Home Blog Page 2

რა ეღირება დოლარი და ევრო 9 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7456 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7456 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7467 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1012 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1219 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0207 ლარი შეადგინა.

ზურაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის სცენარის გამეორება უნდა, უბრალოდ, დღეს სახელმწიფოს დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესების მიმართ აბსოლუტურად სხვაა -გიორგი ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მომხდარიყო. იმ სცენარის გამეორება უნდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც სახელმწიფო მომიტინგეებს ბრუტალურად დაუპირისპირდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ისეთი დაპირისპირება მოხდეს, სადაც სისხლი დაიღვრება. თუ ამ ამოცანის შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლება გლობალური ოლიგარქიის ფავორიტი იყო, დღეს მისი ადგილი სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა.

„საყოველთაო დღესასწაულის მიტაცება ვერ შედგება. 9 აპრილის თემაზე პაატა ბურჭულაძე გამოვიდა. ბურჭულაძე პუტინს პირისპირ, რამდენიმე მეტრში მდგომი უმღეროდა და მისგან აპლოდისმენტებს იღებდა, ეს ყველაფერი ომის შემდეგ ხდება. მერე თანამდებობებზე მუშაობდა და დღეს ორპირი განცხადებებით თავს გვაწონებს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მეომარი. ასეთივეა სალომე ზურაბიშვილიც, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მომხდარიყო, იმ სცენარის გამეორება უნდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც სახელმწიფო მომიტინგეებს ბრუტალურად დაუპირისპირდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც სცენარი იყო, რათა ის მომხდარიყო, რაც მოხდა და საქართველოში კიდევ ერთხელ დამტკიცებულიყო, რომ აქ არის სადისტური მმართველობა, რომელიც უკან არაფერზე არ დაიხევს. ამ 26 მაისსაც ასეთივე სურათის შექმნა უნდათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, 26 მაისს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩატარება უნდათ.

„ეს თარიღი, წესით, გამაერთიანებელი უნდა იყოს. მორალურის გარდა, ბოროტი სცენარის ნაწილია, როდესაც სურთ, დაპირისპირება იყოს, რადგან გეგმა ვერ შეასრულეს. სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ თანამშრომელია. „მაკკეინის ინსტიტუტი“ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასაც უპირისპირდება და პირდაპირ გამოხატავს ინტერესს, რომ საქართველოში სისხლისღვრა მოხდეს. ყველაფერი ამისკენ არის მიმართული. 26 მაისს იქნება, 27 მაისს თუ ნებისმიერ სხვა დროს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, როგორმე მოხდეს ისეთი დაპირისპირება, სადაც სისხლი დაიღვრება. ამოცანა ეს არის. თუ ამ ამოცანის შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლება გლობალური ოლიგარქიის ფავორიტი იყო, დღეს მისი ადგილი სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა. უბრალოდ, სახელმწიფოა სხვა, სახელმწიფოს დამოკიდებულება თავისი ქვეყნის ინტერესების მიმართ აბსოლუტურად სხვაა. დღეს ამ სცენარის მიხედვით გადაწყვიტეს, იგივე მდგომარეობა შექმნან, რაც იმ სადისტური მმართველობის პერიოდში იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ნატო-საქართველოს სწავლება 2025” დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) რიგით მეოთხე სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების ხელმძღვანელმა, JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო დაფები გადასცა.

„„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულს „ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)” სერტიფიკატი მიენიჭა და დადებითი შეფასება მიიღო. ნატო-ს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით ბრიგადაში გაფორმდა.

„ნატო-საქართველოს სწავლების“ სამეთაურო-საშტაბო ნაწილში ინტეგრირებული იყო საველე კომპონენტიც, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენდა JTEC-ის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის მიმართულებით და ხელს უწყობდა კოორდინაციის დახვეწას. სწავლების აღსრულების პროცესში ჩართული იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული 6 ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სამხედრო-საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია. SNGP-ს ინიციატივების ფარგლებში ნატო-ს ქსპერტების მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფზე ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით დაკვირვება განხორციელდა. ნატო-ს ექსპერტები სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის შტაბისა და ოცეულის უსაფრთხოების ამოცანების შესრულებას, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ოცეულის ტაქტიკურ წვრთნასა და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის შტაბისა და მეკავშირე ელემენტის ოპერატიულ შესაძლებლობებს დააკვირდნენ.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ნატო-ს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბისა (SHAPE) და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ დაიგეგმა და ნატო-ს მიერ შედგენილი სცენარით, შესაბამისი პროცედურებისა და დოქტრინების დაცვით ჩატარდა. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩაერთო ასევე, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ესტონეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო

ესტონეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირის ჩათვლით მიუღებლად მიიჩნევს რეპრესიებს საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩვეულებრივი ადამიანების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას“, – ციტირებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მარგუს ცაჰკნას.

ცაჰკნამ აგრეთვე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც განიხილავს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სერტიფიცირების გამოცდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ საკითებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა.

სანტურიანმა მონაწილეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმაც გააცნო, რომლის მიზანი სერტიფიცირების გამოცდებისთვის მზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის გადამოწმებაა. აღსანიშნავია, რომ ახალი პლატფორმა სამენოვანია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველ ენაზე მოემზადოს სერტიფიცირებისთვის.

შეხვედრაზე ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც გაიმართა. მონაწილეებმა ადგილზე ნახეს თუ როგორ გამოიყურება აღნიშნული აპარატი ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამატების შემდგომ.

სამუშაო ჯგუფი ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

ჩემთვის სულ ერთია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, გამიხარდება თუ არ მიიღებენ, რადგან უფრო მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში -ალექსანდრე რაქვიაშვილი

ჩემთვის სულ ერთია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, უფრო სწორად, გამიხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან უფრო მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში, თუ მიიღებენ არა უშავს, რაღაც ტიპის კონკურენცია იქნება და შეიძლება, საინტერესოც იყოს პოლიტიკური ცხოვრება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, „გირჩი“დიდი ხანია, ემზადება არჩევნებისთვის.

„ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ კონკრეტულ კანდიდატებთან ვსაუბრობთ, რომ უშუალოდ დავიწყოთ მათი მომზადება აქტიური საარჩევნო კამპანიისთვის. პირველ რიგში კონცენტრირებულები ვართ დიდ ქალაქებზე. ყველგან ვეცდებით, წარვადგინოთ კანდიდატი, სადაც იქნება ის, ვისაც უნდა „გირჩის“ სახელით ილაპარაკოს საკრებულოში, არის პატიოსანი ადამიანი და აღელვებს თავისი ქალაქის და რეგიონის პრობლემები. გახარია ფაქტობრივად ღიად ამბობს, რომ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგათ ეშინიათ ერთმანეთის ბულინგის, ესენიც მშიშარა ხალხია და ვერ ბედავენ, რომ პირველებმა რაღაც კონკრეტულად თქვან, მერე თუ იტყვიან ვიღაც დააბულინგებს, ამიტომ ურჩევნიათ იქნებ ვიღაც სხვამ თქვას, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ არასერიოზულობაზე და იმედია, ამომრჩეველი სათანადო დასკვნებს გამოიტანს არჩევნები, რომ დადგება. დარწმუნებული ვარ, მთელი ეს პროევროპული 4, 5, 9, 25 ძალიან მშიშარები არიან პოლიტიკურად და ვერ ბედავენ მკაფიო პოზიციები დააფიქსირონ, თუ დააკვირდება ამომრჩეველი ყოველთვის სადღეგრძელოებით ლაპარაკობენ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვის, რომელიც 20-ში მოხდა – გიორგი ვოლსკი

გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვის, რომელიც 20-ში მოხდა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გიორგი გახარიას მიერ აქციების ვიდეოკოლაჟზე საუბრისას, სადაც არ მოხვდა 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები.

„გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში. გახარია არის ერთ-ერთი მონაწილე ამ ძალადობის დაგეგმვისა, რომელიც 20-ში მოხდა. როგორ შეიძლება საათობით პოლიციელები დააყენო ამ გააფთრებული ბრბოს წინაშე, რომლებიც ფიზიკურად უტევენ და შემდეგ პოლიციას მხოლოდ რამდენიმე საათის მერე მისცე საშუალება შესაბამისი ზომები მიიღოს, თანაც, ისეთი ბრუტალური ზომები, როდესაც ადამიანის დასახიჩრება ხდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მსოფლიო დენთის კასრზე დგას, რომელიც ეს-ესაა აფეთქდება: ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დასრულდა, „კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქაოსის, ომებისა და ნგრევის ეპოქაში – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 8 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიო დენთის კასრზე დგას, რომელიც ეს-ესაა აფეთქდება: ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დასრულდა, „კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქაოსის, ომებისა და ნგრევის ეპოქაში“ (ავტორი – ალისტერ   ჰითი, „დეილი ტელეგრაფის“ საკვირაო გამოშვების – „სანდეი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვერ ვიტყვით იმას, რომ პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ. რომელ პროგრესზე შეიძლება ლაპარაკი, როცა გერმანულ ნაციზმზე გამარჯვების 80 წლისთავის დღეებში მსოფლიო მორიგ აპოკალიპტურ ხანძრისაკენ მიექანება, ხოლო ინდოეთ-პაკისტანს შორის შექმნილ ისედაც მწვავე ურთიერთდამოკიდებულებაში მორიგი სახიფათო ესკალაცია მოხდა. ამერიკულ თარგზე გამოჭრილი საერთაშორისო წესრიგი დარღვეულია და მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდება. მასთან ერთად გაქრა დასავლური თანამედროვეობის ილუზიები.

დღეს ბევრი ავლებს პარალელებს 1930-იან წლებთან, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. მართლაცდა, ახლა იმდენი კონფლიქტები მიმდინარეობს, რომლებიც იოლად შეიძლება გადაიზარდონ საშინელ გლობალურ ომში.

ჩვენ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება და დასრულდება ინდოეთ-პაკისტანის საომარი დაპირისპირება ქაშმირში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, ან რას მოიმოქმედებს ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში და შეიჭრება თუ არა ჩინეთის არმია ტაივანზე. მაგრამ რაც თითქმის უეჭველია, არის ის, რომ დიდი ომი ახლოვდება, რომელსაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი ვუწოდოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ არ არსებობს არავითარი მექანიზმი და არანაირი ალიანსი მის შესაჩერებლად.

სიტუაცია გამოუვალი და უმედოა. გრძელვადიანი მშვიდობა, როგორც ჩანს, ისტორიული შემთხვევითობა აღმოჩნდა, რომელსაც განაპირობებდა აშშ-ის ეფემერული უპირატესობა ცივ ომში და არა კაცობრიობის გონივრული სწრაფვა მშვიდობის განმტკიცებისათვის, როგორც ამას დასავლური პოლიტიკური ელიტები გვიმტკიცებენ.

ის ვაკუუმი, რომელიც აშშ-ის უკანდახევის შედეგად გაჩნდა, მრავალპოლუსიანმა ქაოსმა შეავსო. მსოფლიოს გლობალური პოლიციელი აღარ ჰყავს. ის საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, აბსოლუტურად უსარგებლოდ აღმოჩნდა. ისინი მხოლოდ აშშ-ის ძლიერების დროს იყვნენ სიცოცხლისუნარიანნი და როგორც კი ვაშინგტონმა უკან დაიხია, მათ ეფექტურობასაც ბოლო მოეღო. საერთაშორისო ორგანიზაციები გადაიქცნენ კორუმპირებულ გაერთიანებებად ან ისინი ძლიერი სახელმწიფოების მძვლები გახდნენ. საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები არ სრულდება. მარქსისტული ლიდერების გავლენა მატულობს. ევროკავშირი თავის ეკონომიკას თვითონვე ანგრევს.  გლობალურ სამხრეთი დასცინის დამპალ დასავლეთს და ტრამპის სულლურ მოქმედებას. ჩინეთის ლიდერი კი მოსკოვში თავის ვასალს – რუსეთის პრეზიდენტს ხვდება.

ამერიკა უკვე აღარ არის იმდენად მდიდარი და ძლიერი, რომ საერთაშორისო მშვიდობა შეინარჩუნოს. და რომც მოისურვოს, ის ამას ვეღარ შეძლებს. მისი მცდელობები, რომ ეს 11 სექტემბრის შემდეგ გაეკეთებინა, კრახით დასრულდა – მაგალითად, მისი ჩარევები ლიბიაში და ავღანეთში. აშშ-ის რწმენა საკუთარი თავის მიმართ დარღვეულია. წლების განმავლობაში მომხმარებლურმა პოლიტიკამ და იმპორტმა ამერიკა სხვებზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქცია, რომელმაც ვაშინგტონს არასასურველი გეოპოლიტიკური შედეგები მოუტანა. გადაჭარბებული ვალები და არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები აშშ-ის „აქილევსის ქუსლად“ იქცა. დონალდ ტრამპის ამომრჩევლებს აღარ სურთ საზარბაზნე ხორცად ყოფნა უსასრულო საზღვარგარეთულ ომებში. ტრამპი სულ უფრო იხრება მონროს დოქტრინისაკენ, რომელიც აშშ-ის გავლენას მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე გულისხმობს (პანამის, კანადისა და გრენლანდიის ჩათვლით). ტრამპმა ევროპა პუტინს დაუტოვა, აზია კი სი ძინპინს. მართალია, ფორმალურად თეთრ სახლს თითქოს არ სურს ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობა, მაგრამ სინამდვილეში ტრამპს ტაივანის ბედი სულაც არ აინტერესებს – იგი იჯერებს ისეთ ზღაპრებს, რასაც მას პუტინი უყვება.  საბჭოთა კავშირის დაშლამ და ცივი ომის დასრულებამ აშშ-ზე და ევროპაზე ცუდი გავლენა მოახდინეს – უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ისინი მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე აღარ ჰყავთ, საკუთარ კეთილდღეობას და სოციალური დონის გაუმჯობესებას მეტი ყურადღება დაუთმეს, თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი შეასუსტეს. ალიანსები შემოიფარგლნენ სადღაც რომელიღაც ქვეყანაში ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლებით, იარაღის ქარხნები დახურეს, ახლა კი ევროპას საკმარისი რაოდენობის რაკეტები და საბრძოლო მასალები აღარ აქვს. ერთმანეთთან შეთავსებული პათოლოგიური მულტიკულტურალიზმის, პაციფიზმის ზრდით და გაღვიძებული ანტიპატრიოტიზმის  შედეგად დასავლეთი უფრო ნაკლებად ბრძოლისუნარიანია, ვიდრე ეს 1930-იანი წლების გადაიარაღების წინ იყო.

ჩვენი მოწინააღმდეგეების მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია: გლობალურ სამხრეთში სწრაფად მატულობს კეთილდღეობის დონე მას შემდეგ, რაც იქაურმა ქვეყნებმა განვითარებისათვის კაპიტალიზმის თანამედროვე, „მოდერნიზებული“ ვარიანტები აირჩიეს. ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ წინსვლას, ერთი შეხედვით, ლიბერალური ფასეულობების დამკვიდრებას ომების და ავტორიტარული მმართველობების თავიდან აცილება უნდა გამოეწვია, მაგრამ ასე არ მოხდა.

ჩინეთმა არ მიიღო დემოკრატიისა და პიროვნების ტავისუფლების იდეები. სამაგიეროდ, ქვეყანამ თავისი სიმდიდრე იარაღად გადააქცია, რომ მსოფლიოში მეორე სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო გამხდარიყო. პეკინმა თავისი მოწინავე ტექნოლოგიები პოლიტიკური დევნისათვის გამოიყენა, რომ „დისიდენტები“ მუდმივად თვალთვალისა და კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა. ჩინეთი რაც უფრო მდიდრდება, მით უფრო სახიფათო ხდება. არ გამართლდა თომას ფრიდმანის თეორია, რომ ქვეყნები, რომლებშიც მაკდონალდსის სწრაფი კვების ქსელია, ერთმანეთთან არ იომებენო – ეს იდეა ჯერ კოსოვოს ამბებმა (1999 წელს, ნატოს მიერ იმდროინდელი იუგოსლავიის დაბომბვით), შემდეგ კი, 2022 წელს, კრემლის ჯარების უკრაინაში შეჭრით „ამოყირავდა“.

ახლად გამოღვიძებული იდიოტები თავს იკატუნებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ დასავლეთია ექსპანსიონისტი და რასისტი, რაც, ცხადია, შეცდომას წარმოადგენს. დღეს რუსეთს უკრაინის ხელში ჩაგდება სურს, ჩინეთს – ტაივანის დაპყრობა-მიერთება, ირანს კი, რომელიც „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ აფინანსებს, ახლო აღმოსავლეთის გაკონტროლება და ისრაელის განადგურება. იმპერიალიზმის შერწყმა ეთნიკურ სიძულვილთან დღეს ისევევ დამღუპველია, როგორც 1930-იან წლებში იყო.

ძალთა ბალანსის დაცვა კიდევ უფრო რთულდება ასიმეტრიული ომების მასთაბების ზრდით: პატარა დრონებს, კერძოდ, დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ უფრო ძლიერი ქვეყნებისათვის და მსოფლიოს დესტაბილიზებისათვის. ეს მხოლოდ დროპის საკითხია: შეიძლება პატარა დრონმა ისეთი რამ მოახდინოს, რაც 1914 წელს ავსტრიელი ერც-ჰერცოგ ფერდინანდის მკვლელობამ გამოიწვია.

მეორე მსოფლიო ომამდე ბევრი შედარებით მცირე კონფლიქტი იყო მომხდარი, მაგალითად, იაპონიის არმიის შეჭრა მანჯურიაში, იტალილების შეჭრა ეთიოპიაში, ავსტრიის ანშლუსი მესამე რაიხის მიერ. მსგავს საგანგაშო სიგნალები ჩვენს დროშიც ვრცელდება – დაწყებული რუსეთის ყირიმში შეჭრით 2014 წელს, ბარაკ ობამას მმართველობის დროს, რაც მსოფლიოს ქაოსად გადაქცევისათვის გადამწყვეტ მომენტად იქცა. მას მოჰყვა ომი ეთიოპიაში – ტიგრაელ სეპარატისტთა დასასჯელად, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ისრაელის შეტევა „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზას სექტორში. ამ ყველაფერმა გააძლიერა ომების მსხვერპლთა ზრდის ტენდენცია.

დღევანდელი გადასახედიდან სასწაულად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ უკრაინის ომამდე ევროპელთა, ჩრდილოამერიკელთა და ავსტრალიელთა თითქმის სამი თაობა თავს არიდებდა ცდილობდა თავი აერიდებინათ სარაკეტო სეტევებისათვის, ბირთვული თუ ბიოლოგიური ომების ჯოჯოხეთისათვის და სამხედრო სამსახურში მასობრივი გაწვევებისათვის. დღეს კი რაზე ვფიქრობთ? მზად ვართ ვუღალატოთ არამარტო ჩვენს ვეტერანებს, არამედ ჩვენს შვილებსაც? ისინი, რომლებმაც თავის დროზე საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შესწირეს ნათელ მომავალს, უკეთესს იმსახურებენ, ვიდრე იმას, რომ ჩვენ მათი მემკვიდრეობა დავანგრიოთ.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს საელჩოს, რომ არცერთ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა, უსაფრთხოების ოფისმა თავისი რეკომენდაცია გააუქმა – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამჯერად საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ გაუქმებულია ის სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრში – „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“ და „თბილისი მოლი“ , ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით იყო გაცემული.

„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიასიახლეებს და ყურადღებით იყვნენ საკუთარ გარემოცვაში.

7 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

პასუხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება და მოუწოდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომდგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.

მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა – შალვა პაპუაშვილი

მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ევროკომისიის პრესსამსახურის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.

მისივე თქმით, ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება.

„ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა. მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათელია და ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება. რაც შეეხება ევროპულ სტრუქტურებსა და ორკესტრირებულ მოქმედებას, შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეესტრის წყალობით ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ თურმე ევროპარლამენტის რეზოლუციებს. ის რეზოლუციები, რომელიც მიიღებოდა აღმოვაჩინეთ, რომ დაწერილი ყოფილა ამერიკელი ლობისტების მიერ. მე არ ვიცი ევროკომისიის პრესმდივანს ვინ უწერს განცხადებებს, თუმცა, მგონი მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსება სხვა ქვეყნებში დეზინფორმაციის, ძალადობრივი ჯგუფებისა თუ პროპაგანდის, რომელიც USAID-ისა და სხვა არხებით ხორციელდებოდა, ზუსტად ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად. ამიტომ ევროკომისიის პრესმდივანი თუკი თავს კომპეტენტურად მიიჩნევს საქართველო საკითხებზე სასაუბროდ, იქნებ გვიპასუხოს აპირებენ თუ არა გადახედონ ისეთ დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომელიც მიედინება პოლიტიკურ პარტიებში და ეს დადასტურებულია. დადასტურებულია, რომ ევროკომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, EED-ის მეშვეობით, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხებით, ფინანსდებიან რადიკალური პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსდება დეზინფორმაციული საშუალებები და ფინანსდება ანტიქართული პროპაგანდა. ამაზე გაგვცენ პასუხი, თუკი მაინცდამაინც საუბარი სურთ საქართველოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის მიერ „MEGOBARI აქტის“ მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და არ შეესაბამება იმას, რასაც ევროკავშირის სტრუქტურები კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

იმ ქაოსისაგან, რომელიც დონალდ ტრამპმა შექმნა, ყველაზე მეტად მოგებულები არიან სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი – Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 8 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „იმ ქაოსისაგან, რომელიც დონალდ ტრამპმა შექმნა, ყველაზე მეტად მოგებულები არიან სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი“ (ავტორი – ალექსანდრე გაბუევი, კარნეგის ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში). „მსოფლიო გარდამტეხი მომენტის მოწმეა: ამერიკა თვითონვე იზიანებს საკუთარ თავს, რითაც ყველაზე მეტად რუსეთი და ჩინეთი სარგებლობს. სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინისათვის მომგებიანი პერიოდი დგება“, – ასეთია   ანალიტიკური პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

„ახლა მსოფლიოში ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს, რომელთა მსგავსი 100 წლის განმავლობაშიც კი არ ყოფილა. როცა ჩვენ ერთად ვართ, ამ ცვლილებებს ჩვენვე ვმართავთ’, – ასე განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა კრემლში, 2023 წლის მარტში, როცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ემშვიდობებოდა.

იმყოფება რა ოთხდღიან სამიტზე, რომელიც მოსკოვში 7 მაისს დაიწყო, ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს შეუძლიათ სიხარული გამოხატონ იმის გამო, რომ ცვლილებები მართლაც ხორციელდება პრაქტიკულად – თუნდაც ნაწილობრივ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამანგრეველი და მადესტაბილიზებელი მოქმედებით.

მსოფლიოში გარდამტეხი მომენტი დადგა: ამერიკა ნებაყოფლობით ძირს უთხრის საკუთარ გლობალურ სტატუსს, პეკინი და მოსკოვი კი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახონ ამ სიტუაციით. ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი საკმაოდ იოლი ამოცანის წინაშე დგანან – მათ მხოლოდ ისეთი სტრატეგიის შემუშავება მოუწევთ, რომლის მიხედვით მაქსიმალურად შეძლებენ ამ ისტორიული მომენტის გამოყენებას და ისე იმოქმედებენ, რომ აშშ-ის ჰეგემონია საბოლოოდ დაინგრეს.

ორი წლის წინათ, როცა ამხანაგი სი მოსკოვში იმყოფებოდა, მას სურდა დამარწმუნებელი სიგნალი მიეცა კრემლისათვის, რომ უკვე გადაწყვიტა პუტინი არ მიეტოვებინა. ჩინეთმა ფარულად დაიწყო რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში. იმ დროს სი ძინპინის ნაბიჯი საკმაოდ სარისკო ჩანდა: კრემლის არმია მარცხს მარცხზე განიცდიდა, უკან იხევდა, კიევს ევროპა და აშშ აქტიურად ეხმარებოდა, უკრაინის არმიის სარდლობა კონტრშეტევისათვის ემზადებოდა და დასავლეთში ბევრს ილუზიური იმედები გაუჩნდა – იქნებ უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს და კრემლის დამცირების მომსწრენი გავხდეთო.

სი ძინპინმა დაიწყო რუსეთისადმი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდება, ინტეგრალური სქემების (ჩიპების) და მოწინავე ტექნოლოგიური ცარხების მიწოდება, რომლებიც რუსეთს საკმაოდ შელახული სამხედრ-სამრეწველო პოტენციალი აღედგინა. გარდა ამისა, ჩინეთმა გამოათავისუფლა დამატებითი ადგილები თავის უკიდეგანო ბაზარზე რუსული პროდუქციისათვის და ამით კრემლს ესოდენ სასურველი საექსპორტო შემოსავლები გაუზარდა. ამის შედეგად რუსეთმა შეძლო თავისი სამხედრო მანქანის განმტკიცება და რუსეთის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანა.

სამაგიეროდ მოსკოვმა პეკინს აღუთქვა პრიორიტეტული წვდომა იაფ რუსულ ნახშირწყალბადებზე (ენერგომატარებლებზე) – ნავთობსა და გაზზე, ლითონების საბადოებზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასუქებზე, მოწინავე რუსულ იარაღზე, რომლებიც უკვე საბრძოლო პირობებში იყო გამოცდილი… და ბოლოს, ჩინეთმა რუსეთისაგან მიიღო ის ტექნოლოგიური კადრები, რომლებიც ომამდე დასავლურ ლაბორატორიებში მუშაობდნენ და იძულებულნი გახდნენ რუსეთში დაბრუნებულიყვნენ.

რუსეთისთვისაც და ჩინეთისთვისაც ეს ურთიერთინვესტიციები ფრიად სასარგებლო და მომგებიანი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს მოუწია შერიგებოდა ჩინეთზე გაზრდილ დამოკიდებულებას, ხოლო ჩინეთს – წასულიყო ევროპასთან ურთიერთობის გაუარესობაზე.

ახლა კი სი ძინპინს და ვლადიმერ პუტინს შეუძლიათ უფრო მეტი დივიდენდები მიიღონ: დონალდ ტრამპი ეშხში შევიდა და მთელი ძალით ანგრევს ოდესღაც აშშ-ის მიერ შექმნილ მსოფლიო წესრიგს, ამის შემხედვარე რუსეთი და ჩინეთი გარე მაყურებელ-დამკვირვებლებად არ დარჩებიან.

პირველ რიგში იმიტომ, რომ პეკინი და მოსკოვმა ბევრი რამ ისწავლეს და „აცრები ჩაიტარეს“ ვაშინგტონის ტექნოლოგიურ და ფინანსურ შანტაჟზე. ის, რომ რუსეთს დღემდე აქვს შესაძლებლობა ძვირადღირებული ომი გააგრძელოს, დასავლური სანქციების ცუნამის მიუხედავად, ჩინეთისათვის ყველაზე მეტად დამარწმუნებელ არგუმენტს წარმოადგენს, თუ როგორ შეუძლია თავი დაიცვას ამერიკისაგან – ეს იქნება საკუთარ ვალუტაზე (იუანზე) დაყრდნობა თუ სამამულო ტექნოლოგიების განვითარება. მოსკოვი და პეკინი, სავარაუდოდ, შეეცდებიან ამ ინსტრუმენტების გაფართოებას გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, „ბრიკს“-ის მეშვეობით, ვაშინგტონი კი თავისი სატარიფო მსოფლიო ომით მათი უნებლიე კომივოიაჟერი გახდა. 

მეორე – სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი უკვე ათ წელზე მეტია აცხადებენ, რომ დასავლური ყაიდის დემოკრატია შორს არის სრულყოფისაგან. მართლაცდა, რა უნდა იყოს ასეთი შეფასების ყველაზე დამამტკიცებელი არგუმენტი, თუ არა დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად? ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჩინეთს აქვს უფლება ამტკიცოს, რომ მისი სისტემა უფრო მეტად მტკიცეა და მას უფრო მეტი სამომავლო პერსპექტივა აქვს – ისეთი, რომელსაც ტრამპის ამერიკაში ვერცკი წარმოიდგენენ. რწმენა იმისა, რომ ამერიკული დემოკრატია და სახელმწიფო მმართველობის ფორმები და მეთოდები ყველაზე უკეტესია მსოფლიოში, დიდი ხნის განმავლობაში იყო აშშ-ის ძლიერების საფუძველი. მაგალითად, მან დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა, რითაც ღრმა სულიერი ჭრილობა მიეყენა როგორც ვლადიმერ პუტინს, ასევე სი ძინპინს. და თუ აშშ-ის ძლიერებისადმი რწმენა ახლა საბოლოოდ იქნება დარღვეული, მაშინ ეს მოსკოვისა და პეკინის დიდ გამარჯვებას ნიშნავს.

და ბოლოს, მესამე – დონალდ ტრამპი თავისი ხელით ამუხრუჭებს ამერიკულ ბიუროკრატიას, დაწყებული სახდეპარტამენტიდან და პენტაგონიდან, დამთავრებული სადაზვერვო უწყებებით, და ისე იქცევა, რომ თავის საკვანძო მოკავშირეებს თვითონვე იუცხოვებს. ასეთ მოქმედება იწვევს აშშ-ის დასუსტებას იმ დროს, როცა რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო მანქანა და დაზვერვა სწრაფად ვითარდება.

დღეს პეკინი მთელ მსოფლიოს თვალს ადევნებს და აგროვებს იმ პროექტებს, რომლებიც აშშ-ის „იუესაიდის“ მიერ იქნა მიტოვებული. ამით მატულობს ჩინეთის „რბილი ძალა“, ამით იხიბლებიან აშშ-ის ყოფილი მეგობრები, რომლებიც ახლა მზერას ჩინეთს აპყრობენ მზერას – ახალი სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებების დადების იმედით.

წარმოვიდგინოთ ახლო მომავლის პირქუში ალტერნატივა: ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს, რომლებიც ასაკით 70 წელზე ცოტა მეტი ხნის არიან, შეუძლიათ თავიანთი მემკვიდრეობის განმტკიცება და ისტორიაში საკუთარი სახელების უკვდავჰყოფა. ამისათვის ისინი უფრო თამამად და გაბედულად გააგრძელებენ მსოფლიოს რუკის თვითნებურ ცვლილებას – ძველი მსოფლიო წესრიგი დასასრულს უახლოვდება, ამერიკა კი თავის არეულ-დარეულ საქმეებს ვერ უვლის.

რა თქმა უნდა, ზუსტად არავინ იცის, მოხვდება თუ არა ისტორიის სახელმძღვანელოში ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების ამჟამინდელი მოსკოვური რანდევუ – შესაძლოა მოვლენები  სულ სხვაგვარად განვითარდეს. მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ დონალდ ტრამპის ჩანაფიქრი იმაში გამოიხატება, რომ სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის შუღლი ჩამოაგდოს (როგორც იგი ტრაბახობდა პირველი პრეზიდენტობის დროს), მაშინ მისი მეორე ვადით პრეზიდენტობა პირიქით, პეკინს და მოსკოვს ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტად აახლოებს.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 4 თვეში 2 182 811 მგზავრსა და 9 908 რეისს მოემსახურნენ

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2 182 811 მგზავრი შეადგინა (2024 წლის იანვარ-აპრილი – 1,936,381 მგზავრი), – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, 2025 წლის პირველ 4 თვეში რეისების რაოდენობა 16%-ით არის გაზრდილი და ჯამურად 9,908 რეისია შესრულებული საქართველოს აეროპორტებში (2024 წლის იანვარ-აპრილი – 8,554 რეისი).

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის ოთხ თვეში – 1,442,525 მგზავრი და 7,283 რეისი მიიღო, Რაც გასული წლის პირველ 4 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 13%-იან ზრდასა (2024წლის 4 თვე – 1,278,447 მგზავრი) და რეისების 17%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის 4 თვე – 6,235 რეისი).

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე – 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 233,722 მგზავრსა და 1,092 რეისს მოემსახურა. Წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 43,7%-იანი ზრდა (2024 წლის 4 თვე -162,699 მგზავრი) და რეისების 36,7%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე – 779 რეისი).

რაც შეეხება აპრილის თვეს, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის აპრილში 648,168 მგზავრსა და 2,846 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 24%-იანი (2024 წლის აპრილი – 521,139 მგზავრი) და რეისების 19%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი – 2,399 რეისი).

აპრილის თვეში თბილისის აეროპორტში 424,907 მგზავრი და 2,066 რეისი დაფიქსირდა. 2024 წლის აპრილთან შედარებით, მგზავრთნაკადის 17%-იანი (2024 წლის აპრილი – 364,511 მგზავრი) და რეისების 15%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის აპრილი 1,794 რეისი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა გასულ თვეში 145,137 მგზავრი და 423 რეისი მიიღო, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით მგზავრთნაკადის 49%-იან ზრდას (2024 წლის აპრილი – 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით 28%-იან ზრდას წარმოადგენს (2024 წლის აპრილი – 330 რეისი).

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი აპრილში 78,124 მგზავრსა და 357 რეისს მოემსახურა. წინა წლის აპრილის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 32%-იანი (2024 წლის აპრილი – 59,408 მგზავრი) და რეისების 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2024 წლის აპრილი – 275 რეისი).