Home Blog Page 2

“საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა” – ნინო ბურჯანაძე

პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.

„მიუღებელია ძალის გამოყენება, მით უფრო სრულიად გულწრფელი ახალგაზრდების მიმართ.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაიწვიოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უარყოფილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

გარანტირებულად და დამაჯერებლად უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ყველას უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოება 30 მაისს გაიმართება

30 მაისს, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის რიგით XXIII საზეიმო დაჯილდოება – ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოვლენის ცერემონიალი, გაიმართება.

  გრანდიოზულ, უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში, წარმატებული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.  

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგი საუკეთესო კომპანიებს, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ავლენს, მათ შორისაა მეწარმეთა მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა და წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

   წლებია ღონისძიება  საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს – არეალის გაფართოებასთან ერთად იზრდება მონაწილეთა რაოდენობაც. პროექტმა არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა განვითარების, ცნობადობის ამაღლების, გაყიდვების სტიმულირების, ინვესტიციების მოზიდვის საშუალება, წინსვლის და განვითარების პერსპექტივა.

 ტრადიციულად, ღონისძიების გალა საღამოზე, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების  მიერ დასახელებული გამარჯვებული კომპანიები, კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული კრიტერიუმებით გამოვლინდებიან.

ღონისძიების მთავარი ჯილდო, – „გრან – პრი“, წლის საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენს გადაეცემა, რომელსაც თავად ბიზნესმენები, გალა ვახშამზე კენჭისყრის საფუძველზე რჩეულთა შორის რჩეულს გამოავლენენ.

    პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

დაჯილდოების ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი, გადაეცემა გრან-პრი, – ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). 

 წლების მანძილზე  ბიზნესრეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

 

  1. TBC ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე
  2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია
  3. ყაზბეგი – გოგი თოფაძე
  4. ყაზბეგი კასტელი – გოგი თოფაძე
  5. GWS _ ლევან გაჩეჩილაძე
  6. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი
  7. შპს თბილავიამშენი – პანტიკო თორდია
  8. TBC ბანკი – ვახტანგ ბუცხრიკიძე
  9. გაერთიანებული ქართული ბანკი – ვანო ჩხარტიშვილი
  10. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი
  11. ჯეოსელი – ოსმან თურანი
  12. ჯეოსელი – ოსმან თურანი
  13. ჯეოსელი – ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური
  14. სოკარ ენერჯი ჯორჯია – მაჰირ მამმედოვი
  15. საქართველოს ბანკი – ირაკლი გილაური
  16. ვისოლ ჯგუფი – სოსო ფხაკაძე
  17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია – დავით ზუბიტაშვილი
  18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – ზურაბ გელენიძე
  19. კომპანია ავერსი – პაატა კურტანიძე
  20. ჯორჯიან პროდაქტს – დავით ბარდაველიძე
  21. RMG
  22. პეტროკასი – ივანე ნაკაიძე

კომპანიები შეფასება ხდება შემდეგი მიმართულების მიხედვით:

 

  • ბაზარზე ოპერირების
  • ეკონომიკური კონტრიბუციის
  • სოციალური პასუხისმგებლობის
  • მწვანე ეკონომიკის
  • მაღალი ტექნოლოგიების
  • რენტაბელურობის
  • ეკონომიკაში შეტანილი წვლილის
  • დასაქმებაში შეტანილი წვლილის
  • ბიუჯეტში შენატანების
  • გეოგრაფიული პოზიციონირების
  • ფინანსური გამჭვირვალობის
  • ექსპორტზე ორიენტირების
  • გუნდის პროფესიონალიზმის
  • ინოვაციური ტექნოლოგიების
  • მაღალი ხარისხის და პროგრესირების
  • ეფექტიანი მარკეტინგის
  • ექსპორტის განვითარების
  • საინვესტიციო მიმზიდველობის
  • უცხოეთში აღიარების
  • სტაბილური საქმინობის

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელსაც დაჯილდოვდებიან საუკეთესო ინვესტორები.  Investment Award – ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

 

გასული წლების Investment Award – ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

 

  • ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ლევან ახვლედიანი
  • დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე
  • აი გრუპი და კახაბერ გულედანი
  • სოკარ ენერჯი ჯორჯია და მაირ მამედოვი.
  • კასლენდი და ვონდერნეტ გრუპი

 

გარდამავალი ჯილდოს მფლობელები დღემდე გახდნენ:

 

  • პეტროკას ენერჯი ჯგუფი – საუკეთესო დამსაქმებელი
  • RMG გოლდს – უმსხვილესი ექსპორტიორი, CSR
  • სოკარი – ყველაზე დიდი შენატანი ბიუჯეტში.
  • კავკასიის ავტოიმპორტი – CSR
  • ჯორჯიან პროდაქტს – საუკეთესო ექსპორტიორი
  • კომპანია ზარაფხანა – ჟიურის ფავორიტი
  • PSP ,ზარაფხანა, RMG – მედიის რჩეული ბიზნესები
  • TV პირველი, GT მედია – ბიზნესის რჩეული მედიები

 

 წლების განმავლობაში პროექტის მხარდამჭერები იყვნენ:

 

  • ქალაქ თბილისის მერია
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • ფინანსთა სამინისტრო
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
  • საპარტნიორო ფონდი
  • ბიზნესომბუდსმენი

  

მედიამხარდამჭერები:

 

  1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  2. რუსთავი 2
  3. იმედი
  4. TV პირველი
  5. BMG
  6. ჯორჯიან თაიმსი
  7. რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“
  8. GT media
  9. award.com.ge
  10. რადიო „ჯორჯიან თაიმსი“

ტრადიციულად, ბიზნეს  რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად,   საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები,  ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

 

 

“ვის შეაგინე შენ საცოდავო ჭიაღუავ?” – რომან გოცირიძე ანრი ოხანაშვილს

ანრი ოხანაშვილთან მაქვს შემდეგი შეკითხვა, ვის შეაგინე შენ საცოდავო ჭიაღუავ? შენ ნაძირალა, შენ? ვის შეაგინე, ვის?! – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს.

შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს მიკროფონის გარეშე საუბრისთვის გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო.

„ბატონ რომან, ადგილიდან მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ, გაფრთხილებული ხართ ადგილიდან მიკროფონის გარეშე საუბრისთვის“,-მიმართა პაპუაშვილმა გოცირიძეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა

პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის – სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა.

სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად გრძელდება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სულ 11 მუხლისგან შედგება. 30 აპრილის სხდომაზე მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, წარდგენილია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც “1921 წლის 25 თებერვლის რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს „შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე”, მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

„ევროპის მოედნიდან ევროპული მარშით თბილისში“ – ამ ლოზუნგით ბათუმში ოპოზიციური პარტიების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან

„ევროპის მოედნიდან ევროპული მარშით თბილისში” – ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.

ორგანიზატორების თქმით, “თბილისის ძალა უკვე ნახა ბიძინა ივანიშვილმა, დროა რეგიონებიც შეუერთდნენ”.

მათივე განცხადებით, კრემლისგან შთაგონებული კანონის მიღებას ქართველი ხალხი არ შეეგუება.

ევროპის მოედანზე შეკრებილები, წუხელ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდებზე რუსეთის დავალებით ფიზიკურად იძალადა და უკანონოდ დააკავა.

“უამრავი ადამიანი არის ქვეყანაში, რომელიც მონობას არ შეეგუება. არ შეეგუება რუსეთში შეთრევის მცდელობას.

ადამიანები, კი რომლებიც არ ეგუებიან მონობას, უნდა დადგნენ თბილისში, რუსთაველზე”, – აცხადებს პარტია “ახალის” წევრი გიორგი კირთაძე.

ამასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ თბილისისკენ აჭარის მუნიციპალიტეტებიდანაც მიემართებიან.

მისივე თქმით, დღეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ბათუმსა და ქობულეთში საპროტესტო აქციით გააპროტესტებენ. აქცია 19:00 საათზე ბათუმის უნივერსიტეტის შენობასთან გაიმართება.

„ხარებას“ ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად მისწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში” – ლევან ხაბეიშვილი

ეს „ხარებას“ ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად მისწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი მეუბნებოდნენ, მეთქვა, რომ მე „დამნაშავე და ცუდი ადამიანი ვარ“ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მათ ამის ფუფუნება არ მისცა და როგორც მან აღნიშნა, ამის გამო „შესაბამისადაც გამოიყურება“.

„ეს „ხარებას“ ზონდერ ჯგუფები მიზანმიმართულად მისწორდებოდნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი მეუბნებოდნენ, მეთქვა, რომ მე „დამნაშავე და ცუდი ადამიანი ვარ“ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ, მაგრამ, ცხადია, ამის ფუფუნება არ მივეცი და შესაბამისადაც გამოვიყურები ამის გამო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არაფერია იმასთან, რასაც ახალგაზრდებს უკეთებენ. ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის პარტიული ნიშანი: „ეს პარტია მომწონს, ის პარტია მომწონს“, ყველას გეხებათ, გამოიყენეთ პოლიტიკოსები ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, უმრავლესობის წევრები თუ შეძლებენ ერთ თვალში მაინც, რომელიც კრიმინალი მე ვარ, თავს რომ დამესხნენ? ან ის ბავშვები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი უნდათ“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაზიანებები წუხელ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მიიღო. თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ფიზიკურად ათობით სპეცრაზმელი გაუსწორდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ინგოროყვას კლინიკაში ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ „ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო“.

ომის „ხორცსაკეპში“ რუსებისა და უკრაინელების მსხვერპლი სულ უფრო იზრდება – რას წერს „ვაშინგტონ პოსტი“

„რუსეთის არმიის წარმატებული მოქმედება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში – დონბასში მიმდინარე ბრძოლებში – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებს მთლიანად აშიშვლებს“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ომის „ხორცსაკეპში“ რუსებისა და უკრაინელების მსხვერპლი სულ უფრო იზრდება“ (ავტორი – იშან თჰარური). კიევს იმედი აქვს, რომ დამატებითი ამერიკული დახმარება ბრძოლის ველზე სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ თუ უკრაინის არმია ცოცხალი ძალის რაოდენობაში რუსეთზე უპირატესობის მოპოვების პრობლემას ვერ მოაგვარებს, მას დახმარების დამატებითი პაკეტი ვერაფერში ვერ უშველის“, – აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

სანამ უკრაინელები აშშ-ის დაპირებულ დახმარებას ელოდება, რუსეთის ჯარი თავის რაოდენობრივი და შეიარაღებითი უპირატესობის გამოყენებას ცდილობს და, სხვათა შორის, ბრძოლის ველზე წარმატებებსაც აღწევს.

აპრილის ბოლო დღეებში რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა დონბასში, ქალაქ ავდეევკას დასავლეთით განვითარებული შეტევის შედეგად, სამი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შექმნილ ღრმა პრობლემებს მოწმობს. დღეს უკრაინელები იძულებულნი არიან აწონ-დაწონონ – „არის თუ არა საჭირო მრავალრიცხოვანი ცოცხალი ძალის მსხვერპლად შეწირვა მცირე ტერიტორიის შესანარჩუნებლად“.

კიევს იმედი აქვს, რომ ამერიკული 61 მილიარდიანი დახმარება, რომელიც, დიდი ხნის გაჭიანურებისა და პოლიტიკური დებატების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესმა მაინც დაამტკიცა, ბრძოლის ველზე მდგომარეობას უკრაინის არმიის სასიკეთოდ შეცვლის, მაგრამ სამწუხაროდ, ჯარს დიდი შინაგანი პრობლემა აქვს, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს: ადამიანთა რესურსების მწვავე უკმარისობა, რომლის მნიშვნელობა ყოველდღიურად მატულობს. და თუ ის ვერ გადაწყდება, ამერიკული დახმარება „წყალში გადაყრილი შეიძლება აღმოჩნდეს“.

დანაკარგების თვალსაზრისით ამჟამად სიტუაცია ძალზე მძიმეა ორივე მხარისათვის. რუსეთის არმიის სარდლობა წინა ხაზზე ათასობით სამხედრო მოსამსახურეს გზავნის, რომლებიც ხშირად ცუდად არიან გაწრთვნილნი და ამიტომ დანაკარგები დიდია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ რუსები უფრო კარგად მარაგდებიან საბრძოლო მასალებით და მათი ავიაცია და არტილერია აქტიურობს. შესაბამისად, ჭურვებისა და ბომბების წვიმის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცებიც ბევრი იღუპება.

შეიძლება ითქვას, რომ „ხორსაკეპის პრაქტიკა“, რომელიც ბახმუტში დაიწყო და ავდეევკაში გაგრძელდა, ახლაც მოქმედებს – შოკის მომგვრელი დანაკარგების სახით ორივე მხარისთვის.

ჯერ-ჯერობით არ არსებობს მეტ-ნაკლებად ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. უკრაინა აცხადებს, რომ მას ცოტა ჯარისკაცი ეღუპება, რუსეთს კი ბევრად მეტი – მაგალითად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას წინათ განაცხადა, რომ რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მათგან 180 ათასი ბრძოლის ველზე იქნა მოკლული. ამ ციფრების გადამოწმება ძალიან ძნელია, რადგან კრემლი დაღუპულ-დაჭრილების რაოდენობას არ აქვეყნებს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ კრემლი შეურიგდა საოცარ დანაკარგებს.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების საქმეთა სახელმწიფო მინისტრის ლეო დაგერტის მოხსენების თანახმად, რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკის დანაკარგები ასეთი სახით გამოიყურება: 10 ათასი ტანკი და ჯავშანმანქანა, 109 რეაქტიული თვითმფრინავი, 136 ვერტმფრენი, 346 სტრატეგიული დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი), 23 სამხედრო გემი და 1500 საარტილერიო სისტემა (ქვემეხები, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და ა.შ.).

რაც შეეხება უკრაინას: ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყების დროიდან უკრაინამ მხოლოდ 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. აშკარაა, რომ პრეზიდენტის განცხადება სიცრუეა. დასავლელი ექსპერტების შეფასებით, კიევს მინიმუმ ორჯერ მეტი დაღუპული ჰყავს. უკრაინის მოსახლეობა რუსეთზე ბევრად ნაკლებია და შესაბამისად, კიევს ცოცხალი ძალის რესურსები ნაკლები აქვს, ის ვერ გაუწევს კონკურენციას მოსკოვს.

კაცმა რომ თქვას, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის არმიისაგან მიმდინარე წელს რაიმე წარმატების მიღწევას არც ელოდება. ამერიკელი პოლიტიკოსები თავშეკავებულად საუბრობენ, თუ როგორ განვითარდება ომი 2024 წლის დასასრულამდე და უბრალოდ, იმედი აქვთ, რომ კიევი ასე თუ ისე შეინარჩუნებს ამჟამინდელ თავდაცვის ხაზს და შესაძლოა სამომავლოდ ახალი კონტრშეტევისათვის მოემზადოს, თუ 2025 წლისათვის აშშ-ში უკრაინის დახმარების ხელშემწყობი პოლიტიკური სიტუაცია იქნება. 

„მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინა მომგებიან მდგომარეობაში იმყოფება. ვერ ვიტყვი, როდის დაიბრუნებს კიევი მნიშვნელოვან ტერიტორიებს – წლის ბოლომდე თუ გაისად“, – ამბობს ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტთან საუბრის დროს.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

“მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის”

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გუშინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე.

„იცით, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე არის დაცული. ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, ან პოლიტიკური შეხედულება, შესაძლებლობა, რომ გამოხატოს მოსაზრება ყველანაირი ფორმით, ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

გუშინ ყველამ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, მოწოდებები კეთდებოდა პირდაპირ აღნიშნულთან დაკავშირებით, აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები, ქვების, ბოთლების სროლა და ასე შემდეგ. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. არაერთი მოწოდების და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გაცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს.

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ბევრი ადამიანი იყო, ვინც აპროტესტებდა მშვიდობიანი ფორმით, ეს მისაღებია, არავის აქვს ამის შეზღუდვის უფლება. 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც განსხვავებული აზრის მიმართ იყო. ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება. არ უნდა წარმოადგენდეს უდიდეს პრობლემას. როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო იმოქმედებს რეაგირებას მოახდენს კანონის ფარგლებში“,- აღნიშნა კალაძემ.

„არ მესმის, რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა თავი მიიჯაჭვოს რუსეთის იმპერიის გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა“ – ინტერვიუ ფედერიკ ბენ-ჰოჯესთან

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმა“ (Voice of America) სათაურით „არ მესმის, რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა თავი მიიჯაჭვოს რუსეთის იმპერიის გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა“, აქვეყნებს ინტერვიუს გადამდგარ გენერალთან ფედერიკ ბენ-ჰოჯესთან, რომელიც საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს.


გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით:


ვაშინგტონში გრძელდება საქართველოში მიმდინარე მოვლენების განხილვა. საქართველოს ამერიკელი მეგობრები, ამერიკელი სენატორები, თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები აფრთხილებენ საქართველოს მთავრობას, რომ ე.წ “აგენტების კანონის” მიღება ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლასა და ქვეყნის დასავლური არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს.
თადარიგის გენერალი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოს იმ მეგობართა შორისაა, რომელიც თვლის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ თავის დასავლელ პარტნიორებს უნდა მოუსმინოს, ამერიკელი სენატორების გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდოს და საკუთარ ხალხს დაუჯეროს.
ე.წ “აგენტების კანონზე” ფრედერიკ ბენ ჰოჯესი “ამერიკის ხმის” ჟურნალისტს ესაუბრა.

  • გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სანამ დეტალების განხილვაზე გადავალთ, გვითხარით რას ფიქრობთ ამ ე.წ უცხოეთის აგენტების კანონპროექტზე?
  • კიდევ ერთხელ გადავიკითხე 14 სენატორის წერილი, რომლებიც თავიანთ შეშფოთებას გამოთქვამენ. მიხარია, რომ ეს გააკეთეს და რომ ის ორპარტიულია.

  • საქართველოს მთავრობამ ეს კანონი ერთი წლის შემდეგ დააბრუნა, რისი გაწვევაც [შარშან] პროტესტების გამო მოუხდათ. თავად ის ფაქტი, რომ მათ [კანონი] დააბრუნეს და ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს, იმაზე მიანიშნებს, რამდენად არ სცემენ პატივს საქართველოს მოსახლეობის სურვილს. ეს ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ევროპა და ამერიკა ამ კანონმდებლობის სამიზნეები ხდებიან და მე მასში ქართველი ხალხისთვის ვერაფერ კარგს ვერ ვხედავ.
  • თქვენ ამერიკელი სენატორების წერილი ახსენეთ. ეს წერილი საკმაოდ მკაცრი იყო, ალბათ ყველაზე მკაცრი, რაც ბოლო პერიოდში ამერიკელ კანონმდებლებს საქართველოს მთავრობისადმი გაუგზავნიათ. წერილში ნათქვამია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ამან შესაძლოა საქართველოსადმი ამერიკის პოლიტიკის ცვლილება, მათ შორის პირდაპირ დაფინანსებაში ცვლილებები გამოიწვიოს. ალბათ, ამაში სამხედრო დაფინანსებაც შეიძლება იგულისხმებოდეს. აგვიხსენით, პოლიტიკისა და პირდაპირი დაფინანსების ცვლილებამ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს სამხედრო სექტორსა და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე?
  • რა თქმა უნდა, ამერიკამ საქართველოში დიდი ინვესტიცია ჩადო, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკურ პროგრამებში, რათა ქართველი ხალხის დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილისთვის მხარი დაეჭირა. ეს ძალიან დიდი ხნის ძალისხმევაა, რომელსაც ჩვენ ვწევდით. იგივე ითქმის, საქართველოს ჯარის დახმარებაზე, რათა მიგვეწოდებინა ყველაფერი, რაც მას ძალიან რთულ სამეზობლოში თავის დასაცავად სჭირდებოდა.
    თქვენ მართალი ხართ, ეს წერილი ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი, მკაცრი განცხადებაა ამერიკის მხრიდან საკმაო ხნის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ბევრი რამე შეიძლება, გაუქმდეს, შემცირდეს ან დაიბლოკოს იქამდე, ვიდრე სენატი არ დარწმუნდება, რომ საქართველო არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს [ამერიკის] სტრატეგიულ ინტერესებს და ასევე ქართველი ხალხის, ახალგაზრდობის ინტერესებს.

  • გარანტირებული არაა, რომ ამერიკა ყოველთვის მიაწვდის მაგალითად, საქართველოს ჯარს პირდაპირ დაფინანსებას. არ მგონია, რომ ქართველებს სურდეთ უკან, იმ დროში დაბრუნება, როდესაც ისინი დაფინანსებისთვის, სრულად რუსეთზე იყვნენ დამოკიდებული. ასე რომ ეს [განცხადება] რეალურია და ის ფუჭი სიტყვები არაა.
  • მართალია, რომ ამერიკა საქართველოს ჯარისთვის, სამხედრო მიმართულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია?
  • დარწმუნებული ვარ, ასეა. ზუსტი რიცხვები თან არ მაქვს, მაგრამ ყველა იმ წლების განმავლობაში, რაც საქართველოს სამხედროებთან ერთად გამიკეთებია, არ მინახავს სხვა ქვეყნების მიერ მნიშვნელოვანი რაოდენობის შესაძლებლობების საქართველოსთვის გადაცემა. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები იყვნენ, მაგრამ არ მახსოვს რაიმე დიდი მოცულობის დახმარება.

  • თუ ამერიკა გადაწყვეტს, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს ის, რასაც [საქართველოს ჯარს] აწვდის, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება. არ მგონია, რომ ეს მოხდება, რადგან ჩვენს ინტერესებშია, რომ საქართველოს თავის დაცვის საშუალება ჰქონდეს, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი საქართველოს მთავრობის ხელშია.
  • მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, საქართველოს 20% კი კვლავ ოკუპირებულია და მას რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ამ კანონის მიღება, რომელსაც ბევრი ქართველი და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორი რუსულ კანონს უწოდებს, რა ტიპის უსაფრთხოების გამოწვევებს უქმნის, როგორც თქვენ უწოდეთ, “რთულ სამეზობლოში” მყოფ საქართველოს?
  • პირველ რიგში, არ მესმის, რატომ ცდილობს [საქართველოს] მთავრობა თავი მიიჯაჭვოს გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა. კრემლში მთავრობის მუდმივ დაცემას ვხედავთ. შეიძლება ამით [საქართველო-რუსეთის დაახლოებით], მთავრობაში რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს, მაგრამ თავად საქართველოსთვის იქ კარგი არაფერი ხდება. უბრალოდ შეხედეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს – მათ ვერაფრით ისარგებლეს რუსეთის ოკუპაციაში ყოფნისას.

  • საინტერესოა ისიც, რომ რუსი სამხედროები სომხეთიდან გაიწვიეს, რადგან ისინი უკრაინაში დასჭირდათ. ყველგან, სადაც რუსეთი თავის ბინძურ ხელებს ყოფს, ყველაფერი უარესდება, ან მთავრდება ქვეყნების მიერ იმის გააზრებით, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, მათთვის სასარგებლო არაა.

  • გარდა ამისა, ის რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელოვანია. სიტუაცია უკრაინაში რთულია, მაგრამ 10 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთს თავიდანვე ყველანაირი უპირატესობა ჰქონდა, რუსეთმა უკრაინის მხოლოდ 5%-ის ოკუპირება შეძლო, ნახევარი მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, შავი ზღვის ფლოტის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ან სევასტოპოლიდან გაძევებულია. რუსეთისთვის ჰორიზონტზე სინათლეს ვერ ვხედავ, თუ ისე მოხდა, რომ ამერიკამ, გერმანიამ და დასავლეთმა უკრაინის დახმარება შეწყვიტეს – მხოლოდ ასე შეუძლია რუსეთს მოგება.

  • ასე რომ საქართველოს მთავრობამ, ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს, რა ხდება და გადაწყვიტოს თუ სადაა მათი მომავალი. სად აქვთ მათ საუკეთესო შანსი საქართველოს ახალგაზრდობის ნიჭისა და პოტენციალს გამოსაყენებლად? ეს ნამდვილად არ მოხდება მოსკოვში. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ისარგებლებს ამით [საქართველს მთავრობის] ზედა ეშელონებში და სულ ესაა.
  • საქართველოს მთავრობას “ჰელსინკის კომისიისა” და სენატორების წერილზე, საკმაოდ საინტერესო პასუხი ჰქონდა. მაგალითად, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის პოლიტიკა უნდა გადაიხედოს, ოღონდ იმ მიმართულებით, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, პირდაპირი ფრენები და ა.შ სხვებმა ამ წერილს “სამწუხარო” უწოდეს და თქვეს, რომ სენატორებს უნდა აუხსნან ის, თუ სინამდვილეში ეს წერილი რას ეხება. რას ფიქრობთ საქართველოს მთავრობის ამ განცხადებებზე, რა მესიჯს აგზავნის ის კონგრესსა და თეთრ სახლში?
  • ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასიათასობით ქუჩაში გამოსულ ქართველს უნდა აუხსნას, რას ეხება ეს კანონი. ეს სენატორების მიერ კანონის ვერ გაგებას არ ეხება. ქუჩაში უზარმაზარ დემონსტრაციებს ვხედავთ ყოველ ღამეს თბილისსა და სხვა ქალაქებში, რადგან ქართველებს ესმით, რას ეხება ეს კანონი, რომ ეს მათ მომავალს, მათი გამოხატვის [უფლებას] ზღუდავს, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებაზე. ეს სენატორების მიერ რაიმეს ვერ გაგებას არ ეხება.
  • ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამ დროისთვის საქართველოს მთავრობა არ გააკრიტიკა ამ კანონისთვის, რუსეთია. ეს შეიძლება რიტორიკულ კითხვაც იყოს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა მესიჯს უგზავნის კრემლს ის, რომ საქართველოს მთავრობა არ უსმენს თავის არცერთ ევროპელ, ამერიკელ, თუ სხვა დასავლელ პარტნიორს და მაინც ცდილობს, რომ მიიღოს კანონი, რომლითაც მხოლოდ კრემლია მოხარული?
  • ვფიქრობ, ეს ძალიან ძლიერ მესიჯს უგზავნის დემონსტრანტებს საქართველოში – რომ ისინი სწორ გზას ადგანან. ესაა კანონი, რომელსაც მხოლოდ კრემლი უჭერს მხარს და ეს ყველაფერს ამბობს იმაზე, ვის აქვს სარგებელი. ასე რომ მესიჯი ქართველებისთვის, ვფიქრობ, ხმამაღალი და ნათელია.

  • რაც შეეხება კრემლს, მგონია, რომ კრემლი გააგრძელებს მცდელობებს, თუმცა კრემლის იზოლაცია [დანარჩენი] სამყაროსგან, რუსეთის იმპერიის დაცემის კიდევ ერთი მაგალითია. არავის, აბსოლუტურად არავის, არ სჯერა იმის, რაც ლავროვის, პუტინის, მედვედევის, ან რუსეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლების პირიდან ამოდის. მათი აღარავის სჯერა და ნული სანდოობა აქვთ. რატომ უნდა სურდეს საქართველოს ასეთ ვინმესთან ურთიერთობის გამყარება, რთული გასაგებია.
  • ჩვენ ამერიკელი სენატორების განცხადებაზე ვისაუბრეთ, იმაზე, რომ კანონმა შეიძლება ამერიკის საქართველოსადმი პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს. ევროპარლამენტმაც მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ამ კანონის მიღება პოლიტიკის ცვლილებას გამოიწვევს. ნება მომეცით, ერთგვარად ეშმაკის ადვოკატის როლი შევასრულო და გკითხოთ: თუ ქართველ ხალხს არ სურს ეს კანონი, თუ ისინი მუდმივად აპროტესტებენ მას და ქუჩებში გამოდიან, მაშინ ხომ არ ნიშნავს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ასეთი განცხადებები იმას, რომ ისინი საკმარისს არ აკეთებენ, გარკვეულწილად მარტოს ტოვებენ ქართველ ხალხს?
  • პირიქით ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიტოვების საპირისპიროა. მიზეზი იმისა, თუ რატომ დგამენ ამერიკა და ევროკავშირი ასეთ ძლიერ ნაბიჯებს ისაა, რომ ისინი შეშფოთებულები არიან ქართველი ხალხის და მათი დასავლური ინტეგრაციის გამო.

  • ვფიქრობ, ეს წერილი იყო მტკიცე და ნათელი იმაზე, თუ რა [ქმედებებს] არ მივიღებთ [საქართველოს მთავრობისგან]. რატომ გააგრძელებენ ამერიკა და სხვა ქვეყნები იმის კეთებას, რაც საქართველოს მთავრობისთვის დახმარებად აღიქმება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ნათლად აკეთებს იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში არაა?

  • ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ეს მიტოვების საპირისპიროა. ესაა ქართველი ხალხის დახმარება, რათა მათ თავიანთი საწადელი აღასრულონ.

  • წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველი აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით – „ლელო“

პარტია “ლელო საქართველოსთვის” საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მოკავშირეებს მოუწოდებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, „რომელსაც მტკიცე საერთაშორისო დახმარება სჭირდება ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის გადასარჩენად“.

„საქართველოს ხელისუფლება სასტიკი დარბევით გაუსწორდა მშვიდობიან აქციას, რომელიც აპროტესტებს რუსულ კანონს, რომელიც ართმევს ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს და ხელახალი გასაბჭოებით ემუქრება.

ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ძალისმიერი მეთოდებით ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.

სრული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე, დევნასა და სისასტიკეზე ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ამ პასუხისმგებლობის აღება მოუწევს შინაგან საქმეთა მინისტრსაც, რომელიც უკანონო ბრძანებებს ასრულებს. ასეთი მთავრობა ჩვენს ქვეყანას არ უნდა მართავდეს! მათ დაკარგეს ლეგიტიმაცია!

დღეს და ახლა მნიშვნელოვანია სასწრაფოდ შეწყდეს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დღევანდელი დარბევის გამოძიება და ყველა დანაშაულებრივი ბრძანებისა და ქმედების შეფასება!

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით. მოვუწოდებთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, რომელსაც მტკიცე საერთაშორისო დახმარება სჭირდება ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის გადასარჩენად.

ქართველი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი პარტია მტკიცედ იდგება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში წინა ხაზზე“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი – შსს

აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, თუმცა დღის ბოლოს დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც პლენარული სხდომა მიუახლოვდა დასასრულს, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებისა ბლოკირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ პოლიტიკური ლიდერები და აქციის მონაწილეები განთავსდნენ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე მდებარე შენობის გამოსასვლელებთან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეები ხელოვნურად ბლოკავდნენ გამოსასვლელებს და აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვების შესაძლებლობას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ არ მოეხდინათ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება და პროტესტის გამოხატვა გაეგრძელებინათ კანონით დადგენილ ფარგლებში, აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს და განაგრძობდნენ შესასვლელების განზრახ ბლოკირებას, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა, ამასთან, აქციის მონაწილეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად გაეგრძელებინათ პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდა მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას.

საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს.

ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სათანადო გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის.

სამართალდამცველების მიერ, სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალური საშუალებებთან ერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი.

რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალადობრივი ქმედებები, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც სპეციალური საშუალების გამოყენება პოლიციას არაერთხელ მოუხდა. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში, არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველების მიმართ, მათ პოლიციის მისამართით ხშირად ისროლეს სხვადასხვა ნივთებს და საგნებს, მოახდინეს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვა სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით და დააზიანეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნულია განცხადებაში.