Home Blog Page 2

,,ხდება თარიღებით მანიპულირება თითქოს 31 აგვისტოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დადგება, რაც ტყუილია”- ლევან მახაშვილი

ჩემი მოლოდინია, რომ კომისიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, არა მთლიანად ევროკავშირმა, გააკეთოს მანიპულაციური განცხადებები, რომ ისინი აპირებენ შეწყვეტას ვიზალიბერალიზაციის. დადგება 20 ოქტომბერი და მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მაგრამ მუნიციპალური არჩევნებისთვის ეს უკვე საკმარისია. ალიაქოთის შექმნა იქნება უკვე საკმარისი და სწორედ ამაზეა რეალური გათვლა, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, ხდება თარიღებით მანიპულირება თითქოს 31 აგვისტოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დადგება, რაც ტყუილია და უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქაოსის შექმნას.

„რადიკალურ ოპოზიციას ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომების გამო მოსახლეობაში პრაქტიკულად აღარ აქვს ნდობა. აღარ არსებობს საკითხი, რის გამოც მოსახლეობა შეიძლება მათ დაძახილზე გამოვიდეს პარლამენტის წინ და რაიმე საკითხი გააპროტესტოს. ჩათვალეს, როგორც ჩანს, რომ ეს არის ის ერთადერთი საკითხი, ის ემოციური თემა, რაც შეიძლება გამოიყენონ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ იყენებენ ამ საკითხს.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, არაფერი არ წყდება 31 აგვისტოს. 31 აგვისტო მოვა, 1-ლი სექტემბერიც დადგება და ქვეყანა ჩვეულებრივ გააგრძელებს განვითარებას. შემდგომი უახლოესი საკითხი ინსტიტუციურად, როდესაც შეიძლება პოტენციურად ამ საკითხის განხილვა მოხდეს, ეს არის ოქტომბრის მეორე ნახევარი. 20 ოქტომბრის კვირაში დაახლოებით. 20 ოქტომბრამდე არანაირი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიიღება. მაგრამ ჩემი მოლოდინი არის, რომ თუ დაინახეს, რომ ეს არის მართლა ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება მუნიციპალურ არჩევნებზე მოსახლეობამ გააპროტესტოს ჩემი მოლოდინია, რომ კომისიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა და ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, არა მთლიანად ევროკავშირმა, გააკეთოს მანიპულაციური განცხადებები, რომ ისინი აპირებენ შეწყვეტას ვიზალიბერალიზაციის. თუმცა დადგება 20 ოქტომბერი და მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მაგრამ მუნიციპალური არჩევნებისთვის ეს უკვე საკმარისია. ალიაქოთის შექმნა იქნება უკვე საკმარისი და სწორედ ამაზეა რეალური გათვლა, რომ იქნებ მაქსიმალურად დაძაბონ საკითხი მუნიციპალურ არჩევნებამდე. თუმცა კიდევ ერთხელ, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ ობიექტურ შეფასებას თუ გავყვებით საქართველო არა თუ რაიმე კითხვის ნიშანს არ აჩენს, არამედ არსებული უვიზო მიმოსვლის არსებულ ქვეყნებს შორის არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც მტკიცედ იცავს ვიზალიბერალიზაციის სტანდარტებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

26 ივლისიდან აღმოსავლეთ საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით არის განპირობებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“26 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში, შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge “რეკომენდაციების” ველში,” – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6974 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6974 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1398 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1536 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.

ღრმად მრწამს, რომ „ლელოსა“ და გახარიას პარტიაში ძალიან ნანობენ, რომ პარლამენტში მანდატები არ გამოიყენეს – მაია ბითაძე

ეს ადამიანები “სახლობანას” თამაშობენ,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას გამოეხმაურა.

როგორც ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ეს არის უპრინციპო, არასერიოზული ადამიანების ერთობა”.

“ღრმად მრწამს, ისინი ძალიან ნანობენ, რომ საქართველოს პარლამენტში არ გამოიყენეს ის მანდატები, რომელიც ამომრჩეველმა მათ მიანიჭა, რაზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს. პრაქტიკულად, ვხედავთ, რომ 2-3 თვეში ერთხელ ცვლიან მიდგომებს, ახლა თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით გარკვეულ პროგრესს მიიღებენ, თუნდაც ამომრჩეველთან მიმართებით. ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ეს არის უპრინციპო, არასერიოზული ადამიანების ერთობა, რომლებიც გარდა იმისა, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ „აბულინგებდნენ“ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, ახლა მათი ერთი ფლანგი აპირებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და საკრებულოებში წარმოდგენილი იყვნენ, ხოლო მეორე ნაწილი გაურკვეველია, რა აქციებს აანონსებს. საქართველოს მოსახლეობა უკვე ვეღარ არჩევს, ვინ ერთიანდება, ვინ იშლება, ვინ ვის ლანძღავს, ვინ აპირებს საკრებულოში შესვლას და ვის გული წყდება პარლამენტში არშესვლაზე. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ე.წ. პოლიტიკოსი, რომლებიც ამ ვითომ ე.წ. პარტიების რიგებში იყვნენ, დღეს საერთოდ აღარ იძებნებიან. ყველაფერი კარგად არის! ეს ადამიანები კვლავ მწარედ დამარცხდებიან“, – განაცხადა ბითაძემ.

ლიეტუვის ახალი პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინენე გახდა

ლიეტუვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი ინგა რუგინენე დაამტკიცა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

რუგინენეს ხმა 78 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ 35 პარლამენტარი წავიდა, ხოლო 14-მა თავი შეიკავა. ფორმალურად რუგინენე პრემიერის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მისი დანიშვნის შესახებ განკარგულებას გამოსცემს და ის პარლამენტში ფიცს დადებს.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 31 ივლისს სკანდალის ფონზე მთავრობის წინა თავმჯდომარე გინტაუტას პალუცკასი გადადგა.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ლიეტუველმა ჟურნალისტებმა არაერთი გამოძიება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ პალუცკასს წარსულში არაკეთილსინდისიერი გარიგებები და საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა. ამის ფონზე ლიეტუვის პრეზიდენტმა მას ორკვირიანი ვადა მისცა. მას ან უნდა გაექარწყლებინა ბრალდებები, ან გადამდგარიყო. პალუცკასი გადადგა.

“პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია”-“ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian

„ვუდი ალენმა ნეგატიურად შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მისი მონაწილეობა მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულში „რუსეთის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების გათეთრებას“ წარმოადგენს“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე: „პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია“ (ავტორი – ენდრიუ პულვერი), რომელშიც განხილულია ამერიკელი რეჟისორის ვუდი ალენის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ და მასთან დაკავშირებული მომენტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ცნობილია, ამ დღეებში ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა ვუდი ალენმა მონაწილეობა მიიღო (ვიდეოჩართვით) მოსკოვში 24 აგვისტოს დაწყებულ საერთაშორისო კინოკვირეულში თემაზე „მსოფლიო კინემატოგრაფიის ლეგენდები“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეგატიურად შეაფასა ჰოლივუდელი 89 წლის რეჟისორის მონაწილეობა მოსკოვურ კინოფორუმში მისი მოქმედება სამარცხვინო ქცევად ჩათვალა. „ეს არის სირცხვილი და იმ უკრაინელი მსახიობებისა და კინემატოგრაფისტების ხსოვნის შეურაცხყოფა, რომლებიც რუსი სამხედრო დამნაშავეების ხელით დაიღუპნენ, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ვუდი ალენი შეგნებულად თვალს ხუჭავს რუსეთის მხეცობებზე, რომელსაც კრემლი უკრაინაში ყოველდღიურად აწყობს ბოლო 11 წლის განმავლობაში. კულტურა არასოდეს არ უნდა გამოიყენებოდეს დანაშაულის გამამართლებლად ან პროპაგანდის ინსტრუმენტად, ვუდი ალენმა კი მოსკოვის სისხლიანი კინოფესტივალი თავისი მონაწილეობით გაათეთრა“, – აცხადებს უკრაინის დიპლომატიური უწყება.

ვუდი ალენი „გარდიან“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში [გარკვეულწილად] არ დაეთანხმა უკრაინის საგარეოპოლიტიკური უწყების მწვავე შეფასებას: „როცა საკითხი უკრაინის კონფლიქტს ეხება, მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პუტინი აბსოლუტურად არასწორად მოქმედებს. ომი, რომელიც მან გააჩაღა, საშინელებაა. მაგრამ მე ასევე მტკიცედ მწამს, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ პოლიტიკოსები, შემოქმედებაზე ლაპარაკის შეწყვეტა არ არის კარგი საშუალება დაეხმაროს [მშვიდობის დამყარებას]“.

ვუდი ალენმა კვირას იმ საუბარში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც კინოკვირეულის ჩარჩოებში რუსი რეჟისორი ფედორ ბონდარჩუკი უძღვებოდა. როგორც ცნობილია, ფედორ ბონდარჩუკი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ თანამოაზრეს წარმოადგენს და გადაღებული აქვს რიგი პატრიოტული კინოსურათები, მათ შორის ფილმი-ეპოპეა „სტალინგრადი“ და სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „მიზიდულობა“.

რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვუდი ალენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს გეგმები რუსეთში ფილმის გადაიღოს, მაგრამ მან იქვე აღნიშნა, რომ „მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართ კეთილი დამოკიდებულება აქვს“. ამერიკელმა რეჟისორმა ასევე თქვა, რომ იგი აღტაცებულია რუსული კინემატოგრაფით, განსაკუთრებით მან გამოარჩია ფედორ ბონდარჩუკის მამის – სერგეი ბონდარჩუკის მიერ გადაღებული ფილმი „ომი და მშვიდობა“, რომელმაც 1969 წელს „ოსკარის“ პრემია მიიღო, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.

ვუდი ალენის მიერ ბოლო წლებში გადაღებული ფილმებია „რიფკინის ფესტივალი“ (2020 წელს) ესპანეთში და „სახელმწიფო გადატრიალება“ (2023 წელს) საფრანგეთში. ისევე როგორც სხვა რიგმა ცნობილმა რეჟისორებმა, ვუდი ალენმაც თავიდან ვერ აიცილა სკანდალები (მაგალითად, „ამაზონთან“ – კინოფილმების დისტრიბუციასთან დაკავშირებით, 2019 წელს, აგრეთვე სექსუალური ბრალდებები, რომელიც ორი გამოძიების შედეგად მოეხსნა, 2014 წელს).

2024 წელს ვუდი ალენმა ივარაუდა, რომ ორიოდე წელიწადში რეჟისორობას თავს დაანებებდა: „კინოწარმოების მთელი რომანტიკა წარსულში დარჩა“, – განაცხადა მან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ვიზალიბერალიზაციის თემა არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვთ ხელში – კახა კალაძე

ვიზალიბერალიზაციის თემა არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აქვთ ხელში. მანამდე იყო კანდიდატის სტატუსი, რევოლუციის მოწყობა სცადეს, არაფერი გამოუვიდათ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებას ეხებოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის მოთხოვნები და მესიჯები, რაც იქნა გაჟღერებული, რომ საქართველომ ეს და ეს უნდა გააკეთოს, არაფერ კავშირში არაა ვიზალიბერალიზაციასა და იმ პროცესებთან, რომელიც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, უამრავი ასეთი შემთხვევა გვახსოვს. ზოგადად ევროკავშირი იმ სიკეთეებს, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციის პროცესთან ბოლო თვეების განმავლობაში იყენებს ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად. როცა მათი განცხადებები, რეზოლუციები გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან, ევროპულ მომავალთან და ევროინტეგრაციის პროცესთან. ეს არის სუფთა პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური პროცესი, რომელიც გაჯერებულია ტყუილითა და ცილისწამებით. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ზოგიერთ გაზულუქებულ ევროპელ ბიუროკრატს, რომელთა მესიჯები აბსოლუტურად ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული. ეს არის ბოლო იარაღი, რომელიც ევროპელ ბიუროკრატებს აქვთ ხელში საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ მანამდე იყო კანდიდატის სტატუსი, არაფერი გამოუვიდათ. რევოლუციის მოწყობა სცადეს, რეალურად არაფერი გამოუვიდათ. მარტივი მესიჯი ჰქონდათ, ახლაც იმავეს იმეორებენ: „ჩვენ რა შუაში ვართ, აგერ საქართველოს ხელისუფლებას მოჰკითხეთ“. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ საერთოდ ის მოთხოვნები და მესიჯები, რაც იქნა გაჟღერებული, რომ საქართველომ ეს და ეს უნდა გააკეთოს, არაფერ კავშირში არაა ვიზალიბერალიზაციასა და იმ პროცესებთან, რომელიც ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური მოტივებით გაჟღერებული განცხადებები, რომელიც არის უსამართლო, ცილისმწამებლური და, რა თქმა უნდა, გაჯერებულია ტყუილებით. ეს არის დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია. ბოლო იარაღი რაც დარჩათ, ეს არის ვიზალიბერალიზაციის თემა. ამით მიდის შანტაჟი დღესაც. საერთოდ რა კავშირშია ის კანონები ვიზალიბერალიზაციის პროცესთან, რომელიც მიღებულია?! აქაც ორმაგი დამოკიდებულებაა. თვითონ იღებენ ასეთ კანონებს, თავიანთ ქვეყნებში მოქმედებს და თურმე საქართველოში არ შეიძლება. როგორ შეიძლება ქართულმა სახელმწიფომ ან თუნდაც ქართველმა ხალხმა იცოდეს საიდან შემოდის თანხები, შავი ფული, რომლითაც ფინანსდება პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები, სახელმწიფო გადატრიალება?! თურმე ეს არ უნდა ვიცოდეთ და დანაშაულია. წარმოგიდგენიათ? ეს ნორმალური დამოკიდებულებაა?“- განაცხადა კალაძემ.

„ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელთა განხორციელება მგზავრების მომსახურების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და გავაკეთეთ განმარტებები, რომ რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის უნდა იყოს დასრულებული. მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რაც ჩატარდა. ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით. ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო, რათა იმ კონსტრუქციამ, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში უნდა დაეკიდოს, წლებს გაუძლოს. პროექტი ვერ განხორციელდებოდა მაშინ, როდესაც მეტრო მგზავრებს ემსახურება, ამიტომ დროებით მოგვიწია მეტროს ფუნქციონირების შეჩერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ტრამპმა პუტინი უკრაინის მიმართ აგრესიისათვის არ უნდა დააჯილდოვოს” -Financial Times

„ტრამპმა პუტინი უკრაინის მიმართ აგრესიისათვის არ უნდა დააჯილდოვოს“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია მაიკ პომპეო, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი. პუბლიკაციაში იგი ეხება რუსეთ-უკრაინის ომის ზავით დასრულების შესაძლებლობებს და დონალდ ტრამპის სამშვიდობო მცდელობებს.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

თუ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მისი არმიის მიერ უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიებს შეინარჩუნებს, ეს იქნება სიგნალი მსოფლიოს ნებისმიერი დიქტატორისათვის, რომ მეზობელი ქვეყნის მიწა-წყლის ძალადობით ხელში ჩაგდება შეიძლება გამართლდეს.

რასაკვირველია, უკრაინაში მშვიდობის დამყარება ორივე დაპირისპირებული მხრიდან – როგორც მოსკოვისაგან, ისე კიევისაგან – ურთულეს და მძიმე კომპრომისებს მოითხოვს, მაგრამ ამ კომპრომისებსაც თავისი ფარგლები აქვს: ტერიტორიული საკითხები „წითელ ხაზად“ ითვლება.

უკრაინას არავინ არ უნდა დააძალოს, რომ მან რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიები აღიაროს – იმ ტერიტორიებისა, რომლებიც კრემლის არმიამ უკანონოდ დაიპყრო და მიიტაცა. ასეთი აღიარება დაუშვებელია, რადგან ის შეიძლება პრეცედენტად იქცეს რუსეთის პოზიციის ლეგიტიმიზებისათვის და მას დიდ სამხედრო და პროპაგანდისტულ გამარჯვებას მოუტანს.

რუსეთისადმი ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნებს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს – ისეთებს, როგორიც, მაგალითად, დღეს მოლდოვაა, სერიოზული საფუძველი ექნებათ იფიქრონ, რომ უკრაინის შემდეგ კრემლის დაპყრობების სიაში ისინი იქნებიან.

თუ აშშ მხარს დაუჭერს რუსეთის დაპყრობით პოლიტიკას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამით ჩინეთის ხელმძღვანელს სი ძინ პინს ხონჩით მივართმევთ თანხმობას ტაივანზე შეჭრასა და კუნძულის დაპყრობაზე.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები, მოლაპარაკებაში შუამავლობის დროს, ხელს შეუწყობს ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას, დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს კი ვერ დაასრულებს, არამედ გარანტიას მიმცემი იქნება მომდევნო ომის დასაწყებად.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

27 აგვისტოს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 28-29 აგვისტოს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქ. თბილისში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხელისუფლება ვერ ჩამოაქციეს, სახელმწიფო ინტერესებს ბოლომდე ვიცავთ და ამ პროცესში შანტაჟის ერთ-ერთი იარაღია უვიზო მიმოსვლა -ირაკლი ზარქუა

ხელისუფლება ვერ ჩამოაქციეს, სახელმწიფო ინტერესებს ბოლომდე ვიცავთ. ამ პროცესში შანტაჟის ერთ-ერთი იარაღია უვიზო მიმოსვლა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ახლაც იგივე გრძელდება, რაც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო.

„გვეუბნებოდნენ, კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთო და დაგვიანებით, ერთი წლის შემდეგ მოგვცეს. შემდეგ დაიწყეს საუბარი, შეგიზღუდავთ უვიზო მიმოსვლასო, რასაც დამსახურებულად მივაღწიეთ. ახლაც იგივე გრძელდება. ვინაიდან ქვეყანა ვერ არიეს და ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ახლა ახალი შანტაჟი დაიწყეს – თურმე აგვისტოს ბოლომდე ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, შეიძლება, შეზღუდვა იყოს. რა არის ეს ნაბიჯები? თურმე გამჭვირვალობა უნდა გავაუქმოთ, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ვნახეთ, რა სიგიჟეებს ჩადიოდნენ; მეორეა, ოჯახური ღირებულებების კანონი. ოპოზიციას მივმართავ – თანახმა არიან, რომ გეებს საშუალება მისცენ, შვილები აიყვანონ? სქესის გადაკეთება იყოს დაშვებული? გეებს ქორწინების საშუალება ჰქონდეთ? სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს? თანახმა თუ არიან, გამოვიდნენ და ეს თქვან. მოსახლეობა ამბობს, არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხიოთ. რანაირად აკავშირებენ უვიზო მიმოსვლას და ოჯახური ღირებულებების კანონს ერთმანეთთან? რა ბმაშია? ევროკომისიის კვლევაში კარგი მთავრობის თაობაზე საქართველო საუკეთესოებს შორის იყო, მათ შორის, ევროკავშირისა და ნატო-ს რამდენიმე ქვეყანას უსწრებს. რაღა უნდათ ჩვენთან? უნდათ, ის დამართონ საქართველოს, რაც საბერძნეთს დამართეს. უძველესი ქვეყანა აიძულეს, რომ უბედურებისთვის ხელი მოეწერა. საბერძნეთში გეიქორწინება არის დაშვებული. ამას ითხოვენ საქართველოსგან, უდიდესი ისტორიის მქონე, მართლმადიდებლური სახელმწიფოსგან. არ დავთმობთ, ბოლომდე ვიომებთ, რადგან ჩვენს ინტერესებშია მართლმადიდებლობის გაძლიერება და შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს -საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში საქართველოს სამი მილიონ 657 ათასი მოქალაქე ცხოვრობს

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ მოკლე ინფორმაცია აღწერის შედეგების დამუშავების მიმდინარეობის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 2024 წლის 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია“, – აღნიშნულია განმარტებაში.

როგორც საქსტატში აცხადებენ, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღწერის ფარგლებში მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი, ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბერი – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი.

„აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავდა აგრეგირებულ ინფორმაციას მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების საფუძველზე“, – აღნიშნავენ საქსტატში.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ სამი მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც ორი მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო ერთი მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის მოსახლეობის რიცხოვნობიდან, სულ მცირე, 93,4 პროცენტი (სამი მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არაუმეტეს 6,6 პროცენტს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ. აღწერის დეტალური, ანუ საბოლოო შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

„საქსტატი გამოხატავს მზადყოფნას, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.