Home Blog Page 2

ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას – რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ -მამუკა მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ის ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას, ვისაც რაღაც დავალებას და შესაბამის თანხას მიიღებს.

„ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, რასაც დაავალებენ იმას გააკეთებენ. მათ ერთადერთი უფლება აქვთ, შეეკამათონ, თუ ფულს არ მისცემენ ასე მონაწილეობას როგორ მივიღებთო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დღევანდელი მოცემულობით ოპოზიციური პარტიებიდან ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მამუკა მდინარაძემ უპასუხა: ის, ვინც რაღაც დავალებას მიიღებს და შესაბამის თანხას.

„ნაციონალური მოძრაობა“ დანაყოფ პარტიებსა და კოლეგა ოპოზიციონერებს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. ნაწილი ირწმუნება, რომ მონაწილეობას არ იღებს 4 ოქტომბრის არჩევნებში. „ლელომ “კი პოზიცია შეარბილა.

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ, მოგზაურობა სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ასეთ აქტივობას შესაძლოა, დაძაბულობა და კონფლიქტები მოჰყვეს. სასურველია, რომ მთელი დღე ოჯახურ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. კლასიკური ლიტერატურა და სასიამოვნო მუსიკა სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — შესაძლოა, ზოგი წინასწარმეტყველური იყოს და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ გამცნოთ.

კურო

ამ დღეს ყველა იდეა, რომელიც თავში მოგივათ, წარმატებული იქნება. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებმა შეიძლება დაფარული პოტენციალი გამოავლინონ და გარშემო მყოფები გააოცონ. აჩქარებას შეიძლება სერიოზული შეცდომები მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ, სამსახურში ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. ყველაფერი, რასაც დღეს წამოიწყებთ, თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდება.

ტყუპები

მშვენიერი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისა და სასარგებლო ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას — თავის ხშირი ტკივილები გადაღლილობასა და სტრესზე მიანიშნებს. ახლა სპორტი თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია. ეცადეთ, მეგობრები აიყოლიოთ და დილაობით სირბილი დაიწყოთ — ამ დღეს ყველაფერი მარტივად გამოგივათ.

კირჩხიბი

ამ დღეს იმდენი ენერგია და შესაძლებლობა გაქვთ, რომ მზად ხართ, მთები გადადგათ. ყველაზე ამბიციური მიზნების მისაღწევად უკვე საკმარისი გამოცდილება დაგიგროვდათ. ბოლო დროს თუ ბევრს შრომობდით და ოჯახს ნაკლებ დროს უთმობდით, დროა, ეს ვითარება გამოასწოროთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში სარფიან საქმიან შეთავაზებას მიიღებთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ლომი

შესანიშნავი დღეა პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად, თუმცა პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც გსურდათ. ნუ ეცდებით ვინმეს გადარწმუნებას, მალე თავად მიხვდებიან, სად ცდებოდნენ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, თავი რაღაც გემრიელით ან სასიამოვნოთი გაინებივროთ და ცოტა ხნით პრობლემები დაივიწყოთ.

ქალწული

დადგა დრო, ცხოვრებით დატკბეთ — ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. გამონახეთ დრო საკუთარ ჯანმრთელობას და სავარჯიშო დარბაზში ან იოგაზე დარეგისტრირდით. ახლა მნიშვნელოვანია შინაგანი წონასწორობა აღიდგინოთ, რათა წარსულის წყენამ უკან არ დაგაბრუნოთ. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ მასში როგორც მუშაობის, ისე დასვენების დრო დარჩეს.

სასწორი

სასწორებო, ვარსკვლავები გირჩევენ, გააცნობიეროთ, რომ ყველაფერი თქვენზე არ არის დამოკიდებული. ისწავლეთ ნდობა — ზოგჯერ საკმარისია მხარდაჭერა და კეთილგანწყობა, რომ საქმეები სწორად წარიმართოს. გაატარეთ დრო ბუნებაში ან იპოვეთ ჰობი, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარებათ. ამ დღეს პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფების კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებთ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, პროფესიულ ან პირად საკითხებში თავი გამოიჩინოთ. პასუხისმგებლობის ნუ შეგეშინდებათ — გარშემომყოფების მხარდაჭერას აუცილებლად მიიღებთ. ერიდეთ აგრესიას და გადაჭარბებულ ემოციებს — დღეს თქვენი სიძლიერე სიმშვიდეა.საღამო ხელსაყრელი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის ან საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმების გადახედვას გაიძულებთ. ცვლილებები ნუ შეგაშინებთ — შესაძლოა, მათ უკეთესისკენ გიბიძგოთ. კომუნიკაცია დღეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ურთიერთბრალდებებით და კონფლიქტით არ დასრულდეს.

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს დღე სერიოზულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. შანსი გექნებათ, კარიერულ ან პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. მთავარია, ყველაფერი კარგად გააანალიზოთ და ემოციებით არ იხელმძღვანელოთ. ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ძველი და კარგად დადასტურებული მეთოდებით უნდა იმოქმედოთ.

მერწყული

მერწყულებისთვის ეს დღე შთაგონებით და უჩვეულო იდეებით სავსეა. იფიქრეთ პროექტზე, რომლის განხორციელებას დიდი ხანია გეგმავთ — მის დასაწყებად იდეალური დღეა. ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს — შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

თევზები

ამ დღეს სჯობს საკუთარი სიამოვნებისთვის დრო გამონახოთ და ზედმეტი ვალდებულებები გვერდზე გადადოთ. მალე ცვლილებები თქვენი ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება, განსაკუთრებით, პირად ცხოვრებას. სასიყვარულო ურთიერთობა მალე ახალ საფეხურზე გადავა. თქვენი მოლოდინი გამართლდება, ჯილდოდ კი საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან ჰარმონიულ ურთიერთობას მიიღებთ.

მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა, თითქოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ -ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სპეკულაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ცვლილებების მიზანს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მათი მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

„ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ, არის მტკნარი სიცრუე და სპეკულაცია. ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაწესდა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში ,თუ აქვთ სპარსეთის ყურის ქვეყნების ვიზა ან ბინადრობა, ამ დოკუმენტზე უნდა იყოს მოქმედების ვადა 1 წელი ან მეტი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემათ მათ საქართველოში შემოსვლის უფლება და დარჩენის შესაძლებლობა. ცვლილებების განხორციელებამდე არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ვადა, პირიქით, შესაძლებელი იყო, რომ, მაგალითად, ერთკვირიანი ვიზით ან ბინადრობის მოწმობით შემოსულიყო, მაგალითად, ავღანეთის მოქალაქე და საქართველოში დარჩენილიყო. ცვლილებების მიზანს წარმოადგენს, რომ გამკაცრდეს მიდგომა კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში, ვინაიდან ფიქსირდებოდა შემთხვევები მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის და ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის. ამიტომ გვსურს, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ცვლილებების მიზანს წარმოადგენს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადებაც გაავრცელა.

“ექნებათ კი სადმე გასაწევრიანებელი?”- მარია ზახაროვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ გაურკვეველია, 2030 წელს თუ იარსებებს ევროკავშირი, საქართველოს “შესასვლელად”.

კერძოდ, 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პოტენციურ მზაობაზე საუბრისას, ზახაროვამ განაცხადა, რომ მთავარია 2030 წელს “თუ იქნება სადმე გასაწევრიანებელი“.

ზახაროვას აზრით, 2030 წლისთვის შესაძლოა ევროკავშირი აღარ არსებობდეს.

მან დიდი ბრიტანეთი ახსენა და განაცხადა, რომ ლონდონი “რაიმე კარგიდან არ გამოსულა”.

„ხომ იცით, მთავარი ის არის, რომ მათ, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის ან სხვა რომელიმე წლისთვის, ექნებათ კი სადმე გასაწევრიანებელი?“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მოსკოვი და თბილისი საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ ისწრაფვიან, გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც “რუსი და ქართველი ერების ინტერესებს შეესაბამება”.

ზახაროვას თქმით, “ევროკავშირში კრიზისული მოვლენები იმდენად თვალსაჩინოა, ხოლო მათი პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია, რომ იქ არაფერი ესაქმებათ მათ, ვინც თავიანთ ეროვნულ ეკონომიკებზე ფიქრობენ”, ამიტომ “ეს თითოეულია სუვერენული საქმეა”.

მან განაცხადა, რომ ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას განიხილავს, “უნდა შეხედოს კონკრეტულ ციფრებს, არა მხოლოდ ლოზუნგებს” და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოსკოვს თბილისთან “არაერთხელ” ულაპარაკია.

“საქართველოსთან არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, არსებული პოლიტიკური უთანხმოებებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, მაგრამ ორმხრივ კავშირებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლის მიმართულებით ვაშენებთ. მიმდინარეობს დიალოგი ამ მიმართულებით”, – განაცხადა ზახაროვამ.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

„ამერიკის საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოითხოვს გამჭვირვალობას იმ უცხოური სახსრების შესახებ, რომლებიც შედის ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის ბრძანებაში.

„ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დასრულდეს უცხოური ფინანსების ირგვლივ არსებული საიდუმლოება ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკის სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

როლანდ მესხი განათლებით სამართალმცოდნეა, 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20 წლიანი სამუშაო სტაჟი გააჩნია“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მოსალოდნელი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის თემას გამოიყენებდა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც საკუთარი ხელმძღვანელების მხრიდან, დიდი ხანია, აქვს -გია ვოლსკი

მოსალოდნელი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის თემას გამოიყენებდა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც საკუთარი ხელმძღვანელების მხრიდან, დიდი ხანია, აქვს, – ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს კვლავ სურს, დესტრუქციულ ძალებში ლიდერი იყოს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“.

„მოსალოდნელი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის თემას გამოიყენებს იმ ამოცანის შესასრულებლად, რაც მას საკმაოდ დიდი ხანია, აქვს დაყენებული თავისი ხელმძღვანელების მხრიდან. იგი ამ შემთხვევაში მარიონეტია, ყოველთვის „დიფ სთეითის“ მარიონეტი იყო. თუკი გავაანალიზებთ იმ განცხადების უტიფრობის დონეს, რომელიც მან გააკეთა 26 მაისს პრეზიდენტობის პერიოდში, მთავარსარდლობის პერიოდში, ახალწვეულების წინაშე, უცხოელი სტუმრების, ომში დაღუპული გმირების ოჯახების წინაშე, უნდა ვიგულისხმოთ, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა იქნება ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იმ სტრატეგიისა, რომელიც უტიფარ ოპოზიციას ახასიათებს.

სალომე ზურაბიშვილს კვლავ უნდა ლიდერი იყოს ამ დესტრუქციულ ძალებში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობაც გადაწყვიტა. იგი ყველანაირად ეცდება, მისი სტრატეგია გაცილებით უფრო დამაზიანებელი იყოს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ე.წ. პოლიტიკური სუბიექტის მოსაზრებები, თუ როგორ შეიყვანონ ჩვენი ქვეყანა დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში. ეს არის მისი ამოცანა, მისი ხედვა, მისი შინაარსი და ეს განცხადებაც, რომელიც გააკეთა, რასაკვირველია, ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შესაქმნელად მუშაობას იწყებს.

აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ-ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი უახლოეს ხანებში ეყოლება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

„საქართველოს მხრიდან წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან არსებობს დადებითი პოზიციები, მიმდინარეობს სტანდარტული პროცედურები და აქედან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელიც ითხოვს ჩვენს ჩართულობას. ეს საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება და უახლოეს ხანებში ჩვენ გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რაც, რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებს, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას საკმაოდ რთული მემკვიდრეობა ერგო და, შესაბამისად, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა იქნეს დაწყებული.

„რა თქმა უნდა, წინა ადმინისტრაციის საქმიანობის ბოლო თვეებში ბევრი რამ გაუარესდა ჩვენს ურთიერთობებში, სტრატეგიული თანამშრომლობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა ორივე ხელისუფლებისთვის, ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ჩვენ ძალიან ბევრი კონკრეტული ახალი მიმართულება შეგვიძლია, შევიტანოთ დღის წესრიგში, რაც, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე ქვეყნისთვის – როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე საქართველოსთვის“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლევან დავითაშვილმა ისაუბრა, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ დაწესებული სანქციებია. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს  სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა და ამ კუთხით არსებული ვითარება უნდა შეიცვალოს.

„სახელმწიფო დეპარტამენტში საუბარი გვქონდა ზოგადად სანქციების აღსრულებაზე, საქართველო არის სანიმუშო ქვეყანა, აშშ-ის პარტნიორი სანქციების აღსრულების კუთხით. თუმცა, სანქციები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა შემოღებული საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ურთიერთობებში და, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს. გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც ახალი ადმინისტრაციისთვის, მემკვიდრეობა საკმაოდ რთულია და ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ დიალოგს და ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურები იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს პოლიტიკური ნება. რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ არსებობს თანამშრომლობის, სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების ნება და ეს ყველაფერი იმედს გვაძლევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ და გავაძლიერებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია”-ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს და ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია.

„ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ძალიან კარგ წინაპირობას, რათა ჩვენი თანამშრომლობა იყოს ეფექტიანი და მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ყველა შეხვედრა, რომელიც იმართება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, თავისთავად, მოიცავს პოლიტიკურ ურთიერთობებს. პოლიტიკა და ეკონომიკა ამ შემთხვევაში მჭიდროდ არის დაკავშირებული, მათი გამიჯვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებთან თანამშრომლობა გარკვეული მიმართულებებით განსაკუთრებით ხელსაყრელია და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს მიმართულებები ძალიან საინტერესოა და შესაბამისობაშია აშშ-ის ახალი ხელისუფლების ინტერესებთან.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა  მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს” -ლევან დავითაშვილი

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა, მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის პერსპექტივებზე,  სადაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს პოზიციები სრულ თანხვედრაშია” – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომელიც ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად  ქ. ვაშინგტონში იმყოფება.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში  საინტერესო შეხვედრები შედგა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც განხილული იყო დაფინანსების პერსპექტივები საქართველოში, რაც, მინისტრის შეფასებით,  ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტად მოდიოდეს საერთაშორისო დაფინანსებები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, თუმცა, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ამის პარალელურად,  ასევე საინტერესოა  ამერიკაში ყოფნის დროს ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო დიალოგი.

„შესაბამისად, პარალელურად გვაქვს ორმხრივი შეხვედრები, ძირითადად, კოლეგა უწყებებთან, მაგრამ ეს შეხვედრები დავიწყეთ სახელმწიფო დეპარტამენტით იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით გვქონდეს საკმაოდ მკაფიო პოზიციები – ეს  მნიშვნელოვანი წინაპირობაა სხვადასხვა სახის თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების  ინტერესი და მიზანია, რომ ააწყოს თანამშრომლობა პოზიტიურ დღის წესრიგზე და გამოინახოს ისეთი მიმართულებები, სადაც ორივე ქვეყნისთვის იქნება ურთიერთხელსაყრელი თანაშშრომლობა. მინისტრის განცხადებით,   ზუსტად ეს მიმართულებები უნდა გადაითარგმნოს შემდგომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებში.

„ამაზე იყო სრული მხარდაჭერა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტში, რადგან ეს არის,  ზოგადად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტიც ამ ხედვის განხორციელების მომხრეა.  ძალიან ბევრ მიმართულებას შევეხეთ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის დროს და შემდგომში დიალოგი გაგრძელდა უკვე კონკრეტულ, შესაბამის უწყებებში, მათ შორის, ეს იყო კომერციის დეპარტამენტი, სახაზინო დეპარტამენტი და ა.შ.  გვექნება ასევე შეხვედრები ამერიკის სავაჭრო წარმომდგენელთან, შემდეგ შეხვედრებს გავაგრძელებთ თეთრ სახლში და ადმინისტრაციის ბევრ წარმომდგენელთან გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაბევრ საკითხს დავფარავთ” – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ სამი თვეც არ არის,  რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თეთრ სახლში შევიდა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ჯერ  ჩამოყალიბების პროცესშია, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც აღნიშნული იყო შეხვედრების ყველა ეტაპზე.

2025 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილებები საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს 17 აპრილს მიღებული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

შსს-ს განმარტებით, დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შესაბამისი ვადითა და პირობებით.

იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით, მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია თითქოს აღნიშნული ცვლილება ამარტივებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლას რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

განვმარტავთ, რომ 2025 წლის 17 აპრილს „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში შესული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და ემსახურება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

დადგენილების ცვლილებამდე არსებული რედაქციის თანახმად, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები, შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით, მოთხოვნები გამკაცრებულია.

გალფის ყურის ქვეყნების ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მათ აღარ მისცემთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლებას თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

კერძოდ, შეზღუდვა ვრცელდება გალფის ყურის ქვეყნის ვიზის და ბინადრობის მქონე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, განის რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის, ერიტრეას სახელმწიფოს, იემენის რესპუბლიკის, კამერუნის რესპუბლიკის, კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, სომალის ფედერაციული რესპუბლიკის, სირიის არაბთა რესპუბლიკის, სუდანის რესპუბლიკის, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის, უგანდის რესპუბლიკის მოქალაქეებზე“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.