Home Blog Page 2

,,სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი” – ილია მეორე

გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც ილია მეორე მისალოც ტექსტში აღნიშნავს, სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.

„34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და, ასევე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, –  ნათქვამია ილია მეორეს მისალოც ტექსტში.

რა ეღირება დოლარი და ევრო პირველ აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7648 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7648 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7673 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9890 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9818 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.

მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მარინ ლე პენის გასამართლებას ეხმიანება და წერს, რომ არ უნდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა მისი თქმით, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში.

,,მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა“, – წერს პაპუაშვილი.

მთავრობის გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რომ მაქსიმალურად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პროგნოზით, 2025 წელი შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დასრულდეს. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ – თებერვალში საკმაოდ მაღალი, 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს წელიც საკმაოდ დინამიურად წარიმართება.

„ჩვენ ეკონომიკური ზრდა 6%-ზე გვაქვს დაგეგმილი, თუმცა, მიმდინარე წლის ორ თვეში საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ შესაძლოა, ეს წელი დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით დავამთავროთ. რა თქმა უნდა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რომ მაქსიმალურად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და ამავე დროს, ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურიც იყოს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელი 11.1%, ხოლო თებერვალში 7.7% დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვის ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა აქტივობის ზრდამ არაერთ სექტორში. ამასთან, თებერვალში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 5,954 შეადგინა.

„წელს პირველ თვეში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თებერვალშიც საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა, მიუხედავად საბაზისო მაჩვენებლისა. ასე რომ, ჩვენი მოლოდინით მიმდინარე წელი საკმაოდ დინამიური უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს, რომლებიც წელს უნდა განხორციელდეს, 2025 წელს უნდა მოხდეს ძალიან ბევრი საინვესტიციო გადაწყვეტილების რეალიზებაც. ასევე წელს გვაქვს ძალიან ბევრი ინიციატივა, მათ შორის ეკონომიკური ინიციატივები, რომლებიც მიმდინარეობს და თავის შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

არავის არ უთქვამს გამეკეთებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ – 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე

ესე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ გამეკეთებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის არ უთქვია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე ან გმირად წარმოვაჩინო თავი. ხალხმა თავს თვითონ უშველა, თვითონ დააღწია ხალხმა თავი, – განაცხადა 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი კაპანაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.

როგორც მან აღნიშნა, 8 აგვისტოს აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები და თავად უთხრა მოსახლეობას, რომ გადაერჩინათ თავი და წასულიყვნენ, ხოლო 9 აგვისტოს სკოლის ავტობუსით გაიყვანა მოხუცები. მისივე თქმით, პოლიციის უფროსმა ვანო დათაშვილმა უარი უთხრა ხალხის გაყვანაზე, რადგან არ ჰქონდა ბრძანება მიღებული, მაგრამ კაპანაძემ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მოახსნევინა ბლოკპოსტები.

„რა თქმა უნდა წინა დღეებში ვფიქრობდი, რომ საით გამეყვანა ხევებით, როგორღაც, რომ არ გამოჩენილიყო ღამის საათებში, მაგრამ დერეფანი მოგვცეს და გამოვიყვანეთ. ხოლო მეორე დღეს უკვე 8-ში, ჯარი რომ წამოვიდა და აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები, სადღაც 7 საათზე აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები ჩვენთან, მოსახლეობას ვუთხარი, რომ თავს უშველეთ მეთქი, ვისაც რა საშუალება გაქვთ წადით იქ, უკვე დარჩენილ მოსახლეობას. იქ იყო რა თქმა უნდა ქალები, იყვნენ კაცები, რომლებსაც თავიდან ავუკრძალე რომ არ უნდა გამოსულიყვნენ, მაგრამ მერე ვუთხარი გაერიდეთ და წადით მეთქი და მივედი, პოლიციის უფროსი იყო მაშინ ვანო დათაშვილი და ვუთხარი, რომ ყველა ბლოკპოსტი მოეხსნა სოფელ ნულიდან და ავნევიდან და გამოეყვანა თავისი ხალხი. მითხრა, რომ ბრძანება არ მიმიღიაო და ვერ გავაკეთებო. მე ვუთხარი, რომ დამაბრალე მე, პირველ რიგში დაგხოცავენ ფორმიანებს, არცერთს არ დაგინდობენ, ყველას დაგხვრეტენ და გადით დატოვეთ, იმიტომ, რომ იქ აღარავინ აღარ იყო, მოხუცები იყვნენ. რა თქმა უნდა დამიჯერეს, წამოვიდნენ. მე დავრჩი და 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დავაყენე სასკოლო ავტობუსი და ვინც მსურველი იყო მოხუცი გამოვიყვანეთ და ქარელში ჩამოვიყვანეთ. ორივე სოფელში დაახლოებით 50 მოხუცი დარჩა, ნულში და ავნევში, არ გამოგვყვნენ. რატომღაც ეგონათ, რომ დაინდობდნენ, მაგრამ უკვე ჩვენი გამოსვლის მერე, იმათ შემოსვლა დაიწყეს 11 რიცხვში, დაიწყეს ძარცვა და პირუტყვის წართმევა და ბევრი მაშინ დაიხოცა. გამოყვანის დროს არცერთი ადამიანი არ დამეღუპა“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ჯეი დი ვენსის ავისმომასწავებელი ვოიაჟი გრენლანდიაში – რას წერს BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯეი დი ვენსის ავისმომასწავებელი ვოიაჟი გრენლანდიაში“ (ავტორი – ენდრიუ ჰარდინგი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ყოფნა არქტიკულ კუნძულზე. აშშ-ის დელეგაცია გრენლანდიაში დანიის მთავრობის ნებართვის გარეშე ჩავიდა.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

პარასკევს, გვიან საღამოს, გრენლანდიის ავტონომიის დედაქალაქი ნუუკი უჩვეულოდ ელვარე ჩრდილოეთის ციალმა გაანათა – თითქოსდა ცაში მომწვანო ნათების მქონე ფარდა იყო დაკიდებული.

ჩრდილოეთის ციალი (ნათება) არქტიკაში, სადაც გრენლანდია მდებარეობს, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ უჩვეულო ის იყო, რომ მისი მკვეთრი ნათება კუნძულზე მომხდარ ასევე მკვეთრ პოლიტიკურ მოვლენას დაემთხვა, რომელმაც მთელი სიმწვავით გამოავლინა ყინულებით შებოჭილი გრენლანდიის პრობლემები და იმედები.

ამ დღეს სიმდიდრეს დახარბებულმა უცხო სახელმწიფომ მსოფლიოს ყველაზე დიდ კუნძულზე დელეგაცია მისი მფლობელის ოფიციალური ნებართვის გარეშე გაგზავნა, თანაც ძალზე არასასიამოვნო განზრახვით.

აშშ-ის ვიცე-პრეზდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი, თავისი ხანმოკლე ვიზიტის დროს ამერიკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ალბათ, შეეცადა დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადება შეერბილებინა გრენლანდიის – დანიის კუთვნილი ავტონომიური ტერიტორიის – ანექსირების თაობაზე. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ოდესმე სამხედრო ძალის გამოყენება დაგვჭირდება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა, რომელიც ხაზგასმული სიმშვიდით ცდილობდა დარწმუნებინა გრენლანდიელები და დანიელები.

მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის გზავნილის საერთო ხასიათი მკაცრი და შემაშინებელი დარჩა: მსოფლიო, კლიმატი და არქტიკის რეგიონი გრენლანდიისათვის ძალიან იცვლება; კუნძულის მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს და თვალი უნდა გაუსწოროს იმ მუქარა-საფრთხეებს, რომლებსაც ჩინეთს არქტიკული გეგმები ითვალისწინებს; უსაფრთხოების სფეროში არსებულმა ძველმა დასავლურმა პარტნიორობამ საკუთარი თავი ამოწურა; თავდაცვისა და საკუთარი სიმდიდრის – სასარგებლო წიაღისეულის დაცვის ერთადერთი მეთოდი ის არის, რომ გრენლანდიელებმა უარი უნდა თქვან თავიანთი ძუნწი და სუსტი დანიელი მბრძანებლისაგან (მეფისგან) და მფარველობისათვის მძლავრკუნთიან ამერიკას მიმართოს.

„ჩვენ გონს უნდა მოვეგოთ 40-წლიანი ჩაშლილი კონსენსუსის შემდეგ, რომელმაც ვერ გაამართლა და რომელმაც მიგვაჩვია იმას, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით ზოგიერთი სახელმწიფოს ამბიციების გაფართოებას. ჩვენ სირაქლემასავით თავი ქვიშაში – აქაური გაგებით, თოვლში – არ უნდა ჩავყოთ და არ უნდა მივიღოთ ისეთი სახე, რომ ჩინელები გრენლაბდიით არ არიან დაინტერესებულები“, – თქვა ჯეიმს ვენსმა აშშ-ის სამხედრო ბაზის – პითუფიკის – სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას.

თუ მსოფლიოს რუკას ისეთი რაკურსით შევხედავთ, რომლის ცენტრში ჩრდილოეთი პოლუსი ჩანს და არა ეკვატორი, ადვილად დავინახავთ, თუ როგორ შეიძლება თითქმის დაუსახლებელი გრენლანდია იმ სტრატეგიული ბრძოლის ბრძოლის ცენტრში მოიექცეს, რომელსაც აშშ, ჩინეთი და რუსეთი იწყებენ არქტიკის გასაკონტროლებლებლად, მისი ულევი სასარგებლო წიაღისეულისა და საზღვაო გზების გამოსაყენებლად.

მაგრამ ამერიკის მხრიდან ბოლო დროს გამოვლენილმა გულგრილმა დამოკიდებულებამ ნატოს მიმართ მისი პარტნიორები „კალაპოტიდან ამოაგდო“.

„ეს მიუღებელი ზეწოლაა“, – გაღიზიანებით გასცა პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა, როცა გაიგონა, თუ როგორი არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებდა დანიის კუთვნილ მიწაზე მდგარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დანიის ხელისუფლებას.

რა სურთ ინუიტებს

მაგრამ პიტუფიკიდან 1500 კილომეტრით სამხრეთით მდებარე ნუუკში სრულიად სხვა, საწინააღმდეგო მოვლენა ხდებოდა – გრენლანდიელები საზეიმოდ ესალმებოდნენ თავიანთი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას: „ჩვენ გავიმარჯვებთ“, – მღეროდნენ მომიტინგეები. მათი განწყობა ოპტიმისტური იყო.

ნუუკში ჩატარებული საზეიმო ცერემონია  იმის მინიშნება იყო, რომ ადგილობრივი აბორიგენი კუნძულელები – ინუიტები – უფრთხილდებიან თავიანთ ფასეულობებს და თვლიან, რომ ყველაფერი კონსენსუსით  და ტანამშრომლობით უნდა გადაწყდეს. უნდა იყოს დაცული მათი კულტურა და ტრადიციები უცხოტომელთა (ამერიკელთა) ზეწოლისაგან. მათ სურთ, რომ ადგილობრივ ისტორიულ მოსახლეობას პატივი სცეს ყველა უცხოელმა, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი – შორეული დანიელები თუ ახლოს მდებარე ამერიკელები.

„ბევრი ხერხი და მეთოდი არსებობს სურვილის გამოსახატავად, მაგრამ როგორც დონალდ ტრამპი ლაპარაკობს, ასე არ უნდა იყოს. მისი ნათქვამი მუქარასა და ულტიმატუმს ჰგავს“, – ამბობს 43 წლის ლისბეთ პოულსენი, გრენლანდიელი მხატვარი, რომელიც მთავრობის ჩამოყალიბების ცერემონიას ესწრებოდა. მისი რეაქცია, როგორც ჩანს, გრენლანდიელთა უმრავლესობის აზრს ასახავს. ამას წინათ ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-სადმი მიერთებას მხარს უჭერს მოსახლეობის მხოლოდ 6%.

გზა დამოუკიდებლობისაკენ

ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით და ადგილობრივი მოსახლეობის უპირატესი მხარდაჭერით გრენლანდია ფრთხილ მოძრაობას იწყებს სრული დამოუკიდებლობისაკენ. ეს პროცესი, როგორც ჩანს, მრავალწლიანი იქნება და ხანგრძლივ დიალოგს მოითხოვს როგორც კოპენჰაგენთან, ასევე ვაშინგტონთან.

ბოლოსდაბოლოს, გრენლანდიელებსაც მშვენივრად ესმით, რომ მათი ეკონომიკა უფრო განვითარებული უნდა იყოს, რათა დამოუკიდებლად არსებობას წარმატების შანსი ჰქონდეს. მაგრამ მათ მოუწევთ კუნძულის განვითარება დააბალანსონ, რათა არ მოხდეს მტაცებლური სარგებლობა სასარგებლო წიაღისეულით, გარე ძალების მიერ. ასეთ რეალობას ჩვენ მივყავართ ფუნდამენტალურ საკითხამდე როგორ ც გრენლანდიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის გამო.

რა სურს თეთრ სახლს?

ჯეიმს ვენსმა გრენლანდიური ვოიაჟის დროს კუნძულელების დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა ახზენა და განაცხადა, რომ ამერიკის რეალური განზრახვა გრენლანდიის უეცარი ანექსია კი არ არის, არამედ რათაც უფრო ნელი, მოსათმენი და გრძელვადიანი მოქმედება.

„ჩვენი გზავნილი ზალიან მარტივია: დიახ, გრენლანდიელი ხალხი მიიღებს თვითგამორკვევის უფლებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი აშშ-სთან პარტნიორობას აირჩევენ – იმიტომ, რომ ჩვენ დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც პატივს სცემს თქვენს სუვერენიტეტს და თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა.

თუ ნამდვილად ასეთია აშშ-ის პოზიცია – მაგრამ დონალდ ტრამპი სრულიად განსხვავებულ აგრესიას ამჟღავნებს, ვიდრე ჯეიმს ვენსი – მაშინ გრენლანდიელები უნდა დაწყნარდნენ. კაცმა რომ თქვას, კუნძულელები ამერიკის მიმართ მტრობას არ ამჟღავნებენ, აქ არის ადგილობრივ ბიზნესმენთა დაინტერესება ამერიკული კომპანიების მიმართ.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, დანიასთან 74 წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმების ძალით, ამერიკას უფლება აქვს ნებისმიერ შემტხვევაში გააფართოვოს თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა გრენლანდიაზე – ახალი ბაზებით დაწყებული, ნავსადგურების მშენებლობით დასრულებული. ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონის შიშები – სანამ კუნძული ჩემი არ არის, ჩინეთი მომასწრებს შესვლასო – ზედმეტია და თითიდან გამოწოვილი, ცივი ომის გადმონაშთის სახით.

ამიტომ გასაკვირია დონალდ ტრამპის მოუთმენლობა – ზუსტად ისევე, როგორსაც იგი უკრაინის ომის დასრულების საკითხში ამჟღავნებს. ბოლოს და ბოლოს, ნორმალურად თუ მოიქცევა, ამერიკის პრეზიდენტს რაც სურს, კუნძულიდან ყოველგვარი ზედმეტი აგრესიის გამოვლენის გარეშეც მიიღებს. გრენლანდიელები თვლიან, რომ ამერიკის ლიდერი მათ აგდებულად ექცევა.

ასეთი მოქმედება კონტრპროდუქტიულია. ამერიკის მხარე იძულებული გახდა ჯეიმს ვენსის ცოლის – უშას – კულტურული ტური გაეუქმებინა, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე.

ალბათ, კარგი იქნებოდა უფრო ნელი და ურთიერთპატივსაცემი და კულისური ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უეჭველია უფრო მეტ პოზიტიურ შედეგს მოიტანდა… მაგრამ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ბევრი პოლიტიკოსის გემოვნებაში არ შედის.

წყარო

“პუტინის მომგებიანი სტრატეგია: მან ზუსტად იცის, როგორც აცდუნოს დონალდ ტრამპი”-The Sunday Times

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგას მიწვევა გაუგზავნა წინადადებით – შეუერთდეს „ძლიერთა ამა სოფლისას“ კლუბს. იმისგან დამოუკიდებლად, აქეზებს თუ არა იგი დონალდ ტრამპს გრენლანდიასთან მიმართებით ან ირიბად სთავაზობს მას თავისუფლად განკარგოს უკრაინის რესურსები, რუსეთის ლიდერის სტრატეგია და მისი საბოლოო მიზანი სულ უფრო აშკარა ხდება“, – წერს პოლიტოლოგიის პროფესორი მარკ გალეოთი 30 მარტის ბრიტანულ გაზეთ „სანდეი თაიმსში“ (The Sunday Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „პუტინის მომგებიანი სტრატეგია: მან ზუსტად იცის, როგორც აცდუნოს დონალდ ტრამპი“.

ავტორი აღნიშნავს რუსეთის ლიდერის უნარს ადამიანებით მანიპულირებაში. არ იფარგლება რა უბრალო პირფერობით, იგი სთავაზობს აშშ-ის პრეზიდენტს იმის შესაძლებლობას, რომ არა მარტო ხედავდეს საკუთარ თავში გარიგებების დადების უდიდეს სპეციალისტს, არამედ გამოიყენოს ამერიკის სტატუსი მსოფლიოს „გადასაკეთებლად“ საკუთარი სურვილისა და ხედვების შესაბამისად.

„გერმანულ ლეგენდაში დოქტორ ფაუსტის შესახებ შუა საუკუნეების მეცნიერი იძულებულია ეშმაკს თავისი სული მიჰყიდოს – იმიტომ, რომ ეშმაკის მოციქულ მეფისტოფელს შეუძლია მას ყველაფერი მისცეს, რასაც მოისურვებს. ვლადიმერ პუტინის სტრატეგიაც ამით გამოიხატება: მას შეუძლია დონალდ ტრამპს შესთავაზოს ის, რაც ამერიკელ ლიდერს ყველაზე მეტად სურს“, – წერს მარკ გალეოთი.

„გასულ კვირაში ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის სურვილს გრენლანდიის შეძენის შესახებ „სერიოზული“ და ღრმა ისტორიული ფესვების მქონე განზრახვა უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ „თეთრი სახლის ლიდერის სურვილებს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვსო“, – წერს მარკ გალეოთი, – ამ სიტყვებით რუსეთის ლიდერმა არამარტო წააქეზა დონალდ ტრამპის ექსცენტრული ამბიციები, არამედ მიანიშნა კიდეც, რომ მოსკოვი რაიმე საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადადგამს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავისი სურვილების განხორციელებას დაიწყებს“.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე აქეზებს და თავის სასარგებლოდ ექსპლუატაციას უწევს დონალდ ტრამპის ფიქრებს დაინახოს საკუთარი თავი „შეერთებული შტატების კორპორაციის“ ხელმძღვანელად, რომელიც გეოპოლიტიკას მხოლოდ ეროვნული გამდიდრების საშუალებად თვლის. ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს აშშ-უკრაინის შეთანხმებას მინერალების რესურსებით სარგებლობის თაობაზე, რომელსაც ავტორი „კოლონიურს“ უწოდებს, თუმცა იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ნავთობკომპანიების რუსეთში დაბრუნების პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა, ამ საკითხის განხილვა მაინც მიმდინარეობს – ისევე როგორც გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადის“ გადაცემა აშშ-ის კონტროლქვეშ. ამ გეგმის რეალიზება, საეჭვოა, უახლოეს დროში მოხდეს, მაგრამ მიზანი, როგორც ჩანს, იმით გამოიხატება, რომ მიეცეს დონალდ ტრამპს მიხვედრის შესაძლებლობა, რომ ამერიკულ ბიზნესს რუსეთში განსაკუთრებული პირობები ექნება. როგორც მარკ გალეოთი წერს, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებით სტრატეგია სამი მიმართულებისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული დონალდ ტრამპის პირადი თავისებურებებით არის განპირობებული.

პირველი – მოსკოვი სიგნალებს იძლევა მზადყოფნაზე სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად., რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, მაგრამ კრემლი ყოველ ეტაპზე ახალ-ახალ დათმობებს ითხოვს. მეორე – ვლადიმერ პუტინი სარგებლობს დონალდ ტრამპის მტრული დამოკიდებულებით ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. ტრამპს და პუტინს უკრაინისადმი ერთნაირი მიდგომა აქვთ: მას უნდა მოექცე არა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, არამედ როგორც ისეთ ქვეყნად, რომელიც აშშ-სა და რუსეთის კონტროლქვეშაა და რომლის აქტივები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უნდა გაიყოს.

მესამე მიმართულება – დონალდ ტრამპის უნდობლობა ევროკავშირის მიმართ და ამ ფაქტორით სარგებლობა ვლადიმერ პუტინის მიერ. მარკ გალეოთი ვარაუდობს, რომ ამჟამინდელ ეტაპზე ვლადიმერ პუტინს შეიძლება არ ჰქონდეს მტკიცე წარმოადგენს როდის და როგორ დასრულდება ომი, მაგრამ კრემლს მისი როგორც ოპორტუნისტის ტაქტიკა სრულიად აწყობს. თუ მის პირობებს მიიღებენ – კარგი იქნება, თუ გარიგება ჩაიშლება, მაშინ პასუხისმგებლობა ამაზე შეიძლება ევროპას დაეკისროს. . ევროპაზე გაბრაზებული ტრამპი კი პუტინისათვის ბევრად უფრო სასარგებლო იქნება“, – ასეთ დასკვნას აკეთებს მარკ გალეოთი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი – ემზარ კვიციანი

2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი, – განაცხადა კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ დღევანდელ სხდომაზე კითხვაზე პასუხისას.

ემზარ კვიციანს კითხვა დაუსვა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა: „როგორ მიგაჩნიათ, თქვენი ოჯახის, ასეულობით ქართველის, კოდორელის, დალის ხეობელის განეიტრალება, განიარაღება და იქ მოუმზადებლად მძიმე ტექნიკის შეყვანა ყოველგვარი გეგმის გარეშე, იყო წინდაუხედაობა თუ გამიზნული ნაბიჯი, რათა კოდორის, დალის ხეობა უბრძოლველად საბოლოოდ გამხდარიყო ოკუპაციის მსხვერპლი?“

ემზარ კვიციანის თქმით, ძალიან ბევრი რამ იცის ფაქტებით და ბევრ რამეს აეხდება ფარდა, თუ ამით გამოძიება დაინტერესდება.

„კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, 2006 წლის 13 ივნისს ქალაქ სოჭში ერთმანეთს შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი. რამე თუ იცით ამის შესახებ? ზღვაში რომ გავიდნენ და ორი საათი იყვნენ იქ. იქიდან რომ დაბრუნდა, ჩამოვიდა საქართველოში და ხელად ორფოლო წამოიწყეს. აი, იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. რვა წელიწადი ვიყავი რუსეთში და ძალიან ბევრი რამ გავიგე, ბევრი რამ ფაქტებით ვიცი და ბევრ რამეს ავხდით კიდევ ფარდას, თუ დაინტერესდება გამოძიება.

დააკვირდით, როგორ ამზადებდნენ ჩვენს ტერიტორიებს გასასხვისებლად. ჩვენს ეგრეთ წოდებულ მეგობრებს, რომლებიც ჩვენს მეგობრებად და დამხმარეებად არიან წარმოჩენილი, თუ უნდოდათ, ძლიერი ყოფილიყო ჩვენი ჯარი, ჯარში ისეთი რეფორმა არ უნდა ჩაეტარებინათ, რომ სპეციალისტები მოიშორეს, დილეტანტები მოიყვანეს. აგერ გეჯდათ სარდალი, გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც გეუბნება, მე რა ვიცოდი, ცხინვალში, კოდორში რა ხდებოდაო. ამისი თქმა უკვე ტრიბუნალია“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

“უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ პარიზულმა სამიტმა დაადასტურა, რომ აშშ-სა და ევროპას ერთმანეთისაგან უთანხმოების ოკეანე აშორებთ”-The Independent

ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) 30 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინის დახმარების მსურველთა კოალიციის“ პარიზულმა სამიტმა დაადასტურა, რომ აშშ-სა და ევროპას ერთმანეთისაგან უთანხმოების ოკეანე აშორებთ“, რომლის ავტორია მერი დეჟევსკი, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი. „სრულიად აშკარაა, რომ აშშ-ისა და ევროპის ურთიერთდამოკიდებულებაში კრიზისი დაიწყო, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ სხვადასხვა პოზიციით არის განპირობებული“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ძალიან ეცადნენ კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი მიეჩქმალათ გასულ კვირას პარიზში გამართულ სამიტზე მომხდარი ფაქტი, მაგრამ არ გამოუვიდათ: აშკარაა, რომ სამიტი უკრაინისადმი სოლიდარობის კი არა, ტრანსატლანტიკური უთანხმოების სიმბოლო გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი სამიტზე თანათავმჯომარეობდნენ, სამიტის შემდეგ პრეს-კონფერენციები მათ ცალ-ცალკე ჩაატარეს. როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა ეს უკვე მეოთხე შეხვედრაა, რომელზეც განიხილება საკითხი ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ (ბრიტანული ვერსიით) თუ „დამამშვიდებელი ძალების“ (ფრანგული გერმანული ვერსიით) შექმნის თაობაზე. ამჯერად ბრიტანელი და ფრანგი ლიდერები შეეცადნენ, რომ აშშ-სგან თავი შორს დაეჭირათ და თეთრი სახლის უკრაინულ ძალისხმევაში არ ჩარეულიყვნენ.
გარეგნულად ისე ჩანდა, რომ ორივეს პოზიტიური განწყობა ჰქონდათ დონალდ ტრამპის მიმართ. მაგრამ მათი შემხედვარე, შთაბეჭდილება ისეთი იყო, რომ ორივე ელოდებოდა აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევის ჩაშლას და ამიტომ სხვა სტრატეგია ჰქონდათ შემუშავებული – მათ შორის, ომის გაგრძელებას და სანქციური ზეწოლის გაძლიერებას რუსეთზე, რომელიც იძულებული გახდებოდა უკრაინის პირობები მიეღო. სრულიად ნათელი გახდა რომ დასავლეთის ქვეყნების ალიანსი ნამდვილად არის ისეთ კრიზისში, რომელიც მათთვის გადაულახავი შეიძლება აღმოჩნდეს. ერთი მხრივ – ჩვენს წინაშეა ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის ლიდერობით, რომლის ადმინისტრაცია – და რა თქმა უნდა, მისი საკვანძო თანამდებობის პირები – ევროპისადმი ზიზღის გამოვლენის გარდა სხვას არაფერს გვაჩვენებენ. ამის ბოლო ნათელი დადასტურებაა დონალდ ტრამპის გარემოცვის სკანდალური მიმოწერა Signal-ით (ინფორმაციის სწრაფი გაცვლა-გამოცვლის მესენჯერით) საუბრის დროს, რომლის დროსაც ისინი ევროპელებს „საცოდავებს“, „სხვისი ხელის შემყურეებს“, „ნასუფრალის მჭამელებს“ უწოდებენ და რომლებიც არ იმსახურებენ იმას, რომ მათ ვინმემ დახმარების ხელი გაუწოდოს.
მანამდე კი, როგორც ყველამ დაინახა, ამერიკის ადმინისტრაციამ ოვალურ კაბინეტში საჯაროდ „გაწკეპლა“ ევროპული ქვეყნის – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უფრო ადრე კი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხისტი ანტიევროპული სიტყვით გამოვიდა, თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა კი განაცხადა, რომ ევროპა აშშ-სათვის მეორეხარისხოვანი გახდა.
აშშ დღეს, ევროპელების ნაცვლად, რუსებს ელოლიავებიან: დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, ბოლო დროს, როგორც მინიმუმი, ორი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გაიმართა, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური დესპანის სტივ უიტკოფის ვიზიტი მოსკოვში. რუსული ვოიაჟის შემდეგ მან ფართო ინტერვიუ მისცა თაკერ კარლსონს, რომელშიც აგდებულად და დამცინავად ილაპარაკა ბრიტანეთისა და საფრანგეთის გეგმებზე უკრაინისადმი მხარდაჭერის მიმართ: „მათ ქცევაში პოზიორობა და პროვოკატორობაა შეთავსებული“, მათ უინსტონ ჩერჩილის კომპლექსი ახასიათებთ. მეორე მხრივ, ჩვენს წინაშეა ევროპა, რომელიც ასევე კრიზისშია. ამას წინათ პარიზში სამიტი ჩატარდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის წითელი ფარდაგი გაუფინეს უკრაინის დროშის ფერებით, ხოლო ემანუელ მაკრონი მას მეტი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ხარჯების გაზრდაზე ლაპარაკობდა, ხოლო კირ სტატრმერმა რუსები არასერიოზულ ქცევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ თამაშობენ და არავითარი მშვიდობა არ სურთ.
ვაშინგტონი აღიარებს არასასიამოვნო სიმართლეს, რომ კიევმა ომი, ფაქტობრივად, წააგო და თვლის, რომ ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის დანაკარგების შემცირება – როგორც ეკონომიკის ნგრევის, ასევე ცოცხალი ძალის დაღუპვა-დასახიჩრების თვალსაზრისით. მაგრამ რეალობა ისაა, რომ უკრაინის ბედი არ განსაზღვრავს აშშ-ის ბედს, რომელიც ევროპისაგან შორს, ოკეანის იქით მდებარეობს და თავის მთავარ საფრთხედ ჩინეთს თვლის. ევროპის ბედზე კი უკრაინის ბედი პირდაპირ გავლენას მოახდენს.
ევროპაში გაბატონებულია აზრი, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომით არანაირი სარგებელი არ უნდა მიიღოს, კრემლი უნდა დაისაჯოს, ხოლო უკრაინამ სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს. ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ უკრაინის ბედი ევროპას უფრო აღელვებს, ვიდრე შეერთებულ შტატებს. ვაშინგტონის აგდებული დამოკიდებულება ევროპელებისადმი განპირობებულია ღრმა ისტორიული ფესვებით და ამიტომ ეს პარიზისა და ლონდონისათვის შოკისმომგვრელი არ უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის ხედვები უფრო მეტად „ნახევარსფერულია“, ვიდრე „იზოლაციონისტური“. ევროპის ქვეყნების ვერ ახერხებენ ხოლმე არამარტო აშშ-სტან მოლაპარაკებას, არამედ ერთმანეთთანაც, როცა საქმე სამხედრო ოპერაციების დაწყებას ეხება. გავიხსენოთ, რომ საფრანგეთი ერაყში შეჭრის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რაც სერიოზულ უთანხმოებას იწვევდა ვაშინგტონთან და ლონდონთან. ბერლინს შედარებით უფრო შემრიგებლური პოზიცია ჰქონდა..
მაგრამ უკრაინის ომი სხვებისაგან იმით განსხვავდება, რომ აშშ-მა დემონსტრაციულად უარი განაცხადა ევროპის პოზიციის მხარდაჭერაზე. თეთრი სახლი საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ცდილობს და სურს აღადგინოს ის, რასაც „დიდი სახელმწიფოების ურთიერთობა“ ჰქვია – სწორედ ისინი წყვეტდნენ ოდესღაც მსოფლიოს ბედს. და თუ ვაშინგტონის ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმატებით არ დასრულდება, მაშინ მისთვის პრიორიტეტული გახდება სწორედ „დიდი ორიანის“ ერთმანეთთან ურთიერთობა. ერვოპა, რომელსაც აშშ თავის „უკანა ეზოდ“ თვლის, იძულებული გახდება თვითონ დაიწყოს დამოუკიდებლად ამ პრობლემის მოგვარება. სირთულე გამოიხატება იმით, რომ აშშ-ის მკვეთრი შებრუნება რუსეთისაკენ ძალიან ნაადრევად და ძალზე სწრაფად მოხდა. ევროპამ ვერ მოასწრო ძლიერი თავდაცვითი პოტენციალის შექმნა. ამერიკასაც და ევროპასაც შეუძლიათ უკრაინა ბედის ანაბარად მიატოვონ. აშშ-სა და ევროპას შორის მზარდი უთანხმოება მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკის ჯარების 80-წლიანი ყოფნა ევროპაში თავის დასასრულს უახლოვდება. ასეთი პერსპექტივა – დიახ, ეს ჯერ კიდევ პერსპექტივაა და არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება – უკვე იწვევს შეშფოთებას ნატოს წევრი ქვეყნების რამდენიმე თაობაში – დამფუძნებლებში და მოგვიანებით გაწევრიანებულებში – რომლებისთვისაც ალიანსი არა უბრალოდ მოცემულობა იყო, არამედ გარანტია იმისა, რომ ისინი (და მათი ხედვები მსოფლიოს მიმართ) ისტორიის სწორ მხარეზე იმყოფებიან. როგორც ჩანს, ეს ეპოქა მთავრდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა ევროპაში სამუდამოდ დარჩნენ – The Economist

უკრაინელები, რომლებიც ომის საშინელებებს გაერიდნენ და საზღვარგარეთ გაიქცნენ, სამშობლოში დაბრუნებაზე უარს ამბობენ, – წერს ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) სტატიაში სათაურით „უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა ევროპაში სამუდამოდ დარჩნენ“. უფრო მეტიც – თუ სამხედრო მდგომარეობა გაუქმდება და საზღვრები გაიხსნება, ანუ თავისუფალი გასვლა ისევ ნებადართული გახდება, ქვეყანას დატოვებენ გასაწვევი ასაკის მამაკაცებიც, რაც კატასტროფა იქნება როგორც თვითონ უკრაინისათვის, ასევე ევროპისთვისაც.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომი, როგორც ჩანს, კიევისათვის ძალიან არასახარბიელო და სახიფათო პირობებით დასრულდება, შესაბამისად, ეჭვები ჩნდება, რომ ლტოლვილებმა გარისკონ და სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღონ.

ლტოლვილთა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც პოლონეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ კრაკოვში მდებარეობს, ბოლო დრომდე წარმატებით მუშაობდა, მაგრამ სიტუაცია უკვე იცვლება. საომარი მოქმედების დაწყებიდან უკრაინელები ცენტრში ხშირად დადიოდნენ თავშესაფარისა და სამუშაოს ძებნის გამო, აგრეთვე მოქალაქობის საკითხების გადასაწყვეტად და პოლონური ენის შესასწავლად. როგორც ცენტრის კოორდინატორი ლიუდმილა დიმიტროვი ამბობს, „ყოველთვის, როცა ენის შესწავლის 25-კაციან კურსს ვხსნით, განაცხადებს 400-ზე მეტს ვიღებთ“.

ევროკავშირის პროგრამის „დროებითი დაცვის“ მოქმედების ვადა მომავალი წლის მარტში იწურება. პროგრამის ფარგლებში ცენტრმა დახმარება გაუწია 4,3 მილიონ უკრაინელ ლტოლვილს და, რა თქმა უნდა, ევროპა არავითარ შემთხვევაში არ მიბაძავს შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც ამერიკაში მყოფ უკრაინელებისათვის ლტოლვილის სტატუსის გაუქმებას აპირებს. მაგრამ იმისგან დამოუკიდებლად, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის პროგრამა (უკვე მეორედ), უკრაინელები უკვე ძალიან ხშირად უარს აცხადებენ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების იდეაზე.

უკრაინის ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის (CES) მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკრაინაში დაბრუნებაზე თანახმაა ლტოლვილთა მხოლოდ 43% – მაშინ როცა ორი წლის წინათ დაბრუნების მსურველთა რაოდენობა 74%-ს აღწევდა. ბევრისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი, არამედ ისიც, თუ როგორ დასრულდება. თუ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება (ანუ უსაფრტხოების გარანტია არ ექნება) და თუ რუსეთი არ დათმობს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაშინ ვერანაირი ცეცხლის შეწყვეტა თუ სამშვიდობო ხელშეკრულების  პერსპექტივა უკრაინელებს სამშობლოში დაბრუნებისკენ ვერ უბიძგებს. ლტოლვილები ვერ ენდობიან ვერც დღევანდელ და ვერც სამომავლო სიტუაციას. მათ ეშინიათ, 4ომ რუსეთის უკრაინას ისევ თავს დაესხმება.

იყო დრო, როცა ბევრი თვლიდა, რომ უკრაინელი ქალები, რომლებიც ლტოლვილთა საერთო რაოდენობაში ძირითად მასას შეადგენენ, უკან აუცილებლად დაბრუნდებოდნენ, თუმცა დღეს უფრო მეტად ის სცენერი ხდება დამაჯერებელი, რომ თუ სამხედრო მდგომარეობას გააუქმებენ, ქვეყნას უფრო მეტი უკრაინელი დატოვებს, განსაკუთრებით ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცები, რომლებსაც ამჟამად ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ. CES-ის იმავე გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ მათი რაოდენობა 500 ათასს მიაღწევს. ეს რაოდენობა კატასტროფული იქნება შრომის ბაზრისათვის და უკრაინის თავდაცვისუნარიანობისათვის, ამიტომაც ხელისუფლება ყოველმხრივ შეეცდება უცხოეთში წასვლის აკრძალვა არ გააუქმოს, სხვადასხვა მოტივით. „როგორც ჩანს, საზღვრების გახსნა და უცხოეთში თავისუფლად წასვლის შესაძლებლობა დროში გაჭიანურდება“, – ამბობს ალექსანდრე მერეჟკო, უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი.

უკრაინელები ევროპაში „ფესვებს ღრმად იდგამენ“. პოლონეთში მყოფი ლტოლვილების წილმა 67%-ს გადააჭარბა. უმრავლესობა მათ შორის ქალები არიან – უკვე დასაქმებულები ან სამუშაოს მძებნელები. პოლონეთის მთავრობა გეგმავს ლტოლვილებს ნება მისცეს დროებითი ყოფნის უფლება სამწლიან ბინადრობის უფლებაზე გადაცვალოს. „მათი რაოდენობა შეიძლება ასობით ათასი იყოს, ან არ არის გამორიცხული, რომ ბინადრობის სამწლიანი უფლების მიღება ყველამ ერთად მოითხოვოს“, – ამბობს მათეი დუშჩიკი,  პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ლტოლვილი უკრაინელების მხრიდან პოლონეთის ეკონომიკაში შეტანილი წვლილი ბევრად მეტია, ვიდრე მათზე დახარჯული თანხები და ჰუმანიტარული დახმარება. კონსალტინგური კომპანიის Deloitte-ს მონაცემებით, 2023 წელს პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, უკრაინელთა შრომის წყალობით, 1,1%-ით გაიზარდა. პრობლემა არც მაშინ არ იქნება, თუ პოლონეთში უკვე მყოფ ლტოლვილებს უკრაინიდან ახალი ნაკადი დაემტება. უმუშევრობის დონე პოლონეთში სულ რაღაც 2,6%-ს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელ ევროკავშირში. ვარშავას იმიგრანტების გარეშე პრობლემები ექნება: მოსახლეობის დაბერების გამო მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამუშაო ძალის რაოდენობა 2,1 მილიონი ადამიანით შემცირდება. სწორედ ასეთ დემიგრაფიულ „სიცარიელეს“ ავსებენ უკრაინელი ლტოლვილები.

ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში კი სიტუაცია პოლონეთივით „ვარდისფერი“ არ არის. გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა დასაქმების დონე, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მხოლოდ 43%-ს აღწევს. იტალიასა და ესპანეთში მსგავსი მაჩვენებელები კიდევ უფრო დაბალია. გერმანიაში უკრაინელ ქალთა დასაქმების დაბალი დონის მიზეზს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებების არარსებობა წარმოადგენს, ზოგიერთები კი აცხადებენ, რომ მიზეზი საკმაოდ დიდ სახელმწიფო დახმარებაშია, რომლის გამოც უკრაინელი ქალები სამუშაოს აღარ ეძებენ. გერმანიის ტერიტორიაზე ყოველთვიური სოციალური ფულადი დახმარებები ერთ სულზე დაახლოებით 563 ევროს (607 დოლარს) შეადგენს. ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმების მიმღებმა ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა წინადადება წამოაყენა, რომ უკრაინელი ქალების დასაქმების წაქეზების მიზნით, მათთვის სოციალური დახმარება შემცირდეს.

რა თქმა უნდა, პოლონეთსაც შეუძლია იგივე გააკეთოს, განსაკუთრებით უკრაინელების მიმართ დამოკიდებულების გაურესების ფონზე. მმართველმა „სამოქალაქო კოალიციამ“ უკვე შეამცირა პროგრამა „ოჯახი 800+“, რომლის ჩარჩოებში ლტოლვილთა ოჯახებს, რომელტა ბავშვები პოლონურ სკოლებში დადიან, ყოველთვიურად 800 ზლოტი (206 დოლარი) ეძლევათ თითო ბავშვზე. ამჟამად მთავრობა იხილავს შესაძლებლობას ფულადი თანხის შემცირების შესახებ მათთვის, ვინც მუშაობს და გადასახადებს იხდის.

თეორიულად უკრაინელი ლტოლვილებისათვის ევროპული შრომის ბაზარი მთლიანად ღიაა, მაგრამ რეალურად ოფისური სამუშაოს პოვნა ძალიან ძნელია. პოლონეთში უცხოელების 48%, ძირითადად უკრაინელები, ისეთ თანამდებობებზე მუშაობენ, რომლებიც მათი კვალიფიკაციისათვის დაბალ დონედ ითვლება. გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა 72%-ს უმაღლესი განათლება აქვთ, მაგრამ მათი უმრავლესობა ისეთ დარგებში მუშაობენ, რომლებიც მაღალი დონის უნარ-ჩვევებს არ ითხოვენ, ან საერთოდ არ მუშაობენ. არსებობს ენობრივი ბარიერიც და პროფესიული დონის აღიარება-სერტიფიცირების პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ნელი ტემპით ხდება. ანალიტიკოსების აზრით, დამსაქმებელები არცთუ დიდი სურვილით იღებენ სამუშაოზე უკრაინელებს, რადგანაც ლტოლვილებს შეიძლება სოციალურად დაცული პირის სტატუსი მოუხსნან. 

მსგავსი საკითხების მოგვარება შედარებით იოლად შეიძლება, მაგრამ არსებობენ ბევრად უფრო რთული პრობლემები. მაგალითად, მუსიკის ვინიცელი მასწავლებელი, 27 წლის ანჟელიკა, რომელიც კრაკოვში ბინების დამლაგებელად მუშაობს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილივით არჩევანის წინაშე დგას: დარჩეს პოლონეთში – ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ წლები გაატაროს ქმრის გარეშე, რომელიც უკრაინაში ჰყავს და რომელსაც ქვეყნიდან წასვლა აკრძალული აქვს. დაბრუნდეს უკრაინაში? მაშინ იგი ორი შვილის მომავლით რისკავს. „თუნდაც დღესვე რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები, დარწმუნებული ვარ, მალე ისევ დაიწყება, – ამბობს იგი, – რომელი დედა წაიყვანს შვილებს ასეთი პერსპექტივით უკრაინაში?“.

წყარო

კოდორის ხეობა, რომელიც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა -სოზარ სუბარი

კოდორის ხეობა იყო ფორპოსტი, ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, რომლის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

სუბარის თქმით, კოდორის ხეობა მოღალატეობრივად მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა მტერს.

„კოდორის ხეობაში ვიყავი ძალიან ხშირად. 1993-1994 წლებშიც, როცა პირველი ბრძოლები და მოლაპარაკებები იყო. შემდგომ წლებში კი წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი კოდორში და ვხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას – იცავდა ქალბატონი ნორა კვიციანი, ბატონი ემზარ კვიციანის ხელმძღვანელობით. ხეობაში არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივები, იყვნენ სხვებიც. იქ გავიცანი არტილერისტი ჯუმბერ ანანიძეც. შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ, რაზეც აქ ისაუბრეთ და ვიფიქროთ, რომ ზოგი რამ თქვენი ინტერპრეტაციაა და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ მთლიანობაში თქვენი მოხსენება საინტერესო იყო“, – მიმართა სოზარ სუბარმა კოდორის ხეობის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ემზარ კვიციანს, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზე დაიკითხა.

ამასთან, სოზარ სუბარმა კომისიის სხდომების წინა მოსმენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი უწოდა ბატალიონ „მონადირის“ გაუქმებას. კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს სიტყვა ღალატის მოერიდა და მთლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა და სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული. მეორე, ბატონმა გოგავამ თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის! უბრალოდ, მართლა იყვნენ ადამიანები, მათ შორის მეც, ვინც ვრეკავდით და ვაფრთხილებდით ადგილობრივებს, რომ დროზე დაეტოვებინათ ხეობა, რადგან იყო ძალიან დიდი მსხვერპლის საფრთხე. ამ ფორ-პოსტის, რომელიც იყო ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა. ის, რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თაობები სამშობლოს სადარაჯოზე! -გახდი შენი ქვეყნის მოხალისე!

მოხალისეთა ორგანიზაცია – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის” იწყებს მოხალისეების მიღებას!
თუ გინდა, რომ მიიღო უნიკალური გამოცდილება, დაეუფლო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარებს და გახდე მტკიცე, მიზანდასახული და ლიდერული თვისებების მქონე ადამიანი, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
მოხალისეთა პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქეს 15 წლიდან!
(არასრულწლოვანებისთვის აუცილებელია მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა).
ჩვენ გთავაზობთ, გომბორის მოხალისეთა მოსამზადებელ ცენტრში 5 დღიან შეკრებას, რომელშიც შეგიძლიათ ერთად მიიღოთ მონაწილეობა მშობლებმა და შვილებმა, ბებიამ და შვილიშვილმა, ბიძამ და დისშვილმა და ა.შ. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მათ შორის კავშირების გაძლიერებას.
თუ მოხალისე მშობელთან ან ოჯახის წევრთან ერთად წასვლას აპირებს, ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 12 წლიდან ზევით.
მოხალისეთა გადამზადების კურსი შესაძლებელია გაიაროს შშმ პირებმა. ჩვენი ცენტრი გომბორში უზრუნველყოფს ადაპტირებულ გარემოს, რათა თითოეულ მოხალისეს ჰქონდეს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა!
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ და პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ 98 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ჩართულნი არიან საპილოტე პროგრამაში „სამხედრო საქმე”. ისინი პროგრამაში თავიანთ სამხედრო მასწავლებლებთან ერთად ჩაერთვებიან. სურვილის შემთხვევაში, მათი მშობლებიც შეძლებენ შვილებთან ერთად მოხალისეთა გადამზადების კურსის გავლას.
მოხალისეთა მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში მოხალისეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან:
 
თვითგადარჩენის ტექნიკებს
 
საცეცხლე მომზადებას
 
დრონების მართვას
 
პირველადი სამედიცინო დახმარებას
 
საინჟინრო მომზადებას
 
ტოპოგრაფიას
 
კიბერუსაფრთხოებას
 
მოხალისეები უზრუნველყოფილი იქნებიან კომფორტული საცხოვრებელი კონტეინერებით, სამჯერადი კვებით, 24-საათიანი სამედიცინო ბრიგადის მეთვალყურეობით, ვიდეო მონიტორინგით, უფასო ინტერნეტითა და ტრანსპორტირებით.
შეიძინე უნიკალური გამოცდილება და განივითარე უნარები, რომლებიც არამხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ ცხოვრებისა და პროფესიული ზრდის გზაზე დაგეხმარება!
შეუერთდი გუნდს დღესვე და იმოქმედე შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!
განაცხადის შევსებისთვის გთხოვთ, შეავსოთ ჩვენი ელექტრონული ფორმა ან დაგვიკავშირდეთ აქ: