Home Blog Page 2

,,ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით, სანთლები დაიჭირეს ხელში და ულტრალიბერალები, ნაციონალისტები გახდნენ ”- ლევან ჭოტორლიშვილი

ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით ახალი ტაქტიკა აირჩიეს. თუ ადრე დასცინოდნენ ყველაფერ ეროვნულს, მართლმადიდებლობას, ტრადიციებს, და ამ ლოზუნგებით ახალგაზრდობის ნაწილის მიმხრობა შეძლეს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჭოტორლიშვილი განმარტავს, ძველმა ტაქტიკამ არ გაამართლა, ამიტომ ისინი, ვინც ულტრა ლიბერალები არიან, ახალი ტაქტიკის თანახმად, ნაციონალისტები გახდნენ და ხელში სანთლებიც დაიჭირეს. მისი განცხადებით, მიზანი უცვლელია – საქართველოს ომში ჩართვა, ვინაიდან 200 ათასამდე სამობილიზაციო რესურსით დასავლეთისთვის ცოცხალი ძალის დამატების შესაძლებლობას იძლევა. “ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით ახალი ტაქტიკა აირჩიეს. თუ ადრე დასცინოდნენ ყველაფერ ეროვნულს, მართლმადიდებლობას, ტრადიციებს, და ამ ლოზუნგებით ახალგაზრდობის ნაწილის მიმხრობა შეძლეს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ ახლა სანთლები დაიჭირეს ხელში და ულტრალიბერალები ნაციონალისტები გახდნენ. მიზანი იგივეა, ქვეყნის ომში ჩათრევა. ძველმა ტაქტიკამ არ გაამართლა და ახალი მაგიტომ სჭირდებათ.

მართალია ეზიზღებათ მაგრამ ითმენენ. დასავლეთს აქვს საკმარისი ფინანსები, ტექნოლოგიები ომის დიდხანს გასაგრძელებლად, მაგრამ არ ჰყავს ჯარისკაცები. დასავლეთი ასე მსჯელობს. თუ ჩვენ მეგობრები და მოკავშირეები ვართ, ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ჩვენ მდიდრები წილში შევალთ ფულით და ტექნოლოგიებით. თქვენ ღარიბები წილში უნდა შეხვიდეთ ცოცხალი ძალით. ბოლო ტრანში დათქმით მისცეს რომ კიდევ ნახევარ მილიონ ადამიანს გააგზავნიან ფრონტზე. დილით ჯარისკაცები, საღამოს ფული, როგორც ერთ იუმორისტულ ნაწარმოებშია. მაგრამ სულ უფრო რთულია ცოცხალი ძალის რესურსის მობილიზება.

დიდი ნაწილი განადგურებულია, ნაწილმა ქვეყანა დატოვა. საქართველო თავისი ორასი ათასამდე სამობილიზაციო რესურსით დასავლეთისთვის შესაძლებლობაა. დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმეა. გადატრიალება, საზღვრების ჩაკეტვა, ხალხის ქუჩებში დაჭერა და ფრონტზე გაგზავნა. ანუ ის რაც უკვე ხდება ჩვენ თვალწინ მეზობელ ქვეყანაში. არაფერი ახალი ამაში არ არის. ასე გაჰყავდათ ქართველი ჯარისკაცები, მონღოლებს, თურქებს, ირანელებს და რუსებს. მაქსიმალური ყურადღება არის საჭირო იმისთვის რომ ეს გეგმა არ განხორციელდეს. თორემ დაიფარება ქვეყანა სასაფლაოებით და დროშებით. ეს ეხება ყველას თვრამეტიდან სამოც წლამდე ასაკის მოსახლეობას.” – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ აღმოაჩინეს.

გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის – გიორგი ვიბლიანისა და საბა გვარმიანის საძიებო სამუშაოები. ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.

2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა. სამივე სკოლის მოსწავლე იყო.

სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს თავს ესხმის – ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც სამართალდამცველებს ეხება. საუბარია ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „პოლიციელებმა ვერ უნდა დაისვენონ, ღამეები უნდა ათენონ, რომ სიქა გაძვრეთ“

„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს ესხმის თავს და აგულიანებს მოქალაქეებს იმისკენ, რომ ზიანი მიაყენონ პოლიციელებს, რომლებიც უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა“, – აცხადებს ბითაძე.

ზურა გირჩი ჯაფარიძემ გუშინ, 4 მაისს განაცხადა:

„ყოველდღიური აქციები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ მათ ვერ შეძლონ პოლიციელების დასვენება. პოლიციელები უნდა იდგნენ, იმორიგეონ, ღამეები ათენონ, როგორც ჩვენ ვათენებთ, უნდა გაძვრეთ სიქა“.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

„5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

კარგად უნდა იცოდეს კეზერაშვილმაც და ყველა რადიკალმაც, რომ კანონი თავის სიმაღლეზეა და ყველა არალეგალური ქმედება იქნება სათანადოდ შეფასებული და მიღებული იქნება სათანადო ზომები – მათიკაშვილი

კარგად უნდა იცოდეს კეზერაშვილმაც და ყველა რადიკალმაც, რომ კანონი თავის სიმაღლეზეა და ყველა არალეგალური ქმედება იქნება სათანადოდ შეფასებული და მიღებული იქნება სათანადო ზომები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„კეზერაშვილმა ჯერ საქართველოში თავდაცვის სამინისტრო გაძარცვა, შემდეგ ევროპაში პენსიონერებს ძარცვავს და დღეს საქართველოში რევოლუციების მოწყობა უნდა. რა თქმა უნდა სურვილები მას დიდი აქვს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს, თუმცა კარგად უნდა იცოდეს კეზერაშვილმაც და ყველა რადიკალმაც, რომ კანონი თავის სიმაღლეზეა და ყველა არალეგალური ქმედება იქნება სათანადოდ შეფასებული და მიღებული იქნება სათანადო ზომები“, – აცხადებს მათიკაშვილი.

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, დამცირებით და სჯერათ, რომ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ – ილია მეორე

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ, – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, – ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით.

„2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით.

დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან – განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.

მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!“- ნათქვამია ეპისტოლეში.

ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარების მიუხედავად, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება – ილია მეორე

ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა, – ამის შესახებ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

„წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, – ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.

ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის.

უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ის ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია.

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევის მსახურება სრულდება.

აღდგომას წინ უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტეს აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე:

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).
აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, – ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს სასწაული თითოეული ადამიანის გულამდე აღწევს და საყოველთაო სიხარულით აღვსილნი ვხმობთ:
ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე ძე ღვთისა და ძე კაცისა, მაცხოვარი სოფლისა და განმაახლებელი სამყაროსი, იშვა რჩეული ერის, ისრაელის, წიაღში.
ადამიანური ბუნებით იგი მოიცავდა მთელ კაცობრიობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ არ ჰქონდა ცოდვა ისევე, როგორც ადამს ცოდვით დაცემამდე.
მას მეორე ადამადაც სახელდებენ, რადგან არც ადამს ჰყავდა ხორციელი მამა და არც იესოს; პირველი ადამი მიწისგან შეიქმნა და შემოქმედისგან სული შთაებერა, მეორე, – წმინდა ქალწულ მარიამისგან სულიწმინდით მოევლინა ქვეყანას. პირველი ადამის შეცოდებით სამოთხე დავაკარგეთ და სიკვდილსა და ხრწნილებას დაედო სათავე, ხოლო მეორე ადამმა – ქრისტემ, ცოდვისა და სულიერი სიკვდილისაგან გვიხსნა, მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა და სამოთხის კარი კვლავ განგვიღო.

განკაცებულმა უფალმა განაახლა ჩვენი დაცემული ბუნება და აღგვიდგინა ცოდვით შებღალული თავდაპირველი ხატება ღვთისა. ამასთან, მან გვიჩვენა მაგალითი იმისა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ერთმანეთთან და ღმერთთან, რათა დასაბამისეული განგებულება ყოვლადწმინდისა სამებისა ჩვენში გაცოცხლდეს და აღორძინდეს.

* * *
სულ რაღაც სამწელნახევრის მანძილზე იესო ქრისტემ თავისი ქადაგებებით მრავალი მიმდევარი შეიძინა, თუმცა მისი მაცხოვნებელი სწავლება ყველამ სიხარულით როდი მიიღო. ზოგი ეჭვით უყურებდა, ზოგიც გმობდა. თავად უფალი კი, განგებულების შესაბამისად, გარკვეულ ჟამამდე განერიდებოდა ხოლმე მათ და განკურნებულებს, მკვდრეთით აღდგინებულებს, აგრეთვე, ფერისცვალების სასწაულის მხილველ მოწაფეებს და თვით ბოროტ სულებსაც უკრძალავდა, გარკვეულ დრომდე, მესიად საჯაროდ ეღიარებინათ; სიტყვანი და საქმენი მისნი კი მაინც თავისთავად მოწმობდა, ვინ იყო იგი.

უფალთან ურთიერთობისას ადამიანები გრძნობდნენ, რომ არამიწიერთან და, ამავე დროს, მშობლიურთან, ჰქონდათ შეხება და მუდამ არჩევანის წინაშე დგებოდნენ, – მიეტოვებინათ ძველი ცხოვრების წესი, ეზრუნათ სულიერ განწმენდაზე, როგორც ამას მაცხოვარი ქადაგებდა, თუ დარჩენილიყვნენ ცოდვაში და ძველებური ყოფა გაეგრძელებინათ.

იერუსალიმში დიდებით შესვლამდე უარყოფითად განწყობილნიც კი, მართალია, ზოგჯერ დრტვინვით, მაგრამ უფრო ხშირად ინტერესით, უსმენდნენ მაცხოვარს; თუმცა ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს აღდგინების შემდეგ, როცა მთელმა ერმა პატივი მიაგო მას, როგორც მესიასა და მაცხოვარს და ჩვილებმაც კი სასწაულებრივად იგალობეს მხსნელის სადიდებელი: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი მეფე ისრაელისა“ (ინ. 12.13) – , ვითარება რადიკალურად შეიცვალა; უფალი უკვე ყველას შეეხო და როგორც საერონი, ისე, განსაკუთრებით, სასულიერო დასი არჩევანის წინაშე დადგა, – ან უნდა მიეღოთ იგი მესიად, ან უარეყოთ.

დაპირისპირებულმა ძალამ მისი სიკვდილით დასჯა განიზრახა.

მოვლენები უსწრაფესად განვითარდა.
ქრისტე შეიპყრეს ხუთშაბათს, ღამით, როდესაც მოსახლეობა პასექის ზეიმისთვის ემზადებოდა. პარასკევს, გამთენიისას, გაასამართლეს, განაჩენი გამოუტანეს და იმავე დღეს ჯვარს აცვეს.

პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, დამკვიდრებული ჩვეულებისამებრ, პილატეს სასამართლომდე ერთი ბრალდებულის შეწყალება იყო შესაძლებელი. მღვდელმთავრებისა და უხუცესების მიერ წაქეზებულმა ხალხმაც იესო ქრისტეს ბარაბა ამჯობინა…
* * *
იმ დროისათვის იუდეა რომის იმპერიას ექვემდებარებოდა, რის გამოც მაცხოვრის მთავარ ბრალმდებლებს, სინედრიონის წევრებს, იგი რომაელ პროკურატორთან, პილატესთან, უნდა მიეყვანათ, რადგან, რომის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ჩამორთმეული ჰქონდათ სიკვდილის განაჩენის გამოტანის უფლება; ამასთან, უფლის უკიდურესი შეურაცხყოფის მიზნით, მისი სიცოცხლის ხელყოფა ჯვარცმით, – დასჯის ყველაზე დასაძრახი რომაული წესით, ჰქონდათ განზრახული.
გარდა პილატესი, იგი მეოთხედმთავარსაც, იუდეის მეფე ჰეროდესაც მიჰგვარეს. ასე რომ, უმოკლეს დროში მოხდა იესო ქრისტეს წარდგენა სამ მმართველ ძალასთან:
იუდეველმა მღვდელმთავარმა კაიაფამ ბრალად დასდო მოსეს რჯულის დარღვევა და ღვთის თანასწორად თავის მიჩნევა.
წარმოშობით იდუმიელმა მეფე ჰეროდემ, რომელიც არ იყო დავითის შთამომავალი და ტახტის დაკარგვის შიში მუდამ ჰქონდა, იუდეველთათვის აღთქმულ ცრუ მეფედ მიიჩნია იგი და, დამცირების მიზნით, თავის მოსასხამმოცმული საბოლოო მსჯავრისთვის პილატეს გაუგზავნა.
პროკურატორ პილატეს არ სურდა ქრისტეს დასჯა, მაგრამ მაინც ანგარიში გაუწია სინედრიონის, ჰეროდესა და მასთან წარმოდგენილი ხალხის პოზიციას და იმის შიშით, რომ არ დაეწამებინათ უძლეველი რომის კეისრის ძალაუფლების შემცილებლის დაცვა (ეუბნებოდენ, იესო თავს ამქვეყნიურ მეფედ აცხადებსო), აღარ შეეწინააღმდეგა მოთხოვნას – ჯვარს ეცვათ იგი.
სამწუხაროდ, ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეიცნო მასში ზეციური მეუფე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, ნათელი და სიცოცხლე, სიყვარული და უმწვერვალესი თავმდაბლობა, რადგან მიწიერ გულისთქმებს შედგომილნი არ ესწრაფოდნენ ღვთის სამართლს და საკუთარ სიმართლეს მინდობილნი, უფლის სიმართლეს არ დაემორჩილნენ (შდრ. რომ. 10.3). „ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით, და დაბნელდა მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი, და შლეგებად იქცნენ“ (რომ. 1.21-22), უსამართლო ბრალი დასდეს მაცხოვარს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს თავად სიმართლეს, სიცოცხლესა და ჭეშმარიტებას.
ერთი შეხედვით, მიწიერმა სამართალმა გაიმარჯვა და, ადამიანური ლოგიკით, ჯვარცმის შემდეგ იესოსადმი რწმენა უნდა განელებულიყო, მაგრამ სინამდვილე საპირისპირო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება სიმართლესა და უსამართლობას, ზეციურ და მიწიერ აზროვნებას შორის დღემდე გრძელდება და ხალხის არჩევანიც მაცხოვრისა და ბარაბას მიმართ კვლავ სასწორზე დევს, სიმართლით შენიღბული სიცრუე და ბოროტება ვერ ფარავს ქრისტეს სახარების ჭეშმარიტებას და იგი, ღვთის მადლითა და ძალით, მთელს მსოფლიოში კვლავაც ვრცელდება და იქადაგება.
* * *
მეტად მნიშვნელოვანია ზემოთქმულის სულიერი მხარე:
როგორც ვიცით, შემოქმედი სასჯელით გვსჯიდა, როცა ხედავდა როგორ ვეფლობოდით ცოდვაში და ვიღუპებოდით. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წარღვნით აღხოცა კაცთა შორის გამრავლებული ბოროტება, ცეცხლით დაწვა სოდომი და გომორი, ბაბილონის გოდლის მშენებლობით გამოვლენილი ამპარტავნებისათვის ბოროტად შეთქმული ადამიანები ენათა შერევით განაცალკევა…
ამიტომაც არის აზრი იმის შესახებაც, რომ დაცემულ ანგელოზებს ეგონათ, თუ უფალი კაცთაგან სასიკვდილოდ გაიწირებოდა, ღმერთი ადამის მოდგმას სამუდამოდ მოაკლებდა წყალობას, მისი რისხვა იქნებოდა შეუქცევადი და კაცობრიობა მთლიანად და საბოლოოდ ჯოჯოხეთის წილხვედრი გახდებოდა.
თუმცა მოვლენები რეალურად როგორ განვითარდებოდა, არა თუ მათ, თვით ღვთის ანგელოზებმაც არ იცოდნენ.
ქმნილ სამყაროს არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ღმერთი თავის ჯვარცმას ჩვენი გამოხსნის ყველაზე დიდ მსხვერპლშეწირვად და ჩვენდამი თავისი სიყვარულის ზეიმად აქცევდა; ჩვენს უგულისხმობას საოცარი მიმტევებლობით უპასუხებდა და დასჯით სწორედ დემონთა სამყაროს დასჯიდა; მათ ძლიერებას დაამხობდა, ჯოჯოხეთის ბჭეთ შემუსრავდა და სიკვდილს განაქარვებდა.
„დაინთქა სიკვდილი ძლევით! სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი, სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?!“ (I კორ. 15.55).
ამიერიდან, მართლმორწმუნეთათვის იმქვეყნად სატანჯველი აღარ არსებობს, რადგან ქრისტეში და ქრისტეთი ცოდვათგან განწმენდილი მათი სულები ღვთის სავანეთ იმკვიდრებენ და მეორედ მოსვლის შემდეგ, საყოველთაო აღდგომით, უხრწნელი სხეულის შემოსვითა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებით იხარებენ.
მთელი ახალი აღთქმა ცათა სასუფევლისკენ მოწოდებაა, რადგან მისი მოპოვებაა ჩვენი მყოფობის არსი და აზრი. აღდგომილი მაცხოვარიც სწორედ ცათა სასუფევლის ცოდნას უზიარებდა თავის მოწაფეებს, განსაკუთრებით 40 დღის მანძილზე, როცა ზეცად ამაღლებამდე ეცხადებოდა მათ და სამოციქულო ღვაწლისთვის ამზადებდა და განამტკიცებდა.
ამის შედეგი იყო ის, რომ მოციქულები, რომელთაც დაბრკოლებისა და შიშის გამო ჯვარცმისას მიატოვეს იესო და სინედრიონის მიერ წაქეზებული ხალხისა და ხელისუფალთაგან შეძრწუნებულნი გარეთ გასვლასაც ვერ ბედავდნენ, უხრწნელ სხეულში მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის არაერთგზისი ხილვითა და მასთან ურთიერთობით დარწმუნდნენ, რომ ასეთივე იქნებოდა საყოველთაო აღდგომისას ჩვენი სხეულებრივი მდგომარეობაც, რომ სიკვდილმა ძალა დაკარგა და მარადიული სიცოცხლისაკენ გაგვეხსნა გზა. ამიტომაც, სრულიად გაუქრათ მიწიერ სხეულთან გაყრის შიში და მათში სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებამ იზეიმა.
ისინი იმდენად განმტკიცდნენ და იმდენად განიბრძნენ უფლის სწავლებით, რომ წმინდა მიწაზეც და მთელ მსოფლიოშიც უშიშრად დაიწყეს სახარების ქადაგება და მოწამეობრივი სიკვდილიც სიხარულით მიიღეს.
* * *
უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა.
ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.
ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც, პეტრე მოციქულის მსგავსად, შეწყალებას მიიღებდა, მაგრამ იგი, სინანულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა; ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული.
* * *
წინასააღდგომო მარხვას ეკლესია როგორც შემოქმედის, ასევე მოყვასის მიმართ სინანულისა და შენდობის მოწოდებით იმიტომ იწყებს, რომ ქრისტიანული ცხოვრება წესად გვექცეს, სულიერი წყლულები მოვიშუშოთ და ნაკლოვანებანი აღმოვფხრათ, რათა ჩვენში და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოში მოხდეს საღვთო წიაღისკენ მიბრუნება, – ურთიერთსიყვარულში დაბრუნება.
ბოლო პერიოდშიც და, სამწუხაროდ, წელსაც პოლიტიკურმა პროცესებმა ხალხში ისეთი დაძაბულობა შემოიტანა, რომ, როგორც მძიმე მარხვის განცდა, ისე სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება.
ყველას მოგიწოდებთ, დღეს, შესაძლებლობისამებრ, ავმაღლდეთ სულიერად, მივეცეთ აღდგომის დღესასწაულის სიხარულს და საგალობლებით შევეგებოთ მაცხოვარს; გავერთიანდეთ ქრისტეში და ერთად შევთხოვოთ მას კეთილდღეობა და მშვიდობა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის.
უფალი თავისკენ უხმობს მწუხარეთ, სიმართლის მწყურვალთ, მოწყალეთ, მშვიდობისმყოფელთ, გულით წმინდანთ და რწმენაში მტკიცეთ; მათ, რომელნიც არ ბრკოლდებიან ცილისწამებით, უსამართლო დევნითა და დამცირებით და სჯერათ, რომ, როგორც განვლო სინანულისა და მარხვის დღეებმა, ასე გაივლის წუთისოფლის განსაცდელებიც და სიმართლე აუცილებლად იზეიმებს, ვითარცა იზეიმა ქრისტეს აღდგომამ.
ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მსოფლიო ცივილიზაცია თავის ჟამთა სვლას და მოვლენებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, – ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვით, რადგან 2000 წლის მანძილზე სწორედ მას უკავშირდება უდიდესი სულიერ-კულტურული და საკაცობრიო ცვლილებები და ქრისტეს ეკლესიაც ხარობს წმინდა მამათა და დედათა და თავის სხვა ღირსეულ შვილთა სიმრავლით.
დღეს ჩვენთან ერთად უფლის აღდგომას ზეიმობენ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები და წინაპრებიც, ჭეშმარიტი რწმენით აღსრულებულნი; დღეს ერთიანდება ცა და მიწა, დრო და მარადიულობა, რაც მთელი არსებით შეგვაგრძნობინებს, რომ ქრისტეა განმსაზღვრელი მთელი სამყაროს აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა; რომ იესოა სიცოცხლე და ერთადერთი წყარო სიცოცხლისა მათთვის, რომელნიც შეუდგებიან – განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ასაკისა.
მაშ, ყველამ გულით აღმოვთქვათ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
აღდგომილმა მაცხოვარმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ!

სიყვარულით მუდამ თქვენთვის მლოცველი, ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი,თბილისი, 2024 წელი

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს სიახლეებს სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ, მაგრამ ყველას ნუ ენდობით. თქვენი ამოცანაა, ყველა ინფორმაცია „გაფილტროთ“ და დაადგინოთ, ვინ ცდილობს თქვენს მოტყუებას. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელიც მატერიალურ სარგებელს არ მოიტანს, არ ჩაერთოთ ცარიელ საუბრებში და გაუფრთხილდით თქვენს ძვირფას დროს. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ სამყაროში, უფრო მეტად ეკონტაქტეთ სხვა ადამიანებს, იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით.

კურო

ნუ დანებდებით კამათში, თუკი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ. პირად ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მისთვის კეთილი სიტყვების თქმა არ დაგავიწყდეთ. აჩქარებამ შეიძლება საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს, ამიტომ მშვიდად იმუშავეთ და ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმოთ.

ტყუპები

რაც შეიძლება მეტის გაკეთების სურვილმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს. შეადგინეთ დღის მკაფიო გეგმა, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ეცადეთ, პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროთ. თქვენს მონდომებას და ეფექტიან მუშაობას მენეჯმენტი აუცილებლად შეამჩნევს. პროფესიული კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ, რაც წარმატებას მოგიტანთ. საჭიროების შემთხვევაში დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს აიღოთ ვალდებულებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. თქვენი ძლიერი მხარეები გათვალეთ და ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ნუ ეცდებით. პირადი ურთიერთობები შეიძლება გაუარესდეს. ამჟამად ყველაზე მეტად მეგობრების რჩევა გჭირდებათ, თუმცა მხოლოდ ამ რჩევებს თუ დაეყრდნობით, იმედგაცრუება გელით.

ლომი

თუ ნებისყოფას და მონდომებას გამოიჩენთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი ძველი ოცნება ახდეს. უახლოეს ხანებში კარიერული წინსვლა და დიდი წარმატება გელით. 5 მაისი ხელსაყრელი დღეა საჭირო კავშირების დასამყარებლად. გახსოვდეთ, სულიერი ჰარმონია, სიმშვიდე და დიდსულოვნება წარმატების საწინდარია. თქვენმა მომხიბვლელობამ შეიძლება სასწაულები მოახდინოს.

ქალწული

ნუ დადებთ ფსონს უიმედო საქმეზე, რომელიც სარგებელს არ მოგიტანთ. ეს საქმე ცოტა ხნით გვერდით გადადეთ და გააკეთეთ რაიმე მარტივი და სასიამოვნო. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, სამომავლო პროექტებში დაგეხმარებიან ან, უბრალოდ, თქვენი კარგი მეგობრები გახდებიან. ეცადეთ, ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდეს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, დაშორდებით თუ სირთულეებს გადალახავთ.

სასწორი

დასვენების, სულიერი გარდაქმნისა და ეჭვებისგან გათავისუფლების დღეა, რომელიც ახალ შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ. სასწორები ყურადღებიანები და აქტიურები არიან, ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარება შეუძლიათ. არ დაეთანხმოთ საეჭვო შეთავაზებებს, რომ უსიამოვნო სიტუაცია თავიდან აიცილოთ.

მორიელი

მუშაობის დროს მხოლოდ გამოცდილი მეთოდები გამოიყენეთ, რომლებშიც დარწმუნებული ხართ. სარისკო ექსპერიმენტებისა და საშიში თავგადასავლებისგან თავი უნდა შეიკავოთ. უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე ადამიანს, რომელიც ამას გთხოვთ. პირად ურთიერთობებში ინიციატივა არ უნდა გამოიჩინოთ. ისიამოვნეთ იმით, რაც გაქვთ, სიტუაციის შეცვლას ნუ ეცდებით – გეგმები შეიძლება შეიცვალოს, ურთიერთობა ყალბი აღმოჩნდეს, ძალისხმევა კი არავითარ შედეგს არ მოიტანს.

მშვილდოსანი

ამ დღეს მხოლოდ ფინანსურ პრობლემებზე და დამატებითი შემოსავლის მიღებაზე ფიქრობთ. სასურველია, რომ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და პროფესიონალებს რჩევა ჰკითხოთ, თუმცა საკუთარი იდეის განხორციელება სამომავლოდ უნდა გადადოთ. იყავით კრიტიკული საკუთარი თავისა და გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. ახლა ყველაზე მეტად სიფრთხილე და ყურადღება გჭირდებათ.

თხის რქა

თუ ბევრი გასაკეთებელი საქმე დაგიგროვდათ, ვარსკვლავები გირჩევენ, განმარტოებით იმუშაოთ, რათა საუბრებმა ყურადღება არ გაგიფანტოთ და ძვირფასი დრო არ დაკარგოთ. თქვენს ახლობლებს თქვენი ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან წარმატებულ ურთიერთობას გააბამთ, თუმცა ზედმეტმა აჩქარებამ და მეტოქეების ჩარევამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს.

მერწყული

დაღლილობა საშუალებას არ მოგცემთ, რომ სერიოზული სამუშაო შეასრულოთ, ამიტომ გირჩევთ, რაიმე მარტივი აქტივობა დაგეგმოთ, რომელიც დიდ გონებრივ და ფიზიკურ ძალისხმევას არ მოითხოვს. საინტერესო წიგნის წაკითხვა საუკეთესო არჩევანი იქნება.

თევზები

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. სავარაუდოდ, ბევრი პრობლემის მოგვარება, კოლეგებთან ურთიერთობა და დისკუსიებში ჩართვა მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დასვენების შესახებ არ დაივიწყოთ და ზედმეტად არ დაიტვირთოთ. დიდხანს ნუ იფიქრებთ – დასთანხმდით ნებისმიერ საქმიან წინადადებას, რომელსაც ამ დღეს შემოგთავაზებენ. პირად ცხოვრებაში სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.

,,კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის „მაყუთს” – რამდენი და ვინ ჩამოიტანა, ეგეც მალე გაირკვევა” – ქადაგიძე

„აკერმანის ტრენინგებიდან: დემონსტრირება უნდა მოხდეს, რომ პროცესები სახალხო, ბუნებრივი და გამჭვირვალეა. შექმენით ფონდები და სოციალური გვერდები, სადაც ანგარიშებს გამოაქვეყნებთ და შიგადაშიგ გაავრცელებთ ინფორმაციას, რომ ხალხია შემომწირველი და დამფინანსებელი პროცესისა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად, სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”! თუ რამდენი და ვინ ჩამოიტანა, ეგეც მალე გაირკვევა!

„აკერმანის ტრენინგებიდან :
• ძალადობრივი აქციები შიგა და შიგ უნდა ჩაანაცვლოს მშვიდობიანმა მანიფესტაციებმა, კარგი იქნება თუ მანიფესტაციების დროს გამოყენებული იქნება, სოციალური აქციები( დასუფთავება, ცხოველებზე ზრუნვა, სტუდენტებზე დახმარებების გაწევა და ა.შ) ასევე აუცილებელია რელიგიური რიტუალები : ეკლესიებში მასობრივად მისვლა, ლოცვაში მონაწილეობა, რომ საზოგადოებისგან თანაგრძნობა გამოიხატოს.
• დემონსტრირება უნდა მოხდეს, რომ პროცესები სახალხო, ბუნებრივი და გამჭვირვალეა. შექმენით ფონდები და სოციალური გვერდები, სადაც ანგარიშებს გამოაქვეყნებთ და შიგადაშიგ გაავრცელებთ ინფორმაციას, რომ ხალხია შემომწირველი და დამფინანსებელი პროცესისა.
მოკლედ, ორდღიანი ლეწვა-მტვრევის შემდეგ, ვიხილეთ საყოველთაო გალობა და სინანული ქაშვეთის წინ და დღეს მთელი დღეა, საზოგადოებისგან უპრეცედენტო შემოწირულებებზე წერენ.
P.S.
ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”! თუ რამდენი და ვინ ჩამოიტანა, ეგეც მალე გაირკვევა!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს

,,უცხოური დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის პარლამენტზე თავდასხმაში,’’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ამ სადაო ფინანსების მნიშვნელოვან ნაწილი საქართველოში შემოდის, როგორც დემოკრატიული დახმარება. თუმცა, მისი ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებასა და კანონიერების დაზარალებას ხმარდება.

მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ NED-ი და EED-ი უნდა გადაერთონ იმაზე, რისთვისაც არიან მოწოდებულნი. კერძოდ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაზე და არა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დაფინანსებაზე.

,,ეს ფერადოვანი ბანერი რადიკალურ არასამთავრობო ორგანიზაციას, მოძრაობა „სირცხვილიას“ ეკუთვნის. მასზე გამოსახულია მოლოტოვის კოქტეილი უკრაინის დროშის ფერებში, ევროკავშირის დროშის ვარსკვლავების თანხლებით და აწერია „მე ვისროლე“, რითაც მოძრაობა გამოხატავს მხარდაჭერას მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებისადმი, რაც პირველად მოხდა თბილისის ქუჩებში ერთი წლის წინ გამართული დემონსტრაციების დროს. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულითაა დაფინანსებული, დემოკრატიის ეროვნული ფონდისა (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მეშვეობით.

დეიმონ ვილსონმა, NED-ის პრეზიდენტმა, სულ ახლახან სიტყვით მიმართა ქართულ არასამთავრობოებს და მოუწოდა, გაეგრძელებინათ ენერგიული პროტესტი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. თან შეჰპირდა, რომ ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენდა მათ საეჭვო საქმიანობაში. მსგავსი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის წევრმა დევიდ მაკალისტერმაც, რომელმაც სოლიდარობა გამოხატა პროტესტის მიმართ. ბატონი მაკალისტერი დემოკრატიის ევროპული ფონდის მმართველ საბჭოს თავმჯდომარეობს, რომელიც ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფულით საქართველოში არასამთავრობოებს აფინანსებს. NED-სა და EED-ს, არასამთავრობოების დაფინანსების გარდა, ისიც აერთიანებს, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან საჯარო გახადონ თავიანთი ფინანსური საქმიანობა საქართველოში,’’ – წერს შალვა პაპუაშვილი.

ის ასევე, წერილში საუბრობს დაფინანსების იმ მანკიერ მხარეებზე, რომლებსაც უცხოელი კოლეგები პირადი საუბრების დროს ადასტურებენ.

,,ერთი წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალების კანონპროექტი უკან გაიწვია, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთგაგების ნიადაგზე, რომ მოხდებოდა ამ დაფინანსების გასაჯაროება ქართული საზოგადოებისათვის. მას შემდეგ რამდენჯერმე ვთხოვეთ NED-სა და EED-ს, ჩვენთან ეთანამშრომლათ. მათი დაფინანსება საქართველოში პრობლემურია, რადგან გაუმჭვირვალეა. ჩვენი ავტორიტეტული უცხოელი კოლეგები, კერძო საუბრებში, ამას აღიარებენ. ისინი ასევე აღიარებენ, რომ ზოგიერთი გრანტი პრობლემურია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულების კონტექსტშიც. საინტერესოა, რომ ამას ქართული არასამთავრობოებიც აღიარებენ – კვლავ და კვლავ, კერძო საუბრებში. თუმცა, გამჭვირვალების ნაკლებობა კვლავ სახეზეა. გაუმჭვირვალობა არ არის ერთადერთი პრობლემა. NED-ი და EED-ი საქართველოში, არაპირდაპირ, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებენ, ვინაიდან მათი ფინანსები იმ ყალბი არასამთავრობოების ანგარიშებზე ხვდება, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არიან მართულნი და გამოიყენებიან, როგორც უცხოური ფულის გათეთრების მექანიზმები, რომლებითაც დემოკრატიული დახმარება პოლიტიკურ ფულად იქცევა. ქართული კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების უცხოეთიდან დაფინანსებას, რაც, ასევე, საერთაშორისო ნორმასაც წარმოადგენს. ამ პარტიებისა და არასამთავრობოების სახელები საზოგადოებამაც კარგად იცის და დონორებმაც, რადგან ეს ინფორმაცია მათ არაერთხელ მივაწოდეთ. და მაინც, ჩვენი შეშფოთების მიუხედავად, არც NED-მა და არც EED-მა არ გაიზიარეს ჩვენი თხოვნა. ინფორმაციას მათი დაფინანსების არხების შესახებ საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკური ბენეფიციარების სოციალური მედია-პოსტებიდან თუ იღებს. სულ მცირე, ამ დაფინანსების ნაწილი რადიკალურ ორგანიზაციებთან ხვდება, რომლებიც ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებში იყვნენ ჩართულნი, მათ შორის პარლამენტზე თავდასხმაში,’’ – წერს პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, უცხოური ფულის დიდი ნაწილი ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებიდან მოედინება, რომლებიც, დიდი ალბათობით, სულაც არ მოიწონებდნენ ამ ფულის ამგვარი მიზნებისთვის ხარჯვას.

ამ სადაო ფინანსების მნიშვნელოვან ასპექტს ისიც წარმოადგენს, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი საქართველოში შემოდის, როგორც დემოკრატიული დახმარება. თუმცა, მისი ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებასა და კანონიერების დაზარალებას ხმარდება (სულ ახლახან გაირკვა, რომ EED-ის ფული გამოიყენებოდა პოლიციის წინააღმდეგ ძალადობრივი წინააღმდეგობისათვის ადმინისტრაციული ჯარიმების გადასახდელად). ასევე, ამ ფულის დიდი ნაწილი ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებიდან მოედინება, რომლებიც, დიდი ალბათობით, სულაც არ მოიწონებდნენ ამ ფულის ამგვარი მიზნებისთვის ხარჯვას. გადასახადის გადამხდელთა თანხებს რაც შეეხება, EED-ის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტიც არსებობს. ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა ახლახან შეიმუშავა რეზოლუცია, რომელიც გამჭვირვალების ქართულ კანონს აკრიტიკებდა. იმავდროულად, ეს კანონი სწორედ უცხოეთიდან შემოსულ ფარულ ფულს შეეხება, მათ შორის EED-იდან შემოსულსაც, რომლის მმართველ საბჭოში თავად ევროპარლამენტარები შედიან (მაკალისტერის გარდა, EED-ის მმართველებს შორის არიან ქართულ პოლიტიკაში ღრმად ჩაფლული ანა ფოტიგა და მაიკლ გალერიც). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპარლამენტარები თავიანთ პოლიტიკურ გავლენას თავიანთი სპეციფიკური ინტერესებისათვის იყენებენ, რითაც EED-ის პროექტებს გაუმჭვირვალეს ტოვებენ. ირონიაა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც გამჭვირვალების კანონს აკრიტიკებენ, თავად გაუმჭვირვალენი არიან. ჩვენ მაინც გვინდა მათთან თანამშრომლობა, მაგრამ NED-ი და EED-ი უნდა გადაერთონ იმაზე, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, კერძოდ, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაზე და არა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დაფინანსებაზე. ისინი გამჭვირვალენი უნდა გახდნენ მათთვის, ვისაც ეხმარებიან. დახმარება მეურვეობას არ ნიშნავს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.