ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, კობა კობალაძემ კიდევ 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, უნივერსიტეტ გეომედისა და ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის (ნეუს) რექტორებს, ვიცე-რექტორებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
კობა კობალაძემ სტუმრებს გააცნო სამსახურის განვითარების დინამიკა, ვეტერანთა წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით, ასევე, საზოგადოებაში მათი უკეთ ინტეგრაციისთვის არსებული გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფოსა და სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო გეგმები; ისაუბრა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სახელმწიფოს აღმშენებლობაში შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი, მოტივირებული, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული მომავალი თაობების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მან, სტუმრებს, ვეტერანთა შვილების თანადგომისა და სამსახურთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში, ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებული პატივი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, თანადგომა გამოხატონ ვეტერანების – იმ ღირსეული ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ძალისხმევა არ დაიშურეს, თავიანთი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ემსახურნენ და დღესაც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. მათ განაცხადეს, რომ ისინი მომავალშიც განაგრძობენ ვეტერანთა ოჯახების მხარდაჭერას და ერთობლივი, შედეგზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავების სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრის დასასრულ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) 50%-ით დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5000-მდე სტუდენტმა ვეტერანის შვილმა და ხუთმა თავად ვეტერანმა ისარგებლა.
დღევანდელი შეხვედრისა და უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების მიზანი გახლდათ, სწავლის დაფინანსების პროგრამის უფრო ეფექტიანი და მოქნილი განხორციელებისათვის უნივერსიტეტებსა და სამსახურს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის გაუმჯობესება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად სტუდენტებზე არსებული ტვირთის შემსუბუქება.
მემორანდუმებით ასევე გათვალისწინებულია ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ვეტერანებისა და მათი ოჯახების ინტერესების მხარდასაჭერად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ამ მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას გეგმავს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„ცესკოს თავმჯდომარემ რეგიონული ფორუმის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა. გარდა ამისა, გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო სიახლეების, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
„ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ახალგაზრდების ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს. მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებაც. ვფიქრობ, ახალგაზრდებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი უწყებისთვის, ასევე ზოგადად დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხიც განვიხილე და მათთვის საინტერესო მნიშვნელოვან კითხვებსაც ვუპასუხე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ცესკოს თავმჯდომარემ ფორუმის მიმდინარეობისას დეზინფორმაციაზეც ისაუბრა. მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არსებული გამოწვევებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ.
პროექტი – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ ორი შეხვედრა კახეთსა და აჭარაში. ქუთაისში გამართულ რეგიონულ ფორუმში ქუთაისის, მარტვილის, ხობის, ხონის, ჩხოროწყუსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მრჩეველთა საბჭოების წევრები და კოორდინატორები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-3 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
1-2 ივლისს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) პირველ ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ივლისს – ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) პირველ ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 2-3 ივლისს – ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20, გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) პირველ ივლისს და 2 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა შიდა ქართლში +25,+27 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +28+30 გრადუსი დაფიქსირდება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსამდე დაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) პირველ ივლისს და 2 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27,+29 გრადუსი იქნება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +19+21 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) პირველ ივლისს და 2 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23,+25 გრადუსი იქნება. 3 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +19+21 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +14, +16, გრადუსი იქნება.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს, 18:00 სთ-ზე, „რადიო ქალაქში“ გაიმართება, სადაც პროექტის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.
დაჯილდოება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ის სხვადასხვა საინტერესო სპიკერსა და თემატიკას დაეთმობა. დაჯილდოების ცერემონიამდე, ღონისძიების პირველ ნაწილში, ბიზნესსაუბრები, პანელური დისკუსია და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სერია გაიმართება და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს, წინასწარი რეგისტრაციით შეეძლება. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასკვნითი ღონისძიების მთავარი თემა იქნება – „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.
ღონისძიების განრიგი: I ნაწილი 18:00 –ღონისძიების გახსნა 18:30 – ბიზნესი საზღვრებს გარეთ
ნიკა ქურდიანი – TBC უზბეკეთის გენერალური დირექტორი
18:50 – ქართული ღვინის გზა ევროპის დახლებამდე
გაგა მარგველაშვილი – “თბილღვინოს” დამფუძნებელი
19:00 – პანელური დისკუსია: რა უნდა ვიცოდეთ ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე?
გიორგი ისაკაძე, დაჩი ჭოლაძე, დავით ბარდაველიძე , თამარ სულუხია, ირაკლი ჩხაიძე
19:50 – ხუთშაბათის შეხვედრები: სპორტი, როგორც ბიზნესი
აკო ახალაია, ლევან ახვლედიანი, ტატო ბაციკაძე, ბაჩა მალაზონია
II ნაწილი
21:00 – ბიზნეს დაჯილდოების ცერემონია
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა შემდეგ ბმულზე: თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2025 . ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერები – აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, რა დროსაც, ის დიპლომატიური მისიით უნგრეთში იმყოფებოდა.
ჟღენტის განცხადებით, მან 7 აგვისტოს საღამოს, საქართველოს საგარეო უწყებიდან მიიღო ცირკულარული წერილი, რომლითაც სამინისტრო იტყობინებოდა, რომ საქართველო აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიას ჯავის გარდა, შესაბამისად, წარმომადგენლობებს სთხოვდა, ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან იმაზე მუშაობას, რომ რუსეთის მხრიდან ამას აგრესია არ მოჰყოლოდა.
„2008 წლის 7 აგვისტოს, მომივიდა სამინისტროდან ფაქსით ცირკულარული წერილი, ყველა საელჩოს და წარმომადგენლობებს დაუგზავნეს. 8 აგვისტოდან გაითიშა ყველაფერი, აღარანაირი კონტაქტი საქართველოსთან აღარ იყო. ამ წერილში ეწერა ის, რაც ხშირად მოგვისმენია, როდესაც აჩვენებენ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის კადრებს – ეწერა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად მთლიანად ყოფილ სამხრეთ ოსეთს ჯავის გარდა, პრაქტიკულად გასულები ვართ გვირაბთან, აღვადგინეთ იქ წესრიგი და ახლა წაბრძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოითხოვეთ შეხვედრა მინისტრთან ან მოადგილესთან და იმუშავეთ იმაზე – ეს ძალიან საინტერესო მომენტია, – რომ რუსეთმა ამაზე არ მისცეს მწვავე რეაქცია, რომ რუსეთისგან ამას არ მოჰყვეს აგრესია საქართველოს მიმართ“, – განაცხადა კონსტანტინე ჟღენტმა.
მისივე თქმით, 8 აგვისტოს მივიდა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მიიტანა მის ხელთ არსებული წერილი. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ კი სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „სიენენი“ ჩაურთო, სადაც ეკა ზღულაძე ამბობდა, რომ რუსეთის ტანკმა ორჭოსანთან აუხვია.
„8-ში დილას, წავედი [უნგრეთის] საგარეო საქმეთა სამინისტროში და იქ ქალბატონი იყო ერთი, რომელიც ჩვენს დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მასთან მივედი, მინისტრი აქ არ არისო, მაშინ მოადგილესთან შემიყვანე-მეთქი. მაჩვენე, რა მოიტანეო – წაიკითხა [წერილი] და მეუბნება, შენ დღეს დილით, “სიენენს” უყურეო? არა, ისე წამოვედი, არ მიყურებია-მეთქი, ჩართო „სიენენი“ და ზუსტად იმ მომენტში ჩართო, ეკა ზღულაძე რომ იძახის, ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო. მეუბნება, როგორ მივცე ეს წერილი ან მოადგილეს, ან მინისტრსო? – ასეთი სირცხვილი, ჩემს ცხოვრებაში როგორც დიპლომატს, არ განმიცდია, იქ რომ განვიცადე“, – განაცხადა კონსტანტინე ჟღენტმა.
კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ კომისიაზე გამოკითხულმა გენერლებმაც კი დაადასტურეს, რომ 7 აგვისტოს გვიან ღამემდე, საბრძოლო მოქმედებები არ დაწყებულა, შესაბამისად, გამოდის, რომ დიპლომატებს სამინისტროსგან წერილები წინასწარ გაეგზავნათ.
„ყველა პირმა, მათ შორის, გენერლებმა, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ან უნდა ეხელმძღვანელათ მოქმედებებისთვის, კომისიაზე გამოკითხვისას თქვეს, რომ 7-ში საღამოს, 23:45 საათზე დაახლოებით დაიწყო საბროძლო მოქმედებები, მანამდე არაფერი ხდებოდა ქვეყანაზე. 2 საათია განსხვავება უნგრეთისა და საქართველოს დროს შორის და თქვენ, 7-ში საღამოს, 23:00 საათამდე ბევრად ადრე მიიღეთ ეს ცირკულარული წერილი, რომ ვაკონტროლებთ ტერიტორიებს ჯავამდე. საერთოდ არ არის საბრძოლო მოქმედებები დაწყებული და წინასწარ მიიღეთ ასეთი ცირკულარი, რომ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად როკის გვირაბამდე ტერიტორიას“, – განაცხადა სუბარმა.
ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისათვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვიღაცები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების პოპულარიზაცია.
„ნარკომანია არის სერიოზული სენი და ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში, ის ადამიანები, რომლებიც არიან მომხმარებლები. ამისათვის საჭიროა ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს ნარკოპოლიტიკა რეალიზატორების მიმართ. მასშტაბური სპეცოპერაცია უკვე ჩატარდა, სადაც დაკავებული იქნა 18 მსხვილი ნარკორეალიზატორი და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ასევე, უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ვებრძოლოთ ამ მძიმე სენს და დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები ამ მძიმე სენისგან. ხედავთ, რომ აქაც არის გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება, რომლის დახმარებითაც, ვიღაცები ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. პოპულარიზაცია ხდებოდა მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკების და ა.შ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერავის მივცემთ ამის უფლებას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის კუთხით, ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფოსკენ წამოღების კუთხით, ესეც ემსახურება თავიდან ბოლომდე იმას, რომ ვებრძოლოთ ნარკოტიკების რეალიზაციას ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ე.წ. ლეგალური ფორმა თუ არალეგალური ფორმა“, – განაცხადა პრემიერმა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება.
„ევროკავშირი აფინანსებს აქციას, რომელზეც გაისმის პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ – პირდაპირ იხარჯება უცხოური ფული იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა. ვერ ეღირსებით, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მერმა.
გახარია თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა – მთელი ოპოზიცია, გახარიას პარტიაც და გახარიაც, სრულ გაურკვევლობაში არიან – აქამდე პატრონებმა მიიყვანეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, რადგან არჩევნებში შანსები საკმაოდ შესუსტებულია, გახარიას არჩევნებში მონაწილეობა თან უნდა, თან არა.
„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან ქვეყანაში არ უნდა. თან არჩევნებში მონაწილეობა უნდა, თან არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია, ეს პოლიტიკური პარტია და ეს ადამიანიც არის სრულ გაურკვევლობაში. აქამდე პირველ რიგში, ეს პოლიტიკური პარტიები პატრონებმა მიიყვანეს. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის თქმით, პროექტი, რასაც „რადიკალურ ოპოზიციაში ზურაბიშვილის ლიდერობა“ ერქვა, აბსოლუტურად ჩავარდა.
„ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა დაპირისპირება, რომელიც არის მასსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ეს მოსალოდნელი იყო და რა თქმა უნდა, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. იყო გარკვეული პროექტი, რომელიც სრული ფიასკოსთვის იყო განწირული და დასრულდა კიდეც ფიასკოთი“,- განაცხადა კობახიძემ.
დედაქალაქის მერიამ, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დაფინანსების პროგრამით, ბოლო წლებში საქართველოსა და ქვეყნის გარეთ არსებულ კლინიკებში, ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ დღეს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი მიმართულებაა სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, 100 ათასზე მეტი შემთხვევა უკვე დაფინანსდა. ეს არის სხვადასხვა ოპერაციები, ძვირადღირებული მკურნალობა, მედიკამენტები, რომელიც განაცხადის საფუძველზე ფინანსდება. ასევე ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სრულფასოვანი წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე, რომლებიც დედაქალაქშია. შესაბამისად, 10 000-მდე ბავშვი იღებს ვაუჩერს და უფასოდ სარგებლობს სხვადასხვა შეთავაზებით, რაც გააჩნია მუნიციპალიტეტსმოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო წრეების სახით“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მან, ასევე ისაუბრა სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკისპირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრისმოვლა-პატრონობის, შინმოვლის თანადაფინანსების, შშმ პირთამხარდაჭერისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამაზე.
„ჩვენ დავნერგეთ სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა და უკვე 70 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამით. ასევე, მერის გადაწყვეტილებით, ათჯერ გაიზარდა 100 წელს მიღწეული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება, რომელიც 1000 ლარი იყო და მიმდინარე წელს გახდა 10 000 ლარი“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი პირების საჭიროებას – სახლში გაეწიოთ გარკვეული მოვლა-პატრონობისა და სამედიცინო დახმარების სერვისი. აღნიშნული სერვისით ისარგებლა 7 768 ბენეფიციარმა.
„ჩვენთან ოპერირებს თბილისის მიუსაფართა მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც არის ერთგვარი ალტერნატივა უსახლკარო ადამიანებისთვის, რომ არ დარჩნენ ღია ცის ქვეშ. თავშესაფარი ემსახურება 240 ბენეფიციარს და მობინადრეები უზრუნველყოფილი არიან: კვებით, პირადი მოხმარების ნივთებით,პირველადი სამედიცინო დახმარებით და სხვა საჭირო მომსახურებით”, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
კომუნალური სუბსიდირების პროგრამაზე საუბრისას, ანდრია ბასიალიამ აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებს ზამთრის თვეებში კომუნალური გადასახადები უფინანსდებათ. ამ პროგრამით 64 000-ზე მეტი აბონენტი სარგებლობს.
„სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის უზრუნველყოფაა.ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა არსებობს, მაგალითად, როგორიცაა მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დახმარების პროგრამა, ასევე არასრულწლოვანი შშმ პირების დახმარების პროგრამა. ერთ-ერთი პოპულარული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზაფხულო ვაუჩერები. წელს უკვე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით, 3 200 ოჯახს მივეცით საკურორტო ვაუჩერები იმისთვის, რომ შშმ ბავშვებმა და მათ ოჯახებმა მოახერხონ სრულყოფილად დაისვენონ ზაფხულში. პარალელურად, ვაფინანსებთ სხვადასხვა შშმ პირთა ორგანიზაციას და ინდივიდუალურ განაცხადებს“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
ამასთანავე, ანდრია ბასილაიას თქმით, მერია ახორციელებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომლის სერვისიც შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.
ყველა მშობელმა იცის, რომ შვილის აღზრდა არ შემოიფარგლება მხოლოდ საკვების მომარაგებით, ტანსაცმლის ყიდვით ან სკოლაში მისვლა-მოსვლით. ეს არის რთული გზა, სავსე სიხარულითა და ცრემლებით, დარდითა და იმედით, უძილო ღამეებითა და მოთმინებით, რომელიც სიყვარულის საზღვრებს სცდება.
ბავშვებს ენერგიის უშრეტი წყარო აქვთ და ხანდახან გვგონია, რომ არასოდეს იღლებიან. მათი ინტერესები და ცნობისმოყვარეობა დაუცხრომელია. მათი გონება სწრაფად იწოვს ყველაფერს – ემოციებს, სიტყვებს, გამოცდილებებს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი მათზე დიდ კვალს ტოვებს. ისინი ერთდროულად ფრთხილებიც არიან და თამამებიც. ამ შეუქცევად პროცესში კი მშობლის როლი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დამკვირვებლის. ჩვენ ვართ მათთვის გზამკვლევი – ის, ვინც უნდა დაეხმაროს შინაგანი რესურსების განვითარებაში, სხეულის, გონებისა და ემოციური ბალანსის გაწონასწორებაში.
სწორედ ამ პასუხისმგებლობების გააზრებისას ვიწყებთ უფრო ღრმა დაკვირვებას – რა სჭირდება ბავშვებს ენერგიის შესანარჩუნებლად, სწავლისთვის, გონებრივი განვითარებისთვის, როგორ დავეხმაროთ მათ კონცენტრაციაში, ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში?
ეს კითხვები მარტივი არ არის, რადგან ბავშვის განვითარება მრავალფაქტორიან პროცესს ეფუძნება – ჯანსაღ გარემოს, ემოციურ კავშირს, ფიზიკურ აქტიურობასა და დაბალანსებულ კვებას. მაგრამ, რაც არ უნდა იდეალურად ვზრუნავდეთ მათზე, ყოველთვის არსებობს მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელთა ნაკლებობა დროთა განმავლობაში გავლენას ახდენს ბავშვის ენერგიულობაზე, გონებრივ სიმახვილესა და ემოციურ სტაბილურობაზე.
ერთ-ერთი ასეთი ელემენტი, რომელიც ხშირად რჩება „ჩრდილში“, მაგრამ უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაში, არის ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები.
ბავშვის ტვინი საოცარი სისწრაფით ვითარდება და უკვე 5 წლის ასაკში ზრდასრული ადამიანის ტვინის 90-დან 95%-მდე მოცულობას აღწევს. ტვინის სტრუქტურის დაახლოებით 60% ცხიმოვანი ნივთიერებებისგან შედგება, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს – DHA-სა (დოკოზაჰექსენის მჟავა) და EPA-ს (ეიკოზაპენტენის მჟავა) ენიჭებათ. აღნიშნული კომპონენტები სიცოცხლის პირველივე წლიდან აქტიურად მონაწილეობს ნეირონების განვითარებაში, სინაფსების ჩამოყალიბებასა და კოგნიტიური ფუნქციების გაძლიერებაში.
ბავშვებში ომეგა-3-ის დეფიციტი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მათი გონებრივი, ემოციური და ფიზიკური განვითარების პროცესზე. ბავშვებში ომეგა-3-ის დეფიციტი ხშირად იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კონცენტრაციის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, მეტყველების შეფერხება, აგრესიული ქცევა და ყურადღების დეფიციტი. ბავშვს უჭირს სტრესთან გამკლავება, ხდება ცვალებადი, გაღიზიანებული და უჭირს სწავლის პროცესში ჩართვა და დასწავლა, რაც მშობლებს ხშირად ჩვეულებრივ გადაღლილობად ეჩვენებათ. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი: ადვილად ღიზიანდება ან არის ჰიპერაქტიური, ხშირად ავადდება ან აღენიშნება ქრონიკული ანთებითი მდგომარეობები, აღენიშნება ზრდაში შეფერხება, დიდ დროს ატარებს ეკრანებთან და უჩივის თვალის სიმშრალეს, უკვე აქვს დადასტურებული ADHD-ის (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი) დიაგნოზი.
ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში არ სინთეზირდება, სწორედ ამიტომ, ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კვების რაციონი, რომელიც მდიდარია სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებებით და ხელს უწყობს ტვინისა და ნერვული სისტემის სრულფასოვან ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მშობლებს ურჩევენ, რაციონში რაც შეიძლება ხშირად შეიტანონ ომეგა-3-ის ბუნებრივი წყაროები – თევზეული, თხილი, ზეითუნის ზეთი და ა.შ.
თუმცა, თანამედროვე აქტიური ცხოვრების დღის წესრიგიდან გამომდინარე, საკვების არჩევის სირთულისა და ბავშვების სენსიტიური გემოვნების ფონზე, ხშირად რთულია ისეთი საკვების რეგულარული მიწოდება ორგანიზმისთვის, რომელიც ომეგა-3-ზე ორგანიზმის მოთხოვნილებას სრულად დააკმაყოფილებს. სწორედ აქ შეგვიძლია მივმართოთ ალტერნატიულ და ეფექტურ გზას სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სახით, რომლებიც არა მხოლოდ ხარისხიან და უსაფრთხო ომეგა-3-ს გვთავაზობს, არამედ გემრიელი და მარტივად მისაღები ფორმითაც მოეწონებათ ბავშვებს. ამ მოთხოვნებს კი სრულად აკმაყოფილებს GM PHARMA-ს გერმანული წარმოების (“WELTPHARMA”) ომესამის პროდუქტები: ომესამი ჟელი და ომესამი ჯუნიორი.
ომესამი ჟელი სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ომეგა-3-ის პრეპარატია, რომელიც დათუნიის ფორმის გემრიელ ჟელიბონებს აერთიანებს სხვადასხვა ხილის არომატით, რაც მას პატარებისთვის მარტივად მისაღებს, ხოლო მშობლებისთვის კი მოსახერხებელს ხდის. ომესამი ჟელი შეიცავსშემდეგ აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს D3 ვიტამინი (80 სე), ალფა-ლინოლეინის მჟავა ALA (65 მგ), ვიტამინი C (10 მგ) და ვიტამინი E (1.2 მგ).
ომესამი ჟელი გამოიყენება 3 წლის ასაკიდან ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების, ტვინისა და მხედველობის სწორად ფუნქციონირების, ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუმჯობესების, კოგნიტური, წერისა და კითხვის უნარების განვითარების, იმუნური სისტემის გაძლიერების, ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის მართვის, თვალის ჯანმრთელობის და ძვლოვანი სისტემის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის რაქიტისა და მოტეხილობების რისკის შესამცირებლად.
მიღების წესი და დოზირება: 3-6 წელი – 1-2 ჟელიბონი დღეში, 6-12 წელი – 1-3 ჟელიბონი დღეში, 12 წლის ზევით – 1-5 ჟელიბონი დღეში.
მაგრამ, როდესაც ბავშვები იზრდებიან, ზრდასთან ერთად იცვლება მათი სხეულიც, გონებაც და საჭიროებებიც. დაახლოებით 6 წლის ასაკში, როცა პატარა უკვე იწყებს ახალ, სასკოლო ეტაპს – იძენს ახალ მეგობრებს, სწავლობს წერა-კითხვას, ფართოვდება სამყაროს აღქმა – მისი ტვინიც სულ სხვაგვარ დატვირთვას იღებს. ეს ის დროა, როცა ჩვენი პატარები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვებს – თავის თავზეც, გარშემომყოფებზე, სამყაროზე. სწორედ ამიტომ სჭირდება მათ პატარა ორგანიზმს მტკიცე საფუძველი იმისთვის, რომ ფოკუსირდეს, იაზროვნოს, დასვას კითხვები და მოძებნოს პასუხები. ამიტომ, 6 წლის ასაკიდან ჩვენს პატარებს შეგვიძლია ყოველდღიურად მივაწოდოთ სპეციალურად მათთვის შექმნილი ომესამი ჯუნიორი.
ომესამი ჯუნიორი გამოიყენება 6 წლის ასაკიდან ბავშვის ჯანსაღი გონებრივი განვითარების და ორგანიზმის იმუნური გაძლიერებისთვის, იგი ხელს უწყობს ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორ განვითარებასა და ფუნქციონირებას მოზარდებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ომესამი ჯუნიორი ხელს უწყობს კოგნიტური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესებას, მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის ამაღლებას, ასევე ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის მეხსიერების დარღვევის, ყურადღების დაქვეითების, დემენციის პროფილაქტიკასა და მართვას. ომესამი ჯუნიორი ხელს უწყობს ჰიპერტრიგლიცერიდემიის შემცირებას, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ასევე უზრუნველყოფს დისლიპიდემიით გამოწვეული მდგომარეობების პრევენციას. ომესამი ჯუნიორი ეხმარება ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებების მართვას და პრევენციას (მათ შორის მოტეხილობები, ოსტეომიელიტი და ოსტეოპოროზი), ხელს უწყობს კანის სხვადასხვა დაავადების, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, მკურნალობას.
ომესამი ჯუნიორის 1 საღეჭი კაფსულა შეიცავს 868 მგ ომეგა-3-ს (250 მგ DHA / 82 მგ EPA) და გამოიყენება 6 წლის ასაკიდან ბავშვის ჯანსაღი გონებისა და ძლიერი ორგანიზმისთვის.
მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ დასაღეჭად, მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე.
ომესამი – ბავშვების საიმედო მეგობარი ნებისმიერ ასაკში!
ჭიდაობას ჰგავდა ეს ყველაფერი, როდესაც ბრიუსელი დიდად არ იჩენდა სურვილს იმისა, რომ საქართველოს მარტივად მიეღო უვიზო რეჟიმი, ხელისუფლება არ მოსწონდა და ამიტომ, თუ სხვა რაღაც მიზეზის გამო, ეს საუბრის და კვლევის თემაა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამიძიებო კომისიის თავმდჯომარე თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.
წულუკიანის განცხადებით, საქართველო, უკრაინასა და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ იყო, მიუხედავად ამისა, მოლდოვას, რომელსაც „სკოჩით“ ჰქონდა ე.წ. ჩიპები ძველ პასპორტებზე მიკრული, უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას ბრიუსელი უკმაყოფილებდა, ამ ფონზე კი, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს უცხადებდნენ, რომ ჯერ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არ იყო.
„ერთ მაგალითს ვიტყვი. ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, ახალი თაობის, არადა ბიომეტრიული პასპორტი არ არის მხოლოდ საბუთი, ამის უკან დგას მთელი სისტემა: მონაცემთა ბაზების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ა.შ. და ვიყავით ორივე ქვეყანაზე და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ. მოლდოვას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ, ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე „სკოჩით“ მიმაგრებული და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო. ასეთი მომენტებიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ყველაფერი მაგიდაზე დევს და მერე მიდის დავა, ვაჭრობა თუ მოლაპარაკება. ეს არის 2015-16 წლები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამინისტროს ცნობითვე, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
„ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – წერია ინფორმაციაში.