Home Blog Page 2

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2029 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2155 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0126 ლარი შეადგინა.

დღემდე თვლით, რომ სწორია, როგორც ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს? – თეა წულუკიანი გიორგი გახარიას

მას მერე, რაც დღეს ალბათ უკვე შეიტყვეთ, რომ თქვენ, ქალბატონებს, ვინც არიან თქვენი წევრები და ცნობილია საზოგადოებისთვის წინა მოწვევის პარლამენტიდან, ამ 12 ადამიანში ახალი წევრებიც იყვნენ, თქვენ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ ექცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, პარტია “გახარია -საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და სხდომაზე ერთვება.

წულუკიანის განცხადებით, თუ გახარია პარლამენტს არ აღიარებს, მაშინ, გაუგებარია, რატომ ითხოვდა ის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩართვის შესაძლებლობას.

“თუ ეს სწორია, რა არის ამის მიზეზი, არ აღიარებთ პარლამენტს? მაშინ, რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო? ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ. მე პირადად ვერ გავიგე და მაინტერესებს. ჩემი პოზიცია უკვე ვთქვი, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. ან ასეთი პოზიცია უნდა გქონდეთ, ან – ისეთი. ორი წევრი [გახარიას პარტიიდან] აქ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით რომ ეს სწორია, როგორც მოექეცით საკუთარ მანდატებს და ამომრჩეველს?” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომისიის თავმჯდომარის ამ შეკითხვას გახარიამ ასე უპასუხა: “ჩვენ როგორ მოვექეცით საკუთარ ამომრჩეველს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც შემდგომი არჩევნები იქნება.”

გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისის ნაწილია

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა მათი თქმით, ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდში დაპირისპირებაა, სიცრუეა, – აცხადებენ პარტიაში.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შესაბამისად, პარტიულ სიაში გადაადგილებაც დაკავშირებულია თვითმმართველობის არჩევნებთან, ნაწილი თბილისში, ნაწილი ქუთაისში და სხვა ქალაქებში იქნებიან პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები”, – აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: – გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს. გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებას სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით საარჩევნო სია არ ჩაუხსნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღის წესრიგში საარჩევნო სიით მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილებას ცნობის საკითხი დადგება.

ამჟამად XI მოწვევის პარლამენტი, რომლის შემადგენლობაც 150 წევრიანი უნდა იყოს, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. XI მოწვევის პარლამენტში მანდატი ჯამში პარლამენტის 61 წევრს შეუწყდა.

„…მინდა, თითოეული ის გმირი, ის ადამიანი, ვინც საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას თავი შესწირა, უკვდავყოთ!.. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი!” – კობა კობალაძე

დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 32-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, მისმა მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.გმირთა მოედანზე, ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, ასევე, იმყოფებოდნენ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები.

„… მინდა, თითოეული, ის გმირი, ის ადამიანი, ვინც საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას თავი შესწირა, უკვდავყოთ!.. ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი,”-განაცხადა კობა კობალაძემ.

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, მოწინააღმდეგე მხარემ, რუსეთის სამხედრო ხომალდით, საზღვაო დესანტი გადმოსხა 600 კაცის შემადგენლობით. გამთენიისას, პირველი დარტყმა, ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მოწინააღმდეგემ, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან _ ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბრძოლას, პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი; ქართულმა მხარემ, რამდენიმედღიანი, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ქართულ შენაერთებზე დიდი ზარალი მიადგათ რუსულ-აფხაზურ-ჩრდილო-კავკასიურ დაჯგუფებებს. ქართული საჯარისო ფორმირებების ერთიანი ძალისხმევის შედეგად, 10-11 ივლისს, ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი მთლიანად გაიხსნა. ტამიშში, რუსული დესანტის გადმოსხმა, სოხუმის აღებისკენ იყო მიმართული, მაგრამ დესანტის მოგერიებამ, ეს გეგმა, რამდენიმე თვით გადაწია.

ტამიშის ბრძოლა_ აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.

თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – ზურაბ ჯაფარიძე

[გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალობდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? – თუ ხედავდა, რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო, რომ იქვე არ მეცა ყელში? – ამის შესახებ “კოალიცია ცვილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც 26 ივნისით თარიღდება.

აღნიშნულით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარლამენტის წევრ გივი მიქანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ეს მიქანაძე წულუკიანს რომ უყვება, როგორი საშინელებები ჩავიდინეთ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, წულუკიანი რა, იქ არ იყო? თან დელეგაციის ხელმძღვანელი, ანუ მიქანაძის უფროსი არ იყო? წულუკიანი არ იყო, რომ „დააბრიფინგა“, გვეწყინა და ვტოვებთ PACE-სო? ჰოდა, რას უყვება ახალს? რა ვერ გაიგო იქ წულუკიანმა? ან ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალებდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? თუ ხედავდა რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო, რომ იქვე არ მეცა ყელში? „დიფ სთეითის“ ერთ-ორ წარმომადგენელს რატომ არ გადაუღო ფოტო?

ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013 წელს, თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა „დიფ სთეითისგან“ იცავს სამშობლოს.

P.S და აი, სანამ ამას ვწერდი – რიმა ბერიძე: ჯინ შაჰინმა თავის ქვეყანას მიხედოსო.

ოზურგეთი რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, რომელიც დარჩა ამ თანამდებობაზე, ანუ გააგრძელა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მსახურება (ვოლსკის მსგავსად) 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ამერიკელ სენატორზე იძახის – ამერიკას მიხედოსო. ოჰ, დონალდ, შენ რა გითხარი“,- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გამოიკითხნენ. მათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ევროპულ სტრუქტურებში ვიზიტებთან დაკავშირებით მიაწოდეს კომისიას ინფორმაცია, სადაც მათი თქმით, ოპოზიციონერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ზოგადად, ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს ლობირებდნენ.

ფინანსური დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებისთვის ქონების გადაცემა ცალკე დანაშაული იქნება – ამ შემთხვევაშიც ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა

თუ თაღლითის, მიმთვისებლის, გამფლანგველის ოჯახის წევრები ან მეგობრები გადაწყვეტენ, რომ საკუთარ სახლებში აცხოვრონ, ეს ცალკე დანაშაული იქნება – პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გამოსულ პირს სარგებლობაში უძრავ ქონებას ან საავტომობილო საშუალებას გადასცემენ, ეს ცალკე დანაშაული იქნება, გადაცემული ქონება ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად მიექცევა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომელმაც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით ჯერ კომიტეტში წარადგინა, შემდეგ კი სესიაზე გაიტანა.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გადამუშავდა. გორდულაძის ინფორმაციით, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცალკე დანაშაულად მსჯავრდებულთან უკანონო გარიგება განისაზღვრა.

“მოგახსენებთ, რა იგულისხმება ამაში: – მსჯავრდებულებს, რომელთაც დაზარალებულებს ზიანი მიაყენეს და დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შესრულებული არა აქვთ, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ერთი თვის განმავლობაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი სარგებელი მიიღონ. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია და ადამიანები დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას არ გაექცნენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შესაბამისი თანხა მხოლოდ და მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით მიიღონ, მაგრამ მხოლოდ ეროვნული ბანკის მმართველობას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში. თანხის ჩარიცხვა მათ საკუთრებაში არსებულ ანგარიშებზე უნდა მოხდეს, რათა ჰქონდეთ შრომის საშუალება და შესაბამისი ანაზღაურების მიღების საშუალება.

კონკრეტული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში, პირებს შესაძლებლობა ექნებათ მემკვიდრეობით უძრავი ქონება მიიღონ. მიიღონ ავტომობილები, მაგრამ როგორც კი მათ სახელზე ქონება აღმოჩნდება და თუ ვალდებულება შესრულებული არ ექნებათ, უძრავი ქონების დაყადაღება მოხდება, ხოლო თანხების ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხული თანხებიც დაყადაღება, რაც დაზარალებულის ასანაზღაურებლად მიექცევა.

თუ ასეთი პირები სხვა სარგებელს – ერთი თვის განმავლობაში საარსებო მინიმუმზე ორმაგ ოდენობაზე მეტს თუ მიიღებენ, ეს ცალკე დანაშაულად ჩაითვლება. რის პრევენციას მოახდენს ეს? – სამწუხაროდ, გარკვეული ადამიანები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ქონებას სხვის სახელზე მიაქცევენ ხოლმე, სასჯელს მოიხდიან და ცხოვრებას გადამალული ქონებით აგრძელებენ ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა. თუ დამნაშავე დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქონებას უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად სხვა პირებს გადასცემს, ეს ქონებაც ჩამორთმევას დაექვემდებარება და დაზარალებულთა ზიანის ასანაზღაურებლად მიექცევა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, მაგრამ „არა მისი შემსუბუქების, არამედ ეფექტურობის მიზნით, რათა დაზარალებულის სწრაფი მექანიზმით დაკმაყოფილება მოხდეს“.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია  და  მისი თავმჯდომარე,  – ზაალ კასრელიშვილი, საქართველოს მოსახლეობას მიმართავენ, რასაც, „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მაქვს პატივი, მოგმართოთ და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა ქვეყანაში და პირად ცხობრებაში.

საარჩევნო მართონი იწყება და უკვე მერამდენედ, 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ერთი და იგივე ტექსტები, ერთი და იგივე თემები გვესმის დაპირისპირებული მხარეებიდან, უყურებთ ერთი და იგივე სახეებსა და პარტიებს, რომელთა დაპირებებეს აღსრულება არ უწერია, რადგან მათი უმარავლესობის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა ანუ კომფორტში და პრივილეგირებულ მდგომარეობაში დარჩენაა. დიახ დარჩენა, არ მოგესმათ ისინი იყვნენ, არიან და უნდათ რომ დარჩნენ. შეიძლება რამდენიმე სახელი და გვარი შეიცვალოს მათივე ახლობლებით და შინაურებით.

ცივილიზებულ გარეგნობას ამოფარებული თანამედროვე ფეოდალები (კლანები) ნებისმიერი ფორმით ცდილობენ დაიცვან თავისი ქონება და ინტერსები.

საქართველოს მოსახლეობა 32 წელია იმ მანკიერ წრეშია სადაც არ არის ჯანმრთელი კონკურენცია და სერიოზული არჩევანის საშუალება, ადამიანები ვერ ახერხებენ შესაძლებლობების რეალიზაციას რადგან თავის გადარჩენისთვის იბრძვიან. ამიტომ მათ უჭირს ეკონომიკურედ და ორმოში არიან ფსოქოლოგიურად.

ახალი ცხოვრება წარსულის ანალიზით და სინანულით იწყება. ესეა მედიცინაშიც, ჯერ სწორი დიაგნოზი უნდა დასვა, მერე დაავადების გამომწვევი მიზეზები გაანალიზო და მერე მთელი ორგანიზმის გამოსაჯანმთელებელი კომპლექსური მკურნალობა დაიწყო და არა მარტო რომელიმე ორგანოს ლოკალური მკურნალობა.

საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მოსახლეობა გაჭირვებული და უსამართლობით შეწუხებული და დაჩაგრული რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის დასუსტებული. ეს არის დიაგნოზი ანუ შედეგი, რომელიც დადგა სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთა შეგნებულმა დაფარვამ ამ სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

1991 წლის 31 მარტს საყოვლთაო არვევნებით და რეფერენდუმით, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დაცვით საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა იმ გეოგრაფიულ საზღვრენში რომელშიც ის იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ეს იყო პირველი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ეკონომიკური რეფორმები სრულფასოვანი სახელმწიფოს ანუ თვითკმარი ქვეყნის მშენებლობის გზაზე სადაც მოსახლეობის მოთხოვნილებების მინიმუმ 70%-ს აკმაყოფილებს სახელმწიფო. ამ პროცესს შემდეგ ავტომატურად მოსდევს სურვილი და მოთხოვნა ინტეგრაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცოდა რომ , საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბალტიის პირეთის რესპუბლოკების გარდა პოსტსაბჭოური ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროდ მოიაზრებოდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ამიტომ                    რუსეთმა არ დაუშვა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების და წარმატების  პერსპექტივა და თავისი ქართველი აგენტების ხელით, (როგორც 1921 წელს) დაიწყო საპროტესტო აქციები, რომელსაც დემოკრატიის უკმარისობის ფონი შეუქმნა შემოქმედებითმა ინტელიგენციამ და საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოებაში შეიქმნა აზრი შეიარაღებული დაპირისპირების გარდაუალ აუცილებლობაზე. ამას მოჰყვა სამხედრო გადატრიალება რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით (ისნის მოტომსროლელი დივიზიიდან და დიდუბის სამრედრო ნაწილებიდან) და საქართველოში უკვე მეორედ რუსეთის, ქართველმა შეიარაღებულმა აგენტებმა რუსეთის არმიის ნაწილენთან ერთად დაამხო კანონიერი ხელისუფლება.          

პირველად მან ეს გააკეთა 1921 წელს.

მოკლედ: სამხედრო გადატრიალება იყო პირველი დანაშაული საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინაშე ასევე საბედისწრო შეცდომა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი მომავლი წინაშე. მეორე დანაშაული და შეცდომა ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს როცა გადატრიალების შემდეგ დაიწყეს განსცვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების დახვრეტები ქალაქის ქუჩებში, რაიონებში, სოფლების გადაწვა და სამაგალითო სადამსჯელო ოპერაციები რეგიონებში.

ციხეებში გამოკეტეს ეროვნული ცნობიერების მქონე ლიდერები და მოკლეს კანონიერი პრეზიდენტი. ეროვნული ცნობიერების პატრიოტი ადამიანებისათვის ჩაიკეტა საარსებო სივრცე და პერპექტივა პოლიტიკაში, მედიაში და ბიზნესშიც კი. მესამე დანაშაული ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა ჩვენი ხალხის წინაშე იყო მათი ანაბრებიდან, წლების მანძილზე შრომითა და წვალებით დაგროვილი თანხების წართმევა და მიტაცება, რითიც მოსახლეობა შეგნებულად გააღატაკეს. მეოთხე დანაშაული იყო როვა გაძარცვულ ქვეყანაში და გაღატაკებულ ხალხში ჩაატარეს ე.წ. პრივატიზაცია რის შემდეგ ყველა ის სიკეთე რაც დამსახურებულად ეკუთვნოდა ხალხს დაუმსახურებლად ჩაიგდეს ხელში რევანშისტმა კომუნისტებმა, კომკავშირელებმა, კგბ-ემ, წითელმა დირექტორებმა და კრიმინალებმა.

ამ პროცესის შედეგ  შეიქმნა დაპირისპირებული კარტელები და ყოფილმა ,,თანამოაზრეებმა” დაიწყეს ერთმანეთის მორალური და ფიზიკური განადგურება. ამ ტიპის შიდა დაპირისპირების და არეულობის ფონზე მეხუთე დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე აგორებულ პროვოკაციულ ომში ჩათრევა თუ შეგნებული ჩაყოლა, მაშინ როცა ფრონტის ზურგი, სამეგრელო რამდენიმეჯერ იყო დარბეული, გაძარცვული და მტრულად განწყობილი. მეექვსე შეცდომა იყო ქართული წინააღმეგობის მოძრაობის ჩახშობა რუსეთის საზთვაო ფლოტის (ბალტინის ფლოტის). მეშვეობით, რომელიც ოფიციალურად შემოიყვანა მაშინდელმა ე.წ. მთავრობამ თავის გადასარჩენად, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერდა. 

აფხაზეთის დაკარგვის შედეგ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, მეომრები, რევანშისტები, სპეც-სამსახურები, კომკავშირელები და კრიმინალები კონკრეტული ინტერესების გარშემო დაჯგუფდნენ, კარტელები გამსხვილდნენ და კლანურ-კორპორაციული მართველობა დაიწყეს. ,,ზედმეტი” ხალხი თავისი წრეებიდანაც მოიშორეს, და მფარველობის სანაცვლოდ წილი დატოვეს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რითაც მოკლეს ჯანმრთელი კონკურეცია ანუ ქვეყნის ნორმალური განვითარების პერსპექრივა. შემდეგ თავისი წესებით ჩატარებული არჩევნებით ხელისუფლება ოფიციალურად ჩაიგდეს ხელში მთაბრობაც თვითონ გახდნენ და დანარჩენი საქართველო სიღატაკისათვის გაწირეს. ამას მოჰყვა შემდეგი მეშვიდე დანაშაული ცხინვალის და კოდორის დაკარგვა. (ამ თემაზე ვისაუბრებთ 2004-2012 წლების პერიოდის განხილვის დროს).

არც მანამდე და არც მერე კლანურ- კორპორაციული მართველობა არავის შეუცვლია უფრო თანამედროვე მეთოდებით, ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.   არსებული სისტემა ფორმით თავის ინტერესებს მოარგეს, შიანაარსით კი იგივე დატოვეს.      

ხალხო, შეგახსენებთ რომ, ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულებები ხდებოდა მაშინ, როცა ჩენი ქვეყანა დამოუკიდებლობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგავდა და ახლად ფეხადგმული ბავშვივით განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა ჭირდებოდა .

საარჩევნო მარათონი ნელ-ნელა კდევ უფრო უფრო მეტი შოუებით იქნება წარმოდგენილი მედია სივრცეში. არჩევნები ჩვენი კონკრეტული შანსია უკეთესი პერსპექტივისაკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება ამიტომ სანამ ვინმეს ხმას მივცემთ რაიმე დაპირებების გამო, ჯერ ვიკითხოთ ვის რა უკეთებია ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ წარულში ან თავის სპეციალობაში რა დონის პროფესიონალია. არ დაგვავიწყდეს რომ, იმდენჯერ მოგვატყუებენ რამდენჯერაც თავს მოვიტყუებთ და თუ მოგბეზრდათ დამამცირებელი სიღარიბე, ყოველი თეთრის ეკონომია ,,შავი” დღისათვის გადადებული და ამავე დროს ერთი და იგივე ხალხის, მათი შვილების და პარტიების სიხარბე და უმადურება კარგად დავფიქრდეთ ჩვენი თუ უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ვაკეთებთ არჩევანს.    

უიმედო მოლოდინს რომელიც არ მთავრდება სხვანაირად უბედურება ჰქვია და ამ განსაცდელს ერთად უნდა დავაღწიოთ თავი ღირსეულად. გარე პატრონების ნებას არ უნდა ავყვეთ მათი ინტერესების გასატარებლად, ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ ერთმანეთს დავეხმაროთ და ერთად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან რათა წარსულის შეცდომები აღარ გავიმეოროთ და კიდევ უფრო მეტი პრობლემები არ შეუქმნათ მომავალ თაობებს. 

მეტი კონკრეტიკისათვის დავამატებ, რომ სამართლიანობის აღსადგენად 1992-2025 წლების პერიოდი უნდა გაიყოს სამ პერიოდად, ეს მიმართვა პირველი პერიოდია და მოიცავს 1992-2003 წლების პერიოდს. ამის შემდეგ უნდა გამოვიძიოთ 2004-2012 წლების მმართველობა და შემდეგ 2012 დან ვიდრე დღემდე პერიოდის მოვლენები.

გამოუალი მდგომარეობა არ არსებოს და ჩვენ წინასაარჩევნო კომპანიის დროს პერიოდულად გაგიზიარებთ ჩვენს ხედვას ჩვენი ქვეყნის განვითარების და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე როგორც საქართველოში ისე მთელ რეგიონში”, – ნათქვამია მიმართვაში.

ცესკო პარტიებს მიმართავს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული პროცედურები დროულად განახორციელონ

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების და რიგითი ნომრის მისაღებ პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამის განცხადებას ავრცელებს.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის 4 ოქტომბერს – ოქტომბრის პირველ შაბათს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობით, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს:

  • საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
  • ხოლო თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით. პარტიას განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

ამასთან შეგახსენებთ რომ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38[1] მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა.

თუ პოლიტიკური გაერთიანება არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას და არ მომართავს ცესკოს განცხადებით რიგითი ნომრის მოთხოვნის შესახებ, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროებისა ან კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51″, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი რასაც აკეთებს, არაფრით განსხვავდება რუსეთისგან -პეტრე პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი რასაც აკეთებს, არაფრით განსხვავდება რუსეთისგან, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, „თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ავტორიტარულ ინსტინქტებს ავლენს და პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას ცდილობს.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ზელენსკი ცდილობს პოლიტიკური ლანდშაფტიდან ნებისმიერი კონკურენტის მოშორებას და უკრაინის რკინის ხელით მართვას.

„რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ ბიოლოგიურ, ქიმიურ დონეზე ვერ მიტანს და, სიმართლე გითხრათ, ზელენსკი არც მე მომწონს, მაგრამ ომის დროს არასდროს გამიკეთებია მის მიმართ მტრული ქმედება. და ის ფიქრობს, რომ უფლება აქვს, პარლამენტის სხდომაზე არ შემიშვას? თქვენ უბრალოდ არღვევთ კონსტიტუციას. და ამას აბსოლუტურად არანაირი განსხვავება არ აქვს რუსეთისგან“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ფაქტების დონეზეა გაშიფრული, დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა შიდა საქმეებში, რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული -ლევან მაჭავარიანი

ფაქტების დონეზეა გაშიფრული, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული, როგორ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ევრობიუროკრატებს უსამართლო რეაქციები აქვთ.

„მსგავსი რიტორიკა მას შემდეგ გვესმის, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რადგან ომში მონაწილეობისთვის ვერ გამოგვიყენეს. სწორედ ამიტომ აქვთ უსამართლო რეაქციები ევრობიუროკრატებს. ახლა იგივე ხდება დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ფაქტების დონეზეა გაშიფრული, რამდენჯერ აქვს ვენის კონვენცია დარღვეული საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს. ვხედავთ, როგორ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და რამდენი უსამართლო განცხადება აქვს გაკეთებული. ჰაერზე როცა გვესაუბრებიან და ბრალდებები ჰაერიდან მოაქვთ, ჩვენ პირდაპირ ფაქტებით ვასაბუთებთ იმას, რის გამოც მათ ვაკრიტიკებთ. ჩვენ შორის სწორედ ეს არის განსხვავება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მინდა, გიორგი გახარია მკაცრად გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად -თეა წულუკიანი

მინდა, გიორგი გახარიას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე გიორგი გახარიას ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება კომისიას გაუჭირდა და ეს გააკეთა მისი მხრიდან მრავალდღიანი ვედრების შემდეგ.

„16:00 საათზე, წესით, ბატონი გიორგი გახარია უნდა ჩაგვერთოს, ვინაიდან ასეთი იყო მისი მრავალდღიანი ვედრებადა და ჩვენ ის დავაკმაყოფილეთ. ბატონმა გახარიამ თავისი პარტიის გვერდზე გამოაქვეყნა „ქარდი“ და თქვა, გამორთვებს არ ვართო. ძალიან გაგვიჭირდა მისი ჩართვის შესახებ თხოვნის დაკმაყოფილება. არ მინდა, ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მას მართლაც აქვს განზრახული ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს. მინდა, მას მკაცრად მივმართო და გავაფრთხილო, განსაკუთრებით მის გარემოცვას, რომ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ამ თმენის ვალდებულებას აქვს ლიმიტი. მისი მხრიდან ნებისმიერი ქმედება, რომელიც იგულისხმებს ამა თუ იმ ფორმით სხდომის ჩაშლას, ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევად და გადაიგზავნება იქ, სადაც საჭიროა, კომპეტენტური პირები კი მისცემენ კვალიფიციკაციას და შეაფასებენ. იმედი მაქვს, 16:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მშვიდობიანად ჩაივლის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.  დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება – „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“.

ღონისძიების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც პროექტისთვის შერჩეული სპეციალური ჟიური,  5 ნომინაციაში, 15 გამარჯვებულ ბიზნესს გამოავლენს.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, მათი წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. 

წელს, პროექტის  მთავარი პარტნიორია- Visa. მხარდამჭერები –  აჭარა ჯგუფი და Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

(R)