როგორი იქნება მოძრაობა ამ სამკუთხედ სქემაში

– რეისი იქნება კვირაში ერთხელ.  რაც შეეხება  სამკუთხედს, ეს  არის დროებითი, როცა ჩვენი ახალი გემი შემოვა, “აიას”   პირდაპირ გადავრთავთ მთლიანად ვარნაზე და სარკინიგზო ტვირთებზე.  ახალი გემი კი იმოძრავებს  კონსტანცას მიმართულებით.

ვარნა,  ახლა პირველი რეისი სრულდება და  8 ვაგონით მოვდივართ, რაც არ არის ცოტა.  სპეც დანიშნულების ვაგონებია.

მაინც ძირითადი დატვირთვა კონსტანციდან მოგვაქვს, დროთა განმავლობაში. ეს დატვირთვა გადავა ვარნაზე და იქნება ძირითადად სარკინიგზო და არა საავტომობილო.  დღეს მაგალითად შერეული ტიპის ტვირთები  მოდის. ეს არის საავტომობილო ტვირთები, ასევე არაგაბარიტულიც მოაქვს, სარკინიგზოც და სხვა და სხვა წვრილი ტექნიკა.

 ევროპულ ან თუნდაც აზიურ ბაზარზე ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართ ნდობა როგორია, იყო შემთხვევა, როცა უცხოური კომპანიები სპეციალურად იღებდნენ ქართულ დროშას.

– როგორც ვიცი თურქები, განგებ კი არ იღებდნენ ქართულ დროშებს, ისინი იძულებული იყვნენ აეღოთ, ჩვენი კანონმდებლობით, ასეა და სწორიცაა, როცა  გემი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა საქართველოს შიდა წყლებში, მას უნდა ჰქონდეს ქართული დროშა. თურქები, ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ თევზჭერა მიდიოდა საქართველოს წყლებში და იღებდნენ ქართულ დროშას. იძულებული იყვნენ აეღოთ  სხვანაირად კანონმდებლობის ჩარჩოდან გავიდოდნენ.

რაც შეეხება ქართული დროშის ნდობას, აბსოლუტურად სანდოა.  ეს პრაქტიკამაც ანახა უკვე.   „აიას“ სრული ნდობა აქვს.   არის ასეთი გაერთიანება „1520 მმ-იანი რკინიგზა“, რომელსაც ვარშავაში აქვს ოფისი, მისი კოდი გვაქვს მონიჭებული, ასევე პარიზის კოდიც გვაქვს მონიჭებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული დროშით აია უკვე ცნო ევროპამ, როგორც სარკინიგზო ბორანი და კიდეც ახორციელებს გადაზიდვებს.

იმ მცირე დროის განმავლობაში, რაც თქვენი კომპანია ბაზარზეა, რა იყო ჩანაფიქრი და რა არის დღეს თქვენი რეალობა, რამდენად გაამართლა ის  მოლოდინები, რაც  გქონდათ

– პირდაპირ გეტყვით, რომ გაამართლა.  ჩვენი საქმიანობის დაწყება იყო მრავალწლიანი დაკვირვების შედეგი, რამაც ამის გაკეთება გადაგვაწყვეტინა. როცა ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ, მთავარი იყო კონსტანცას მიმართულება და ყოველთვის მთავარ მიმართულებად დარჩება. თვითონ კომპანიის სახელი E60  – ეს არის ხაზი, რომელიც აკავშირებს ფოთს და კონსტანცას ერთმანეთთან.  ეს არის მთავარი. თავიდანვე ვფიქრობდით, კომპანიის განვითარებაზე. შევედით ბულგარეთის ერთ-ერთ პორტში, მომავალში ვაპირებთ სხვა პორტებშიც შესვლას, რა თქმა უნდა ვაპირებთ გეოგრაფიის  გაფართოებას. რაც შეიძლება  მეტი ნავსადგური დავაკავშიროთ ქართულ ნავსადგურებთან და შემოვზიდოთ ტვირთები.  სხვა ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი სიკეთე აქვს. ჩვენი მძღოლებიც ნელ-ნელა ეჩვევიან, რომ გემით მგზავრობა ჯობია საავტომობილო გზით მგზავრობას. რომელიც გაცილებით უსაფრთხოა. კომფორტია მძღოლისთვის.

 – რაც რუსეთუკრაინის ომის დროს შავ ზღვაში მინები მოხვდა, უცხოურ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ შავი ზღვა არ არის უსაფრთხო. თქვენი ოპერირების მაგალითზე რა შეგიძლია თქვათ?

– შავი ზღვა აბსოლუტურად უსაფრთხოა. კი რაღაც მინების რაოდენობა დინებამ სამხრეთით წაიღო, მაგრამ დღეს შავი ზღვა ითვლება უსაფრთხოდ. არანაირი შემთხვევა არ ყოფილა, რომ რომელიმე გემი  მინას შეხებოდა და რამე უბედური შემთხვევა მომხდარიყო. ამიტომ ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა.

რა არის თქვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა, რატომ უნდა დაგიკვეთონ თქვენს კომპანიას, თქვენს გემებს  სერვისი და არა სხვას

– რას შევადარებდი ამას, კონკურენტი ვინ არის? კონკურენტი არის სახმელეთო გზა.  ორი გემით დავდივართ და სახმელეთო გზასთან შედარებით უამრავი უპირატესობა გვაქვს.  ჯერ მარტო უსაფრთხოებაზე, რომ ვისაუბროთ, წარმოიდგინეთ რამდენად უსაფრთხოა ჩვენი მომსახურება. ამხელა გზა, თურქეთის შემდეგ ბულგარეთი, რუმინეთის ნაწილი უნდა გაიაროს მანქანამ თუ ევროპაში მიდის. ამხელა ტერიტორიის გავლა რამდენად უსაფრთხოა,  გემზე ხარ ჩამქრალი ძრავით, ისვენებ შენს კაიუტაში, გამოდიხარ სამჯერადი კვება გაქვს უფასო. ისვენებ და ჩადიხარ დასვენებული. საწვავს არ წვავ, მანქანას ცვეთა არ აქვს. ეს არის ჩვენი უპირატესობები.

 – 1 წელში უკვე გყავთ ორი საკუთარი ბორანი, როგორია კომპანიის გეგმები  უახლესი  ორი წლის განმავლობაში, ინვესტიციების მოცულობა, რამდენი შეიძლება იყოს რა გათვლები გაქვთ.

– გათვლები რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ ინვესტიციების მოცულობაზე ცოტა ძნელია საუბარი, ფოთის გაზრდას ნამდვილად ვაპირებთ გააჩნია როგორი გემი შეგვხვდება, რამდენიმე მილიონზეა საუბარი. გადაზიდვის გეოგრაფიული არეალის ზრდასთან ერთად აუცილებლად გავიზრდებით.

ახალი გემი შევიძინეთ და „აიას“ გადმოვიყვანთ ახალ მიმართულებაზე, სარკინიგზო ტვირთებზე. კიდევ არის შანსი ბაზრის გაზრდის და თუ მისაღები იქნება ჩვენთვის შეიძლება კიდევ ავიყვანოთ ერთი გემი. გავძლიერდებით და კიდევ უფრო გავიზრდებით.

მთავრობამ დააანონსა, რომ 2029 წელს  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, პირველ გემს მიიღებსო, თქვენი გეგმა, როგორია აპირებთ გადანაცვლებას ანაკლიაში?

– 2029 წლამდე დიდი დროა და ძნელია წინასწარ  რამის თქმა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდით ანაკლიიდან. გადაზიდვა, ხომ არ არის მარტო ნავსადგური. ნავსადგური არის ადგილი სადაც ტვირთი იცლება და იტვირთება გემზე. ნავსადგურის უკან უნდა იყოს ინფრასტრუქტურა. ისეთი როგორიცაა რკინიგზა, საავტომობილო გზა. როცა ანაკლიის ნავსადგური იქნება და იქ მივა თანამედროვე ტიპის გზა, რასაც ჩვენ ავტობანს ვეძახით. ასეთი ფუფუნება  თუ იქნება ძალიან კარგია ჩვენი ბიზნეს მიმართულებისთვის.

რუმინეთშიც იგივეა, მანქანა ნავსადგურიდან, რომ გამოდის დგება ავტობანზე და უკვე ევროპის ნებისმიერ წერტილში მიდის იმ ავტობანით. ანაკლია, ფაქტობრივად იმავეს გაიმეორებს, ოღონდ აქეთ მხარეს. წარმოიდგინეთ რამხელა უპირატესობა აქვს. ასევე ფოთის და ბათუმის ნავსადგურის უგულებელყოფაც არ შეიძლება. იქ ცალკეული ბიზნეს მიმართულებების განვითარება შეიძლება და არც იმას დავტოვებთ უყურადღებოდ.

ანაკლია რაც იქნება ეს არის ძალიან დიდი და საჭირო პროექტი. უმთავრესია ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ნავსადგურები, რკინიგზა, მისი გამტარუნარიანობა, საავტომობილო გზა. თუკი ეს ყველაფერი მწყობრში იქნება, ტვირთიც წამოვა ამ მიმართულებით

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება

12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია – “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება.  

კვირაში ერთხელ, კომპანია LIVE Branding-ის დამფუძნებელი, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი ალექსი ჩიქოვანი, რომელსაც ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პრაქტიკულ მაგალითებზე განიხილავს, რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ ბრენდინგს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში.

პოდკასტების სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქართული ბრენდის შემქმნელი, ცნობილი თუ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა მათი ბრენდი, რა გამოწვევებს  და სირთულეებს შეხვდნენ ამ გზაზე და როგორია მათი საქმიანობა დღეს.

პოდკასტების მოსმენა შესაძლებელი იქნება  ყოველ სამშაბათს, აზროვნების აკადემიის Youtube და Spotify გვერდებზე.

თიბისი ბიზნესისთვის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პოდკასტების სერიების მხარდაჭერაც. ბიზნესების წარმომადგენლებს და ზოგადად, ბრენდინგით დაინტერესებულ ადამიანებს, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღებასთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, წარმატებული ქართული ბრენდების მაგალითზე უფრო მეტი ისწავლონ და განვითარდნენ საკუთარ სფეროში.

“ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტის” ანონსის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

https://link.tbc.ge/Podcast

კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან – პრეზიდენტი

კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან – ქვეყანა გამოვა ამ კრიზისიდან სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება არის მართლაც ევროპული, თუმცა ხელისუფლება არ არის დემოკრატიული.

„ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის მართლაც ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში. ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომაც არის, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელი არის რა გადაწყვეტილებას მიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება რომ იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით, სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ჩვენთან ერთად ღრმად დარწმუნებული,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.