Home Blog Page 2

ბელგიის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი: ბრიუსელმა, შესაძლოა, წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს

“ბრიუსელმა, შესაძლოა, წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს”, – განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა Le Soir-თან ინტერვიუში.

თავდაცვის მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს დედაქალაქში არსებული მდგომარეობის გაუარესებით.

„სიტუაცია დრამატული გახდა. როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით. იმის საპირისპიროდ, რასაც შეიძლება გაიგონებდეთ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ ჩვენი დედაქალაქის მდგომარეობის გაუარესებით“,– თქვა მან.

ფრანკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუჩების უსაფრთხოება პოლიციის პასუხისმგებლობაა და არა სამხედროების. თუმცა, მან დასძინა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა მას ამ საკითხთან დაკავშირებით.

“შესაძლებელია თუ არა ჯარის ქუჩებში გაყვანა წლის ბოლომდე? მე არ მითქვამს „კი“, მაგრამ არც „უარი“, – თქვა ფრანკენმა.

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცხოვრება საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და სწრაფად იმოქმედოთ. გინდათ თუ არა, მოსაწყენი და უინტერესო საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ და გზა გააგრძელოთ. შეეცადეთ, დახუჭოთ თვალები სხვის ნაკლოვანებებზე, მით უფრო, თუ ეს თქვენ არ გეხებათ.

კურო

გახსოვდეთ, რომ გრძნობებს განახლება სჭირდება, ამიტომ საყვარელ ადამიანს პერიდულად უნდა შეახსენოთ როგორ ძლიერ გიყვართ და საჩუქრით ან კომპლიმენტით გაანებივროთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება და ეცადეთ, ვარსკვლავების მინიშნებები სწორად წაიკითხოთ. წარმატების მისაღწევად უფრო მტკიცედ უნდა იმოქმედოთ.

ტყუპები

ძალების აღსადგენად მეტი დასვენება და ყურადღების სასიამოვნო თემებზე გადატანა გჭირდებათ. გირჩევთ, კოლეგებთან შეთანხმებით, მუშაობის არასტანდარტული მეთოდები სინჯოთ. შეეცადეთ, წლის ბოლომდე კარგი განწყობა შეინარჩუნოთ – საბოლოო შედეგი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი

რაც უფრო აქტიური იქნებით, ეს დღე მით უფრო წარმატებული იქნება. გირჩევთ, სახლიდან გახვიდეთ, ახალ ადგილებს და ღონისძიებებს ეწვიოთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდეთ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ყოველდღიურ საკითხებს და პირად საჭიროებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო დაასრულოთ. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ. საყვარელ ადამიანებთან საუბარი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ქალწული

ამ დღეს შეგიძლიათ, მენეჯერს ხელფასის გაზრდის შესახებ მიანიშნოთ. ახლა თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. ინტუიცია რთულ სიტუაციაში კომპრომისების პოვნაში გეხმარებათ. გირჩევთ ,ამით ისარგებლოთ და მშვიდობა დაამყაროთ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა სერიოზულად გაგირთულდათ.

სასწორი

ძნელია, რაიმე ახალი და საინტერესო დაიწყოთ, სანამ ძველ, თუნდაც მოსაწყენ საქმეებს არ დაასრულებთ, ამიტომ მეტი უნდა იაქტიუროთ. გირჩევთ სამსახურში არსებულ პრობლემებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და ნაკლები ინერვიულოთ. რაც არ უნდა გაღიზიანდეთ, მოერიდეთ უტაქტო შენიშვნის მიცემას და მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა შემდეგ არ ინანოთ.

მორიელი

შეამცირეთ აქტიურობის დონე და ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. ნუ აჩქარდებით, შეგიძლიათ დაწყებული საქმე ხვალ ან მომდენი დღეებში დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ყოველთვის მხარს გიჭერდათ და წინსვლაში გეხმარებოდათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თუ რამით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაჩუმდებით და საკუთარი აზრი თამამად გამოხატეთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

თხის რქა

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ, ამიტომ შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მერწყული

ამ დღეს სახლის გარეთ რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ, მით უფრო მაღალია მნიშვნელოვანი შეხვედრის შანსი. ეცადეთ, საუბრის დროს მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. თუ შოპინგს გეგმავთ, გირჩევთ რამდენიმე დღით გადადოთ – სავარაუდოდ, ამ დღეს შეძენილი ნივთები იმედებს გაგიცრუებთ.

თევზები

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. კითხვებზე მოკლე და კონკრეტული პასუხები გაეცით და თუ რამეში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, დიალოგზე საერთოდ უარი თქვით. ახალმა ნაცნობმა შეიძლება გული გატკინოთ და იმედი გაგიცრუოთ, ამიტომ ახალგაცნობილ ადამიანებთან გულწრფელობას უნდა მოერიდოთ.

შოთა თუთბერიძე – პაატა ბურჭულაძე გამოკითხვაზე ამოღებული იარაღის საქმეზე დაიბარეს, რაზეც ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს

გამოკითხვაზე ფორმალურად ვიყავით დაბარებული სუს-ის მიერ, მათი ვერსიით, ამოღებული იარაღის საქმეზე, რაზეც ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

მისი თქმით, იარაღის საქმე სუს-ის მიერ მოგონილი საკითხია.

„სუს-ის მიერ მოგონილი საკითხია, ისევე როგორც ბევრი წლის წინ საბურავები იყო, რომლებიც ნაგავსაყრელზე იპოვეს და თქვეს, ოპოზიციური პარტიები ამზადებენ რაღაცისთვისო. ეს საქმე დღემდეა შემოდებული თაროზე, რაც ადასტურებს, რომ იყო შეთითხნილი საქმე. ჩვენების მიცემაზე თანხმობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, თუმცა იყო მცდელობა, პაატა ბურჭულაძისთვის დაესვათ კითხვები იმ საქმეზე, რომელიც ამ საქმესთან კავშირში არ არის და ეხება საქმეს, სადაც მას აქვს ბრალდებულის სტატუსი“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მისი თქმით, დაკითხვაზე დაბარების რეალური მიზეზი იყო, პაატა ბურჭულაძის შეტყუება, რათა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ.

„ცდილობდნენ, გამოეძალათ ინფორმაცია – რას აორგანიზებდა, ვისთან ერთად აორგანიზებდა, ყველაფერზე მიიღეს შესაბამისი პასუხი. შავი პიარისთვის, რეპუტაციის შელახვისთვის ეძებენ საკენკს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

,,ჩვენთვის მისაღებია ყველა ძალისხმევა, ყველა ხელმოწერა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ღაზის დაჩაგრული და დაზარალებული მოსახლეობისთვის შვება მოაქვს”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის სექტორში ჩასვლის სურვილი გამოთქვა. ქალაქ რიზეში გამართულ მმართველი პარტიის გაფართოებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა ისრაელს მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

„ნება მომეცით, პირდაპირ და ცალსახად განვაცხადო: თურქეთი თურქეთზე დიდია. აქტიური საგარეო პოლიტიკით, პრინციპული პოზიციითა და დიპლომატიური გამოცდილებით, ჩვენი ქვეყანა ბოლო დროს მიმდინარე პროცესის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცა. ჩვენმა პალესტინელმა ძმებმა, განსაკუთრებით კი „ჰამასმა“, გონივრული დამოკიდებულებით აჩვენეს, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. შესაბამისად, ორწლიანი ჩაგვრის, გენოციდის, ნგრევისა და სისასტიკის შემდეგ, ღაზის მცხოვრებლების სახეებზე პირველად ღიმილი გაჩნდა, თუმცა სუსტად. ჯერ მე წავალ ღაზაში, შემდეგ კი თქვენ. ვინც რას უნდა ამბობდეს, ჩვენთვის მისაღებია ყველა ძალისხმევა, ყველა ხელმოწერა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ღაზის დაჩაგრული და დაზარალებული მოსახლეობისთვის შვება მოაქვს”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„მე მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს წარმატება და ახლო აღმოსავლეთისთვის მიღწეული შეთანხმება, რომელიც მან რეალურად უზრუნველყო და ეს ძლიერი შედეგია. და თუ ჩვენ შევძლებთ ამ რეგიონში ომის შეჩერებას, მაშინ სხვა ომების შეჩერებაც არის შესაძლებელი, მათ შორის რუსეთის ომის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. კერძოდ, ზელენსკიმ თეთრი სახლის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია, რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შესახებ.

„მადლობელი ვარ ჩვენი მხარდაჭერის სურვილისთვის. განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები და შეთანხმებები, რომლებსაც ამ მხრივ ვამზადებთ. არსებობს კარგი ვარიანტები, ძლიერი იდეები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ძალები. საჭიროა რუსების მზაობა, ჩაერთონ ნამდვილ დიპლომატიაში. ამის მიღწევა ძალის გამოყენებითაა შესაძლებელი. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით -სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებისა და მთავრობის დამხობის მცდელობების ფონზე, მომხდარი არეულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების პატივისცემისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მათ „სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად, შიშის გარეშე მოქმედება უნდა უზრუნველყონ“.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით. დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღონ კანონიერი პოლიტიკური პროცესების ფარგლებში მუშაობის ვალდებულება“, – აცხადებს ლუის გრაჩა.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ერთგული რჩება.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაძაბულობის შემცირების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, დიალოგის მეშვეობით საზოგადოების ნდობის აღდგენისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით, ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ერთგული რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენება იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს, ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები არ გვიკვირს -ირაკლი კობახიძე

ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული და გამოძიება დაადგენს ყველაფერს.

„რაც შეეხება მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ იყო ძალადობა, ვგულისხმობ ახალაიების ოჯახს, როგორც ჩანს, მათ ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში. მათთვის ეს ძალადობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გლდანის ციხეში აკეთებდნენ, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს. ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები რა თქმა უნდა, არ გვიკვირს. დანარჩენს დაადგენს გამოძიება. მათ შორის უცხოურ კავშირებთნ დაკავშირებითაც გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს. მე არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე გვქონდა მანამდე -ირაკლი კობახიძე

სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე მანამდე. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა როცა ხორციელდება, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში.

„შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, მარტივად გაატაროს სახელმწიფომ. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა როცა ხორციელდება, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ცესკო-ს წარმომადგენელმა ეუთო-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანმა, ელენე ბობოხიძემ ვარშავაში მიმდინარე ადამიანური განზომილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ეუთო-ს ორგანიზებით, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მხარდაჭერითა და ფინეთის თავმჯდომარეობით იმართება.

ელენე ბობოხიძე სიტყვით გამოვიდა სესიაზე, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებსა და გამჭვირვალობას ეხებოდა. მოხსენებაში მან 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შესახებ ისაუბრა, ხაზი გაუსვა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით.

წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ჰელსინკის საბოლოო აქტის მიღების 50-ე საიუბილეო თარიღს უკავშირდება. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის საკითხებს, მიმდინარე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე ჰელსინკის აქტის პრინციპების მნიშვნელობას საერთო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისათვის.

კონფერენცია ვარშავაში 6-17 ოქტომბერს იმართება და წარმოადგენს პლატფორმას 57 მონაწილე სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ევროკომისიამ „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია 2026 – 2030“ დაამტკიცა – ევროკავშირი ლგბტქ ადამიანების უფლებების უკეთ დაცვის მცდელობების წინა ხაზზე უნდა იყოს

ევროკომისიამ 2026-2030 წლების „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია“ დაამტკიცა.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, სტრატეგიის მიზანია ლგბტქ+ ადამიანების დაცვა მავნე პრაქტიკისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან, თანასწორობის ხელშემწყობი ლგბტქ+ თემებისა და ორგანოების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე წევრი სახელმწიფოებისა და სხვა აქტორების ჩართულობა.

განცხადების მიხედვით, სტრატეგიის დამტკიცებით, ევროკომისია ადგენს ზომების სერიას, რათა გააძლიეროს ქმედებები, ინტეგრირება გაუწიოს ლგბტქ თანასწორობას ყველა პოლიტიკის სფეროში და ხელი შეუწყოს ლგბტქ უმცირესობების ხმის ამაღლებას, მაგალითად, მავნე პრაქტიკის აღმოფხვრით და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებით.

ევროკომისიის განცხადების თანახმადვე, ახალი სტრატეგიის მიზანია 2020-2025 წლების სტრატეგიის ამბიციისა და მიღწევების გათვალისწინება და წარმოადგენს ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი კავშირის შექმნას, სადაც მრავალფეროვნება კოლექტიური სიმდიდრის ნაწილად იქნება აღიარებული, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია, იყოს საკუთარი თავი დისკრიმინაციის, გარიყულობის ან ძალადობის რისკის გარეშე.

„ჩვენი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა მრავალფეროვნებაში არსებული ჩვენი ერთიანობიდან მოდის: თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც გათვალისწინებულია მის ხელშეკრულებებსა და ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიაში. ევროკომისიას, პარლამენტს და საბჭოს, წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოს ყველასთვის თანაბარი მოპყრობა და თანასწორობა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საკანონმდებლო ცვლილებებმა, სასამართლო პრაქტიკამ და პოლიტიკურმა ინიციატივებმა გააუმჯობესა მრავალი ადამიანის ცხოვრება და დაგვეხმარა უფრო თანასწორი და მეგობრული საზოგადოებების შექმნაში, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, არაბინარული, ინტერსექსი და ქვიარი (LGBTIQ) ადამიანებისთვის. 2015 წელს კომისიამ წარმოადგინა „ლგბტ თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებების სია“, პირველი პოლიტიკური ჩარჩო, რომელიც სპეციალურად ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციას ებრძვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, ევროკავშირი ლგბტქ ადამიანების უფლებების უკეთ დაცვის მცდელობების წინა ხაზზე უნდა იყოს.

„ლგბტქ ადამიანების სოციალური მიმღებლობა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის მასშტაბით სტაბილურად გაიზარდა. ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს (FRA) ლგბტქ მესამე კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ლგბტქ ადამიანები სოციალურ გარემოში უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე, გენდერულ იდენტობაზე ან სექსუალურ მახასიათებლებზე. ეს ტენდენცია უფრო აშკარაა ტრანსგენდერ, არაბინარული, გენდერულად მრავალფეროვანი და ინტერსექს რესპონდენტებში. ამავდროულად, FRA-ს კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ლგბტქ ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული შევიწროების შემთხვევები, რომელთა ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ მათ მსგავსი გამოცდილება ჰქონდათ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს ფიზიკური და სექსუალური თავდასხმების უფრო ხშირი შემთხვევები, განსაკუთრებით ტრანსგენდერ, არაბინარული, გენდერულად მრავალფეროვანი და ინტერსექსი ადამიანების მიმართ. ევროკავშირი ლგბტქ ადამიანების უფლებების უკეთ დაცვის მცდელობების წინა ხაზზე უნდა იყოს. 2020 წლის ნოემბერში კომისიამ მიიღო ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია 2020-2025 წლებში, რომელიც იყო კომისიის პირველი სტრატეგია ლგბტქ თანასწორობის შესახებ და შეასრულა ევროკომისიის ვალდებულება თანასწორობის კავშირის მშენებლობის მიმართ. 2025 წლის ოქტომბერში კომისიამ მიიღო მისი მემკვიდრე სტრატეგია, ლგბტქ+ თანასწორობის სტრატეგია 2026-2030”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, ვაყენებთ საკითხს ხელისუფლების წინაშე, სასწრაფოდ გადახედოს ე.წ ევროინტეგრაციის პროცესს -“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, ევროკავშირის ლგბტქ+ სტრატეგია წითელი ხაზია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.

„გუშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია, რომელსაც ხელს აწერს ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუმცა ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ მისი ავტორი მხოლოდ ევროკომისიის მარიონეტი პრეზიდენტია. ეს დოკუმენტი პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის. უფრო კონკრეტულად, სტრატეგიის მიხედვით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ამასთანავე, სტრატეგია ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოზიციაა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აქამდეც ნათელი იყო საზოგადოებისთვის, აღნიშნული სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი, სადაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე ლგბტ პროპაგანდა ზენიტში იყო აყვანილი, სადაც ყველა, ვინც ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა – არათუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებოდა, გვერდზე გადადო მსგავსი თემები. მართალია, ჯერ კვლავ ამოცანად რჩება ჩვენთვის, ეს არის „დიფ სთეითის“ მოდერნიზაციის მცდელობა თუ პრეზიდენტი ტრამპი რეალურად ებრძვის არაფორმალურ ოლიგარქიულ  მმართველობას, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ში დღეს ლგბტ თემატიკა მაქსიმალურად უკანა პლანზეა გადასული.

ევროკავშირში კი, როგორც ვხედავთ „დიფ სთეითის“ ეს მახინჯი იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას. ლგბტქ+ სტრატეგია, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, პირველად და უკვე ღიად ითრევს ბავშვებს სქესის შეცვლის ხაფანგში,  რასაც ცხადია, „დიფ სთეითის“ პროპაგანდა ევროკავშირში „პიროვნების თავისუფლების“ საფარქვეშ გაყიდის. გარდა იმისა, რომ ეს სტრატეგია ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ბავშვების მომავალს, ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში გავრცელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ იწყებს კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს რეფერენდუმი და გამოირკვეს, სურთ თუ არა მოქალაქეებს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ევროკავშირის ამ კოშმარული სტრატეგიის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე, სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული ევროინტეგრაციის პროცესს. ასევე, გვინდა მარტივი კითხვა დავსვათ, რომელი ევროკავშირისკენ მიგყავთ ქვეყანა 2030 წელს, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა ნებისმიერ ექიმთან, მშობლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და სადაც დედას და მამას უფლება არ ექნებათ, არათუ ხელი შეუშალონ ამ სიგიჟეს, არამედ პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეეძლებათ? რომელი ევროკავშირის წევრობას უპირებთ საქართველოს 2030 წელს, სადაც ამ დროისთვის ადამიანისთვის არც სქესი, არც იდენტობა, არც ეროვნულობა, არც რელიგია და არც ტრადიციები აღარ იარსებებს?

ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას, პარალელურად კი, ვიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი, რომელიც უტყუარად გამოარკვევს საქართველოს მოსახლეობის ნებას, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, სადაც ბავშვები სქესს იცვლიან, ხოლო მშობლები ხმას ვერ იღებენ. სადაც ლგბტქ+ პროპაგანდის კრიტიკა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ხოლო ამ იდეოლოგიის სამსახურში ყოფნა უხვად ჯილდოვდება.

რეფერენდუმის საშუალებით უნდა გამოვარკვიოთ – არის თუ არა თანახმა ქართველი ხალხი, ქვეყანა შეუერთდეს ასეთ ევროკავშირის, ხოლო ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს, რა გზით ატაროს მომავალში ჩვენი სამშობლო“, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ამბობენ თქვენზე ხელმძღვანელი პირები და საქმეში გამოცდილი ადამიანები. მათი რჩევები და გამოცდილება დაგეხმარებათ იპოვოთ სწორი გამოსავალი და მოაგვაროთ უთანხმოებები.

კურო

თუ დიპლომატიურად იმოქმედებთ, ადვილად მოიპოვებთ წონასწორობას, როგორც შინაგან, ასევე გარე სამყაროშიც. იზრუნეთ თქვენს იმიჯზე, რათა გახდეთ უფრო თავდაჯერებული და დადებითი გავლენა მოახდინოთ ირგვლივ მყოფებზე.

ტყუპები

შესაძლოა, წარსულიდან თავი შეგახსენონ ადამიანებმა ან სიტუაციებმა, ან გაიგოთ რაღაც გასაიდუმლოებული ინფორმაცია. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები გავლენიან ადამიანებთან.

კირჩხიბი

ეჭვები და დაბნეულობა იქნება უთანხმოების მთავარი მიზეზი. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას და დასკვნების გამოტანას, რადგან ამ პერიოდში შესაძლოა, ვითარება ობიექტურად ვერ შეაფასოთ.

ლომი

წარმატებით მოაგვარებთ ყოველგვარ საქმესა და ურთიერთობებს, უბრალოდ, შეეცადეთ, მოუსმინოთ ოპონენტებსაც და დიალოგი მშვიდობიანად წარმართოთ.

ქალწული

შესაძლოა, შეიტყოთ საქმიანობასთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია, გამოჩნდებიან თქვენდამი კარგად განწყობილი, გავლენიანი ადამიანები, რომლებიც მფარველობას გაგიწევენ და პროგრესს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.

სასწორი

შეეცადეთ, საქმიან სფეროში ორიენტირებული იყოთ ადამიანის პროფესიულ თვისებებზე და კონცენტრირდეთ ორივე მხარისთვის სასიკეთო მოგებასა და სარგებელზე.

მორიელი

სასურველია, იფიქროთ თქვენი სამუშაოს სტილისა და მიდგომების შეცვლაზე, პარტნიორებთან ურთიერთობებზე. განაახლეთ ყველაფერი მოძველებული და შეიტანეთ სიახლეები.

მშვილდოსანი

მეგობრული კავშირები უფრო სანდო და მისაღები ხდება, რის შედეგადაც მატულობს თქვენი წარმატების შანსები. როგორც საზოგადოებრივ, ასევე, პირად სასიყვარულო სფეროში.

თხის რქა

სასურველია, ეს დრო გამოიყენოთ პარტნიორებთან პროფესიული საკითხების განხილვისთვის. ოღონდ, გაითვალისწინეთ , რომ პრეტენზიებით და ზედმეტი მოთხოვნებით საქმეს მხოლოდ გააფუჭებთ.

მერწყული

შედეგიანი იქნება საქმიანი ვიზიტები. სასიკეთოა წარმოების რეორგანიზაცია, ხელშეკრულებების დადება. დაგეგმეთ ღონისძიებები და საპასუხისმგებლო გამოსვლები, დიდი ალბათობით, იოლად გადალახავთ ყოველგვარ წინააღმდეგობას.

თევზები

ახალი სასიკეთო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. ცვლილებებია მოსალოდნელი კოლეგებთან და პარტნიორულ ურთიერთობებში. მნიშვნელოვნად მატულობს თქვენი თავდაჯერებულობა, რის გამოც ნებისმიერ სფეროში წარმატებას ადვილად მიაღწევთ.