Home Blog Page 2

შსს კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას-ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ. როგორც საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული.

დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი „კოკაინის“ კრისტალები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია და თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი „მცენარე  კანაფი“.დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და მათი რეალიზაციისთვის სასჯელი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ასევე დამატებით დაწესდა ადმინისტრაციული პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის.

ბოლო პერიოდში სამართალდამცველების მიერ გამოვლენილია ნარკოდანაშაულის – 2 370 ფაქტი. ასევე, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიცემულია – 1 712 პირი, მათგან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია – 157 პირი.

პოლიციის მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 4 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“; 2,5 კგ „მეთადონი“; 1 კგ „ალფა პვპ“; 2,7 კგ „პრეგაბალინი“ იგივე „ლირიკა“; 72 კგ „მარიხუანა“; 150 კგ „მცენარე კანაფი“. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მათ შორის თვითდასაქმებულებს და ფრილანსერებს, შესაძლებლობა აქვთ, ველი ბიზნესის ონლაინ პლატფორმაზე მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეიძინონ და ღირებულების 30%, მაქსიმუმ 200 ლარი დაიბრუნონ.

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობას ინდივიდუალური მეწარმეები 1 თვის განმავლობაში, 2025 წლის 6 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში შეძლებენ. იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა ადამიანებმა აღნიშნული პირობით ისარგებლონ, აუცილებელია, გადახდა თიბისის ბიზნესბარათით განხორციელდეს.

თიბისის, ვიზას და VELI ბიზნესის ერთობლივი ინიციატივის მიზანია, ინდივიდუალური მეწარმეების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა იმისთვის, რომ მარტივად მიიღონ წვდომა სხვადასხვა საჭირო ინვენტარზე, აღჭურვილობასა თუ ტექნიკაზე, განავითარონ საკუთარი საქმიანობა და იყვნენ “ერთი ნაბიჯით წინ”.

“ინდივიდუალური მეწარმეების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. კარგად გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, იყვნენ ერთი ნაბიჯით წინ. ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობას და მათ, უახლოეს პერიოდში, კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტს თუ მომსახურებას შევთავაზებთ”, – ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი.

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე , ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3 .

(R)

 “ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა”-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) დღევანდელ, 6 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით:  „ტრამპისა და მასკის კავშირი თავიდანვე ჩასაშლელად იყო განწირული, მაგრამ არავის ეგონა, რომ ასე დრამატულად და სისასტიკით მოხდებოდა“ (ავტორი – მაიკლ ლინდი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ურთიერთობა და მათი „მეგობრობის“ დრამატული ფინალი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ეჰ, როგორ ბედნიერ წყვილად გამოიყურებოდნენ…

თუმცა სინამდვილეში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის „საჯარო განქორწინება“ არავის არ უნდა გაუკვირდეს. დონალდ ტრამპს, შოუ-ბიზნესის ოსტატს, ასეთ სიტუაციებში არ უყვარს საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნა – მას თავის ყოფილ მოკავშირეებთან და დაქვემდებარებულ პირებთან უთანხმოება-დაპირისპირების დიდი ხნის ისტორია აქვს. ტყუილად კი არ არის ყველაზე ცნობილი ფრაზა მისი რეალითი-შოუდან „მოსწავლე“ – „შენ გათავისუფლებული ხარ!“.

დატოვა რა თეთრი სახლი, ილონ მასკმა, იმწუთშივე გამოხატა თავისი პრეტენზიები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. მან თეთრი სახლის მიერ კონგრესში შეტანილ კანონპროექტს თანამდებობაზე ყოფნისას „დიდი და ლამაზი“ უწოდა, ახლა კი, როცა პოსტიდან გადადგა, კანონპროექტი „საზიზღარი და საძაგელი“ გახდა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი  მილიარდერი იმასაც ამბობს, რომ სექსუალურ დანაშაულში მხილებული ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის დოსიე მთავრობამ იმიტომ არ გამოაქვეყნა, რომ მასში დონალდ ტრამპიც არის მოხსენიებული.

კაცმა რომ თქვას, პრეზიდენტის და მილიარდერის ურთიერთობის ერთადერთ სიურპრიზად ის უნდა მივიჩნიოთ, რომ მათი მეგობრული დამოკიდებულება საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, ახლა კი უეცრად შეწყდა. მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა დონალდ ტრამპის მხარდაჭერა გადაწყვიტა 2024 წლის ივლისში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მილიარდერმა მის სასარგებლოდ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა. მართალია, იგი თავის „იქს-ქსელში“ წერს, რომ მისი დახმარების გარეშე დონალდ ტრამპი ვერ გაიმარჯვებდა და პრეზიდენტი ვერ გახდებოდაო, მაგრამ სინამდვილეში საეჭვოა, რომ მილიარდერის ფულებს რაიმე გავლენა მოეხდინათ არჩევნებზე, თუ დემოკრატების კანდიდატის კამალა ჰარისის არაპოპულარობას გავიხსენებთ და იმასაც, რომ ამომრჩევლები „მოყოყმანე შტატებში“ რესპუბლიკელებისაკენ გადაიხარნენ. ასე იყო თუ ისე, დონალდ ტრამპმა ილონ მასკს დახმარება დაუფასა – „სპეციალური სახელმწიფო მოსამსახურის“ სტატუსი მისცა და მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) თავმჯდომარის პოსტი ჩააბარა.

ისევე როგორც დონალდ ტრამპს გაპრეზიდენტებამდე, ილონ მასკსაც არ ჰქონდა სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება, რაც გამოვლინდა მილიარდერის სრულ უცოდინარობაში სახელმწიფოს მოწყობისა და სხვა ოფიციალური პროცედურების საკითხებთან მიმართებით. იგი თავისი თაობის ბიზნეს-მაგნატების მსგავსად თვლიდა, რომ მთავრობის პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოს ორგანოები ბიზნესივით არ იმართება. ილონ მასკმა თავისი საქმიანობა იმ გაუგებარი მოქმედებით დაიწყო, რომელიც მიმართული ყო სახელმწიფო მოსამსახურეების შემცირებისაკენ – თითქოსდა იგი საკუთარი კომპანიების Tesla-ს, PayPal-ის ან SpaceX-ის თანამშრომლებს ათავისუფლებდა. ისიც ცნობილია, რომ ილონ მასკმა  სოციალური ქსელი „ტვიტერი“ (ამჟამინდელი „იქს-ქსელი“) რომ შეიძინა, თანამშრომლებს ელფოსტით წერილი გაუგზავნა და იმის ანგარიში მოსთხოვა, თუ რა გააკეთეს გასულ კვირაში. ანალოგიურად მან, როცა თანამდებობა დაიკავა და DOGE-ში პერსონალის მართვის სამმართველო შექმნა (უფლებამოსილების დარღვევით), დაახლოებით ორ მილიონ ფედერალურ სახელმწიფო მოსამსახურეს ელფოსტით წერილები გაუგზავნა და მათ მოსთხოვა, რომ თავიანთი ხელმძღვანელებისათვის ყოველკვირეული საქმიანობის ანგარიშები ჩაებარებინათ – ხუთი ყველაზე კარგი მიღწევის თაობაზე და ვინც ამას არ გააკეთებს, დაუყოვნებლივ იქნება გათავისუფლებული სამსახურიდან.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც ყოფილი სენატორი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს, აგრეთვე პენტაგონისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელებმა თავიანთ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ილონ მასკის წერილები უყურადღებოდ დაეტოვებინათ და მისი მოთხოვნა არ შეესრულებინათ. ეს ამბები დონალდ ტრამპის ყურამდეც მივიდა, მაგრამ იგი არ იმჩნევდა და საჯაროდ ილონ მასკს მხარს უჭერდა. თავის მხრივ მილიარდერი უფრო შორს წავიდა და იმავე ნიადაგზე შეხლა-შემოხლა მოუხდა ფინანსთა მინისტრთან სკოტ ბესენტთან.

მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს ასეთი გარემოება: ერთია, როცა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კადრებს კულისებში ებრძოდა, მეორეა – როცა ბრძოლა საჯაროდ და სააშკარაოზე გამოიტანა. მას შემდეგ, რაც ორ აპრილს დონალდ ტრამპმა თავისი მცდარი სატარიფო გეგმები გამოაქვეყნა, ილონ მასკმა პრეზიდენტის მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში პიტერ ნავაროს „ნამდვილი იდიოტი“ და „აგურებით სავსე ტომარა“ უწოდა.

როგორც ამბობენ, ილონ მასკმა თავისი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან იმითაც გაიფუჭა, როცა ვისკონსინის შტატის უმაღლესი სასამართლოს სპეციალურ არჩევნებში 20 მილიონი დოლარი ჩადო და განაცხადა, რომ ამომრჩევლებს დააჯილდოებდა. ეს უხეში იდეა რესპუბლიკელებს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ (იდეა ამომრჩევლების მოსყიდვად იქნა შეფასებული) და საბოლოო ჯამში არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

პრეზიდენტისა და ბიზნესმენის ურთიერთობის გაწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად იქცა ილონ მასკის აქტიურობა თავის სოციალურ „იქს-ქსელში, როცა მან კონგრესმენებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეტანილი „დიდი და ლამაზი“ კანონპროექტის (გადასახადებისა და ასიგნებების შესახებ) წინააღმდეგობისაკენ მოუწოდა. დოკუმენტის ერთ-ერთი დებულებაა სახელმწიფო სუბსიდიების შემცირება ელექტრომობილების წარმოებასა და შესყიდვაზე და თუ მართლაც ასე მოხდება, საეჭვოა, რომ ძვირი ელექტრომობილი ვინმემ იყიდოს. ილონ მასკი კი იმ კომპანიის (Tesla) გენერალური დირექტორია, რომელიც ელექტრომობილებს ამზადებს.

დონალდ ტრამპმა მილიარდერის მიმართ განაცხადა, რომ იგი მისი ქცევით იმედგაცრუებულია და აღნიშნა, რომ ისინი ოდესღაც კარგი მეგობრები  იყვნენ, ახლა კი არ იცის, აღდგება თუ არა მათი კეთილი ურთიერთობა.

უკმაყოფილო მილიარდერმა თავის „იქს-ქსელში“ ისიც კი თქვა, რომ არჩევნების დროს მისი ფინანსური დახმარების გარეშე დონალდ ტრამპი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ხოლო კონგრესში დემოკრატები გაბატონდებოდნენ, რესპუბლიკელების ნაცვლად. ანუ ამით დონალდ ტრამპი უმადურობას ამჟღავნებს მის მიმართ.

პრეზიდენტმა კი მწვავედ შენიშნა თავის სოციალურ პლატფორმაზე – Truth Social-ში, რომ ილონ მასკს ის ეწყინა, მისი ელექტრომობილების წარმოებაზე და გაყიდვაზე სახელმწიფო დახმარება რომ გავაუქმეო. „იგი ყველას თავისი ელექტრომობილების შეძენას აძალებდა… ჭკუიდან იყო შეშლილი!“, – დაწერა ტრამპმა და ილონ მასკს ყველა სუბსიდიის შეწყვეტით დაემუქრა: „ძალიან მიკვირს, თუ რატომ არ გააკეთა ეს ჯო ბაიდენმა“.

დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის ურთიერთობის ასეთი სახით დასრულებამ, რასაკვირველია, დემოკრატები ძალიან გაამხიარულა. (…) თუმცა მთავარი გაკვეთილი ამ ამბებიდან მაინც ის არის, რომ ცნობადი სახეები – ისეთები, რომლებსაც სახელმწიფო საჯარო თანამდებობებზე არასოდეს არ უმუშავიათ და პრეზიდენტები გახდნენ, ვთქვათ, გენერალი ულის გრანტი, დუაიტ ეიზენჰაუერი, ან ბიზნესმენები ჰერბერტ გუვერი, დონალდ ტრამპი და თუნდაც იგივე ილონ მასკი, როგორც წესი, არასახარბიელოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს აშშ-ის მთავრობის მართვის საკითხებში იმ პრეზიდენტებთან შედარებით, რომლებსაც ფართო გამოცდილება ჰქონდათ პოლიტიკურ საქმიანობაში – ვთქვათ, ჯორჯ ვაშინგტონთან, აბრამ ლინკოლნთან და ფრანკლინ რუზველტთან შედარებით.

როცა გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი (მეტსახელად „აიკი“) 1953 წელს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, მისმა წინამორბედმა ჰარი ტრუმენმა გაიხუმრა: „იგი დაჯდება და ბრძანებს: ეს არ გააკეთოთ, ის არ გააკეთოთ… მაგრამ იგი ვერაფერს მიაღწევს. საწყალ აიკს წარმოდგენა არ აქვს, რომ [თეთრი სახლი] მის არმიას არ ჰგავს“.

და არ ჰგავს არც „ტესლას“ და არც „ტვიტერს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ანა დოლიძემ კოალიცია “ძლიერი საქართველო” დატოვა

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც დოლიძე წერს, ახლა დროა, პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს.

„მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.

დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო „ძლიერ საქართველოს“.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის, მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.

ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა ახლა დრო არის, რომ პარტია „ხალხისთვის“ დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა „ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, გავხდეთ „ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დამკვირვებელი წევრი.

ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია „ხალხისთვის“, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, – წერს ანა დოლიძე.

“ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება”- კახა კალაძე

ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია კატეგორიული იყო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო დღეებში გარედან სხვა დავალება მიიღეს და დამოკიდებულებაც შეიცვალეს.

„რამდენიმე თვის უკან ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდათ – საუბრობდნენ, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება დამღუპველი იქნებოდა. ისინი კატეგორიულები იყვნენ. თუმცა, ბოლო დღეებია, ხედავთ როგორი შერბილებული მესიჯები აქვთ, რადგან ასეთი დავალება მიიღეს. მერწმუნეთ, ამ ადამიანებს არანაირად არ აქვთ იმის საშუალება, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. რასაც თავიანთი პატრონები დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გავიხსენოთ მათი განცხადებები და გაიხსენეთ ჩემი შეფასებებიც. მე ახლაც გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არც საკუთარ თავებს, არც ოჯახებს, არც ქვეყანას არ ეკუთვნიან. როდესაც აგენტი ხარ, გარე დავალებებს ასრულებ. ადრე ასეთი დავალება ჰქონდათ და ასე საუბრობდნენ, დღეს სხვა დავალება აქვთ და მათი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ვნახოთ, როგორი პრინციპულები იქნებიან.

არჩევნებში მათ არანაირი რესურსი არ აქვთ. ჩვენ ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის აგენტურა, რომელიც გარედან იმართება. მსგავს დაჯგუფებებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ადგილი არ ექნებათ. როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი, არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მთლიანად გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გულუბრყვილოდ ვუთხარი, ასე რატომ მწირავთ, ჩემი და ადეიშვილის შვილი კლასელები არიან-მეთქი, ოთახში შემოვიდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მეუბნება, რომ ამ სიტყვების გამო, მე უფრო დავისჯებოდი -ვალერი შოშიაშვილი

ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი პროკურატურის შენობაში გავატარე. ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რომელი მეთოდი აჯობებდა – დაეწყოთ ჩემი ოჯახის წვერების დაჭერა თუ წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს კომპიუტერში რთავდა იმ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა.

შოშიაშვილის თქმით, კახეთში ერთ-ერთი ქონება ბექა ბასილაიამ მას იძულებით შეაძენინა.

„მივდივარ ბექა ბასილაიასთან და იქ გავატარე ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი, პროკურატურის შენობაში. ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რა მეთოდი უფრო აჯობებდა. მეთოდებში იგულისხმებოდა ის, რომ დაეწყოთ ჩემი ოჯახის წევრების დაჭერა და მე უფრო მარტივად ვიშოვიდი თანხას თუ არა; მეორე მეთოდი იყო ის, მე წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს უკვე თავისავე ოთახში, კომპიუტერში რთავდა ადამიანის ისეთ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა. ეს ჩემთვის ძალიან რთული საყურებელი იყო. მე პირდაპირ  ვუთხარი, რა იყო ჩემგან გასაკეთებელი და რა უნდოდათ. ჩემდაუნებურად, გულუბრყვილოდ ვუთხარი, რომ ვიცოდი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი იყო, რა არის, ასე რატომ მწირავთ-მეთქი, ჩემი და მისი შვილები კლასელები არიან-მეთქი. მაშინ გაჩერდა ბექა ბასილაია. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დამტოვა ოთახში. იმავე ოთახში შემოვიდა ზურა ადეიშვილი. მეუბნება, რომ ამ სიტყვების გამო, მე უფრო დავისჯებოდი.

ოთახში, სადაც იმ 12 საათის განმავლობაში ვიყავი, მთელი კედელი დაფარული იყო ჩემი ოჯახის წევრების სურათებით. ჩემი მცირეწლოვანი შვილების, მეუღლის, დის სურათებით. ბექა ბასილაია მეუბნებოდა, რომ ქონება, რომელიც ჩვენს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, უნდა ყოფილიყო გადაფორმებული კონკრეტულ პიროვნებაზე. კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში იმართებოდა აუქციონი, გამოდიოდა ქონება, რომლის საწყისი თანხა იყო 100 ათასი ლარი და ბიჯის თანხა – 30 ათასი ლარი. შემდეგ პროკურატურაში ავდივარ და მეუბნება, რომ „საქართველოს ბანკთან“ უკვე შეთანხმებულია და სესხი უკვე დამტკიცებული გაქვსო“, – განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “ჭარალისა” და “ვალეს” დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული მ.ა, 1997 წელს დაბადებული მ.ა, 1985 წელს დაბადებული ა.თ. და 1984 წელს დაბადებული ბ.გ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – აღნიშულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებული არიან: 1999 წელს დაბადებული ვ.მ. და 1997 წელს დაბადებული ა.კ.”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი “კოკაინის” კრისტალები ამოიღეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია, სადაც, თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი “მცენარე კანაფი”, – აღნშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

საოცარი წასვლა იყო, რობინ დანიგანის წასვლასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა-კახა კალაძე

საოცარი წასვლა იყო, ამ მხრივ ბევრი კითხვა არსებობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რობინ დანიგანის საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, რისთვისაც მზაობა ორმხრივი უნდა იყოს.

„საოცარი წასვლა იყო. ბევრი კითხვა არსებობს მის ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენთვის მთავარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან  სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა, ეს კი ორმხრივი უნდა იყოს. აღნიშნულ პროცესში არსებობდნენ ადამიანები, ვინც ხელს უშლიდნენ, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ადმინისტრაციას, თეთრზე შავს ამბობდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. პრეზიდენტ ტრამპს აქვს პრიორიტეტები დასახული – „დიფ სთეითის“ დამარცხება, ომის დასრულება, რასაც მივესალმებით და ვგულშემატკივრობთ მას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს: „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

2010 წელს ფინანსურ პოლიციაში მეუბნებიან, რომ “რუსთავი 2-ზე” საეთერო დრო უნდა ვუყიდო გიორგი თარგამაძის პარტია “ქრისტიან-დემოკრატებს”, ეს დავალება მოვიდა დავით კირკიტაძის ძმისგან -ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი

საქართველოს პარლამენტში, სადაც “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის” სხდომა მიმდინარეობს, ბიზნესმენ ვალერ შოშიაშვილს უსმენენ.

სხდომაზე განიხილება ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

როგორც ვალერ შოშიაშვილმა სხდომაზე კომისიის წევრებს განუცხადა, დავით კირკიტაძის ძმამ, ირაკლი კირკიტაძემ, რომელიც ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, დაიბარა უწყებაში და განუცხადა, რომ უნდა ითანამშრომლონ.

“საოჯახო ბიზნესში ჩართვის მომენტიდან დაიწყო ის, რომ აშკარა გახდა, რა შეუძლებელი იყო ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი ბიზნესის წარმოება. 2006 წელს, როდესაც შემოვიდა იმპორტი და კონტეინერები, საბაჟოზე მოხდა გაურკვეველი სიტუაცია – მაშინდელმა ხელისუფლებამ მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნ, რომელიც უნდა ჰქონოდა თითოეულ კონტეინერს. არაფერი საბუთი არ არსებობდა იმაზე, რა დასკვნა უნდა ყოფილიყო. მაშინ გაჩერდა საბაჟოზე, ჯამში იყო 100-150 კონტეინერი. იმპორტიორებმა გავაპროტესტეთ საბაჟოს ტერიტორიაზე. ამ დროს მიბარებენ ფინანსურ პოლიციაში, სადაც მეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი კონტეინერი ვერ გავა კი არა, ამასთან ერთად იქნება უკვე დაჭერაც და იმ ოჯახის წევრებზე, რომლებიც ჩართული ვართ ბიზნესში, იქნებოდა განსაკუთრებული ზეწოლა.

ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, სესხი ავიღე და შემოწირულობის სახით გადავრიცხე “ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე. სესხი ავიღე “პროკრედიტ ბანკში”, 2007 ან 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნების პერიოდია. პარალელურად, გრძელდება ამ თითოეულ კონტეინერზე 1 500 დოლარის გადახდა. ყოველ თვე მოდის თბილისის ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი კირკიტაძე და ჯამში მიაქვს ხან 18 000 დოლარი, ხან 15 000 დოლარი. გააჩნია, რამდენი კონტეინერი შემოვიდოდა. იმ პერიოდში, როდესაც გადვიხადე თანხა, 100 ათასი ლარი შემოწირულობის სახით, შემდგომაც გრძელდება შეთანხმება – თანხის გადახდა.

2010 წელს ისევ მიბარებენ და მეუბნებიან, რომ შემოწირულობას აღარ მთხოვენ “ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე. მეუბნებიან, რომ საეთერო დრო უნდა ვუყიდო “რუსთავი 2-ზე” “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”, გიორგი თარგამაძის პარტიას. იგივე “დავალება” მოდის იქიდან – ირაკლი კირკიტაძისგან, ფინანსური პოლიციიდან. ამ საეთერო დროის ღირებულება იყო 50 ათასი ლარი და ეს თანხა უნდა გადამერიცხა “რუსთავი 2-ის” ანგარიშზე.

მართლა გაოცებული დავრჩი, რადგან ვიცოდი, რომ სახელისუფლებო პარტია იყო “ნაციონალური მოძრაობა” და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვიყავი “ნაციონალური მოძრაობის” ტყვე, ახლა ეს ახალი პარტია საიდან გამოჩნდა-მეთქი, მამაჩემს პირველი ეგ ვუთხარი. “ქრისტიან-დემოკრატები” რა შუაში არიან, ოპოზიცია არის-მეთქი. მაშინ ირაკლი კირკიტაძემ მიპასუხა, რომ “ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენში სხვაობა არ არისო”.

ბიზნესს უკვე ძალიან გაუჭირდა მაგ პერიოდში. კონტეინერებიც ვეღარ შემოდიოდა, დაიწყო კონტეინერებმა კლება, რადგან თანხის მუდმივად გადინება ბიზნესიდან, ნიშნავდა, რომ საბრუნავი კაპიტალიდან ვიღებდით თანხას და 2010 წელს ირაკლი კირკიტაძე ითხოვს უკვე ჩემი შპს-ს გადაფორმებას ოფიციალურად. ამბობს, რომ ის უნდა გახდეს შპს „ენკა ჰაუსის“ დირექტორი. ოფიციალურ შეხვედრაზე დამიბარა ფინანსურ პოლიციაში. მიზეზი იყო ის, რომ კონტეინერები ვეღარ შემოდის, უკმაყოფილო არიან, ვისთანაც თანხა მიმაქვსო და ეს იყო ვანო მერაბიშვილი. ამიტომ, ეს უნდა გადავიფორმო მე და დავიწყო ჩახედვა, რა არის ბიზნესში პრობლემა და რატომ ვეღარ შემოდის კონტეინერები. მე ვფიქრობ, რომ ეგენი ზოგადად არიან უნიჭო ადამიანები და მხოლოდ ზეწოლა შეუძლიათ, მაგრამ 2010 წელს ბიზნესის ირაკლი კირკიტაძეზე გადაფორმების შემდეგ, ბიზნესმა დაიწყო გაცამტვერება”, – განაცხადა ვალერ შოშიაშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

წარდგენის შემდეგ, მიხეილ სარჯველაძემ, ირაკლი ფურცელაძემ და ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს.

ირაკლი ფურცელაძეს, კერძო სექტორში, ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. 2011 წლიდან – 2024 წლამდე, ერთ-ერთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში „ავერსი-ფარმა“, მუშაობდა სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე. იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი. მანამდე კი, 2016-2018 წლებში, ხელმძღვანელობდა სადაზღვევო კომპანია „ალფას“.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 ივნისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით 15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი 15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით 21 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 6 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +24 იქნება დღისით, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 23 გრადუსი იქნება, ღამით 12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც ნალექიანი დღეა. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.