Home Blog Page 2

პენტაგონმა სამხედრო მეთაურებს ბიბლიოთეკებიდან გენდერული თანასწორობის თემატიკის წიგნების ამოღება დაავალა – AP

პენტაგონმა სამხედრო შენაერთების მეთაურებს დაავალა, 21 მაისიდან ბიბლიოთეკებიდან გენდერული თანასწორობის თემატიკის წიგნები ამოიღონ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, განკარგულება წერილობითი სახით თავდაცვის მდივნის მოადგილემ ტიმოთი დილმა გასცა. მეთაურებთან მიმოწერაში ნათქვამია, რომ გენდერული კონცეფციისა და იდეოლოგის მატარებელი ლიტერატურა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკას და ინტერესებს არ შეესაბამება.

თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში წვლილი შეიტანოს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს, – თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

„თურქეთი მზადაა ნებისმიერი ფორმით წვლილი შეიტანოს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებმა „ისტორიულ გარდამტეხ მომენტს მიაღწია“ და რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხსა და უკრაინის აღდგენის პროცესებში.

ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხვალიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი

ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„კარგი ნიშანია, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდა. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა“, – აცხადებს ზელენსკი.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის 12 მაისიდან შეწყვეტა.

„მკვლელობების ერთი დღით გაგრძელებასაც კი აზრი არ აქვს. ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას – სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს – ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.

ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განცხადებიდან რამდენიმე საათში ინდოეთმა და პაკისტანმა ერთმანეთი „დარღვევებში“ დაადანაშაულეს.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ადგილობრივებმა ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში რამდენიმე ძლიერი აფეთქების შესახებ განაცხადეს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეთანხმება რამდენიმე საათის განმავლობაში არაერთხელ დაირღვა. მოგვიანებით დელის მხრიდან დარღვევების შესახებ განცხადება პაკისტანის საგარეო უწყებაში გაკეთდა.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბრძოლები 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. შაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნები სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

6 მაისს, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებში დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას პაკისტანში და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები ინდოეთის წინააღმდეგ.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანს აქვს სრული უფლება, ძალისმიერად უპასუხოს ინდოეთის მიერ თავსმოხვეულ ომის ამ აქტს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდა.

22 აპრილს, ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია დაჯგუფება „ლაშქარ-ი-ტაიბასთან“, თავს დაესხა ტურისტების ჯგუფს ქაშმირის სამხრეთით მდებარე ბაისარანის ხეობაში. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. პაკისტანი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.

პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები – ემანუელ მაკრონი პუტინის შეთავაზებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

„პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ პუტინი „გამოსავალს ეძებს, მაგრამ მაინც დროის მოგება სურს“.

შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

ეს იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული დღის შედეგები შეაჯამა და მას რუსეთისა და უკრაინისთვის „პოტენციურად დიდი დღე“ უწოდა. შესაბამისი განცხადება მან საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა.

„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის. წარმოიდგინეთ ასობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე, როდესაც ეს უსასრულო სისხლისღვრა იმედია დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. ორივე მხარესთან გავაგრძელებ მუშაობას, რათა დავრწმუნდე, რომ ეს მოხდება. ამერიკას სურს ამის ნაცვლად აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე იყოს ფოკუსირებული. დიდი კვირა გველის“, – დაწერა ტრამპმა.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა, უკრაინის დედაქალაქში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მონაწილეებმა კი ერთობლივი განცხადება მიიღეს და რუსეთს 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს, შემაფერხებელი ფაქტორების გამო, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გარშემო მყოფებს არ დაუპირისპირდეთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ. შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენს მსოფლმხედველობაში ცვლილება მოხდეს.

კურო

ყოველმხრივ წარმატებული დღეა. შესაძლოა, გაუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა. ამ დღეს ექსპერიმენტი ძველ, გამოცდილ მეთოდზე უფრო წარმატებული იქნება. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნას ადვილად მოახერხებთ, არ დაიბნევით და კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ტყუპები

ეცადეთ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ და წარმატებული დღე გექნებათ. უსაფუძვლო ოპტიმიზმმა და ქედმაღლობამ შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ. ნუ დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ. მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ, რომლებთანაც ადრე უკვე ითანამშრომლეთ. ახლა არახელსაყრელი დროა ახალი პარტნიორების მოსაძებნად. განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის წევრებს მიაქციეთ – მათ ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

კირჩხიბი

შესაძლებლობა გექნებათ, რომ მოვლენების ჩვეულებრივი მიმდინარეობა შეცვალოთ. მაგალითად, ახალ საქმეზე გადაერთოთ. ექსპერიმენტების არ გეშინიათ და ისე იქცევით, როგორც ინტუიცია გიკარნახებთ. ამან შეიძლება გარშემო მყოფების გაოცება და აღშფოთებაც კი გამოიწვიოს, თუმცა თქვენსას გაიტანთ და წარმატებას მიაღწევთ.

ლომი

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, ურთიერთობა მოგიწიოთ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი არ ესმით. ხანგრძლივ ახსნა-განმარტებებს და კამათს დიდი ენერგია სჭირდება, ამიტომ საღამოს დაღლილობას იგრძნობთ და დასვენებისთვის განმარტოვდებით. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა უმჯობესია, არ იჩქაროთ. ჯერ ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.

ქალწული

ამ დღეს ბევრი რამ უნდა მოასწროთ, ამიტომ მიზნები და პრიორიტეტები რაც შეიძლება ადრე უნდა განსაზღვროთ. ყველაზე მეტად გაღიზიანებთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს საქმეებში ერევიან და გაძლევენ რჩევებს, რომლებიც არ გითხოვიათ. შეეცადეთ, ასეთი ქმედებები ტაქტიანად, მაგრამ მტკიცედ შეაჩეროთ, რათა სხვა ადამიანების მანიპულაციების მსხვერპლი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.

სასწორი

დაძაბული დღეა. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში გეხმარებოდნენ, ახლა საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლულები, ამიტომ, მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. შანსი გექნებათ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობა აღადგინოთ.

მორიელი

ამ დღეს ახალი გარემოებების გამო გეგმების ხშირად შეცვლა მოგიწევთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების გაგება და მხარდაჭერა მოგაკლდეთ. გეჩვენებათ, რომ საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩებით, თუმცა ასე არაა. ყველა სირთულე დროებითია და მალე გადალახავთ. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ და ჰორიზონტი გაიფართოოთ. დღეს მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ფინანსურ საკითხებში გარისკვას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე თქვენი მთავარი მტერია. იმ მშვილდოსანს, ვინც მზად არის მოძველებული შეხედულებებისგან გათავისუფლდეს, ვარსკვლავები ახალ შესაძლებლობებს ჰპირდებიან.

თხის რქა

დღე რთულად დაიწყება, მაგრამ კარგად დასრულდება. რთულ სიტუაციებშიც კი სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ და ამაში ინტუიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გეხმარებათ. გარშემომყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ. ეცადეთ, ისე დაეხმაროთ, რომ საკუთარი საქმე არ დააზარალოთ. ოჯახში მცირე გაუგებრობა გელით – ახლობლებს თქვენი მოქმედების მიზეზი ყოველთვის არ ესმით.

მერწყული

ამ დღეს ბევრი სასარგებლო საქმის კეთების შანსი გექნებათ. თქვენ გაუმკლავდებით იმას, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. ამისთვის საკუთარ მეთოდებს იყენებთ და გარისკვის არ გეშინიათ. ხელსაყრელი გარემოება საშუალებას მოგცემთ, შემოსავალი გაზარდოთ. ახალი ნაცნობი თქვენზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს და ცხოვრებაზე დაგაფიქრებთ.

თევზები

შესაფერისი დღეა ძველი პრობლემების მოგვარებისა და რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნისთვის. შესაძლოა, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ცვლილებების დასაწყისი გახდეს. უარს ნუ იტყვით უჩვეულო შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ. ის შეიძლება ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

სტარმერი და მაკრონი უარყოფენ პუტინის მოთხოვნას, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეწყდეს

სტარმერი და მაკრონი უარყოფენ პუტინის მოთხოვნას, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის შეწყდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე განაცხადეს, რომელმაც ონლაინ და ოფლაინ 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი შეკრიბა.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოწია. ხოლო ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ. უარვყოფთ დამატებით პირობებზე ნებისმიერ წინადადებებს.

საუბარია მიწაზე, ზღვაში, ცაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს გაგრძელების შესაძლებლობით, მონიტორინგის შესაძლებლობით, კონტროლის ხაზის გარშემო ძალების დაშორების შესაძლებლობით. იმათი დახმარებით, ვისაც კოალიციასთან შეერთება სურს, ეს გაკეთდება“, – განაცხადა სტარმერმა.

პუტინის პირობები ასევე უარყო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.

„სრულიად უარვყოფთ რაიმე დათმობების ნებისმიერ შესაძლებლობას. ხაზს ვუსვამთ: არავითარი წინასწარი პირობები იარაღის მიწოდების შეწყვეტაზე ან რამე სხვა მომენტებზე. არავითარი. მკაფიო უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, ის დამატებითი სანქციებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შედეგების წინაშე დადგება“, – განაცხადა მაკრონმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ავრცელებს

9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ მარშზე მომხდარი ინციდენტი პირდაპირი თავდასხმაა არა ჩვენს პარტიაზე, ანდაც პირადად მიხეილ სააკაშვილზე, არამედ „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ არსებული საპროტესტო მოძრაობის ერთიანობაზე, რამაც დამატებითი საკვები მისცა რუსი ოლიგარქის პროპაგანდას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ დავით მანგოშვილს დაესხნენ თავს, საჯაროდ ერთიანობის მომხრეები არიან, მაგრამ მათი ქმედებები ამის საპირისპიროსკენ მიუთითებს.

„ევროპა განსხვავებული აზრების ურთიერთპატივისცემაზე დგას. ეს არის ის დასავლური ღირებულება, რომლისკენაც თითოეული ჩვენგანი ისწრაფვის. ისინი, ვინც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ დავით მანგოშვილს დაესხნენ თავს, საჯაროდ ერთიანობის მომხრეები არიან და თანასწორობისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ მათი ქმედებები ამის საპირისპიროსკენ მიგვითითებენ. არ შეიძლება თანადგომა, სოლიდარობა, ერთიანობა და თანასწორობა არსებობდეს, იმ სივრცეში, სადაც ერთმანეთის გამოხატვის, პროტესტის თავისუფლებას ვზღუდავთ. არავის აქვს უფლება განსაზღვროს, რა ფორმით გამოხატავს მოქალაქე სამართლიან პროტესტს, მითუმეტეს, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ პატიმრობას. ეს ფაქტი აღიარებულია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ. ანუ, იმ ადამიანებს, რომელთა ქცევაც მნიშვნელოვნად ემთხვევა კომუნისტურ-მარქსისტულ მიდგომას, რომელმაც საქართველო 70-წლიან ტყვეობაში მოაქცია, თურმე აქვთ უფლება, საპროტესტო ბანერი წაართვან იმ ადამიანის მხარდამჭერს, რომელმაც პირველად აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა. გუშინ ამ ნაბიჯით ისინი პუტინის, ივანიშვილის, სიმონიანის, ლავროვის თანამოაზრეებად იქცნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ, არასამთავრობო თუ არაფორმალურ საზოგადოებრივ გაერთიანებებს მოუწოდებს, დაგმონ ამგვარი ძალადობა.

„ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების დაკვეთა, რაც ერთიანობაზე გადის. ამისთვის, ჩვენი პარტიული ინტერესები არაერთხელ დაგვიყენებია უკან პლანზე, მაგრამ ჩვენს მხარდამჭერებზე თავდასხმა ყველანაირ ზღვარს სცდება. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ ძალადობა, პუტინისა და საქართველოში მისი მეხუთე კოლონის ხელწერა და მეთოდია, რითაც რეჟიმის მიმართ მიმდინარე მთელი ქართული პატრიოტული საზოგადოების გახლეჩა და დისკრედიტაცია ხდება. ამას მხოლოდ ღიად ან ფარულად ამ რეჟიმის მსახური თუ ჩაიდენს.

ყველას კარგად გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, რეპრესიების საკუთარ თავზე გადატანა 2012 წლის 2 ოქტომბრიდან გვიწევს, ამიტომ ივანიშვილი რეჟიმის მხილებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში 12 წელია, ქართველ ხალხთან ერთად მთავარ როლს ვასრულებთ.

მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა პოლიტიკურ, არასამთავრობო თუ არაფორმალურ საზოგადოებრივ გაერთიანებას, დაგმოს ამგვარი ძალადობა და ყველაფერი ვიღონოთ, რათა მომავალში საერთო სახალხო პროტესტის ფარგლებში, ამგვარ უღირს, (კრიმინალურზე რომ არაფერი ვთქვათ) პროვოკაციულ ქმედებას, ადგილი აღარ ჰქონდეს. გვახსოვდეს, რომ ყველაზე მთავარი ევროპული ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, რომელთან ბრძოლაში ბოლშევიკური რეჟიმიც კი დაემხო“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

,,უკრაინა მზად არის, რუსეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს”- ზელენსკი

თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, უკრაინა მზად არის, რუსეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, საუბრის დროს მოკავშირეებმა ტრამპს განუცხადეს, რომ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის შემთხვევაში, ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებენ.

„როგორც ჩანს, ტრამპი კმაყოფილი იყო იმით, რომ უკრაინამ მიიღო ცეცხლის შეწყვეტა და დათანხმდა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა წყარომ.

კიდევ ერთმა წყარომ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოხარული იყო იმის გაგონებით, რომ როგორც უკრაინა, ისე ევროპა მხარს უჭერდნენ მის წინადადებას.

,,მოსკოვი ვერ ხედავს, რომ ევროპას სურს, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი ვერ ხედავს, რომ ევროპას სურს, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა.

ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა „ინტერფაქსს“ მას შემდეგ განუცხადა, რაც კიევში მყოფმა ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის გეგმას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ევროპიდან ბევრ წინააღმდეგობრივ განცხადებას ვისმენთ. ისინი, ზოგადად, უფრო კონფრონტაციული ხასიათისაა, ვიდრე ჩვენი ურთიერთობების აღდგენის მცდელობისკენ მიმართული“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის პერსპექტივებზე საუბრისას დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა მზაობა „ურთიერთქმედებისა და დიალოგისთვის ნებისმიერ ლიდერთან“.

ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შესახებ ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კი „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუ ეს შეხვედრა ომის დასრულებას შეუწყობს ხელს.

,,მხარს ვუჭერთ მომავალში უფრო მეტი ჩინური კომპანიის შემოსვლას საქართველოში”- ჩინეთის ელჩი

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტებით არის დაინტერესებული ჩინეთის მთავრობა და როგორი დამოკიდებულება აქვს ჩინეთს ანაკლიის პორტის მიმართ, – ამ საკითხებზე ისაუბრა „დღის ქრონიკაში“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩინეთის სტატისტიკის თანახმად, ჩინური ინვესტიციების მთლიანი მოცულობა საქართველოში უკვე 1.3 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

„ჩინეთი მსოფლიო ლიდერია ინფრასტრუქტურის სფეროში თავისი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. საქართველოს E60 ჩქაროსნული მაგისტრალის ძირითადი მონაკვეთები სწორედ ჩინურმა კომპანიებმა ააშენეს. ყველას შეუძლია პირადად დარწმუნდეს, რომ ამ მაგისტრალმა ბევრად მოსახერხებელი გახადა თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა.

ინფრასტრუქტურული კავშირების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია „სარტყლისა და გზის” ინიციატივაში. ამ ინიციატივის წამოწყების პირველი ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთმა ინვესტიციების სახით დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარი გამოყო, რომლის დიდი ნაწილი დაეთმო „სარტყლისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნების ინფრასტრუქტურის განვითარებას.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას. მრავალი ჩინური კომპანია გამოხატავს დაინტერესებას საქართველოს ინფრასტრუქტურასა და განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტირების.

ჩინეთის სტატისტიკის თანახმად, ჩინური ინვესტიციების მთლიანი მოცულობა საქართველოში უკვე 1.3 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც საქართველოს აქცევს ჩინეთის უმსხვილეს ინვესტიციის მიმღებ სახელმწიფოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ანაკლიის პორტს, „ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანიის (CCCC)“ ხელმძღვანელობით შექმნილი კონსორციუმი, როგორც ერთადერთი შერჩეული მხარე, ამჟამად აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან საბოლოო შეთანხმებაზე.

ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მომავალში უფრო მეტი ჩინური კომპანიის შემოსვლას საქართველოში, რათა განახორციელონ ინვესტიციები და თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ტურიზმი და ლოგისტიკა, რომლის მეშვეობითაც ჩინეთი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში“, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.