Home Blog Page 2

 ,,19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბარს გავმართავ”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 მაისს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება.

„ორშაბათს, 19 მაისს, დილის 10:00 საათზე, სატელეფონო საუბარს გავმართავ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება „სისხლისღვრის“ შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე საუბრის თემა იქნება ვაჭრობა. ამის შემდეგ დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე. მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

,,მჯერა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პუტინის ცინიზმზე რეაგირებას მოახდენს”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “პუტინის ცინიზმზე რეაგირებას მოახდენს”.

ამის შესახებ მაკრონმა ტირანაში გამართულ პრესკონფერენციაზეგანაცხადა.

“იმის ფონზე, თუ როგორ ცინიკურად იქცევა პრეზიდენტი პუტინი, მჯერა – დარწმუნებულიც კი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ისადმი ნდობაზე ზრუნვაში, რეაგირებას მოახდენს ამაზე. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია. ის თანამდებობაზე კეთილშობილური მიზნით მოვიდა – უზრუნველყოს მშვიდობა, და ამბობდა, რომ ამ მიზნისთვის ყველას ჩართავდა.

პუტინმა და მისმა არმიამ პატივისცემა არ გამოიჩინეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებისადმი, რომლებიც, შეგახსენებთ, ამერიკული ინიციატივა იყო,” – განაცხადა მაკრონმა.

სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს

სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას სტამბოლში გამართული შეხვედრის შედეგები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„17 მაისს, ამერიკული მხარის ინიციატივით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო, მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა სტამბოლში გუშინ გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა.

„სერგეი ლავროვმა აშშ-ის პოზიტიური როლი აღნიშნა, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ საბოლოოდ, კიევმა სტამბოლის მოლაპარაკებების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება მიიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ალბათ დადგა დრო, აბორტთან დაკავშირებით ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, შემდეგ კი მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც საკითხს დაარეგულირებს და გაამკაცრებს  -მეუფე შიო

x

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა ხუთი მილიონიდან სამ მილიონ შვიდასამდე შემცირდა და ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, სხვადასხვა გარემოების გარდა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძართან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა, ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, ზომებს არ იღებს, ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია.

„მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ქვეყნისთვის, ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა ხუთი მილიონიდან შემცირდა სამ მილიონ შვიდასამდე და ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, სხვადასხვა გარემოების გარდა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების საშუალო რიცხვი დაახლოებით 22 ათასია, ამას თუ მივუმატებთ ე.წ. ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, რიცხვი, სულ მცირე, ორმაგდება, ზოგიერთ ქვეყანაში ეს სამმაგი და ოთხმაგიც არის. წარმოიდგინეთ, თუ წელიწადში დაახლოებით 40-დან 50 ათასამდე ასეთი აბორტი კეთდება, რა რიცხვს ვიღებთ 10 და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება ყოველ წელს დაახლოებით 50-55 ათასით ხდება, ამ ყველაფერზე გვაქვს დასაფიქრებელი. აბორტი უმძიმესი ცოდვაა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში და, ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი, ქვეყანა არ იღებს ზომებს, ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია. ამით ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე. ჩნდება კითხვები, ვართ კი ბრძოლისუნარიანი და არის თუ არა ჩვენში სიცოცხლის სურვილი?“ – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას.

„ფიზიკის კანონები როგორც არსებობს, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებს, სიკვდილსაც, ასევე არსებობს სულიერი კანონებიც და მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებს, განადგურებას, სულიერ სიკვდილს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა. ყველამ უნდა გავიგოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ ემბრიონი არის ჩასახული ადამიანი და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში.

„აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. აშშ-ში ათი შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი და ბევრ ქვეყანაში არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაცია. ალბათ დადგა დრო, ამაზე ვიფიქროთ, ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო. იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, წელიწადში ერთხელ როდესაც სკოლებში, მაღალ კლასებში გოგონებთან შედიან სპეციალისტები და უტარებენ ასეთ საუბარს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, არ ვამბობ დემოგრაფიაზე, მაგრამ ამაზეც არის საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს, ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტური ყოფილა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომლებიც დაარეგულირებს და გაამკაცრებს ამ საკითხს, ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამა, რომელშიც შეიძლება ეკლესია სახელმწიფოსთან ერთად იყოს ჩართული და დავეხმაროთ ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში. იმედია, რომ, ღვთის წყალობით, ჩვენ ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებას და შენარჩუნებას. მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი როგორც ამბობს, ოჯახი არის საფუძველი სახელმწიფოსი. თუ ოჯახი იქნება ძლიერი, ქვეყანაც და სახელმწიფოც იქნება გამართული და ძლიერი. შეგვეწიოს უფალი ამაში. აი, ასეთი აზრები წარმოიშვა დღეს, ამ დიდებულ დღესთან დაკავშირებით და ძალიან ვხარობთ ჩვენ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ერთსულოვნება“, – განაცახდა მეუფე შიომ.

ხელისუფლება ბოლომდე იდგება ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად -ირაკლი კობახიძე

მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას ტრადიციული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ არიან ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ ყველაფერს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ხელისუფლების ვალია, დედა ეკლესიის მხარდამხარ იბრძოლოს ეროვნული ფასეულობების დასაცავად.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად დგას ერი და ბერი, ერთად დგას ეკლესია და ხელისუფლება და, დღეს, ერთად დგას ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გარშემო.

მინდა, მადლობა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც დააწესა ეს უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენს ქვეყანაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, რომელიც დღეს მიუძღვებოდა ამ უძვირფასეს მსვლელობას.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ერთიანობის მნიშვნელობას. მინდა, მივულოცო ყველას, ვინც შეუერთდა დღევანდელ მსვლელობას, იყო მრავალი ადამიანი, რომელიც დღეს არ იყო მსვლელობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ მსვლელობას და ჩვენ, ასევე, დღეს უნდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ ამ მსვლელობას. ისინიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ სიყვარულით და ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ გაიზიარონ ის ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. მინდა, მათ და ჩვენს თავსაც ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს მსვლელობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილენი.

ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის. ეს ბრძოლა არ არის იოლი. არიან ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სამართლებრივი აქტების ვებგვერდზეგამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება.

„მთავრობამ დაადგინოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გაცემის პროცედურა იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება მიღებულია ამ დადგენილების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მისი გაცემის შესაძლებლობას, მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ.

ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ.

შეუძლებელია ამ ომის იარაღით დასრულება, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ შუამავლის როლი მის დასასრულებლად – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

სტამბოლში მოლაპარაკებები დაგეგმილი იყო, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის შედეგად საბოლოოდ გახსნიდა მშვიდობის კარს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პროცესის დადებით წერტილამდე მისაყვანად, ერდოღანმა უპასუხა, რომ „ეს არ არის სიტუაცია, რომელიც ჩვენს მიერაა გამოწვეული“.

„როდესაც ვუყურებთ, ვინ არიან აქ აქტიური ლიდერები, ბატონი პუტინი არის მნიშვნელოვანი წამყვანი მოქმედი პირი, ბატონი ტრამპიც ასევე წამყვანი მოქმედი პირია, ბატონი ზელენსკიც. სტამბოლში ორი ქვეყნის დელეგაციების შეკრება უაღრესად მნიშვნელოვანია 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის დასასრულებლად და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. დასაწყისიდანვე ინტენსიურად ვცდილობთ ომის დასრულებას. ეს შეხვედრა დაგეგმილი იყო, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის შედეგად საბოლოოდ გახსნიდა მშვიდობის კარს. თურქეთი იბრძვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ჩვენ არ ვამბობთ მხოლოდ – „დაასრულეთ ომი“, ჩვენ ასევე ვთავაზობთ მეთოდებს, ვამზადებთ ნიადაგს და ვაკეთებთ მოწოდებებს ამისთვის. პირველ რიგში, იმისათვის, რომ ომი დასრულდეს, იარაღი უნდა დადუმდეს და დიპლომატიამ უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

„ეს შესაძლებლობა არ უნდა გაუშვან ხელიდან. შეუძლებელია ამ ომის იარაღით დასრულება. ჩვენი უდიდესი სურვილია სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან საბოლოო შედეგის მიღება. შესაბამისად, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ შუამავლის როლი ამ ომის დასასრულებლად. ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ მხარეებს შორის დიალოგის არხები ღია დარჩეს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მოვუფრთხილდეთ ოჯახს, რათა გადარჩეს და გაძლიერდეს -მეუფე შიო

ოჯახის სიწმინდის დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე, რომ ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძართან განაცხადა.

„გილოცავთ, ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა – კურთხევას. ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ბიბლია გვაუწყებს, უფალმა თქვა, რომ არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი და აკურთხა ისინი და თქვა, „აღორძინდით და გამრავლდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა“. ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი – ოჯახი. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ოჯახი უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება, წმინდა მოციქული პავლე წერს, რომ კაცია თავი ცოლისა, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა და შემდეგ დასძენს, ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა თავისი ეკლესია და თავი დასდო მისთვის. მაშასადამე, ოჯახში, ქორწინებაში, ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი – ეკლესიის“, – განაცხადა შიო მუჯირმა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ოჯახი ეკლესიის სახეა, ის სამრევლო თემის სახეც არის.

„ეკლესიის მიზანია მისი წევრების გადარჩენა. ჩვენ ვიკრიბებით დედა ეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში და ასევე ოჯახშიც, მცირე ეკლესიაშიც, ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი, ეს არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთსიმძიმის ტვირთვით ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ. ამდენად, ვიმეორებ, ეს არის უდიდესი განძი და ფასეულობა, ღვთის მიერ ბოძებული, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს, ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი, ამდენად, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ მეტად გვმართებს, რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს, ოჯახის ღირებულებებს და ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯო უილსონმა სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა -“ნაციონალური მოძრაობა”

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასა და გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა ჯო უილსონმა სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადახედვის საკითხი ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარესა და „მეგობარი აქტის“ თანაავტორთან, ჯო უილსონთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააყენეს.

„შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრის საპასუხოდ, ჯო უილსონმა ღია განცხადება გააკეთა და მოუწოდა სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს ასადის რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„როგორც უილსონმა სოციალურ მედიაში დაწერა: „ეს უბრალო ნაბიჯი სირიის ახალი გზისადმი ღრმა ძალასა და ერთგულებას დაადასტურებს“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონგრესმენის განცხადება მიიჩნია მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციაში.

ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი იდენტობა შეგვენარჩუნებინა. დღეს ეს დღე არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ოჯახებს -ცოტნე ივანიშვილი

ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„გილოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მოგეხსენებათ, უძველესი ისტორია აქვს ჩვენს საყვარელ საქართველოს და ვფიქრობ, მისი ისტორიის განმავლობაში ესენციალური იყო, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი იდენტობა. მგონია, რომ ზუსტად ქართული იდენტობა დამყარებულია ჩვენს სარწმუნოებაზე, სულისკვეთებასა და ოჯახის სიწმინდეზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, პატივი ვცეთ ჩვენს მშობლებს, გვიყვარდეს ისინი და ჩვენი სამშობლო, ვიზრუნოთ მის ნათელ მომავალზე ჩვენი ტრადიციებისა და სულისკვეთების შენარჩუნებით“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, ტოლერანტობა პროპაგანდისგან.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან და ხელოვნური მასიფიკაციისგან. შესაბამისად, თავისთავად ყველა უნდა გვიყვარდეს და დიდი პატივი ვცეთ. უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, მაგრამ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სარწმუნოება დავაყენოთ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და შევინარჩუნოთ ის, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენი იდენტობისთვის“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული წამყვანი ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია -ნათია თურნავა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული წამყვანი ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო ფორუმზე მონაწილეობის დროს განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ლონდონის საფონდო ბირჟა ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. 2024 წელს ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში სწორედ ბრიტანეთიდან შემოვიდა და, მათ შორის, ძირითადად ლონდონის საფონდო ბირჟის საშუალებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს საინვესტიციო ფორუმს დიდ ბრიტანეთში ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. ბევრი ინვესტორი ინტერესდება საქართველოს ბიზნესგარემოთი და საფინანსო სექტორით, შესაბამისად, ეროვნული ბანკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტ ბრიტანელ ინვესტორს და მეტ ბრიტანულ ინვესტიციას ვიხილავთ საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში შემდგარი ბრიტანელი ბიზნესმენები, რომლებსაც უკვე აქვთ ბრიტანული ინვესტიცია განხორციელებული საქართველოში, კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებზე პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით უზიარებენ.

„ერთია, როცა ხელისუფლება ჰყვება იმ უპირატესობებზე, რაც ქვეყანას გაგვაჩნია მაკროეკონომიკური მყარი ფუნდამენტალების თუ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს სახით და სულ სხვა არის, როდესაც ბიზნესი ყველა ამ ისტორიას თავისი პრაქტიკული გამოცდილებიდან ჰყვება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლონდონში, წლევანდელ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან და ჯგუფიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით -მაია ომიაძე

საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა.

ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძე მონაწილეობდა.

თბილისს შეემატა კიდევ ერთი ახალი სასტუმრო ibis TBILISI AIRPORT, რომელიც 72 ნომრიანია. ძალიან მნიშვნელოვანია აეროპორტის მიმდებარედ ახალი სასტუმროს გახსნა, რომელიც მოემსახურება, როგორც ტრანზიტით მოსარგებლე მგზავრებს, ისე ტურისტებს. იცით, რომ ძალიან ბევრი ავიარეისი, სიხშირე და მიმართულება დაგვემატა და შესაბამისად წელს ძალიან ბევრ ახალ ტურისტს ველოდებით. ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია. ველოდებით ახალ სტუმრებს, როგორც საქართველოში, ისე თბილისში და კონკრეტულად ამ სასტუმროში“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

მულტიფუნქციურ სასტუმროში 50-მდე ადამიანია დასაქმებული. პროექტი ფრანგი ინვესტორის ჯონ დოდელანდისა და კომპანია Fujin Silk Properties LLC-ის ინვესტიციით განხორციელდა.

ibis Tbilisi Airport 39,000 მ² კომპლექსის განვითარების პირველი ეტაპია, რომლის მიზანია სატრანზიტო, ტურისტული და ინფრასტრუქტურული სერვისების გაუმჯობესება აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.