Home Blog Page 2

კაია კალასი განმარტავს წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და შესრულების „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი განმარტავს წერილის შინაარს, რომელიც საქართველოსთვის რეკომენდაციებს მოიცავს და „დედლაინად“ აგვისტოს ბოლო სახელდება.

კერძოდ, კალასის თქმით, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზის შეჩერების ანგარიშში გადაეცა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა წერილის გარკვეული პუნქტები დაასახელა. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს.

“საქართველოსადმი გაგზავნილ წერილს რაც შეეხება: როგორც იცით, უვიზო მოგზაურობის რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლიდან გვაქვს. ეს დიდი სარგებელია, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს და, შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცა საქართველოს ვიზის შეჩერების ანგარიშში. ამას მთლიანად არ წავიკითხავ აქ, უბრალოდ აღვნიშნავ რაღაცებს.

მაგალითად ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს – უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, პრივატულობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება, და ასევე დისკრინიმაციის აკრძალვა – ეს მხოლოდ ერთი პუნქტია. კიდევ 8 მსგავსი პუნქტია. ასე რომ, ვინაიდან, მათ ეს “დედლაინი” მიეცათ აგვისტოს ბოლომდე ამის შესასრულებლად, კითხვაა – როგორ რეაგირებას მოვახდენთ, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება? და როდესაც გვესმის, მაგალითად, რომ 8-დან 7 ოპოზიციონრი ლიდერი ციხეში ჩასვეს, ეს არ შეესაბამება პირველ პუნქტს, რომელიც აღვნიშნე.

ასე რომ, აქამდე პოზიცია გვქონდა, რომ არ გვინდა ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, რომელსაც მართლა აქვს მათთვის მნიშვნელობა, თუმცა, ამავდროულად, ეს ასევე, ევროკავშირის სანდოობის საკითხია. თუ ეს რაღაცეები გვაქვს და ეს სარგებლიანი რამეა – ბონუსია, რომელსაც ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც არ ასრულებს პირობებს – ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე არაა და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს”, – განაცხადა კალასმა.

მოსკოვს სურს გაიგოს, რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად 50 დღის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში – ლავროვი

J

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს გაიგოს, რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად 50 დღის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს გავიგოთ, რა დგას ამ განცხადების [ტრამპის] უკან – 50 დღე. ადრე იყო 24 საათიც, იყო 100 დღეც, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ და ნამდვილად გვინდა გავიგოთ, რა ამოძრავებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ნათელია, რომ ის [ტრამპი] იმყოფება უზარმაზარი წნეხის ქვეშ ევროკავშირისა და ნატოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც უცერემონიოდ უჭერს მხარს ზელენსკის მოთხოვნებს, აგრძელებს მისთვის თანამედროვე, მათ შორის შეტევითი იარაღის მიწოდებას“, – დასძინა მან.

ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ თუ 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რუსეთს ცალმხრივად დაუწესებს „100 პროცენტიან“ ტარიფებს.

მოსკოვში ტრამპის გუშინდელ განცხადებებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და აანალიზებენ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუშინდელ განცხადებებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და აანალიზებენ.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ტრამპის ზოგიერთი განცხადება პირადად ვლადიმერ პუტინისთვის იყო განკუთვნილი.

კრემლის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონში, ნატოს ქვეყნებსა თუ ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინისთვის არა მშვიდობის გზავნილი, არამედ ომის გახანგრძლივების წახალისებაა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ თუ 50 დღის განმავლობაში უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებს მეორად სანქციებს დაუწესებს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7138 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7138 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7149 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1703 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1737 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 ლარი შეადგინა.

“დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინისათვის იარაღის მიწოდების თაობაზე ბუნდოვანია, მაგრამ მისი ტონალობა მაინც შემობრუნებას მოწმობს”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება დონალდ ტრამპის 14 ივლისის განცხადებას, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს და აქვეყნებს სტატია-კომენტარს სათაურით: „დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინისათვის იარაღის მიწოდების თაობაზე ბუნდოვანია, მაგრამ მისი ტონალობა მაინც შემობრუნებას მოწმობს“ (ავტორი – დენ საბაჰი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ის, ვისაც რაიმე კონკრეტული და ფართო ინფორმაციის მოსმენა სურდა დონალდ ტრამპის მიერ ნატოს გენმდივანთან მარკ რიუტესთან საუბრის დროს გაკეთებულ ანტირუსულ განცხადებაში, გაწბილებული დარჩა: პრეზიდენტმა ბუნდოვნად თქვა, რომ უკრაინას იარაღს მიაწოდებდა, მაგრამ არაპირადაპირი გზით, მხოლოდ ნატოს მეშვეობით, იარაღის ფულს კი ამერიკას ალიანსის სხვა წევრები გადაუხდიან.

არანაირი კონკრეტული თანხა პრეზიდენტს არ დაუსახელებია, რაც აძნელებს იმის შეფასებას, თუ რამდენად არსებითი აღმოჩნდება კიევისათვის შეთავაზებული იარაღის რაოდენობა. ასევე არ არის დაკონკრეტებული საბრძოლო მასალებიც. მართალია, დონალდ ტრამპმა „პეტროოტები“ ახსენა, მარკ რიუტემ კი დაამატა – რაკეტები და ჭურვებიო, მაგრამ მათი დასახელება მაინც გაურკვეველია.

ძნელია იმის ზუსტად თქმა, რა რაოდენობის იარაღის მიწოდება მოახდენს გავლენას ვლადიმერ პუტინზე, რომ იგი იძულებული გახდეს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. უხეშად თუ ვიტყვით, ალბათ, პაკეტი მინიმუმ 10 მილიარდის დოლარის მაინც უნდა იყოს. გავიხსენოთ, რომ ტრამპის წინამორბედმა ჯო ბაიდენმა სამი წლის განმავლობაში უკრაინას მხოლოდ იარაღი 67 მილიარდი დოლარის გაუგზავნა. გარდა ამისა, დახმარების გაწევის სქემა, ადრინდელთან შედარებით, ახლა საკმაოდ რთული იქნება – უკრაინისათვის განკუთვნილ იარაღს აშშ ჯერ მიაწოდებს თავის ნატოელ მოკავშირეებს, ისინი ფულს ამერიკას გადაუხდიან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კიევი იარაღს.

ერთადერთი კონკრეტული საფრთხე-მუქარა დონალდ ტრამპის განცხადებაში მხოლოდ ისაა, რომ მან თქვა – რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან საბაჟო ტარიფებს დაუწესებს, თუ ისინი რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის აბდაუბდას თუ გავიხსენებთ, შეუძლებელია იმის გაგება, რა მოხდება, თუ რუსეთი 50 დღეში აშშ-ის მოთხოვნას არ შეასრულებს და ზავზე არ დათანხმდება.

მოკლედ, პრეზიდენტის ნათქვამში გარკვეული ბუნდოვანება მართლაც არის. ბევრმა, ვინც ყურადღებით უყურებდა დონალდ ტრამპს, ალბათ, ერთი მომენტიც შეამჩნია: პრეზიდენტი კი ამბობდა, რომ „ძალიან უკმაყოფილო ვარ რუსეთითო“, მაგრამ მის ხმაში ვლადიმერ პუტინის მიმართ ბრაზი არ შეინიშნებოდა.

თუმცა ცდუნებას არ აჰყვეთ: დონალდ ტრამპის განცხადება მართლაც მნიშვნელოვანია და მისი რუსი კოლეგის გაღიზიანებას აუცილებლად გამოიწვევს.
დონალდ ტრამპს განწყობა თანდათან ეცვლება: თუ ადრე იგი ვლადიმერ პუტინს პატივისცემით, მეგობრულად მოიხსენიებდა ხოლმე და ყოველთვის აცხადებდა, მისი რუსი კოლეგა სიტყვის პატრონია, ახლა მივიდა დასკვნამდე, რომ პუტინი მშვიდობის დამყარებაზე სერიოზულად არ ფიქრობს.

შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის ცოლი მელანია უფრო მეტად ლობისტობს უკრაინის სასარგებლოდ, ვიდრე თვითონ პრეზიდენტი. აი, პრეზიდენტის მიერ მოყოლილი ამბავი: „სახლში რომ მივედი, პირველ ლედის ვუთხარი – „დღეს ვლადიმერ პუტინს ვესაუბრე და ჩვენ ძალიან კარგი ლაპარაკი გვქონდა“. ცოლი მეუბნება: „მართლა? მე კი ვნახე, როგორ დაბომბა პუტინმა კიდევ ერთი უკრაინული ქალაქი“.

დონალდ ტრამპის თქმით, მას ოთხჯერ ეჩვენებოდა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ როცა ყოველი სატელეფონო საუბრის დროს დაუყოვნებლივ იბომბებოდა უკრაინის ქალაქები, იგი იძულებული გახდა თავისი პოზიცია შეეცვალა.

რასაკვირველია, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ეს ძალიან სასარგებლო მომენტს წარმოადგენს. მას ამ ეტაპზე ძალიან გაუმართლა. ხომ გვახსოვს, როგორ გამოაგდეს იგი თეთრი სახლიდან რამდენიმე თვის წინ და რა მოჰყვა სკანდალს? ცხადია, ზელენსკიმ ჭკუას მოუხმო, ფრთხილი მოქმედება დაიწყო, ოვალურ კაბინეტში სკანდალის შემდეგ ზედმეტი აღარაფერი არ უთქვამს და იმედი გამოხატა, რომ დონალდ ტრამპი თანდათან მიხვდება, რომ ვლადიმერ პუტინი გულწრფელი არ არისო. აშშ-ის პრეზიდენტი ბოლო დღეებში მართლაც მივიდა ამ დასკვნამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კრემლის იძულება მშვიდობაზე შეიძლება არ მოხერხდეს, ტრამპის ტონის ცვლილება და ევროპის მზადყოფნა ფული გადაიხადოს აშშ-ის მიერ უკრაინისათვის განკუთვნილ იარაღში იმას მიუთითებს, რომ კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ძველებურად მზად არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლს დაეხმაროს და გადაარჩინოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

,, პოლიტიკური გიენები არიან, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიით, წლებია, ასე იქცევიან და მომავალშიც ასე მოიქცევიან”- შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკური გიენები არიან, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რომ „გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოპოზიციურმა მხარემ პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყო“, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“.

„ეს არის ის, რაც ნაკვებია გარედან, ისტერია და ჩასაფრება, რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ. ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ბედისწერით. ასე რომ, არაფერი ახალი არ არის. წლებია, ასე იქცევიან და მომავალშიც ასე მოიქცევიან. პოლიტიკური გიენები არიან, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

თიბისიმ მსხვილი კორპორაციული კლიენტების ფინანსური მენეჯერებისთვის სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრები ტრადიციულად BDO Academy-სთან თანამშრომლობით გაიმართა.

ტრენინგების მთავარი თემა წელს ბიზნესის მართვის ახალი სტანდარტები იყო, მათ შორის: „RPA და ციფრული ბუღალტერია: მონაცემთა სინქრონიზაცია საგადასახადო და ფინანსური აუდიტისთვის“, „2024 წლის აქტუალური საგადასახადო საკითხები“ და „ფასს 16 – იჯარა“.

სალექციო საკითხები ფინანსური მენეჯერების წინასწარი გამოკითხვის მიხედვით შეირჩა, შეხვედრები კი BDO Academy-ს ტრენერებმა ჩაატარეს.  

“თიბისი ყოველთვის უსმენს პარტნიორებს და დროულად პასუხობს მათს ინტერესებსა და საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიების ფინანსურ გუნდებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. უკვე ოთხი წელია „BDO აკადემიასთან“ ერთად ვატარებთ შეხვედრებს, რომლებიც უშუალოდ ფინანსური მენეჯერების საჭიროებებზეა მორგებული. დარწმუნებული ვარ, ტრენინგები პარტნიორ კომპანიებს დაეხმარება როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე სტრატეგიულ ფინანსურ დაგეგმვაში”, – ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

ავარიული სახლების ჩანაცვლების წესის მიუხედავად, მრავალ ოჯახს უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება – სახალხო დამცველი 

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

სახალხო დამცველი მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

მისივე ცნობით, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართავენ მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს“,- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.

„სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასა და ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით გააძლიერა რისკის ზონებში მონიტორინგი. პრევენციის და შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეხანძრე-მაშველები, ყველა შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნიკის გამოყენებით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ ტყის მასივებში პატრულირებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სადგურის მოედანთან“ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებულ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

როგორც გენერალურ პროკურატურასთან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ უწყებაში შეტანილი განცხადება „კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მიმართ დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ემსახურება“.

ფარულავას განმარტებით, მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ საქართველოს პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს.

„უპირველესად, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა. ამ ყოველივეს წინ თბილისის მერიის და კახა კალაძის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობა უძღოდა. მათ თავად განაცხადეს, რომ იცოდნენ ბაზრობაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომ ავარიული კორპუსი იყო, თუმცა მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, ავარიული საცხოვრებელი კორპუსი არავინ შემოსაზღვრა უსაფრთხოების [ლენტით], არავინ არაფერი გააკეთა. ეს შედეგია კორუფციული მმართველობის. ეს არ არის უბრალოდ უყურადღებობა, ეს არის სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა არამხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო – გიორგი გახარია

ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, ბრიუსელში მინისტრებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო. აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს”,-წერს გიორგი გახარია X-ზე.

საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა – კაია კალასი

აქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს“, – აღნიშნა კალასმა.