Home Blog Page 2

“მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით”

მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დიდ პარასკევს, იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, იესო ქრისტემ გასწირა თავისი სხეული და დაღვარა თავისი სისხლი იმისთვის, რომ მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე და „აღგვადგინოს მან უკანასკნელსა დღესა, როგორც თავისი შვილები”.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ჩვენ ახლა გამოვაბრძანეთ თქვენ წინაშე წმინდა გარდამოხსნა, რომელიც არა მხოლოდ წმინდაა, არამედ საშინელიც არის, რადგან მასზე გამოსახულია ძე ღმერთის შიშველი და მკვდარი სხეული, რომელიც სიკვდილით დასაჯეს მისმა მტრებმა.

როგორ შეიძლება მომხდარიყო კაცობრიობის დანაშაულთა შორის ეს ყველაზე საშინელი დანაშაული? რატომ არ სთხოვა ძე ღმერთმა თავის მამაზეციერს, რომ ანგელოზთა ლეგიონები მოევლინა და შეემუსრა მისი მტრები, რომლებსაც მისი სიკვდილი სწყუროდათ? ჩვენი გონებით ვერასდროს ავხსნიდით, ვერასდროს ვუპასუხებდით ამ შეკითხვას. ვის შეიძლებოდა აეხსნა ჩვენთვის ეს აუხსნელი საკითხი?

გვახსენდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები თავის საიდუმლო მოწაფესთან, ნიკოდიმოსთან საუბარში, იგი ამბობს: „ისე შეიყვარა ღმერთმან ქვეყანა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა მას, რათა მისი ყოველი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს ცხოვრება საუკუნო“ (იოანე, 3:16). ეს ნიშნავს, რომ მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე.

ასევე გვახსენდება უფალ იესო ქრისტეს იდუმალებით სავსე სიტყვები, რომლებიც სრულიად მიუწვდომელია ამა სოფლისთვის. უფალი ბრძანებს: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ, უკეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკვდეს, არამედ ცხონდეს უკუნისამდე. და პური რომელი მე მივცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივცემ ცხორებისათვის სოფლისა… ამინ, ამინ გეტყვით თქვენ, უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სვათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქვენთა, ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორება საუკუნო და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა, რამეთუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს. და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა“ (იოანე, 6:51, 53-56).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დიადი მნიშვნელობა ქრისტეს მსხვერპლისა – მან გასწირა თავისი სხეული და დაღვარა თავისი სისხლი იმისთვის, რომ ჩვენ წმინდა ზიარების საიდუმლოში ვჭამდეთ მის ხორცს და ვსვამდეთ მის წმინდა სისხლს; რომ მისი სხეული გახდეს ჩვენი სხეული და ჩვენს ძარღვებში, ჩვენს სისხლთან ერთად, ჩქეფდეს ასევე მისი სისხლი და ამგვარად ვეზიარებოდეთ ღმერთკაცს, მივიღოთ საუკუნო სიცოცხლე და როგორც ამ სიტყვებში იყო ნათქვამი, აღგვადგინოს მან უკანასკნელსა დღესა, როგორც თავისი შვილები.

ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ მას ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის. ამ კითხვაზეც პასუხს გვცემს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იგი ამბობს: „თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები“.

ამრიგად, დღეს დავღვაროთ ჩვენი სიყვარულის ცრემლი ჩვენ წინაშე მდებარე ძე ღმერთის სხეულზე და ჩვენი სულის მთელი ძალები, უპირველეს ყოვლისა, მივმართოთ იქითკენ, რომ დავიცვათ მისი მცნებები, ამინ”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციას მართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ არიან შეკრებილები.

აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა.

„დღეს, არის აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე კონფერენცია. ძალიან დიდი წარმომადგენლობითი კონფერენციაა, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია ამ ადამიანებამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, ავუხსნათ რა ხდება ამ ქვეყანაში და თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს კანონი. 2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკისგან ქვეყანას სესხის სახით მიღებული აქვს 3,9 მილიარდი დოლარი სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის. ძალიან კომიკურია, რომ ახალგაზრდებს არბევენ, იჭერენ ამ კანონის გაპროტესტებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციაზე დამსწრებმა ადამიანებმა იცოდნენ რის გამო ვდგავართ და დაგვეხმარონ გაპროტესტებაში და მთავარი მესიჯების გაჟღერებაში”,- განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა მარიამ გეგუჩაძემ.

შეკრებილები სკანდირებენ – „არა რუსულ კანონს!“

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპირებენ კონფერენციის ბოლომდე, 21:00 საათამდე იყვნენ სასტუმრო „პარაგრაფთან“, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გადავლენ მსვლელობით.

სასტუმროს მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები დგანან „პარაგრაფის” ორივე შესასვლელთან.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მშვიდ ვითარებაში გამოხატონ პროტესტი.

“ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. როგორც მოგეხსენებათ მიმდინარეობს კონფერენცია. აქციის მონაწილეები უკვე მოსულები არიან. მათ მოვუწოდებ, რომ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ თავიანთი პროტესტი”, – განაცხადა სირაძემ.

„ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის ტექსტს აქვეყნებს

„ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის ტექსტს აქვეყნებს. მათი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას.

პარტიის შეფასებით, დღემდე ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. ასევე, რა არის ცუდი იმაში, რომ დეკლარაცია შეავსონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციებმა.

„ამიტომ, მთავარი თემა რომ არ დაგვავიწყდეს, ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ მისი წაკითხვისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.

მუხლი 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია


1. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ აღნიშნულ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.

მუხლი 3. უცხოური ძალა

ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

მუხლი 4. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია

1. სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული სუბიექტი 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვებით, რომ ამ სუბიექტმა შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ – განაცხადი) ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სააგენტოსთვის წარდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ვებგვერდზე სუბიექტის დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში იგი ვალდებულია, ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.

3. განაცხადის ავტორი ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად განაცხადის ავტორის საფინანსო დეკლარაციაც არის, ასახოს შემდეგი ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში):
ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი;
გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;
დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
ვ) განაცხადის შევსების თარიღი.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი, რისთვისაც ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და სრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. თუ განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო განაცხადის ავტორს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. განაცხადის ავტორი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. სააგენტო ვალდებულია, ამ ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს.

5. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში აღრიცხვისათვის საფასური არ გადაიხდევინება.

6. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა

1. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს ამ სუბიექტის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, ხოლო არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, მისი სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრიდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია


1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია, რომელშიც მან სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს სააგენტოსთვის მისი წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით არსებული, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოსთვის აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია, რისთვისაც ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ აღნიშნული საფინანსო დეკლარაცია არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო მის წარმდგენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესს, აგრეთვე აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 7. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელიც წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, უფლება აქვს, სააგენტოსთვის ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენისას დასაბუთებული წერილობითი განცხადებით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმება. ამ შემთხვევაში 30 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

2. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ეს სუბიექტი დაუყოვნებლივ ამორიცხოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრიდან და შესაბამისი ვებგვერდიდან წაშალოს აღნიშნულ სუბიექტთან დაკავშირებით ამ კანონის შესაბამისად მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება სათანადო ვებგვერდზე.

4. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 8. მონიტორინგი

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა – მონიტორინგი (შემდგომ – მონიტორინგი).

2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.

3. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

4. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.

5. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი.

6. მონიტორინგის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 9. პასუხისმგებლობა და სამართალწარმოების საკითხები

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.

2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გაგრძელება ამავე ქმედების ჩადენისთვის ბოლოს დადებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს ადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეიძლება დაეკისროს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 6 წლის განმავლობაში.

8. ამ კანონის საფუძველზე ან/და ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

1. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში:
ა) შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ განახორციელონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებს იმავე მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს სააგენტოს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე, რის შემდეგაც ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პროცედურები.

მუხლი 11. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-მე-9 მუხლებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი-მე-9 მუხლები და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

“ვაშინგტონში, ჯო ბაიდენის გარემოცვაში, არავის არ სჯერა, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს”-უცხოური პრესა

ფრანგული სამაუწყებლო ტელეარხის LCI-ის (TF-1 – La Chaîne Info) ეთერში გადაიცა საუბარი ცნობილ ფრანგ პოლიტოლოგთან, პარიზის საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IRIS) დირექტორთან პასკალ ბონიფაცთან, რომელსაც ტელეჟურნალისტები ერიკ ბრიუნე და ემილი ბრუსულუ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ესაუბრებიან.

ვიდეოსიუჟეტი გამოქვეყნებულია სათაურით “ვაშინგტონში, ჯო ბაიდენის გარემოცვაში, არავის არ სჯერა, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებს”.

გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:

ერიკ ბრიუნე: შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინის არმიის ამჟამინდელ მთავარსარდალზე – ალექსანდრე სირსკისა და ყოფილზე – ვალერი ზალუჟნის შესახებ, მაგრამ რეალობა და შედეგი ერთი და იგივეა: ბრძოლის ველზე სიტუაცია არ იცვლება, უბრალოდ, ერთი სარდალი მეორემ შეცვალა….
პასკალ ბონიფაცი: დიახ, რასაკვირველია .იმიტომ, რომ არის საკითხები, რაც მთავარსარდლის შეცვლით არ წყდება. ის, რომ უკრაინელი ჯარისკაცები რაოდენობით უფრო ცოტანი არიან, ვიდრე რუსები, ეს დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტია. რამდენჯერაც არ უნდა შეცვალო მთავარსარდალი, ფაქტი ფაქტად რჩება.

ეს ომი ცოცხალი ძალის რიცხოვნობის ომია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვვარაუდობდით, დღევანდელი ომები ტექნოლოგიურ ომებს წარმოადგენენ, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ჩვენ ისევ რიცხოვნობის საკითხს დავუბრუნდით. და პლუს ის, რომ დასავლური – ამერიკული – დახმარება ბლოკირებული იყო ნახევარი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც უკრაინის მხარე დასუსტდა. ამასობაში კი რუსებმა თვითორგანიზება მოახერხეს. მათ ისწავლეს შეცდომებიდან დასკვნების გაკეთება. ისინი წინ მიდიან.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვადასხვა დონის დებატების დროს სასურველს სინამდვილედ ვასაღებდით. ჩვენი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთს არ შეუძლია ომის მოგება და ომში არ უნდა გაიმარჯვოსო“, მაგრამ „არ შეუძლია“ და „არ უნდა“ – ეს სხვადასხვა სიტყვებია. არსებობს რეალობა ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობაზე. რუსეთში ოთხნახევარჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, უკრაინასთან შედარებით და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ომი ძალიან დამქანცველია უკრაინის მოსახლეობისათვის. მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებ ენთუზიაზმს ამჟღავნებს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. და, რა თქმა უნდა, დონბასის დასაცავად უფრო ნაკლები ენთუზიაზმი იქნება, ვიდრე, ვთქვათ, კიევისათვის, რადგანაც კიევისა და დონბასის მნიშვნელობა უკრაინელის ცნობიერებაში სხვადასხვანაირია. გასულ კვირას ნიუ-იორკში ვიყავი, გავესაუბრე ნაცნობ პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებს, ჯო ბაიდენის გუნდის წევრებს, რომლებიც უკრაინისადმი დახმარების მომხრეები არიან… მაგრამ მათგან არცერთი არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინა ომში გაიმარჯვებს.

წყარო:

პრეზიდენტმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენით (73 – მომხრე, 9 – წინააღმდეგი) დაამტკიცა.

ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“ახლა უნდა დაემთავრებინათ სკოლა, ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ” – რას ჰყვებიან ადგილობრივები სვანეთში გაუჩინარებულ ახალგაზრდებზე

სვანეთში ძებნა-შველის ოპერაცია თითქმის 24 საათია გრძელდება – დღის განმავლობაში, მდინარე ნაკრაში მიაგნეს ავტომობილს, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, თუმცა, სამი მოზარდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ავარია სვანეთში გუშინ საღამოს მოხდა.

“ჭუბერში იყო მაისობა და იქიდან ბრუნდებოდნენ. ახლა უნდა დაემთავრებინათ სკოლა, ბოლო ზარი უნდა ყოფილიყო 18-ში. მთელი სოფელი და სამაშველო მთელი ღამე ეძებდნენ, დაიარეს აქ ყველაფერი. საბურავი ნახეს, [მანქანის] ამოყვანას ბევრი დრო დასჭირდა. ახლა ამოიყვანეს, ყველას ეგონა, შიგნით იქნებოდნენ, მაგრამ არა,“ – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ აქციაზე სამართალდამცავებმა 23 პირი დააკავეს – შსს

2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე 23 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ინფორმაციისთვის, 2 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გმირთა მოედანზე გაიმართა.

გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო.

ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა – გიორგი ბაჩიაშვილი

ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის მითვისებას ედავებიან.

ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე ძალადობა არ გამოუვა.

„მე მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ მომავალს და ვდგავარ ქართველ ახალგაზრდობასთან! ივანიშვილმა სახალხოდ დაიწყო იმ ლეგენდების ნგრევა, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგებდა. მან უღალატა ყველა იმ იდეალს და დაპირებას, რომლითაც იგი ხელისუფლებაში მოვიდა!

ის ძალადობს საჯარო მოხელეებზე, თუმცა, მათი უმრავლესობა არ უჭერს მხარს ივანიშვილის რუსულ გზას. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ძალა, რომ ეს ხმამაღლა გამოხატოს.

ძალადობს ბიზნესმენებზე! ორი დღის წინ, მათ ერთდროულად მოუწიათ, ერთი და იგივე შინაარსის ტექსტის ვარიაციების გავრცელება, თავისუფალი ადამიანები ასე არ იქცევიან!

ძალადობს იმ მოსახლეობაზე, რომელიც იძულებით და მოსყიდვით ჩამოიყვანა რეგიონებიდან და ასმენინა ოკუპანტების ხელით დაკრული ტაშის ფონოგრამა! მას არ გაუვა ძალადობა ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე! ამიტომაც, ცდილობს მათ დარბევას და მარგინალიზაციას!

ეს ყველაფერი ისეთივე შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, როგორც დიქტატურა – დემოკრატიასთან!!! ამას ადასტურებენ იმ ქვეყნების ლიდერები, რომელთა ელჩებსაც 2011-2012 წლებში ივანიშვილი თავად ჰპირდებოდა გასაოცარ დემოკრატიას, დღეს ისინი მართლაც ვერ მალავენ გაოცებას ივანიშვილის “აშენებული დემოკრატიით“.

90-იანი წლებიდან, დასავლეთის ხელშეწყობით და ძალისხმევით დაიწყო ჩვენი ქვეყნის აღმასვლა. სწორედ მათი პროგრამებით მოხდა ბევრი ჩვენი ახალგაზრდის განათლება და იმ ინსტიტუტების და რეფორმების შენება, რომლის ნარჩენებზეც დგას დღეს ივანიშვილი და ებრძვის ჩვენი ქვეყნის მომავალს!

მისი მმართველობა დეგრადაციის იმ საფეხურზეა, როდესაც მისი “გუნდის” ვერც ერთი წევრი ვერ ბედავს მისთვის სიმართლის თქმას! ის ცდილობს, რომ ყველა ძალით ჩასვას “ერთ ნავში” და კოლექტიური პასუხისმგებლობა აჰკიდოს, თითქოს, ბიძინას რუსული გზა – მათი არჩევანიცაა! არა რუსულ კანონს! არა ოკუპანტების დაკრულ ტაშს!“, – წერს ბაჩიაშვილი.

არავისთვის მიკადრებია თავდასხმა, შეურაცხყოფა, ყოველთვის ვარ თავდაცვის რეჟიმში-კახა კალაძემ “ფორმულას” ჟურნალისტს მიმართა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა და გუშინ მედიასაშუალების წარმომადგენელთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, ჟურნალისტი არ უნდა აყენებდეს რესპონდენტს შეურაცხყოფას განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად.

„დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა და უწოდო უტიფარი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. შეიძლება, პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება, განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, ან სხვა კონკრეტულ პოლიტიკოსს.

შეურაცხყოფა მომაყენონ და მე თავი დაგიხაროთ?! როდესაც ადამიანს ეუბნებით, რომ უტიფრად იტყუება, მე თქვენ არ გაკადრებთ ასეთ რამეს. შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. რამდენჯერ ყოფილა, რომ „ტვ პირველთან“ შევსულვარ პოლემიკაში, მაგრამ არასდროს არ გვიკადრებია ერთმანეთისთვის მსგავსი შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არავისთვის არასდროს მიკადრებია, თავს დავსხმოდი, შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ყოველთვის ვარ თავდაცვის რეჟიმში. ამიტომ, თუ იქნება ჩემ მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, რომ იმავეს დაგიბრუნებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დონორები და საელჩოები ხელს აფარებენ „ენჯეოებს“ ნაცვლად იმისა, რომ ამ აქციების ძალადობრივი ხასიათი შეაფასონ – ცდილობენ, ყალბი ნარატივი დაამკვიდრონ, თითქოს ძალადობას ადგილი არ ჰქონდა – შალვა პაპუაშვილი

საბოლოო ჯამში, ეს აქციები არის პოლიტიკური უმცირესობის მცდელობა, ძალადობრივი გზით უკვე მერამდენეჯერ შეძლოს წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში თავისი ძალაუფლების თევზის დაჭერა, მაგრამ ქართველი ხალხი ამას აკვირდება მშვიდად და ბრძნულად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყოველ ჯერზე, როდესაც ხდებოდა შეკრება რუსთაველის გამზირზე, სწორედ „ენჯეოს“ ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ შეკრებილ ხალხს, იმ აქტივობებისკენ, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

„ამ ყველაფერში შემაშფოთებელია ის, რომ გარკვეული სიმბიოზია პარტიებისა და „ენჯეოებისა“, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამ აქციებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ, როგორც წესი, ზუსტად ენჯეო ლიდერები არიან, რომლებიც ამ აქციას აძლევენ ძალადობრივ ხასიათს. ჩვენ ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ხდებოდა შეკრება რუსთაველის გამზირზე, სწორედ „ენჯეოს“ ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ შეკრებილ ხალხს, ან პიკეტირება მოეხდინათ პარლამენტის, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ან გადაადგილებულიყვნენ სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გარკვეულ ექსცესებს. შესაბამისად, „ენჯეოების“ ლიდერების მოწოდებების საფუძველზე და შედეგად ხდებოდა ხოლმე ძალადობა. ამ კონტექსტშიც დასაფიქრებელია საელჩოების და დონორების დამოკიდებულება და განცხადებები. როდესაც, მათი „ენჯეოები“ სწორედაც რომ უწევენ ინსპირირებას ძალადობას და ამ დროს ხელს აფარებენ დონორები და საელჩოები ამ „ენჯეოებს“ და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასონ ძალადობრივი ხასიათი ამ აქციებისა, ფაქტობრივად, თეთრზე შავს ამბობენ და ცდილობენ, ყალბი ნარატივი დაამკვიდრონ, თითქოს ძალადობას არ ჰქონდა ადგილი. ესეც თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს, რა მოტივაციები დგას ასეთი განცხადებების უკან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა-სააკაშვილი

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება ხალხს აუჯანყდა.

„ხალხი კი არ აუჯანყდა ხელისუფლებას, არამედ ხელისუფლება აუჯანყდა ხალხს!

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხელი მოეწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, გუშინ ხელისუფლებამ ის, ფაქტობრივად, გააუქმა“, – წერს სააკაშვილი.

სტრატეგიულ პარტნიორობაზე თუ ვსაუბრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩასვლა დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება – კახა კალაძე

ჩვენ თუ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ვაშინგტონში დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, ხომ არ გადაიხედება საქართველოს აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა აშშ-ის ელჩის განცხადების შემდეგ.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის პარტნიორობისა და მეგობრობისთვის, თუმცა ეს პროცესი უნდა იყოს ორმხრივი.

„არავისთან ურთიერთობის გაწყვეტა არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომები, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არა ერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ იგი ცალმხრივი ვერ იქნება, გვინდა, მეორე მხარისგანაც იგივე დავინახოთ და ვიგრძნოთ. დღეს არავინ ეწევა დასავლეთის დისკრედიტაციას და თუნდაც ამერიკის დისკრედიტაციას ისე, როგორც მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები, რა განცხადებებსაც აკეთებენ. ეს ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, რადგან ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს. დღეს ხომ შეუძლებელია, რაღაცა დამალო. როდესაც სხვა ქვეყნისთვის რაღაც მისაღებია და შენ გიკრძალავენ ამას, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. როდესაც თეთრზე გეუბნებიან, შავიაო, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ხალხი სულელი არაა, ყველაფერს ხვდება, აანალიზებს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს.

ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ, როდესაც აღნიშნულ კანონპროექტზე ვამბობთ, გვითხარით, რა გვაქვს პრობლემური და არ არის არგუმენტი, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს. მათ არგუმენტი არ აქვთ. არ უნდათ, მოხდეს გასაჯაროება იმ ფაქტების, თუ ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციის მცდელობას და დაპირისპირებას. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, შეამცირე პოლარიზაციაო და, მეორე მხრივ, აფინანსებენ პოლარიზაციას ეს ფონდები, რაც არ არის სწორი და ლამაზი. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველო უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესი, სუვერენიტეტის გაძლიერება და გარე გავლენის შემცირება. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია : „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე“. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც განაცხადეს, რომ „პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.