Home Blog Page 2

,,პრემიერის შეთავაზება არ იყო ნამდვილი დიალოგი და შარლ მიშელმა რაც განაცხადა ის იქნება ნამდვილი დიალოგი?”- მათიკაშვილი

ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებული ფორმატი ნამდვილი დიალოგი იყო. სხვანაირად წარმოიდგინეს ან სხვანაირად მიიღეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა პრემიერის შეთავაზება? პრემიერის შეთავაზება არ იყო ნამდვილი დიალოგი და შარლ მიშელმა რაც განაცხადა ის იქნება ნამდვილი დიალოგი? – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში განაცხადა.

„ამ ყველაფერში ხომ რაღაც ალოგიკურობას ვაწყდებით. დიალოგი არის დიალოგი, სწორედ ის ნამდვილი დიალოგი, რომელსაც შარლ მიშელი სთავაზობს საზოგადოებას, უკვე იყო შეთავაზებული საზოგადოებისთვის და ამაში ახალი არაფერი არ არის. ამ კუთხით ჩვენ მივესალმებით, არის ამის ფორმატი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერი ამ შეთავაზების ფარგლებში მოქმედებს. ამხელა ვნებათაღელვა არის ატეხილი სრულიად ტყუილად, ცდილობენ დეზინფორმაცია გაავრცელონ და მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, რომ თითქოს, საქართველო იცვლის კურსს. არადა ყველა ფრაზა, ყველა მესიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ამ კანონთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამჭვირვალეობითა და ღიაობით შევალთ ჩვენ ევროკავშირში ღირსებით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

,,დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკის წარმოება გამჭვირვალედ არის საჭირო და გამჭვირვალეობის წესების დადგენა არის აუცილებელი”- დავით მათიკაშვილი

ამ გამჭვირვალეობის კანონის შინაარსიდან გამომდინარე, ყველაფერი არის ბევრად მარტივი, ვიდრე ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ და დაანახონ. ის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკის წარმოება გამჭვირვალედ არის საჭირო და გამჭვირვალეობის წესების დადგენა არის აუცილებელი. მხოლოდ და მხოლოდ ამაზე კანონში საუბარი და სხვა არაფერზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში განაცხადა.

„საზოგადოებას რომ კიდევ ერთხელ კარგად ავუხსნათ, ყველა აქტორი, რომელიც პოლიტიკაში მონაწილეობს, პოლიტიკის წარმოების წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. პირველ რიგში ეს არის ღიაობა და გამჭვირვალეობა, როდესაც ჩვენ, პარლამენტის წევრები, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი ვართ, რომ ყოველწლიურად გამოვაქვეყნოთ დეკლარაცია და იქ ვაჩვენოთ ჩვენი შემოსავლები და ხარჯები, ეს გარკვეულ მიზანს ემსახურება. ეს მიზანი არის შემდეგში, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ პოლიტიკა იწარმოება სუფთად და ღიად, რომ ადგილი არ აქვს პოლიტიკურ კორუფციას, რომ შემოსავლები და ხარჯები არის გამჭვირვალედ და ამის დანახვისა და ცვენების საშუალება ეძლევა ყველას. ამ დროს რა მოცემულობაა, გარდა პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც ასეთებად არიან რეგისტრირებული არიან კიდევ სხვა აქტორები. ეს არიან NGO-ები, რომლებიც პირდაპირ არიან პოლიტიკაში ჩართული და მათი შემოსავლები და ხარჯები არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს, თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს, 4 მაისის 23:00 საათიდან კი მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილთა სიაში სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით შეიყვანა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით მითითებული არ არის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ფოტო და მონაცემები გამოაქვეყნეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში წერს

მსოფლიოს ყოველთვის მართავდნენ და დღესაც მართავენ იმპერიები. დღეს უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, ასევე, არიან ლოკალური ლიდერებიც: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, თურქეთი და სხვა, ყველა საკუთარი მიზნებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ამერიკა რასაც იტყოდა, ის სრულდებოდა ყველა მიმართულებით, დღეს „ხელთათმანი ესროლეს ამერიკას“ და აღარ ემორჩილებიან:

– სრულად – რუსეთი, ირანი, ჩინეთი;

– ნაწილობრივ – თურქეთი, საუდის არაბეთი, სრულად მუსულმანური სამყარო, ინდოეთი (არ უერთდებიან სანქციებს, ვაჭრობენ რუსულ და ჩინურ ვალუტებში და სხვა).

ხოლო დანარჩენი მსოფლიო ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდება. დიდი ალბათობით, მომავალში მსოფლიოში გაჩნდება ორი-სამი გადაწყვეტილების მიმღები პოლუსი. ამერიკა, როგორც ადრე ყველა იმპერია, იბრძოლებს ბოლომდე.

ამ ფონზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვინ მოიგებს ომს? რუსეთი და მის უკან მდგომი ჩინეთ-ირანი თუ ამერიკა და დასავლეთი (ევროპას აქვს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, მაგრამ საერთოდ არ აქვს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, რაც ამერიკისთვის არის გადაცემული).

ყველა ამას შეჰყურებს, ვინ დათმობს. თუკი ამერიკამ დათმო, მისი უმთავრესი იარაღი – დოლარი საფრთხის ქვეშ დადგება (მოწინააღმდეგე სამეული ახალი საგადახდო საშუალების შექმნას დაიწყებს, რაც გაჟღერებული აქვთ), რაც ძალიან საშიშია, სწორედ ამიტომაც, ამ ფონზე მართლაც ვაჟკაცი, გმირი უკრაინელი ხალხი ნაკლებად აინტერესებს ორივე მხარეს, როგორც ითქვა, ბრძოლა იქნება ბოლო უკრაინელამდე.

აქვე გამოიკვეთა, რომ დასავლეთს რუსეთის სწრაფი წაგების ეშინია, რათა არ გამოიყენოს ატომური იარაღი (ყველაზე დიდი მარაგი ამერიკას და რუსეთს აქვთ, რუსეთს ცოტათი მეტიც), მდიდარი ქვეყნებისთვის ეს განსაკუთრებით დაუშვებელია, ეშინიათ.

რუსეთზე გამარჯვება თუ სურთ, უკრაინას კი არ უნდა გადასცენ ორი-სამი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“, რამდენიმე ათეული „ჰაიმარსი“, „აბრამსი“, „ლეოპარდი“, შორი მოქმედების რაკეტა „ატაკამსი“ და რამდენიმე თვითმფრინავი, არამედ: 1 000 „ჰაიმარსი“, ათასობით „აბრამსი“, „ლეოპარდი“ და „ატაკამსი“, ასეულობით და ათასობით თვითმფრინავი F-15 და F-16 (რომლებიც მოძველებულია, ამერიკას უკვე აქვს თანამედროვე თაობის F-35 და სხვა თვითმფრინავები დიდი რაოდენობით), ასევე ასეულობით თავდაცვის სისტემა „პეტრიოტი“. რომ წარმოიდგინოთ, საბჭოთა კავშირის დროს უკრაინაში იდგა 1 000-მდე მაშინდელი თანამედროვე თავდაცვის სისტემა – S-300. ასეთ შემთხვევაში უკრაინა მოიგებს ომს, მაგრამ ომი მიდის არა მოგებისთვის, არამედ რუსეთის გამოფიტვისთვის, რასაც ეწირება უკრაინა. ვნახოთ, რა იქნება!

რუსეთმა ოფიციალურად თავდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 30%-მდე აიყვანა (რეალურად, ალბათ უფრო მეტია). უჭირს, თუმცა 4%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს.

რაც შეგვეხება ჩვენ, რომლებსაც გულწრფელად ყველას გვინდა დასავლეთში, „სახიფათო დრო“ დაგვიდგა მოლდოვა-უკრაინასთან ერთად, რადგან დასავლეთის მხარდაჭერისა და სურვილის მიუხედავად, მიგვიღონ თავისთან, ეს ახლა მეორეხარისხოვანია. უპირველესია ამერიკისთვის ლიდერობის შენარჩუნება (რასაც ძალიან დიდი ფასი აქვს). ამისთვის, მათ სჭირდებათ არა ეროვნული, არამედ უპირობო შემსრულებელი მთავრობა, როგორიც ზელენსკი, სანდუ არიან, ან სააკაშვილი იყო. იციან, რომ ჩვენ მყარი დასავლური პოზიცია გვაქვს (პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიაში მიღებული განათლებით, ყოფილი პრემიერი – საფრანგეთში), მაგრამ ურჩევნიათ უპირობო შემსრულებლები, რომლებიც ქვეყნის კი არა, სხვის ინტერესებს გაატარებენ და ცეცხლის რკალს შექმნიან რუსეთის საზღვარზე. ამისთვის იყენებენ ფერად რევოლუციებს, რომელიც დე გოლის გადაყენებით დაიწყო და დღესაც გრძელდება, მათ შორის, საქართველოშიც. ამ ბოლო პერიოდში ბევრგან აღარ გამოუვიდათ და არ გამოუვათ აქაც. ჩვენთან უკვე იყო ერთი ფერადი რევოლუცია და ხალხმა ყველაფერი იცის.

ამასთან, დიდი ცვლილებები ხდება დასავლეთში, ევროპარლამენტის და წამყვან ქვეყნებში არჩევნები, ივლისიდან ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი ხდება და რაც მთავარია – ამერიკის არჩევნები.

როგორც იქნა, წელში გავიმართეთ, ეკონომიკა სწრაფად იზრდება (იზრდება პენსიები, ხელფასები, ინფრასტრუქტურა), ლარი და ინფლაცია სტაბილურია, არის მშვიდობა და დიდი პერსპექტივები, განსაკუთრებით „შუა დერეფანის“, ამიტომ დიდი სიფრთხილით, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისაკენ“, – წერს პაატა კვიჟინაძე.

,,მომავლისკენ გასადები ხიდი საჭიროებების მიხედვით უნდა შემუშავდეს” – მასაცუგუ ასაკავა

შევიკრიბეთ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში და ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც აქტუალურია მსოფლიოში, განვითარება ვერ შეჩერდება, ამიტომ გამოწვევები უნდა იქნეს დაძლეული, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე გამოწვევაზე, მათ შორის კლიმატურ ცვლილებებსა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე.

„კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეს იგნორირებას ვერავინ გაუკეთებს. 2023 წელი იყო ყველაზე ცხელი წელი ამ პლანეტაზე, რამაც გავლენა იქონია მოსახლეობაზე და გაიზარდა მოწყვლადობა კლიმატის ცვლილებების მიმართ. დნობადი მყინვარები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა თემს, განსაკუთრებით, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც სიცხისგან გამოწვეული სტრესისგან იტანჯებიან. კიდევ ერთი პრიორიტეტია ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რათა ეკონომიკის ზრდა იქნეს უზრუნველყოფილი. ქვეყნებს არ ექნებათ განვითარების პერსპექტივა, თუ არ გამოიყენებენ ტექნოლოგიებს. ეს უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, ფრთხილი მიდგომა. აზიის განვითარების ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეკონომიკური ზრდისთვის ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები ყველაზე გონივრულად გზით იქნეს გამოყენებული“, – აღნიშნა ასაკავამ.

მასაცუგუ ასაკავას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა.

„უნდა შევიმუშაოთ პოლიტიკა და კონცეფცია, რათა ჩვენი ქვეყნები გახდეს მდგრადი. პანდემიის შემდეგ ეს რთული იყო, თუმცა უნდა გაერთიანდეს ჩვენი ძალისხმევა, რათა გამოვრიცხოთ პროტექცია და შერჩეული მიდგომები. ეს არის ჩვენი სამომავლო სულისკვეთება. მოდი, ვისაუბროთ, როგორ შეიძლება რეგიონული თანამშრომლობა და პარტნიორობა იქნეს უზრუნველყოფილი, რათა გაძლიერდეს ინვესტიციები კერძო სექტორში და საერთაშორისო მიმართულებით. ამასთანავე, უნდა ვიპოვოთ გზები დეკარბონიზაციისთვის, რათა გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვი იქნეს გამართული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა, შემცირდეს აირების ემისია და გლობალური მიწოდების ჯაჭვი იყოს სწორუპოვარი“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

მასაცუგუ ასაკავას განცხადებით, მომავლისკენ გასადები ხიდი საჭიროებების მიხედვით უნდა შემუშავდეს.

„კუნძულოვანი აზიის ღარიბი მოსახლეობა კლიმატური ცვლილებების, ეკონომიკური შოკებისა თუ კონფლიქტების გამო დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. ჩვენი დაფინანსება უნდა გაიზარდოს, რათა გაგრძელდეს მხარდაჭერა. აზიის განვითარების ფონდი გადამწყვეტი ინსტრუმენტია ამ მიმართულებით. ხუთშაბათს ფონდი შეივსო და შეგვიძლია 5 მილიარდ აშშ დოლარამდე გამოვყოთ ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი დონორის. ხიდი მომავლისკენ უნდა იყოს გადებული ინკლუზიურად და არავის უნდა ეთქვას უარი განვითარებასა და დაფინანსების წყაროებზე. მინდა, მოგიწვიოთ ამ საკითხებზე სამსჯელოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მომავლისთვის. იმედი მაქვს, სასიამოვნო იქნება ერთმანეთთან ურთიერთობა, თბილისის სილამაზისა და საქართველოს კულტურის გაზიარება. მინდა, გადღეგრძელოთ ჩვენი მასპინძლები და ის ხალხი, ვისაც ვემსახურებით. მომავალში ერთად ვიაროთ და ხიდი გავდოთ უფრო აყვავებული, ინკლუზიური, გამძლე და მდგრადი აზიისა და ოკეანეთისთვის“, – განაცხადა ასაკავამ.

ამასთან, როგორც ასაკავამ აღნიშნა, საქართველო საოცარი ქვეყანაა.

„გასულ წელს პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში და მთაში გავატარე ერთი ღამე, არასდროს დამავიწყდება თოვლით დაფარული ყაზბეგის მთები. ასევე ვნახე საქართველოს მასპინძლობისა და სადღეგრძელოების განსაკუთრებული ტრადიცია. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისთვის“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

,,საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია”- პრემიერი

საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას.

„მქონდა პატივი, თბილისში მემასპინძლა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას. საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია. მოხარული ვარ, რომ მივმართე დელეგატებს და ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების გზებზე, რომელთა აქცენტირება ხდება მდგრადობასა და თანასწორობაზე“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

„მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა”- ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

მაქვს განცდა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მშობლების თაობაა და ის მომავალიც, რაც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა!

„მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა, რთულია მიმდინარე მოვლენებზე განყენებულად საუბარი, იმ პოზიციიდან რაც მიკავია და იმ პასუხისმგებლობით, რაც მაკისრია. მოკლედ ვიტყვი, რომ აქციების დაწყების პირველივე დღიდან, მეც და სახალხო დამცველის აპარატიც სრულად, ვაკეთებთ იმას, რასაც კონსტიტუცია და კანონი გვავალდებულებს, ვნახულობთ დაკავებულებს და დაზარალებულებს, ვაწვდით ინფორმაციას ოჯახის წევრებს და საზოგადოებას, ვაფასებთ პოლიციის მოქმედების პროპორციულობას და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.

აქ სხვა რამეზე მინდა გამოვთქვა აზრი და ეს, პირველ რიგში, ეხება ჩვენს ახალგაზრდებს, პროტესტის მონაწილეებს, იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. მე ვიცი ვინ დგას იქ, ისინი ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, ჩვენი მეგობრების შვილები, მეზობლები, ნათესავები არიან. კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! მაქვს განცდა, რომ ამ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მათი მშობლების თაობაა (თუნდაც, ისინი განსხვავებულად უყურებდნენ ბევრ რამეს) და ის მომავალიც, რომელიც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული. ჩვენ ვერ ვიქნებით მათ გარეშე და ისინი უჩვენოდ, რადგან ეს ერთი დიდი ოჯახია.

ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ არასდროს უნდა დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ძალადობა დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მხრიდანაც, ყველას უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე დგას და ამ ინსტიტუციებს პატივისცემა სჭირდება, პოლიციელების შეურაცხყოფა, გინება თუ ფურთხება კატეგორიულად მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს.

სიძულვილის ენა ის წყევლაა, რაც ათწლეულების მანძილზე არ გვაძლევს საშუალებას გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების ირგვლივ, სიძულვილის ენის გამოყენება არის ადამიანის დეჰუმანიზაციის სამარცხვინო აქტი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არჩეული უარგუმენტო გზა, განსაკუთრებით, როცა ჩვენს საამაყო სპორტსმენებზეა საუბარი, ისინი ბევრად მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს, მათ აქვთ უფლება, აკეთონ საკუთარი საქმე და არავის აქვს უფლება ამუნათოს ამისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაც ადამიანის უფლებაა და არა ვალდებულება.

და ბოლოს, ისევ ჩვენს ახალგაზრდებს დავუბრუნდები, ჩვენი ევროპული მომავლის ფლაგმანს და ვიტყვი, რომ არ შევწყვიტოთ შრომა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ორ სიტყვაში „ადამიანის უფლებები”, მთავარი სიტყვა ადამიანია.

გილოცავთ, ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერებას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ! – წერს ლევან იოსელიანი.

,,მოვითხოვთ ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას”- ლევან ბეჟაშვილი

ზონდერ ჯგუფები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, პოლიტიკოსებს, მოქმედებენ პოლიტიკური დავალებით, რომელსაც გასცემს შს გომელაური, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მოვუწოდებ, რომ ნუ ამძიმებს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ უმოქმედობით, როდესაც არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო „სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს“ მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შს მინისტრს უნდა დაეკისროს.

„როდესაც სახელმწიფო ასე სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს და მომიტინგეებს, როდესაც პოლიტიკოსებზე ასე სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებენ და როდესაც კრიმინალური ზონდერ ჯგუფები დათარეშობენ და ახალგაზრდებზე ანგარიშსწორებას ახორციელებენ, ამაზე მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს გომელაურს, რადგან წარმოუდგენელია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე არ ხდებოდეს. ეს ადამიანები მოქმედებენ სწორედ პოლიტიკური დავალებით და შესაბამისად, ბრძანებას გასცემს მინისტრი გომელაური და რაც მთავარია, ეს დავალებები მოდის ივანიშვილისგან, ამიტომ ვითხოვთ მინისტრი გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს და მოვუწოდებ, რომ ნუ ამძიმებს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ უმოქმედობით, როდესაც არცერთი თანამდებობის პირი არ არის დაკავებული, არ გადამდგარა და პასუხისმგებლობაში არ მიუციათ და არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე აგებული კუვუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III გამოიტანა. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 15:13 საათზე გადმოვიდა.

კუვუკლიაში შესვლამდე, იერუსალიმის პატრიარქმა მაცხოვრის საფლავს სასულიერო პირებთან ერთად სამჯერ ლიტანიობით შემოუარა. შემდეგ აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა. მანამდე ასევე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს. საფლავი თბილისის დროით, დაახლოებით, 15.09 საათზე დაიხურა.

აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათზე ჩამოაბრძანებენ და ტაძრებში, სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება.

უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

 ,,რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა უნდა დამთავრდეს!”- ირაკლი ქადაგიშვილი 

საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა უნდა დამთავრდეს.

„რაც შეხება ბატონი შარლ მიშელის ნათქვამ სიტყვას, რომ ჩვენ ნამდვილი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ ყოველთვის ამ ნამდვილი დიალოგისკენ ვართ მოწოდებული, რადგან იმის გამო, რომ ამ ქვეყანას მშვიდობა, სტაბილური განვითარება ჰქონოდა და დემოკრატია შეუფერხებლად განვითარებულიყო, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მათ შორის, ბატონი შარლ მიშელის შემოთავაზებულ პროექტსაც დავეთანხმეთ. აღარ დავუბრუნდები იმ რყევას და პოლიტიკურ საბოტაჟს, რასაც ოპოზიცია ეწეოდა, დავთანხმდით ისეთ რაღაცებს, რასაც არც კონსტიტუცია ითვალისწინებდა და საერთოდ, დემოკრატიული პროცესისთვის მიუღებელია. 43%-იანი ბარიერის გადალახვას დავთანხმდით, ამაზე მეტი და შორს წასვლა რად გინდა?! ვერც ერთი თანამდებობის პირს, გარდა პრემიერ-მინისტრისა, ვერ დანიშნავდი, თუ ოპოზიცია არ დაგეთანხმებოდა, ასეთი რამე მსოფლიოში არსადაა. მიუხედავად ამისა, ამან პოლარიზაცია არ შეასუსტა, პირიქით გააძლიერა. თუ ნამდვილ დიალოგზე და ნამდვილ პარტნიორობაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ერთადერთი პირობა და მოთხოვნა, ჩვენ სხვა პირობა და მოთხოვნა არ გაგვაჩნია. საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის პირნათელია, ზურგს უკან ორმაგი თამაში ხელისუფლებას არასდროს ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს გამუდმებით ბრალს დებდნენ, რომ რუსეთისათვის სანქციების არიდების ადგილია, ჩვენ ოფიციალური დელეგაციების შეფასება ვნახეთ, რომ საქართველო სისტემურად ყველაზე კარგად მოწესრიგებული ქვეყანაა სანქციების დაცვის კუთხით, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით. რევოლუციების მოწყობის პრაქტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს, უნდა იყოს საქართველოში არჩევნებით პოლიტიკური სისტემის განვითარება, ხელისუფლების ცვლილება და ა.შ. ამისათვის საქართველოში ყველა პირობა არსებობს, მედიასივრცე მრავალეროვანი, თავისუფალია, პოლიტიკური სივრცე მრავალფეროვანი, თავისუფალია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჯანსაღ პროტესტს ყოველთვის მივესალმები და ვუერთდები კიდეც, მაგრამ ეს რადიკალური, ფანატიკური, შეპყრობილი ბღავილი – თქვი, რასაც ჩვენ ვამბობთ, თორემ გადაგივლით და მიწასთან გაგასწორებთო, არის ამაზრზენი – თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება.

პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს… საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს… მათი გვერდების „დარეპორტებას“ და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.

მისივე თქმით, ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას, იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია… რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად… რომ იქ ნამდვილი არაფერია?!

„წავიკითხე, ხვიჩა კვარაცხელიას სამარცხვინო განცხადება მეთქი, გინდოდათ, ალბათ, დამეწერა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამ ბიჭს გონებაც ისეთივე აქვს მიმადლებული, როგორც ფეხბურთის თამაშის ნიჭი.
„გული მწყდება, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის
პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით“. – სხვაგვარად ამ სიტყვებს ვერ დაწერდა. ეს ის კაცია, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომელმაც შეცვალა ქართველი ემიგრანტებისადმი დამოკიდებულება, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
რომელმაც ქართულ ფეხბურთს იმედი და რწმენა დაუბრუნა.
რომელმაც თავდაჯერება შემატა ქართველ ფეხბურთელებს.
რომელმაც, ლამის, მარტომ გაიყვანა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და ერთი ღამით მაინც შეძლო მთელი ერის გაერთიანება.
რომელმაც იმაზე მეტი საქმე გააკეთა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ვიდრე ერთად აღებულმა, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და იმ ხალხმა, რომლებიც დღეს ხვიჩას ლანძღავენ.
აკა მორჩილაძის წერილის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, როცა ამას ითხოვდნენ, არამედ მხოლოდ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები, თან ზუსტად იმ სიტყვებით, რითაც თვითონ საუბრობენ.
ამას ფანატიზმი ჰქვია. როგორც უკვე ვთქვი, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ.
ჯანსაღ პროტესტს ყოველთვის მივესალმები და ვუერთდები კიდეც, მაგრამ ეს რადიკალური, ფანატიკური, შეპყრობილი ბღავილი – თქვი, რასაც ჩვენ ვამბობთ, თორემ გადაგივლით და მიწასთან გაგასწორებთო – არის ამაზრზენი!
რა თავისუფალი სიტყვა, რა განსხვავებული აზრის პატივისცემა, რა კულტურა, რა ერთობა და სიყვარული – ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს ჭამენ, როგორ თუ შენ სხვა აზრზე დგახარო! ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდნენ, ერთად უძლებდნენ უამრავ გასაჭირს, ტრაგედიას, ტკივილს… ერთმანეთს ლანძღავენ და მიწასთან ასწორებენ…
როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებ იმის გამო, რომ შენი აზრის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, როცა აქციებს სპეცრაზმით არბევს…
შენ რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს? გინდა სოციალურ სივრცეში და გინდა რეალურ ცხოვრებაში?
რით განსხვავდები, მათგან, ვისაც ებრძვი?
იმით, რომ არ შეგიძლია სპეცრაზმი მიუქსიო მათ, ვინც არ გეთანხმება? ან უარესი – გეთანხმება, მაგრამ შენი სიტყვებით არ საუბრობს?!
(ჰო, დარბევაა, როცა პიროვნულად ეხები და ლანძღავ ადამიანებს… საერთო ჯგუფებსა და ჩათებში ითხოვ მათ მიმართ ბულინგს… მათი გვერდების „დარეპორტებას“ და პიროვნულ დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩუმად არიან ან სიტყვა-სიტყვით თქვენს ლოზუნგებს არ იმეორებენ.)
მით უმეტეს, ამ ძალით პატრიოტებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა ცხოვრებაში არაფერზე უდარდიათ, რომლებიც გამუდმებით იქ დგანან, სადაც ხალხის უმრავლესობა დგას (არა იმიტომ, რომ იქ სიმართლეა, უბრალოდ იმიტომ, რომ იქ უმრავლესობაა…), იმას აკეთებენ, რაც ტრენდულია და იმას იმეორებენ, რასაც სხვები ამბობენ, (და დარწმუნებული ვარ, დღეს, ამ განცხადების გამო, უმრავლესობა, ხვიჩას რომ აქებდეს, თავადაც შეაქებდნენ…) საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია? თუ გგონიათ, რომ თქვენს ყველა პოსტს, სთორის და კომენტარს არ ეტყობა, რომ ყალბია… რომ ზოგი შიშითაა დაწერილი, ზოგი სხვისი წამბაძველობით, ზოგი თავის გამოსაჩენად… რომ იქ ნამდვილი არაფერია?!
ყველაფერს ითამაშებთ და ყველაფერს მოიტყუებით, მაგრამ სამშობლოს სიყვარულს ვერა!
ჰოდა, ნუ აჰყვებით ამ ძალით პატრიოტ, ბრმა წინამძღოლებს, თითებს რომ ილესავენ კლავიატურაზე. პირადად ვიცნობ ბევრ მათგანს და ისიც ვიცი, რაცაა მათი პატრიოტიზმი… საკუთარი თავის გარდა, რომ არავინ ადარდებთ ქვეყნად და მხოლოდ პოპულარობაზე, პირად ანგარიშსწორებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობენ.
ასეთი რადიკალიზმით, ზეწოლით, დამცირებით და ბულინგით, ბევრი ადამიანის თვალში, იმ ჯანსაღ ნაწილსაც ჩრდილს აყენებთ, რომელიც მთელი სულით და გულით საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.
ანთხიეთ ეგ თქვენი სიძულვილი, ბოღმა და გესლი, საქართველოს მტრებს, მაგრამ ერთმანეთს – არა!
ასე ვერაფერში გავიმარჯვებთ.

დედა გვეტირება ასე. არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ ნაწერიდან სწორ აზრს გამოიტანთ, მაგრამ სულ ერთია. რაც დავწერე, დავწერე“, – წერს თორნიკე ნაროზაული.