Home Blog Page 2

“საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არის 55 დან 60% მდე.

„ვერავითარი ეკონომიკური წარმატება ვერ მიიღწევა მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე. ყველას გახსოვთ, როგორ წარიმართა მოვლენები გასული სამი წლის განმავლობაში. იყო სერიოზული მცდელობა, საქართველოში დაერღვიათ პოლიტიკური სტაბილურობა და ჩვენი ქვეყანა ექციათ იმ სცენარის შემადგენელ ნაწილად, რომელი სცენარიც სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში განვითარდა. საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ გაუძლო ზეწოლას და შეძლო როგორც სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ისე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ამით დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ.

დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს მყარი პოზიციები და ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოებისგან. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენ მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არის 55 დან 60% მდე. ეს არის რა თქმა უნდა, პარტიული რეიტინგი, მაგრამ ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად ძლიერია მთავრობის, ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა. იგივე კვლევები, სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. ძირითადად, ორი ფაქტორი განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, პირველი ფაქტორი, ხალხი ხედავს, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, მსოფლიოში არაერთი ცხელი წერტილია. ამ ვითარებაში, მიუხედავად სერიოზული რისკებისა, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და მეორე ფაქტორი, რაც განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას, ეს არის სწორედ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური წინსვლა, რაც აისახება ბუნებრივია მოსახლეობის სოციალურ პირობებზე. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ ძალიან მყარი პირობა როგორც ფართო საზოგადოების, ისე ბიზნესის წინაშე, რომ მშვიდობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მომავალშიც აუცილებლად შევინარჩუნებთ. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ იმის გამო, რომ შეგიქმნათ სიმყარის განცდა. რეალურად გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ სტაბილურად, მყარად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. პირადად მე, როგორც პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ღიაობის სრული მზადყოფნა ბიზნესთან, ბიზნეს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ადამიანი, რომელიც პატრიარქზე ამბობს, რომ სუსტია, ეკლესიის პროცესებში ჩაერია” – გურამ მაჭარაშვილი

ბრაზი გადამივიდა სინანულში. ადამიანი, რომელიც პატრიარქზე ამბობს, რომ სუსტია, ეკლესიის პროცესებში ჩაერია, ადვილი მისახვედრია, რომ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ვერ არის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, რომელზეც არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, მსოფლიო საეკლესიო საზოგადოებაა შეთანხმებული, მათ შორის არაქრისტიანული, სხვა კონფესიის ლიდერებიც კი აღიარებენ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის წმინდა ადამიანი და ამ ფონზე, შეურაცხყოფას აყენებ, ფაქტია, რომ ჯანსაღად ვერ ხარ. ასეთი ადამიანი უნდა შეგეცოდოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან” – პრემიერი

ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობას, ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ზედიზედ მე-4 წელია საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა.

„ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობას, ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გადის გზა, ჩვენი მთავარი როლი ამოცანების შესრულებისკენ, იქნება ეს სიღარიბის დაძლევა, თუ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება.

ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესი. თქვენ იცით ეკონომიკური განვითარების მონაცემები, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ამ მონაცემებზე ყურადღება. ზედიზედ მე-4 წელია საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. როგორც მოგეხსენებათ, 2021 და 2022 წლებში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით. წელსაც გვაქვს ძალიან დადებითი პროგნოზი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე იცით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ ვინარჩუნებთ საგარეო ვალის დონეს, ასევე ინფლაციის დონეს, 5%-ს ჩამოცდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მხოლოდ შარშან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 51 000-ით. შესაბამისად, დაფიქსირდა დასაქმების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი. დადებითი დინამიკა გვაქვს ასევე ტურიზმის სფეროში, სადაც პანდემიამდელ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ შემოსავლების ნაწილში 26%-ით. დღეს, მოგეხსენებათ, საქართველო სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით მსოფლიოს 45 ქვეყანასთან, ეს არის მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის ერთი მესამედი და მრავალი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს. ეს ყველაფერი, ეს და სხვა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის წინსვლას. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის, ბუნებრივია, ბიზნესის თავისუფლება. ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების პირობებში. ბიზნესზე ზეწოლა იყო წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდეგ ეს დამოკიდებულება, მიდგომა ბიზნესის მიმართ ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა და ესმის ბიზნესის თავისუფლების ფასი, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხა შეიტანა. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ ბიზნესი სარგებლობს ასევე ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან. ეს, ბუნებრივია, ასეც უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა პრემიერმა.

“ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში” – ირაკლი კობახიძე

ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას დღეს დილით შეხვედრა ჰქონდა ზურაბ აზარაშვილთან.

„მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა  მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, სამთავრობო პროგრამაშის წარდგენისას ისაუბრა იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია, თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან.

„საქმე როდესაც გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, პირველ რიგში, დარგის სპეციალისტებთან, წარმომადგენლებთან. ამ თვალსაზრისით, საჭიროა სწორი მიდგომა. მე არ მინდა შევიდე ნიუანსებში, რა დონეზე იყო ეს პრობლემა, ვისგან იყო ეს პრობლემა და ასე შემდეგ, მაგრამ, ფაქტია, დავინახეთ, იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში, იყო სხვა შემთხვევები, ასეთი კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა.

თქვენ ასევე ხედავდით, რომ ზუსტად ამ სექტორში არაერთი თხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, კონკრეტულ წარმომადგენლებს, სპეციალისტებს, პაციენტებს ჰქონოდათ შეხვედრა პრემიერთან. ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს, ასეთ საკითხებს არ სჭირდება უფრო მაღალ დონეზე ატანა, უფრო დაბალ დონეზე შესაძლებელია ამ საკითხების მოგვარება. აქ დავინახე მე პრობლემები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს არა მარტო ჯანდაცვის სფეროში, ყველა სფეროში. ეს იქნება ჩემი თხოვნა.

ჩემი მოწოდებაა, არა მარტო ყველა მინისტრის, არამედ ყველა საჯარო დაწესებულების, თვითმმართველობის მიმართ, ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან, ეს არის ყველაზე სათანადო გზა იმისთვის, რომ პრობლემები გადაიჭრას. მე პირადად როდესაც მქონდა შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, პერსონალთან, მოვიდა რვა ადამიანი, ინტელიგენტი ექიმი ხალხი, რომელსაც ჰქონდათ თვიანთი არგუმენტები. ასეთ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და გათვალისწინება. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, არასწორი პოზიციაა, თუნდაც დარგის წარმომადგენლების მხრიდან. აქ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მაგრამ როდესაც მოდიან დარგის წარმომადგენლები, გისაბუთებენ, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლება სხვანაირად, უკეთესად, იქ საჭიროა ჯანსაღი მიდგომა, საჭიროა ამ ყველაფრის გათვალისწინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყება

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში გამართულ ბრიფინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა.

ნინო წერეთლის თქმით, აუცილებელია, რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა შეძლონ წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა. მისივე განცხადებით, იმ პირებისთვის, რომლებიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

„2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 4 მარტიდან შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge. მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს) როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს  www.naec.ge.

საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია. ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება. 2024 წლის გამოსაცდელებს ცენტრი სთავაზობს საგანგებოდ მათთვის მომზადებულ ელექტრონულ კრებულებს, რომლებიც თავს უყრის აპლიკანტებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას: სიახლეებს, რეგისტრაციის ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

“სალომე ზურაბიშვილმა კეთილი სურვილი გამოთქვა, რომ პრორუსი პატრიარქი არ გვჭირდება, ეს სურვილია”

სალომე ზურაბიშვილმა კეთილი სურვილი გამოთქვა, რომ პრორუსი პატრიარქი არ გვჭირდება. ეს სურვილია, უფრო სადღეგრძელოდ შეიძლება ჩავთვალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

მანჯგალაძის თქმით, პატრიარქის არჩევის საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტია.

„პატრიარქი რომ მხცოვანია და ასაკშია, ყველამ ვიცით. საპატრიარქოს თავისი მართლგამგეობის შესახებ დამტკიცებული აქვს წესი და ყველაფერი იმის მიხედვით უნდა მოხდეს. კარგი არის ის, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეებში და არც საპატრიარქო ერევა საერო საქმეებში. მე ასე ვხედავ ამ საკითხს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს უნდა გადაწყვიტოს იმ ორგანიზაციამ, საპატრიარქომ, ვინც ირჩევს პატრიარქს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა „სუსტში“, მანჯგალაძემ აღნიშნა:

„ალბათ მხცოვანი უფრო სწორი სიტყვა იქნებოდა და არა – სუსტი. ეს მისი პოზიციაა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ალექსეი ნავალნის დღეს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ

პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის დღეს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ოპოზიციონერის პრესმდივნის კირა იარმიშს ინფორმაციით, ნავალნის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიმართება.

სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ადგილზე სამართალდამცველები პატრულირებენ.

ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

“მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა – საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდა”

მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ საკითხი დარეგულირდეს, მაგრამ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით, რაც გარანტირებულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს, რის შემდეგაც გვექნება კონკრეტულ კანონპროექტზე საუბარი. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევეცადოთ ერთმანეთისგან განვასხვაოთ, რა არის უფლებების დაცვა და რა არის საზოგადოებისთვის მიუღებელი ღირებულებების პროპაგანდირება, მითუმეტეს როდესაც საკითხი არასრულწლოვნების ინტერესებს ეხება“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

„ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 63 წლის მამაკაცი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია Whatsapp-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა.

დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილი იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ბრალდებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილ იქნა პირადი ცხოვრების ხელყოფის კიდევ ერთი ეპიზოდი, რის შედეგადაც დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი.

ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

დანაშაულში მხილებულ ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართლებრივი დაახლოების თემაზე გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა ზაგრებში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში, სადაც განხილულ იქნა კონკრეტულად 23-ე თავით (მართლმსაჯულება და ფუნდამენტური უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების გზები და პროგრესი; ასევე:

პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ყველა სამთავრობო უწყებას ავალდებულებს, კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებამდე მიიღოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა ევროკავშირის კანონპროექტთან შესაბამისობის შესახებ;

სამინისტრომ აამოქმედა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აღრიცხავს, დაგეგმავს და შეაფასებს სამართლებრივი დაახლოების პროცესს;

შემუშავდა „საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გზამკვლევი“;

იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი.

ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

“მთავრობის მეთაური ჯანდაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დღეიდან მხოლოდ ადრესატის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების ნაწილი დღეიდან ამოქმედდება. ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მარტში მიიღო, ეტაპობრივად შედის ძალაში.

დღეიდან შეიზღუდება აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანია. ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება. პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

პირველი ივნისიდან უკვე ძალაში შევა ვალდებულებები სხვა მიმართულებითაც. ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციებიც. სანქციის ოდენობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განსაზღვრავს. ჯარიმის ზედა ზღვარი 20 000 ლარია.

ჯო ბაიდენი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, შეუერთდეს საიმიგრაციო საკითხის მოგვარებაში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, შეუერთდეს საიმიგრაციო საკითხის მოგვარებაში. ამის შესახებ ბაიდენმა აშშ-მექსიკის საზღვართან, ქალაქ ბაუნსვილში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აი, რას ვეტყოდი დონალდ ტრამპს: პოლიტიკის თამაშის ნაცვლად, შემომიერთდით, თორემ მე შემოგიერთდებით და ვეტყვი კონგრესს, მიიღოს ეს კანონპროექტი საზღვრის უსაფრთხოების შესახებ. რატომ არ ვიკრიბებით და არ ვასრულებთ ამას? ჩვენ შეგვიძლია ეს ერთად გავაკეთოთ”,- აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, სასაზღვრო აგენტებს სჭირდებათ მეტი რესურსი, მეტი თანამშრომელი, მეტი შესაძლებლობები და საიმიგრაციო მოსამართლეები.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა სენატს, გადახედონ ორპარტიულ კანონპროექტს.

„აშშ-ს სენატმა უნდა გადახედოს ამ კანონპროექტს და იმ სენატორებმა, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან, უნდა გადადონ გვერდით პოლიტიკა და დაამტკიცონ ის არსებითად და არა იმის გამო, რომ სარგებელი მოუტანოს რომელიმე მხარეს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დროა, სპიკერმა და ზოგიერთმა ჩემმა რესპუბლიკელმა მეგობარმა კონგრესში, რომლებიც ამ კანონპროექტს ბლოკავენ, ცოტა სიმტკიცე გამოაჩინონ”,- განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვართან თითქმის ერთდროულად ჩავიდნენ. ბაიდენი ქალაქ ბაუნსვილში, ხოლო ტრამპი ქალაქ იგლ ფასში.

როგორც „ბიბისი“ წერს, ტეხასში ვიზიტი არის მხოლოდ დასაწყისი საარჩევნო დებატების მთავარი თემის, რომელიც, გამოცემის ცნობით, საიმიგრაციო პოლიტიკა იქნება.