Home Blog Page 2

,,ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან”- პრემიერი

როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის ელჩის განცხადებას შეეხებოდა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბრიტანეთის ელჩის განცხადება არის დეზინფორმაციით გაჯერებული.

„როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. დიდ ბრიტანეთში არის სერიოზული პრობლემები მედიაპლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, „დიფ სთეითის” გავლენის კუთხით მედიაზე, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მიმართვა ინგუშეთის მოსახლეობას

კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია და მისი თავმჯდომარე,  ზაალ კასრელიშვილი ინგუშეთის მოსახლეობას მიმართავს, რომელსაც, „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

 “დებო და ძმებო ინგუშებო, მაქვს პატივი მოგმართოთ და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა.

მიმდინარე წლის სექტემბერში, ინგუშეთში იგეგმება ფორუმი, რომელსაც დაესწრება ქართული დელეგაცია. ვიცით, რომ  ამ ფორუმზე საუბარი იქნება მნიშვნელოვან თემებზე და სერიოზულ გეგმებზე. გვჯერა, რომ ეს ღონისძიება კიდევ უფრო მეტად დააახლოვებს და სასარგებლოს გახდის ურთიერთობას ჩვენს ერებს შორის.ჩვენი აზრით, ფორუმის ერთ-ერთი  მთავარი თემა იქნება ინგუშეთი-საქართველოს რკინიგზის პროექტი.                  

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში 1989-1992 წლებში შეიქმნა ეთნო-რეგიონალური(კავკასიური) პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც მოიცავს კულტურის, სპორტის, საზოგადოებრივი ღონისძიების სფეროებს და სოციალურ-ეკონომიკურ პროეტებს რომელის განსახორციელებლად სამწუხაროდ, დღემდე არავის გადაუდგავს პრაქტიკული ნაბიჯები

ეთნო-რეგიონალური პოლიტიკის კონცეფციაში ჩადებულია რკინიგზის, საავტომობილო გზის და ნავთობსადენის პროექტებიც, მაგრამ ჯერ აუცილებელია მათი საჯარო განხილვა და  პატიოსანი, მიუკერძოებელი პროფესიონალების  დასკვნები თუ რამდენად სასარგებლოა ისინი ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ

მეგა-პროექტები მომგებიანი უნდა იყოს ეკონომიკურად და მისაღები მორალურად.

საქართველოში ამ პროექტის განხილვა ჯერ არ მომხდარა და მოსახლეობის უმრავლესობამ მის შესახებ იცის მხოლოდ ის , რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მას ერქვა ,,ტრანსკავკასიური მაგისტრალი და როგორც რუსი ნაციონალისტები ამბობდნენ, მისი მიზანი იყო ,,რუს ჯარისკაცს ფეხები დაებანა ინდოეთის ოკეანეში”, ამ გზის გავლის შედეგ.,,ტრანსკავკასიური” მაგისტრალის მშენებლობა ჯერ ეროვნულმა მოძრაობამ გააპროტესტა ხოლო შემდეგ გააჩერა საქართველოს მოსახლეობამ 1988-1989 წლებში. გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ იდეაში ამ პროექტმა უნდა გაიაროს სომხეთის ან აზერბაიჯანის ტერიტორიებზეც და ისინი დათანხმდებიან თუ არა ამ მარშუტის გატარებას თავის ტერიტორიაზე ჯერ არ ვიცით.

როგორც მოგახსენეთ, ამ პროექტების განხილვა საქართველოში ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად არც მთავრობას და არც ხალხს ჯერ ნდობა არ გამოუცხადებია არცერთი  ჯგუფისთვის და მთუმეტეს რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციისათვის ამ თემაზე სასაუბროდ. ამიტომ თუ ვინმე თვითმარქვია აპირებს მანდ ჩამოსვლას ზემოთ ხსენებულ თემებზე სასაუბროდ იცოდეთ, რომ ისინი ხალხის ნდობის მანდატის გარეშე მოქმედებენ და მხოლოდ თავის მცირერივხოვანი ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედით რეკლამას იკეთებენ, საქართველოში შემოდგომაზე  დანიშნული მუნიციპალური არჩევნების წინ.

ჩვენი სურვილია საქართველოს დელეგაციას ჰქონდეს მთავრობის და ხალხის ნდობა ამ ფორუმზე, მაგრამ თუ დელეგაცის წევრები მხოლოდ   კრემლისათვის მისაღები პირები იქნებიან მაშინ უნდა იცოდეთ,რომ ფორუმზე განსახილველი პროექტების მნიშვნელობა და  პერსპექტივა განულდება.

ამ მიმართვის მიზანია მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ ქართველებსა და ინგუშებს შორის ათასწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ და ძმურ ურთიერთობებს. მოუსმინოთ ჩვენს  ხალხს და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს”, – ნათქვამია მიმართვაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 15 ივლისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7149 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7149 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7160 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1737 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1753 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება – 10 ივლისს, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N13-ში ინოვაციური, ახალი კონცეფციის ფილიალი, თბილისის შემდეგ, პირველად ბათუმში გაიხსნა.

ახალი PSP აფთიაქი, უამრავი ახალი ბრენდით, მათ შორის ნიშ პარფიუმის სუნამოების მრავალფეროვანი არჩევანით, სადიაგნოსტიკო სივრცეებით, მკაფიოდ გამოყოფილი ნავიგაციებით, სიახლეებით, ინოვაციებით, მომხმარებელს ყიდვის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

PSP-ის ახალი კონცეფციის აფთიაქი  არ არის მხოლოდ სააფთიაქო სივრცე — ეს არის ადგილი, სადაც პროდუქტები, პრემიუმ მომსახურება,  და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთიანდება მომხმარებელზე ორიენტირებულ ეკოსისტემაში. კონცეფცია მომხარებელს შოპინგის ახალ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც არამხოლოდ გამარტივებულია, არამედ მორგებულია თანამედროვე ადამიანების ცხოვრების სწრაფ ტემპსა და მოლოდინებზე.

საზეიმო ლენტი PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და აჭარის რეგიონალურმა მენეჯერმა ლუიზა საღარეიშვილმა გაჭრეს. ახალი კონცეფციის აფთიაქის საზეიმო გახსნას აჭარის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები დაესწრნენ.

ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში და არა მხოლოდ, ადგილზე მისული მომხმარებელი დამატებით მიიღებს უფასო სერვისებს, სხვადასხვა სახის სადიაგნოსტიკო და სასკრინინგო მომსახურებას.

PSP-ს ახალი ზაფხულის კამპანიის „კანის მაშველების“ ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მზის სტენდთან იღბლიან ბორბალის დატრიალებით მიიღოს დამატებითი საზაფხულო საჩუქრები.  

PSP-ს სიახლეების, სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება და მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს პსპ აფთიაქის ფეისბუქ გვერდს.

„ერთი წლის წინ  პირველი სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქი პეკინის 14 ნომერში გავხსენით, სწორედ იმ ადგილას, სადაც 30 წლის წინ, 1994 წელს, PSP-ს პირველი აფთიაქი გაიხსნა. ბათუმში კი ჯერჯერობით ეს  პირველი ახალი კონცეფციის სივრცეა, რომელიც თითოეულ მომხმარებელს თავს სრულიად განსხვავებულ გარემოში აგრძნობინებს, უმარტივებს ყიდვის პროცესს და უზოგავს დროს.  თანამედროვე ციფრულ სერვისებთან ერთად, ფარმაცევტებისა და კონკსულტანტების გამოცდილება და პროფესიონალიზმი, მომხმარებელს ეხმარება კონკრეტულად მის საჭიროებაზე მორგებული არჩევანითა და მაღალი ხარისხის სერვისით ისარგებლოს“- აცხადებენ PSP-ში.

PSP ზრუნავს, რომ მომხმარებლის გონივრული გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო სასიამოვნო გახადოს ახალი აფთიაქის განსაკუთრებულ გარემოში. 

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის, ეს ზაფხული კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.

თიბისის ახალი კამპანიის – გაატარე ზაფხული შენებურად  ფარგლებში, ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილი შეთავაზებების სამი განსხვავებული ნაკრები: ზღვაზე, მთაში და აუზთან, რომელიც თიბისი ბარათის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ზაფხულის სეზონი მათთვის სასურველი ფორმით გაატარონ და მიიღონ დამატებითი სარგებელი.

ზღვაზე

ნაკრები – ზღვაზე – მოიცავს ქეშბექის შეთავაზებებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროებზე, საზაფხულო ტანსაცმელზე, აქსესუარებსა და სხვა პროდუქტებზე, რაც მომხმარებლების საზაფხულო სამზადისს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

მთაში
მათთვის, ვინც ზაფხულის გატარებას მთაში გეგმავს, თიბისის შეთავაზება ითვალისწინებს ქეშბექებს მთიან რეგიონებში განთავსებულ სასტუმროებზე; ასევე, ლაშქრობის, კემპინგისა და სპორტული ნივთების მაღაზიებზე.

აუზთან

თბილისსა და კახეთში მყოფ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზებთან დაკავშირებული ქეშბექის შეთავაზებებით და მაქსიმალურად გამოიყენონ ზაფხულის ცხელი დღეები.

ნაკრებების ფარგლებში, შეთავაზებები განსხვავდება და მოქმედებს სხვადასხვა პერიოდში. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია თიბისის ციფრულ არხებში.

იმისთვის, რომ ისარგებლო შეთავაზებებით, აიღე ბარათი მარტივად, თიბისის მობაილბანკიდან.

გაატარე ზაფხული შენებურად!

ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაზროთ, რომ ბაჩიაშვილის ადგილზე შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ!  – თინა ბოკუჩავა

ერთადერთ შეფასებას გავაკეთებდი: ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერი პირისთვის – კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელია სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან ერთ დროს თანამშრომლობდნენ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტს.

თინა ბოკუჩავა თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბაჩიაშვილს უპირობო სოლიდარობას უცხადებს.

„გავრცელებული ინფორმაციით, სამარტოო საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიღებული მძიმე დაზიანებების გამო გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გიორგი ბაჩიაშვილს პარტიის სახელით მინდა გამოვუცხადო უპირობო სოლიდარობა, ის არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე და ბრალს იხდის მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან წინააღმდეგობაში შევიდა. ნორმალურ ქვეყანაში, ბუნებრივია, აქვე მოვითხოვდით ფაქტის გამოძიებას იმიტომ, რომ ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს აწამებენ და მასზე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ რა თქმა უნდა, რუსულ დიქტატურაში, სადაც ძალადობის ავტორი თავად რეჟიმია, თავად სისტემაა ასეთი გამოძიების მოთხოვნას აზრიც კი არ აქვს, ამიტომ, ერთადერთ შეფასებას, რასაც გავაკეთებდი არის ის, რომ ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერ პირთან, ეს იქნება არალეგიტიმური მთავრობის დღევანდელი თანამდებობის პირი, მისი პროპაგანდისტი, თუ ბიზნესმენი, რომელიც დღეს თანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმთან – კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დაუნდობელი არის სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან, ერთ დროს, თანამშრომლობდნენ, “ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ – გიორგი ბაჩიაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის საპატიმროდან წერილს ავრცელებს და მასზე ძალადობის დეტალებს აღწერს.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა.

მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

„2025 წლის 8 ივლისს, 21:00 საათზე დამიბარა N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა, აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში როცა ჩემი და ასევე, ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული, ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში რომ პირობები დააყენო, ხომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, “გიჟიც” და ნაკლებად “გიჟიც“ “. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს.

11 ივლისს საღამოს 7 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი (სადაც მარტო ვიყავი ბოლო 1 კვირა, ვიდეო მეთვალყურის ქვეშ, საკანში განთავსებულია 2 ვიდეო კამერა, ვიცი რომ ვიდეო თვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან) და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება (მაღალი, სპორტული აღნაგობის, ეცვა თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი, სპორტული ფეცსაცმელი). ჩემთვის მას არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ „აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა”, მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა (მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული). აღნიშნულის შემდეგ, მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა, არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც ჩემდა გასაკვირად მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. შემდეგ, ისევ გაგრძელდა ჩხუბი, საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა (მე არ მეკუთვნოდა, საკანში დამხვდა ეს ჭიქა, სავარაუდოდ სხვა პატიმრის), რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავეცი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ, ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელის და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში.

რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა, რამდენიმე წუთის შემდეგ, არჩილმა შეაღო კარი და ამ პირს სთხოვა გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით 10

წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქურურგთან.

ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პირივნება იყო მსჯავრდებული, (სახელი/გვარი არ უთქვამს) და მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა თუ იჩხუბებდა. თუმცა, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო.

ქირურგმა დამიმუშავა ჭრილობები და იარები, რა დროსაც კიდევ ერთხელ დავკარგე გონება, ამეწია წნევა და თავს ცუდად ვგრძნობდი. ვითხოვდი ადვოკატთან და სახალხო დამცველთან დარეკვას, თუმცა არ დამარეკინეს. შემდეგ ვითხოვდი კლინიკა ვივა მედში გადაყვანას, რადგან დამეწყო ძლიერი თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნევა, სინათლეზე გაღიზიანება, ყურებში შუილი. მათ გამოიხახეს სასწრაფო და „ვივამედში“ გადამიყვანეს დაახლოებით 21:00 საათზე. სასწრაფოსაც ვთხოვდი დარეკვის უფლებას, ასევე ვივამედშით დაჟინებით ვითხოვდი, თუმცა უშედეგოდ. ვივამედის ექიმმა ვისი სახელიც არ ვიცი (ქერა მოკლე თმით ქალი, დაახლოებით 60 წლის, გამხდარი) მითხრა, რომ თუ დარეკვის გარეშე უარს ვაცხადებდი პროცედურების ჩატარებაზე, უკან გამაბრუნებდნენ ციხეში.

„ვივამედში“ ჩამიტარდა კვლევები (თავის კატე, სისხლის ანალიზი, თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, მქონდა მრავლობითი კოპები, მარჯვენა მაჯაზე 1 ნაკერი, ნაკბენი მარცხენა ხელის მკლავზე (დამიმუშავეს), ქვედა ტუჩი შიდა მხრიდან იყო გახეთქილი, თუმცა არ გამიკერეს (ასევე აღმენიშნებოდა მარჯვენა სახის არეში, თვალის და ლოყის არე საგრძნობლად დაშუპება, მარჯვენა ქვედა ყბის მეექვსე კბილი კი მომტყდა) ასევე, აღმენიშნებოდა სისხლნაჟღეთები ყელის არეში, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში.

მქონდა თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა.

მოვითხოვე სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს. ვერ ვდგებოდი საწოლიდან, მთელი ხმით ვყვიროდი და ვითხოვდი ტელეფონზე დარეკვას. საბადრაგო სამსახურის წევრებს ჩართული ჰქონდათ სამხრე კამერები. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩმსვეს საბადრაგო მანქანაში, დამაბრუნეს მე-8 დაწედებულებაში, სხვა საკანში.

ეს ხდებოდა 03:00 საათზე. დაახლოებით 03:30 ზე ჩემთან მოვდა ორი გამომძიებელი ქალი, რონლებმაც მთხოვეს სისხლიანი ტანსაცმლის გახდა და გატანება, ასევე ჩვენების მიცემა, თუმცა ადვოკატის გარეშე ჩვენებაზე უარი განვაცხადე. ისევ მოვითხოვე ადვოკატებთან და სახალხო დამცველთან დარეკვა, თუმცა უშედეგოდ.

12 ივლისს დილით, უარი განვაცხადე საუზმეზე და სადილზე, რადგან მქონდა ტვინის შერყევის თანმდევი სიმპტომები. მოვითხოვე ექიმი და სტაციონარში გადაყვანა.

დაახლოებით 16:00 საათზე გადამიყვანეს N18 დაწესებულებაში. კვლავ ვითხოვდი დარეკვას და მხოლოდ 18:00 საათის შედეგ შევძელი სახალხო დამცველის აპარატში დარეკვა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შიმშილობა გამოვაცხადე. ჩემს საკანში ვიდეოთვალი იყო, ასევე დერაფანში და ყველაფერი დაფიქსირებული უნდა იყოს, თუ როგორ შემოიყვანეს ჩემთან ის პიროვნება და შემდეგ სად წაიყვანეს. ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას. მოვითხოვ მარტო ყოფნას საკანში ვიდეო მეთვალყურის ქვეშ. სხვაგვარად ჩემს სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეში იქნება. შაბათს საღამოს შემხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ყველაფერი მოვუყევი დეტალურად, ვითხოვ, სახალხო დამცველის აპარატისგან საკითხის შესწავლას და რეაგირებას. ეს არის ციხის ადმინისტრაციის და კრიმინალების კოორდინირებული მოქმედების შედეგი, შესაბამისად, წარმოადგენენ ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას. ვაცხადებ, რომ რამდენი კრიმინალიც არ უნდა შემომიგზავნონ საკანში და ვისგანაც არ უნდა მოხდეს ძალადობა, მე არ გავტყდები და ვერ დამაშინებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო-ძლიერმა საქართველომ” 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.

ბერდია სიჭინავას თქმით, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია. ამიტომ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმებას, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის. ეს პირიქით, პროტესტის მასშტაბური გაშლის, გაფართოების, ახალი მუხტის მიცემის კიდევ ერთი ხაზია“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

კუპრაძის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთან“ თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში, რადგან 4 ოქტომბრის შემდეგაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე. დღეს ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე. ეს თანამშრომლობა არის ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ. ეს მემორანდუმი, რომელსაც დღეს ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხელი მოვაწერეთ, ასახავს სწორედ თქვენს დაკვეთას, რომ კოორდინირებულად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. ვაცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი“, – განაცხადა კუპრაძემ.

“კირ სტარმერი ივიწყებს, რომ საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის მეგობარი არ არის: ზოგჯერ თუ ვმეგობრობდით, უფრო მეტად ვმტრობდით”-The Sunday Telegraph

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო გამოშვებაში – „სანდეი ტელეგრაფში“ (The Sunday Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “კირ სტარმერი ივიწყებს, რომ საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის მეგობარი არ არის: ზოგჯერ თუ ვმეგობრობდით, უფრო მეტად ვმტრობდით”. ავტორი – საიმონ ჰეფერი კომენტარს უკეთებს გასულ კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან დიპლომატიურ მოვლენას – პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში და აღნიშნავს, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს, რომელსაც ერთმანეთისაგან ლა-მანშის სრუტე ჰყოფს, ერთმანეთთან ბევრი პრობლემები აქვთ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1066 წლიდან დაწყებული, ურთიერთობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც დღეს ბრიტანეთი და საფრანგეთი ჰქვიათ და ერთმანეთისაგან ლა-მანშის სრუტე ჰყოფთ, თითქმის მუდმივად დაძაბული იყო. ხდებოდა ხანგრძლივი კონფლიქტები – მაგალითად, ასწლიანი ომი, ნაპოლეონის ომები… თუმცა 1815 წლიდან ჩრდილოელმა ბრიტანელებმა თავიანთ ტრადიციულ მტრებთან – სამხრეთელ მეზობელ ფრანგებთან მეგობრული ურთიერთობა დაიწყეს, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის მეფის ედუარდ VII-ის ძალისხმევით „გულითად შეთანხმებაში“ („ანტანტაში“, მეფის რუსეთთან ერთად) გადაიზარდა. შესაბამისად, პირველ მსოფლიო ომში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეები იყვნენ. ინგლისელი ჯარისკაცები, რომლებიც ევროპის კონტინენტზე „სამთა კავშირის“ (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთი) წინააღმდეგ ფრანგებთან ერთად იბრძოდნენ, აღფრთოვანებულნი იყვნენ ფრანგი ჯარისკაცების გმირობით. პარიზ-ლონდონის ურთიერთდამოკიდებულება არასოდეს არ ყოფილა იმ ეტაპზე ისე ახლოს, როგორიც 1914-1918 წლებში იყო.
მეორე მსოფლიო ომში სიტუაცია შეიცვალა. საფრანგეთის სწრაფი კაპიტულაცია მესამე რაიხის წინაშე დიდი ბრიტანეთისათვის შოკი აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა მარშალმა ანრი ფილიპ პეტენმა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს კაიზერულ გერმანიას ებრძოდა, მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერულ გერმანიასთან, 1940 წლის 22 ივნისს, ხელი მოაწერა კომპიენის ზავს და ფაშისტებთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც ბრიტანეთისთვის „ზურგში დანის ჩარტყმას“ ნიშნავდა.
1945 წლის შემდეგ საფრანგეთის ახალი ლიდერი, პრეზიდენტი შარლ დე გოლი მხარს უჭერდა და იზიარებდა ილუზიურ წარმოდგენას – იმ მითს, რომ საფრანგეთი გერმანული ოკუპაციისაგან თვითონ, თავისი ძალებით გათავისუფლდა და არა ბრიტანეთისა და აშშ-ის ჯარების მიერ. დრო გადიოდა, საფრანგეთის მთავრობები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ეს პოზიცია კი უცვლელი რჩებოდა. მართალია, შარლ დე გოლი, ჩვენი მხარდამჭერი იყო, მაგრამ ის, რაც მან 1963 წელს გააკეთა – ვეტო დაადო ჩვენს მიერთებას „საერთო ბაზრისადმი“ – ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ შეურაცხმყოფელ დემარშს წარმოადგენდა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტით გასულ კვირაში ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უნდა განახლებულიყო. გარეგნულად მართლაც ასე მოხდა – ხელი მოეწერა შეთანხმებას არალეგალური მიგრანტების შესახებ, რაც ბოლო ათწლეულში გაჩენილი მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად არის მიმართული. მაგრამ „გარიგებამ“ დაადასტურა ევროპული პოლიტიკის ორი მომენტი: პირველი – ის, რომ ჩვენს მთავრობას წარმოდგენა არ აქვს, თუ რაში გამოიხატება ბრიტანეთის ეროვნული ინტერესები და მეორე – ის, რომ საფრანგეთის მთავრობა დღემდე აღშფოთებულია „ბრექსიტით“ – ბრიტანეთის გასვლით ევროკავშირიდან. სასაცილო იყო ფრანგი პრეზიდენტის ბრალდება, რომ უკანონო მიგრაციას ხელი „ბრექსიტმა“ შეუწყოო, თუმცა იმავდროულად პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გულის სიღრმეში კმაყოფილი დარჩა: იმიტომ, რომ ლეიბორისტულ მთავრობას ისევ ევროკავშირში დაბრუნება სურს.

ნამდვილად მეგობრულია საფრანგეთის მთავრობა დიდი ბრიტანეთის მიმართ? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ათეულ ათასობით უკანონო მიგრანტი ქვეყნიდან გავაძევოთ და ვაძევებთ კიდეც, მაგრამ საფრანგეთიდან სულ უფრო მეტი შემოდის. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა დიდ თანხებს ითხოვს, ჩვენი სამხრეთი მეზობელი კი ამ მხრივ ძალიან ცოტას აკეთებს: ვინმე გაიხსენებთ, როდის დააკავეს ფრანგებმა ბოლო ხანებში მიგრანტებით სავსე გემი, ან როდის დასაჯეს ბოლო დროს კონტრაბანდისტები, რომლებიც ხელს უწყობენ არალეგალი მიგრანტების გადაადგილებას? უფრო მეტიც – ბევრი ფრანგი ჩინოვნიკი თვლის, რომ კონტრაბანდისტები „სამშობლოსათვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ“ – საფრანგეთიდან მიგრანტებს დიდი ბრიტანეთისკენ უშვებენ.

კირ სტარმერი მხარს უჭერს პოლიტიკას „რამდენიც [მიგრანტი] მოვიდა, იმდენი წავიდა“ და მას ბრიტანული დიპლომატიის ტრიუმფად თვლის, მაგრამ სინამდვილეში არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. თუ ბრიტანეთიდან იმდენი მიგრანტი მიდის, რამდენიც შემოდის (6%) და შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის დონე იგივე დარჩება. სადაა აქ შეკავების ფაქტორი?

მუსიე ემანუელ მაკრონი მართალი იყო, როცა კირ სტარმერს საყვედურით მიანიშნა – ბრიტანეთი უკანონო მიგრანტებისათვის მიმზიდველ პოლიტიკას ატარებს, მათ სახელმწიფო მაღალ სოციალურ დახმარებას უნიშნავს, უფლებას აძლევს იმუშაონ „ჩრდილოვან ეკონომიკაში“ და ისეთი კანონმდებლობა აქვს, რომელიც დეპორტაციას ართულებს. სწორედ ამით სარგებლობენ უკანონო მიგრანტებიც. ცხადია, ეს ყველაფერი კირ სტარმერმაც კარგად იცის და ამიტომ მისი „გარიგება“ ემანუელ მაკრონთან მნიშვნელოვანწილად უაზრობას წარმოადგენს.
საფრანგეთში ემანუელ მაკრონი უკიდურესად არაპოპულარულია, ქვეყნის მმართველობა არასტაბილურია და კიდევ ერთი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამორიცხული არ არის. ეკონომიკა სატირელ მდგომარეობაშია, მოსახლეობა თავისი მომავალი ბედით შეშფოთებულია.

და მაინც ჩვენი მთავრობა სერიოზულად ეკიდება ფრანგ პრეზიდენტს და ელაქუცება ადამიანს, რომელმაც ასე აურია საქმე. ემანუელ მაკრონის საგარეოპოლიტიკური მიზანი ისაა, რომ გულწრფელად კი არ დაგვიმტკიცოს მეგობრობა, არამედ „დაგვსაჯოს“ კორუმპირებული და დისფუქციური ევროკავშირიდან გასვლის გამო. კიდევ უფრო სულელია ჩვენი კირ სტარმერი, რომელიც ემანუელ მაკრონის ანკესს წამოეგო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

2024 წელს ევროკავშირმა გაცილებით მეტი ფული რუსულ გაზზე დახარჯა, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე -ევროკომისარი იოგენსენი

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის დან იოგენსენის განცხადებით, ევროკავშირის მიერ 2024 წელს რუსულ გაზისთვის დახარჯული თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება. მისი თქმით, ეს იმის ფონზე მოხდა, როცა ევროკავშირი 2027 წლისთვის რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას აპირებს.

„2024 წელს რუსული გაზისთვის გაცილებით მეტი ფული დავხარჯეთ, ვიდრე უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება იყო. მეტი ყურადღება გვმართებს, რათა არ გავიმეოროთ დაშვებული შეცდომა და ერთი დამოკიდებულებიდან მეორეზე არ გადავერთოთ. ამიტომაც აუცილებელია ენერგომატარებლების დივერსიფიკაცია“, – განაცხადა იოგენსენმა.

“დონალდ ტრამპის იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ: როგორ შეიცვალა აშშ-ის ტონი უკრაინასთან დაკავშირებით” -Financial Times

“დონალდ ტრამპის იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ: როგორ შეიცვალა აშშ-ის ტონი უკრაინასთან დაკავშირებით” – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები არიან ქრისტოფერ მილერი, ჰენრი ფოი და მაქს სედონი. „მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს აკრიტიკებს, ეს სულაც არ ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტის „პროკიევურ“ პოზიციას. ამერიკას ჯერ არ აქვს მკვეთრად გადაწყვეტილი, რომ რუსეთს საბოლოოდ ზურგს შეაქცევს და უკრაინას დაეხმარება. დონალდ ტრამპი ძველებურად თვლის ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებაში პარტნიორად, ვოლოდიმირ ზელენსკის კი დაბრკოლებად“, – აღნიშნავენ ჟურნალისტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ კიევს დამატებით იარაღს მიაწვდის, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო დანადგარს „პეტრიოტს“ (Patriot), რამდენიმე ერთეულის სახით. ამერიკელმა ლიდერმა ღიად გააკრიტიკა თავისი რუსი კოლეგა და არაორაზროვნად მიანიშნა, რომ მზად არის მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებისათვის. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი მნიშვნელოვანი განცხადებით გამოვა უკრაინაში საომარი მოქმედებების თაობაზე, თუმცა რაიმე დეტალები და წვრილმანები არ გაუმჟღავნებია. „გულწრფელად რომ გითხრათ, პუტინი ჩვენ ბევრ სისულელეს გვეუბნება… საუბრის დროს თითქოსდა კეთილია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი ნათქვამი უაზრობაა“, – უთხრა დონალდ ტრამპმა მასმედიის წარმომადგენლებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ძალზე უკმაყოფილო ტონი პირდაპირ მომწონს იმას, თუ როგორ იცვლება თეთრი სახლის რიტორიკა. თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველ თვეებში ამერიკელი ლიდერი საომარი მოქმედებების გაგრძელებაში მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებდა, რაც ყველგან და ყოველი მხრიდან ჟღერდა – თვით თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდანაც კი.

მაგრამ, როგორც ნათქვამია, „დრონი იცვალნენ“: თებერვალში თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი ჯიუტობის გამო დონალდ ტრამპის უკმაყოფილება ბევრად გაიზარდა. იგი ახლა თავის განცხადებებში აქცენტს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აკეთებს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპის მრისხანება თავისი რუსი კოლეგის მიმართ ზოგიერთებს იმედს უნერგავს, რომ თეთრი სახლი ახლა უკვე მხარს ნამდვილად უკრაინას დაუჭერს, ასეთი პოზიტიური დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. ამგვარი რიტორიკა ჯერჯერობით კარდინალურად არ ცვლის ოფიციალური ვაშინგტონის მიდგომას კიევის მიმართ.

„რუსეთისა და პუტინისათვის ეს დარტყმას ნიშნავს: იმიტომ, რომ აშკარაა – ტრამპს მოთმინების ფიალა აევსო“, – განმარტავს მაქს ბერგმანი, ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, – თუმცა არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ აშშ უახლოეს ხანში უკრაინის ერთგულ მოკავშირედ გადაიქცევა და ყველანაირ იარაღს მიაყრის“.

ამასთან ნიუ-გემპშირელ სენატორს ჯინ შიჰანს, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მთავარი დემოკრატი წევრია, დიდი იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას სწრაფად გადასცემს აღთქმულ „პეტრიოტებს“. „ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პრეზიდენტი თავისი სიტყვის პატრონი იქნება და მისი განცხადება რეალურ და კონკრეტულ მოქმედებად გადაიქცევა“.

იმედმოცემულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც: „ჩვენ უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები მივიღეთ – თანაც ძალიან კარგი – ჩვენი მეგობრებისაგან, მათ შორის აშშ-დან და ევროპიდან“, – თქვა მან შაბათის მიმართვის დროს უკრაინელი ხალხისადმი.

უკრაინის დრონების 429-ე ავიაპოლკ „აქილევსის“ მეთაურის იური ფედორენკოს თქმით, დონალდ ტრამპის რიტორიკის შეცვლა „უკრაინის არმიისათვის პოზიტიურ და სასარგებლო როლს ასრულებს“. „ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება დაძაბულობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რაც კიევისათვის ძალიან კარგ სიტუაციას ნიშნავს“, – უთხრა მან „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპის რიტორიკამ ევროპელებში გარკვეული იმედები გააჩინა აშშ-ის საგარეოპოლიტიკური კურსის ცვლილების თაობაზე, თუმცა, როგორც ევროკავშირის ორი მაღალჩინოსანი ამბობს (ისინი ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ) „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში, ჯერჯერობით რეალურ ცვლილებებზე ლაპარაკი ადრეა. „ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დავინახეთ ის მომენტები, რომლებიც თეთრ სახლში „პროკიევური“ პოზიციის გაჩენაზე მიუთითებდეს“, – განაცხადეს მათ.

თუ ზემოთ დასახელებულ მაღალჩინოსანთა კონფიდენციალურ ნათქვამს დავუჯერებთ, უკრაინის დასავლეთევროპელი მოკავშირეებიც ძველებურად ვარაუდობენ იმას, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს თავის მთავარ პარტნიორად განიხილავს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისაკენ მიმართულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, იგი, თავის მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, ისევ ინარჩუნებს სამშვიდობო მოლაპარაკების მთავარი ხელშემშლელის არაოფიციალურ ტიტულს.

ევროჩინოვნიკებმა „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ რა თქმა უნდა, „პეტრიოტის“ სარაკეტო კომპლექსებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ისინი მშვიდობიან ქალაქებს იცავენ, მაგრამ მათი ქონა თუ არქონა არანაირ გავლენას არ ახდენს უკრაინის არმიის საომარი მოქმედების სასარგებლოდ სახმელეთო ფრონტის ხაზზე.
ატლანტიკური საბჭოს ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის რეიჩელ რიცოს კომენტარის თანახმად, „დონალდ ტრამპის ამასწინანდელი განცხადებები, ალბათ, უფრო მეტად მისი პირადი იმედგაცრუებაა ვლადიმერ პუტინის მიმართ, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკისაკენ გადახრა და უკრაინისადმი მხარდაჭერა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გარკვეულ და აშკარა წარმატებას მიაღწია დონალდ ტრამპის თვალსაზრისის შეცვლაში. ოვალურ კაბინეტში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ ბრიტანელმა პრემიერმა კირ სტარმერმა და ფრანგმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ურჩიეს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ აუცილებელი იყო მისი მიდგომების კორექტირება აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ. მათ დაარიგეს უკრაინელი ლიდერი, რომ ნებისმიერი საჯარო გამოსვლის დროს ქება-დიდება მიეძღვნა დონალდ ტრამპისათვის, კიევის მხარდაჭერის აღსანიშნავად.

ვოლოდიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღიურად უწევს საქმე ჰქონდეს აშშ-ის ადმინისტრაციასთან, სადაც საკმაოდ ღრმა სკეპტიციზმი არსებობს კიევისადმი დახმარების გაწევის საკითხში. ამერიკელი ოფიციალური პირების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ვაშინგტონმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს არა ევროპის, არამედ აზიის ქვეყნებთან პარტნიორობას. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა საერთოდ უარი უნდა განაცხადოს რუსეთ-უკრაინის ომში რაიმე სახით ჩარევაზე.

ჯინ შაჰინი კი კატეგორიულია: „ამჟამად ჩვენ ვხედავთ დღევანდელი ადმინისტრაციის არათანამიმდევრულობას უკრაინის საკითხებისადმი მიდგომაში. ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, არის ის, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ომი და გავაგრძელოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე“. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მართლაც აგრძელებს რუსეთისადმი ზეწოლას, მათ შორის დიპლომატიურადაც – სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტის დროს მალაიზიაში შეხვდა, თუმცა უშედეგოდ – რაიმე არსებითი „გარღვევა“ არ მომხდარა. რუსმა მინისტრმა დაადასტურა პოზიცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ არის ჩამოყალიბებული.

„დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მომენტიდან ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება მხოლოდ საკუთარი პირობებით აინტერესებს. კრემლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ომში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი, აშშ-ის კარნეგის ფონდის ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში, – „ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან გარიგების დადებას აზრი არ აქვს, რადგან დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისედაც სუსტდება. ვნახოთ, როგორ იქნება სიტუაცია ბრძოლის ველზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა

კერძო სექტორში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად, თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თიბისის, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის, მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და იყოს გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.

ამისათვის, თიბისი წლებია ქმნის მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ზრუნავს თავისი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე.

თანამშრომლობა თიბისისა და  UNFPA-ის საქართველოს ოფისს შორის გაზრდის შესაძლებლობებს, გააღმაოს და განამტკიცოს:

  • ოჯახზე ორიენტირებული სამუშაო პრაქტიკის დანერგვა;
  • გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ოჯახური პოლიტიკის ხელშეწყობა;
  • თანასწორი მშობლობა და შვილების ერთობლივი აღზრდის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდებში ციფრული უსაფრთხოების ხელშეწყობა;
  • ყველა ასაკობრივ ჯგუფში ქალებისა და გოგონების გაძლიერება.

თიბისის მდგრადი განვითარებისთვის – ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორის ყოლა როგორიცაა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, ყველა მშობიარობა უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდა ადამიანის პოტენციალი – სრულად რეალიზებული. ამის მისაღწევად კი, UNFPA საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, მხარს უჭერს ოჯახზე მორგებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, რომელსაც სარგებელი მოაქვს, როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლებისათვის.

მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა – როგორც ეროვნულ დონეზე, ისე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული – მძლავრი იარაღია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების დასაძლევად და ოჯახზე ზრუნვისა და აუნაზღაურებადი შრომის გადანაწილებისთვის, რაც როგორც ქალებს, ასევე კაცებს, საკუთარი კარიერული და რეპროდუქციული მისწრაფებების რეალიზების საშუალებას აძლევს.

(R)