Home Blog Page 2

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით რამდენიმე მუხლის გარეშე მიიღო

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონის პროექტი მეორე მოსმენით რამდენიმე მუხლის გარეშე მიიღო.

როგორც კენჭისყრის წინ მომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, ადამიანის უფლებების ჭრილში მეტი გარანტიებისა და რიგი პროცედურული საკითხების უკეთ დაზუსტების მიზნით, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართებოდა.

გადადებული მუხლებზე პოზიციების შეჯერება კომიტეტის სხდომაზე იგეგმება, რომელიც პარლამენტში დღევე გაიმართება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. მას მესამე მოსმენით დღესვე დაამტკიცებენ.

GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება

საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, წარმოების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზეა ფოკუსირებული. ამჟამად კომპანიის კვლევა-განვითარების დეპარტამენტში (R&D) 15 ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა, რითაც ჯანდაცვის სპეციალისტებს ბევრი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემის უკეთ მკურნალობის საშუალება მიეცემათ.

სწორედ ამიტომ, GM PHARMA მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე,  კომპანიაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საერთაშორისო სწავლებებისა და ტრენინგების პროცესი, რის ფარგლებშიც მორიგი სამდღიანი საერთაშორისო ტრენინგი-სემინარი ჩატარდა თემაზე „ფარმაცევტული განვითარების ანგარიშის (PDR) შედგენა“.

ახალი პრეპარატების შექმნის დროს აუცილებელია მედიკამენტის უსაფრთხოების, ეფექტურობის, წარმოების შესაძლებლობებისა და პროდუქტის საიმედოობის სრულფასოვანი შეფასება. ეს პროცესები და მათთან დაკავშირებული ყველა აქტივობა ცნობილია, როგორც ქიმია, წარმოება და კონტროლი (CMC – Chemistry, Manufacturing, and Control). ფარმაცევტულ ინდუსტრიაში აღნიშნული ტერმინი გამოიყენება სამკურნალო პროდუქტის მოლეკულის ან ნაერთის ქიმიური თვისებების, მისი წარმოებისა და ანალიზური კონტროლის პროცესების აღწერის მიზნით და სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტაციის, ე.წ. მედიკამენტის „დოსიეს“ შესაქმნელად. ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების თუ სხვა წამყვანი ქვეყნების მარეგულირებლების გაიდლაინების შესაბამისად, შემუშავებულია მარეგულირებელ ორგანოში ახალი მედიკამენტის სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების საერთაშორისო ფორმატი – CTD (საერთო ტექნიკური დოკუმენტი/Common Technical Document). აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვნად აადვილებს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იმავე წამლის სარეგისტრაციოდ წარდგენის პროცესს. CTD-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განყოფილებას კი წარმოადგენს ფარმაცევტული განვითარების ანგარიში (PDR – Pharmaceutical Development Report), რომელიც ახალი მედიკამენტის ფორმულაციისა და ანალიზური განვითარების ფაზაში გენერირებულ დოკუმენტაციას ეფუძნება. სრულყოფილი PDR-ის არსებობა სარეგისტრაციო განაცხადის მიმომხილველებისა და ინსპექტორების მხრიდან პროდუქტისა და პროცესის სრულყოფილად გაგებისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მედიკამენტის წარმატებული რეგისტრაციის წინაპირობაა. ტრენინგის მთავარ მიზანს სწორედ აღნიშნული პროცესების სწორად მართვა, ფარმაცევტული განვითარების ანგარიშის ნიმუშის შედგენა, თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის სრულყოფა, კვალიფიკაციის ამაღლება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ჩატარებული საერთაშორისო ტრენინგის კურსი მოიცავდა როგორც სალექციო ნაწილს, ასევე ინტერაქციულ, გუნდური მუშაობის სემინარებს. თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ვორქშოპებში.

ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო აღიარების მქონე გერმანელი ექსპერტი და კონსულტანტი, დოქტორი ჰელმუთ ვიგენშოუ (Dr. Helmut Vigenschow), რომელსაც ფარმაცევტულ ინდუსტრიაში 40 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. ბ-ნი ჰელმუთი ევროპის გენერიკული მედიკამენტების ასოციაციისა (EGA) და გერმანიის წამლის მწარმოებელთა ასოციაციის (BAH) წევრია. მის საკონსულტაციო-სატრენინგო სფეროებში შედის ფარმაცევტული პროდუქტების კვლევა-განვითარება, მარეგულირებლებთან ურთიერთობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) კომპლაენსი, პროექტების მართვა და სხვა.

„ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები GM PHARMA-ში ახალი პროდუქტების კვლევა-განვითარების პროცესების მართვის სტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით, ფარმაცევტული განვითარების ანგარიშის ნიმუშის შექმნისკენ, რაც გააადვილებს სათანადო, ხარისხიან კომუნიკაციას ყველა ჩართულ მხარეს შორის, მათ შორის მარეგულირებელთან და დაზოგავს კომპანიის მხრიდან ახალი პროდუქტების განვითარების, რეგისტრაციისა და ბაზარზე გაშვებისთვის საჭირო დანახარჯებსა და დროს.“ – აცხადებს გერმანელი ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. კომპანიის ისტორია 25 წლის წინ დაიწყო. ერთი შეხედვით წარმოუდგენელი და რთულად განსახორციელებელი ამოცანა 2000 წლის თებერვალში რეალობად იქცა და GM PHARMA-ში პირველი მედიკამენტი – რიფამპიცინის კაფსულები შეიქმნა.

წელს GM PHARMA უწყვეტი განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. დაფუძნების დღიდან კომპანიის ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე, ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით პროდუქტების ხარისხის მუდმივი სრულყოფა, ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

(R)

ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) – შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED), – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საგარეო დახმარების სახელით დახარჯული თანხების
გამჭვირვალობა ვალდებულებაა და არა არჩევანი.

,,ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED).

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ ამერიკელი ხალხის ფულის მავნე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მხილების შემდეგ, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი ამ ფონდის საქმიანობის მიმართ. მითუმეტეს, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი, მანამდეც არაერთ სკანდალში გაეხვა.

საგარეო დახმარების სახელით დახარჯული თანხების გამჭვირვალობა ვალდებულებაა და არა არჩევანი“, – წერს პაპუაშვილი.

ევროპისათვის ჯერ კიდევ უცნობი გასტრონომიული სამოთხე, სადაც ღვინო და საჭმელი ძალზე იაფია – რას წერს ბრიტანული პრესა საქართველოზე

ბრიტანულ ცნობილ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპისათვის ჯერ კიდევ უცნობი გასტრონომიული სამოთხე, სადაც ღვინო და საჭმელი ძალზე იაფია“ (ავტორი – მარიანა ჰანტი). ბრიტანელებს ძალიან მოეწონებათ საქართველო, სადაც ბევრი ბევრი რამ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია სეტანილი“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ჩვენ იმ საღამოს ათამდე სადღეგრძელო დავლიეთ. წითელი ღვინო ძალიან იოლად და მსუბუქად ისმებოდა და მიუხედავად იმისა, რომ არ მშიოდა, ხაჭაპურის ბოლო ნაჭერი იმდენად მაცდუნებლად მოჩანდა, რომ ვერ მოვითმინე… ვუყურებდი სუფრას და ვფიქრობდი: რას მიქვია საფრანგეთი… აი, სწორედ აქ, საქართველოში იციან მეღვინეობა და ღვინის კულტურა.

ღვინო, რომელსაც ვსვამდით, „ქართული საფერავი“ იყო, რომელიც ფრანგული „ბორდოს“ ჰგავს. ვაზის ჯიში „საფერავი“ საქართველოში ვენახის მეფეა – ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე უძველესი კულტურის ცენტრი.
მე ვიყავი სახალხო მომღერლის, ფერმერ სიმონ რუაძის ოჯახში, რომელიც განთქმულია მთელ კახეთში – საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ქართული ღვინის 80% მზადდება.

აქაური ღვინის ხარისხი მაღალია, ფასი კი ძალიან დაბალი – ბევრ ადგილობრივ რესტორანში ერთი ბოთლი უმაღლესი ხარსისხის ღვინო სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგი ღირს. ღვინო საქართველოში ეროვნული სიამაყის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც იუნესკოს მიერ არის აღიარებული.
ქართული ღვინის მოხმარების წესებს მეტ-ნაკლებად რომ დაეუფლო, ამისათვის აუცილებელია მონაწილეობდე ტრადიციულ სუფრაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია გემრიელი ეროვნული საჭმელები, სასმელები და სიმღერები. ქართული ტრადიციული სუფრა („ქეიფი“) შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს (ზოგჯერ მთელი ღამის განმავლობაშიც!) და მას თან ახლავს მრავალრიცხოვანი სადღეგრძელოები. სუფრას უძღვება სპეციალურად დანიშნული თამადა ანუ „სადღეგრძელოთმცოდნე“.

სიმონი გულუხვად გვიმასპინძლდება ტრადიციული ქართული სუფრით, რომლის ორგანიზება ტურისტული ოპერატორის Regent Holidays-ის ხელშეწყობით განხორციელდა (მეც სწორედ მისი დახმარებით ვმოგზაურობ). სიმონის შვილი და შვილიშვილი სუფრას რომ შლიდნენ, გაკვირვებული დავრჩი ეროვნული კერძების სიუხვით – ისინი უწყვეტად, საჭმელების ერთგვარი აღლუმის სახით, ეზიდებოდნენ ათასნაირ ქართულ ნუგბარს: ხაჭაპურებს, ბადრიჯნისგან მომზადებულ კერძებს (ნიგვზით), შემწვარ გოჭს და, რა თქმა უნდა, ბევრ ღვინოს. საჭმელთა ნაკადი დროებით მხოლოდ სიმონის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოების დროს ჩერდებოდა.

თამადის მიერ თქმული სადღეგრძელოები მრავალი ელემენტისაგან შედგება – დაწყებული „შევსვათ უფლისა და სამშობლოს დიდებისათვის“ და დამთავრებული გრძელი ისტორიებით ბავშვობაზე, ხუმრობებით ვლადიმერ პუტინზე და სიმღერა-ცეკვებით – თვითონ თამადისა და მისი შვილიშვილის შესრულებით. ეს არის სრულიად უნიკალური გამოცდილება, რომელიც არ ჰგავს არცერთ მათგანს, რომლებიც მე მსოფლიოს მეღვინეობის რეგიონებში მინახავს.

და რაც ყველაზე სასიამოვნოა, თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მალე თვითონვე ნახოთ და გაიზიაროთ – რამდენიმე ავიაკომპანია გეგმავს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოსკენ რეგულარული რეისების გახსნას. 2025 წელს British Airways (30 მარტიდან) და EasyJet (პირველი აპრილიდან), ლონდონიდან თბილისში.

საქართველოში სამოგზაუროდ ყველაზე კარგი დრო შემოდგომაა. მე კავკასიის ამ ლამაზ ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს ვიყავი, როცა ხეები დახუნძლული იყო ნაყოფით, ტემპერატურა კი 22 გრადუსს აღემატებოდა. და რაც მთავარია, ეს ის დროა, როცა საქართველოში ეროვნული მეღვინეობის კულტურის უნიკალური ასპექტი ვლინდება – რთველი, ყურძნის მოსავლის აღების დღესასწაული. რთველი კახეთში სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში იწყება, როცა ოჯახის წევრები, ნათესაობა ერთად იკრიბება ვენახში ყურძნის საკრეფად, რომლისგანაც ღვინოს ამზადებენ. რთველს თან ახლავს სიმღერები, ცეკვები და სუფრა-ქეიფი.

საკურორტო სპა-სასტუმრო და მარანი „ლოპოტას ტბა“, რომელიც კახეთის რეგიონში მდებარეობს, ყოველწლიურად ატარებს რთვლის ფესტივალებს, რომელშიც მონაწილეობა ყველა სტუმარს შეუძლია. სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი შედგება ტბის გარშემო მდგარი 16 ვილისაგან, რომელთაგან თითოეულში რამდენიმე ნომერია. დაკლაკნილ ბილიკებს, ბაღ-ბოსტნებთან ახლოს (სადაც ერთი კაცი უშველებელ კვახებს აგროვებდა), ღვინის მარნის ქვით აგებულ დარბაზთან მივყავართ…

რთველში მონაწილეობის მისაღებად წავედით ვენახში, სადაც წინასწარ იყო მომზადებული სეკატორები და დაწნული კალათები. მწიფე ქარვისფერი და ლალისფერი ყურძნით სავსე კალათები მივიტანეთ საწნახელთან, სადაც ვაზის ნაყოფის დაწურვა ხდებოდა, შემდგომი ფერმენტაციისა და დაღვინებისათვის.. შემდეგ ჩვენ დავსხედით მწვანე მინდორზე, სასტუმრო-რესტორან „ლოპოტას“ პერსონალი კი ღორის მიმზიდველად დაცვარული გემრიელი მწვადით, შემწვარი კვახით და ხილით გვიმასპინძლდებოდა. „ლოპოტა“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა 9 საცურაო აუზით, სპა-სალონით, და 5 რესტორნით (ჯაზ-კლუბის ჩათვლით) და რეგიონში ერთ-ერთ ძვირად ღირებულს წარმოადგენს. თუმცა ამ ძვირფასი სასტუმროს ნომრის ღირებულება მხოლოდ 220 გირვანქა სტერლინგს შეადგენს ერთ ღამეში.

თქვენ რომ ანალოგიურ სასტუმროში სადღაც ბურგუნდიაში ან ტოსკანაში (იტალია) იცხოვროთ, ერთ ღამეში 350 და მეტ გირვანქა სტერლინგს დახარჯავთ. საქართველოში კი რთვლის დღესასწაულში მონაწილეობის დროს სასმელ-საჭმელი და გართობა-დასვენება უფასოა.
ასეთ სამოთხისებურ ადგილზე ყოფნისას ძნელი დასაჯერებელია, რომ კავკასიის მთების ძირში მდებარე კურორტ ლოპოტას მიღმა რუსეთი მდებარეობს. თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები, მაგალითად, ნინო მამისაშვილი, ექსკურსიების გიდი, ოპტიმისტურად არის განწყობილი: „ჩვენ აქ რაიმე საფრთხეს არ ვგრძნობთ… საქართველოში ოდითგანვე ხდებოდა კონფლიქტები, ახლა კი სიმშვიდეა“.

საღამოს თბილისისაკენ რომ ვბრუნდებოდით, გზაში საკმაო დრო დავხარჯეთ, თუმცა სასიამოვნო მიზნისათვის – ჩვენმა ტუროპერატორმა Regent Holidays-მა დაგვათვალიერებინა საუკეთესო ადგილობრივი ვენახები და სადეგუსტაციო ღვინის მარნები, მაგალითად, კომპანია „შუმის“ მარანი, რომელიც პოპულარულია თავისი „მომღერალი შადრევნებით“ და მანათობელი გირლანდებით, რომლებიც ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიან.

დეგუსტაცია საფრანგეთში უფასოა, მაგრამ ძალიან ცოტას თუ გთავაზობენ იმ ანგარიშით, რომ რაღაცას მაინც შეიძენ. საქართველოში კი სულ რაღაც 10 გირვანქა სტერლინგად შეგიძლიათ რამდენიც გსურთ იმდენი დალიოთ, ყველა ჭურჭელი ღვინით შეავსოთ, რომელიც თან გაქვთ და წაიღოთ. პარალელურად მეღვინე უფასოდ გაგიმასპინძლდება ადგილობრივი გემრიელი საჭმელებით. პირადად მე ღვინოც დავაგემოვნე და საჭმელებიც მივირთვი.

„ჩვენ, ქართველებს, ასეთი ბრძნული გამოთქმა გვაქვს: „სტუმარი ღვთისაა“, – ამბობს ლალი ბალამწარაშვილი, Regent Holidays-ის გიდი, – სტუმართმოყვარეობა ყველა ქართველისათვის ბუნებრივი გრძნობაა“.

მე თამადა არ ვარ, მაგრამ ყველას გთავაზობთ შესვათ ქართული სტუმართმოყვარეობის სადღეგრძელო.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ევროკავშირი თუ რუსეთი? საქართველოში ანტისამთავრობო  აქციები კრიტიკულ ფაზაში შედის – Kurier

ავსტრიის გაზეთ „კურიერში“ (Kurier – იბეჭდება ვენაში) გამოქვეყნებულია რეპორტაჟი საქართველოდან სათაურით „ევროკავშირი თუ რუსეთი? საქართველოში ანტისამთავრობო აქციები კრიტიკულ ფაზაში შედის“ (ავტორი – ტიმო ბუჰაუსი). პუბლიკაციაში მიმოხილულია თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები, მათი მიზეზები, მამოძრავებელი ძალები, აქციების მონაწილეთა თვალსაზრისები და ა.შ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

თბილისში პარლამენტის წინ – იქ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ქუჩის შეტაკებები ხდებოდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის – ახლა სიწყნარეა. ტურისტები შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე მშვიდად, აუჩქარებლად დასეირნობენ, ყიდულობენ სუვენირებს და ნორმალური ვითარების სურათს ქმნიან. მაგრამ ვისაც მღელვარების ამსახველი მომენტის ნახვა სურს, საღამოს უნდა დაელოდოს – აქ თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებიან დემონსტრანტები, ხელში დროშები უჭირავთ და მოსასხამებს ატარებენ.

აი, პირველი მომიტინგეებიც გამოჩნდნენ. მათ ხელში მუყაოს ნაჭრებზე დახატული პლაკატები უჭირავთ, რომლებზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია გამოხატული. დემონსტრანტების რაოდენობა თანდათან მატულობს, მოდიან პოლიციელებიც, ისინი პარლამენტის პერიმეტრზე დგებიან. რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა წყდება. ქუჩის მოვაჭრეები დახლებს ხურავენ ან ასორტიმენტს ცვლიან – საქართველოს სახელმწიფო დროშები სუვენირების ნაცვლად.

პარლამენტის მთავარი შესასვლელი – მარმარილოს სვეტებს შორის – დაბლოკილია. ლითონისაგან დამზადებულ კარს მომიტინგეები ფეხებს ურტყამენ… მმართველი პოლიტიკური ელიტა კი კედელს მიღმაა მიმალული.

საპროტესტო აქციების გამომწვევი მიზეზები

ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პრორუსულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უმეტესობა მოიპოვა. ოპოზიციას ეჭვი შეაქვს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში და თვლის, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა.

არჩევნების შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას წყვეტს ევროკავშირის წევრად მიღებისათვის და ეს იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის 85%-ს ევროკავშირის წევრობა სურს.

თავდაპირველი საპროტესტო აქციები პოლიციამ მასობრივი ძალადობის გამოყენებით მეტ-ნაკლებად ჩაახშო. Amnesty International-ის შეფასებით, დაპატიმრებული იქნა საპროტესტო აქციების 460-მდე მონაწილე, რომლებსაც პოლიცია მკაცრად ექცეოდა. დეკემბრის შუა რიცხვებიდან ოპოზიციურმა აქციებმა შედარებით მშვიდი ხასიათი შეიძინა, ამიტომაც რუსთაველის გამზირზე აღარ დგანან პოლიციის სპეც ავტომობილები წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გასაშვებად.

მთავრობის ახალი სტრატეგია

ადრინდელი სისტემატური ძალადობის ნაცვლად, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო მასმედიაში, საქართველოს მთავრობა ახალი ტაქტიკით სარგებლობს: დეკემბრის ბოლოს ხელისუფლებამ მკვეთრად გაადიდა ადმინისტრაციული ჯარიმები უნებართვო მიტინგებისა და კანონდარღვევებისათვის. ანუ ისინი, ვინც არასანქცირებულ საპროტესტო აქციას მიტინგისათვის აკრძალულ ადგილზე გამართავს, მათ 5200 ევროს გადახდა მოუწევთ – ეს თანხა ძალიან დიდია იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის, სადაც ბევრი თვეში 400 ევროზე ნაკლებ ხელფასს ირებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ალექსანდრე ქავთარაძის თქმით, რა თქმა უნდა, არსებობენ ფონდები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფინანსურად ეხმარებიან, მაგრამ ზოგჯერ მათთვისაც კი შეუძლებელია ასეთი თანხის გადახდა. მთავრობასაც სწორედ ეს უნდა, რომ მათ დაჯარიმებულების დახმარება ვერ შეძლონ.

იმედგაცრუება ექს-პრეზიდენტის მიმართ

ჯარიმებისა და სასამართლოში საქმის განხილვებისადმი შიში ბევრ მოქალაქეს აიძულებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას თავი აარიდოს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საპროტესტო მოძრაობას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. იყო იმის იმედი, რომ [ყოფილი პრეზიდენტი] სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის ახალ მეთაურად მიხეილ ყაველაშვილის არჩევამდე, ცენტრალურ როლს შეასრულებდა, „მაგრამ მისი დაპირების მიუხედავად, რომ იგი აქციის მონაწილეებს დაიცავდა, სალომე ზურაბიშვილმა ამ მხრივ ძალიან ცოტა რამ თუ გააკეთა“, – ამბობს აქტივისტი დავითი, თბილისის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. იგი მზად არის აქციაში მონაწილეობა გააგრძელოს, მაგრამ თვეების განმავლობაში მიმდინარე პროტესტებს თავის ნეგატიური მხარეც აქვს: „ჩვენ ყოველდღე დავდივართ აქციაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ ადამიანები უკვე დაიღალნენ, შედეგები არაფერია“.

მართლაც, მთავრობა თავის პოლიტიკას აგრძელებს: 30 იანვარს საქართველომ შეწყვიტა თანამშრომლობა ევროპის პარლამენტთან, რითაც ევროკავშირს კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა.

საპროტესტო აქციების გამოსაცოცხლებლად და ათეულ ათასობით ადამიანის მისაზიდად, დაღლილობის მიუხედავად, აქტივისტები ახალი მეთოდებს იყენებენ. მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს მათ პარლამენტის წინ სიმბოლურად ფეხბურთი ითამაშეს. პროფესორ ალექსანდრე ქავთარაძის თქმით, მოსახლეობის უმეტესობას ახალ პრეზიდენტზე დადებითი აზრი არ აქვს – „იმიტომ, რომ მას ოლიგარქის მარიონეტად თვლიან“.

დასავლეთის როლი

როგორც პროფესორი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ელოდებოდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. რადგანაც „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ აქვს, ქვეყნის ეკონომიკა კი დასავლეთზეა დამოკიდებული, ამიტომაც მმართველი პარტიის მიმართ გამოცხადებული სანქციები მნიშვნელოვანია. „მთავრობა თვლის, რომ აშშ, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველოს იდეოლოგიური მოკავშირეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან სცდება“, – აღნიშნავს ალექსანდრე ქავთარაძე.

ოდესღაც პროდასავლური, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კრემლისადმი სულ უფრო მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნება“, იმედოვნებს, რომ საერთაშორისო სიტუაცია მის სასარგებლოდ შეიცვლება

ამასთან, საპროტესტო აქციების მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ აშშ უფრო მეტად მათი მოკავშირეა, ვიდრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ისინი საქართველოს დროშებთან ერთად, უკრაინის, ევროკავშირის და აშშ-ის დროშებსაც აფრიალებენ.

უკვე ახლავე ნათელია, რომ 2025 წელი საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური რყევების წელი იქნება: კავკასიის პატარა ქვეყნისათვის საბედისწერო ხდება დილემა: რუსეთი თუ ევროკავშირი?

ალექსანდრე ქავთარაძე თვლის, რომ საპროტესტო აქციები გადამწყვეტ სტადიაში შედის: „შესაძლოა წარმატების მიღწევას იმაზე მეტი დრო დაჭირდეს, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობთ, მაგრამ ამ საკითხში დათმობა ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს სამომავლო იმედებზე თავისუფალ და დემოკრატიული საქართველოს მიმართ… ეს ვარიანტი არავისთვის მისაღები არ უნდა იყოს“.

წყარო

გახარიას თუ ჰგონია, რომ ბრძოლის წარუმატებლობის შემთხვევაში დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება – თინა ბოკუჩავა

გახარიას თუ ჰგონია, რომ ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება, რადგან ბრძოლის სხვა ფაზა არ იქნება – ან ვიმარჯვებთ, ან ყველა ვნადგურდებით, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

ბოკუჩავას თქმით, „რუსულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კამპანიური ხასიათის ნარატივით ტოლობის ნიშნის დასმა, საერთო საქმის მტრობაა“.

„გახარიას პარტიის პოსტი, რომელიც დადეს და შემდეგ აიღეს, სინამდვილეში გაცილებით დიდი პრობლემის გამოხატულებაა.

რეალობაში, სადაც ივანიშვილი ქვეყანას გვართმევს, „რუსულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კამპანიური ხასიათის ნარატივით ტოლობის ნიშნის დასმა, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, არის ცრუ ნარატივების პედალირების, ივანიშვილის პროპაგანდის კვების და ოპოზიციის ფრაგმენტაციის მცდელობა და საერთო საქმის მტრობა. ომში ვართ და უნდა ჩამოვყალიბდეთ, ერთად ვიბრძვით თუ ერთმანეთს ვებრძვით.

გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება, რადგან ბრძოლის სხვა ფაზა არ იქნება. ან ვიმარჯვებთ, ან ყველა ვნადგურდებით. შემდგარ დიქტატურაში ივანიშვილს არც გახარია დასჭირდება ოპოზიციად და დემოკრატიობანას სათამაშოდ.

მორალური პედესტალიდან როცა საუბრობს, გაიხსენოს, რომ მის სიაშიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მე ის პერიოდი ძირითადად საზღვარგარეთ ვსწავლობდი, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიაზრებ და ვიზიარებ.

დაბოლოს, რადგან მანდატების საკითხზე თავად გახსნა დისკუსია გახარიამ, როდის წერს განცხადებებს არალეგიტიმური პარლამენტის დატოვების შესახებ, თუ მართლა ჰგონია, საზოგადოება მიიღებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ იმუნიტეტისთვის სჭირდება მანდატი? მაშ, იმ ათასობით დემონსტრანტს რას ეუბნება, ვინც იმუნიტეტის გარეშე ყოველდღიურად დაჭერის საფრთხეს არ უშინდება?

მორალური სიცხადისთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვა მგონია, ვიდრე ის ყალბი ბუღალტერია, რასაც გახარია გვთავაზობს და რომელიც სინამდვილეში, ივანიშვილის საბუღალტრო წიგნაკშია დაწერილი“, – წერს ბოკუჩავა.

გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩეს -კახა კალაძე

გახარიას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას საპარლამენტო მანდატების გაწვევაზე განაცხადი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით. ერთადერთი, შეიძლება ითქვას, რომ მას ალბათ აქვს სურვილი, რომ დარჩეს პოლიტიკურ ველზე. როდესაც ხარ ოპოზიცია და ხალხის გარკვეულმა ნაწილმა დაგიჭირა მხარი, რომ მათი ხმა წარმოდგენილი იყოს და ისმოდეს საქართველოს პარლამენტში, ამ დროს კი შენ იღებ გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი უგულებელყო და გადადგა ის ნაბიჯი, რაც დანარჩენებმა გადადგეს, ალბათ მას აქვს სურვილი, დარჩეს ოპოზიციაში და გააგრძელოს მოღვაწეობა. ზოგადად, რადიკალიზმი და რადიკალები ყოველთვის განწირული არიან მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აღნიშნული პარტიის ქარდს, რომელიც მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების საფუძველზე აიღეს, კალაძე ამბობს, რომ ეს მათ პრინციპულობას აჩვენებს.

„ეს მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ხომ გახსოვთ, გახარია გადადგა მელიას გულისთვის. როდესაც ვსაუბრობდით, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, თვითონ გამოდიოდა, თავს იმართლებდა, მისი თანაგუნდელები კი რაღაც სისულელეებს საუბრობდნენ. აგერ, ელემენტარული ავიღოთ, ბანერი ვერ გამოაქვეყნეს. ჯერ გამოაქვეყნეს, შემდეგ დატუქსეს და ააღებინეს. ეს არის რეალობა და მათი პრინციპულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „გახარია news საქრთველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ბანერი, სადაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“.

 გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის -პრემიერი

x

გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი.

„მთელი ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ მათ თვითონ ჩაიგდეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ჩვენც დავეხმარეთ, ჩვენი წვლილიც არის ამ ყველაფერში, მაგრამ პირველ რიგში, დიფ სთეითმა თავისი ხელით გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია. დიფ სთეითის სურვილი იყო, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურეს მათ რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება ამ შიდა კინკლაობას, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ესეც არის მათი სისუსტის გამოვლინება.

რაც შეეხება კონკრეტულად, გახარიას პარტიას, მათ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში. ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის და საინტერესო ის არის, რომ როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მათ მაშინვე დაიხიეს უკან, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური ძალის ნაწილი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მხოლოდ პირობითია მათ შორის სხვაობა. ერთმანეთის მიმართაც დიდად სიმპათიებს არ გამოხატავენ, მაგრამ ეს არის პერსონალური საკითხი. პოლიტიკურად ისინი არიანი ერთიანი ძალის შემადგენელი ნაწილი ერთი მარტივი მიზეზის გამო – მათ ჰყავთ საერთო პატრონი, შესაბამისად, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის საელჩო, USAID-ი, NED-ი მოქმედებდნენ ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება -ირაკლი კობახიძე

საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED-ი და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქრათველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას შეეხებოდა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შეიცვლება აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის.

„ცვლილებებზე როდესაც არის საუბარი, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ისე საელჩოს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი -პრემიერი

საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყაზახეთთან პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ყაზახეთში სტუმრობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ცხადყოფს ჩვენს განსაკუთრებული ინტერესს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს შორის თანამშრომლობის, პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართ. ეს მეგობრობა ეფუძნება ძალიან მტკიცე ისტორიულ, ტრადიციულ ფესვებს. ასე რომ, ამ პარტნიორობის განმტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პოლიტიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და ყაზახეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ეწვევით ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს პროტესტი ძალადობრივი ქმედებების გარეშე, არ დავუშვებთ, რამდენიმე კაცის მიერ მოხდეს მოძრაობის შეზღუდვა და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან -კახა კალაძე

არ დავუშვებთ, რომ რამდენიმე კაცის მიერ მოხდეს მოძრაობის შეზღუდვა, რომ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, სიცრუეა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები რეპრესიულია და ეს არის ოპონენტების მიერ გამოგონილი სიცრუე.

„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არანაირი რეპრესიები არ არსებობს. ეს არის მოგონილი სიცრუე. იგივე ხდებოდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებითაც, რომელიც ოპონენტებმა შეფუთეს, როგორც „რუსული კანონი“. ჩვენ რომ ხალხს სიმართლეს ვეუბნებოდით, ისინი ამას უარყოფდნენ. დღეს, კი ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს ამ ყველაფერზე, თუ როგორ გამოიყენებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები. ამ თანხების გამოყენება ძირითადად ხდებოდა, ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების გადაყენების, რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობისთვის. თუმცა, ეს დასაწყისია. ჯერ სად ხართ?! კიდევ იმდენ რამეს გავიგებთ და ეცოდინება, როგორც მსოფლიოს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ოპონენტები აკეთებენ. ეს არ გამოვა. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება აკეთებს, არის ადამიანების წახალისების მცდელობა. უამრავ ადამიანს აურიეს გონება, დაღუპეს და ყოველდღიურად წამლავენ მოსახლეობას, ახალგაზრდებს ცრუ ინფორმაციებით და ხელს უწყობენ პოლარიზაციას, დაპირისპირებას. ვისაც პროტესტი აქვს, მისი გამოხატვა უპრობლემოდ შეუძლია. ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება, ეს ნორმალურია და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, თუმცა, ძალადობრივი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, სატრანსპორტო კვანძების შესახებ, თუ სად იქნება აკრძალული აქციების ჩატარება, თბილისის მერის თქმით, კანონში განსაზღვრულია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა გადაკეტვაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები განსაზღვრულია. შეიძლება რაღაც მიემატოს ან გამოაკლდეს. მაგალითად, ქალაქის გასასვლელი არის სტრატეგიული მნიშვნელობის და მის გადაკეტვას ცდილობდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში რამდენიმე კაცის მიერ შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კანონის ფარგლებში, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია მშვიდობიანი ფორმებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მედიასთან დაკავშირებულ კანონში ცვლილებების შეტანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბრიტანული სტანდარტით იხელმძღვანელებს.

„ამ მიმართულებით შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი, რაც BBC-ის აქვს და ამით ვიხელმძღვანელებთ. ამაზე როგორ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ცუდი კანონია და დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება? ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენი დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში -ყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს

საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.

„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენი დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებას. ასევე, ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა მაღალი შეფასება მივცე საქართველოს თქვენ მიერ ბოლო წლებში მიღწეული უმნიშვნელოვანესი პროგრესისთვის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენადაც ვიცი, შარშან ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 9.4%-ს, რაც ძალიან შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამ ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას. თქვენი ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას და ურთიერთობებს ბევრ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროში“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.