Home Blog Page 2

4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში -მამუკა ხაზარაძე

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა! გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შეთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის დაგეგმილი ავანტიურა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ! დღევანდელი ეს ღონისძიება დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ, მოხდა პარტიის რეგიონული ლიდერების ინფორმირება და თბილისში მოწვევა, ანონსი დაიგზავნა მედიაში და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენ გაგვეხმოვანებინა პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება. სწორედ იმიტომ, რომ ხელი შეეშალათ ჩვენთვის, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ეშინია პროდასავლური ოპოზიციის ჩართვის ამ ბრძოლაში, ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მაკარადი, რაც ჩვენ ვიხილეთ. სულ ტყუილად, „ძლიერ საქართველოს“აქვს თავისი გეგმა, „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა, რომელიც ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით „ქართული ოცნება“, „კაგებე“, სუს-ი და ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსულ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს, არის ბრძოლა! ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ყველა შესაძლო ველზე!

ბრძოლა ქუჩაში – აქციებით, პროტესტით, დაუმორჩილებლობით! ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე – არაღიარებით, სანქციებით, იზოლაციით! ბრძოლა არჩევნებში – 3000 ახალი პროტესტის კერის გაჩენით, დაპირისპირების ახალი კერების შექმნით, პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით! საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა და ყველა ადამიანისთვის პროტესტის გამოხატვის უფების მიცემა – ეს არის ჩვენი, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალდებულება და ამოცანა.

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის – ჩვენ შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ შევდივართ დიქტატურის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ წინააღმდეგობაში.

აქვე, მინდა, მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს – ამ რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევანს. თუმცა ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. რაც ყველაზე მთავარია, პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს ერთი მიზანი გვაქვს, რეჟიმის დამარცხება.

როგორც გამოჩნდა, სტრატეგია ავირჩიეთ სხვადასხვა. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ მზად ვართ სრული ჩართულობისთვის და სრული თანამონაწილეობისთვის, ისევე როგორც აქამდეც ტოტალურად და სრული რესურსით ვიყავით ჩართული პროტესტში და ქუჩის აქტივისტურ წინააღმდეგობაში. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა და პროტესტი გაძლიერდება!

აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში, მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის!

დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი! რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა ერთობლივად მოსაგებია“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ევროკავშირი მომდევნო კვირაში ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებით გამოვა -EURACTIV

ევროკავშირი მომდევნო კვირაში ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინადადებით გამოვა, – ამის შესახებ „ევროაქტივი“ წერს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აპირებს, გამოვიდეს წინადადებით, რომელიც ღაზის სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირის საგარეო უწყების წინადადება მოიცავს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებას, ან ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას.

სხვა ნაბიჯები, რომლებიც ევროკავშირში განიხილება, ასევე ითვალისწინებს ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესებას, სავაჭრო შეზღუდვებს და ევროკავშირსა და ისრაელს შორის მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეჩერებას.

აღნიშნული ზომების უმეტესობა ევროკავშირში უკვე განიხილებოდა, თუმცა ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ოფიციალურად წარადგენს ისრაელის წინააღმდეგ სანქციების წინადადებას.

„ევროაქტივის“ ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საკითხზე 15 ივლისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

საბა ბუაძემ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა და პოლიტსაბჭო დატოვა, პარტიაში კი, ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლებამდე რჩება

საბა ბუაძემ „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა და პოლიტსაბჭო დატოვა, პარტიაში კი, ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლებამდე რჩება

დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე პოლიტსაბჭო, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, რჩება პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გათავისუფლდებიან.

„მეგობრებო, ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა, როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. პარტიის პოზიცია რადგან უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:

ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი; ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე“, – წერს ბუაძე.

დღეს  ცნობილი გახდა,რომ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

არ ვეთანხმებით “ძლიერი საქართველოს” გადაწყვეტილებას  “არჩევნებში” მონაწილეობის შესახებ, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – “თავისუფლების მოედანი”

არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტიის, „თავისუფლების მოედანი“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „თავისუფლების მოედანი“ ფოკუსირებული იქნება ბოიკოტზე.

„არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია. ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ, მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ, ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის „ქართული ოცნებაა“.

„თავისუფლების მოედანი“ ფოკუსირებული ვიქნებით აქტიური ბოიკოტის და ალტერნატიული, დემოკრატიული და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე. ჩვენს რესურსებს სწორედ ამისკენ მივმართავთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე „თავისუფლების მოედანი“ „ლელოსთან“ ერთად იყო კოალიციაში „ძლიერი საქართველო“.

“ლელოს”შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას, უპატიებელი შეცდომაა -ხატია დეკანოიძე

ლელოს“ შეცდომა ქვეყანას დაუჯდება მაღალი ფასი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეკანოიძე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

დეკანოიძის შეფასებით, ეს არის უპატიებელი შეცდომა.

„საერთაშორისო პარტნიორებთან გამოიწვევს გაუგებრობას; საქნციების პროცესი შეიძლება, შეჩერდეს და კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდეს ივანიშვილის და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებზე; სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ჩვენს საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, – წერს დეკანოიძე.

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება, ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს, ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

„მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციის, იმედის პირობებში, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავავადეთ. „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ეს გზა არის უკომპრომისო ბრძოლა ყველა შესაძლო ველზე. დღეს, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ რუსულ რეჟიმთან შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა ველზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. ეს არის დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. დე ფაქტო ხელისფულებასთან დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“, – განცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული ი.ე. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს: 1982 წელს დაბადებულ რ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ი.ე. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორი ამინდი იქნება 5 ივლისს საქართველოში

5 ივლისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა ბორჯომში, +22 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში იწვიმებს, დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდი იქნება თელავში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი ამინდი იქნება. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

რა გახდა რუსთავში მომხდარი ავარიის მიზეზი – ახალი დეტალები

დღეს საღამოს რუსთავში ავარია მოხდა. ავტომობილი მოულოდნელად ტროტუარზე შევარდა, იქ მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მას სავარაუდოდ მცირე მოტეხილობა აღენიშნება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანაში ორი ახალგაზრდა იჯდა. მძღოლი იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც პირველ სართულზე აფთიაქია გახსნილი. ახალგაზრდა მამაკაცს ბავშვობიდან ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს და როგორც თავად მძღოლმა თქვა, მას იმ დროს შეტევა დაემართა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.  

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არ დაშავებულან მანქანაში მსხდომნი და არც აფთიაქის თანამშრომლები.  დაზიანებულია აფთიაქის ინფრასტრუქტურა.

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ფრთხილად, შესაძლოა, ძველმა მეგობარმა თქვენზე შური იძიოს. სერიოზულს ნურაფერს დაგეგმავთ, ყველაფერი, შესაძლოა, მომენტალურად შეიცვალოს.

კურო

მთავარი საკითხები სახლსა და ოჯახს უკავშირდება. ბევრ სიახლეს ელოდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ცვლილებები კარგია გონიერების ფარგლებში. თვალი გაუსწორეთ რეალობას.

ტყუპები

საინტერესო საქმიან წინადადებებს შემოქმედებითად მიუდექით და რისკს ნუ შეუშინდებით. ახლა ყველაფერს შეძლებთ და მცდელობა ღირსეულად დაგიფასდებათ.

კირჩხიბი

ელოდეთ პერსპექტიულ, საქმიან ნაცნობობას, მაგრამ საჭიროა, გათავისუფლდეთ შინაგანი დაძაბულობისგან, ამისთვის კი თვითშეფასების ამაღლება აუცილებელია.

ლომი

შესაძლოა, დღეს, რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი საკმაოდ წარმატებულად გადაჭრათ. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს.

ქალწული

შესაძლოა, დღეს, მძაფრი გარჩევების წინაშე აღმოჩნდეთ, თუმცა, საბოლოოდ, პირად თუ საქმიან საკითხებში, შეთანხმებასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას ელოდეთ.

სასწორი

კარდინალური ცვლილებების დიდი ალბათობაა, ოჯახური მდგომარეობა უმჯობესდება, ნუ დაიშურებთ  კეთილგანწყობის გამოხატვას ირგვლივ მყოფთა მიმართ.

მორიელი

ნაკლები დრო დაუთმეთ ყოყმანს და ეჭვებს, იმოქმედეთ, იყავით დარწმუნებული, რომ თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ, გამოყავით დრო დასვენებისა და გართობისთვის.

მშვილდოსანი

თავი შეიკავეთ გადამეტებული გართობისგან, განსაკუთრებით კი, ალკოჰოლისგან, ასევე, სპორტის ექსტრემალური სახეობებისგან. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.

თხის რქა

მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები, ამასთან, სჯობს, დღეს, თავი შეიკავოთ სალონებსა და სხვადასხვა ესთეტიკურ დაწესებულებებისგან.

მერწყული

ნუ დაუპირისპირდებით მეგობრებს და მაქსიმალურად შეეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ დოკუმენტებთან მუშაობას, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და წარმატებით განახორციელოთ მოგებიანი პროექტი.

თევზები

დააფასეთ და პატივი ეცით თქვენს შრომას, მეტი ოპტიმიზმით და თავდაჯერებით იმოქმედეთ. ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ წარიმართება.

თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ? – თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე

თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი,“ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომელმაც მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება უარყო.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციას აღნიშნული შეთავაზებით არავინ ევაჭრება და მათ გზა შესთავაზეს.

“არავინ ევაჭრება, გზა შესთავაზეს. თუ ამ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?” – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით და დაადასტურონ საკუთარი სურვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს მათი შეწყალების თაობაზე.

მიხეილ ყაველაშვილს უპასუხა “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ და განაცხადა, რომ მისი კოალიცია არ აპირებს შეწყალების განცხადებით მიმართოს “არალეგიტიმურ პრეზიდენტს” და დასძინა, რომ მას მიუთითებენ “გზას რუსული ხომალდის მიმართულებით”. მან მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას უწოდა “სასაცილო და უბადრუკი მცდელობა, ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით” და განაცხადა, რომ “ლელო – ძლიერი საქართველო” “ვაჭრობაში არ შედის რუსულ რეჟიმთან”.

ამასთან, კუპრაძემ დასძინა, რომ საპატიმროს წესებისა და დროის ფაქტორის გათვალისწინებით, მისი განცხადება არ არის შეთანხმებული პატიმრობაში მყოფ ლიდერებთან, თუმცა სწამს, რომ “ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია”.

“არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით”,- განაცხადა კუპრაძემ.

ახლო აღმოსავლეთი განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის მომავალს – ავთანდილ წულაძე

ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ირანი არ თანხმდება ბირთვული პროგრამის გაუქმებაზე. ირანის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკული დარტყმების შედეგებიც გაურკვეველია. მთლიანად განადგურებულია თუ მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანებულია ირანის ურანის წარმოების ობიექტები? ამ საკითხმა შეერთებულ შტატებში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მწვავე დებატები გამოიწვია.

ირანი გაურკვევლობის ფაქტორს იყენებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ საინფორმაციო ომისთვის და მოლაპარაკებების პოზიციების გასაძლიერებლად. მსოფლიო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანმა 400 კილოგრამი 60%-ით გამდიდრებული ურანი საიდუმლო მიწისქვეშა საცავებში დამალა, სანამ ამერიკული საჰაერო ძალები ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განახორციელებდნენ.

ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროების გადანაწილება აისახება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე. რუსეთის კონფლიქტი აზერბაიჯანთან და სომხეთთან რეგიონში თურქეთის დიპლომატიური აქტივობის ფონზე მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცდილობს სომხეთისა და აზერბაიჯანის შერიგებას რუსეთის მონაწილეობის გარეშე. რუსეთმა ბაქოსა და ერევანზე ზეწოლის გაზრდით უპასუხა. საქართველო ჯერჯერობით დიდ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების გვერდით რჩება. თუმცა, ამჟამინდელ პირობებში სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ზესახელმწიფოების ბრძოლაში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება შეუძლებელია.

უკრაინაში ომიც შორს არის დასასრულისგან. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ეს მოსკოვისგან ვაშინგტონისთვის სიგნალია, რომ რუსეთი არ აპირებს ზავის პირობების დათმობას. ეს ასევე დარტყმაა ტრამპის იმიჯისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინთან საუბრის წინა დღეს აშშ-მ უკრაინაში იარაღის მიწოდება შეაჩერა. ტრამპი სუსტად გამოიყურება. აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის მედია ეფექტი უკვე გავიდა.  ამავდოულად, რუსეთი ბრძოლის ველზე თავდასხმებს აძლიერებს, ჩრდილოეთი კორეა უკრაინაში საბრძოლველად 30 000 ჯარისკაცს აგზავნის, ირანი კი უარს ამბობს ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე და ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობაზე მიანიშნებს.

ახლო აღმოსავლეთი ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მთავარ რეგიონად რჩება. ამერიკელი ანალიტიკოსები კამათობენ იმის შესახებ, თუ რა მეთოდები უნდა გამოიყენოს აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში. ჟურნალმა Foreign Affairs-მა გამოაქვეყნა ანალიტიკოს ჯეფრი ჯეიმსის სტატია სახელწოდებით „როგორ შეუძლია ტრამპს საქმის დასრულება ირანსა და ახლო აღმოსავლეთში“.

სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში ათწლეულების განმავლობაში დიდად წარმატებული არ ყოფილა. ამერიკა რეგიონში დაძაბულობის შემცირებას მხოლოდ გარკვეული ხნით ახერხებდა, მაგრამ შემდეგ კონფლიქტები კვლავ იწყებოდა.

ჯეფრი ჯეიმსის თქმით, ახლა რეგიონის სტაბილიზაციის საუკეთესო დროა, რადგან ირანის მარიონეტული ძალები და თავად ირანი დასუსტებულნი არიან. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ტრამპს აქვს ისტორიული შანსი, დაასუსტოს ირანი იმდენად, რომ ის საფრთხეს არ შეუქმნის მეზობელ ქვეყნებს. ჯ.ჯეიმსი მხარს უჭერს ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების იდეას. ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფოებთან  ურთიერთობა. ეს ქვეყნები დაინტერესებულნი არიან რეგიონული სტაბილურობითა და ეკონომიკური განვითარებით.

ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში შემდგომი განვითარება გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება მსოფლიო პოლიტიკისთვის. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა კონსტანტინემ რომის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ეს რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო პოლიტიკაში.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი