„თურქეთი და ისრაელი კონფრონტაციის ზღურბლზე დგანან: დიდი რისკია, რომ მათ შორის კონფლიქტი დაიწყოს“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია ასლი აიდინთაშბაში – თურქი ჟურნალისტი ქალი, პოლიტიკური მიმომხილველი, აშშ-ის ბრუკინგსის ინსტიტუტის პროექტ „თურქეთის“ დირექტორი.
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, არ არის გამორიცხული, რომ ისრაელ-ირანს შორის მომხდარი კონფლიქტი შეიძლება რეგიონში კიდევ ახალი დაპირისპირების მიზეზად იქცეს: თურქეთი შეშფოთებულია იერუსალიმის აგრესიული რიტორიკით. ორი ქვეყნის ერთმანეთთან შეტაკების ალბათობა მკვეთრად გაიზარდა.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ისრაელ-ირანის 12-დღიანმა ომმა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი დაარღვია. ომის შედეგად მივიღეთ: ა)თავდაჯერებული ისრაელი, რომელსაც რეგიონში რადიკალური ცვლილებები შეაქვს; ბ) დასუსტებული ირანის რეჟიმი, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობს და გ) მოყოყმანე აშშ, რომელსაც არ სურს ახალ გაჭიანურებულ კოფლიქტში იქნას ჩათრეული. მაგრამ ყველაზე სახიფათო შედეგი შეიძლება გამოიხატოს არა ისრაელის დაპირისპირების ესკალაციაში ირანთან, არამედ ისრაელსა და თურქეთს შორის ხისტი მეტოქეობის გაჩენაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაქან ფიდანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ამასწინანდელ სამიტზე ანკარის ახალი პოზიცია გააჟღერა: „არ არსებობს პალეტინის, ლიბანის, სირიის, იემენის ან ირანის პრობლემა – აშკარად არსებობს მხოლოდ ისრაელის პრობლემა“. ეს სიტყვები ასახავს ერთგვარ ძვრას თურქულ ხედვაში, რომელიც რეგიონში ისრაელის როლს ეხება: ტრანსფორმაცია გამოიხატება ისრაელის როგორც მოკავშირის ჯერ კონკურენტად, შემდეგ კი ღია მოწინააღმდეგედ გადაქცევაში. ანკარისათვის ერთობ არასასიამოვნოა ისრაელის მზარდი თავდაჯერებულობა და მისი ახალი ამბიციები – გახდეს რეგიონული ჰეგემონი, ანუ ის როლი შეასრულოს, რომელზეც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი დიდი ხანია ოცნებობს. ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ლიდერმა დევლეთ ბახჩელმა, რომელიც რეჯეფ ერდოღანის საკვანძო მოკავშირეა, ამას წინათ ყველას გასაგონად დაადანაშაულა ისრაელი „ანატოლიის ალყაში მოქცევისა“ და თურქეთის დესტაბილიზაციის მცდელობაში. თუ ადრე მსგავსი ბრალდებები მხოლოდ ბულვარულ პრესაში გაისმოდა, ახლა მათ მტკიცედ დაიმკვიდრეს ადგილი თურქულ უწყებებსა და წამყვან პრესაში.
მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ისრაელშიც, სადაც ძალოვანი სტრუქტურების გავლენიანი წარმომადგენლები იწყებენ თურქეთის როგორც „ირანთან შედარებით უფრო სერიოზულ და მზარდ გრძელვადიან საფრთხედ“ განხილვას. რეჯეფ ერდოღანის მხრიდან გამოვლენილმა საჯარო მხარდაჭერამ „ჰამასის“ მიმართ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია – გაჩაღდა ხისტი [ანტითურქული] პოლემიკა ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში და დაიწყო ისრაელის დაახლოება სირიელ ქურთებთან, რომლებსაც თურქეთი ტრადიციულად საფრთხისა და მუქარის წყაროდ თვლის. ამ ისედაც არასტაბილურ რეგიონში ორი უძლიერესი არმიის ურთიერთდაპირისპირებას, როცა ორივე აშშ-ის მოკავშირეებს წარმოადგენენ, შეუძლია საბოლოოდ დაარღვიოს ძალთა მყიფე ბალანსი.
ისრაელსა და თურქეთს შორის დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებას ერთდროულად იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური ხასიათი აქვს. რეჯეფ ერდოღანის მთავრობამსუნიტური ისლამური პოპულიზმი თურქულ ნაციონალიზმთან გააერთიანა, რაც ყველაზე ნათლად მის პროგრამაში – „თურქულ საუკუნეში“ – გამოიხატა და რომელიც საზღვარგარეთ თურქეთის გავლენის გაზრდა-გაძლიერებას ითვალისწინებს. შესაბამისად, ისრაელის ულტრამემარჯვენე სამთავრობო კოალიციასაც იგივე უკომპრომისო ხედვა აქვს ქვეყნის მომავალი ბედის მიმართ და ცდილობს სამხედრო დომინირების განმტკიცებას ლიბანში, ღაზას სექტორსა და სირიაში. ეს ურთიერთგამომრიცხავი მსოფლმხედველობები პრაქტიკულად არ ტოვებენ რაიმე სივრცეს მხარეთა კომპრომისებისთვის.
ანკარისა და იერუსალიმის დაპირისპირების მთავარი არენა სირია გახდა: 2024 წლის დასასრულს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ ორივემ დაიწყო ბრძოლა ქვეყნის ომისშემდგომი მოწყობაში დომინირებისათვის. ანკარა სირიაში თავის ყოფნას აფართოებს იმით, რომ მხარს უჭერს ქვეყნის სათავეში მოსულ ისლამურ დაჯგუფებას „ჰაით-თაჰრირ-აშ-შამს“, რომელიც სამოქალაქო ომის დროს თურქეთის მოსაზღვრე სირიის იდლიბის პროვინციას აკონტროლებდა და გარკვეულწილად ანკარის გავლენის ქვეშ იყო. თურქეთი ცდილობს სირიაში პროთურქული ცენტრალიზებული ხელისუფლების განმტკიცების იდეა განახორციელოს. დღეისათვის თურქეთი უკვე აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში და ისწრაფვის იმისთვის, რომ თავისი ეკონომიკური და სამხედრო გავლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვოს. თავის მხრივ ისრაელი, რომელიც ასევე ესაზღვრება სირიას, მხარს უჭერს ქურთებისა და დრუზების ავტონომიას და ეჭვით უყურებს სირიის ახალ ხელისუფლებას – ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან მისი კავშირების გამო.
ისრაელ-თურქეთს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა აპრილის ბოლოს, როცა ისრაელმა ავიადარტყმა განახორციელა ჰომსის პროვინციაში მდებარე პუნქტ ტიასაზე, სადაც თურქეთი სამხედრო ბაზის მშენებლობას აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ანკარასა და იერუსალიმს შორის „ცხელი ხაზი“ არსებობს, ჯერ-ჯერობით დიპლომატიური კონტაქტები გაყინული რჩება. ამასობაში თურქეთმა საკუთარი დასკვნები გააკეთა ირან-ისრაელის კონფლიქტიდან: ანკარისათვის საგანგაშო ფაქტად იქცა ისრაელის მიერ ირანის სამხედრო ხელმძღვანელების (ისლამური რევოლუციის გუშგთა კორპუსის გენერლების) განადგურება, რაც ისრაელის ავიაციისა და დაზვერვის შესაძლებლობებზე მიუთითებს. ანკარა უკვე ზომებს იღებს თავისი არმიის მოწყვლადი ადგილების აღმოსაფხვრელად.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინაშე დგას ამოცანა გამოიყენოს თავისი კარგი ურთიერთობები როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ასევე რეჯეფ ერდოღანთან, რათა მათი დაპირისპირება შეაკავოს და ცხელ კონფლიქტად არ გადაიქცეს. ღაზას სექტორში ომის დასრულებას შეუძლია თურქეთის პრეტენზიები შეარბილოს, მაგრამ გრძელვადიანი მეტოქეობა ორ ქვეყანას შორის, ალბათ, არ გაქრება.
ამერიკელი სტრატეგები ათწლეულების განმავლობაში თვლიდნენ თურქეთს და ისრაელს რთულ, მაგრამ მაინც შეუცვლელ მოკავშირეებად და რეგიონული სტაბილურობის საყრდენებად. ახლა კი ეს ორი საყრდენი ერთმანეთს უპირისპირდება. ირანის დასუსტების ფონზე ვაშინგტონმა და მისმა პარტნიორებმა უნდა გააცნობიერონ: ახლო აღმოსავლეთი ახალი გამოცდის წინაშე შეიძლება დადგეს – მათ უახლოეს მოკავშირეებს შორის დაწყებული კონფლიქტი სახით.
მოამზადა სიმონ კილაძემ