Home Blog Page 2

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ სამართალდამრღვევებად ცნეს, თუმცა სამივე მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ ახალი ამბების გადაცემისას მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის სამართალდამრღვევებად ცნო და სამივე მაუწყებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, მედიების წინააღდეგ საჩივარი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ შეიტანა.

„საჩივრით დადგინა, რომ მაუწყებლებმა ახალი ამბების გაშუქების მომენტში საკუთარი პოზიცია გამოხატა, რაც ეწინააღმდეგება მაუწყებლობის მიუკერძოებლობის პრინციპს და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არღვევს.

ამასთან ერთად, საჩივარში ასევე სადავოდ იყო გამხდარი „TV პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციაც, რა შემთხვევაშიც, კანონის თანახმად, იდენტური სამართლებრივი რეგულაციები ვრცელდება, შესაბამისად, ComCom-ის შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევებშიც ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საჩივარში მიუთითებდა, რომ ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლების მიერ არ მოხდა ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, რითაც მათივე მტკიცებით ირღვეოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, კერძოდ 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. თუმცა, საკითხის შესწავლის შედეგად კომუნიკაციების კომისიამ არარელევანტურად ჩათვალა ამ პუნქტის დარღვევაზე მსჯელობა, რადგანაც მაუწყებლის მიერ აღნიშნული პუნქტი ვერ დაირღვეოდა, იმის გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა საერთოდ აკრძალულია.

შესწავლილ გარემოებებზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლების მხრიდან დარღვეული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია, მაუწყებლებს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა ჩადენილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში, ასევე, კომისიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ მას აქამდე არ უმსჯელია მაუწყებლის მიუკერძოებლობის სტანდარტებზე, ასევე, არ შეუფასებია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მიუკერძოებლობის დაცვისა და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვის მოთხოვნები, ამ გარემოებათა ერთობლიობის საფუძველზე ComCom-მა მაუწყებლები სამართალდამრღვევებად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალურები ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება. ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც საზოგადოება და თქვენც, რომ დეზინფორმაცია არ ვრცელდებოდეს და შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ჩვენი საზოგადოება, ასევე არ მოხდეს ფაქტის არასწორად ინტერპრეტირება და არ დამახინჯდეს სპეციალურად, კონკრეტული მოსაზრება არ გასაღდეს ფაქტად და დავიცვათ მაყურებლის ინტერესები“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის გასულ სხდომაზე.

„შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 აპრილს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა მაუწყებლების მიმართ არსებული მოთხოვნები, კერძოდ: ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება; სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა; შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანი პირის დაცვის ცალკეული საკითხები. აღსანიშნავია, რომ კანონის ძალაში შესვლამდე, ჩამოთვლილი მოთხოვნების დიდი ნაწილი აღსრულდებოდა მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ დაიშვებოდა. კანონში 1 აპრილს შესული ცვლილებების მიხედვით კი, ჩამოთვლილი მოთხოვნების დარღვევებზე კომუნიკაციების კომისიას სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

GM Pharma აგრძელებს R&D გუნდის გაძლიერებას მიზნობრივი ტრენინგებით

ფარმაცევტული წარმოება ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებული და ტექნოლოგიურად მოწინავე ინდუსტრიაა, რომელიც მუდმივ ინოვაციასა და უპირობო ხარისხს მოითხოვს. GM PHARMA — საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია, 600-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას.  რეგულარული ტრენინგები უზრუნველყოფს, რომ კომპანიის გუნდი მუდმივად პასუხობდეს ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს.

ამჟამად, კომპანიაში 3-დღიანი პრაქტიკული სემინარი ჩატარდა, რომელიც ფოკუსირებული იყო DoE-QbD კონცეფციაზე – ხარისხის დაგეგმვის ინტეგრირებულ მიდგომას ფარმაცევტული პროდუქტის განვითარების პროცესში.  სემინარში მონაწილეობა მიიღეს კომპანიის კვლევისა და განვითარების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, რათა გაეღრმავებინათ ცოდნა ძირითადი მიმართულებებით: (DoE ექსპერიმენტების დიზაინი (DoE) და დიზაინზე დაფუძნებული ხარისხი (QbD).

Design of Experiments (DoE) წარმოადგენს სტრუქტურირებულ, სტატისტიკურად მართვად მიდგომას, რომელიც გამოიყენება პროცესის ან პროდუქტის გასაანალიზებლად და ოპტიმიზაციისთვის. ფარმაცევტული პრეპარატების განვითარების პროცესში DoE ეხმარება იმ ფაქტორების იდენტიფიცირებაში, როგორიცაა ინგრედიენტების შეფარდება ან დამუშავების პირობები, რაც გავლენას ახდენს პროდუქტის ხარისხზე. ამ ცვლადების ადრეულ ეტაპზე ოპტიმიზაცია კომპანიას საშუალებას აძლევს შექმნას გამართული ფორმულაციები და უზრუნველყოს ეფექტიანი ტექნოლოგიური პროცესები.

Quality by Design (QbD) არის მეცნიერული და რისკზე დაფუძნებული მიდგომა ფარმაცევტული პროდუქტის განვითარებასა და წარმოებაში. ხარისხის სისტემური დაგეგმვა QbD ნიშნავს, რომ ხარისხი არ მოწმდება მხოლოდ საბოლოო პროდუქტის ტესტირებით, არამედ ხარისხზე ფიქრი და ზრუნვა იწყება პრეპარატის შემუშავების, დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე და მოიცავს პრეპარატის სრულ სასიცოცხლო ციკლს.

DoE-QbD სემინარს ხელმძღვანელობდა დოქტორი შივანგ ჩაუდარი – ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი და საერთაშორისო აღიარების მქონე QbD ექსპერტი. ის არის QbD-Expert™ პლატფორმის დამფუძნებელი და ავტორი 150-მდე მზა ფორმულაციის შაბლონის, რომლებიც შექმნილია წამლების განვითარების პროცესის გასამარტივებლად. დოქტორი ჩაუდარის აღნიშნული პლატფორმა წარმატებით გამოიყენება როგორც ინოვაციური, ისე გენერიკული მედიკამენტების შექმნის პროცესში.

როგორც დოქტორი შივანგ ჩაუდარი აღნიშნავს:მოწინავე მიდგომების დანერგვით, როგორიცაა Design of Experiments (DoE) and Quality by Design (QbD), GM PHARMA ამაღლებს ახალი მედიკამენტების განვითარების პროცესის ეფექტიანობას, ამცირებს რისკებს და პარალელურად შეესაბამება საერთაშორისო რეგულატორი ორგანოების — FDA-ის, EMA-სა და ICH-ის — მკაცრ მოთხოვნებს. აღნიშნული სისტემები წარმოადგენენ ოქროს სტანდარტს ფარმაცევტულ წარმოებაში ხარისხის პრაქტიკული მართვისთვის და უზრუნველყოფენ გამართულ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლებიც შეესაბამება გლობალურ მოლოდინებს ახალ პრეპარატებზე მუშაობის საწყისი ეტაპიდანვე.“

GM PHARMA-ს გენერალური დირექტორი, ლევან ვარდუაშვილი, აღნიშნავს:
„DoE–QbD პრინციპების ინტეგრაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს GM PHARMA-ს კვლევისა და განვითარების მიმართულებისთვის. ფარმაცევტული ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რეგულირებულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ სფეროდ ითვლება, მუდმივ განვითარებასა და სტანდარტების უპირობო დაცვას მოითხოვს. სწორედ ამგვარი ტრენინგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ინოვაციის, რეგულაციური სრულყოფილებისა და გლობალური მასშტაბით მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდებისადმი.“

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს საწარმო თბილისში 25-წლიანი უწყვეტი განვითარების ისტორიის მქონე წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და დღემდე რჩება ერთადერთ, მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოდ საქართველოში.

კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას – საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.

დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, GM PHARMA კვლავ ინარჩუნებს ამბიციურ მიზნებს – ამჯერად კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის EU GMP სერტიფიკატის მიღებაა, რაც გამოკვეთს კომპანიის ერთგულებას ხარისხის უმაღლესი სტანდარტებისადმი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტერიტორიების ათვისების ხელშეწყობისთვის – GM PHARMA გეგმავს ოპერირების დაწყებას ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, რაც კომპანიას სტრატეგიული ზრდის მიღწევასა და საერთაშორისო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში პოზიციების გამყარებაში დაეხმარება.

დაფუძნების დღიდან კომპანიის ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე, ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით პროდუქტების ხარისხის მუდმივი სრულყოფა, ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა – შენახვის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე 1984 წელს დაბადებული მ.კ., რუსეთის მოქალაქე 2004 წელს დაბადებული ე.მ. და ბელარუსის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ვ.ნ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეფედრონ“, „მეთადონი“ და „ალფა -პვპ“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

რუსეთმა კიევზე მასიური იერიში მიიტანა

რუსეთმა კიევს დრონებითა და რაკეტებით მასიურად დაარტყა.

როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თემურ ტკაჩენკომ განაცხადა, დაიღუპა 2 ადამიანი, 13 კი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქის ექვს რაიონში „იწვის საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, საწყობები, საოფისე შენობები“.

ტკაჩენკომ ასევე დაწერა, რომ კიევში ჰაერის დაბინძურების დონე ამაღლებულია. მან მოუწოდა დედაქალაქის მცხოვრებლებს, არ გააღონ ფანჯრები. კიევის ოლქში რუსების თავდასხმა თითქმის 10 საათს გაგრძელდა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 ივლისის ღამეს, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, ორი ქალბატონი დაიღუპა, 68 წლის ადგილობრივი მცხოვრები და 22 წლის პოლიციის კაპრალი.

ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის დედაქალაქის 8 რაიონში საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, კომერციული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

„ექიმებმა 10 მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაუწიეს“, – წერს ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამის“ არხზე.

საჰაერო განგაში თელ-ავივში – ჰუსიტების რადიკალურმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

გამთენიისას, თელ-ავივში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. ისრაელის მიმართულებით იემენიდან ბალისტიკური რაკეტა ჰუსიტების რადიკალურმა დაჯგუფებამ გაუშვა. თავდასხმის მოგერიება რკინის გუმბათმა შეძლო.

ამავე დროს, ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, “ცაჰალის” დარტყმებს 74 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.

“ჰამასი” აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, მზადაა, 10 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლოს.

როგორც Fox News-თან საუბრის დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ღაზაში პროცესები ცეცხლის შეწყვეტის ფაზას უახლოვდება.

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გააანალიზეთ განვლილი პერიოდი თავისი შედეგებით. კარგი იქნება, თუ მშვიდ გარემოში გაატარებთ საღამოს, მნიშვნელოვანი კვირა იწყება, ამიტომ, დაისვენეთ.

კურო

აქტიური დასვენება ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ხვალიდან მნიშვნელოვანი კვირა იწყება.

ტყუპები

ფერადი მოვლენებით დახუნძლული დღეა. იყავით წინდახედული, შესაძლოა ვერ შეასრულოთ მნიშვნელოვანი დაპირება. სერიოზულ საკითხების გადაჭრაც ნუ იჩქარებთ.

კირჩხიბი

თავდაჯერბულობა და მტკიცე ხასიათი! სწორედ ეს თვისებები გჭირდებათ ახლა, რათა იზეიმოთ გამარჯვება. ნუ ჩაიკეტებით სახლში, კარგია აქტიური დასვენება.

ლომი

დიდია იმის შანსი, რომ გაფართოვდეს თქვენი გავლენისა და მოქმედების სფერო, ამაში დაგეხმარებიან ძველი და ახალი თანამოაზრეები. მოიწვიეთ მეგობრები სახლში და გაერთეთ.

ქალწული

შესაძლოა, დღეიდან გაუმჯობესდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. მოემზადეთ კარიერული წინსვლისთვის. ახალი სფეროების ან ტექნოლოგიების ათვისება ახლა მეტად შედეგიანია.

სასწორი

შეეცადეთ, აღადგინოთ ძველი მეგობრული კავშირები და ურთიერთობები, საქმიანი კონტაქტები, რათა დადებითად გადაჭრათ ნებისმიერი პრაქტიკული ამოცანა.

მორიელი

შესაძლოა, გავლენიანი ნაცნობები და მფარველებიც შეიძინოთ. უარი არ თქვათ აქტიურ დასვენებაზე.

მშილდოსანი

თქვენი შეუპოვრობა დაგეხმარებათ გაუგებრობების გადალახვასა და ოჯახის წევრებთან დაპირისპირების თავიდან აცილებაში.

თხის რქა

მოაწესრიგეთ გარემო, შეცვალეთ სახლის დიზაინი, საღამოს კი დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.

მერწყული

სასურველია, გამოიყენოთ მომენტი და იზრუნოთ ფინანსურ მოგებაზე, თქვენ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ უქმე დღეა.

თევზები

ნუ იქნებით სხვების იმედად, დარწმუნებული იყავით რომ საკუთარი ძალებითაც მშვენივრად გაართმევთ თავს პრობლემებსა თუ სირთულეებს, გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და მოქნილობა.

ათ დღეში 1500-ზე მეტი გარდაცვლილი – სასიკვდილო სიცხის ტალღა ევროპაში და ექსპერტების საგანგაშო მონაცემები

იტალია მცხუნვარე სიცხის გამო რამდენიმე დღეა შეშფოთებულია, ჯანდაცვის სამინისტრომ კი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ქალაქებში წითელი ზონები გამოაცხადა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალიზი ავლენს ამ სიცხის ტალღის დამანგრეველ გავლენას: მხოლოდ რომსა და მილანში, 23 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, სავარაუდოდ, 500 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად ხანდაზმული ადამიანები.

კვლევა: 1500-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ევროპის 12 ქალაქში
ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის კვლევის თანახმად, ევროპაში სიცხესთან დაკავშირებული დაახლოებით 2 300 გარდაცვალების შემთხვევადან, სავარაუდოდ, 1500-ის მიზეზი სიცხის ტალღები გახდა. ეს შოკის მომგვრელი მაჩვენებელი აჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება უკვე ქალაქებზე, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველ რეგიონებზე.
ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქებია მილანი, ბარსელონა და პარიზი.
უფრო დეტალურად, მილანი სიცხისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქებს შორისაა, სადაც 317 ადამიანი გარდაიცვალა, შემდეგ მოდის ბარსელონა (286 გარდაცვალება), პარიზი (235 გარდაცვალება), ლონდონი (171 გარდაცვალება), რომი (164 გარდაცვალება), მადრიდი (108 გარდაცვალება) და ათენი (96 გარდაცვალება). ათობით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბუდაპეშტი, ზაგრები, ფრანკფურტი და ლისაბონი.

მსხვერპლთა 88% 65 წელს გადაცილებულია, თუმცა 20-დან 64 წლამდე ასაკის პირებს შორის გარდაცვლილთა რიცხვი (183) ასევე შემაშფოთებელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არცერთი ასაკობრივი ჯგუფი არ არის იმუნური.

მადრიდის შემთხვევა: ქალაქი, რომელზედაც კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად მოქმედებს
ყველაზე დრამატული სიტუაცია მადრიდში დაფიქსირდა: სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის 90% პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან. მონაცემები აჩვენებს, თუ რამდენად დაუცველია ზოგიერთი ქალაქი ექსტრემალური ამინდის მოვლენების მიმართ.

მეცნიერები: „ყოველი მეათედი გრადუსი მნიშვნელოვანია“
ლონდონის იმპერიული კოლეჯის წარმომადგენელი გარიფალოს კონსტანტინუდისი განგაშს ატეხს:
„კლიმატის ცვლილება კლავს. გრადუსებში მცირე სხვაობამაც კი შეიძლება უზარმაზარი განსხვავება შექმნას: 1.4°C, 1.5°C ან 1.6°C არ არის უმნიშვნელო რიცხვები, არამედ ზღვრული მაჩვენებლებია, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.“


გარემოსდაცვითი პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენელი ბენ კლარკი დასძენს:
„სითბოს ტალღები არ ტოვებს თვალსაჩინო განადგურებას, როგორც ქარიშხლები ან ხანძრები, მაგრამ მათი გავლენა დამანგრეველია, თუმცა შეუმჩნეველი.“

საგანგაშო ანგარიში, რომელიც მოქმედებისკენ მოუწოდებსეს მონაცემები, მიუხედავად დრამატულისა, ნათელ სურათს ქმნის: გლობალური დათბობა არ არის მომავლის საფრთხე, არამედ ამჟამინდელი, სასიკვდილო რეალობაა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად და სულ უფრო აგრესიული კლიმატის ზემოქმედების შესამცირებლად გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო. – წერს უცხოური მედია

,,სალომე ზურაბიშვილი კომიკურ მდგომარეობაშია, ერთი ჩვეულებრივი „ნაცია“ და „ნაცურ“ განცხადებებს აკეთებს”- არჩილ გორდულაძე

“სალომე ზურაბიშვილი ძალიან კომიკურ მდგომარეობაშია, ერთი ჩვეულებრივი „ნაცია“ და „ნაცურ“ განცხადებებს აკეთებს”, – ამის  შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ძალიან კომიკურ მდგომარეობაშია, ამ ბოლო დროს ალოგიკურ განცხადებებს აკეთებს. მესიჯებიც სავარაუდოდ გვიან მისდის და იძულებულია თავად მოიფიქროს, შავ დღეშია. ერთი ჩვეულებრივი „ნაცია“ და „ნაცურ“ განცხადებებს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციას და მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ „რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ“.

„ამჟამად ორ პარტიას აქვს დავალება, როგორმე უნდა გათეთრდნენ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. სხვა ორმა „ნაცმა“ პარტიამ უნდა მოახერხოს და „ლელო-ნაცები“ და „გახარიები-ნაცები“ როგორმე საზოგადოების თვალში მოაშორონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს, რაც არ გამოუვათ. არ არსებობს ქვეყნად იმდენი წვიმა, რომ ეს ყორნები შესაძლებელი იყოს, ჩამოირეცხონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ლევან მაჭავარიანი: გარე ძალები ახლა ფსონს დებენ „ლელოზე“ და გახარიას პარტიაზე, რომ თითქოს მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ ესენი დამოუკიდებელი პარტიები არიან – ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ, საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს

გარე ძალები ახლა ფსონს დებენ „ლელოზე“ და გახარიას პარტიაზე, რომ თითქოს და მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ ესენი დამოუკიდებელი პარტიები არიან, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ა.შ. – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად არის, საშტაბო მუშაობა დაწყებული აქვს და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ოპოზიციურ პარტიას დაავალებენ არჩევნებში მონაწილეობას.

„არჩევნებთან დაკავშირებით თვითონ გარე უფროსები არ არიან ჩამოყალიბებული ამ ოთხ რადიკალურ პარტიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნდნენ და ეს 2024 წელსაც ასე იყო, რომ ფსონს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აღარ აკეთებენ.

მაგიტომ იყო, რომ ხელოვნურად გააჩინეს პარტია ე.წ. „ახალი“. იმაშიც დარწმუნდნენ, რომ ეს „ახალიც“ ვერ შეასაღეს საზოგადოებას, აქედან გამომდინარე, ახლა ფსონს დებენ „ლელოზე“ და გახარიას პარტიაზე, რომ თითქოს და მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ ესენი დამოუკიდებელი პარტიები არიან, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ა.შ. ამიტომ არის ხელოვნურად შექმნილი ეს სპექტაკლი, ხელოვნური დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა, რომ რაღაცნაირად განარიდონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ორი პარტია.

ჯერ კონფიგურაციაზე არ არიან ჩამოყალიბებული, საბოლოო ინსტრუქციები არ აქვთ მიღებული. ოთხივეს დაავალებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუ მხოლოდ ორს ექნება ეს დავალება. ამიტომ, ეს ჩანაწერი იცვლება, ზუსტდება და ვერც მკაფიო ვერ არის ჯერჯერობით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გარე უფროსები, ოლიგარქიული მმართველები დაკავებულები არიან დათვლით და გადათვლით. ჩვენ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ. საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს და მნიშვნელობა არ აქვს, ოთხივეს დაავალებენ მონაწილეობას, ორს, თუ დაშლიან, ან გააერთიანებენ პარტიებს. ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს -საქართველოს ეროვნული ბანკი

მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი განუხრელად იცავს როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში, უწყვეტად ხორციელდება შესაბამისი ზედამხედველობის პროცესიც. საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის სანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. მაღალია ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან საფინანსო სექტორის შესაბამისობის დონე, რაც ასევე დასტურდება ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შეფასებებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევა საფინანსო სისტემისა და კანონმდებლობის ევრორეგულაციებთან დაახლოების კუთხითაც. სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და, შესაბამისად, მზარდია მის მიმართ ინვესტორების ნდობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7172 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7172 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7181 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1805 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1875 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0070 ლარი შეადგინა.