Home Blog Page 2

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა – მეუფე შიო

როდესაც მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, – განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

„ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო, მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად. ყოვლადწმინდა ქალწულმა, დედა ღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. მან უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნება ქართველთა მცველი უკუნისამდე“, – განმარტა მეუფე შიომ.

დღესვე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯილდო გადასცა.

შსს კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 1967 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.ლ. დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 მაისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში რ.ლ. დაჭრა, რის შემდგომაც ბრალდებულმა რ.ლ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ჯ.კ.-ს.

ბრალდებული რ.ლ. კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ხოლო ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როდესაც ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს – შალვა პაპუაშვილი

როდესაც ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში.

პაპუაშვილი ამ განცხადებით ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს გამოეხმაურა.

„როდესაც ევროპის დღეზე, ევროკავშირის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე თავს ესხმიან მედიას, ეს აჩვენებს ევროკავშირის საელჩოს ღირებულებით კრახს, როდესაც ამ თავდასხმაზე რეაგირება არ ხდება. შეიძლება ექსცესები მოხდეს ყველგან, თუმცა როდესაც უჩუმდება ევროკავშირის საელჩო ჟურნალისტზე თავდასხმას, ეს აჩვენებს, რომ ის ამით ითმენს, თვალს ხუჭავს და რაც ყველაზე სამწუხაროა, ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას.

მათ შორის ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები. სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, რომელიც იქცა როგორც სიძულვილის ენის, ისე რიგ შემთხვევაში, ძალადობის წამახალისებლად როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ძალადობაში, სიძულვილის ენაში, დეზინფორმაციის გავრცელებაში და ამაზე არათუ თვალს ხუჭავს, საერთოდ არ რეაგირებს, რაც საბოლოო ჯამში, ახალისებს ძალადობას და სიძულვილს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა კრემლის ბენეფიციარმა ელენე ხოშტარიამ. იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა, მუშაობაში ხელი მიზანმიმართულად შეუშალა, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. ხოშტარიამ ჟურნალისტს რუსი უწოდა, „ქრონიკის“ კორესპოდენტმა კი მას შეახსენა, რომ რუსეთიდან თავად ფინანსდება.

“გამარჯვების დღე როგორც ვლადიმერ პუტინის ტრიუმფი”-The Spectator

ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორი“ (The Spectator) აქვეყნებს სტატიას სათაურით „გამარჯვების დღე როგორც ვლადიმერ პუტინის ტრიუმფი“ (ავტორი – მარკ გალეოთი, პოლიტოლოგიის პროფესორი), რომელშიც განხილულია მოსკოვში 9 მაისს გამართული სამხედრო აღლუმი და მასთან დაკავშირებული მომენტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ყველაფერი თითქმის ისე იყო, როგორც ძველ კეთილ დროს, თუმცა სიახლეების გამოკრთომებით. პუტინის სამხედრო აღლუმმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა – ჯავშანტექნიკის ღრჭიალ-გრუხუნით, ჯარისკაცთა მწყობრი რიგებითა და უცხოელი მაღალი დონის სტუმრებით. მაგრამ ის ძალისხმევა, რომელიც რუსეთს დაჭირდა აღლუმის განსახორციელებლად, სტუმართა დამახასიათებელი სია და ვლადიმერ პუტინის რიტორიკა ახალი დროის დადგომას ნიშნავს.

წითელ მოედანზე 9 მაისს 11 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა – სხვადასხვა კონტინენტის სახელმწიფოთა სამხედრო ქვედანაყოფების ჩათვლით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი ჩინეთის არმიის ჯარისკაცები იყვნენ, თავიანთი უმაღლესი მთავარსარდლის სი ძინპინის მზერის ქვეშ. ბრაზილიის პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას კრემლის ტრიბუნაზე ყოფნა რუსეთის მტკიცე სტატუსს ნიშნავდა გლობალურ სამხრეთის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერის რობერტ ფიცოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის, სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ყოფნით,  დასავლეთის ქვეყნების რიგებში რუსეთის მიმართ არსებული უთანხმოება გამოვლინდა. რობერტ ფიცოს და ალექსანდრე ვუჩიჩს მოსკოვში ჩაფრენა ირიბი მარშრუტებით მოუწიათ, რადგან პოლონეთმა, ბალტიისპირეთმა და ფინეთმა უარი უთხრეს თავიანთი საჰაერო სივრცის სარგებლობაზე (ეს წვრილმანი „კბენები“ მათ, ალბათ, წინ დაუხვდებათ). თუმცა გზის ასეთმა გადაკეტვებმა სლოვაკი ლიდერი გაახალისა კიდეც: მან თავისი მიზნის მიღწევა მტკიცედ განიზრახა და საწადელი შეისრულა.

მიუხედავად იმისა, რომ აღლუმის წინა დღეებში უკრაინელი დრონები მოსკოვს და ევროპული რუსეთის სხვა ქალაქებს „კალიებივით შეესივნენ“, 9 მაისს მათ კრემლისათვის სიმშვიდე არ დაურღვევიათ, პირდაპირი შეტევა წითელ მოედანზე არ მომხდარა – ვოლოდიმირ ზელენსკი არც ისეთი სულელია, რომ ჩინეთის წინააღმდეგ „ჩხუბი დაეწყო“ – ტრიბუნაზე ხომ სი ძინპინი იდგა. თუმცა უსაფრთხოების რეჟიმი ჩვეულებრივზე მაინც უფრო მკაცრი იყო: ინტერნეტი და მობილური კავშირი შეფერხებით მუშაობდა, რესტორნები კი მოსკოვის ცენტრში დახურულები იყვნენ.

სამხედრო აღლუმის სტატუსი ისეთი იყო, რომ მის ორგანიზებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მეტი ძალისხმევა დაჭირდა – ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს მოსკოვის ოლქში მთელი ქვეყნის ტერიტორიიდან თავი მოუყარეს, ფრონტიდანაც კი წაიღეს. რუსი დიპლომატები დღე და ღამე მუშაობდნენ, რომ მოსკოვში რაც შეიძლება მეტი უმაღლესი დონის სტუმარი ჩასულიყო. მათ ეს თითქმის მოახერხეს, მაგრამ ბოლო წუთს აზერბაიჯანისა და ლასოსის ლიდერებმა მოსკოვში გამგზავრებაზე მაინც უარი თქვეს (სხვათა შორის, არც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი არ ჩასულა, თუმცა მას თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა – პაკისტანთან პოტენციური ომის დაწყება). რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტს, ამის იმედები კრემლს დიდი ხანია გაუქრა.

როგორც ცნობილია, 9 მაისის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მეორე მსოფლიო ომი ამერიკამ მოიგო“ და რომ „ამერიკელ ჯარისკაცებს ვერავინ შეედრება ომში გამოჩენილი მამაცობაში“. ის, რომ რუსეთის ლიდერს თავის გამოსვლაში მაინცდამაინც ხაზი არ გაუსვია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეების წვლილისათვის, ტრამპის ნათქვამზე თავისებურ პასუხს ნიშნავდა. „მტრის მთავარი დარტყმა საბჭოთა კავშირმა საკუთარ თავზე აიღო… ამასთან, ვაფასებთ მოკავშირეთა ჯარისკაცების ბრძოლასაც“- თქვა პუტინმა და აღნიშნა „ჩინელი მამაცი ხალხის“ მიერ მეორე მსოფლიო ომში შეტანილი წვლილი, რაც ერთგვარ რევერანსს ნიშნავდა კრემლის ტრიბუნაზე მის გვერდით მდგარი სი ძინპინისადმი.

რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინმა ხელიდან არ გაუშვა პარალელების გავლების შესაძლებლობა „სამამულო ომსა“ და უკრაინაში თავისი იმპერიულ დაპყრობებს შორის: „მთელი ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. ჩვენ ვამაყობთ მათი მამაცობითა და ძლიერი სულით, რომელიც ჩვენთვის მუდამ გამარჯვების მომტანია“. შესაძლოა, ასეც არის. ალბათ, ბევრ რუსს სჯერა, რომ ეს არამარტო პატრიოტიზმის ოფიციალური გამოვლენაა, არამედ ნამდვილი ეროვნული სიამაყის დემონსტრაცია. წითელ მოედანზე შეკრებილი ადამიანები სკანდირებდნენ „რუსეთი! რუსეთი!“ და ალბათ, გულწრფელადაც.

მაგრამ ეს დღესასწაული ძველებურად მაინც 1945 წელს მიღწეული გამარჯვებისადმი ხარკის მოხდას ნიშნავს და არა რუსეთის თანამედროვე ძლიერებით სიამაყეს, როგორც ეს კრემლს სურს. რუსების დიდი ნაწილი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა. როგორც ერთ-ერთმა კომენტატორმა სოციალურ ქსელში აღნიშნა – „ჩვენ უნდა გვახსოვდეს და პატივს უნდა ვცემდეთ ჩვენი პაპების გმირობას, მაგრამ წითელ მოედანზე ტანკების გავლა ჩვენი შვილების სისხლის დაღვრას არ უნდა იწვევდეს“.

მოკლედ, რუსებმა მართლაც კარგად იციან სანახაობის მოწყობა… მაგრამ სანახაობა დამთავრდა – რუსეთის ეკონომიკა ისევ „გადახურებას“ გააგრძელებს, ჯარისკაცები ისევ იბრძოლებენ ფრონტზე და დაიღუპებიან, ვლადიმერ პუტინი კი ისევ გააგრძელებს ფიქრს იმაზე,  შეწყვეტს თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინისადმი მხარდაჭერას თუ პირიქით, გააორმაგებს. თუმცა ამჟამად ერთი რამ ცხადია: რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებისაგან, ალბათ, ხელებს იფშვნეტს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს ნიშნულზეა – დავით მათიკაშვილი

საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს ნიშნულზეა – ხდება შემოტევა იქ, რაც არის ჩვენი წარმატების გამორჩეული ნიშანი! – ამის შესახებ დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მათიკაშვილი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბრიტანეთის ელჩის გარეტ უორდის მიმართვას გამოეხმაურა, სადაც გარეტ უორდმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებითა და ხელისუფლების მცდელობით, შეიზღუდოს თავისუფალი მედია და დაიხუროს სივრცე დებატებისთვის.

„ბრიტანეთის ელჩისგან ასეთი დამოკიდებულება ღიმილის მომგვრელია. ჩვენმა ქვეყანამ მედია საშუალებების მარეგულირებელ სივრცედ სწორედ ბრიტანული მოდელი – ე.წ. ბიბისი-ს მოდელი მიიღო.

საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის მანძილზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს ნიშნულზეა – ხდება შემოტევა იქ, რაც არის ჩვენი წარმატების გამორჩეული ნიშანი.

ის, რომ კონკრეტული ტელეკომპანიების ბულინგზე ევროპული ქვეყნების ელჩები არც რეაგირებენ, ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაც ევროპის კონტინენტზეა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლისთვის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია -შალვა პაპუაშვილი

დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია.

„ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი. ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა, შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც „ვეტინგის“ სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.

„დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავსმოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას, ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს, ასევე, ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, რომლებიც პირდაპირი წესით არ არიან არჩეულნი, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან. ამ მხრივ, კარგი იქნებოდა, უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, სწორედ ამიტომ, პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით-რობერტ მეცოლა

ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური. ბოლო-ბოლო, ეს არის მუდმივი მიმდინარე სამუშაო, თუმცა ეს უნდა იყოს ერთად მუშაობის სტიმული. და როგორც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წარმომადგენლებზე, ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო კონტინენტის დღის წესრიგის შექმნა და ამბიციური მიზნების დასახვა როგორც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობებისთვის, ისე ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველები გამოვედით საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოწოდებით და სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველაზე მკაფიო და ცალსახა დასკვნებს უკრაინასთან დაკავშირებით, იმის შესაბამისად, რაც ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ ყველა ჩვენს დასკვნებში და ჩვენს შეხვედრებზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“,- განაცხადა მეცოლამ.

 “არ მგონია, სამადაშვილი სერიოზული პიროვნება იყოს. მგონი, “ლელოშიც” არ აღიქვამენ სერიოზულად” – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი  მდივანი, გურამ მაჭარაშვილი სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ოპოზიციისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის უცხოური დაკვეთა და არა საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესები.

“ის, რომ “ნაცმოძრაობისთვის” მთავარი სიტყვა ეკუთვნის ევროკავშირს და გლობალური ომის პარტიას, ეს არაერთხელ დაადასტურეს. უნდა ითქვას, რომ სულ რაღაც 2 დღის წინ, სააკაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, მთავარია, ამერიკაში რას გადაწყვეტენო და არა ის, რომ დავუშვათ საქართველოში რა პროცესები მიმდინარეობს მიმდინარეობს. მათი მზერა არის სულ უცხოეთში, სულ Deep state-ში, სულ გლობალური ომის პარტიაში, ევროკავშირში. ეს არის მოცემულობა. მათი მთავარი წყარო და ამოსავალი წერტილი არ არის ქართული საზოგადოება, არამედ არის უცხოეთი და მათი პატრონები.

რაც შეეხება თავად სამადაშვილს, არ მგონია, რომ ეს სერიოზული პიროვნება იყოს. მგონი, “ლელოშიც” არ აღიქვამენ სერიოზულად. დარწმუნებული ვარ, “ლელოს” ამომრჩეველმაც არ იცის, მაგალითად, სამადაშვილი ახლა რომელ პარტიას წარმოადგენს,” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მოქალაქეების ნაწილი არჩევნების შედეგებს 2020 წელსაც აპროტესტებდა, თუმცა მაშინ ევროკავშირს სხვა განწყობები ჰქონდა, დღეს კი “ქართული ოცნების” დემოკრატიულ მანდატთან დაკავშირებით ევროკავშირში სხვა შეხედულებებია და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო დღეს დაადგენს, დაარღვია თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამჭვირვალეობის შესახებ კანონი

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო დღეს დაადგენს, დაარღვია თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამჭვირვალეობის შესახებ კანონი.

საუბარია ე.წ. ფაიზერგეითის სახელით ცნობილ 2021 წლის სკანდალზე. კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ფარულ მიმოწერას აწარმოებდა ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან, რომელთანაც ევროკავშირს, მრავალმილიარდიანი კონტრაქტი ჰქონდა დადებული „კოვიდ-19“-ის ვაქცინებზე.

ევროკომისიამ ამ მიმოწერის შინაარსის გასაჯაროებაზე უარი თქვა და ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იყო ეს გამჭვირვალეობის კანონის დარღვევა.

აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული და სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19- 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

“საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა- აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი

„საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას,“ – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

„საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, – განაცხადა გუნბამ. 

გუნბა აცხადებს, რომ თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობით. 

“ჩვენი პრიორიტეტია, ვიცხოვროთ მშვიდობით ყველა ჩვენს მეზობელთან. საქართველოსთან კეთილმეგობრული ურთიერთობები გვსურს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს: მათ წინაშე დამოუკიდებელი სახელმწიფოა”. – თქვა გუნბამ. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ჯერ ვერ ბედავენ-ვლადიმერ ბოჟაძე

მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ კონკრეტული კვლავ არაფერი თქმულა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი რეგიონებში პარტიულ შეკრებებს აქტიურად მართავს და სხვადასხვა სახელით ფუთავს. მაგალითად, „ლელოს“ წარმომადგენლები წალენჯიხის შემდეგ გუშინ ბათუმში ჩავიდნენ.

რატომ არ აკეთებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საჯარო განცხადებებს – მმართველ გუნდში ამას გარე დირექტივებს უკავშირებენ.

„ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე ემზადება არჩევნებისთვის. ისინი მართავენ შეხვედრებს რეგიონებში, ტრენინგებს, სემინარებს და ა.შ. რეალურად ისინი ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ხმამაღლა და დამაჯერებლად ჯერ ვერ ბედავენ, რადგან, როგორც ჩანს გარედან დავალება ბოლომდე არ აქვთ მიღებული.

ჩვენ უკვე ვემზადებით მეათე, საიუბილეო გამარჯვებისთვის. უახლოეს კვირებში უკვე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ჩავალთ ყველა რეგიონში და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში, – მიიჩნევს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ბოჟაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბერში გაიმართება.