Home Blog Page 2

,,აშშ-ში აგრესიული სტუდენტების დაკავება თუ წესრიგის დაცვაა, საქართველოში სხვანაირად იკითხება დემოკრატია?”- გურამ მაჭარაშვილი

x

აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტები დააკავა პოლიციამ, შემდეგ თეთრ სახლში გამოვიდა სპიკერი და პოლიცია გაამართლა, იმიტომ რომ ეს წესრიგის დაცვა იყოო. აშშ-ში აგრესიული სტუდენტების დაკავება თუ წესრიგის დაცვაა, საქართველოში სხვანაირად იკითხება დემოკრატია? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ეს რადიკალიზაცია ფულის გარეშე ვერ ხდება. კარგად ვიცით, რომ ფული სჭირდება აქციასაც, მონაწილეების შეიარაღებასაც – პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. ეს ის შავი ფულია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. 4-5 თვეში არის არჩევნები, თუ ასეთი მოლოდინი აქვთ, როგორც ამბობენ, რომ არჩევნებს იგებენ, თუ უმრავლესობა მათ უჭერთ მხარს, მაშინ ეს კანონი კი არა, ბევრი სხვა კანონი გააუქმონ, თუ მოვლენ ხელისუფლებაში ოქტომბერში, მაგრამ ლოგიკა ამას გვეუბნება, რომ არჩევნებზე არ ელოდებიან არანაირ მხარდაჭერას საზოგადოებისგან. ეს კანონი სამი თვის შემდეგ ამოქმედდება, სექტემბერ-ოქტომბერში დადგება ეს ვალდებულებები. თუ დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებს იგებენ, ეს კანონიც გააუქმონ, სხვა კანონებიც გააუქმონ და ა.შ., მაგრამ იციან, რომ ვერაფერს იგებენ. მცირე პოლიტიკური ჯგუფი ატარებს ძალადობრივ აქციებს. პოლიციელები არ მიდიან აქციის მონაწილეებთან. აქციის აგრესიული მონაწილეები მიდიან პოლიციელებთან – ზოგი აფურთხებს, ზოგი აგინებს, ზოგი ქვებს ესვრის, ძალადობს – ვნახეთ აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტები დააკავა პოლიციამ, შემდეგ თეთრ სახლში გამოვიდა სპიკერი და პოლიცია გაამართლა, იმიტომ რომ ეს წესრიგის დაცვა იყოო. აშშ-ში აგრესიული სტუდენტების დაკავება თუ წესრიგის დაცვაა, საქართველოში სხვანაირად იკითხება დემოკრატია?“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

,,სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”- მიხეილ სარჯველაძე

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ – სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო, მათი შრომა ძალიან დასაფასებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ იყო, მოქალაქეების დაძაბვასა და ხელმისუფლებისთვის, რეპუტაციული ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

„მოვკარი თვალი ისეთ ინფორმაციას, რომ სასწრაფოს ხელმიუწვდომლობის გამო, სტუდენტები ქაშვუეთის ეზოში იყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ადგილზე იყვნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც მზად იყვნენ ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად. იმ კონკრეტულ ადგილზე, მინიმუმ, ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელიც იმ დროისთვის, არავის სჭირდებოდა. ეს იყო გამიზნულად, რათა ადამიანები უფრო მეტად დაეძაბათ და შეშფოთებულები გაეხადათ და ამ კუთხითაც მიეყენებინათ რეპუტაციული ზიანი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა დაზარალებულ მოქალაეებზე. მისი თქმით, მძიმე და დრამატული ინფორმაციები ვრცელდებოდა იმის შესახებ, თითქოს, ასეულობით ადამიანია დაზარალებული.

„ჰოსპიტალიზაცია 11 ადამიანს დასჭირდა. მათგან 6 სამართალდამცავია, ხოლო 5 – მოქალაქე. მათი მდგომარეობა არცერთ შემთხვევაში არა არის მძიმე. აქვთ სხვა დონის ტრავმები. შესაბამისად, ყველა მათგანთან მიმართებაში მიმდინარეობს მკურნალობა.ზოგიერთის შემთხვევაში, ეს გაცილებით მარტივადაა, ზოგიერთის შემთხვევაში, ეს შეიძლება, გახანგრძლივდეს, მაგრამ ეს ტრავმები არსებითად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება და არა პატრიარქის და მით უმეტეს სინოდის – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს 27 აპრილის განცხადებას ეხმაურება. სასულიერო პირი წერს, რომ ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება:

“ერთი წლის წინ ჩვენ მომსწრე გავხდით საზოგადოებაში განვითარებული მღელვარებისა და დაძაბულობისა, რაც გამოიწვია საქართველოს პარლამენტში შეტანილი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვებმა. მაშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება, შეაფასა რა შექმნილი მდგომარეობის სირთულე და მოსალოდნელი შედეგები, უკან გაიწვია ეს კანონპროექტი, რაც ნამდვილად მართებული გადაწყვეტილება იყო და საზოგადოებამაც ეს ნაბიჯი სწორად და დადებითად შეაფასა.

დღეს, ერთი წლისთავზე, ჩვენ კვლავ ვხედავთ საზოგადოების მხრიდან უმწვავეს პროტესტს, რაც ამ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას მოჰყვა; …და კვლავ, ამ საზოგადოების ავანგარდშია ახალი თაობა, შვილებისა და შვილიშვილების თაობა; ადამიანები კი ძირითადად გაიყო ამ კანონპროექტის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

გასული წლის მოვლენებისას შეძენილი გამოცდილებიდან ყველას უნდა სცოდნოდა, თუ რა შესაძლო განვითარება მოყვებოდა პარლამენტში ხელახალი განხილვების დაწყებას. …და მაინც, ეს მოხდა და დღეს სახეზეა მოვლენათა დრამატული განვითარება. ძნელი არ უნდა იყოს იმის განჭვრეტა, თუ რა შეიძლება მოყვეს მდგომარეობის შემდგომ დაძაბვას და ვინ იხეირებს ამით; ამის გამოცდილება ხომ საკმაოდ დაგროვდა უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისგან გვესმის, რომ ამ კანონის მიღმა მოიაზრება ეგზისტენციური, ღირებულებითი საფრთხეები, დაპირისპირება წარსულსა და მომავალს შორის, ორსაუკუნოვან მძიმე გამოცდილებასა და ხალხის ისტორიულ არჩევანს შორის.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაფანტვას და არსებული დაძაბულობის დამშვიდებას ხელი ვერ შეუწყო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებამ (27.04.2024.), რომელშიც ცალსახად არის ნათქვამი: „განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში,“ რაც არაერთგვაროვნად იქნა აღქმული, რადგან მედიამ და საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს განცხადება ჩათვალა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებად, ხოლო სინამდვილე კი ის არის, რომ ეს იყო საპატრიარქოს ერთი სამსახურის განცხადება და არა საპატრიარქოს განცხადება, ეს არ იყო არც კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება, და, მით უმეტეს, არც წმიდა სინოდის განცხადება, რომელიც აყალიბებს ეკლესიის კრებსით აზრს და პოზიციას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ძვირფასო ძმებო და დებო, შვილებო! საქართველოს კონსტიტუცია თქვენ ნამდვილად განიჭებთ პროტესტის გამოხატვის უფლებას, და ამაში ვერავინ შეგეკამათებათ, თუმცა, აქვე გთხოვთ, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მშვიდობიანი სულისკვეთება, რათა გასაქანი არ მისცეთ იმ ემოციას, რამაც შესაძლოა ძალადობისკენ უგიბიძგოს ადამიანს; თქვენ ისეთ ღირებულებებს დეკლარირებთ, რომ არა თუ შეურაცხყოფა ვინმესი, არა თუ შეგინება, არამედ დიდი შინაგანი რწმენა, სიმშვიდე და მოთმინება გჭირდებათ.

უფალი ბრძანებს, „ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ“ (ლკ.11,9-10).

იოანე ოქროპირი ამბობს, – შენ აუცილებლად მიიღებ, თუ მხოლოდ იმას ითხოვ, რისი მოცემა ღვთისათვისაც სასურველია და შენთვისაც მისი მიღება სასარგებლოა.

პატივცემულო პარლამენტის წევრებო, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებო!

ჩვენს თვალწინ მატულობს საზოგადოებრივი პროტესტის დუღილის ტემპერატურა და არავინ არის დაზღვეული გადაცდომისა თუ შეცდომისგან; თქვენ, რა თქმა უნდა, თმენის განსაკუთრებული ვალდებულება გაქვთ, თუმცა გაზრდილ პასუხისმგებლობასთან ერთად, ჩვეულებრივი ადამიანები ბრძანდებით და არც თქვენ ხართ დაზღვეული (ადამიანური ემოციებიდან გამომდინარე!) გადაცდომისგან. უაღრესად მტკივნეულია, როცა ყველა მოღალატეს ეძახის საპირისპირო პოზიციის ადამიანს; ნუთუ ეს არის საქართველო?!

წინა თაობებთან ერთად, უშუალოდ თქვენი დიდი შრომაც არის იმ პერსპექტივის მშენებლობაში, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია გაცხადებული?! ნუ გავხდით სათუოდ ამ მონაპოვარს, და მოსაპოვებელს! ხალხი უფრო დაგაფასებთ, ხოლო თქვენი თაყვანისმცემელნი კი უფრო მეტად იამაყებენ თქვენით; ჩვენ, ყველას გვაერთიანებს მამული, ენა და სარწმუნოება?! მაშ დავეთანხმოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ ტრიადას:

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!

ნუ ჩათვლით ჩემს სიტყვას დიდაქტიკურ შეგონებად, არამედ მიიღეთ როგორც თხოვნა ერთი თქვენი თანამემამულისა და თანამოქალაქისა.

გავუფრთხილდეთ ადამიანს, ერთად ვიზრუნოთ სამშობლოზე და თაყვანი ვცეთ ღმერთს, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა.” ნათქვამია მიმართვაში.

https://www.facebook.com/poti.pazisi.eparqia/posts/pfbid0jTAUf552giPNeCt957b2HyJRp8E3kFdhW9U1qkco7ajEaDyPeYMvex6Wj1xZhoCDl

 ,,პოლიციელებმა სპეციალურად დატოვეს ტერიტორია, თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას”- ზურაბ ჯაფარიძე 

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელ ჭიშკარს ეჯაჯგურებიან და პროტესტის ნიშნად ხელებს კვლავ აბრახუნებენ.

მათთან მივიდა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც კართან იმყოფებიან, სთხოვა კარები არ დააზიანონ.

მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ.

ამასთან, როგორც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, პოლიციელებმა ტერიტორია სპეციალურად დატოვეს.

„[პოლიციელებმა] სპეციალურად დატოვეს, რა თქმა უნდა, [ტერიტორია]. თავისნაირი ველურები ვგონივართ და ჰგონიათ, რომ ჩვენ დავიწყებთ რაღაცების ლეწვას და მტვრევას – არაფერი ეგეთი არ მოხდება. რაც არ უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა იმათზეა [შსს-ზე] და არა ჩვენზე. ეს არის მშვიდობიანი აქცია და ყველა შემთხვევაში ასე იქნება“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „აქციის მონაწილეები არანაირ პროვოკაციას არ უნდა აჰყვნენ, არცერთ შემთხვევაში“ .

სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის შიდა ეზოში იმყოფება და აქციის მონაწილეებს, რომლებიც გვერდითა შესასვლელთან იმყოფებიან, ვიდეოკადრებს უღებს.

კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

“მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის განცხადება 

გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ვინმე გიორგი მუხიგულაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ „გამჭვირვალობის კანონის” საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პიროვნება  არ არის და არც ყოფილა „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელი,  შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ მაყურებელს და თბილისის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

როგორც ავსტრიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მშვიდობიანი შეკრება, სიტყვის თავისუფლება არის ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედი.

„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობით. მშვიდობიანი შეკრება და სიტყვის თავისუფლება არის ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველების პროტესტის უფლებას და გამოვდივართ დიალოგის დაბრუნების მოწოდებით. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული გზისთვის“, – აღნიშნულია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან” – საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც საზოგადოებაში არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია, ამიტომ აუცილებელია დაპირისპირებულ მხარეთა შორის ურთიერთობამ ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლოს.

“გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღეებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.

სამწუხაროდ ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის.

როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყველასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება.

დღეს, საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო,”- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,, ჩემი სოლიდარობა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული ოცნებისთვის”- ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

ამის შესახებ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ჩემი სოლიდარობა ქართველ ხალხს და ევროპული ოცნებისთვის მათ ბრძოლას,” – წერს რიკევიჩსი.

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი დღესაც გრძელდება

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი დღესაც გრძელდება.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რატი ამაღლობელმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა უბანში აპირებენ გადაადგილებას, თუმცა რას ემსახურება ეს, ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე. შსს-მ მოუწოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი.

,,დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი”- კობახიძე

დარწმუნებული ვართ, დღესაც აუცილებლად გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, ამისთვის მობილიზებული ჰყავთ 300-კაციანი საგანგებო ძალადობრივი ჯგუფი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ ე.წ. ახალგაზრდული ორგანიზაციების ჯგუფები, რომლებსაც არსებითად აფინანსებენ კეზერაშვილი, ხაზარაძე და კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული სხვა დაჯგუფებები, რაც კანონის მიღების შემდეგ გამჭვირვალე გახდება.

„ეს 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რომ არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ პირდაპირ ხელჩართულ დაპირისპირებაზე, რა უნდა გააკეთოს ამ დროს სპეცრაზმმა?! კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიტანეთ და რაც შეეხება სპეცრაზმის მოქმედებებს, ვერცერთ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტი ვერ თქვით. რაც შეეხება გადაცდომებს, იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტი, როდესაც მაგალითად გაუსწორდნენ კონკრეტულ მომიტინგეებს. ძალიან რთულია მოთმენა პოლიციელებისთვის. როდესაც მოდის კონკრეტული მომიტინგე და სახეში გაფურთხებს, ყველა ვერ უძლებს ამას, უმეტესობამ გაუძლო, 100-დან 1-მა ვერ გაუძლო და ამიტომ, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. რაც შეეხება ხაბეიშვილის შემთხვევას, რა თქმა უნდა, დაზიანებები არის ძალიან მძიმე და მას სჭირდება, ბუნებრივია, შესწავლა და ეს არის ყველაზე სამწუხარო ინციდენტი მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში. იყო ცალკეული ინციდენტები, მაგრამ რაც შეეხება შეკრების ძალადობრივ ხასიათს, კანონის მიხედვით და კანონის მიღმაც, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ეჭვქვეშ და ის, რომ იძულებული იყო სპეცრაზმი, გამოეყენებინა შესაბამისი ზომები, ესეც ვერავითარი ფორმით ვერ დადგება ეჭვქვეშ. როდესაც დღეს ქვებს, შუშის ბოთლებს დაუშენენ სპეცრაზმს, იგივე ზომების გამოყენება დასჭირდებათ, წყლის ჭავლი, აირი და ნებისმიერი სხვა ზომა, რაც არის გათვალისწინებული პროპორციულობის პრინციპით“, – განაცხადა პრემიერმა.

,,ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ”- კობახიძე

ძალაუფლება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ აგენტურა არ შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა აგენტურას არა თუ პრაქტიკული, თეორიული შანსიც არ დარჩეს ამ ქვეყანაში.

„ეს კანონიც ამას ემსახურება. არჩევნებზე არაფერი გვემუქრება, 61,5 პროცენტი იყო ბოლო კვლევის თანახმად ჩვენი რეიტინგი, ანუ არჩევნების მოგება შეგვიძლია თავისუფლად, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი – ჩვენ არჩევნები მოვიგეთ 2020 წელსაც და ვართ იმის შემდეგ ხელისუფლებაში, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის ორი მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო, მინიმუმ ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა დღეს 5 მილიარდი დოლარით მეტი, მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის დათვლა. 5 მილიარდი დოლარით მეტი როცა არის შენი ეკონომიკა, ასეთ დროს შეგიძლია, მილიარდი დოლარით მეტი დაამობილიზო სახელმწიფო ბიუჯეტში, მილიარდი დოლარით მეტი ნიშნავს იმას, რომ რა პროექტებიც კეთდება, იმაზე ბევრად მეტი შეგიძლია გააკეთო, შეგიძლია სოციალურ პროგრამებს მოახმარო და ა.შ. საბოლოო ჯამში, ვითარების არევის და რევოლუციის ეს გამუდმებული მცდელობა ჩვენ ვერ გვარყევს, ხომ ხედავთ. ზედიზედ რვა არჩევნები მოვიგეთ და მეცხრე არჩევნებსაც მოვიგებთ, მაგრამ ქვეყანას არ ასვენებენ, მის ეკონომიკას არ ასვენებენ, ამიტომ გვჭირდება სტაბილური სამომავლო განვითარებისთვის მყარი საფუძვლების შექმნა და ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.