Home Blog Page 2

მუნიციპალური ინსპექცია მეწარმეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექცია მეწარმეებს ინტენსიურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას იმ ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის ამოქმედება 2026 წლის პირველი იანვრიდანაა დაგეგმილი.

თბილისის მერიის ინიციატივით დამტკიცებული ახალი წესი ეხება მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებას ან/და რეალიზაციას.

კერძოდ, დადგენილებით იკრძალება ზემოაღნიშნული საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარიული დაცვის ზონებში. ასევე, დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა) განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს.

“წესის ამოქმედებამდე, დავალების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დედაქალაქში განხორციელდა სრული ინვენტარიზაცია რეგულაციას დაქვემდებარებული ტერიტორიების და მეწარმე/სუბიექტების. კერძოდ, ინსპექციამ 14-ზე მეტი მსხვილი არეალის მესაკუთრეს, რომელთაც თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 000-მდე მცირე მეწარმე ჰყავთ დასაქმებული და 1 500-ზე მეტ საშუალო მეწარმე სუბიექტს პირდაპირი კომუნიკაციით გაუწია კონსულტაცია და გააცნო ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ. ასევე, ჩაბარდათ შესაბამისი გაფრთხილების წერილები.

რეგულაციის მიზანია დედაქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ხელშეწყობა, მოქალაქეებისა და გარემოს დაცვა მავნე ზემოქმედებისგან, ასევე, საქმიანობის დასაშვები არეალების, სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების იმგვარად მოწესრიგება, რომ შეიქმნას აუცილებელი პირობები, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა მისაღწევად, მათ შორის, საქმიანობაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის.

რეგულაციით მოთხოვნილია, რომ დასაშვებ არეალებში უზრუნველყოფილი იქნეს ამტვერებადი მასალების დახურულ შენობებში განთავსება/რეალიზება; ფეთქებადი და ადვილად აალებადი მასალების განთავსება/რეალიზების შემთხვევაში, შენობებიდან გასასვლელი საშუალებები; სანიტარიული პირობები, სათანადო განათება და განიავება; შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებისას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, დამატებითი კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია, დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს შესაბამის უფლებამოსილ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

 

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები.

„მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებზე.

განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პროექტებში თანამშრომლობა დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა მწვანე ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა და სხვ.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული კაბელი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც დასკვნით ფაზაშია, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაზრდას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული ტურისტული ბაზარია.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, რომელთა დასაძლევად ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანულმა მედიამაც. 

როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურთა დიარეა – პრაქტიკული რჩევები და ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის შენარჩუნება

როდესაც ზაფხულის ნანატრ შვებულებას სულმოუთქმელად ელოდები, წინასწარ გეგმავ სად წახვიდე, ინტერნეტში საათობით ეძებ შესაფერის ადგილებს, ათვალიერებ სასტუმროებს და ეცნობი გასართობ აქტივობებს.  ეს  დაგეგმვის პროცესიც თავისთავად ისეთივე სასიამოვნო და ამაღელვებელია, როგორც თავად მოგზაურობა.

თუმცა სანამ კალენდარზე წითლად შემოხაზული ნანატრი თარიღი დადგება, ბარგს ჩაალაგებ და შენს თავგადასავლების გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვები, ალბათ ღირს ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება.

როგორც წესი, შვებულების წინ არასასიამოვნო მოვლენებზე ნაკლებად ვფიქრობთ, არც ის გვახსენდება, რომ იდეალურად დაგეგმილ დასვენებას, რიგ შემთხვევებში, ზუსტად წვრილმანი პრობლემები უშლის ხოლმე ხელს. ეს წვრილმანები შეიძლება მცირე დისკომფორტით დაიწყოს, მაგალითად საჭმლის მონელების დარღვევით, შებერილობით ან მუცლის ტკივილით. ერთი შეხედვით, უწყინარი ჩივილებია, რომლებიც ადვილად შეიძლება მივაწეროთ ახალ საკვებს ან დაღლილობას, მაგრამ სწორედ ისინია საკმაოდ გავრცელებული პრობლემის – მოგზაურთა დიარეის პირველ ნიშნები.

ამ სტატიაში შევეცდებით გაგიზიაროთ ყველა სასარგებლო რჩევა, რაც დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ მოგზაურთა დიარეის უსიამოვნო პრობლემას და სრულად ისიამოვნოთ ზაფხულის თავგადასავლებით.

როგორ ავიცილოთ თავიდან მოგზაურთა დიარეა – პრაქტიკული რჩევები და მიკრობიოტური ბალანსის შენარჩუნება

უპირველესად, მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს საკვების წყაროსა და მის ხარისხს. უცხო გეოგრაფიულ თუ კულტურულ გარემოში, განსაკუთრებით კი ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებთან, საკვების მომზადების ჰიგიენური სტანდარტები ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაღალი ტემპერატურის პირობებში საკვები პროდუქტების შენახვის წესების დარღვევა მკვეთრად ზრდის პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელების რისკს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, უპირატესობა მიენიჭოს მხოლოდ სანდო დაწესებულებებში მომზადებულ საკვებს, სადაც სანიტარული ნორმები მაქსიმალურად არის დაცული.

ასევე აღსანიშნავია, კვებითი რეჟიმის მკვეთრი ცვლილება – კერძოდ, უჯრედისით, ცხიმებით ან მომჟავო კომპონენტებით მდიდარი საკვების ერთდროული და ჭარბი მიღება დამატებით სტრესს აყენებს ორგანიზმს და ნაწლავის მიკრობიოტის დისბალანსს უწყობს ხელს.

წყლისა და სხვა სითხეების უსაფრთხოებას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. უცხო გარემოში პოტენციური რისკების გამო, წყალმომარაგების სისტემებიდან მიღებული ბაქტერიები, თუნდაც უმნიშვნელო კონცენტრაციით, საკმარისია ნაწლავური დისფუნქციის გამოსაწვევად. ამდენად, რეკომენდებულია მხოლოდ დალუქული ბოთლის წყლის მოხმარება, მისი გამოყენება მიზანშეწონილია  პირის ღრუს ჰიგიენისთვისაც.

ხელების ჰიგიენის დაცვა აუცილებელია. არასტერილურ გარემოში ხელებით გადაცემული ინფექციური მიკრობები მოგზაურთა დიარეის ერთ-ერთ ძირითად გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს. ამიტომ გირჩევთ, ხშირად გამოიყენოთ საპონი, სპირტის შემცველი სადეზინფექციო გელი ან ანტისეპტიკური ხელსახოცები – ეს ელემენტარული საშუალებები ხშირად გადამწყვეტია პათოგენების გავრცელების პრევენციისთვის.

ყველა ზემოაღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მოზრდილთათვის, ისე ბავშვებისთვის დამატებითი დამხმარე საშუალებებით დაცვა კუჭ-ნაწლავის პრობლემებისგან. ამ მიმართულებით, რეკომენდებულია ორგანიზმის წინასწარი მომზადების დაწყება, ახალ გარემო პირობებთან ადაპტაციამდე და შემდგომშიც, მოგზაურობის პერიოდის განმავლობაში, მისი უწყვეტი მხარდაჭერა.

ამგვარ ვითარებაში სინბიოტიკების გამოყენება, როგორც მოზრდილებში, ასევე პედიატრიულ პაციენტებში, ეფექტურ გადაწყვეტილებად გვევლინება – როგორც პრევენციული, ისე არსებული დისკომფორტის და ჩივილების შემსუბუქების მიზნით.

ლაქტო-G ფორტე წარმოადგენს ოპტიმალურ არჩევანს მოზრდილი ადამიანებისთვის. მისი მოქმედება დაფუძნებულია ცოცხალი პრობიოტიკური ბაქტერიებისა (Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium lactis) და პრებიოტიკის (ფრუქტოოლიგოსაქარიდები) სინერგიაზე, რაც უზრუნველყოფს ნაწლავური მიკრობიოტას ბუნებრივ ბალანსს. ისინი ხელს უწყობენ როგორც პრევენციულ ღონისძიებების, ისე კუჭ-ნაწლავის არსებული დისკომფორტის სიმპტომურ შემსუბუქებას.

ლაქტო -G ფორტე ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესების ოპტიმიზაციას, ამცირებს მეტეორიზმის, დიარეის და ყაბზობის კლინიკურ გამოვლინებებს და ამასთანავე, ზრდის ორგანიზმის იმუნურ რეზისტენტობას გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ. თუმცა, როდესაც საქმე ყველაზე პატარა მოგზაურებს ეხება, მათ განსაკუთრებული ზრუნვა და სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი საშუალებები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ლაქტო-G კიდსი არის საუკეთესო არჩევანი ჩვენი პატარებისთვის.

ბავშვების საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებული სიფაქიზით გამოირჩევა, ამიტომაც სრულიად ბუნებრივია, რომ მოგზაურობისას მათი ორგანიზმი ხშირად რეაგირებს დიარეით ან მონელების სხვა დარღვევებით. ამ გამოწვევების პრევენციისა და მართვისთვის ლაქტო-G კიდსი წარმოადგენს ერთ-ერთ ოპტიმალურ დამხმარე საშუალებას.

ლაქტო-G კიდსი არის სინბიოტიკი და მისი უპირატესობა მხოლოდ პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების კომბინაციით არ შემოიფარგლება. მისი შემადგენლობა გამდიდრებულია B ჯგუფის ვიტამინებითაც, რომლებიც ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. კერძოდ, B ჯგუფის ვიტამინები გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის, ხელს უწყობს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. მათი როლი არანაკლებ მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს, მაგალითად, დიარეის ან მონელების დარღვევებისას B ჯგუფის ვიტამინების შეწოვა ორგანიზმში ფაქტობრივად ფერხდება. ამ დამხმარე საშუალებით კი ორგანიზმს ვამარაგებთ აუცილებელი ვიტამინებითაც, რითაც მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და სწრაფ აღდგენას.

ლაქტო-G კიდსის მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოშვების პრაქტიკულ ფორმაშიც ვლინდება: პრეპარატი წარმოდგენილია ფლაკონის სახით და ხასიათდება ვაშლის მსუბუქი არომატით, რაც მის მიღებას პედიატრიულ პაციენტებში უფრო სასიამოვნოსა და მარტივს ხდის. მისი გამოყენება სიცოცხლის პირველი დღეებიდანვეა შესაძლებელი, რაც განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმ ასაკობრივ პერიოდში, როდესაც ბავშვის მიკრობიოტა ინტენსიური ფორმირების ფაზაშია.

ის ფაქტი, თუ რატომ შეირჩა ლაქტო-G ფორტე და ლაქტო-G კიდსი მოგზაურთა დიარეის პრევენციისა და მართვისთვის, განპირობებულია მათი პრაქტიკულობით. სხვა პრობიოტიკებთან შედარებით ლაქტო-G ფორტე და ლაქტო-G კიდსი შენახვისთვის არ საჭიროებს სამაცივრე პირობებს. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის მათ მოგზაურობისას, ამიტომაც სამგზავრო სააფთიაქო ჩანთაში შეგვიძლია საპატიო ადგილი გამოვუყოთ.

აუცილებელია გაითვალისწინოთ მიღების წესი და დოზირება:

ლაქტო-G ფორტე 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში,  ჭამამდე; 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე; 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.

ლაქტო-G კიდსი  – რეკომენდებული დღიური დოზაა დღეში 1 ან 2 ფლაკონი. პროდუქტის მიღება შესაძლებელია დამატებითი განზავების გარეშე, ან წყალში, რძეში ან სხვა ცივ სითხეებში გახსნილი სახით. დოზირება: 0-2 წლამდე – 1 ფლაკონი დღეში; 2-6 წლამდე – 1 ან 2 ფლაკონი დღეში, 6-12 წლამდე – 2 ფლაკონი დღეში.

საერთაშორისო მულიტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს დაკვეთით ლაქტო-G ფორტე წარმოების საწყის ეტაპებს გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ლაქტო-G კიდსი  სრულად იწარმოება იტალიაში.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს!

(R)

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 ივლისს სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ ქუთაისში – დღისით +37 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ასევე მოსაოდნელია სუსტი ქარი.

ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +34, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +32 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც მზიანი დღეა, ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +33 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა. დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +22, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღე იქნება თელავშიც, +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს უნდა მოემზადოთ ემოციურად და ფიზიკურად, რადგან ერთ-ერთი რთული დღე გექნებათ ამ თვეში. დილით ადრე ადექით და შეუდექით სამუშაოს – ბევრი დაგიგროვდათ. კარგი ის არის, რომ საინტერესო სამუშაოც იქნება. თქვენი შეხედულებები არ დაემთხვევა ახლობლების შეხედულებებს, რაც კამათს გამოიწვევს, მაგრამ ისე არ ქნათ, რომ ეს კამათი კონფლიქტში გადაიზარდოს. დღეს ზოგიერთ სიტუაციას მოყვება კარგი სიურპრიზი, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება.

კურო

დღეს ინტუიცია არ გიღალატებთ. შესაძლოა, მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ – არ იჩქაროთ და საკუთარ თავში ეჭვი არ შეიტანოთ. მარტოხელა კუროებს სასიყვარულო ფრონტზე საინტერესო მინიშნებები გამოუჩნდებათ – მთავარია შენიშნონ და დააფასონ.

ტყუპი

სწორი კომუნიკაცია დღეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს. იყავით პირდაპირი, მაგრამ არა – უხეში. თქვენ ირგვლივ შეიძლება, ემოციური ფონი იყოს გაზრდილი, ამიტომ შეეცადეთ, თქვენც არ დაამატოთ ცეცხლზე ნავთი. ფინანსებთან დაკავშირებით კი გირჩევთ, ახალი ვალდებულება დროებით არ აიღოთ.

კირჩხიბი

დღეს შეიძლება ემოციური დაძაბულობა იგრძნოთ როგორც რომანტიკულ ურთიერთობაში, ასევე ოჯახში. ეცადეთ, ნაკლებად გააკრიტიკოთ სხვები და ოქროს შუალედი გულახდილობასა და ტაქტს შორის. საღამოს წყნარი მუსიკით განტვირთვა ან ჰაერზე სეირნობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

საქმიან შეხვედრაზე დღეს თქვენი უნარები გამორჩეულად წარმოგაჩენთ. შეგიძლიათ საკუთარი თავით იამაყოთ. დღის მეორე ნახევარში ყურადღებით იყავით – შესაძლოა, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, თუმცა გვერდით მყოფის მხარდაჭერა გადაგარჩენთ. საღამოს დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.

ქალწული

ეს დღე განსაკუთრებით პროდუქტიულია — შეგიძლიათ, უახლესი მომავლის გეგმები შეადგინოთ, მიმდინარე პრობლემები მოაწესრიგოთ და გადადებული საქმეც დაასრულოთ. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ტონს — თქვენ ზედმეტად მკაცრ ან პრეტენზიულ კომენტარებს შეიძლება ნეგატიური რეაქცია მოჰყვეს. რაც უფრო მშვიდად იქნებით, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

სასწორი

შეიძლება, დღეს იგრძნო, რომ ემოციური გადაწვის ზღვარზე ხართ – განსაკუთრებით, თუ სახლში რაღაც გადაუწყვეტელი საკითხია. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებზე ღიად ისაუბროთ, მაგრამ კონფლიქტის და ზედმეტი ემოციების გარეშე. მეგობრებთან შეხვედრა ან საღამოს ჰაერზე გასეირნება დაგეხმარებათ სიმშვიდის დაბრუნებაში.

მორიელი

დღეს შეიძლება თავი უფრო მოწყვლადად იგრძნოთ. კარგი დროა იმისთვის, რომ საკუთარ გრძნობებს ჩაუღრმავდეთ – რას ელოდებით და რას ნატრობთ. სამსახურში სერიოზული საუბარი გელით – იყავით მშვიდი და პასუხის გაცემისას არ იჩქაროთ.

მშვილდოსანი

დღეს აჩქარება არ გამოგადგებათ. თქვენს ახალ იდეებს შესაძლოა ვიღაცამ სკეპტიკურად შეხედოს, მაგრამ ამით ნუ შეფერხდებით – პირიქით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიგნალია იმისა, რომ უნდა განვითარდეთ. საღამოს შეგიძლიათ, თქვენი საზაფხულო მოგზაურობა დაგეგმოთ.

თხის რქა

ამ დღეს სავსე მთვარე თხის რქის ნიშანშია – ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და ახლა გაქვთ შანსი, თავი დაიმკვიდროთ იქ, სადაც გსურთ. იყავით ფხიზლად და თამამად გაუმკლავდით პასუხისმგებლობებს.

მერწყული

შეიძლება დილიდანვე იგრძნოთ ემოციური გაურკვევლობა. არასწორად გაგებული სიტყვა ან ჟესტი შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. ეს გაითვალისწინეთ და შეეცადეთ, მოვლენები არ გააზვიადოთ. საღამო მშვიდი და სასიამოვნო იქნება, თუ მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

თევზები

დროულად გამოკვეთეთ პრიორიტეტები – სხვების დახმარების სურვილი კარგია, მაგრამ საკუთარი თავიც არ უნდა დაგავიწყდეთ. თუ ემოციურ გადატვირთვას გრძნობთ, უბრალოდ გაეცალეთ ხმაურს. თქვენი ინტუიცია ზუსტად განიშნებთ, ვისთან და როდის რა უნდა თქვათ და როდის გაჩუმდეთ.

მადლობას ვუხდი ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, ბატონ პრეზიდენტს და დიად ლიდერს სი ძინ პინს ამ ინიციატივისთვის, რომელიც ნათლად გვანახებს ყველას, რამდენად ზრუნავს ის ყოველდღიურად მსოფლიო მშვიდობისთვის -გიორგი გაბუნია

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია პეკინში, „გლობალური ცივილიზაციების დიალოგის მინისტერიალზე“ იმყოფება, სადაც CGTN-მა ინტერვიუ ჩამოართვა მას.

გაბუნიამ ინტერვიუში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩინეთი უძველესი ცივილიზაციის, უნიკალური კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, რომელმაც განვითარების უმაღლეს ნიშნულს მიაღწია ყველა სფეროში. განათლების, მეცნიერების მაღალი დონე, განვითარებული ეკონომიკა, უპრეცედენტო მასშტაბის ინდუსტრია, მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ჩინეთს აქცევს უდიდეს ძალად და შესაძლებლობად არამხოლოდ დიადი ჩინელი ერისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიო ერებისთვის, რათა ჩინეთის გამოცდილება და პოზიტიური ძალისხმევა გახდეს უკეთესი მსოფლიოს და კაცობრიობის მშვიდობიანი განვითარების საფუძველი.

გლობალურ ცივილიზაციათა დიალოგი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ერთა შორის დიალოგს და პირველ რიგში კულტურათა დიალოგს. კულტურა ერის სახეა და აჩვენებს მისი განვითარების მრავალფეროვნებას. საქართველო, ისევე როგორც ჩინეთი უძველესი სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით საქართველო ყოველთვის იყო ევროპულ და აზიურ კულტურათა თავშეყრის ადგილი, მაგრამ ქართულ კულტურას არასდროს დაუკარგავს თავისი უნიკალურობა, ის ყოველთვის იყო ყველა ერისგან განსხვავებული და დაფუძნებული თვითმყოფად უწყვეტ ტრადიციებზე.

საქართველო როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი არის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ხიდი აზიასა და ევროპას შორის, ასევე ამ ორ (ევროპულ და აზიურ) კულტურათა გაზიარების ხიდიც. დღეს მსოფლიოში რთული დროა. საერთაშორისო ურთიერთობები მყიფეა, ხოლო კულტურას შეუძლია ერებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღება. კულტურა სიყვარულის და სათნოების წყაროა. მასთან ზიარება ცვლის ადამიანებს და უფრო კეთილშობილად აქცევს მათ. მსოფლიო ერთა შორის კულტურათა დიალოგი წარმოშობს მეტ ურთიერთპატივისცემას და სიყვარულს, მიტევებას და კომპრომისს, აგებს მეგობრობის ხიდებს და აახლოებს საზოგადოებებს, რაც მსოფლიოს ბევრად უფრო მშვიდობიანს ხდის.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, ბატონ პრეზიდენტს და დიად ლიდერს სი ძინ პინს ამ ინიციატივისთვის, რომელიც ნათლად გვანახებს ყველას, რამდენად ზრუნავს ის ყოველდღიურად მსოფლიო მშვიდობისთვის“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტერიალი წელს პირველად იმართება, რომელსაც 140 ქვეყნის პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტელევიზიის, კინოს, მეცნიერების და ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის, სპორტის და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ -ბადრი ჯაფარიძე

ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! – ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მიერ საპატიმროდან გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ჯაფარიძე წერს, ის თავის გუნდთან ერთად ერთობის მომხრედ და გულშემატკივრად რჩება.

“რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება.

მე და ჩემი გუნდი, ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც, ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებად.

აქვე, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში.

სტატუს-კვო:

ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმრობაშია. იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს სტატუს-კვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა!”, – ნათქვამია ბადრი ჯაფარიძის წერილში.

შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ -შალვა პაპუაშვილი

x

შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ სტატუსს, სადაც რეზოლუციაში მისი გათავისუფლების მოხსენიებისთვის რასა იუკნევიჩიენესა და ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის.

„პოლიტიკური კლიენტელიზმი აშორებს ევროკავშირს საბაზისო ევროპული ღირებულებებისგან, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1365641375567626&set=a.328356269296147&type=3&ref=embed_post

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა -იუსტიციის სამინისტრო

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გიორგი მამალაძესა და მის ადვოკატს შორის კომუნიკაციის მიყურადებას დაადასტურებდა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გიორგი მამალაძის მიერ წარდგენილი მეორე საჩივარიც წარუმატებელი გამოდგა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი პირველი საჩივარი ეხებოდა მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია. კერძოდ, 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ პირველი საქმის ფარგლებშიც გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდის“) და მათი სანდოობის კუთხით სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა არ დაადგინა. რაც შეეხება მიმდინარე საჩივარს, ის უკავშირდებოდა გიორგი მამალაძისა და მისი წარმომადგენლის სატელეფონო საუბრის შესაძლო ფარულ მოსმენას, რაც, მამალაძის მტკიცებით, მას ხელს უშლიდა სტრასბურგის სასამართლოში ზემოხსენებული პირველი საჩივრის თავისუფლად წარდგენაში.

2021 წლის პირველ აგვისტოს „მთავარმა არხმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა, თითქოს 2019-2020 წლებში უკანონოდ აკვირდებოდა და აგროვებდა მონაცემებს სასულიერო და სხვა საჯაროდ აქტიური პირების პროფესიული ან/და ინტიმური ცხოვრების შესახებ. გიორგი მამალაძე ამტკიცებდა, რომ ხსენებულ მასალებში მასა და მის ადვოკატს შორის კომუნიკაციის მიყურადების ამსახველი ფაილებიც იყო. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გიორგი მამალაძესა და მის ადვოკატს შორის კომუნიკაციის მიყურადებას დაადასტურებდა; ამასთან, მომჩივანმა შეფერხების გარეშე შეძლო ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანა და შემდეგ დიდი მოცულობის მასალის გაგზავნა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის თავისუფლად წარდგენის უფლებაზე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პოზიცია შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად და საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებული“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ბათუმში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) რეგიონული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან მეოთხე შეხვედრა გამართა. პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ბათუმში შეხვდა.

„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან შეხვედრა გავმართეთ. რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნენელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები და ახალგაზრდებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა. აღნიშნული შეხვედრა ბათუმში გაიმართა და აღსანიშნავია რომ ბათუმის მრჩეველთა საბჭოს გარდა სამი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის განმავლობაში მათ მიიღეს ყველა საჭირო ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო პროცესს უკავშირდება, არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების მოსაზრებების მოსმენა აღნიშნულ საკითხებზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია“- აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე, ამომრჩეველთა როლზე და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე. მან თავის გამოსვლაში  ასევე დეტალურად ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.

პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები – იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში 4 რეგიონული შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობდა.

(R)

“ტრამპის შეტევა ამერიკის სიდიადეზე: პრეზიდენტი აშშ-ის დიდებას კი არ უბრუნებს, არამედ ანადგურებს”- Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ტრამპის შეტევა ამერიკის სიდიადეზე: პრეზიდენტი აშშ-ის დიდებას კი არ უბრუნებს, არამედ ანადგურებს” (ავტორი – მარტინ ვოლფი).

გთვაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ზოგჯერ აუცილებელია სიტუაცია მთლიანობაში იქნას აღქმული. გაისად, 2026 წლის 4 ივლისს, შეერთებული შტატები თავისი დამოუკიდებლობის 250-წლოვან იუბილეს აღნიშნავს. ყურადღება მივაქციოთ და გავიხსენოთ, რა არის უშუალოდ და კონკრეტულად ჩაწერილი 1776 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში: „ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ადამიანი ჭეშმარიტად თანასწორია დაბადებიდანვე და რომ შემოქმედმა ყოველ ადამიანს განსაზღვრული განუყოფელი უფლებები მიანიჭა, რომლებსაც მიეკუთვნება სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ ლტოლვა“. ეს იდეები არ იქნა მთლიანად რეალიზებული. სამოქალაქო ომი და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა იმ დროისათვის ჯერ კიდევ წინ იყო. და მაინც ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ახალი სახელმწიფოს დაბადება მსოფლიოში ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი გახდა.

ამერიკას ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ ნამდვილად უძლიერეს რესპუბლიკად გადაქცეულიყო მსოფლიოს ისტორიაში რომის რესპუბლიკის შემდეგ (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 31 წელს აქციუმის კუნძულებთან ანტონიუსის და კლეოპატრას ფლოტსა და ოქტავიანეს ფლოტს შორის საზღვაო ბრძოლა მოხდა, რომელშიც ოქტავიანემ გაიმარჯვა. ამ ბრძოლის შედეგად სამოქალაქო ომი დასრულდა და რომის რესპუბლიკა იმპერიად გარდაიქმნა).

ამერიკის დახმარების გარეშე გერმანიის ფაშიზმი ან რუსული კომუნიზმი, ალბათ, მთელ მსოფლიოში გაბატონდებოდა. თუ არ იქნებოდა აშშ-ის ძალისხმევა და მაგალითი, კაპიტალიზმი ალბათ, მთელ მსოფლიოში არ გავრცელდებოდა. აშშ-ის გარეშე მსოფლიო უფრო მეტად ღარიბი და დესპოტური იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

მე ადრეც ვწერდი, 2016 წელს, რომ აშშ-ის პოლიტიკურ არენაზე დონალდ ტრამპის გამოსვლით ამერიკის მიღწევები სასწორზე დაიდო, მათ საფრთხე დაემუქრათ. დღეს საფრთხე უფრო მეტია. დონალდ ტრამპმა გადაიტანა ის დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგთა გაუქმების მცდელობის სახით. იგი ტრიუმფით დაბრუნდა 2024 წელს. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა და ისე ჩანს, რომ მისი ადმინისტრაცია მსოფლიოს შეცვლის.

მოდით, გადავხედოთ სიტუაციას და გავიგოთ, რა ხდება ფრონტებზე.
დავიწყოთ საშინაო პოლიტიკის მდგომარეობით.

ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ ხდება შეტევა კანონის უზენაესობაზე. ები ლოუელი, ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ადვოკატი გვაფრთხილებს, რომ დონალდ ტრამპი დემოკრატიას გამოცდას უწყობს. მისი ბრძანებულებები და განკარგულებები მიმართულია იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ, იგი თანამდებობებზე ნიშნავს ფრიად არაკომპეტენტურ და არაკვალიფიციურ ადამიანებს, რასაც საბოლოო ჯამში უარყოფით შედეგებამდე მივყავართ. ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მისი გადაწყვეტილებებიდან არის ის, რომ პრეზიდენტმა გააფართოვა იმიგრაციული და საბაჟო ორგანოების უფლებამოსილებები. ისინი უკვე საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებენ.

დონალდ ტრამპმა სპეციალურად ილონ მასკისათვის შექმნა ე.წ. „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი“, რომელიც წმინდა წყლის თაღლითობა-ყალთაბანდობას წარმოადგენს. ამ სტრუქტურის მიზანი ეფექტურობის ამაღლება კი არ იყო, არამედ სახელმწიფო მოსამსახურეების დამოუკიდებლობის გაუქმება და მათი დამორჩილება. დეპარტამენტმა გაანადგურა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც „იუესაიდის“ ჩარჩოებში იყო შემუშავებული. ასეთი ნაბიჯებით ხარჯები კი არ შემცირდება, უფრო გაიზრდება.

კიდევ ერთ ასეთ ასპექტს წარმოადგენს ის, რომ დონალდ ტრამპი ფართოდ სარგებლობს საგანგებო უფლებამოსილებებით და აღმასრულებელი ხასიათის მქონე ბრძანებულებებით. ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში მან 168 ბრძანებულება გამოაქვეყნა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მისი წინამორბედების მაჩვენებლებს. შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპი ქვეყანას ბრძანებულებებით მართავს, რაც პრინციპში, დიქტატურის დამყარების სიმპტომებს შეიცავს, ტერმინის ტრადიციული განმარტების მიხედვით.

პრობლემას წარმოადგენს კორუფციის ლეგიტიმაციაც. შესაძლოა, ეს განპირობებულია მისი პიროვნული ქცევით და ოჯახის წევრების მოქმედებით. ამაზე მიუთითებს საზღვარგარეთ კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კანონის მოქმედების შეჩერება, რომელიც ამერიკელ მოქალაქეებს ავალდებულებს უცხოეთში ყოფნის დროს სამაგალითოდ მოიქცნენ.

კიდევ უფრო ფუნდამენტურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს დონალდ ტრამპის ბრძოლა მეცნიერებასთან და განათლებასთან, რომელსაც აშშ-ში ოდითგანვე პატივს სცემდნენ და ხელს უწყობდნენ. როგორც პროფესორი ლარი დაიმონდი წერს სტენფორდის უნივერსიტეტიდან (იგი დემოკრატიის საკითხებში წამყვანი ექსპერტია), „დონალდ ტრამპი ისე მასშტაბურად ანგრევს ამერიკულ მეცნიერებას, რომ ამის აღქმა და გაცნობიერება ძალიან ძნელია. გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთები დონალდ ტრამპს იმპერიული რუსეთის და კომუნისტური ჩინეთის აგენტად თვლიან“.

და ბოლოს, საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა, რომელიც დონალდ ტრამპის თქმით, „ერთ მშვენიერ და დიდ“ კანონშია გამოხატული. ამას წინათ კონგრესის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტი იმის გარანტიას იძლევა, რომ აშშ-ის ბიუჯეტი დიდ დეფიციტიანი იქნება განუსაზღვრელი დროით. ეს არის სრულიად არასწორი და მცდარი კანონი.

ახლა გადავიდეთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე.

უპირველეს ყოვლისა, უცხოეთთან სავაჭრო ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ტარიფებთან დაკავშირებით აღებული 90-დღიანი პაუზა დასასრულს უახლოვდება. ახალი რადიკალური ტარიფების ფონზე ახალი გარიგებები მხოლოდ რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან არის დადებული. ტრამპის მიერ დაწყებული სავაჭრო ომი წარმოადგენს იმ ინსტიტუტებზე თავდასხმას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის შექმნილი. ის აზიანებს აშშ-ის მომხრე ალიანსებსაც უფრო ფართო თვალსაზრისით თუ ვიტყვით, აშშ-ის ყველა საერთაშორისო ვალდებულება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის მოქცეული. თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის გროტესკული დამცირებაც ამ ჩარჩოებში განხორციელდა
თითქმის ყველაფერი, რასაც კი დონალდ ტრამპი აკეთებს, აშშ-ის ძლიერებას ასუსტებს ჩინეთთან მიმართებით. განა ამერიკა თუ დასუსტდება, ის წინააღმდეგობას გაუწევს ჩინეთს, რომლის მოსახლეობა ამერიკის მოსახლეობას ოთხჯერ აღემატება? რა თქმა უნდა, ეს ფანტაზიების სფეროა.

ექვს თვეზე უფრო მცირე ხანში, ანუ თავისი პრეზიდენტობის ვადის მერვედი ნაწილის განმავლობაში დონალდ ტრამპმა მიაღწია უდიდეს წარმატებას იმ ყველაფერთან ბრძოლაში, რაც აშშ-ის წარმატებებს განაპირობებდა მრავალ ათწლეულის მანძილზე. ეს მხოლოდ MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მიმდევრებს ანუ დონალდ ტრამპის მომხრეებს, ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს უნდა უხაროდეთ. MAGA-ს პროგრამის ყველაზე ლოგიკური და რეალური შედეგი ის იქნება, რომ ამერიკა ავტოკრატიად გადაიქცევა. იმედი უნდა გვქონდეს, რომ დონალდ ტრამპი საბოლოოდ წარუმატებელი იქნება. ამ ეტაპზე კი საკვირველია, რომ მისი საქმეები ჯერ-ჯერობით კარგად მიდის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს ხუთ წელიწადში მეტროს 111 ახალი, თანამედროვე ვაგონი მოემსახურება -თბილისის მერია

თბილისის მერიაში მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის – შპს „ჯი-თი გრუპის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შარკოვმა და „ჯი-თი გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა მოაწერეს ხელი.

თბილისის ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული სიახლე თბილისის მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ წლების განმავლობაში ვახორციელებთ მეტროს მოდერნიზებას, მეტროსადგურების რეაბილიტაციას, ასევე, შეკეთდა მეტროს ვაგონები. დადგა ახალი ეტაპი – გადავედით ევროპული სტანდარტის ტიპის მეტროს ვაგონების შესყიდვაზე. ჩვენს ქალაქს 111 ვაგონი ხუთი წლის განმავლობაში მიეწოდება. მოქალაქეები მომავალში კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით ისარგებლებენ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ხელშეკრულების ფარგლებში, „ჯი-თი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან (კომპანია CRRC, ჩინეთი) თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტს 111 ვაგონს (სულ 25 მატარებელი, მათ შორის, 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი) მიაწვდის.

ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით გამოცხადდა. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 150 მლნ ევროს (დღგ-ს გარეშე).

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მეტროში არსებულ ყველა ვაგონს სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ვაგონებით.

დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება. მეტროს ვაგონების შესყიდვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა დღეს არსებული შემადგენლობები სრულად განახლდეს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.