Home Blog Page 2

„ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი-თვითმკვლელები უკრაინელი სამხედროებისთვის  ახალ საფრთხეს წარმოადგენენ“ – The Independent

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი-თვითმკვლელები უკრაინელი სამხედროებისთვის  ახალ საფრთხეს წარმოადგენენ“ (ავტორები – ჯონ ჯედი და ჯუ მინ პაკი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მდგომარეობა რუსეთ-უკრაინის ომში, მათი სამხედრო მომზადების დონე და სპეციფიკური მოქმედებები ბრძოლების დროს: რატომ არ უნდა ჩავარდეს ტყვედ და რატომ უნდა მოიკლას თავი.

თავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთის კურსკის ოლქის დათოვლილ ველებზე უკრაინელმა მებრძოლებმა ათზე მეტი დაღუპული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის გვამი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ჯარისკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომლმაც, უკრაინელი სამხედროების დანახვისას, თავი გრანატით აიფეთქა. უფრო ადრე კი უკრაინელებმა ორი ცოცხალი, მაგრამ მძიმედ დაჭრილი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვედ ჩაიგდეს.

სულ უფრო მეტი ფაქტი ვრცელდება იმის შესახებ, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთის მხარეზე იბრძვიან, რიგ შემთხვევებში უკიდურეს ზომას მიმართავენ, რომ ტყვედ არ ჩავარდნენ.

„თვითმკვლელობა და საკუთარი თავის აფეთქება დღევანდელი ჩრდილოკორეული არმიისათვის რეალობას წარმოადგენს“, – ამბობს კიმი, 32 წლის ყოფილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომელიც 2022 წელს დეზერტირი გახდა – სადემარკაციო ხაზის გადალახვა მოახერხა და სამხრეთ კორეაში გაიქცა. იგი ანონიმურად გვესაუბრება, რადგან ეშინია, რომ გვარის დასახელების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეაში დარჩენილ მის ოჯახს რეპრესიები დაემუქრება.

„ამ ჯარისკაცებს, რომლებიც თავიანთი სამშობლოსაგან შორს იბრძვიან, ტვინები გამოურეცხეს და ისინი ნამდვილად მზად არიან საკუთარი სიცოცხლე კომუნისტ კიმ ჩენ ინის რეჟიმს შესწირონ“, – აცხადებს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე.

კიმი, რომელიც სამხრეთ კორეაში უფლებადამცველ ორგანიზაციას – „ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მსხვერპლი ოჯახების ასოციაციას“ – ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ 2021 წლამდე იგი რუსეთში მშენებლობაზეც მუშაობდა.

უკრაინის შეფასებით, გაუსლ წელს ფხენიანმა მოსკოვის მხარდასაჭერად კურსკის ოლქში 11 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა, რომელთაგან დღეისათვის 3 ათასი ჯარისკაცი უკვე მოკლული და დაჭრილია.

ჟენევაში არსებულ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობას {გაეროს ეგიდით) ჩვენს შეკითხვაზე არნაირი პასუხი არ გაუცია და კომენტარი არ გაუკეთებია. 

მოსკოვმა და ფხენიანმა თავდაპირველად უარყვეს კურსკის ოლქში ჩრდილოკორეული არმიის ქვედანაყოფების დისლოცირების ფაქტი და ინფორმაციები „ფეიკებად“ მონათლეს, მაგრამ მოგვიანებით თვითონ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კორეელი სამხედროები ნამდვილად არიან რუსეთში და მათი ყოფნა კანონიერია.

ამ კვირაში უკრაინის არმიის სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილნი არიან ორი ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მათგან ერთმა უკრაინაში დარჩენის სურვილი გამოხატა, მეორემ სამშობლოში დაბრუნება აირჩია.

რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფების განთავსება და მათი მონაწილეობა კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში ჩრდილოკორეელებისათვის საბრძოლო ნათლობის პირველ მასობრივ შემთხვევას წარმოადგენს, 1950-53 წლებში მომხდარი კორეის ომის შემდეგ. მართალია, ზოგიერთი კორეელი სამხედრო მოსამსახურე ვიეტნამის ომშიც მონაწილეობდა და სირიის სამოქალაქო კონფლიქტშიც, მაგრამ ასეთები მხოლოდ ერთეულები იყვნენ.

აშშ-ის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა კიმ ჩენ ინის რეჟიმს უფრო განამტკიცებს და ფხენიანს შესაძლებლობა ექნება თავის სამხრეთელ მეზობელთან (სამხრეთ კორეასთან) ომი, სავარაუდოდ, უფრო წარმატებით აწარმოოს“.

კორესი სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მასმედიის მონაცემებით, კიმ ჩენ ინი თავის არმიას „მსოფლიოში ყველაზე ძლიერს“ უწოდებს. პროპაგანდისტულ ვიდეორგოლებში, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა 2023 წელს გამოაქვეყნა, წრთვნების დროს კორეელი ჯარისკაცები შიშვლები დარბიან დათოვლილ მინდვრებში, ხტებიან ყინულიან ტბებში და მუშტებით ყინულის ლოდებს ამტვრევენ. ასეთი კადრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები დევგმირები არიან, მაგრამ როგორც სამხრეთ კორეის სადაზვერვო უწყებამ აცნობა ქვეყნის პარლამენტს, კურსკის ოლქში დაღუპული კორეელთა რაოდენობა მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არ არიან თანამედროვე ომისათვის. რა თქმა უნდა, ყინულების მუშტებით მტვრევა შთამბეჭდავია, მაგრამ მუშტებით დრონების შეტევას ვერ აიცილებ… ჩრდილოკორეელებს რუსეთი „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს.

„კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ ჩრდილოკორეელმა ჯარისკაცებმა სარდლობისაგან თვითმკვლელობის ბრძანება მიიღეს, ანუ ისინი ტყვედ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაბარდნენ, – ნათქვამია სამხრეთ კორეის დაზვერვის უწყების მოხსენებაში.

„ამას წინათ ერთ-ერთ ჩრდილოკორეელ ჯარისკაცს ტყვედ ჩავარდნა ემუქრებოდა. მან დაიყვირა „დიდება ამხანაგ კიმ ჩენ ინს“ და გრანატის აფეთქება დააპირა, თუმცა უკრაინელებმა დაასწრეს და მოკლეს“, – ამბობს დეპუტატი ლი სონ კვუნი, სამხრეთ კორეის პარლამენტის დაზვერვის კომიტეტის წევრი, – ჩრდილოკორეელ სამხედროებს ჯიბეში მუდმივად უდევთ სამახსოვრო, რომლის მიხედვით, ტყვედ ჩავარდნა მისი და მისი ოჯახის სამუდამო სირცხვილია და რომ მან სამარცხვინო ტყვეობას თვითმკვლელობა უნდა ამჯობინოს.

ჯარისკაცების თვითმკვლელობა არამარტო კიმ ჩენ ინის რეჟიმისადმი ლოიალობას  წარმოადგენს, არამედ იმისაც ნიშნავს, რომ ამით ჯარისკაცები თავიანთ ოჯახების წევრებსაც იცავენ რეპრესიებისაგან“, – ამბობს იან უკი, სეულის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 იანვარს განაცხადა, რომ ტყვედ ჩავარდნილ კორეელ ჯარისკაცს კიმ ჩენ ინს გადასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იშუამდგომლებს რუსეთის წინაშე უკრაინელი ტყვეების გათავისუფლების მიზნით.

თუმცა ზოგიერთი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცისათვის ტყვედ ჩავარდნა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნება უფრო უარესია, ვიდრე ცოცხლად დარჩენა: „ტყვედ ჩავარდნა სახელმწიფოს ღალატის ტოლფასია. ტყვედ ჩავარდნა ნიშნავს იმას, რომ სამხედრო ფიცი დაარღვიე და სამშობლოს უღალატე. ამიტომაც მუდმივად უნდა გქონდეს შენახული ერთი ვაზნა, რომ გულში დაიხალო და სირცხვილი თავიდან აიცილო – როგორც შენთვის, ასევე ოჯახის წევრებისათვის და ნათესავებისათვის“, – ამბობს კიმი, ყოფილი ჩრდილოკორეელი დეზერტირი.

წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 იანვარს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღეს თოვს. დღისით 5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი რაჭაშიც. ამბროლაურში დღეს ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი – 3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია ახალციხეში, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +8 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია დღის განმავლობაში.

გორში მზიანი დღე იქნება. დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი – 1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით +2, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ვარაუდობენ მზიან ამინდს. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდია და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი დღის განმავლობაში.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია! – მამუკა ხაზარაძე

გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია! – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიაზე თავდასხმას.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!

„კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებებისა და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა!

„ქართული ოცნების“ ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!

გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, “ოცნების” კრიმინალურ ბანდას კი მალე გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან!

ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!“ – წერს ხაზარაძე.

“გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ბათუმში „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

“ევროპის სახალხო პარტიამ” “გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში” მიიღო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია, რომლის სახელწოდებაა – „გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ გაავრცელა.

„ვხელმძღვანელობთ რა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებით, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით;

2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების სრული დარღვევით და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, რის გამოც მის მიერ არჩეული ახალი „პარლამენტი“ და „პრეზიდენტი“ არალეგიტიმურია; მხედველობაში მივიღეთ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის, ეუთო/ოდირის, ასევე 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის სულისკვეთება საქართველოს შესახებ; ვგმობთ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით; ვგმობთ დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში; შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.

რეზოლუცია „მოუწოდებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ყველა წევრს, „თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან“.

„1. თავი შეიკავეთ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან. ამ მიზნით, შეწყვიტეთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების ყველა ოფიციალურ ვიზიტზე მიწვევა და საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა; არ აღიაროთ „ქართული ოცნების“ უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რათა არ მოხდეს ლეგიტიმაცია; 2. სალომე ზურაბიშვილის აღიარება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად საერთაშორისო ურთიერთობებში; 3. მოუწოდეთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი; 4. გავაგრძელოთ მიზანმიმართული სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; კერძოდ, მოუწოდოს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, კახა კალაძისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის; 5. მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებას, მათ შორის, ეუთო-ს, ევროპის საბჭოსა და გაერო-ს, არჩევნების გაყალბებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის გამოსაძიებლად; 6. შეაჩეროს ყველა ფინანსური მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, რათა თავიდან აიცილოს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებები და გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს კრიტიკულ მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მდგრადობის გასაძლიერებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის ურთიერთობის ყველა ინსტრუმენტის გადაფასების მიზნით; 7. მკაცრად შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე ე.წ. საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, მათ შორის, საქართველოში ვიზიტების ჩათვლით, რომლებიც არ ემსახურება ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას; 8. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის „დანაშაულში“ ბრალდებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის გაჟღერებით, რომლებსაც ემუქრებათ შესაძლო მრავალწლიანი პატიმრობა, ისევე, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება; 9. გამოხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომლებიც ყოველ საღამოს განაგრძობენ გამოსვლებს საქართველოს ქალაქების ქუჩებში; 10. გამართოს მოსმენები ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებში, რათა შენარჩუნებული იყოს საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი ბრძოლისადმი რუსული რეჟიმის სტილის სახელმწიფოს მიტაცებასთან“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციის დოკუმენტის გამოქვეყნებისას რასა იუკნევიჩიენემ სოციალურ ქსელში დაწერა: „`ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია ნათელია: საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი არალეგიტიმურია და მათთან ურთიერთობა არ შეიძლება. ჩვენ გამოვდივართ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა და სანქციების დაწესების მოწოდებით „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიის უკანდახევაზე“.

ამასთან, რეზოლუციის მიღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც დაწერა: „მივესალმები „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთსულოვან რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოცხადებას. ამერიკა ეთანხმება!“

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიყვარული — ურთიერთობებში სრული ჰარმონიაა. შესანიშნავი დღეა რომანტიკული სიურპრიზებისა და გულწრფელი საუბრებისთვის. არის რაღაც, რის თქვენთვის თქმასაც საყვარელი ადამიანი ცდილობს და ეცადეთ გამოიცნოთ.

კარიერა — ახალ პროექტებში წარმატებას მიაღწევთ. თქვენი რომელიღაც იდეა კოლეგების მოწონებას დაიმსახურებს.

ჯანმრთელობა — ენერგიით სავსე ხართ, სუფთა ჰაერზე გასეირნება კი შინაგანად გაგაძლიერებთ. მთავარია, სეზონის შესაფერისად ჩაიცვათ და ვირუსებისგან თავი შორს დაიჭიროთ.

ფინანსები — მოულოდნელი შემოსავალი გელით. დროა საკუთარ ოცნებებში ინვესტიცია ჩადოთ.

კურო

სიყვარული — ამ დღეს თითქოს სითბოს ასხივებთ, რომელიც გარშემო მყოფთა ყურადღებას იპყრობს. ვარსკვლავები მარტოხელა კუროს ახალ,, საინტერესო ნაცნობობას ჰპირდებიან.

კარიერა — ბოლოს და ბოლოს, მენეჯმენტი თქვენს შრომისმოყვარეობას შენიშნავს და დააფასებს. შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებებისთვის.

ჯანმრთელობა — ხშირად ცივდებით? დროა იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ და მენიუს მეტი ხილი და ბოსტნეული დაამატოთ.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისთვის.

ტყუპები

სიყვარული — საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიხარულს განიჭებთ. თუ ამ ურთიერთობებს უფრთხილდებით, ნუ დაჰპირდებით იმას, რასაც ვერასოდეს შეასრულებთ.

კარიერა — თქვენს წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, რითიც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

ჯანმრთელობა — უმოძრაო ცხოვრების წესი და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ადრე თუ გვიან ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ დროა ცხოვრების წესი შეცვალოთ.

ფინანსები — შექმნილ ვითარებაში უფროსი კოლეგის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

სიყვარული — რომანტიკული ატმოსფერო მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. ერთმა თითქმის უმნიშვნელო ტყუილმა შეიძლება დიდი სკანდალი გამოიწვიოს და თქვენს ურთიერთობაში ბზარი გააჩინოს.

კარიერა — ეს დღე ხელსაყრელია თაროზე შემოდებული, ძველი საქმეების დასრულებისთვის.

ჯანმრთელობა — დამქანცველი დღის შემდეგ დასვენება და სრულფასოვანი ძილი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — კარგი დღეა მცირე შესყიდვებისთვის.

ლომი

სიყვარული — საერთო ინტერესები და რომანტიკული თავგადასავალი თქვენს ურთიერთობას განამტკიცებს. თუ ცხოვრების მეგზური ჯერ არ გიპოვიათ, ამ დღეს სახლში ნუ დარჩებით – შესაძლოა, მეგობრების წვეულებაზე შეხვდეთ მას, ვინც ცხოვრებას გაგილამაზებთ.

კარიერა —შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და ლიდერის თვისებები მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობა — თუ საოფისე სამუშაო გაქვთ, დღეში ნახევარი საათი მაინც ფეხით სიარულს უნდა დაუთმოთ.

ფინანსები — ამ ან უახლოეს დღეებში სასიამოვნო ფინანსური სიურპრიზი გელით.

ქალწული

სიყვარული — ურთიერთობებში სიმშვიდე და სტაბილურობა თქვენი ოჯახის საიმედო დასაყრდენი გახდება. მარტოხელა ქალწული შეიძლება ძველ სიყვარულს შეხვდეს. რა მოჰყვება ამ შეხვედრას თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

კარიერა — თქვენი ანალიტიკური უნარები კოლეგების მოწონებას დაიმსახურებს და შეიძლება თქვენი პოზიცია გააუმჯობესოს.

ჯანმრთელობა — მედიტაცია თქვენს გონებას უარყოფითი ფიქრებისგან გაათავისუფლებს.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ფინანსური ანგარიშსწორებისთვის.

სასწორი

სიყვარული — ეს დღე სავსეა რომანტიკით. უსმინეთ საკუთარ თავს. თქვენი მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ.

კარიერა — ამ დღეს გუნდური მუშაობა სასურველ შედეგებს მოგიტანთ.

ჯანმრთელობა — იოგას ვარჯიშები სტრესის მართვაში და სულიერი წონასწორობის პოვნაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — ვარსკვლავები ფინანსურ სტაბილურობას გპირდებიან, თუმცა უსარგებლო ნივთების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მორიელი

სიყვარული — ეს დღე უჩვეულო შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ხელსაყრელი დროა ურთიერთობის გაღრმავებისა და ურთიერთგაგებისთვის.

კარიერა — თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას გაძლევთ გამოიყენოს უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ.

ჯანმრთელობა — დალიეთ მეტი წყალი და იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

ფინანსები — ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

სიყვარული —იდეალური დღეა ნათელი ემოციებისა და რომანტიკისთვის, მაგრამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.

კარიერა — თქვენი ოპტიმიზმი და საქმის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მთელ გუნდს შთააგონებს და კონკურენტების დამარცხებაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობა — ყურადღებით დააკვირდით პროდუქტებისა და მედიკამენტების ვარგისობის ვადას – გამორიცხული არ არის ინტოქსიკაცია.

ფინანსები: შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ, რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

თხის რქა

სიყვარული — მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

კარიერა — დღევანდელი მიღწევა თქვენს პროფესიულ ავტორიტეტს გაზრდის, ამიტომ არ უნდა იზარმაცოთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტეს და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს.

ჯანმრთელობა — გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის და დაიმუხტეთ ბუნების ენერგიით.

ფინანსები — კარგი დროა გრძელვადიანი ინვესტიციისთვის.

მერწყული

სიყვარული — თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა გულგრილს არავის დატოვებს. შესაძლოა, საიდუმლო ტრფობის ობიექტი ბოლოს და ბოლოს თქვენით დაინტერესდეს.

კარიერა — თქვენი ორიგინალური იდეები მენეჯმენტის ყურადღებას მიიპყრობს. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევაც, რომელიც შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

ჯანმრთელობა — ხანდაზმულმა მერწყულებმა ამ დღეს ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას უნდა მიაქციონ.

ფინანსები — სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზებები.

თევზები

სიყვარული — ეს დღე ძლიერ განცდებს მოგიტანთ, მაგრამ ეცადეთ ბრაზი საყვარელ ადამიანზე არ იყაროთ.

კარიერა —საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, სასურველ შედეგს და მენეჯმენტის შექებას მოგიტანთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომის გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ თავს მშვენივრად გაართმევთ.

ჯანმრთელობა — წყალთან დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — ეს დღე ხელსაყრელია ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვისთვის.

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს.

დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში.

„ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაზრდას ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, ინკლუზიურობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

თავის მხრივ, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის.

„სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი მყარ საფუძველს უყრის და ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის. ის მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის, ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ადამიანებს შორის კონტაქტების გაფართოებას“, – აღნიშნა მირზოიანმა.

მისივე თქმით, აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.

„ამან მიაღწია იმ დონეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არა მხოლოდ შეესაბამება არსებულ რეალობას, არამედ აუცილებელია რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში მუშაობის კონტექსტში“, – განაცხადა მირზოიანმა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – აცხადებენ საელჩოში.

აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მიუღებელია ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება, ესტონეთი გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ბათუმსა და თბილისში დაკავებული ყველა ჟურნალისტი -ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიები, რომლებიც გრძელდება, მათ შორის საქართველოში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება მიუღებელია, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ესტონეთი დაკავებული ჟურნალისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

„მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიები, რომლებიც გრძელდება, მათ შორის საქართველოში ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავება მიუღებელია. ესტონეთი, როგორც „მედიის თავისუფლების კოალიციის“ თანათავმჯდომარე, გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა ჟურნალისტი, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში“, – აღნიშნულია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც სასამართლო დღეს განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც დღეს სასამართლო განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლეები სხვადასხვა დარბაზებში სხვადასხვა პირების საქმეებს ერთმანეთის პარალელურად განიხილავდნენ. არც ერთი მათგანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შემწყდარა და არც ადმინისტრაციული სახდელის სხვა სახეობა არ გამოყენებულა გარდა პატიმრობისა.

დღეს სასამართლოში დაკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალი ნაწილიდან არ გადადიოდნენ, ამასთან, მათივე თქმით, ისინი შენობაში მყოფი პირების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ, მათ შორის, “მონას”.

რესტორანში დაკავებულებს: ზურაბ მანჩხაშვილს – 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს – 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს -15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია 12 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება.

რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს – სერგეი ლავროვი

საქართველოს შეუძლია 3+3 ფორმატში თავისი ადგილი დაიკავოს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას 3+3 მექანიზმის შექმნის შესახებ მხარი აქტიურად დავუჭირეთ – სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და მათი სამი მეზობელი: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, თურქეთი, ირანი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ადგილი კვლავ ხელმისაწვდომი რჩება.

„პირველი კონტაქტები უკვე შედგა. ჩვენს ქართველ მეზობლებს მათთვის განკუთვნილი ადგილი ჯერ არ დაუკავებიათ, მაგრამ ეს ადგილი იმ მაგიდასთან, სადაც ჩვენ რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა – საია

მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა, – ამის შესახებ განცხადებას “საქართველოს იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

მათივე განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.

„2024 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე პირველი წარდგენის სხდომა. მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი 2024 წლის 13 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე წარუდგინა და ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის სრულიად დაუსაბუთებელი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის – პატიმრობის გამოყენების შესახებ და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე შემდგომი სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა. მისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. ამ საკითხთან დაკავშირებით საია დამატებით შეფასებას მოგვიანებით გაავრცელებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას – მისი გამოყენება მოხდა ასევე უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი 2024 წლის 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს თვითნებურად, თუმცა, შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ საკითხზე სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია და არ დაუდგენია, ეს ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას. გათავისუფლებიდან მალევე, მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა, ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ წარმოადგინა დაუსაბუთებელი, შაბლონური, ჰიპოთეტური შუამდგომლობა, რომელიც არ ეფუძნებოდა საქმეზე გამოძიების შედეგად გამოვლენილ გარემოებებს. პროკურორი ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას დაასაბუთოს, მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეუწონლობა. პროკურატურის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლომ გაიზიარა იყო ის, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებული დააკავეს ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი. პროცესზე უგულებელყოფილი იყო პიროვნული მახასიათებლებიც – ის, რომ მზია ამაღლობელს არასოდეს ჩაუდენია რაიმე სახის გადაცდომა, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული. ამასთან, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, რომ გამოკვეთილია ბრალდებულის დამოკიდებულება პოლიციელების მიმართ, ვინაიდან პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მისი დაკავებით. აღნიშნულ საქმეზე კი სასამართლოს დადგენილება არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მიიმალება ან ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე. სწორედ აღნიშნული გარემოებები უნდა მიიღოს მხედველობაში სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, მზია ამაღლობელის მხრიდან არ არსებობდა მსგავსი საფრთხეები, შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

საია და საქმეში ჩართული სხვა ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრებენ და მოითხოვენ მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.