Home Blog Page 2

სპეცრამმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაანთავისუფლა – მომიტინგეები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე

ამ დროისთვის, სპეცრამმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაანთავისუფლა.

სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებულია ქაშუეთის ეკლესიასთან.

აქციის მონაწილეების მისამართით ისმის გაფრთხილება: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”.

აქციის მონაწილეები, რომლებიც კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე, სტვენით და შეძახილებით პასუხობენ აღნიშნულ გაფრთხილებას.

შსს – აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

„მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.

გამომდინარე იქიდან, რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ცნობით, პარლამენტთან ორი პოლიციელი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან დემონსტრანტებსა და საპოლიციო ძალების ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი სამართალდამცველი დაშავდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება.

პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ამასთან, მოხდა რეზინის ტყვიების გამოყენებაც. არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.

საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია – პოლიციამ მომიტინგეების დაშლა დაიწყო. საპოლიციო დანაყოფებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე, აკავებენ აქციის მონაწილეებს.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

პოლიციამ პარლამენტთან მომიტინგეების დაკავება დაიწყო

ჩიტაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო. ამ დროისთვის ტერიტორიიდან არაერთი მომიტინგეა გაყვანილი.

ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. არიან დაშავებულები.

,,სპეცრაზმით, ხელკეტებით,  გაზით, ტყვიებით შეიარაღებული იცავენ მდინარაძეს, ოხანაშვილს, სუბარს – ხელკეტებით, „დუბინკებით“ ამ ბავშვების დაშინება შეუძლებელია”- ლევან ხაბეიშვილი

ეს არის რუსის ამოცანა, რომ საქართველოს მართლა წაართვას მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ჩვენს მამულს, ეს არის რუსეთი, თუ ვინმემ საფრთხე შეუქმნა ენას, ეს არის რუსეთი, თუ ვინმე პრობლემას უქმნის სარწმუნოებას და ჩვენი ეკლესია-მონასტრები გადაუღებია, ესენი არიან რუსები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ის პარლამენტთან „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება, სადაც სამართალდამცავებმა მომიტინგეების დაშლის მიზნით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დაშავდა მათ შორის, ხაბეიშვილი თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ეს „არ ღირს მოსაყოლად, რადგან ახალგაზრდებს უფრო მეტი მოხვდათ“.

„პრობლემა შემდეგში მდგომარეობს, ეს კანონი არ უნდა ქართველ ხალხს, არ უნდა არავის, არ უნდათ ჩვენს პარტნიორებს, ამიტომ უნდა გაიტანონ ეს კანონი, წარმოუდგენელია, რაც ხდება, ხელკეტებით, „დუბინკებით“ ამ ბავშვების დაშინება შეუძლებელია.

პუტინის ამოცანა რა არის? – საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველო მე ვარ, მე უნდა დამელაპარაკოთო. როგორ? აი, უარს ვათქმევინებ ახლა ევროკავშირზე, ეს პროცესი მიდის. ახლა მდინარაძეს და ოხანაშვილს პირი რომ დაუღიათ და ვერ გაუგიათ, ეს კანონი რატომ გამოაქვთ. აი, ამიტომ გამოაქვთ, რუსეთის გზავნილია ცივილიზებულ სამყაროსთან, რომ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს არ ექნება პორტები, არ ექნება ეკონომიკა, საქართველო ვერ განვითარდება და ვერც შუა დერეფანი ვერ იქნება, რომელიც კასპიის ზღვასთან დააკავშირებს ცივილიზებულ სამყაროს. ეს არის რუსის ამოცანა, რომ საქართველოს მართლა წაართვას მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ვინმე საფრთხეს უქმნის ჩვენს მამულს, ეს არის რუსეთი, თუ ვინმემ საფრთხე შეუქმნა ენას, ეს არის რუსეთი, თუ ვინმე პრობლემას უქმნის სარწმუნოებას და ჩვენი ეკლესია-მონასტრები გადაუღებია, ესენი არიან რუსები და თუ ვინმე მხარში გვიდგას, ეს არის დასავლეთი. მე,როგორც რიგითი ქართველი, ორი შვილი მყავს, აქ ვარ, რადგან საქართველოს მომავალს ვიცავ.

სპეცრაზმით, ხელკეტებით, გაზით, ტყვიებით შეიარაღებულები იცავენ მდინარაძეს, ოხანაშვილს, სოზარ სუბარს, რომ დისკომფორტი არ შეექმნან, ანუ საქართველო ისე უნდა გაყიდონ, რუსული კანონი ისე უნდა მიიღონ, ევროპაზე უარი ისე უნდა თქვან, რომ ხმაც არ უნდა გაიგონ, ეს დავალება აქვთ და მოძალადე პოლიციელები უდგანან სათავეში. ჩემგან ხელმარჯვნივ, პოლიციის ფორმაში გადაცმული -რუხაძე, ეს არის მოძალადე, კორუმპირებული ჩინოვნიკია, დაათვალიერებენ ბავშვებს, წაიყვანენ, 3000 ლარს ჯარიმას დაუწერენ, ცოტას სცემენ, ფიზიკურად გაუსწორდებიან – რუხაძისნაირები. როდინოვსა და მას შორის რა განსხვავებაა? ისინი სხვა რამეს კი არ აკეთებდნენ, რასაც ესენი ახლა აკეთებენ. ეს ბრძოლა ყველასია, ეს არ არის პარტიული საქმე, ეროვნული საქმეა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

,,ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა ვუთხრა, არ მოგასვენებთ, ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში”- ხაზარაძე

საზოგადოების დაპირისპირებას არ შეგარჩენთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა ვუთხრა, არ მოგასვენებთ, ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ წევრები ბოლომდე ახალგაზრდების გვერდში იდგებიან.

„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში დაამყაროს რუსული დიქტატურა. ბიძინა ივანიშვილი თავისი საცეცებით ყოფს ქვეყანას და აპირისპირებს საზოგადოებას. მინდა, მას ვუთხრა, რომ ამ კანონის და საერთოდ რუსიფიცირება საქართველოში არ გამოუვა, ამდენ ადამიანს  ვერ დააჩოქებს. არცერთი ჩვენგანი არ შეეგუება, რასაც ის აკეთებს ქვეყნის და ეროვნული ინტერესების საწინააღდმდეგოდ. ეს არ გამოვა არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ვიქნებით აქ, ვიდრე საქართველო არ გაგისტუმრებს ამ პოლიტიკური არენიდან, შენ ამ ქვეყანას მოუტანე დიდი ზიანი, გახლიჩე ქვეყანა, აპირისპირებ და ამ დაპირისპირებას არ შეგარჩენ. ამ ახალგაზრდებს მე და ჩემი თანაგუნდელები ვუდგავართ ბოლომდე გვერდში, არცერთ მათგანს არ დაგაჩაგრინებთ.

დეპუტატებს მინდა ვუთხრა, არ მოგასვენებთ, ვერ მოისვენებთ, რადგან თქვენ ემსახურებით რუსეთს. ვერ მოისვენებთ ვერც აქ, ვერც სახლში, ეს არ არის მუქარა, თქვენ გექნებათ სერიოზული ზეწოლა ქართული საზოგადოების მხრიდან“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

,,ეს ხალხი ცდილობს, ახალგაზრდებს ჩაუდგეს სათავეში და ჩაითრიოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში”- რატი ბრეგაძე

ეს აქციები როგორც ვხედავთ, რამდენიმე დღეა გრძელდება. ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის ასეთი გაუწონასწორებელი ქმედებების შედეგი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მინისტრი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ კონსტრუქციულობა.

„მინდა მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ბატონ გვარამიას და სხვებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ისინი ცდილობენ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ მიტინგზე. მათ შორის იქ მისული ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ, ეს ხალხი ცდილობს, რომ მათ ჩაუდგეს სათავეში და ჩაითრიოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. პოლიტიკური ლიდერები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან სახელმწიფო არ დაუშვებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას.

კარგად მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამჭვირვალობის კანონის განხილვა, რომელიც მთელი თავისი არსით არის სწორედ ევროპული ღირებულებების შესაბამისი და ეს ყველაფერი დემოკრატიას და დემოკრატიის გამჭვირვალობას ეფუძნება. თუკი ვინმე ყველანაირი არგუმენტის გარეშე უარს ამბობს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაზე, ეს მათი პრობლემაა. ასეთი უაპელაციო განცხადებები, თითქოს კანონი რუსულია, ვერ იქნება გაზიარებულის სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, რომ იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ფინანსების შესახებ და ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამ ქვეყანას მითუმეტეს აქვს სრული უფლება იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.

პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დეპუტატი ანი წითლიძეც დაშავდა

მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ის სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებული ე.წ წიწაკის სპრეით დაშავდა.

წითლიძის თქმით, მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ და ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

„ნახეთ, რა გააკეთეს. უბრალოდ ვცდილობდი, რომ უკანა მხრიდან დარბევის დროს ახალგაზრდებს წინ დავდგომოდი, რომ მაგის შესაძლებლობა არ მიეცათ, რომ ახალგაზრდებისთვის შეთრევა უნდოდათ. აქ დაგვაცალეს გაზი და წიწაკის სპრეი. მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ.

მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები. გგონია, ამით ვინმე შეაშინე? შენ ხარ შეშინებული, იმიტომ, რომ ასე გჭირდება ჩვენი და ამ ახალგაზრდების დაზიანება, რომ შენ პარლამენტიდან გახვიდე. ამ ბავშვებს ეს იმიტომ დაუშინეს, რომ ეს მშიშარა „ქართული ოცნების“ დეპუტატი პარლამენტიდან გასულიყვნენ“, – აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასთან მიმდებარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ.

აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს – მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები -შსს

მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს – მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს!-ანა დოლიძე

ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მისი განმარტებით, პოლიციამ ისე გამოიყენა ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.

„მშვიდობიანი ხალხი რომ დგას, ჯავშანმანქანა, მძიმე შეიარაღება არ უნდა გამოიყვანო. გაფრთხილება არ იყო. რატომ უნდა დაშალონ დემონსტრაცია, თუ ის არ არის ძალადობრივი? ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ფასეულობა, რითაც აქამდე მოვედით. აქ ვერ გაპარპაშდა ვერცერთი შაჰი. თუ გახდა დემონსტრაცია ძალადობრივი, მაშინ უნდა დაშალონ. უნდათ, რომ არ ორღობეში გაგვატარონ ათასობით ადამიანი. მისაღები გამოცდების უნარებს ვერ ჩააბარებს ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა. ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს. სისტემასთან ერთად ეს ბოქაულობაც უნდა მოვაშოროთ აქედან“,- განაცხადა დოლიძემ.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა. ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება, ვითარება კვლავ არასტაბილურია.სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ცდილობს.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობით მიემართებიან.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც კანცელარიისკენ გადაადგილდებიან, წინ გიორგი ქადაგიძე და რატი ამაღლობელი მიუძღვებიან.

მანამდე, პარლამენტთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს, მათ შორის პარტია „ახალის“ ლიდერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას, სამართალდამცველებმა პარტია „ახალის“ ლიდერებთან ერთად, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.