გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუ“-ში (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს „ქუჩის პრეზიდენტი“, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გაბედულად იცავს“ (ავტორი – შტეფან შოლი). პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოს სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პორტრეტი.
გთავაზობთ სტატიას:
პრეზიდენტი ხანდაზმული ქალია და ძნელია იმის თქმა, თუ როგორ იღიმება – სამხრეთკავკასიურად თუ სამხრეთფრანგულად. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, იგი სრულიად ევროპელ ქალად გამოიყურება და როცა არ იღიმება, მის ტუჩებზე პომადა ნაჩქარევად წასმულს ჰგავს. სალომე ზურაბიშვილს ფრანგული და ქართული რეზიუმე აქვს. მისი ქართული ბიოგრაფია კინემატოგრაფიული სახით გამოირჩევა: „26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, ხმის მიცემის შედეგები მასობრივად გაყალბდა“, – ამბობს იგი თავის ინტერვიუებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. შესაბამისად გამოდის, რომ თუ არჩევნები გაყალბებულია, მაშინ პარლამენტიც ყალბია და ის მთავრობაც, რომელიც ყალბმა პარლამენტმა დაამტკიცა. ასევე ყალბია და არალეგიტიმური პრეზიდენტიც, რომელიც ყალბმა პარლამენტმა 14 დეკემბერს აირჩია: „მოკლედ, სიყალბის სერიალის მოწმენი ვართ“.
ერთადერთი ლეგიტიმური…
72 წლის პრეზიდენტის მიერ ქართულად, ფრანგულად თუ ინგლისურად ნათქვამი ფრაზების აზრი ერთმნიშვნელოვანია: ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ოფიციალური სტრუქტურები არალეგიტიმურია და მხოლოდ ის – პრეზიდენტი – რჩება დღეისათვის ერთადერთ კანონიერ ინსტანციად და მანამდე დარჩება, სანამ ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად აპროტესტებს მმართველი პარტიის მიერ ჩადენილ უკანონობას, არ გაიმარჯვებს. მოსახლეობა არაფერს ანტიკონსტიტუციურს არ ითხოვს – საპროტესტო აქციის მონაწილეებს სურთ მხოლოდ ახალი არჩევნები და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება.
სალომე ზურაბიშვილი არ არის სახალხო ტრიბუნი, მისი ქარიზმა მაინცდამაინც ბრწყინვალე არ არის, მაგრამ, ალბათ, სწორედ ამიტომ გადაიქცა პარიზული დიპლომატიური კარიერის მქონე ქალბატონი თბილისის ქუჩებში მიმდინარე სამკვირიანი პროტესტების სიმბოლოდ.
მოპირდაპირე მხარე – მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ – სალომე ზურაბიშვილს დღეს „უცხოეთის აგენტს“ უწოდებს. არადა, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მასობრივად მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან დაწყებული, თვითონ „ქართული ოცნება“ ისწრაფვოდა ევროკავშირისაკენ და ისე ჩანდა, რომ სწორედ დიპლომატი-პოლიგლოტი, ქალი ფრანგული წარსულით, ყველაზე უკეთეს ფიგურას წარმოადგენდა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ოჯახში გაზრდილი სალომე ზურაბიშვილმა განათლება ელიტურ უმაღლეს სასწავლებელებში მიიღო – პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, მუშაობდა ფრანგული დიპლომატიურ უწყების სტრუქტურებში – გაეროში, ევროკავშირში, ნატოში და სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ საფრანგეთის საელჩოებში.
2003 წელს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში, ერთი წლის შემდეგ კი ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა-რეფორმატორმა მიხეილ სააკაშვილმა იგი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ესეც ერთგვარ კინოსერიალს ჰგავდა, მით უმეტეს, რომ სააკაშვილმა როგორც დანიშნა, მალე ისევე გაათავისუფლა მინისტრობიდან 2005 წელს – პრეზიდენტის ამბიციურ გუნდთან გაჩენილი უთანხმოებისათვის, რომელსაც იგი არცთუ უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა ქვეყანაში კლანური დიქტატურის დამყარების გამო. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში გადავიდა.
როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების „უშიშროების ძალებმა“ 2008 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქცია დაარბიეს, სალომე ზურაბიშვილმა პირადად მიმართა აშშ-ის ელჩს და მმართველო რეჟიმი არადემოკრატიულობაში ამხილა, მოგვიანებით კი მან თავის წიგნში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება „დემოკრატიის პაროდიად“ შეაფასა. 2016 წელს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში „დამოუკიდებელი დეპუტატის“ სტატუსით იქნა არჩეული, თუმცა „ქართული ოცნების“ ძლიერი მხარდაჭერით.
ვეტო „უცხოური აგენტის“ კანონზე
როცა მმართველმა პარტიამ 2023 წლიდან, კრემლის ლოზუნგების მსგავსი რიტორიკით და ნაბიჯებით, ევროკავშირის გზიდან შესამჩნევად გადაუხვია, სალომე ზურაბიშვილმა [ისევე როგორც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილთან], მმართველ „ქართულ ოცნებასთან“ პარტნიორობა დაასრულა. მან მკვეთრად გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული პრორუსული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“. სამაგიეროდ, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობით სარგებლობდა, მისი იმპიჩმენტი წამოიწყო, მაგრამ წარუმატებლად. თუმცა ასეთივე წარუმატებელი გამოდგა სალომე ზურაბიშვილის ვეტოც აღნიშნული კანონის მიმართ – პარლამენტმა მისი ვეტო გადალახა და კანონი ძალაში შევიდა. მოკლედ, პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის მტრობა ოფიციალური გახდა.
ქუჩის საპროტესტო აქციების მონაწილეები დღეს სალომე ზურაბიშვილს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც 2013 წელს თანამდებობიდან წასული მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი რეპრესიების მიუხედავად, მაინც დღემდე „მიშასადმი“ ერთგულებას ინარჩუნებენ.
ამჟამად საპროტესტო აქციები ლიდერთა ხელმძღვანელობის, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის გარეშე ტარდება. როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, დღეს სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად ითვლება საერთაშორისო არენაზე. მისი მოქმედება ეფექტურია: დეკემბრის დასაწყისში იგი პარიზში დონალდ ტრამპს შეხვდა, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, რომლის პოზიციას საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის მმართველი პარტიისთვისაც.
სალომ ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტშიც, სადაც მან ევროკავშირი საქართველოს [უკანონო] ხელისუფლების მიმართ უმოქმედობაში გააკრიტიკა.
თბილისში ვარაუდობენ, რომ ქუჩის აქციები გადაწყვეტ პიკს 29 დეკემბერს მიარწევს, როცა „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი თანამდებობრივ უფლებამოსილებას მიიღებს. ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლა მოუწევს. მოსახლეობას მისი დაცვა სავსებით შეუძლია, თუმცა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, მას არ აქვს განზრახული რაიმე წინააღმდეგობის გაწევა: „მე არცერთ შენობაზე მიბმული არ ვარ, თუმცა არასად არ გავრბივარ… მე დღეს ჩემს ქვეყანაში ვარ, ჩემს ხალხთან და მათი მხარდაჭერა მჭირდება“. ის, რომ იგი შეიძლება საპყრობილეში აღმოჩნდეს, მისთვის ეს პრობლემა არ არის.
წყარო