ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ (BBC) თავის ვებ-საიტზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით: „პუტინი და ნეთანიაჰუ – ორმაგი პრობლემა ტრამპის დიპლომატიისათვის“ (ავტორი – პოლ ადამსი), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე ბოლო დღეებში რუსეთისა და ისრაელის მოქმედებით გაჩენილი პრობლემატური მოვლენები: რა უნდა გააკეთოს დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯიუტობისა და თვითნებობის აღსაკვეთად?
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ერთ დღე-ღამეზე ნაკლებ დროში ორ საგარეოპოლიტიკურ ფრონტზე, რომლებზეც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მეტ დროს და ძალას ხარჯავს, ორი საკმაოდ უსიამოვნო ამბავი მოხდა: ისრაელის ავიადარტყმა დოჰაში (კატარი) არსებულ „ჰამასის“ წარმომადგენლობაზე და რუსეთის დრონების შეჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. ორივე ინციდენტი თეთრი სახლისათვის სერიოზულ თავის ტკივილს წარმოადგენს და, სავარაუდოდ, ორ ძლიერ დარტყმას პრეზიდენტის ავტორიტეტისათვის.
სწორედ ამ ორი კონფლიქტის – უკრაინაში და ღაზას სექტორში – სწრაფ მოგვარებას აპირებდა დონალდ ტრამპი, როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგებოდა.
ამ ორივე შემთხვევაში ლიდერებმა, რომლებსაც დონალდ ტრამპი თავის ბუნებრივ, და იმავდროულად „პრობლემურ მოკავშირეებად“ თვლის – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ – სერიოზულად გაართულეს თეთრი სახლის ძალისხმევა მშვიდობის დამყარებისათვის.
ოპერაცია „ცეცხლოვანი სამიტი“
გასათვალისწინებელია, როგორ იყო დრო შერჩეული დოჰაზე დარტყმისათვის (კოდური სახელწოდებით – „ცეცხლოვანი სამიტი“): ოპერაცია განხორციელდა სულ რაღაც ორიოდე დღეში მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების დასრულებასთან დაკავშირებით წინადადებების ბოლო ვერსია წამოაყენა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს „ჰამასისთვის“ უკანასკნელ შანსს წარმოადგენს: „მე გავაფრთხილე „ჰამასი“ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რაც მის უარს მოჰყვება. ეს ჩემი ბოლო გაფრთხილებაა, სხვა აღარ იქნება“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში.
„ჰამასის“ ხელმძღვანელობა , რომელიც დოჰაში შეიკრიბა, სწორედ დონალდ ტრამპის წინადადების განხილვას აპირებდა, მაგრამ ისრაელი გადაწყვეტილების მიღებას არ დაელოდა და დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ასეთმა ნაბიჯმა არამარტო მტვრად გადააქცია აშშ-ის შეთავაზებები, არამედ, შესაძლოა, დაანგრია კიდეც ღაზას ირგვლივ რთულად მიმდინარე დიპლომატიის მთელი არქიტექტურა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ეყრდნობოდა.
ახლა მიდის დავა იმაზე, თუ როგორ და როდის გაიგო თეთრმა სახლმა ისრაელის დარტყმის გეგმა და შესაძლებელი იყო თუ არა მისი შეჩერება და ინციდენტის თავიდან აცილება. მით უმეტეს, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ კატარში აშშ-ის სამხედრო ბაზებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავიაბაზა მდებარეობს, რაც ბევრს აძლევს იმის ვარაუდებს, რომ ამერიკის რადარებს არ შეეძლოთ არ დაენახათ ისრაელიდან კატარისაკენ გამოფრენილი ავიაგამანადგურებლები.
მაგრამ თუნდაც თეთრმა სახლმა, როგორც ბევრი ვარაუდობს, ისრაელს მწვანე შუქი აუნთო, განა ეს იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს გავლენის მოხდენა შეუძლია ბენიამინ ნეთანიაჰუს მოქმედებაზე?
ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2023 წლის 7 ოქტომბრის ისტორიული დამცირების შემდეგ, ისრაელი კუნთებს მთელ ახლო აღმოსავლეთში ათამაშებს. რა თქმა უნდა, ეს ხდება აშშ-ის აშკარა თუ ფარული მხარდაჭერით. ისრაელმა უდაო რეგიონული ჰეგემონის როლი მიიღო, რომელსაც შეუძლია დარტყმები მიაყენოს ისეთ შორეულ ქვეყნებსაც კი, როგორებიც არიან ირანი და იემენი. მაგრამ ირანისა და იემენის შემთხვევაში დარტყმებში ამერიკის შეერთებული შტატებიც მონაწილეობდა – ვაშინგტონს და ისრაელს საერთო მიზნები ჰქონდათ: ჰუსიტების მოქმედების შეჩერება სავაჭრო გემების წინააღმდეგ და ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება. სულ სხვა საქმეა კატარზე თავდასხმა, რომელიც რეგიონში აშშ-ის საკვანძო მოკავშირეს წარმოადგენს.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან ცუდად“ აფასებს ისრაელის ასეთ ნაბიჯს. მისი თქმით, ისრაელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან გვიან გაიგო და კატარის გაფრთხილება ვერ მოასწრო: „კატარი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ძალიან დაძაბულად მუშაობს და ძალიან რისკავს, როცა შეამავლობის ახორციელებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის, ამ დროს კი მისი ტერიტორია იბომბება… ძალიან უკმაყოფილო ვარ. ეს ფაქტი არ ემსახურება მიზნის მიღწევას არც აშშ-სათვის და არც ისრაელისათვის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოცქსელში.
ცხადია, ეს განცხადება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ აშშ-ის თანამონაწილეობაზე ეჭვი გაიფანტოს, მაგრამ ისე გამოიყურება, თითქოსდა ტრამპი მართლაც ძალიან არის გაბრაზებული. თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეეცადა ხაზი გაესვა იმისათვის, რომ ეს იყო მთლიანად ისრაელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ცნობილმა ამერიკელმა საერთაშორისო მიმომხილველმა დევიდ იგნატიუსმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმაც და აშშ-მაც განაცხადეს – „ჰამასის“ ლიდერებზე ნადირობა კატარში არ მოხდებაო, ისრაელმა ოპერაცია „ცეცხლოვანი სიმაღლე“ მაინც განახორციელა“.
ის, რომ ეს დაპირებები ესოდენ დემონსტრაციული სახით იქნა დარღვეული, ახლო აღმოსავლეთში ამას გარდაუვლად ჩათვლიან აშშ-ის სისუსტის მოწმობად. ახლა ამ ფრიად უსიამოვნო სიტუაციას პოლონეთთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტიც დაემატა…
ალასკის მეფური მიღებიდან პოლონეთის ინციდენტამდე
ერთი თვეც არ გასულა იმ დროიდან, როცა დონალდ ტრამპმა თავისი რუსი კოლეგა ალასკაზე მეფურად მიიღო – წითელი ხალიჩა გაუშალა უკრაინის წინააღმდეგ ომის წამომწყებ ადამიანს, რამდენიმე დღის შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უთხრა – „როგორც უცნაურად და უაზროდ არ უნდა ჟღერდეს, რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი, რომ პუტინი გარიგებას ჩემს მიმართ ხათრის გამო დადებსო“.
მაგრამ საქმე გარიგებისაკენ კი არ მიდის, არამედ პირიქით, ალასკის სამიტის შემდეგ ჩვენ მხოლოდ სიტუაციის ესკალაციას ვხედავთ: სულ უფრო მეტი ანტირეკორდები მყარდება რუსული დრონებისა და რაკეტების მხრივ, რომლებიც უკრაინის დაბომბვაში მონაწილეობენ, ახლა კი მათი პირველი დემონსტრაციული შეჭრა მოხდა ნატოს წევრი ქვეყნის – პოლონეთის საჰაერო სივრცეში.
კაცმა რომ თქვას, რუსული დრონები და რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე პირველად არ შეჭრილან, ადრეც მომხდარა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ მაშინ ისინი მიწაზე საზღვართან ახლოს ვარდებოდნენ და, როგორც ჩანს, საჰაერო სივრცის დარღვევები შემთხვევით ხდებოდა. მაგრამ ის, რაც ოთხშაბათს ღამით მოხდა, მას შემთხვევითობას ვერ ვუწოდებთ. პოლონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ერთბაშად 19 დრონი შეიჭრა და ზოგიერთები ქვეყნის ტერიტორიაზე საკმაოდ ღრმად შეფრინდნენ.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პოლონეთის სეიმში (პარლამენტში) გამოსვლისას განაცხადა, რომ ასე ახლოს ღია კონფლიქტთან პოლონეთი არასოდეს არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
რუსეთი ყველაფერს უარყოფს, მაგრამ ნატოელები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ეს იყო რუსეთის წინასწარგანზრახული მოქმედება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სიმტკიცისა და გაბედულების შესამოწმებლად. და რამდენადაც ალიანსის ყველაზე ძლიერ წევრს აშშ წარმოადგენს, მაშინ გამოდის, რომ ეს იყო დონალდ ტრამპის სიმტკიცის შემოწმების მცდელობაც. სხვათა შორის, შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აშკარად არ სურდა პოლონეთის ინციდენტზე რეაგირება იმისგან განსხვავებით, რაც კატართან მიმართებით მოახდინა.
„იმ ფაქტს, რომ ნატოს წევრმა ქვეყანამ პირველად ესროლა რუსულ სამხედრო საბრძოლო დრონებს და ჩამოაგდო, თეთრი სახლი სამარისებური სიჩუმით შეხვდა“, – დაწერა უკრაინის გაზეთმა Kyiv Post-მა.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა თავისი პოსტი სოციალურ ქსელში მაინც გამოაქვეყნა: „რატომ არღვევს რუსეთის თავისი დრონებით პოლონეთის საჰაერო სივრცეს? ამასაც მოვესწარით!“ – ასეთი ორაზროვანი ჩანაწერი გაჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის აქაუნთში.
მაგრამ ის, რომ თავდაპირველად დონალდ ტრამპი საკმაო დროის განმავლობაში ჩუმად იყო, თანაც იმ ფონზე, რომ იგი არა და არ ასრულებს თავის მუქარებს რუსეთის მიმართ ახალი მკაცრი სანქციების გამოცხადებაზე, უკრაინის დასავლელელ მოკავშირეებს ისევ ერთი და იგივე კითხვის წინ აყენებს: ბოლოს და ბოლოს, ვის მხარეზე ხართ, მისტერ დონალდ ტრამპ?
შესაძლოა, ამ საკითხში მალე რაღაც შეიცვალოს: ევროპელი ოფიციალური პირები და მათი ამერიკელი პარტნიორები ახალი სანქციების ერთობლივ პაკეტზე მუშაობენ, რაც პირველად ხდება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების მომენტიდან.
მაგრამ ნატოს წევრებს, ახლო წარსულში პრეზიდენტის მიერ ალიანსის მიმართ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გათვალისწინებით, სურთ იყვნენ იმაში დარწმუნებულები, რომ თუ ნატოს წევრი რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მას შეუძლია აშშ-ის დახმარების იმედი ჰქონდეს.
დონალდ ტრამპის „ბეწვის ხიდი“
ამას წინათ ხელმოწერილმა შეთანხმებამ, რომელიც ნატოს ევროპული ქვეყნების მიერ უკრაინისათვის ამერიკული იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს და ალიანსის წევრების ვალდებულებამ თავიანთი სამხედრო ბიუჯეტის მშპ-ის 5%-მდე ზრდის თაობაზე, შესამჩნევად გააუმჯობესა დონალდ ტრამპის ურთიერთობა ნატოსთან: ბოლო დროს იგი აღარ აკეთებს ალიანსის მიმართ ისეთ არამეგობრულ განცხადებებს, როგორებითაც პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გამოდიოდა.
ევროპული ქვეყნები, თავის მხრივ, მთლიანობაში დათანხმდენენ აშშ-ის ლიდერის მოწოდებას, რომ მათ თვითონ უნდა იზრუნონ საკუთარი თავდაცვის განმტკიცებაზე. პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვა ამ მხრივ კარგ მაგალითს წარმოადგენს.
მაგრამ რადგანაც მთლიანობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძველებურად ემყარება აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურ ძლიერებას, იქნება თუ არა ამჟამინდელი პრეზიდენტი მზად გამოიყენოს აშშ-ის ძალა ევროპელების დასახმარებლად, ამის თაობაზე კითხვები ჯერ კიდევ რჩება.
ორი დღე, ორი კონფლიქტი, მოვლენათა ორი რთული განვითარება. დონალდ ტრამპისათვის – ადამიანისათვის, რომელსაც არ უყვარს, როცა გამოწვევის წინაშე აყენებენ – ეს სიტუაცია შეიძლება ერთობ მძიმე გამოცდა აღმოჩნდეს. ყველა ელოდება, წარმატებით გაივლის თუ არა „ბეწვის ხიდს“ ამერიკის მეთაური.
წყარო: