Home Blog Page 2

ამინდი გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატში „სტრასბურგთან“ დამარცხდა

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის 32-ე ტურის მატჩში სტუმრად „სტრასბურგთან“ 1:2 დამარცხდა. ეს საფრანგეთის ჩემპიონისთვის შიდა პირველობაზე ზედიზედ მეორე მარცხია.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. 20-ე წუთზე ლუკა ერნანდესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე ლემარეშალმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

პარიზელებმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, 46-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლას გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, თუმცა ძირითადი მოთამაშეების არყოფნაში მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად სათადარიგოთა სკამზე იყო. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩისთვის დაასვენა, რომელიც „არსენალთან“ ელის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მარკო რუბიოს კრიტიკას გამოეხმაურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მარკო რუბიოს კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც გრძნობს, როცა უყურებს, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თვალთვალსა და ცენზურას უნდა ექვემდებარებოდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გერმანიაში ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების კრიტიკას არ ეთანხმებოდა. გერმანიის საგარეო უწყების განცხადებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება არის დემოკრატიული, ეფუძნება კანონის უზენაესობას, ხოლო საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის.

„ჩემზე ვიტყვი: სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ აღშფოთებასა და წყენას, რომელსაც ვგრძნობ, როცა ვუყურებ, თუ როგორ ასწავლის ჭკუას გერმანიის მთავრობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თვალთვალსა და ცენზურას უნდა ექვემდებარებოდეს. გერმანიავ, ვერ დაემალები იმას, რაც საკუთარი ისტორიის წყალობითაც ვერ ისწავლე. როგორც იცი, ეს ჩვენი ისტორიაცაა, რადგან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ შენი ისტორიის კონკრეტულად ამ თავის დახურვაში. ეს ჩემი ისტორიაც არის, რადგან მამაჩემი იძულებული გახდა ანშლუსის შემდეგ მშობლიური ვენა დაეტოვებინა (ის ამერიკის მოქალაქე გახდა და ამაყად იბრძოდა აშშ-ის არმიის რიგებში, ათავისუფლებდა რა ევროპას). ის ძალიან კარგი სიტყვის თავისუფლების გამო არ გაქცეულა. ის გაიქცა იმიტომ, რომ ისინი, ვისაც პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალისა და ცენზურის სჯეროდა, ხელისუფლებაში იყვნენ. თქვენ საკუთარ მოქალაქეებს „მემარჯვენე ექსტრემისტების“ დამღას ვერ დაადებთ, ვერ აიძულებთ, რომ ისინი გაჩუმდნენ, ციხეში ვერ ჩასვამთ იმის გამო, რომ ისინი, მაგალითად, ღია საზღვრების წინააღმდეგ გამოდიან. გთხოვთ, მორალისტობას გაეშვით“, – დაწერა ლანდაუმ სოციალურ ქსელ X-ში.

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა გუშინ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა. მიმდინარე წლის 23 თებერვალს გერმანიაში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილი დაიკავა და ხმათა 20,8% მიიღო.

 ,,უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა”- მიხეილ ყაველაშვილი

ალექსანდრე ჩივაძე იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მოედანზე იყო პირდაპირ ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი, მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა.

„ბატონო ალექსანდრე, პირადად, მინდა, მოგილოცოთ იუბილე, გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე, თქვენი არსებობით კიდევ გაახაროთ ჩვენი გულშემატკივარი, რადგან მართლაც ენით აღუწერელია თქვენი შთამბეჭდავი კარიერა. მე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს და ჩემს კოლეგებს ვხედავ აქ, რომელთაც დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ჩივაძემ და მისი თაობის ფეხბურთელებმა შეგვაყვარა ფეხბურთი, გაგვიჩინა სურვილი, დიდი ფეხბურთი გვეთამაშა. სწორედ ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი და ის დიდი ფეხბურთელები იყვნენ ჩვენი მაგალითები, რაზეც ვიზრდებოდით.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, მაშინდელ „დინამოში“ ჩივაძესთან ერთად მომიწია ვარჯიში, დიდი სიხარული იყო, ღამე არ მეძინა და ეს შთაბეჭდილებები დღემდე მოგვყვება. ახალგაზრდა ფეხბურთელები ვიყავით და ვგრძნობდით, რაოდენ დიდი განცდა იყო ამ ადამიანების არსებობა. შემდეგ, როცა უკვე ნაკრების ფეხბურთელები გავხდით, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი გახდა.  ძალიან მძიმე წლები იყო, მთელი ქვეყანა ლოდინის რეჟიმში იყო, როდის დაიწყებდა ჩვენი ნაკრები ოფიციალურ შეხვედრებს. გვიზიარებდა არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ პიროვნულ, ადამიანურ გამოცდილებებს – რამდენად რთული იყო მისთვის იმ დროს, როცა იცოდა, რას ნიშნავს დიდი ფეხბურთი, რა მოთხოვნები აქვს დიდ ფეხბურთს და იმ არსებულ რეალობაში, როგორი რთული იყო ამ ყველაფრის გადმოცემა და ჩვენი მოტივირება, რომ ჩვენ დიდი ფეხბურთი გვეთამაშა.

ძალიან ბევრი მაგალითია, მაგრამ მე მინდა, აღვნიშნო დიდი სპეციალისტების მიერ მისი, როგორც ფეხბურთელის შეფასება. მე როცა მომიწია შვეიცარიაში ცხოვრება, „ფიფა“-ში ურთიერთობა, იქ დათო ყიფიანზე, ალექსანდრე ჩივაძეზე პირდაპირ ამბობდნენ, რომ პროფესორია. ასეთი ეპითეტი აქვს მას მსოფლიო ფეხბურთში და ეს ალბათ არ არის გასაკვირი. იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ მე დავამატებდი, როცა ის იყო მოედანზე, იყო ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი. მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე. უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა“, – განააცხადა ყაველაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძეს ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რაც მან გულშემატკივარს და ერს მიანიჭა.

„მე, როგორც ფეხბურთელს, ბევრი შემიძლია, ვისაუბრო მასზე, მაგრამ დღეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ავიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას და ქართველი ხალხის სახელით, რადგან მე მქონდა შესაძლებლობა, დამენახა ქართველ ხალხის მისადმი სიყვარული, მადლობას გადაგიხდით ბატონო ალექსანდრე, იმ ემოციებისთვის, სიხარულისთვის, რაც თქვენ მიანიჭეთ ჩვენს გულშემატკივარს, ერს. იმ მძიმე წლებს მე და ჩემი კოლეგები ახლა ყოველთვის იუმორით ვიხსენებთ, „თელასში“ სირბილს „უელსის“ თამაშის წინ. ყოველ ნახევარ საათში მირბოდა, ჩაართვევინებდა სინათლეს, მერე ისევ მორბოდა, ოთხჯერ მოუწია მისვლა „თელასში“. ასეთ პირობებში გვიწევდა ჩვენ მომზადება და ამ დროს მოედანზე ვიმარჯვებდით. რომ არა ჩივაძის ეს მოტივირება, მისი გამოცდილება, როგორც არა მარტო მწვრთნელი, არამედ უფროსი მეგობარი ყველაფერს გვიზიარებდა და გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ მაქსიმუმი გაგვეღო. ბატონო ალექსანდრე, კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხის სახელით გულწრფელად დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ გაიღეთ ჩვენი ერისთვის. ეს არის უდიდესი დამსახურება. ხელისუფლებაში ვართ არაერთი სპორტსმენი და ვიცით სპორტის, ადამიანის ფასი, ვინც გაიღებს ბევრს ქართული სპორტისთვის და მე მიხარია, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება ამას აფასებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაორმაგდება. დღეს ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატება. სპორტსმენს მოკლე კარიერა აქვს და ძნელია შემდეგ სხვა ცხოვრებაში გადასვლა, სხვანაირად ჭირდება ხოლმე შეფასება და დაფასება, რის გაგებაც ზოგისთვის შეიძლება, რთულია, მაგრამ მე მგონი, ვართ უკვე იმ მდგომარეობაში, რომ ეს კარგად დავინახოთ და შევაფასოთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ საშა ჩივაძეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ალექსანდრე ჩივაძის მნიშვნელოვან წვლილს ქართული ფეხბურთის განვითარებაში და მას მადლობა გადაუხადა.

“შეუძლებელია, ყოველ ჯერზე არ გაგაოცოს განსაკუთრებულმა საფეხბურთო ინტელექტმა, განსაკუთრებულმა ხელწერამ, დახვეწილმა თამაშის სტილმა, რომლითაც ბატონი ალექსანდრე ჩივაძე გამოირჩეოდა, როგორც ქართული ფეხბურთისა და თბილისის “დინამოს” ნამდვილი ლიდერი. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ საშა ჩივაძეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის წარმატების გზაზე, ამაშიც არის ბატონი საშას და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილი.

მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ქართული ფეხბურთისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე ჩივაძიეს 70 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში”- ქადაგიშვილი

„მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციამ თავად ჩაიყენა ამ რთულ ვითარებაში თავი.

„ოპოზიციამ თვითონ ჩაიგდო თავი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ მას დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა – ეს ნიშნავს, რომ თურმე საქართველოში არჩევნები, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობს და მათი ეს ყოვლად დაუსაბუთებელი არჩევნების შედეგების ბოიკოტი სასაცილო მდგომარეობაში აყენებს მათ.

მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს. მაგრამ ეს ბოიკოტის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, იწვევს მათ სრულ მარგინალიზაციას. მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 ,,ევროკავშირი გმობს რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული ფრენები სოხუმში” – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური

რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

,,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის ინიციატივაზე უკრაინის ხელისუფლების რეაქცია მათი გამოცდაა მშვიდობისთვის მზადყოფნაზე”- დიმიტრი პესკოვი

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე უკრაინის რეაქციას კრემლში ორაზროვანს უწოდებენ და კიევს სიცხადისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის სამდღიანი შეთავაზება იყო ტესტი იმის შესაფასებლად, რამდენად არის მზად კიევი ომის დასრულებისთვის მშვიდობიანი მოგვარების მოსაძებნად.

„უკრაინის ხელისუფლების რეაქცია რუსეთის ინიციატივაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, უკრაინის გამოცდაა მშვიდობისთვის მზადყოფნაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს, რაც მთავარია, ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის დეესკალაციას დღესასწაულებზე“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა უკრაინის ხელისუფლება „ნეონაციზმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა: „ჩვენთვის ფასეულია ადამიანის სიცოცხლე და არა – აღლუმები. სწორედ ამიტომ მსოფლიო ფიქრობს, რომ არ არსებობს მიზეზი 8 მაისამდე ლოდინისთვის. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი გარანტირებულობა და სანდოობა“.

სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე -ლევან მურუსიძე

სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემთან მიმართებაში წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო. ხომ არ შეიძლება, გონივრული ეჭვის საფუძველზე დასანქცირდე? ეს ხომ პოლიტიკა არის რეალურად, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასანქცირების რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილი.

„რადგან ამხელა უსამართლობაზე არის საუბარი, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, აქ არის სხვა პოლიტიკური მიზნები. რა არის ეს პოლიტიკური მიზანი? წლების განმავლობაში ხდება სასამართლო სისტემაზე შეტევა და ცდილობენ, რომ მიიღონ ბერკეტები სასამართლო სისტემაში, რომ შემდგომ მართონ ქვეყანაში პოლიტიკა. ხომ არ შეიძლება თქვან, გონივრული ეჭვის საფუძველზე ვასანქცირებთო. შეიძლება თქვან, რომ ლევან მურუსიძეს კონკრეტულად ამ საქმეში ჰქონდა რაღაც დაინტერესება და მატერიალური შედეგი უნდოდა მიეღოო, გავცემდი პასუხს. აღარც ვინტერესდები, რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ. ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. ეს აინტერესებთ თავიანთი გლობალური პოლიტიკის გამო, უკრაინა-რუსეთის ომია, საქართველო მეზობელია რეგიონში, მთელი რიგი პროცესებია. სასამართლო სჭირდებათ, რომ არჩევნები გაბათილდეს, როცა მოუნდებათ, როგორც რუმინეთში. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება“, – განაცხადა მურუსიძემ

სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის გარკვეული დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქცირება ყველანაირ ზღვარს სცდება-დიმიტრი გვრიტიშვილი

სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციები მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, სანქციები უსაფუძვლოა, სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, იქნება ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც შეიძლება, მიუღებელი იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი ან ვიღაცას არ მოსწონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, აქედან გამომდინარე მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება მიუღებელია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქცირების გავრცელება“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ელექტროენერგია გაითიშა

ელექტროენერგიის გათიშვის გამო ინდონეზიის კუნძულ ბალიზე პრობლემები შეექმნა ადგილობრივ აეროპორტს, თუმცა რეისები არ შეჩერებულა.

ხელისუფლების განცხადებით, ენერგომომარაგების აღდგენისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

დენის გათიშვის მიზეზის მოკვლევა დაწყებულია. ელექტროენერგია რამდენიმე დღის წინ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაწილშიც გაითიშა. მოსახლეობას დენი 8 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

Fly Khiva-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაშკენტიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ მართავს, ოპერირება დაიწყო უზბეკურმა ავიაკომპანიამ Fly Khiva. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

მათივე ცნობით, Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით აღნიშნულმა ავიაკომპანიამ პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.

„Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა. Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებსა და ორ Boeing 757-300 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც აღჭურვილია ბიზნეს კლასის 22 და ეკონომ კლასის 203 ადგილით.

ტავ ჯორჯიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების შესაბამისად, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ასევე ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რვა ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი ორი“, – აღNიშნულია ინფორმაციაში.