Home Blog Page 2

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასა და ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით გააძლიერა რისკის ზონებში მონიტორინგი. პრევენციის და შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მეხანძრე-მაშველები, ყველა შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნიკის გამოყენებით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ ტყის მასივებში პატრულირებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სადგურის მოედანთან“ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებულ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

როგორც გენერალურ პროკურატურასთან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ უწყებაში შეტანილი განცხადება „კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მიმართ დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ემსახურება“.

ფარულავას განმარტებით, მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ საქართველოს პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს.

„უპირველესად, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა. ამ ყოველივეს წინ თბილისის მერიის და კახა კალაძის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობა უძღოდა. მათ თავად განაცხადეს, რომ იცოდნენ ბაზრობაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომ ავარიული კორპუსი იყო, თუმცა მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, ავარიული საცხოვრებელი კორპუსი არავინ შემოსაზღვრა უსაფრთხოების [ლენტით], არავინ არაფერი გააკეთა. ეს შედეგია კორუფციული მმართველობის. ეს არ არის უბრალოდ უყურადღებობა, ეს არის სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა არამხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო – გიორგი გახარია

ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, ბრიუსელში მინისტრებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო. აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს”,-წერს გიორგი გახარია X-ზე.

საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა – კაია კალასი

აქართველოსთან დაკავშირებით მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც, შესძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს, გათვლები შეცვალოს“, – აღნიშნა კალასმა.

თევდორე მღვდლის ათ ნომერში, სადაც გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება

თევდორე მღვდლის ათ ნომერში, სადაც გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ამ წუთებში, უსაფრთხოების მიზნით, დაზიანებული შენობის შემოღობვის სამუშაოები ხორციელდება. დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია კი დასრულებულია.

მომხდარი ნგრევის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი, ერთმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს სამსახურში და ყოველდღიურ ურთიერთობებში კონფლიქტები და ნერვიულობა გელით. ეცადეთ, პროფესიულ სფეროში არ იაქტიუროთ. გამორიცხული არ არის, რომ რომელიღაც კოლეგას თქვენი შურს და მახეს გიგებთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ქმედებები, რათა საყვარელი ადამიანი არ შეურაცხყოთ. არსებობს ტრავმის რისკი, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს.

კურო

ეცადეთ, საკუთარი პოზიციის გაძლიერებაზე იზრუნოთ და, რაც მთავარია, უფროსებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ – ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. თუ განმარტოების და დასვენების შესაძლებლობა გაგიჩნდათ, აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებსა და აზრებში გაერკვეთ, რათა მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა განსაზღვროთ. მარტოხელა კუროებს შეიძლება სიყვარული ეწვიოს.

ტყუპები

ტყუპებისთვის ამ დღის სიმბოლო ცდუნებაა და არსებობს კანონის დარღვევისა და ამასთან დაკავშირებული უსიამოვნო შედეგების მაღალი რისკი. გარდა ამისა, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კირჩხიბი

იდეალური დღეა ქორწინებისა და სხვა ოჯახური ღონისძიებებისთვის. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ხელი ჩაჰკიდოთ და ქორწინების სახლს ეწვიოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები და ოცნებები საიდუმლოდ შეინახოთ, რათა ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა არ სცადოს.

ლომი

მოერიდეთ საეჭვო ხარისხის ნივთების შეძენას. უმჯობესია, ფული ისესხოთ და ძვირად ღირებული, ხარისხიანი საქონელი შეიძინოთ, ვიდრე იაფი ნივთები. ამ დღეს თქვენი მთავარი მოკავშირე ემოციური მოქნილობა და ტაქტი იქნება. ხელსაყრელია ურთიერთობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ, ინიციატივა და გამძლეობა გამოიჩინოთ.

ქალწული

ნუ ეცდებით, საკუთარი პრობლემები და მოვალეობები კოლეგებს გადაულოცოთ, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ. არც ის პასუხისმგებლობები უნდა დაივიწყოთ, რომლებსაც ყოველდღიურად ასრულებთ. ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარი გრძნობები გულწრფელად გამოხატოთ. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება თქვენს მსოფლმხედველობაზე და წარმოდგენებზე სერიოზულად იმოქმედოს.

სასწორი

გირჩევთ, ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად, სახლში გაატაროთ. ეცადეთ, ბოლო დღეებში შექმნილი სიტუაცია სასწრაფოდ გამოასწოროთ, თორემ დახმარების გარეშე დარჩებით. თქვენივე დაუდევრობის გამო შეიძლება ტრავმა მიიღოთ, ამიტომ ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და გაუმართლებელ რისკს.

მორიელი

ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ მას, ვინც გენდობათ და განვითარებაში გეხმარებათ. მოერიდეთ ყურადღების ცენტრში ყოფნას, თორემ შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერება და მონდომება არ გაკლიათ, თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს არ მოიტანს. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას და ეცადეთ, განსხვავებული აზრი მშვიდად მიიღოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარი შრომის შედეგს ნახავთ. სადავო ვითარებაში ეცადეთ ტაქტი გამოიჩინოთ და სხვა ადამიანების გრძნობები გაითვალისწინოთ. სამსახურში იზრუნეთ საკუთარი პოზიციის გაძლიერებაზე და, რაც მთავარია, უფროსებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ – ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. თუ განმარტოების და დასვენების შესაძლებლობა გაგიჩნდათ, აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

თხის რქა

ამ დღეს ყველა გარიგება საუკეთესო შედეგით დასრულდება. წარმატება და იღბალი ამ დღეს თქვენ მხარეზეა. ხელსაყრელი დღეა პირად ცხოვრებაში პრობლემების მოსაგვარებლად. შესაძლოა, გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

მერწყული

ამ დღეს მოვლენების შემდგომი განვითარების უამრავი ვარიანტი გამოჩნდება. ეცადეთ, წესიერების საზღვრებს არ გასცდეთ და საკუთარი სურვილები აკონტროლოთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელმაც შეიძლება ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაართულოს. უსიამოვნო სიურპრიზი გაიძულებთ, გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობას გადახედოთ.

თევზები

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ნიჭი და უნარები ბოლომდე გამოავლინოთ. გადაღლის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. დასვენება, ვიტამინებით მდიდარი, დაბალანსებული დიეტა და ბუნებაში სეირნობა ნეგატიური პროცესების შეჩერებაში დაგეხმარებათ.

სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სომხეთი არ განიხილავს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის რომელიმე მესამე ქვეყნისთვის გადაცემას

სომხეთი არ განიხილავს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის რომელიმე მესამე ქვეყნისთვის გადაცემას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელ ბაგდასარიანმა განაცხადა. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

ჟურნალისტმა ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანს კითხვა დაუსვა თურქეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის გამოდის შეთავაზებით, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფანი მომდევნო 100 წლის განმავლობაში აშშ-მა გააკონტროლოს.

კერძოდ, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერს შემდეგი კითხვა დაუსვა: „თურქეთში აშშ-ის ელჩმა, საუბრობდა რა რეგიონული ინფრასტრუქტურის გახსნაზე, ისაუბრა აშშ-ის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილის იჯარით აღების შესაძლებლობაზე, საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მოხდება „ზანგრეზურის დერეფნის“ რეალიზაცია. რა კომენტარს გააკეთებდით?“.

„თქვენ მიერ ნახსენები ნომენკლატურა მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ასევე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთი განიხილავს რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვას მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სომხეთის იურისდიქციის კონტექსტში. ჩვენ არ შეგვიძლია სხვა რაიმე ლოგიკის განხილვა. რაც შეეხება მიწის იჯარით აღებას, ასეთი რამ, სომხეთის კანონმდებლობით არსებობს მხოლოდ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისთვის, როდესაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ხორციელდება. შესაბამისად, აშშ-ის ელჩის მიერ ნახსენები ვარიანტი შეუძლებელია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა.

დამატებით კითხვაზე, ხომ არ საუბრობს თურქეთში აშშ-ის ელჩი საგზაო კონტროლის დელეგირებაზე, სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ერევანი არ განიხილავდა და არ განიხილავს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის მესამე ქვეყნებისთვის გადაცემის საკითხს.

„სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის არცერთი ნაწილი არ შეიძლება იყოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა ან სომხეთის იურისდიქციის მიღმა“ – განაცხადა ფაშინიანის პრესმდივანმა.

ვაჟა სირაძე – სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილიდან მყისიერად მოვახდინეთ მოქალაქეთა ევაკუაცია, ამ ეტაპზე არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა რაოდენობის შესახებ

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ნგრევა მოხდა, მყისიერად განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუაცია.

სირაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.

„შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. მყისიერად ადგილზე გამოცხადდნენ როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.

მყისიერად მოვახდინეთ შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია, აგრეთვე აღნიშნული კორპუსიდან გამოვიყვანეთ ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე პერიმეტრი შემოსაზღვრულია და ვიცავთ უსაფრთხოებას.

რაც შეეხება ინფორმაციას გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ, რაც დავაზუსტებთ სრულად ინფორმაციას, აუცილებლად მოგაწვდით. შესაძლოა, იყოს გარდაცვალების ფაქტი, უბრალოდ, რაოდენობასთან დაკავშირებით არ შემიძლია წინასწარ ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

,,ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება”- პრემიერი

არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება.

“არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცეებს ჰგონიათ ნაცები და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება. ასეთი არის მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, მას ჰქონდა მეტსახელიც სახელფასო გრაფაში და იგივე წყაროდან ფინანსდება ასევე ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ვიღაცეებს სურთ საკუთარი ბრალდებების გადაფარვა, არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს“, – განაცხადა პრემიერმა

თბილისსა და ბაქოს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები – მარიამ ქვრივიშვილმა საკითხი “აზერბაიჯანის რკინიგზის” ხელმძღვანელთან განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელს, როვშან რუსტამოვს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის პირველ პირებთან ქვეყნებს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვიზიტიდან უმოკლეს ვადაში, “აზერბაიჯანის რკინიგზის” ხელმძღვანელი საკითხის განსახილველად თბილისს ეწვია. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მარიამ ქვრივიშვილის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ დააყენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძეშ და შპს „მარაბდა-კარწახის“ რკინიგზის ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის მნიშვნელობას, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ტურიზმის სფეროში.

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის მთავრობას და რკინიგზის წარმომადგენლობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ოპერატიული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობების შესახებ დიალოგი უახლოეს პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება.

,,ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან”- პრემიერი

როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის ელჩის განცხადებას შეეხებოდა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბრიტანეთის ელჩის განცხადება არის დეზინფორმაციით გაჯერებული.

„როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. დიდ ბრიტანეთში არის სერიოზული პრობლემები მედიაპლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, „დიფ სთეითის” გავლენის კუთხით მედიაზე, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მიმართვა ინგუშეთის მოსახლეობას

კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია და მისი თავმჯდომარე,  ზაალ კასრელიშვილი ინგუშეთის მოსახლეობას მიმართავს, რომელსაც, „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

 “დებო და ძმებო ინგუშებო, მაქვს პატივი მოგმართოთ და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა.

მიმდინარე წლის სექტემბერში, ინგუშეთში იგეგმება ფორუმი, რომელსაც დაესწრება ქართული დელეგაცია. ვიცით, რომ  ამ ფორუმზე საუბარი იქნება მნიშვნელოვან თემებზე და სერიოზულ გეგმებზე. გვჯერა, რომ ეს ღონისძიება კიდევ უფრო მეტად დააახლოვებს და სასარგებლოს გახდის ურთიერთობას ჩვენს ერებს შორის.ჩვენი აზრით, ფორუმის ერთ-ერთი  მთავარი თემა იქნება ინგუშეთი-საქართველოს რკინიგზის პროექტი.                  

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში 1989-1992 წლებში შეიქმნა ეთნო-რეგიონალური(კავკასიური) პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც მოიცავს კულტურის, სპორტის, საზოგადოებრივი ღონისძიების სფეროებს და სოციალურ-ეკონომიკურ პროეტებს რომელის განსახორციელებლად სამწუხაროდ, დღემდე არავის გადაუდგავს პრაქტიკული ნაბიჯები

ეთნო-რეგიონალური პოლიტიკის კონცეფციაში ჩადებულია რკინიგზის, საავტომობილო გზის და ნავთობსადენის პროექტებიც, მაგრამ ჯერ აუცილებელია მათი საჯარო განხილვა და  პატიოსანი, მიუკერძოებელი პროფესიონალების  დასკვნები თუ რამდენად სასარგებლოა ისინი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ

მეგა-პროექტები მომგებიანი უნდა იყოს ეკონომიკურად და მისაღები მორალურად.

საქართველოში ამ პროექტის განხილვა ჯერ არ მომხდარა და მოსახლეობის უმრავლესობამ მის შესახებ იცის მხოლოდ ის , რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მას ერქვა ,,ტრანსკავკასიური მაგისტრალი და როგორც რუსი ნაციონალისტები ამბობდნენ, მისი მიზანი იყო ,,რუს ჯარისკაცს ფეხები დაებანა ინდოეთის ოკეანეში”, ამ გზის გავლის შედეგ.,,ტრანსკავკასიური” მაგისტრალის მშენებლობა ჯერ ეროვნულმა მოძრაობამ გააპროტესტა ხოლო შემდეგ გააჩერა საქართველოს მოსახლეობამ 1988-1989 წლებში. გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ იდეაში ამ პროექტმა უნდა გაიაროს სომხეთის ან აზერბაიჯანის ტერიტორიებზეც და ისინი დათანხმდებიან თუ არა ამ მარშუტის გატარებას თავის ტერიტორიაზე ჯერ არ ვიცით.

როგორც მოგახსენეთ, ამ პროექტების განხილვა საქართველოში ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად არც მთავრობას და არც ხალხს ჯერ ნდობა არ გამოუცხადებია არცერთი  ჯგუფისთვის და მთუმეტეს რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციისათვის ამ თემაზე სასაუბროდ. ამიტომ თუ ვინმე თვითმარქვია აპირებს მანდ ჩამოსვლას ზემოთ ხსენებულ თემებზე სასაუბროდ იცოდეთ, რომ ისინი ხალხის ნდობის მანდატის გარეშე მოქმედებენ და მხოლოდ თავის მცირერივხოვანი ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედით რეკლამას იკეთებენ, საქართველოში შემოდგომაზე  დანიშნული მუნიციპალური არჩევნების წინ.

ჩვენი სურვილია საქართველოს დელეგაციას ჰქონდეს მთავრობის და ხალხის ნდობა ამ ფორუმზე, მაგრამ თუ დელეგაცის წევრები მხოლოდ   კრემლისათვის მისაღები პირები იქნებიან მაშინ უნდა იცოდეთ,რომ ფორუმზე განსახილველი პროექტების მნიშვნელობა და  პერსპექტივა განულდება.

ამ მიმართვის მიზანია მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ქართველებსა და ინგუშებს შორის ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობებს. მოუსმინოთ ჩვენს  ხალხს და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს”, – ნათქვამია მიმართვაში.