Home Blog Page 2

რეორგანიზაცია ჩვენ მანამდე გვქონდა გამოცხადებული და დიდი ცვლილებები იქნება – კახა კალაძე

პრემიებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში, არასდროს გაგვიკეთებია და არც ახლა გავაკეთებთ, რომ ადამიანები დავსაჯოთ, რაღაც შეხედულებების გამო. თუმცა, აქვე გეტყვით, რეორგანიზაცია ჩვენ მანამდე გვქონდა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი და დიდი ცვლილებები იქნება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

იგი დედაქალაქის მერიაში გამოცხადებულ რეორგანიზაციის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ბევრი არასწორი შეფასება მოისმინეს. მისივე თქმით, რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. კალაძემ განმარტა, რომ სამსახურების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია ბოლოს 2017 წელს განახორციელეს.

„დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც დედაქალაქზე უნდა აისახებოდეს და დედაქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებზე.

ბევრი შეფასებები მოვისმინეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირველი, აღნიშნული რეორგანიზაცია კავშირში არ არის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და მეორე, ასევე ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, ჩვენ გუშინ მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ჩვენ ვიყენებთ პრემიების გაცემა – არ გაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც ტყუილია. არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.

2017 წლიდან თბილისის მერი. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ შემთხვევას, რომ ჩვენ ვიღაც დაგვესაჯა პოლიტიკური შეხედულების გამო, ან ვიღაცის მიმართ გვქონოდა არასამართლიანი დამოკიდებულება თავისი შეხედულების გამო სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ბუნებაში არ არსებობს არც ერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები დაგვეყო პოლიტიკური ნიშნით, ან რაღაც შეხედულებების გამო.

რაც შეეხება ზოგადად პრემიის საკითხს, პრემიას განსაზღვრავს კანონმდებლობა. ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის და რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რაც არის კანონით გათვალისწინებული.

არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ ვინმე დაგვჩაგრა, ან ვინმეს მიმართ გვქონოდა უსამართლო დამოკიდებულება. თუმცა, მინდა, ასევე ხაზი გავუსვა ერთ რამეს. იცით, გავრცელდა პეტიცია, სადაც 200-ზე ცოტა მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ხდებოდა თანამშრომლების სამსახურებში დაშანტაჟება, ბულინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ადამიანების დაბულინგება იმისთვის, რომ ვიღაცამ რაღაცას მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი. ეს ქმნის არაჯანსაღ სიტუაციას სამსახურებში, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

შესაბამისად, პრემიებთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში, არასდროს გაგვიკეთებია და არც ახლა გავაკეთებთ, რომ ადამიანები დავსაჯოთ, რაღაც შეხედულებების გამო. თუმცა, აქვე გეტყვით, რეორგანიზაცია ჩვენ მანამდე გვქონდა გამოცხადებული და მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი და დიდი ცვლილებები იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე „ქართულ ოცნებას“ აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვის ინიციატივით მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე მმართველ პარტიას ინიციატივით მიმართავს, აქციებზე ლაზერის გამოყენება აკრძალოს. შესაბამისი ინიციატივა არჩილ გორდულაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ხშირად ანათებენ ლაზერებს სამართალდამცველებს და სამეთვალყურეო კამერებს, რაც პოლიციისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად გამოიყენება ლაზერები, სანათები შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია.ხშირად არის გამოყენებული ეს ლაზერები იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ მოხელე სამართალდამცავებს, რომ თავიანთ საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს,“ – განაცხადა გორდულაძემ.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ოდენობა იზრდება

შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცალკეული სერვისების საფასურის ოდენობა იზრდება. რიგ მომსახურებაზე საფასურის ახლებურად განსაზღვრას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონის პროექტით, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური განისაზღვრება 100 ლარით, ნაცვლად 30 ლარისა. ასევე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური შესაბამისი აქტის შედგენით განისაზღვრება 130 ლარით, ნაცვლად 60 ლარისა.

გარდა ამისა, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური იქნება 130 ლარი, ნაცვლად 50 ლარისა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს თუ გეგმა სწორად შეადგინეთ, შეგიძლიათ მისი განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ ნებისმიერი საქმის კეთებისას წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.

კურო

დღის პირველი ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერია. შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები შუადღის შემდეგ უნდა დაგეგმოთ. საღამოს თავს გაცილებით მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ და შესაძლოა, დაწყებული საქმეების დასრულებაც შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი უსიამოვნო დავალებების შესრულება ან კომენტარების მოსმენა მოგიწევთ.

ტყუპები

ეცადეთ, რომ კოლეგების კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ სამსახურში ჯანსაღი ატმოსფერო წარმატებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია. გირჩევთ გარშემო მყოფებს კითხვებით ნუ შეაწუხებთ, განსაკუთრებით, თუ ეს კითხვები პირად ცხოვრებას ეხება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. სასურველია, საღამო მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის – მიზანს ასე უფრო სწრაფად მიაღწევთ. შეიძლება ოცნების ასრულებამდე დიდი გზა გაქვთ გასავლელი, მაგრამ გეგმის შემუშავება ახლავე შეგიძლიათ. ეცადეთ, მეგობრებთან მეტი დრო გაატაროთ – ისინი სიტყვითაც დაგეხმარებიან და საქმითაც. მშვენიერი დღეა კარგად შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან.

ლომი

უმჯობესია, თითოეული ნაბიჯი კარგად დაგეგმოთ და მიზნისკენ აუჩქარებლად იმოძრაოთ. ხელოვან ადამიანებს შთაგონება ეწვევათ. შესაძლოა, ახალი მონა ლიზა ან დავითი ვერ შექმნათ, მაგრამ თქვენი ნიჭით გარშემო მყოფების გაოცებას ნამდვილად შეძლებთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენზე ზეწოლის მოხდენას და მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ ეცადეთ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოთ.

ქალწული

ახლა თავმდაბლობის დრო არაა. შეგიძლიათ საკუთარ ნიჭსა და უნარებზე ხმამაღლა ილაპარაკოთ და გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია გულხელდაკრეფილი არ იჯდეთ და მოვლენების გულში იტრიალოთ. სწორად დაგეგმილი საქმე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. თუ არ იზარმაცებთ შესაძლოა, მტკივნეული პრობლემაც მოაგვაროთ, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ.

სასწორი

ფრთხილად იყავით, შურიანმა ადამიანმა შეიძლება თქვენთვის მახის დაგება გადაწყვიტოს. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ. საღამოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა შეიძლება შემაწუხებელი იყოს, ამიტომ უპირატესობა სახლის მყუდრო გარემოს უნდა მიანიჭოთ.

მორიელი

ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ საქმის საბოლოო შედეგი თქვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული. მიზნის მისაღწევად ოპონენტებთან ადაპტაცია, მათი განწყობისა და ინტერესების გათვალისწინება მოგიწევთ. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანების აზრი გაითვალისწინოთ. შესაძლებელია, მათ დახმარება სჭირდებათ და თქვენ ვერ ამჩნევთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრეს ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, პირში არ უნდა მიახალოთ. თუ მას შეურაცხყოფთ, შეიძლება ერთობლივი გეგმები განუხორციელებელი დარჩეს. ზოგ მშვილდოსანს ძალიან გაუმართლებს და ახლახან დასრულებული პროექტიდან ფინანსურ სარგებელს მიიღებს. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შეძენილი ნივთი იმედს მალე გაგიცრუებთ.

თხის რქა

ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება, რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს – ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.

მერწყული

შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – იმაზე მეტს დახარჯავთ, ვიდრე გეგმავდით და შეძენილი ნივთი იმედს გაგიცრუებთ. გირჩევთ მოახლოებული დღესასწაულის წინ ფული რაციონალურად გაანაწილოთ, რათა სესხის აღება არ მოგიწიოთ. ეცადეთ, ურთიერთობის დროს ოპონენტი არ შეურაცხყოთ და საჭირო სიტყვები დიდი სიფრთხილით შეარჩიოთ. მოერიდეთ რჩევების მიცემას – დაე, ყველამ თავის საქმეს თვითონ მიხედოს.

თევზები

წარსულზე ზედმეტად მიჯაჭვული ხართ და მომავალზე ნაკლებად ფიქრობთ, რაც წინსვლაში ხელს გიშლით. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, მაგრამ ეცადეთ, წარსულის მოგონებებისგან გათავისუფლდეთ. მარტოხელა თევზებს ახლად გაცნობილ ადამიანთან მსუბუქი ფლირტი ელით, თუმცა როგორ გააგრძელებთ ურთიერთობას მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, გირჩევთ ექიმთან შეხვედრა დანიშნოთ. ნუ დაელოდებით, იმას, რომ პრობლემა თავისით გაქრება.

 

 

აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე – ჩეხეთის პრეზიდენტი 

ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ”, – წერს პეტრ პაველი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხ კოლეგას საქართველოს, ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათ სულიერების კრიზისი აქვთ, და რიტუალმა, რომელიც სატანისტურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ეს ყველაფერი თვალნათელი გახადა – ნინო წილოსანი აქციაზე კუბოს დაწვაზე

რეალურად მათ სულიერების კრიზისი, კრეატიულობის, პოლიტიკურობის კრიზისიც აქვთ და იმ რიტუალმა, რომელიც სატანისტურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ეს ყველაფერი თვალნათელი კიდევ უფრო გახადა, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი,

„მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვა რა თქმა უნდა ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფაა. მერე გაუკვირდებათ, როცა ადამიანები განსაკუთრებით ნეგატიურად განეწყობიან მათ [აქციის ორგანიზატორების] მიმართ და არ იქნებიან მათი მხარდამჭერები. უზომოდ შემაშფოთებელი იყო ის მდგომარეობა, რასაც ვუყურებდით იქ [აქციაზე] მყოფი ადამიანების მხრიდან – აჟიტირებას კუბოს დაწვის რიტუალით. რეალურად მათ სულიერების კრიზისი, კრეატიულობის, პოლიტიკურობის კრიზისიც აქვთ და იმ რიტუალმა, რომელიც სატანისტურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ეს ყველაფერი თვალნათელი კიდევ უფრო გახადა“, – აღნიშნა წილოსანმა.

“ძლიერი თოვა, ქარბუქი, შტორმი” – ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ნამდვილი ღალატი თქვენი რიგებიდან მოდის – არ შეგეშალოს – ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის – რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილს

არ შეგეშალოს – შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის. ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები გააკრიტიკა.

ევროპარლამენტარის თქმით, შალვა პაპუაშვილი ცილს სწამებს მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, „ნამდვილი ღალატი“ კი პირიქით „ქართული ოცნების“ რიგებიდან მოდის.

“დემოკრატიაზე საუბრობ, მაგრამ იმას იცავ, რისი დაცვაც შეუძლებელია – მთავრობას, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიდის, უგულებელყოფს საკუთარი ხალხის ნებას, და უცხოური ძალების გულს იგებს, რომლებსაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა სურთ. შენს ცილს სწამებ მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, მაგრამ ნამდვილი ღალატი თქვენი რიგებიდან მოდის.

ევროპარლამენტი მართებულად გამოვიდა მათ წინააღმდეგ სანქციების მოწოდებით, ვინც საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს აფერხებს, მათ შორის შენს წინააღმდეგ. არ შეგეშალოს – შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად. ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის, არც ჩვენი ტოლერანტულობა ფარისევლობისთვის, რომელიც შეფუთულია ფსევდო-დემოკრატიულ რიტორიკაში.

ბალტიელი ლიდერების, რომლებიც ყოველთვის იცავდნენ დემოკრატიას და საქართველოს სუვერენიტეტს, ‘“რეჟიმის ცვლილების” წამქეზებლებად გამოყვანის მცდელობა სასაცილოა. ჩემი ბალტიელი ძმები – და ბევრი ევროპაში – ეწინააღმდეგებიან არა არჩევნებს, არამედ თქვენი მთავრობის დემოკრატიული ნორმებისგან უხეშ გადახვევას, მის ანტიუკრაინულ მესიჯებსა და მის ფლირტს რუსულ გავლენასთან.

პასუხისმგებლობა უცხოურ ჩარევაში არ აგერიოს. შენი მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმიტომ კი არაა, რომ “საკუთარ ხალხს ემსახურება”, არამედ იმიტომ, რომ მათ მომავალს უთხრის ძირს. თუ არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია, მაშინ საშუალება მიეცით ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი და პროპაგანდისგან თავისუფალი. თუ ნამდვილად აფასებ დემოკრატიას, დაამტკიცე – ქმედებებით, არა უხამსობით.

მანამდე, კრიტიკის გაჩუმების შენი მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მას. ევროპა ქართველ ხალხთან ერთად დგას, მათთა არა, ვინც მათგან დემოკრატიული ბედისწერის მოპარვას ცდილობს”, – წერს კოლსი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიხელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის “დამუნათება სცადეს”, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო.

“გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს და თუ მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის მათ სურვილებთან, მაშინ არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს. სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ცვლილებები დეტალურადაა განმარტებული.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.

როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს.

განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე მიიღება კონკურსის გარეშე.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო წოდებით ვერ დაინიშნებიან, რაც განაპირობებს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესებზე გადასვლას და საპოლიციო კონკურსზე დაქვემდებარებას.

შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღება/დანიშვნა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დადგენილი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას.

კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. ყველა ეს გარემოება შემოწმდება სამსახურში მიღების პროცესში.

კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს”, – ნთქვამია განცხადებაში.

 ჩვენ არაფერი გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ამომრჩეველმა-მაკა ბოჭორიშვილი

x

ჩვენ არაფერი გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა, შეხვედრით ლეგიტიმაციას ვერც მოვიპოვებთ და არც ვეძებთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ლეგიტიმაციის მოპოვება.

„ქვეყნის შიგნით ხომ ვხედავთ ვინც არიან და საერთაშორისო მასშტაბითაც ვიცით, რომ არიან ადამიანები, ძალები, რომლებიც ზოგადად ებრძვიან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოს რომელსაც ჰყავს მთავრობა, მთავრობას, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლები. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებები, რასაც სჩადიან, როგორც ქვეყნის შიგნით გარკვეული ძალები, ასევე მათ ზურგს უმაგრებს გარკვეული ძალები ქვეყნის გარეთ. ამ ქმედებების ნაწილია ისიც, რომ ჩემთან შეხვედრები იქნება ეს, საგარეო საქმეთა მინისტრების თუ ელჩების, ყოველთვის არის ასეთი აჟიოტაჟის საგანი, რაც თითქოს ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი უნდა იყოს. თუ ჩვენ გვინდა, ვესაუბროთ ევროკავშირს, ეს წარმოუდგენელია მოხდეს დიალოგის გარეშე, წარმოუდგნეელია რაიმე ურთიერთობები იყოს შეხვედრების გარეშე. ჩვენ არაფერი გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის. საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს მიანიჭეს.

„შეხვედრით ლეგიტიმაციას ვერც მოვიპოვებთ და არც ვეძებთ, ეს არ არის მიზანი არავისთან შეხვედრის, რომ ლეგიტიმაცია მოვიპოვოთ, ეს ლეგიტიმაცია 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. სწორედ ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ის მთავრობა რომელი მთავრობაც დღეს ჰყავს საქართველოს. ასე რომ, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, იძულებული იქნებიან, რომ შეეგუონ იმ რეალობას, რომელიც არის საქართველოში 26 ოქტომბროს შემდეგ. არის ზოგადად პრობლემა ჩვენი პოლიტიკური სივრცის, რომ ელჩებს პოლიტიკოსები იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ელჩებს რომლებიც დიპლომატიური წარმომადგენლები უნდა იყვნენ, რომელთაც აქვთ ძალიან მკაცრად განსაზღვრული წესები და მოქმედების ჩარჩოები, მათ იყენებენ პოლიტიკის საკეთებლად საქართველოში, ეს არ არის წესი, ეს არ არის ნორმა, ასე არ ხდება სხვაგან და არ უნდა ხდებოდეს არც საქართველოში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის 9 დეკემბერს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ელჩის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა, ასევე ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა.

არჩევნები ოპოზიციას რომ მოეგო, ბრიუსელში იტყოდნენ, დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილაო, მოიგო კონსერვატიულმა პარტიამ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოქალაქეთა სურვილი უარყონ -პიტერ სიიარტო

არჩევნები ოპოზიციას რომ მოეგო, ბრიუსელი ხმამაღლა იყვირებდა საქართველოში დემოკრატიის შესახებ, იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ არჩევნები კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მოქალაქეების სურვილის უარყოფა და იგნორირება მოახდინონ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

როგორც პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბრიუსელი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს დემოკრატიული არჩევნების გზით.

„არჩევნები ოპოზიციას რომ მოეგო, ბრიუსელი ხმამაღლა იყვირებდა საქართველოში დემოკრატიის შესახებ, იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მოახდინონ მოქალაქეების სურვილის უარყოფა და იგნორირება. და ამას აკეთებენ სრულიად არადემოკრატიულ სტილში. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს არის სერიოზული და, მოდი, ასე ვთქვათ, მოსაწყენი თამაში, რომელსაც ლიბერალური მეინსტრიმი თამაშობს, რომელიც იქნება უარყოფილი. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ უნგრეთი სრულად არის ერთგული საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებისა და ნებისმიერი სახის მხარდაჭერას უწევს მაშინ, როდესაც ბრიუსელი და ლიბერალური მეინსტრიმი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გაუცხოებისთვის, რაც ძალიან მავნებლური და სახიფათო მიდგომაა ბრიუსელისგან“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ამასთან, პიტერ სიიარტომ მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„მოვუწოდებთ ქართველებს, დაიცვან საკუთარი ინტერესები და გააგრძელონ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა. ბოლო 14-15 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რაც ხალხს სურს და არა ის, რაც სურთ სხვადასხვა გარე ძალას. ბოლოს მინდა, ვთქვა, რომ დღეს ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენ დავამყარეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რასაც წლების წინ მოვაწერეთ ხელი. სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია 34%-ით. უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ არის ლიდერი საჰაერო ტრანსპორტირების სფეროში. უნგრული ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა მუდმივად იზრდება. ჩვენ ყოველწლიურად ვთავაზობთ ქართველ სტუდენტებს სტიპენდიებს უნგრეთის უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ასევე ვმუშაობთ, რათა მივიღოთ მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, რაც უნდა მოხდეს ზღვის ფსკერზე გამავალი კებელით“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ – გურამ მაჭარაშვილი

უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, [რომელიც მოქალაქეებს აფრთხილებს რადიკალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე, რამაც მსხვერპლიც შეიძლება გამოიწვიოს], ასახავს იმას, რაც მანამდეც განუცხადებიათ პრევენციის მიზნით“, – განაცახდა მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი არის ის, რომ მუხტი შენარჩუნდეს, შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ, რათა მასზე ააგონ შემდეგი რადიკალური პროცესი.

„უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ინფორმაციები აქვთ და უნდა ჰქონდეთ კიდეც, თუ რას აპირებენ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები. ეს მტკიცებულებებითაც დასტურდებოდა ხოლმე, მაგალითად, როცა სუს-ი საუბრობდა იმ რევოლუციურ სცენარებზე, რასაც საზღვარგარეთიდან აფინანსებდნენ, [შემდეგ კი ამას სემინარებისა და სწავლებების სახით ვხედავდით]. ახლაც, ვხედავთ, რომ ეს აქციები მილევად რეჟიმშია, რადიკალების ინტერესი კი ის არის, რომ მუხტი შენარჩუნდეს. მით უმეტეს, რომ მათი ხელწერა შემდეგი [სლოგანია] – „ორი გვამი მინდა“. შესაბამისად, მათ საკრალური მსხვერპლი სურთ, რათა მასზე ააგონ შემდეგი რადიკალური პროცესი. ამის არაერთი მცდელობა ვიხილეთ – ავარიაში შემთხვევით მოყოლილი ადამიანზე ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ის სახელმწიფოს მსხვერპლი იყო, ასევე, სხვა ადამიანებზე და ა.შ.; შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურმა რა პრევენციული ინფორმაციაც გაავრცელა, ის, სამწუხაროდ, რეალურია. ამიტომ, მოსახლეობა ფხიზლად უნდა იყოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.