Home Blog Page 2

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე. მათ შორის ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გელა უძილაურია დაკავებული, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ნიგერიის, ბანგლადეშის, ⁠ირანის, თურქეთის და რუსეთის – ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

„დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დამზადების, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტ.შ., 1998 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1992 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს.

„დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“, „მდმა“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე 18-260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაკისტანში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. სტიქიის შედეგად დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე სახლი, წაიქცა ხეები და დაზიანდა მზის ენერგიის პანელები.

ქვიშის ქარიშხალს წინ უძღოდა ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

პაკისტანის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შესახებ მოსახლეობა ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა.

რუსეთის იერიშებს უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა

გასულ ღამეს რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი იერიშების შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ადამიანები დრონებს თავს მეტროსადგურებში აფარებდნენ. დაზიანდა შენობები, გაჩნდა ხანძრები.

უკრაინის მხრიდან დრონების თავდასხმის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც განაცხადეს. ინფორმაცია დაშავებულებს შორის არ გავრცელებულა, თუმცა მოსკოვის აეროპორტებში ფრენები ხანმოკლე პერიოდით შეწყდა.

წინა ღამეს რუსეთის თავდასხმის შედეგად უკრაინაში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
დღეს შეიძლება თავი ენერგიულად იგრძნოთ, თუმცა სიფრთხილეა საჭირო ურთიერთობებში – ემოციები მარტივად შეიძლება გაცხელდეს. თავი შეიკავეთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ფინანსურ საკითხებთან მიმართებით კარგი დღეა დაგეგმვისთვის. თუ მუშაობთ ხანგრძლივ პროექტზე, წინსვლას იგრძნობთ. სასურველია მეტი დრო დაუთმოთ შინაურებს.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
კომუნიკაციის დღეა – კარგი დროა ახალი კონტაქტებისთვის, საქმიანი ან პირადი შეხვედრებისთვის. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
შინაგანი ემოციები აქტიურდება. ოჯახურ საკითხებში გაგებით მიდგომა მოგიწევთ. მუშაობა რიტმში გქონდეთ, ნუ გადაიღლით თავს ზედმეტად.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
თქვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. კარგი დღეა სცენაზე გამოსვლისთვის ან თქვენი იდეების გაზიარებისთვის. მნიშვნელოვანია თავმდაბლობა წარმატების პარალელურად.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
პირად სივრცეს დიდი მნიშვნელობა ექნება. შეგიძლიათ გარკვეული დრო საკუთარ თავზე ფოკუსირდეთ. პროფესიულად მოსალოდნელია კონკრეტული საკითხების დასრულება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
ურთიერთობები დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა კომპრომისებისთვის. შემოქმედებითად კი შესანიშნავი შესაძლებლობებია.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
თქვენი ინტუიცია გაძლიერებულია. სასურველია მოუსმინოთ შინაგან ხმას, განსაკუთრებით ფინანსურ ან ემოციურ გადაწყვეტილებებში. მოულოდნელი ახალი ამბავი მოსალოდნელია.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მოგზაურობის, სწავლის ან გეგმების შედგენის სურვილი გექნებათ. კარგი დღეა პერსპექტივების განსაზღვრისთვის. მოერიდეთ ზედმეტ მოლოდინებს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
მოთმინება დღეს თქვენი მთავარი იარაღია. სამუშაო საკითხებში შეიძლება დაინახოთ პროგრესი, თუმცა აუცილებელია დეტალებისადმი ყურადღება. შინაგანი სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
შესაძლოა, მოულოდნელად წამოიჭრას ძველი თემა ან ადამიანი წარსულიდან. გახსოვდეთ, რომ წონასწორობის შენარჩუნება დღეს დაგეხმარებათ სწორ გადაწყვეტილებებში.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)ემოციური მგრძნობელობა ამაღლებულია. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მუსიკის ან მედიტაციისთვის. ეცადეთ, არ გადააჭარბოთ ოცნებაში ცხოვრებას.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია – დავით სონღულაშვილი

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ძირითადი მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და სხვა პარტნიორები. თუმცა, ჩვენ არაერთხელ აღმოვჩენილვართ მესამე პოზიციაზე ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებებში იმ გარემოების გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ქვეყანაში არასტაბილურობა შექმნან, რათა ეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრ ხოსე მანულე ფერნანდესთან საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. აღსანიშნავია, რომ ჟოზე მანუელე ფერნანდესი 2009-2024 წლებში ევროპარლამენტის წევრი იყო.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და მის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თქვენ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების თარიღად დაასახელეთ 2030 წელი, საქართველოს აქვს თავისი დღის წესრიგი; 2028 წლამდე ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას. ჩვენი საგზაო რუკა მკაფიოა და მიზნად ისახავს მზადყოფნას 2030 წლისთვის. ამავდროულად, თუ ევროკავშირს გააჩნია საქართველოსთან კონკრეტული თანამშრომლობის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღესვე. მაგრამ, ჩვენთვის მიუღებელია, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი გარკვეულმა ძალებმა შიდა არეულობის ორგანიზებისთვის გამოიყენონ.“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

დავით სონღულაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონი მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს – თუ რომელიმე ორგანიზაცია იღებს დაფინანსების გარკვეულ პროცენტს უცხოური წყაროებიდან, ის უნდა ასაჯაროებდეს დონორებს და თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ დეტალებს. ეს ნორმა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას და პოლიტიკურ პროცესებში მეტი გამჭვირვალობის შემოტანას.

„კანონპროექტის შინაარსი ძალიან მარტივია: რა ღირებულება აქვს იმას, რასაც უცხოური დაფინანსებით აკეთებ? მიუხედავად ამ მარტივი პრინციპისა, ჩვენ საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება იცოდეს, ვინ და რატომ აფინანსებს კონკრეტულ პროცესებს ქვეყანაში. ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ: მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც კონსტიტუციაში შეიტანა ჩანაწერი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტია ევროპული ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრულია კონსტიტუციით.“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღრმად შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს – საქართველოში ლატვიის საელჩო 

ღრმად შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს! – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ლატვიის საელჩოს ავრცელებს.

“ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით. ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-მ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

მანამდე, “ლელო – ძლიერმა საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ.

“დღეს “ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანზე, გრიგოლ გეგელიაზე, საცხოვრებელ სახლთან თავდასხმა მოხდა.

გეგელიას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. შემთხვევის ადგილზე შსს თანამშრომლები მუშაობენ.

“ლელო-ძლიერი საქართველო” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელის დასჯას მოითხოვს.

პოლიტიკოსზე განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართულ ოცნებას” – როგორც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის წამხალისებელსა და კრიმინალების მფარველ ძალას,”- აღნიშნულია “ლელო – ძლიერი საქართველოს” განცხადებაში.

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში ტომაშ შუიოკი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნგრეთის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!

ნება მიბოძეთ, გამოვხატო პატივისცემა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

უნგრეთი კვლავაც მზადაა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობისთვის, ურთიერთხელსაყრელი განვითარებისა და ახალი მიმართულებების გაფართოებისთვის.

გარწმუნებთ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.

ნება მომეცით, კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა,“ – ნათქვამია მისალოც წერილში.

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე: „ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება.

ჩვენი ოჯახისთვის პატივია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება ვუსურვოთ“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ესპანეთის მეფე ფილიპე: „საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად, მსურს ესპანეთის ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მილოცვა გადმოგცეთ.

ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები, როგორც პირადი კეთილდღეობის, ასევე საქართველოს ძვირფასი მოსახლეობის მშვიდობისა და წინსვლისათვის“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერ კლაუს გეორგ ფერდინანდი: „საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰენრი მ. ჯექსონის ფონდის წარმომადგენელს, როჯერ იანგს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჰენრი მ. ჯექსონის ფონდის წარმომადგენელთან, როჯერ იანგთან.

შეხვედრის ძირითადი თემა შეეხებოდა, საქართველოში სამხედრო მედიცინისა და შეიარაღებული ძალების ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასევე, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

როჯერ იანგმა დეტალურად ისაუბრა ფონდის საქმიანობაზე, რომელიც ორიენტირებულია სამხედრო მედიცინის კვლევასა და განვითარებაზე — მათ შორის ისეთ კრიტიკულ მიმართულებებზე, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, ბრძოლის ველზე მიღებული ტრამვების მართვა და სისხლდენის კონტროლი. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან, უნივერსიტეტებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან მთელ მსოფლიოში.

თავის მხრივ, კობა კობალაძემ როჯერ იანგს ის ფსიქო-სარეაბილიტაციაო და ჯანდაცვის პროგრამები გააცნო, რომელიც საქართველოში, ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეებისათვის არის დანერგილი.

შეხვედრის ფარგლებში, როჯერ იანგმა, ასევე, მიმოიხილა ფონდის უახლესი პარტნიორობა საქართველოში – კერძოდ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრთან.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს აქვს ღრმა და სტრატეგიული ხედვა საქართველოში სამხედრო მედიცინის განვითარების საკითხებზე. ინფექციური დაავადებების მონიტორინგისა და პოსტ-ტრამვული რეაბილიტაციის პროექტების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ მომავალში,” — აღნიშნა როჯერ იანგმა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ქართველ მკვლევარებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოში სამხედრო მედიცინის სისტემის გაძლიერებას, ვეტერანების რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესებას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე და პროტოკოლის განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი, აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშის მოადგილეები, გიორგი დუმბაძე და რომან სანიკიძე.

აღსანიშნავია, რომ როჯერ იანგი უახლოეს მომავალში გეგმავს საქმიან ვიზიტს საქართველოში.