Home Blog Page 2

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ „შაჰედის“ ტიპის დრონები კურსკიდან და იეისკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა.

58 ჩამოგდებული საფრენი აპარატის გარდა, ექვსი დრონი უკრაინის ძალების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრციდან გავიდა რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული ლუგანსკის მიმართულებით, ხოლო სამი დრონის ფრენის მიმართულება უკრაინის ძალებმა დაკარგეს.

რუსეთის ძალებმა დრონები უკრაინის სხვადასხვა ოლქის, მათ შორის კიევის მიმართულებით გაუშვეს.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში დრონების ფრაგმენტები საცხოვრებელი სახლისა და საბავშვო ბაღის ეზოში ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები უმაღლესი რადას შენობასთან ჩამოვარდა, პარლამენტში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შედეგად დაზიანებები არ ფიქსირდება.

თურქეთში, კაჰრამანმარაშის რეგიონში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კაჰრამანმარაშის რეგიონში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, პაზარჯიკის რაიონში, ადგილობრივი დროით 09:31 საათზე მოხდა.

დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაშის რეგიონში 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. საუკუნის კატასტროფას, რომელიც დაატყდა თავს კაჰრამანმარაშს, ასევე ჰათაის, ოსმანიეს, ადიამანს, დიარბაქირს, შანლიურფას, გაზიანთეფს, კილისს, ადანას, მალატიასა და ელაზიღს, 53 537 ადამიანი ემსხვერპლა, 107 213 ადამიანი კი დაშავდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მსოფლიოს 93 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, იყო ჩართული.

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ

დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ასარჩევად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არც დაწყებულა, და შესაბამისად, არც არის ცნობილი თუ ვის აირჩევენ აღნიშნულ პოზიციებზე, უკვე დაწყებულია ზოგადად ამ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციის მცდელობა. ჩართული მხარეების სხვადასხვა  წარმომადგენელი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ცდილობს ასარჩევ პირთა სტიგმატიზაციას და მიკერძოებულად წარმოჩენას.

ის, რომ დაინტერესებული მხარეები შეეცდებოდნენ პროცესის დაზიანებას,  გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ანალოგიური ვითარება იქმნება ყველა არჩევნების წინ და როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ჯერ კიდევ არჩევამდე ხდებიან  სტიგმატიზაციის მსხვერპლნი.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულ მხარეებს და დღეს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ასეთი უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას და მის საქმიანობას, არამედ ზოგადად საარჩევნო  გარემოს. ამიტომ ნუ შეეცდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის გამო კონკრეტული ადამიანების სტიგმატიზაციას და ნუ შეუშლიან ხელს საოლქო საარჩევნო კომისიებს, კანონმდებლობის დაცვით წარმართონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი. ასევე მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ არჩეულ პირთა საქმიანობას და მხოლოდ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით/ქმედებებით შეაფასონ საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული წარმომადგენელი.

თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყოველთვის იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ინტერესების დამცველი. ამავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაცია თითოეული საარჩევნო მოხელისგან მოითხოვს პროფესიონალიზმისა და ეთიკის იმ მაღალი სტანდარტების დაცვას, რომელიც გაწერილია ცოტა ხნის წინ მიღებულ დოკუმენტში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ამ პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.

ახლა კი გაგაცნობთ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 2- 5 სექტემბრის პერიოდში განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა,  რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იყო საოლქო საარჩევნო კომისიებში. სულ შემოვიდა 24 425 განაცხადი, საიდანაც 9111 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებზე გამოცხადებულ კონკურსში  მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 314 კი კომისიის წევრობის კონკურსში.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს იხელმძღვანელონ კანონმდებლობის შესაბამისად და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.

აშშ და ერაყი ამერიკული ჯარის გაყვანის თარიღზე შეთანხმდნენ -Reuters

აშშ-მა და ერაყმა ამერიკული ჯარის გაყვანის თარიღზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამერიკა საკუთარი კონტინგენტის პირველ ნაწილს ერაყიდან 2025 წელს გაიყვანს, ხოლო მეორეს – 2026 წელს. გეგმა შეთანხმებულია და ის ორივე მხარის საბოლოო დამტკიცებასა და თარიღის გამოცხადებას საჭიროებს.

შეთანხმების შესახებ განცხადება ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ღაზის სექტორში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ურთიერთობების გამწვავების გამო ღონისძიება გადაიდო. შესაძლოა, შეთანხმების შესახებ განცხადება სექტემბერში გაკეთდეს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ამერიკული ჯარის მცირე ნაწილი ძირითადი კონტინგენტის გაყვანის შემდეგ, შესაძლოა, ერაყში დარჩეს.

აშშ ერაყში 2003 წელს შევიდა და დიქტატორი სადამ ჰუსეინი დაამხო. 2011 წელს ამერიკულმა ჯარმა ერაყი დატოვა, თუმცა 2014 წელს ის კვლავ დაბრუნდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. დღესდღეობით ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე: საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად არასერიოზული იყო, „ჰელსინკის კომისიის“ განცხადება, რომ თითქოსდა, „ქართული ოცნების“ სქემაა ეს მთელს მსოფლიოში გაშლილი-ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულთა პროცესს ეხმიანება.

„საზოგადოებას შევახსენებ, როდესაც ჩვენ სერიოზული კომენტარებიც არ გაგვიკეთებია „ჰელსინკის კომისიის“ ჰაერიდან მოტანილ ბრალდებაზე, თითქოსდა, „ქართული ოცნების“ სქემაა ეს მთელს მსოფლიოში გაშლილი, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ჰელსინკის კომისიამ“ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არანაირ ფაქტზე, არანაირ არგუმენტზე დაყრდნობით გააკეთა და რაღაც ჰაერიდან მოიტანა ბრალდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული კომენტარიც არ გაგვიკეთებია. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად არასერიოზული იყო, „ჰელსინკის კომისიის“ ის განცხადება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

 ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა.

გამოცემის ცნობით, საუბარია მცირე რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე, რომლის გამოყენებასაც მოსკოვის უკრაინის წინააღმდეგ ომში შეძლებს. თუმცა რაკეტების მოდელისა და რაოდენობის შესახებ დეტალები უცნობია.

ცოტა ხნით ადრე სააგენტო „როიტერი“ იუწყებოდა, რომ ირანი ბალისტიკურ რაკეტებს გასაგზავნად ამზადებდა – საუბარია, სავარაუდოდ, FATH-360-ის სისტემაზე, რომლის მაქსიმალური დაფარვის მანძილის 120 კმ-ს შეადგენს.

ოფიციალურად ირანი რუსეთის დახმარებას უარყოფს. თეირანის თქმით, ირანმა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებამდე მხოლოდ „კამიკაძე“ დრონების მცირე პატია გაუგზავნა.

უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე – “ამბროზეტი” განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირის, ევროპის ოჯახის, ასევე [ჩრდილოატლანტიკური] ალიანსის, უსაფრთხოების კავშირის, ნატო-ს ალიანსის ნაწილი.

“რას გვაძლევს ეს? ეს შეუძლებელს ხდის რუსეთის ან ვინმეს აგრესიის დაბრუნებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევთან უსაფრთხოების გარანტიები მინსკის შეთანხმებებისგან უნდა განსხვავდებოდეს, რომლებიც “ხაფანგი იყო”, ვინაიდან მინსკის შეთანხმებებმა კონფლიქტი გაყინა, რამაც რუსეთს ფართომასშტაბიანი ომისთვის მომზადების საშუალება მისცა, “ამიტომ მინსკის [შეთანხმებების] უკრაინასთან რეალური უსაფრთხოების გარანტიებთან შედარება არ შეიძლება”. “მაშიმ ნორმანდიის ფორმატზე ჩავედი, გვქონდა შეხვედრა გერმანია-საფრანგეთი-რუსეთი-უკრაინა. ვესაუბრე მას [პუტინს]. და მასთან შევთანხმდით, რომ იქნება ცეცხლის შეწყვეტა… რაღაც დროის შემდეგ მათ კონტაქტის ხაზზე ჩვენი დახოცვა დაიწყეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ პუტინს დაურეკა და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეახსენა. “მან თქვა კი, ახლა გამოვასწორებთო. რაღაც დრო გავიდა და მათ კვლავ დაიწყეს ჩვენი დახოცვა. ისინი ემზადებოდნენ. ამიტომ არანაირი გაყინული კონფლიქტი”,- განაცხადა ზელენსკიმ.

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს კვირის მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. მოერიდეთ მუშაობას – ახლა ყველაზე მეტად დასვენება, კარგი გამოძინება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. თავშეკავება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ. თუ თითოეულ პატარა უსიამოვნებას მნიშვნელობას მიანიჭებთ, დღის ბოლომდე ძალა და ნერვები არ მიგყვებათ. სასარგებლოა ახალი ცოდნის მიღება და რაიმე სახის ინტელექტუალური საქმიანობა.

კურო

თეატრალური წარმოდგენის ან გამოფენის ნახვა და შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება საშუალებას მოგცემთ, გონებრივი წონასწორობა აღიდგინოთ და პრობლემებისგან დაისვენოთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენივრადაა – თქვენი ესმით და მხარს გიჭერენ. ცდუნებებს ნუ აჰყვებით, ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ სამყარო თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის და ამით არ ისარგებლებთ, დიდი დანაკარგი იქნება.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა, რაღაც შემთხვევამ შეხედულებების შეცვლა გაიძულოთ და განვითარების ახალი შესაძლებლობები დაგანახვოთ. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულიდან მოდის. თავი შეიკავეთ სპონტანური შესყიდვებისა და დაუგეგმავი ხარჯებისგან და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატარეთ. შეეცადეთ, სტრესი ფიზიკური ვარჯიშით ან ბუნებაში სეირნობით მოიხსნათ.

კირჩხიბი

ოცნებებმა და ფანტაზიებმა შესაძლოა საინტერესო, პერსპექტიულ იდეამდე მიგიყვანოთ, რომელსაც მოგვიანებით წარმატებით განახორციელებთ. ასევე, თქვენი ორიგინალურობა ახალ ადამიანებს მიიზიდავს, რაც ურთიერთობას სასიამოვნოს და სასარგებლოს გახდის. ეცადეთ, თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა სასარგებლოდ გამოიყენოთ. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ.

ლომი

შეგიძლიათ, პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და 7 სექტემბერი ისე გაატაროთ, როგორც დიდი ხანია გინდოდათ. ეცადეთ, ინიციატივა გამოიჩინოთ და ყურადღების ცენტრში იტრიალოთ. ღია ცის ქვეშ ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია კარიერულ განვითარებასა და კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

ქალწული

საიდუმლოს, რომელიც დიდხანს გაწვალებთ, ამ დღეს ნათელი მოეფინება და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ. თუ საინტერესო გეგმა ან უჩვეულო პროექტი გაქვთ, მშვენიერი დღეა მის განსახორციელებლად. ოჯახის ან მეგობრების დახმარება რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით. დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს და თავი შეიკავეთ რთული და საპასუხისმგებლო საქმის დაწყებისგან. მოწვევაზე უარს ნუ იტყვით – ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. თუ მცირე გაუგებრობებს და სირთულეებს არ ჩავთვლით, მთლიანობაში კარგი დღეა.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, შეცდომის თავიდან ასაცილებლად ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უსმინოთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები – მძიმე კვირის შემდეგ დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. მეგობრებთან კამათი პერსპექტიული იდეისკენ გიბიძგებთ. შესაძლოა, თქვენმა აქტიურობამ გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოს და მომავალი პროექტებისთვის სპონსორი აღმოაჩინოთ.

მშვილდოსანი

რთული და დაძაბული დღეა. ყველაფერი გაღიზიანებთ და ემოციების მოთოკვა გიჭირთ. სერიოზული კონფლიქტი რომ არ დაიწყოს, ვარსკვლავები თანამოსაუბრის პატივისცემას და კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას გირჩევენ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სულიერ სიმშვიდეს გაპოვნინებთ.

თხის რქა

სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. დღის პირველ ნახევარში პლანეტების კეთილგანწყობა ეცადეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ. ადამიანი, ვისი იმედიც გქონდათ, საკუთარი საქმეებითაა დაკავებული და შეიძლება თქვენთვის მოცემული პირობა დაივიწყოს.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ – რაიმე ლამაზი და უჩვეულო იყიდოთ ან რესტორანში ეგზოტიკური კერძები დააგემოვნოთ. ეს განწყობას აგიმაღლებთ და ემოციებით აგავსებთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ და ყველა ინიციატივის დროს მხარი დაუჭიროთ.

თევზები

ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. აჩვენეთ, რომ მასზე ზრუნავთ და საკუთარ გრძნობებზე ესაუბრეთ. სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება იმდენად გიჭირთ, რომ ზოგი საქმის გადადება მოგიწევთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური ტელეარხი Rai News ავრცელებს.

მათი ცნობით, ზელენსკიმ თავისი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში. ზელენსკი სიტყვით პანელურ დისკუსიაზე „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ” გამოვა.

ასევე აღინიშნება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან.

ცნობისთვის, 6 სექტემბერს ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა, სადაც პირადად დაესწრო „რამშტაინის“ ბაზაზე უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) სხდომას. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება – არსად დაკარგულა -შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას – პრეზიდენტი

ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის რამდენიმე პირი დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული იდენტობა ძალიან ძლიერად დგას სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.

„ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილი და ნებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. და ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ არხოტში გუშინწინდელი ღონისძიებაა, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-თან ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა – დავით კეზერაშვილი

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა, – ამის შესახებ განცხადებას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი ავრცელებს.

როგორც დავით კეზერაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა.

„საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ორგანოების და ინსტიტუტების გამოყენებით, განაგრძობს ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. 6 სექტემბერს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ჩემი დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. სახელმწიფოს პოლიტიკურ მოტივებს ადასტურებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებაც, რომელიც პროკურატურის ბრიფინგს მალევე მოჰყვა, ასევე სამთავრობო მედიების მიერ პროკურატურის ბრალდებების ღიად პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგ თავდასხმას წინ უძღოდა აშშ-ის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) განცხადება, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ მოქმედებებს და მოტივებს. ჰელსინკის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ “ქართული ოცნება” მსოფლიოს გარშემო ქოლცენტრების ქსელებიდან მიღებულ შავ ფულს იყენებს, რათა დააფინანსოს საკუთარი ოპერაციები და შეავიწროვოს ოპოზიცია. ოლიგარქ ივანიშვილის მხილებული ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს შედეგები, რასაც მას უქადის ამ მძიმე დანაშაულში სახელმწიფოს ზურგით მონაწილეობა, ამიტომ ცდილობს, ისრები პოლიტიკური ოპონენტებისკენ მიმართოს.

აქვე აღვნიშნავ, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ჩემს სახელს მცდარად აკავშირებდა ქოლცენტრების ქსელთან, გასაჩივრებულია ბრიტანულ სასამართლოში და ეს გარემოება, შენიშვნის სახით, ხსენებულ ფილმს თან ერთვის. ამ მოვლენების მიმდინარეობისას, მისი საკონტროლო პაკეტი, ტელეკომპანიის დასაცავად, თანამშრომლებს გადაეცა. ფილმის შესახებ დავის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მისი დასრულებისთანავე გახდება”, – ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები გამართა. სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების პოტენციური წარმომადგენლები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოტენციური დამკვირვებლები ესწრებოდნენ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

შეხვედრების მთავარი თემა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება, ასევე დეტალურად ისაუბრეს ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ. შეხვედრების ფარგლებში, ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრაც საარჩევნო ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. 

30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სასწავლო შეხვედრებზე საარჩევნო ადმინისტრაციას განსაზღვრული ჰქონდა 15 400 წარმომადგენლის დასწრება,  მათ შორის პარტიების 12 200, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების  3 200 წარმომადგენლის. შეხვედრაზე დასწრების სურვილი გამოთქვა პოლიტიკური პარტიის 1 592-მა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების  461-მა წარმომადგენელმა, თუმცა საბოლოო ჯამში ამ შესაძლებლობით მხოლოდ პოლიტიკური პარტიების 597-მა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების 277-მა წარმომადგენელმა ისარგებლა.  შესაბამისად, შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ის რაოდენობაც არ გამოცხადდა, რაც მათ მიერვე მოწოდებულ ინფორმაციაში იყო ასახული. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა უმრავლესობამ არ გამოიყენა შესაძლებლობა მიეღო კომპეტენტური და ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.