Home Blog Page 2

სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე -ლევან მურუსიძე

სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემთან მიმართებაში წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო. ხომ არ შეიძლება, გონივრული ეჭვის საფუძველზე დასანქცირდე? ეს ხომ პოლიტიკა არის რეალურად, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასანქცირების რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილი.

„რადგან ამხელა უსამართლობაზე არის საუბარი, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, აქ არის სხვა პოლიტიკური მიზნები. რა არის ეს პოლიტიკური მიზანი? წლების განმავლობაში ხდება სასამართლო სისტემაზე შეტევა და ცდილობენ, რომ მიიღონ ბერკეტები სასამართლო სისტემაში, რომ შემდგომ მართონ ქვეყანაში პოლიტიკა. ხომ არ შეიძლება თქვან, გონივრული ეჭვის საფუძველზე ვასანქცირებთო. შეიძლება თქვან, რომ ლევან მურუსიძეს კონკრეტულად ამ საქმეში ჰქონდა რაღაც დაინტერესება და მატერიალური შედეგი უნდოდა მიეღოო, გავცემდი პასუხს. აღარც ვინტერესდები, რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ. ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. ეს აინტერესებთ თავიანთი გლობალური პოლიტიკის გამო, უკრაინა-რუსეთის ომია, საქართველო მეზობელია რეგიონში, მთელი რიგი პროცესებია. სასამართლო სჭირდებათ, რომ არჩევნები გაბათილდეს, როცა მოუნდებათ, როგორც რუმინეთში. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია. დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება“, – განაცხადა მურუსიძემ

სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის გარკვეული დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქცირება ყველანაირ ზღვარს სცდება-დიმიტრი გვრიტიშვილი

სანქციები უსაფუძვლოა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

გვრიტიშვილის თქმით, მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციები მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, სანქციები უსაფუძვლოა, სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, იქნება ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც შეიძლება, მიუღებელი იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი ან ვიღაცას არ მოსწონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, აქედან გამომდინარე მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება მიუღებელია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქცირების გავრცელება“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ელექტროენერგია გაითიშა

ელექტროენერგიის გათიშვის გამო ინდონეზიის კუნძულ ბალიზე პრობლემები შეექმნა ადგილობრივ აეროპორტს, თუმცა რეისები არ შეჩერებულა.

ხელისუფლების განცხადებით, ენერგომომარაგების აღდგენისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

დენის გათიშვის მიზეზის მოკვლევა დაწყებულია. ელექტროენერგია რამდენიმე დღის წინ ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაწილშიც გაითიშა. მოსახლეობას დენი 8 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

Fly Khiva-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაშკენტიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელსაც „ტავ ჯორჯია“ მართავს, ოპერირება დაიწყო უზბეკურმა ავიაკომპანიამ Fly Khiva. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

მათივე ცნობით, Boeing 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით აღნიშნულმა ავიაკომპანიამ პირველი მგზავრები უზბეკეთის დედაქალაქიდან თბილისში უკვე ჩამოიყვანა.

„Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა. Fly Khiva ფლობს Boeing 767-300 ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებსა და ორ Boeing 757-300 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს, რომლებიც აღჭურვილია ბიზნეს კლასის 22 და ეკონომ კლასის 203 ადგილით.

ტავ ჯორჯიასთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგების შესაბამისად, 2025 წლის ივნისიდან Fly Khiva გეგმავს ასევე ოპერირების დაწყებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რვა ახალი ავიაკომპანია ემატება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს კი ორი“, – აღNიშნულია ინფორმაციაში.

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს შესაძლოა ემოციური შფოთვა და დაძაბულობა იგრძნოთ. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებს საღად შეაფასოთ და გადაწყვეტილებები სიფრთხილით მიიღოთ. 

კურო
შესაძლოა უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და რთული არჩევანის წინაშე დადგეთ. ნუ იჩქარებთ; დაელოდეთ მეტ სიცხადეს, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.

ტყუპები
დღეს შეიძლება მოულოდნელი სიახლეები და ცვლილებები შეგხვდეთ. იყავით მოქნილი და მზად იყავით ადაპტაციისთვის. 

კირჩხიბი
სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და ახლობლებს. მათი მხარდაჭერა და სითბო დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ლომი
დღეს შეიძლება თავი იგრძნოთ ენერგიულად და მოტივირებულად. გამოიყენეთ ეს ენერგია ახალი პროექტების დასაწყებად.

ქალწული
შესაძლოა, საჭირო გახდეს დეტალებზე მეტი ყურადღების მიქცევა. სიფრთხილე და სიზუსტე დღეს წარმატების გასაღებია. 

სასწორი
დღეს შეიძლება თავი იგრძნოთ ემოციურად არასტაბილურად. ეცადეთ, იპოვოთ ბალანსი და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

მორიელი
შესაძლოა, დღეს წინსვლისთვის საჭირო ენერგია იგრძნოთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მიზნების მისაღწევად.

მშვილდოსანი
დღეს შეიძლება მოულოდნელი შესაძლებლობები შეგხვდეთ. იყავით მზად მათი გამოყენებისთვის.

თხის რქა
შესაძლოა, დღეს მეტი ყურადღება მიაქციოთ პროფესიულ საკითხებს. თქვენი შრომა და თავდადება დაფასებული იქნება.

მერწყული
დღეს შეიძლება ახალი იდეები და ინსპირაცია მიიღოთ. გამოიყენეთ ეს დრო კრეატიული პროექტებისთვის.

თევზები
შესაძლოა, დღეს მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ გრძნობებს და ინტუიციას. ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ინტერპოლით ძებნილ აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს, აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერპოლით ძებნილი და ქართველი სამართალდამცველების მიერ რუსთავში დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დაასრულა – მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აზერბაიჯანის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

41 წლის კაცს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედება ბრალი. მას კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ინტერპოლი ეძებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ ჯავედ ხუდამოვი, 2022 წელს, საქართველოში თურქეთიდან, სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით, სხვისი პასპორტით შემოვიდა. დაცვის მხარე ხაზს უსვამს, რომ, საქართველოში ყოფნის 3 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის მოქალაქეს კანონი ერთხელაც არ დაურღვევია. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც – მისი თქმით, ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანების გაყიდვითაა დაკავებული.

აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ჩაინიშნა წინასასამართლო სხდომა – პროცესი 24 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ხუდამოვი 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანდა.

“კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები”, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

3 მაისს საქართველოს უმეტეს ქალაქში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. ზოგან სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +14 – წვიმა

სოხუმი +14 – წვიმა

ზუგდიდი +16 – წვიმა

მესტია +11 – წვიმა

ფოთი +14 – წვიმა

ბათუმი +14 – უმეტესად მზიანი

ოზურგეთი +15 – მოღრუბლული

ქუთაისი +16 – წვიმა

ამბროლაური +17 – წვიმა

ახალციხე +17 – უმეტესად ღრუბლიანი

ბორჯომი +12 – წვიმა

ბაკურიანი +10 – უმეტესად მზიანი

გორი +19 – უმეტესად მზიანი

ცხინვალი +17 – წვიმა

სტეფანწმინდა +10 – წვიმა

გუდაური +7 – წვიმა

თელავი +21 – წვიმა

რუსთავი +24 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +22 – უმეტესად ღრუბლიანი

ისტორიაში პირველად საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით თბილისი საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის (IMMAF) ეგიდით დაგეგმილ 2025 წლის IMMAF-ის მსოფლიოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობა 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე თბილისში გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება. ტურნირი სენიორებსა და იუნიორებს შორის გაიმართება.

საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი IMMAF-ის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გააკეთა, როცა ეროვნულმა გუნდმა რვა მედალი მოიპოვა.

„ჩვენთვის დიდი პატივია IMMAF-ის ეგიდით მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა. საქართველოში MMA-ი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ეს კი, რა თქმა უნდა, ისეთი სპორტსმენების დამსახურებაა, როგორებიც არიან ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე; მათმა წარმატებამ არაერთ ახალგაზრდას მისცა მოტივაცია ივარჯიშოს MMA-ში და გახდეს მსოფლიო დონის მებრძოლი.

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ IMMAF-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე და მათ მიერ მიღწეული შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო უძლიერესი მებრძოლებისა და უნიჭიერესი სპორტსმენების ქვეყანაა. მიგვაჩნია, რომ IMMAF-ის ეგიდით მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ამ სპორტის სახეობის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. საქართველო მზადაა, მაღალ დონეზე ჩაატაროს მსოფლიოს პირველობა. ქართველების სტუმარმასპინძლობის დამსახურებით კი, დარწმუნებული ვართ, რომ 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული,“ – განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა.

„თუ არა ორმაგი სტანდარტი და თუ არა მცდელობა საზოგადოებისთვის ტყუილის გასაღების, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები იმ მიმდინარე პროცესს, რაც საქართველოში ვითარდება და კონკრეტული ფაქტების გამომზეურებას ემსახურება – რაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ჩადენილი და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვით დასრულდება ამ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, უწოდებს ანტიდემოკრატიულს. აქ კარგად ჩანს გლობალური „დიფ სთეითის“ ხელი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა.

საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა – „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ 

საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი და ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი” (მედიის კვლევების ცენტრის) მთელი საქართველოს მაშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორციელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა და მათი უფლებების დარღვევის ინციდენტებს აღრიცხავს.

კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…) აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი; 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;

ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან: პროევროპული პროტესტის დროს – 11 დაკავება;

პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში, გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);

2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი”, – ნათქვამია ანგარიშში.

11 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი შეიქმნა – ომბუდსმენის აპარატი

2025 წლის 2 მაისს 11 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მექანიზმი შეიქმნა – არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი გამოწვევის საფუძველი გახდა, – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების მშენებლობას და ამ მიზნის შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი პოლიტიკა გაატაროს.

„11 წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 1500-ზე მეტი ფაქტი შეისწავლა, რომელთა საფუძველზე, 110 რეკომენდაცია, 53 ზოგადი წინადადება გამოსცა და გააფორმა 4 მორიგების აქტი. ამასთან, 28 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით შესაბამის მოპასუხეებს 26 მიმართვა გაუგზავნა და კონკრეტული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა. მომზადდა 13 სპეციალური ანგარიში, 1 სახელმძღვანელო, 6 ვიდეორგოლი და 2 ელექტრონული სასწავლო კურსი.

2014 წლიდან მოყოლებული, ეროვნული ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო კომპანიის ძალისხმევით, ქვეყანაში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი გამოწვევის საფუძველი გახდა.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების მშენებლობას და ამ მიზნის შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი პოლიტიკა გაატაროს.

თავის მხრივ, თანასწორობის ეროვნული ორგანო აქტიურად გააგრძელებს დისკრიმინაციის პრევენციაზე ორიენტირებულ საქმისწარმოებას, ცნობიერების ამაღლების აქტივობებს, თანასწორობის საკითხებზე მომუშავე აქტორებთან თანამშრომლობას და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის ადვოკატირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ სპეციალური ანგარიში საქართველოში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ

ექვსი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ საქართველოს დედაქალაქში – Independent

ბრიტანული გამოცემა Independent საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას ავრცელებს. Independent-ის ჟურნალისტმა შონ მოლტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

შონ მოლტონი გამოცემის მკითხველს ლონდონიდან ახალი პირდაპირი რეისების შესახებ მოუთხრობს, რომელიც თბილისის მიმართულებით სრულდება და აცნობს თუ რა დახვდებათ საქართველოს დედაქალაქში ჩასულ მოგზაურებს.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე პატარა ქვეყანა საქართველო მსოფლიოში უძველესი ღვინის სამშობლოა. საქართველო გამორჩეულია მდიდარი ბუნებით, შავი ზღვის სანაპიროებითა და კავკასიონის მთებით. მე-5 საუკუნეში დაარსებული თბილისი მრავალფეროვანი არქიტექტურით ცნობილია, სადაც ასახულია მისი მღელვარე ისტორია, ეს მოიცავს შუა საუკუნეების, ნეოკლასიკურ და საბჭოთა ეპოქებს. თუ აპირებთ თბილისის მონახულებას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს შერჩეულ ღირსშესანიშნაობებს“-წერს შონ მოლტონი და სტატიის მკითხველს აცნობს: მდებარე ბაზარს, თბილისის ხელოვნების მუზეუმს, ზურაბ წერეთლის მონუმენტს საქართველოს მატიანეს, რეზო გაბრიაძის მარიონეტის თეატრსა და საათის კოშკს, ჭრელ აბანოს და ქართულ სამზარეულოს.

„ამ გაზაფხულს ორმა ავიაკომპანიამ ლონდონი კავკასიის გულთან, თბილისთან დააკავშირა. British Airways კვირაში ოთხ რეისს ასრულებს ჰითროუს აეროპორტიდან, ხოლო easyJet კვირაში ორჯერ დაფრინავს ლუტონის აეროპორტიდან“ – წერს Independent-ის ჟურნალისტი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.